ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამის „სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარება“ დამტკიცების თაობაზე

ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამის „სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარება“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26-106
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016226
26-106
30/10/2015
ვებგვერდი, 03/11/2015
010250050.35.101.016226
ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამის „სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარება“ დამტკიცების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26-106

2015 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამის „სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარება“ დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1.  დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამა – „სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარება“, დანართის შესაბამისად.         
2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი
ქ. თბილისის მუნიციპალური პროგრამა
„სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარება“

თავი I. ზოგადი ნაწილი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამის „სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარება“ (შემდგომში პროგრამა) მიზანია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში (შემდგომში-თბილისი) სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

2.  პროგრამის ამოცანებია:

ა) ახალი გამაჯანსაღებელი ცენტრების შექმნის ან/და არსებულის განვითარების ხელშეწყობა;

ბ) სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარების ხელშეწყობა საერთო სარგებლობის სავარჯიშო ინფრასტრუქტურის განვითარების გზით;

გ) სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარების ხელშეწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გზით.

3.  პროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ (შემდგომში ცენტრი).


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ პროგრამის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დარგი – სავარჯიშო და გამაჯანსაღებელი მომსახურებების მიმწოდებელი ინდუსტრია;

ბ) გამაჯანსაღებელი ცენტრი სამეწარმეო მიზნით, ფიზიკური ვარჯიშისათვის შექმნილი სივრცე, რომელიც აღჭურვილია  სხვადასხვა სახის დანადგარებითა და მოწყობილობებით, მათ შორის: ფიტნეს კლუბები, სარეაბილიტაციო ცენტრები და სხვა;

გ) საერთო სარგებლობის სავარჯიშო ინფრასტრუქტურა საზოგადოებრივ სივრცეში, უსასყიდლო სარგებლობის მიზნით მოწყობილი სხვადასხვა ფიზიკური და სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა;

დ) მეწარმე სუბიექტი გამაჯანსაღებელი ცენტრების შექმნა/განვითარებით დაინტერესებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ე) ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა დადგენილი პირობების შესაბამისად;

ვ) საფინანსო ორგანიზაცია – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობას წარმოადგენს ფინანსური მომსახურების განხორციელება, მოქმედებს კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს ცენტრთან;

ზ) პროგრამის ინსტრუმენტი – ცენტრის მიერ პროგრამის განხორციელების მიზნით გამოყენებული ბენეფიციარის ხელშეწყობის ან/და სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარების ხელშეწყობის საშუალება;

თ) კომპონენტი – პროგრამის ინსტრუმენტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც პროგრამის ინსტრუმენტის გამოყენებისას მიეწოდება ბენეფიციარს ან სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგს;

ი) აპლიკანტი – პროგრამით გათვალისწინებული ინსტრუმენტით სარგებლობის მსურველი პირი, რომელმაც ცენტრს წარუდგინა შესაბამისი განაცხადი;

კ) განაცხადი – აპლიკანტის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, ცენტრში წარდგენილი მხარდაჭერის მოპოვების მოთხოვნა პროგრამის ერთი ან ერთზე მეტი ინსტრუმენტით სარგებლობის თაობაზე;

ლ)კომისია – ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს ცენტრში შემოსულ განაცხადებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, აგრეთვე ასრულებს ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

 


მუხლი 3. პროგრამის ბენეფიციარები
პროგრამის ბენეფიციარები შეიძლება გახდნენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თბილისში რეგისტრირებული მეწარმე - სუბიექტები.

მუხლი 4. პროგრამის  ბიუჯეტი
პროგრამა ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ცენტრისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

თავი II. პროგრამის ინსტრუმენტები


მუხლი 5. პროგრამის ინსტრუმენტები
პროგრამა ხორციელდება ერთი ან რამდენიმე ინსტრუმენტის გამოყენებით. პროგრამის განხორციელებისას ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგი ინსტრუმენტები:

ა) ფინანსური მხარდაჭერა;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური, ინტელექტუალური ან/და მომიჯნავე სფეროების მხარდაჭერა.


