„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 309
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 16/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 22/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 450.040.000.05.001.001.541
  • Word
309
01/07/2004
სსმ, 20, 16/07/2004
450.040.000.05.001.001.541
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33(40), 1999 წელი, მუხ. 167) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განმახორციელებელი ორგანოები

1. კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას ახორციელებენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საარქივო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ან/და სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

2. სამინისტრო კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში განხორციელებულ საქმიანობას.

    მუხლი 6. სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო:

ა) შეიმუშავებს და ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკას;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შეიმუშავებს და გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

გ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას;

დ) ადგენს ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრში შეტანისა და სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრიდან ამორიცხვის წესებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას;

ე) აკონტროლებს მოძრავი ძეგლისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის საზღვარგარეთ გატანასა და საქართველოში შემოტანას;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიასთან შეთანხმებით ამტკიცებს ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოების ყოველწლიურ გეგმას;

ზ) გამოავლენს და აღრიცხავს ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებს, უზრუნველყოფს მათ ექსპერტიზასა და კლასიფიკაციას. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საარქივო დეპარტამენტი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ მოძრავი ძეგლების აღრიცხვას და წარუდგენენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრში შესატანად;

თ) უზრუნველყოფს კულტურის ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და რეგისტრაციას;

ი) შესაბამის ორგანოებთან ერთად უზრუნველყოფს არქეოლოგიური ზონებისა და უძრავი ძეგლების დაცვის ზონების დადგენასა და დამტკიცებას;

კ) პასუხისმგებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობასა და ამ კანონის დაცვაზე;

ლ) რეკომენდაციას უწევს განსაკუთრებული მნიშვნელობის ურბანისტულ ძეგლებსა და ცალკეულ ობიექტებს მათი ნაკრძალებად გამოცხადებისათვის, აგრეთვე აყენებს განსაკუთრებული მნიშვნელობის უძრავი ძეგლების ბაზაზე მუზეუმ-ნაკრძალების შექმნის საკითხს;

მ) ზედამხედველობას უწევს უძრავი ძეგლებისა და მათი დაცვის ზონების გათვალისწინებას მიწის კადასტრისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის შედგენისას;

ნ) მოითხოვს ძეგლებზე წარმოებული საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების უფლების დამადასტურებელ საბუთს (ნებართვას, არქეოლოგიურ დასკვნას და სხვ.);

ო) ქმნის კულტურული მემკვიდრეობის ერთიან საინფორმაციო ბანკს;

პ) ძეგლის შეფასების და ძეგლთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გამოყოფს ექსპერტს ან ქმნის საექსპერტო კომისიას;

ჟ) დადგენილი წესით შეიმუშავებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამებს;

რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად აჩერებს ყველა სამუშაოს, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კულტურულ მემკვიდრეობას;

ს) მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის გამოვლენისა და მოძრავი ძეგლის დაცვის მიზნით არეგულირებს ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობას;

ტ) ძეგლზე სამუშაოების ჩასატარებლად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონით დადგენილი სხვა შემოსავლებიდან;

უ) მონაწილეობს ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების მიმღები კომისიის მუშაობაში, მიუხედავად ამ ძეგლის საკუთრების ფორმისა და სამუშაოების შემსრულებლისა;

ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აყენებს ფიზიკური და იურიდიული პირების პასუხისმგებლობის საკითხს და შესაბამის ორგანოებს წერილობით აცნობებს კანონის დარღვევის შესახებ, კულტურის ძეგლისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტისათვის საფრთხის შექმნის, მათი დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;

ქ) საომარი მოქმედებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე;

ღ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო განიხილავს:

ა) ისტორიული დასახლებების დაგეგმარების, განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის პროექტებს;

ბ) ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვის ზონაში და განაშენიანების რეგულირების ზონის საზღვრებში ცალკეული შენობების რესტავრაციისა და ახალი შენობა-ნაგებობების პროექტებს;

