„ევროკავშირის სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემაში (RASFF) ინტეგრაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე

„ევროკავშირის სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემაში (RASFF) ინტეგრაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 578
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.018964
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
578
10/11/2015
ვებგვერდი, 11/11/2015
240110000.10.003.018964
„ევროკავშირის სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემაში (RASFF) ინტეგრაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/11/2015 - 29/05/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №578

2015 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ევროკავშირის სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემაში (RASFF) ინტეგრაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე:

ა) დამტკიცდეს თანდართული „ევროკავშირის სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემაში (RASFF) ინტეგრაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ წესი;

ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ევროკავშირის სურსათისა და ცხოველთა საკვების სწრაფი განგაშის სისტემაში (RASFF) ინტეგრაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №828 განკარგულება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ევროკავშირის სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი

განგაშის სისტემაში (RASFF) ინტეგრაციის უზრუნველყოფის

ღონისძიებათა  წესი


მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ წესის მიზანია სურსათით/ცხოველის საკვებით გამოწვეული რისკებისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის ევროკავშირის სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემაში (RASFF) ინტეგრაციისათვის შეტყობინების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

2. ეს წესი ადგენს ევროკავშირის სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემის (RASFF) ფარგლებში სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული იმ რისკ(ებ)ის შესახებ შეტყობინების სახეებს, შეტყობინების გაცვლის ან/და გაგზავნის პროცედურებს, რომლებმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქსელი − სწრაფი განგაშის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის პირდაპირი და არაპირდაპირი რისკის შესახებ შეტყობინების მიწოდებას ან/და გაცვლას;

ბ) ქსელის წევრი − ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ევროკომისია, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანო, ნებისმიერი განმცხადებელი ქვეყანა, მესამე ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც გააფორმა ხელშეკრულება ევროკავშირთან;

გ) პასუხისმგებელი უწყება − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური, რომლებიც ერთმანეთს მიაწვდიან ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

დ) საკონტაქტო პირი − სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც პასუხისმგებელია ევროკომისიის საკონტაქტო პუნქტისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე;

ე) საგანგაშო შეტყობინება (Alert notification) − შეტყობინება რისკის შესახებ, რომელიც საჭიროებს ან შეიძლება საჭიროებდეს სწრაფ რეაგირებას ქსელის სხვა წევრის მიერ;

ვ) საინფორმაციო შეტყობინება (Information notification) – შეტყობინება რისკის შესახებ, რომელიც არ საჭიროებს სწრაფ რეაგირებას ქსელის სხვა წევრის მიერ;

ზ) საინფორმაციო შეტყობინება რეაგირებისათვის (information notification for followup) − საინფორმაციო შეტყობინება იმ სურსათის/ცხოველის საკვების შესახებ, რომელიც განთავსებულია ან შეიძლება განთავსდეს ბაზარზე სხვა წევრ ქვეყანაში;

თ) საყურადღებო საინფორმაციო შეტყობინება (information notification for attention) − საინფორმაციო შეტყობინება იმ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით, რომელიც:

თ.ა) განთავსებულია მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელიც გზავნის შეტყობინებას;

თ.ბ) არ არის განთავსებული ბაზარზე;

თ.გ) უკვე აღარ არის განთავსებული ბაზარზე;

ი) შეტყობინება საზღვარზე საქონლის შემოტანაზე უარის შესახებ (Border rejection notification) − შეტყობინება ადამიანის ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი სურსათის/ცხოველის საკვების პარტიის ან ტვირთის საზღვარზე შემოტანაზე უარის შესახებ;

კ) პირველადი შეტყობინება (original notification) − საგანგაშო შეტყობინება (Alert notification), საინფორმაციო შეტყობინება რეაგირებისათვის (Information notification for followup), საყურადღებო საინფორმაციო შეტყობინება და შეტყობინება საზღვარზე საქონლის შემოტანაზე უარის შესახებ (Border rejection notification);

ლ) დამატებითი შეტყობინება (follow-up notification) − შეტყობინება, რომელიც შეიცავს პირველად შეტყობინებასთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას.

მუხლი 3. პასუხისმგებელი უწყების ვალდებულება

1. სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ − შემოსავლების სამსახურმა კომპეტენციის ფარგლებში უნდა:

ა) შექმნან ეფექტური საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც საშუალებას მისცემს საკონტაქტო პირს, დაუყოვნებლივ გადასცეს შეტყობინება კომპეტენტურ ორგანოებს, რომლებმაც უნდა განახორციელონ შესაბამისი ზომები;

ბ) უზრუნველყონ ურთიერთთანამშრომლობა, მონაცემთა ბაზის შექმნა, ამ წესით დადგენილი ინფორმაციის ოპერატიული მიწოდება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) უზრუნველყონ საკომუნიკაციო ქსელის გამართული მუშაობა მუდმივ რეჟიმში (24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე), ასევე საგანგებო მდგომარეობის დროს − არასამუშაო დღეებშიც.

2. სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია:

ა) განსაზღვროს საკონტაქტო პირი და ევროკომისიის საკონტაქტო პუნქტს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საკონტაქტო პირის: მონაცემების შესახებ, საკონტაქტო მონაცემების შეცვლის შესახებ და დასახელებული ახალი საკონტაქტო პირის შესახებ;

ბ) განსაზღვროს შეტყობინების მომზადებასა და გაგზავნაში, ასევე კომისიის მიერ გამოგზავნილი შეტყობინებების შეფასებასა და გადანაწილებაში საკონტაქტო პირის როლი და პასუხისმგებლობა.

მუხლი 4. საკონტაქტო პირის ვალდებულება

 საკონტაქტო პირი ვალდებულია, უზრუნველყოს ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ევროკომისიის საკონტაქტო პუნქტთან.

