შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ

  • Word
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 756
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 14/06/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 14/06/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 280.080.020.05.001.000.111
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
756
14/06/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 14/06/1995
280.080.020.05.001.000.111
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/06/1995 - 13/06/1997)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს ინვალიდთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველებს და მიზნად ისახავს რესპუბლიკის სხვა მოქალაქეთა თანაბრად უზრუნველყოს ინვალიდთა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ინვალიდთა სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები

საქართველოს რესპუბლიკაში ინვალიდთა სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1975 წლის 9 დეკემბრის დეკლარაციით „ინვალიდთა უფლებების შესახებ“, მის მიერვე 1993 წლის 20 დეკემბერს მიღებული „ინვალიდთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტული წესებით“, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით.

ინვალიდთა დისკრიმინაცია აკრძალულია და კანონით ისჯება.

    მუხლი 2. ცნება „ინვალიდის" განსაზღვრა

ცნება „ინვალიდი“ აღნიშნავს ადამიანს, რომელსაც დაავადების, ტრამვის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას, ანდა ყოფა - ცხოვრების არსებით გაძნელებას.

ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შეზღუდვის სიმძიმის მიხედვით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისია განსაზღვრავს ინვალიდობის შესაბამის კატეგორიებს.

    მუხლი 3. სახელმწიფოს როლი ინვალიდთა სოციალური დაცვის სფეროში

სახელმწიფო უზრუნველყოფს ინვალიდთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.

სახელმწიფო ამ კატეგორიის ბავშვებს უწესებს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის დამატებით გარანტიებს.

    მუხლი 4. ინვალიდთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა

ინვალიდთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სასამართლო ან კანონით გათვალისწინებული სხვა წესით.

    მუხლი 5. ჟესტების ენა

სახელმწიფო ცნობს ჟესტების ენას პიროვნებთაშორისი ურთიერთობის საშუალებად და უზრუნველყოფს აუცილებელი პირობების შექმნას მისი გამოყენებისა და განვითარებისათვის.

    მუხლი 6. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებები ინვალიდთა სოციალური დაცვის სფეროში

თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.

თავი II

სოციალური ინფრასტრუქტურით ინვალიდთა შეუფერხებელი სარგებლობისათვის პირობების შექმნა

    მუხლი 7. საცხოვრებელი შენობებითა და სოციალური ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებით ინვალიდთა სარგებლობის უზრუნველყოფა

სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები ინვალიდებს უქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილებისათვის.

    მუხლი 8. ინვალიდთა მოთხოვნილებების გათვალისწინება სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობისას

დაუშვებულია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება ინვალიდთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.

    მუხლი 9. ინვალიდთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების უზრუნველყოფა კულტურულ-სანახაობით დაწესებულებებსა და სპორტულ ნაგებობებში

სახელმწიფო მმართველობის რესპუბლიკური და ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ინვალიდთათვის პირობები, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებით და სპორტული ნაგებობებით, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი სპეციალური სპორტული ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით.

ჩამოთვლილი მომსახურებით ინვალიდები სარგებლობენ უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

აღნიშნული მომსახურებით ინვალიდთა მიერ სარგებლობის წესს, პირობებსა და შეღავათებს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

    მუხლი 10. საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მონაწილეობა სოციალურ-კულტურული ობიექტებისა და სპორტული ნაგებობების მშენებლობის დაფინანსების, მოწყობილობის შეძენისა და შენახვის საქმეში

საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, საკუთრების და მეურნეობის ფორმის მიუხედავად, უფლება აქვთ გაიღონ თანხა ინვალიდთათვის განკუთვნილი სოციალურ-კულტურული ობიექტების და სპორტული ნაგებობების მშენებლობის, მოწყობილობის შეძენისა და შენახვის მიზნით. ეს თანხა არ იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 11. ინვალიდთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება

ინვალიდთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება, მათ შორის, სურსათ-სანოვაგითა და სახალხო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა, კომუნალური და სხვა სახის მომსახურება ხორციელდება სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით.