გ) ქალაქის ისტორიულ გარემოში დისონანსის შემტანი შენობა-ნაგებობების ლიკვიდაციისა და მათი ახალი, ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოსთან არქიტექტურულ-მხატვრული ხასიათითა და მასშტაბით შერწყმული შენობა-ნაგებობებით ჩანაცვლების საკითხს კანონით გათვალისწინებულ უწყებებთან ერთად;

დ) ქალაქის ისტორიული ნაწილისა და განაშენიანების რეგულირების ზონის კეთილმოწყობისა და მხატვრული გაფორმების (მცირე ფორმები, საინჟინრო მოწყობილობები, რეკლამები) პროექტებს;

ე) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ისტორიული დასახლებების არეალისათვის შემუშავებულ წინადადებებს.

3. სამინისტროს სხვა ფუნქციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.“.

2. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საარქივო დეპარტამენტის უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საარქივო დეპარტამენტი:

ა) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაციის აღრიცხვასა და აღწერას და პასუხისმგებელია მის სათანადოდ დაცვაზე;

ბ) აღრიცხული და აღწერილი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას გადასცემს სამინისტროს მათ ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრში შესატანად;

გ) სამინისტროსთან და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას დაზიანებული დოკუმენტების კონსერვაციისა და რესტავრაციის შესახებ.

2. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საარქივო დეპარტამენტის სხვა ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით და საარქივო დეპარტამენტის დებულებით.

    მუხლი 11. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისია

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში იქმნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისია (შემდგომში – კომისია).

2. კომისიის საქმიანობის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.“.

4. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს უძრავი ძეგლის სტატუსს ანიჭებს სამინისტრო კომისიის დასკვნის საფუძველზე.“.

5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. უძრავი ძეგლის სტატუსის დაკარგვა და ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრიდან ამორიცხვა

1. ძეგლი კარგავს უძრავი ძეგლის სტატუსს, თუ იგი განადგურდა ან დაზიანდა ისე, რომ დაკარგა უძრავი ძეგლის ნიშნები და ძეგლის აღდგენა შეუძლებელია.

2. უძრავი ძეგლის ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრიდან ამორიცხვა ხორციელდება იმავე წესით, რომლითაც მას მიენიჭა უძრავი ძეგლის სტატუსი.“.

6. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უძრავ ძეგლს კატეგორია ენიჭება კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.“.

7. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. უძრავი ძეგლისათვის კატეგორიის შეცვლა

უძრავი ძეგლისათვის კატეგორიის შეცვლა ხდება სამინისტროს გადაწყვეტილებით, კომისიის მოტივირებული დასკვნის საფუძველზე.“.

8. 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ობიექტისათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისთანავე სამინისტრო ვალდებულია მის მესაკუთრეს (მფლობელს) გაუგზავნოს მოთხოვნა დაცვითი ხელშეკრულების დადების შესახებ.

3. სამინისტრო ვალდებულია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია უძრავი ძეგლის შესახებ.“.

9. 231 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ისტორიული დასახლების დაცვა ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია და იგი გათვალისწინებული უნდა იქნეს რაიონული და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების ყველა დონეზე. ისტორიული დასახლების სტატუსის მინიჭება ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, კომისიის წარდგინების საფუძველზე.“.

10. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უძრავი ძეგლის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროსთან გააფორმოს დაცვითი ხელშეკრულება, ამ ძეგლის დაცვითი რეჟიმის მითითებით;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აცნობოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განმახორციელებელ ორგანოებს უძრავი ძეგლის მდგომარეობის ცვლილების შესახებ;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამინისტროს წერილობითი თანხმობის გარეშე არ დაუშვას უძრავი ძეგლის, მისი ნაწილებისა თუ ფრაგმენტების გადაკეთება, გადაადგილება და დაშლა, ხოლო უძრავი ძეგლის დაცვის ზონაში – მიწის სამუშაოების ჩატარება, მიცვალებულთა დაკრძალვა, მრავალწლიანი მცენარეების დარგვა და მოსპობა ან უძრავი ძეგლის ისეთი ექსპლუატაცია, რომელიც ზიანს მიაყენებს ან სახეს შეუცვლის მას;“.

