სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 577
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.018963
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
577
10/11/2015
ვებგვერდი, 11/11/2015
240110000.10.003.018963
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/11/2015 - 29/05/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №577

2015 წლის 10 ნოემბერი

  ქ. თბილისი

 

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები  ადგენს  მიკვლევადობის სისტემის დანერგვის პირობებს  და აწესრიგებს ამ პროცესში წარმოქმნილ ურთიერთობებს.

2. ბიზნესოპერატორის მიერ ამ წესით განსაზღვრულ  მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების  სახელმწიფო  კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში სააგენტო).

მუხლი 2. მიზანი და გამოყენების სფერო

1.  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები მიზნად ისახავს  სააგენტოს მიერ შეუსაბამო სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების,  ცხოველისა და მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის და აგროქიმიკატის (შემდგომში – პროდუქცია) ბაზარზე  განთავსების შეზღუდვასთან/აკრძალვასთან ან ბაზრიდან მის ამოღებასთან დაკავშირებით სათანადო ზომების მიღებას და  მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

 2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე მიკვლევადობის დანერგვას უზრუნველყოფს ბიზნესოპერატორი.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

 ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 4.  მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები  და მოთხოვნები 

1.  მიკვლევადობის  ზოგადი პრინციპები  და მოთხოვნებია:

ა) მიკვლევადობის  საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს შეუსაბამო პროდუქციის წარმოქმნის მიზეზის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში, ასეთი პროდუქციის  ბაზარზე  განთავსების შეზღუდვასთან/აკრძალვასთან ან ბაზრიდან მის ამოღებასთან დაკავშირებით, სათანადო ზომების გატარება;

 ბ) პროდუქციის მიკვლევადობის განსახორციელებლად აუცილებელია, ბიზნესოპერატორს ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია, აწარმოებდეს შესაბამის დოკუმენტაციასა და ჩანაწერებს.   შემოღებული უნდა ჰქონდეს სისტემები და პროცედურები, რომლებიც ამგვარი ინფორმაციით უზრუნველყოფს სააგენტოს მოთხოვნისამებრ;

გ) მიკვლევადობის დროს დოკუმენტირებული უნდა იქნეს პროდუქციის ისტორია ან/და მისი ადგილმდებარეობა წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;

დ) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე ბიზნესოპერატორს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს  მოახდინოს უშუალო მიმწოდებლისა და უშუალო მომხმარებლის იდენტიფიცირება, გარდა საბოლოო მომხმარებლისა.

2. მიკვლევადობის უზრუნველყოფისათვის,   პროდუქცია ეტიკეტირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

3. ბიზნესოპერატორი ვალდებულია,  დოკუმენტირებული ჰქონდეს:

 ა) მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მო­ნაცემები; 

 ბ) ფაქტობრივი მისამართი;

 გ) პროდუქციის პარტიის ჩაბარების თარიღი;

 დ) ყველა სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს მიკვლევადობის სრულყოფილად განხორციელებას.

4. ამ მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ინფორმაციის წარ­მო­ება და მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული საშუალებით.

5. ბიზნესოპერატორს უნდა გააჩნდეს დოკუმენტური ინფორმაცია ტრანსპორტირების ვადების შესახებ.

6. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, განსაზღვროს მიკვლევადობაზე პასუხისმგებელი პირი.

7. იმპორტირებული პროდუქციის შემთხვევაში, მიკვლევადობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თანმხლები დოკუმენტაციის საფუძველზე.

მუხლი 5. სპეციალური მოთხოვნები ცხოველური წარმოშობის სურსათის მიკვლევადობისთვის  

1. სპეციალური მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ გადამუშავებული და გადაუმუშავებელი  ცხოველური წარმოშობის სურსათის  მიკვლევადობისათვის და არ ეხება სურსათს, რომელიც შედგება მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათისაგან.

2.  ცხოველური წარმოშობის სურსათის  მწარმოებელი ბიზნესოპერატორი უნდა ფლობდეს   და სააგენტოს მოთხოვნისთანავე უნდა   მიაწოდოს შემდეგი სახის დოკუმენტური მონაცემები:

ა) გადამუშავებული და გადაუმუშავებელი  ცხოველური წარმოშობის  სურსათის ზუსტი აღწერილობა;

ბ) გადამუშავებული და გადაუმუშავებელი  ცხოველური წარმოშობის სურსათის   მოცულობა ან რაოდენობა;

გ) იმ ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი, ვისგანაც გაიგზავნა გადამუშავებული და გადაუმუშავებელი  ცხოველური წარმოშობის სურსათი;

დ) ტვირთის გამგზავნი (მფლობელი)  ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი იმ შემთხვევაში, თუ ის არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბიზნესოპერატორს;

ე) ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი, რომელთანაც გაიგზავნა გადამუშავებული და გადაუმუშავებელი  ცხოველური წარმოშობის   სურსათი;

ვ) გადამუშავებული და გადაუმუშავებელი  ცხოველური წარმოშობის სურსათის  მიმღები ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი, თუ ის არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბიზნესოპერატორს;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, გადამუშავებული და გადაუმუშავებელი  ცხოველური წარმოშობის სურსათის პარტიის ან ტვირთის იდენტიფიკაციისათვის მონაცემები;

თ) გადამუშავებული და გადაუმუშავებელი  ცხოველური წარმოშობის   სურსათის გაგზავნის თარიღი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები  განახლებულ უნდა იქნეს ყოველდღიურად.

4. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები  შეინახოს იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც  გადამუშავებული და გადაუმუშავებელი  ცხოველური წარმოშობის   სურსათი სავარაუდოდ მოხმარებულ იქნა.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები   უნდა ექვემდებარებოდეს აღდგენას იმ ბიზნესოპერატორის მიერ, რომელსაც მიეწოდა გადამუშავებული და გადაუმუშავებელი  ცხოველური წარმოშობის  სურსათი.