მუხლი 6. ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტი
1. ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტი მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს, რომლითაც სარგებლობა პროგრამის ბენეფიციარს შეუძლია როგორც ერთობლივად, ასევე ცალ-ცალკე.

2.   ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტის კომპონენტებია:

ა) სესხის პროცენტის თანადაფინანსება;     

ბ) უძრავი ქონების საიჯარო ქირის ოდენობის თანადაფინანსება;

გ) ძირითადი საშუალებების ხარჯების თანადაფინანსება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  კომპონენტი ითვალისწინებს საფინანსო ორგანიზაციების მიერ, პროგრამის ბენეფიციარებზე გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას.

4.   სესხის პროცენტის თანადაფინანსება განისაზღვრება საფინანსო ორგანიზაციის მიერ  ბენეფიციარზე გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთიდან არაუმეტეს 7 (შვიდი) საპროცენტო ერთეულის ოდენობით.

5.   სესხის პროცენტის თანადაფინანსება შეიძლება მოხდეს ბენეფიციარზე გაცემული სესხის არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის შესაბამისი საპროცენტო ხარჯის, კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) თვის განმავლობაში.

6.   პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი სესხის დამტკიცებისათვის მიმართავს საფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ამ პროგრამის პირობების და საფინანსო ორგანიზაციაში მოქმედი საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად, განიხილავს  სესხის დამტკიცების საკითხს.

7.   საფინანსო ორგანიზაციის მიერ, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სესხის დამტკიცებისთანავე, საფინანსო ორგანიზაცია ცენტრს აცნობებს სესხის გრაფიკს, თანადაფინანსების ყოველთვიური თანხის ოდენობას და კრედიტთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს.

8.   საფინანსო ორგანიზაციის მიერ, ბენეფიციარზე გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:

ა) 100,000 აშშ დოლარამდე(ან ეკვივალენტი ევროში) სესხის შემთხვევაში - 14%-ს;

ბ) 100,000-დან  300,000 აშშ დოლარის ჩათვლით (ან ეკვივალენტი ევროში) სესხის შემთხვევაში- 13%-ს;

გ) 300,000- აშშ დოლარზე მეტი (ან ეკვივალენტი ევროში) სესხის შემთხვევაში -12%-ს;

დ) 250,000 ლარამდე სესხის შემთხვევაში - 16%-ს;

ე) 250,000-დან 700,000 ლარის ჩათვლით სესხის შემთხვევაში - 15%-ს;

ვ) 700,000 ლარზე მეტი სესხის შემთხვევაში - 14%-ს.

9.   ამ პროგრამის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარზე სესხი შეიძლება გაიცეს შემდეგი პირობებით:

ა) სესხის დამტკიცების, გაცემის ჯამური საკომისიო განისაზღვრება მაქსიმუმ 0,1%-ის ოდენობით;

ბ) სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო და ჯარიმა განისაზღვრება 0%-ის ოდენობით;

გ) სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, საფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია ბენეფიციარს დააკისროს საკომისიო არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული განაკვეთისა;

დ) სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის ვადაგადაცილების შემთხვევაში საფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია ბენეფიციარს დაარიცხოს ჯარიმა არაუმეტეს ვადაგადაცილებული გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ე) სესხის ძირითად თანხაზე გათვალისწინებული საშეღავათო პერიოდი  განისაზღვრება საფინანსო ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად, მაქსიმუმ 12 (თორმეტი) თვის პერიოდით;

ვ) საფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადასახდელი ყოველთვიური თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველად დამტკიცებული გრაფიკით გათვალისწინებულ ოდენობას;

ზ) ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში, ცენტრის მიერ საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების  ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს სესხის გაცემის დღეს დამტკიცებული ყოველთვიური  გადასახდელი თანხის ოდენობას;

თ) ცენტრი უფლებამოსილია საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება შეწყვიტოს:

თ.ა. ბენეფიციარის მიერ გადახდის გრაფიკის 90 (ოთხმოცდაათი) დღეზე მეტი პერიოდით ვადაგადაცილების შემთხვევაში;

თ.ბ.  ბენეფიციარის მიერ კრედიტის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში;

თ.გ. სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, თუ ახალი პირობები შეუსაბამოა პროგრამით განსაზღვრულ პირობებთან;

თ.დ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ცენტრისათვის დამტკიცებული ასიგნებების შემცირების შემთხვევაში;

თ.ე. მხარეთა შეთანხმებით.