11. 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უძრავი ძეგლის მესაკუთრის (მფლობელის) მიზეზით უძრავი ძეგლის ხელყოფის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია წერილობით გააფრთხილოს მესაკუთრე (მფლობელი) და აცნობოს მას უძრავი ძეგლის მოვლა-პატრონობისას დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის ვადები.

3. თუ მესაკუთრე (მფლობელი) არ გაითვალისწინებს სამინისტროს მოთხოვნებს, სამინისტროს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში.“.

12. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამცავი ზონების დადგენას უზრუნველყოფენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ამტკიცებენ ერთობლივი ბრძანებით.“.

13. 36-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო, სამელიორაციო, საგზაო, ნავთობსადენი და გაზსადენი მაგისტრალების და სხვა სახის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტები ხორციელდება სამინისტროს და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოთა დროებით შეჩერების გადაწყვეტილებას იღებენ სამინისტრო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად.“.

14. 39-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ანგარიშზე მობილიზებული ფულადი სახსრების გამოყენება უძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩასატარებლად დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. უძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების მიმღები კომისიის წევრთა – სამინისტროს სპეციალისტთა სამივლინებო ხარჯებს გაიღებს ძეგლის მესაკუთრე ან ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების შემსრულებელი.“.

15. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მოძრავი ძეგლის სტატუსს ანიჭებს სამინისტრო კომისიის დასკვნის საფუძველზე.“.

16. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 45. მოძრავი ძეგლის სტატუსის დაკარგვა და ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრიდან ამორიცხვა

1. ძეგლი კარგავს მოძრავი ძეგლის სტატუსს, თუ მას აღარ აქვს მოძრავი ძეგლის ნიშნები, განადგურდა და მისი აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია.

2. მოძრავი ძეგლის ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრიდან ამორიცხვა ხორციელდება იმავე წესით, რომლითაც მას მიენიჭა მოძრავი ძეგლის სტატუსი.“.

17. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოძრავ ძეგლს კატეგორია ენიჭება კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.“.

18. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 48. მოძრავი ძეგლისათვის კატეგორიის შეცვლა

მოძრავი ძეგლისათვის კატეგორიის შეცვლა ხდება კომისიის მოტივირებული დასკვნის საფუძველზე, ამ კანონის მე-5 მუხლში მითითებულ ორგანოთა ერთობლივი გადაწყვეტილებით.“.

19. 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამინისტროსაგან მოითხოვოს სამეცნიერო-მეთოდური კონსულტაცია მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ძეგლის შესახებ.“.

20. 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოძრავი ძეგლის ხელყოფის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია წერილობით გააფრთხილოს მესაკუთრე (მფლობელი) და აცნობოს მას მოძრავი ძეგლის მოვლა-პატრონობისას დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის ვადები.

3. თუ მესაკუთრე (მფლობელი) არ გაითვალისწინებს სამინისტროს მოთხოვნებს, სამინისტროს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში.“.

21. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 60. მოძრავი ძეგლის დაცვის პირობების უზრუნველყოფა

თუ მესაკუთრეს (მფლობელს) არ გააჩნია მოძრავი ძეგლის შენახვისა და დაცვისათვის სათანადო პირობები და არც შეუძლია სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში ამ პირობების შექმნა, იგი ვალდებულია მოძრავი ძეგლი მისი დაცვის უზრუნველყოფისათვის სათანადო პირობების შექმნამდე, მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს სხვა პირს.“.

22. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტონომიური და სხვა ტერიტორიული ერთეულები წლიური ბიუჯეტის დამტკიცებისას ითვალისწინებენ შესაბამის ტერიტორიაზე არსებული კულტურის ძეგლების დასაცავად საჭირო თანხებს. აღნიშნული თანხები სამინისტროსთან შეთანხმებით ხმარდება ძეგლთა მოვლა-პატრონობას.“.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ლიკვიდირებულად ჩაითვალოს საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 1 ივლისი.

309რს