    მუხლი 12. შეღავათები იმ საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ინვალიდთათვის აწარმოებენ საქონელსა და ტექნიკურ საშუალებებს

იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ინვალიდთათვის აწარმოებენ სამრეწველო საქონელს, სპეციალურ ტექნიკურ და სხვა საშუალებებს და სპეციალდებიან ინვალიდთა მომსახურების სფეროში, უწესდებათ შეღავათები საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

თავი III

ინვალიდთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია

    მუხლი 13. ინვალიდთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფა

სახელმწიფო ორგანიზაციას უწევს და ხელს უწყობს ინვალიდთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რაც წარმოადგენს ორგანიზმის დარღვეული ან დაკარგული ფუნქციების, თვითმომსახურების, სხვადასახვაგვარი პრფესიული საქმიანობის უნარის აღდგენისა და კომპენსაციისათვის გამიზნულ ღონისძიებათა კომპლექსს, აგრეთვე საშუალებას აძლევს ინვალიდებს იცხოვრონ სრულფასოვნად და უზრუნველყონ თავიანთი უფლებებისა და პოტენციური შესაძლებობების რეალიზაცია.

სახელმწიფო აფინანსებს და ორგაგიზაციას უწევს სამეცნიერო კვლევას და სპეციალისტების მომზადებას სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის შესაფერის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორციელების სფეროში.

    მუხლი 14. ინვალიდთა რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამა

ინვალიდთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია ხორციელდება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამით, რაც განისაზღვრება საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწყობილი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საფუძველზე.

ინვალიდთათვის რეკომენდებულ რეაბილიტაციის ინდივიდუალურ პროგრამაში განისაზღვრება სარეაბილიტაციო ღონისძიებების კონკრეტული მოცულობა-სახეობანი და ვადები, აგრეთვე სოციალური დახმარების სახეობანი.

    მუხლი 15. რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამების შესრულების სავალდებულობა

ინვალიდთა რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამა წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის შესრულება სავალდებულოა შესაბამისი სახელმწიფო და სხვა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის.

    მუხლი 16. ინვალიდთა სარეაბილიტაციო დაწესებულებები

სახელმწიფო მმართველობის რესპუბლიკური და ადგილობრივი ორგანოები, ინვალიდთა სარეაბილიტაციო დახმარების მოთხოვნებისა და ადგილობრივი პირობების შესაბამისად, ქმნიან სარეაბილიტაციო, მათ შორის, სამეცნიერო-საწარმოო ცენტრების ქსელს, აღდგენითი მკურნალობის განყოფილებებს ამბულატორიულ და სტაციონალურ სასწავლო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში, სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით და სანატორიულ-საკურორტო დაწესებულებებს, საწარმოებსა და ინვალიდთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებებს.

თავი IV

ინვალიდთა განათლება და პროფესიული აღზრდა

    მუხლი 17. ინვალიდთა განათლებისა და პროფესიული მომზადების პირობების უზრუნველყოფა, ამ კატეგორიის ბავშვთა სკოლამდელი აღზრდა

ინვალიდებს სახელმწიფო უქმნის აუცილებელ პირობებს განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის.

განათლების ორგანოები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებთან ერთად ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ კატეგორიის ბავშვთა სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდა მათთვის ჯეროვანი სარეაბილიტაციო დახმარების გაწევის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, აგრეთვე ინვალიდთათვის საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად.

    მუხლი 18. ინვალიდთა ზოგადსაშუალო, საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლება, ამ კატეგორიის ბავშვთა შინ აღზრდა და სწავლება

ინვალიდები ზოგადსაშუალო, საშუალო-სპეციალურ და უმაღლეს განათლებას იღებენ ზოგადსასწავლო დაწესებულებეში, საჭიროებისას – შესაბამის სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში.

სასწავლო მეცადინეობის ორგანიზება ხდება აგრეთვე იმ კატეგორიის ბავშვთათვის, რომლებიც მკურნალობენ სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების სტაციონარებში ან სარეაბილიტაციო დაწესებულებებში.

თუ შეუძლებელია ამ კატეგორიის ბავშვთა აღზრდა და სწავლება ზოგად ან სპეციალურ სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებში, მშობლების სურვილის შესაბამისად, მათი აღზრდა და სწავლება ხდება ოჯახში. ამასთან, ერთ-ერთი მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მატერიალური უზრუნველყოფა და შეღავათები განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.

შესაბამისი სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებები დახმარებას უწევენ მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს ამ კატეგორიის ბავშვთა შინ სწავლებაში.