ი) სესხის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა პირობებს საფინანსო ორგანიზაცია განსაზღვრავს  ინდივიდუალურად, საფინანსო ორგანიზაციის მიერ დადგენილი შიდა სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად.

10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  კომპონენტი ითვალისწინებს სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო ფართის საიჯარო ქირის თანადაფინანსებას არაუმეტეს 18 (თვრამეტი)  თვის ვადით.

11. ცენტრიდან მოთხოვნილი/გაცემული უძრავი ქონების საიჯარო ქირის თანადაფინანსების  მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის 50%-ს, ამასთან, ცენტრიდან მოთხოვნილი/გაცემული თანადაფინანსების  მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით  კონკრეტული დასაქირავებელი ფართისთვის დადგენილი  საბაზრო   ქირის  50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) ლარს 1 (ერთი)კვ.მ-ზე.

12. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  კომპონენტი ითვალისწინებს გამაჯანსაღებელი ცენტრის მიერ სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო  აღჭურვისა და  რემონტის (მათ შორის, ისეთ უძრავ ქონებაზე, რომელიც ბენეფიციარის საკუთრებას არ წარმოადგენს) ხარჯების თანადაფინანასებას, ამასთან, ცენტრიდან მოთხოვნილი/გაცემული თანადაფინანსების  მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი აღჭურვისა და რემონტის  ჯამური ხარჯების 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარს.

13. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  კომპონენტით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის შემთხვევაში.

14.  ქ. თბილისის შესაბამისი წლის ბიუჯეტით ცენტრისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების შემცირების, ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამით და ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობების და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს პროგრამის ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენება.

15. პროგრამის ფინანსური ინსტრუმენტის და მისი კომპონენტების გამოყენებისას დადგენილია შემდეგი დამატებითი           პირობები და მოთხოვნები:

ა) ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტით სარგებლობისას ჯამურად მოთხოვნილი/გაცემული თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ერთ გამაჯანსაღებელ ცენტრზე არ უნდა აღემატებოდეს 400,000 (ოთხასი ათასი) ლარს;

ბ) ბენეფიციარზე სესხი შეიძლება გაიცეს მხოლოდ გამაჯანსაღებელ ცენტრში სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო  აღჭურვის, რემონტის ან პროგრამული უზრუნველყოფის მიზნით;

გ) ბენეფიციარს ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტის და მისი კომპონენტების გამოყენება შეეძლება მხოლოდ გამაჯანსაღებელ ცენტრში  სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიწოდების  დაწყების შემდეგ (გარდა ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

16. ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტის გამოყენება ხდება ამ პროგრამის IV თავით დადგენილი წესით.


მუხლი 7. მატერიალურ-ტექნიკური, ინტელექტუალური ან/და მომიჯნავე სფეროების მხარდაჭერის ინსტრუმენტი
1. მატერიალურ-ტექნიკური, ინტელექტუალური ან/და მომიჯნავე სფეროების მხარდაჭერის ინსტრუმენტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა) საზოგადოებრივ სივრცეებში, უსასყიდლო სარგებლობის მიზნით, სხვადასხვა ფიზიკური და სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მოწყობის ორგანიზება ან/და დაფინანსება;

ბ) ბენეფიციარებისთვის გადამზადების ან/და მომზადების კურსის ორგანიზება, დაფინანსება ან/და განხორციელება.