მუხლი 5. საგანგაშო შეტყობინება

1. საკონტაქტო პირმა, რისკის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ევროკომისიის საკონტაქტო პუნქტს დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს საგანგაშო შეტყობინება 48 საათის განმავლობაში. საგანგაშო შეტყობინება უნდა მოიცავდეს სურსათთან/ცხოველის საკვებთან და მათგან გამოწვეულ რისკებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

2. დაუშვებელია შეტყობინების გაგზავნის დაყოვნება იმ მოტივით, რომ სრულყოფილი ინფორმაცია შეგროვებული არ არის.

3. საქართველოდან საკონტაქტო პირმა უნდა გაგზავნოს საგანგაშო ან დამატებითი შეტყობინება ევროკომისიის საკონტაქტო პუნქტის საგანგებო ტელეფონის ნომერზე ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო საათებში.

მუხლი 6. საინფორმაციო შეტყობინება

საკონტაქტო პირმა პასუხისმგებელი უწყებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე, ევროკომისიის საკონტაქტო პუნქტს უნდა გაუგზავნოს საინფორმაციო შეტყობინება. შეტყობინება უნდა მოიცავდეს სურსათთან/ცხოველის საკვებთან და მათგან გამოწვეულ რისკებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

მუხლი 7. საზღვარზე საქონლის შემოტანაზე უარის შესახებ შეტყობინება

საკონტაქტო პირმა ევროკომისიის საკონტაქტო პუნქტს დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს საზღვარზე საქონლის შემოტანაზე უარის შესახებ შეტყობინება. შეტყობინება უნდა მოიცავდეს სურსათთან/ცხოველის საკვებთან და მათგან გამოწვეულ რისკებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

მუხლი 8. დამატებითი შეტყობინება

1. პირველადი შეტყობინებით განსაზღვრული, სურსათთან/ცხოველის საკვებთან ან რისკთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე, საკონტაქტო პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს დამატებითი შეტყობინება ევროკომისიის საკონტაქტო პუნქტს.

2. ქსელის რომელიმე წევრის მიერ დამატებითი შეტყობინების გაგზავნის მოთხოვნის შემთხვევაში, საკონტაქტო პირმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება.

3. საკონტაქტო პირმა ევროკომისიის საკონტაქტო პუნქტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ გატარებული ზომების შესახებ, რომლებიც განხორციელდა შეტყობინების მიღების შემდეგ.

4. თუ ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული ზომები ეხება სურსათს/ცხოველის საკვებს, რომლის დაკავებაც მოხდა და რომელიც უკან იქნა დაბრუნებული, საკონტაქტო პირმა ევროკომისიის საკონტაქტო პუნქტს უნდა მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია დაბრუნებული სურსათის/ცხოველის საკვების შესახებ დამატებითი შეტყობინებით, თუ ეს ინფორმაცია არ იყო სრულად ასახული პირველად შეტყობინებაში.

5. თუ საგანგაშო შეტყობინების საფუძველზე საქართველოდან ექსპორტირებული სურსათი/ცხოველის საკვები დაბრუნდება საქართველოში, საკონტაქტო პირმა ევროკომისიის საკონტაქტო პუნქტს დამატებითი შეტყობინებით უნდა მიაწოდონ ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომლებიც გატარებულ იქნა დაბრუნებული სურსათის/ცხოველის საკვების მიმართ.

მუხლი 9. შეტყობინების წარდგენა

1. საკონტაქტო პირის მიერ შეტყობინების წარდგენა უნდა მოხდეს ევროკომისიის საკონტაქტო პუნქტის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად.

2. შეტყობინების ფორმის ყველა პუნქტი შევსებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ იძლეოდეს სურსათის/ცხოველის საკვებისა და მათთან დაკავშირებული რისკების ზუსტად განსაზღვრის (იდენტიფიცირების), ასევე ინფორმაციის მიკვლევადობის საშუალებას.

3. შეტყობინების ტიპებია:

ა) პირველადი შეტყობინება, რომელიც მოიცავს:

ა.ა) საგანგაშო შეტყობინებას;

ა.ბ) საინფორმაციო შეტყობინებას რეაგირებისათვის;

ა.გ) საყურადღებო საინფორმაციო შეტყობინებას;

ა.დ) საზღვარზე საქონლის შემოტანაზე უარის შესახებ შეტყობინებას;

ბ) დამატებითი შეტყობინება.

4. შეტყობინებამ უნდა განსაზღვროს ის ქვეყნები, რომელთაც მოეთხოვებათ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირების ვალდებულება.

5. შეტყობინებას უნდა დაერთოს ყველა საჭირო დოკუმენტი და დაუყოვნებლივ გადაეგზავნოს ევროკომისიის საკონტაქტო პუნქტს.

მუხლი 10. შეტყობინების გაუქმება და ცვლილებების შეტანა

1. საკონტაქტო პირი უფლებამოსილია, შეტყობინების განმახორციელებელ ქსელის წევრთან შეთანხმებით, შეტყობინება გამოითხოვოს ევროკომისიის საკონტაქტო პუნქტიდან, თუ შეტყობინება უსაფუძვლოა ან არასწორად არის გაგზავნილი.

2. საკონტაქტო პირი უფლებამოსილია, შეტყობინების განმახორციელებელ ქსელის წევრთან შეთანხმებით, მიმართოს ევროკომისიის საკონტაქტო პუნქტს, შეტყობინებაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. დამატებითი შეტყობინება არ ჩაითვლება შეტყობინების ცვლილებად და მისი გაგზავნის შემთხვევაში, ქსელის სხვა წევრის თანხმობა საჭირო არ არის.