ამ კატეგორიის ბავშვთა ყოველმხრივი და ჰარმონიული განვითარების, მათთვის საზოგადოებრივი აქტიურობის, შრომის ინტერესის ჩანერგვის, მეცნიერებასთან, ტექნიკასთან, ხელოვნებასთან, სპორტთან დაახლოების მიზნით განათლებისა და სხვა სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ამ კატეგორიის სკოლისგარეშე აღზრდის სათანადო ორგანიზაცია.

სტაციონარულ დაწესებულებებში ხანგრძლივად (არამუდმივად) მყოფი ამ კატეგორიის ბავშვებისათვის აღნიშნულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ უწყვეტი აღზრდა და სწავლება სოციალურ-საყოფაცხოვრებო და შრომით ადაპტაციასთან ორგანული კავშირით.

    მუხლი 19. ინვალიდთა პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება

ინვალიდთა პროფესიულ მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამების შესაბამისად ახორციელებენ სპეციალიზებული ან ზოგადი ტიპის სასწავლო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები სოციალური დახმარების ორგანოებთან ერთად. ინვალიდთა მატერიალური უზრუნველყოფა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდში ხდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

    მუხლი 20. ინვალიდთა განათლების, პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ფორმები

ინვალიდთა განათლება, პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, დასწრებულად, დაუსწრებლად, ექსტერნად, სპეციალურ ჯგუფებში, კლასებში სწავლების გზით და ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, შინ სწავლების ჩათვლით.

თავი V

ინვალიდთა შრომა

    მუხლი 21. ინვალიდთა შრომის უფლებების რეალიზაცია

ინვალიდებს, თავიანთი შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციის მიზნით და რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად, უფლება აქვთ იმუშაონ შრომის ჩვეულებრივი პირობების საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში საკუთრებისა და მეურნეობის ფორმის მიუხედავად, სპეციალიზებულ საწარმოებში, საამქროებსა და უბნებზე, სადაც გამოიყენება ინვალიდთა შრომა, აგრეთვე ეწეოდნენ კანონით ნებადართულ ინდივიდუალურ და სხვა სახის შრომით საქმიანობას. დაუშვებელია ინვალიდისათვის შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ან სამსხურებრივ დაწინაურებაზე უარის თქმა, ადმინისტრაციის ინიციატივით მისი დათხოვნა ან ინვალიდის თანხმობის გარეშე სხვა სამუშაოზე გადაყვანა ინვალიდობის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით მის ჯანმრთელობას ვნებს პროფესიული მოვალეობის შესრულება ან საშიშროება ექმნება სხვა პირთა ჯანმრთელობასა და შრომის უსაფრთხოებას.

    მუხლი 22. ინვალიდთა შრომის პირობები

საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში დასაქმებულ ინვალიდთათვის რეაბილიტაციის ინდივიდუადური პროგრამის შესაბამისად იქმნება შრომის სათანადო პირობები.

კოლექტიური და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებებით დადგენილი შრომის პირობები, მათ შორის, შრომის ანაზღაურება, სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმი, წლიური და დამატებითი შვებულებების ხანგრძლივობა არ უნდა აუარესებდეს ან ზღუდავდეს ინვალიდთა მდგომარეობასა და უფლებებს სხვა მუშაკებთან შედარებით.

სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები ეხმარებიან შინ ან ინდივიდუალურად მომუშავე ინვალიდებს აღნიშნული საქმიანობისათვის არასაცხოვრებელი შენობების გამოყოფაში, ნედლეულის შეძენასა და პროდუქციის გასაღებაში.

შრომითი დასახიჩრებით ან პროფესიული დაავადებით ინვალიდად ცნობილ მოქალაქეებს მიყენებულ ზარალს უნაზღაურებენ ბრალეული საწარმოები, ორგანიზაციები (საკუთრების და მეურნეობის ფორმის მიუხედავად) საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 23. ინვალიდთა მომვლელების შეღავათები და უპირატესობანი

ოჯახის წევრს ან გარეშე პირთ, რომლებიც უვლიან პირველი ჯგუფის ინვალიდებს, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში აქვთ შეღავათები (სამუშაო დროის, დასვენების, შვებულების და სხვა) საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

თავი VI

ინვალიდთა სოციალური დახმარება

    მუხლი 24. ინვალიდთა სოციალური დახმარება, სოციალური დახმარების სახეობანი

ინვალიდებს სოციალურად ეხმარებიან როგორც ფინანსებით (პენსია, დახმარება და სხვ.), ისე ტექნიკური და სხვა საშუალებებით, მათ შორის, უზრუნველყოფენ ავტომობილებით, სავარძელ-ეტლებით, საპროთეზო-ორთოპედიული ნაკეთობებით, სპეციალური შრიფტის ნაბეჭდი გამოცემებით, ხმის გამაძლიერებელი აპარატურითა და სიგნალიზაციებით, აგრეთვე სამედიცინო, სოციალური და პროფესიული რეაბილიტაციის განხორციელებითა და საყოფაცხოვრებო მომსახურებით.