2. მატერიალურ-ტექნიკური, ინტელექტუალური ან/და მომიჯნავე სფეროების მხარდაჭერის ინსტრუმენტის და შესაბამისი კომპონენტების გამოყენება ხდება ცენტრის გადაწყვეტილებით და ორგანიზებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი III. პროგრამის მონაწილე პირთა ფუნქციები


მუხლი 8. ცენტრის ფუნქციები
1.   ცენტრის ფუნქციებია:

ა) პროგრამის ფარგლებში პირობების, წესების, ხელშეკრულებების, ურთიერთგაგების მემორანდუმების, ტექნიკური დავალებების და სხვა სახის დოკუმენტების შემუშავება;

ბ) პროგრამის ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობის მიზნით დაინტერესებულ მხარეებთან, ურთიერთგაგების მემორანდუმების და ხელშეკრულებების გაფორმება;

გ) პროგრამის მიზნების შესაბამისი აქტივობების/ღონისძიებების ორგანიზება, თანადაფინანსება ან/და განხორციელება სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;

დ) პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების გამოვლენის მიზნით, კომისიის შექმნა;

ე) პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისათვის უძრავი ქონების საიჯარო ქირის თანადაფინანსების კომპონენტის გამოყენებისას კონკრეტული დასაქირავებელი ფართის საბაზრო საიჯარო ქირის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი საექსპერტო დასკვნით უზრუნველყოფა;

ვ) ბენეფიციარებთან და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;

ზ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, ცენტრის წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2.   ქ. თბილისის შესაბამისი წლის ბიუჯეტით ცენტრისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების შემცირების, ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში  გამოყოფილი სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ან ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ცენტრთან დადებული ხელშეკრულების პირობების/ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს პროგრამის მხარდაჭერის ინსტრუმენტების გამოყენება.


მუხლი 9. პროგრამის ბენეფიციარის ვალდებულებები
პროგრამის ბენეფიციარის ვალდებულებებია:

ა) პროგრამით გათვალისწინებული მხარდაჭერის მიღების ფარგლებში ცენტრის მიერ განსაზღვრული ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა;

ბ) ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტით სარგებლობის შემთხვევაში მათსა და საფინანსო ორგანი­ზაცი­ასთან დადე­ბული ხელშეკრულების ან/და საფინანსო ორგანიზაციის წერი­ლობითი თანხმობის წარმოდგენა, რომელიც უნდა ადასტურებდეს საფინანსო ორგანიზაციის მზადყოფნას, გასცეს სესხი;

გ)  ფართის სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმება;

დ) საფინანსო ორგანიზაციასთან სესხის ხელშეკრულების გაფორმება;

ე) უზრუნველყოს გამაჯანსაღებელი ცენტრის  აღჭურვა ახალი ან საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, სერტიფიცირებული მეორადი სავარჯიშო მოწყობილობებითა და დანადგარებით;

ვ) გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქციონირების პირველი 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრულ არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) პირს  გადასცეს კლუბის საწევრო აბონემენტი (ძირითად მომსახურებაზე) არანაკლებ 50%-იანი ფასდაკლებით.

თავი IV. პროგრამის ინსტრუმენტების გამოყენების წესი


მუხლი 10. განაცხადის წარდგენა
1. პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტით სარგებლობის მსურველი პირი - აპლიკანტი წარადგენს ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის განაცხადს ელექტრონული ან ბეჭდური სახით.

2.  განაცხადების მიღების დაწყების, წარდგენის ბოლო ვადის, განაცხადების მიღების, შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს ცენტრი.


მუხლი 11. განაცხადების შეფასების სისტემა და ვადები
1. მხარდაჭერის მოპოვებისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის სიას, პირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი, განაცხადის ფორმას, განაცხადის შეფასების ფორმას და განაცხადის შეფასების ქულათა სისტემას, კომისიის წარდგინებით ამტკიცებს ცენტრის თავმჯდომარე.