ინვალიდთა პენსიებითა და დახმარებით უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება საპენსიო და სოციალური დაზღვევის კანონმდებლობით.

ინვალიდთა სამკურნალწამლო, ტექნიკური და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფა, აგრეთვე საყოფაცხოვრებო მომსახურება ხორციელდება უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 25. ინვალიდთა უზრუნველყოფა ტექნიკური და სხვა საშუალებებით

ინვალიდთა უზრუნველყოფა ტექნიკური და სხვა საშუალებებით ხდება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად, უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით.

თუ სახელმწიფო ორგანოებს არ შეუძლიათ მისცენ ინვალიდებს რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამით გათვალისწინებული ტექნიკური ან სხვა საშუალებანი, ან ინვალიდებმა იგი შეიძინეს საკუთარი სახსრებით, მათ ეძლევათ კომპენსაცია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 26. შინ მომსახურება, ინვალიდთა სოციალური დახმარების სტაციონარული დაწესებულებანი

ინვალიდებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე ან სტაციონარულ დაწესებულებეში.

სახელმწიფო ხელს უწყობს სოციალური დახმარების სტაციონარული დაწესებულებების ქსელის განვითარებას იმ კატეგორიის ინვალიდთათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მომვლელი.

    მუხლი 27. პანსიონატებსა და სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებეში მყოფ ინვალიდთა უფლებები

სახელმწიფო საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფს ინვალიდებს რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად და მათი სურვილის გათვალისწინებით. პანსიონატებში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებებში ინვალიდთათვის შექმნილმა პირობებმა უნდა უზრუნველყონ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაცია.

თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ არის ინვალიდთა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში, სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ფართობით, მათ შორის, ობოლ ან მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ამ კატეგორიის ბავშვებს – სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 28. ინვალიდთა სოციალური დახმარების სახელმწიფო ორგანოები

ინვალიდებს სოციალურ დახმარებას უწევენ სახელმწიფო ორგანოები საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სამსახურების (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიები, საექიმო-საკონსულტაციო კომისიები, სპეციალიზებული საექსპერტო სამსახურები) დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 29. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროები

სოციალური დახმარება ხორციელდება რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით, აგრეთვე ორგანიზაციათა და მოქალაქეთა ნებაყოფლობითი შენატანებით.

ის საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სოციალური დახმარების ღონისძიებებს აფინანსებენ, იბეგრებიან შეღავათიანი პირობებით საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

თავი VII

ინვალიდთათვის სპორტის შესაფერის სახეობათა დანერგვა და განვითარება

    მუხლი 30. ინვალიდთათვის სპორტის შესაფერის სახეობათა დანერგვა და განვითარება

შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ინვალიდთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ერთად, უზრუნველყოფენ ინვალიდთათვის სპორტის შესაფერის სახეობათა დანერგვასა და განვითარებას.

თავი VIII

ინვალიდთა საზოგადოებრივი გაერთიანებები

    მუხლი 31. ინვალიდთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, თანადგომისა და მომსახურების მიზნით, ინვალიდებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ შექმნან საზოგადოებრივი გაერთიანებები, მათ შორის, სხვადასხვა ფონდები საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 32. ინვალიდთა საზოგადოებრივი გაერთიანებებისათვის გათვალისწინებული შეღავათები

ინვალიდთა საზოგადოებრივი გაერთიანებები, აგრეთვე მათი ფინანსური სახსრებით შექმნილი იურიდიული პირის სტატუსის მქონე ერთეულები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებისაგან, თუკი მათი საქმიანობის შედეგად ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათებით მიღებული მთელი შემოსავალი ხმარდება აღნიშნულ გაერთიანებათა წესდებებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას და ირიცხება ამ უკანასკნელთა ანგარიშზე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 14 ივნისი.

№756–IIს