2. განაცხადების პირველად ტექნიკურ გადარჩევას (პროგრამის პირობებთან და დადგენილ მოთხოვნებთან განაცხადების შესაბამისობის შემოწმება, დადგენილი დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმება) უზრუნველყოფს  ცენტრი.

3. განაცხადში ან/და წარდგენილ დოკუმენტებში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია განმცხადებლისგან მოითხოვოს ხარვეზის გამოსწორება ან/და ინფორმაციის დაზუსტება.

4. განაცხადები ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) გამაჯანსაღებელი ცენტრების მდებარეობის თანხვედრა კომისიის მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულ არეალებთან;

ბ) გამაჯანსაღებელი ცენტრის სავარჯიშო ფართის კვადრატულობა;

გ) გამაჯანსაღებელი ცენტრის კონცეფცია, დიზაინი და სავარჯიშო აღჭურვილობის ხარისხი;

დ) ოპერირების დაწყების დრო;

ე) განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა.

5. განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 1 (ერთი)  თვის ვადაში, ხოლო თუ განაცხადების წარდგენისათვის დადგენილია განსაზღვრული ვადა, განაცხადების წარდგენისათვის დადგენილი ვადის დასრულებიდან 1 (ერთი)  თვის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ეს ვადა გაზარდოს არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით.

6. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგრამისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები არასაკმარისია ყველა მოწონებული განაცხადის დასაფინანსებლად, მხარდაჭერას მოიპოვებენ რიგითობით, ყველაზე მაღალი ქულის მქონე განაცხადები.


მუხლი 12. კომისია
1. პროგრამის მონაწილეების გამოვლენასა და მხარდაჭერის ინსტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს კომისია.

2.  კომისიის ფუნქციებია:

ა) საჭიროებისამებრ, პროგრამის სრულყოფის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) მხარდაჭერის მოპოვებისათვის წარსადგენი დოკუმენტების სიის, პირობების, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი, განაცხადის ფორმის, განაცხადის შეფასების ფორმის და განაცხადის შეფასების ქულათა სისტემის პროექტის შემუშავება და ცენტრის თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

გ) ამ პროგრამით დადგენილი წესით განაცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

3.  კომისიის შემადგენლობაში შედის არანაკლებ 5 (ხუთი) წევრი,რომელთა რაოდენობასა და შემადგენლობას, ცენტრის თავმჯდომარის წარდგინებით, განსაზღვრავს თბილისის მთავრობა. კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის წევრთაგან ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თავმჯდომარე.

4.  კომისიის თავმჯდომარე წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას, თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს.

5.  კომისიის  თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.


მუხლი 13. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის მდივანი. ცენტრის თავმჯდომარე კომისიის მდივნის ფუნქციას აკისრებს ცენტრის თანამშრომელს.

2. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის 3 (სამი) წევრისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

3. ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების განცხადებებთან დაკავშირებით კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, ამასთან, ქულათა სისტემით შეფასებისას თანაბარი ქულების მიღების შემთხვევაში, კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით, საერთო წესის შესაბამისად.

4. კომისიის წევრი ვალდებულია, კომისიის სხდომის დაწყებამდე,  განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს აპლიკანტის ობიექტურად შეფასებასა და  გადაწყვეტილების მიუკერძოებლად მიღებაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში, კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული ცნობილი გახდება კომისიისათვის სხდომის მიმდინარეობისას, ან მანამდე - შესაბამისი კომისიის წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

6. კომისიის სხდომა ფორმდება  ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს ოქმს დაურთოს მოსაზრებები, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 


მუხლი 14. მხარდაჭერის ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განაცხადის/ბენეფიციარის შერჩევისა და პროგრამის ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ დასამტკიცებლად წარედგინება ცენტრის თავმჯდომარეს.

თავი V. დასკვნითი დებულებები


მუხლი 15. პროგრამაში ცვლილებების განხორციელება
წინამდებარე პროგრამაში ცვლილებების განხორციელება ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 16. პროგრამის მონიტორინგი
პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.