დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თამასუქის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 719 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/04/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 19/04/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.090.000.05.001.000.106 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
1. ეს კანონი აწესრიგებს თამასუქის გაცემის, თავდებობის, გადახდის, გამოყენების, გადაცემის წესს, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად – თამასუქიდან გამომდინარე შედეგებსა და პრეტენზიებს.
2. ამ კანონში გამოყენებულ სახელწოდებებს, თუ არსებობს განსაკუთრებული მითითება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „პირი“ – როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირი;
ბ) „თამასუქი“ – ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას;
გ) თამასუქი შეიძლება იყოს გადასაპირებელი (ტრატა) და მარტივი (სოლო თამასუქი);
დ) გადასაპირებელი თამასუქით თამასუქის გამცემი ავალებს სხვა პირს გადაუხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა თამასუქში მითითებულ პირს;
ე) მარტივი თამასუქით მისი გამცემი კისრულობს ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს თამასუქში მითითებული თანხა;
ვ) „ინდოსამენტი“ – თამასუქზე წარწერა გადაცემის შესახებ;
ზ) „ინდოსანტი“ – პირი, რომელმაც წააწერა თამასუქზე;
თ) „ინდოსატი“ – პირი, რომელმაც მიიღო თამასუქი ინდოსამენტით;
ი) „აქცეპტი“ – გადამხდელის ხელმოწერა იმის თაობაზე, რომ მან თამასუქი მიიღო გადასახდელად დადგენილ ვადაში და თანახმაა გადაიხადოს;
კ) „ავალი“– სათამასუქო თავდებობა;
ლ) „ცესია“ – სხვა პირისათვის მოთხოვნის უფლების დათმობა;
მ) „საბანკო დაწესებულება“ – საჯარო ან კერძო დაწესებულება, რომელსაც მეწარმეობის წესით უფლება აქვს განახორციელოს საბანკო საქმიანობა.
კარი I
თამასუქის შედგენა და მისი ფორმა
მუხლი 1. გადასაპირებელი თამასუქის რეკვიზიტი
1. გადასაპირებელი თამასუქი უნდა შეიცავდეს:
ა) სიტყვას „თამასუქი“ დოკუმენტის სათაურში და ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც შედგენილია თამასუქი;
ბ) უპირობო დავალებას მითითებული ფულადი თანხის გადახდის შესახებ;
გ) გადამხდელის დასახელებას;
დ) გადახდის ვადას;
ე) გადახდის ადგილს;
ვ) იმ პირის დასახელებას, რომელსაც უნდა გადაუხადონ ან რომლის განკარგულებითაც უნდა მოხდეს გადახდა;
ზ) თამასუქის შედგენის თარიღსა და ადგილს;
თ) თამასუქის გამცემის ხელმოწერას.
1 1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება 100 000 (ასი ათას) ლარამდე (უცხოური ვალუტით შესაბამისი ეკვივალენტის) ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა. ეს შეზღუდვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე არ ვრცელდება, თუ იგი თამასუქს 20-ზე ნაკლებ ფიზიკურ პირზე გასცემს.
1 2. მეწარმე სუბიექტს უფლება აქვს, თამასუქი 20-ზე მეტ ფიზიკურ პირზე გასცეს მხოლოდ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. თუ თამასუქის გამცემი რაიმე მიზეზით თვითონ ვერ აწერს ხელს თამასუქს, მაშინ მისი თხოვნით ხელს აწერს სხვა პირი. ამ შემთხვევაში თამასუქს უნდა ამოწმებდეს ნოტარიუსი, რომ იგი ხელმოწერილია თამასუქის გამცემის თხოვნით.
3. დოკუმენტს, რომელსაც აკლია ამ მუხლში აღნიშნული რომელიმე რეკვიზიტი, ამავე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, არა აქვს თამასუქის ძალა.
4. თამასუქი, რომელშიც არ არის აღნიშნული გადახდის ვადა, ჩაითვლება თამასუქად, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს წარდგენისთანავე.
5. განსაკუთრებული მითითების უქონლობისას გადამხდელის დასახელების გვერდით აღნიშნული ადგილი მიიჩნევა გადახდის ადგილად და იმავდროულად გადამხდელის ადგილსამყოფელად.
6. თამასუქი, რომელშიც არ არის აღნიშნული შედგენის ადგილი, მიიჩნევა იმ ადგილას შედგენილად, რომელიც მითითებულია თამასუქის დასახელების გვერდით.
საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი №240 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1910 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
მუხლი 2. გადასაპირებელი თამასუქის გამოწერა
თამასუქი შეიძლება გამოიწეროს თამასუქის გამცემის (ტრასანტის) პირადი განკარგულებით თვით თამასუქის გამცემის ან მესამე პირის სახელზე.
1. თამასუქში, რომლის გადახდა სავალდებულოა წარდგენისთანავე, ანდა წარდგენიდან განსაზღვრულ დროში, თამასუქის გამცემს შეუძლია დათქვას, რომ თამასუქის თანხას დაერიცხება პროცენტები, რომლის განაკვეთიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს თამასუქში. თუ ასეთი აღნიშვნა არ არის, პროცენტის შესახებ ჩანაწერს ძალა არა აქვს.
2. პროცენტები დაირიცხება გადასაპირებელი თამასუქის გაცემის დღიდან, თუ მასში მითითებული არ არის სხვა თარიღი.
1. თუ თამასუქის თანხა აღნიშნულია სიტყვიერად და რიცხვითაც, მათ შორის განსხვავებისას ძალაშია სიტყვიერად აღნიშნული თანხა.
2. თუ თამასუქის თანხა აღნიშნულია რამდენჯერმე, მათ შორის განსხვავებისას ძალაშია სიტყვიერად აღნიშნული უმცირესი თანხა.
მუხლი 5. ხელმოწერის ნამდვილობის პირობები
თუ თამასუქში არის იმ პირის ხელმოწერა, რომელსაც უფლება არა აქვს იკისროს თამასუქიდან გამომდინარე ვალდებულებები, ან ყალბი ხელმოწერა, ეს გავლენას არ იქონიებს დანარჩენი ხელმოწერების ნამდვილობაზე.
მუხლი 6. რწმუნებული უფლებამოსილების გარეშე
პირი, რომელიც სათანადო უფლებამოსილების გარეშე აწერს ხელს თამასუქს, როგორც სხვისი რწმუნებული, თვითონ აგებს პასუხს თამასუქისთვის და გადახდის შემთხვევაში ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც ექნებოდა ნამდვილ წარმდგენს. იგივე წესი მოქმედებს რწმუნებულის მიერ თავისი უფლებამოსილების გადაჭარბებისას.
მუხლი 7. თამასუქის გაცემის პასუხისმგებლობა
თამასუქის გამცემი პასუხისმგებელია თამასუქის გადახდისათვის, მას შეუძლია მოიხსნას პასუხისმგებლობა აქცეპტზე, მაგრამ არ შეუძლია მოიხსნას თამასუქის გადახდის პასუხისმგებლობა. არანაირ პირობას, რომლითაც იგი იხსნის პასუხისმგებლობას გადახდისათვის, ძალა არა აქვს.
1. ყოველი გადასაპირებელი თამასუქი შეიძლება გადაიცეს ინდოსამენტის მეშვეობით, მაშინაც კი, როცა მასში არ არის ჩანაწერი „განკარგულებისამებრ“.
2. თუ თამასუქის გამცემმა გადასაპირებელ თამასუქზე წააწერა „არა განკარგულებისამებრ“ ან რომელიმე სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სიტყვები, მაშინ იგი შეიძლება გადაიცეს მხოლოდ ჩვეულებრივი ცესიის ფორმითა და შედეგებით.
3. ინდოსამენტი შეიძლება შესრულდეს გადამხდელის სასარგებლოდაც, მიუხედავად იმისა, მოახდინა თუ არა მან თამასუქის აქცეპტი, ანდა თამასუქის გამცემის ან თამასუქით ვალდებული ყველა სხვა პირის სასარგებლოდ. მათ თავის მხრივ შეუძლიათ თამასუქის შემდგომი ინდოსირება.
ინდოსამენტი უპირობო უნდა იყოს, მის შემზღუდავ არანაირ პირობას ძალა არა აქვს.
მუხლი 10. საბლანკო ინდოსამენტი
1. ინდოსამენტი უნდა შესრულდეს გადასაპირებელ თამასუქზე ან მის დამატებით ფურცელზე და ხელი უნდა მოეწეროს.
2. ინდოსამენტში შეიძლება არ იყოს მითითებული ის პირი, რომლის სასარგებლოდაც იგი შესრულდა, ან იგი შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ინდოსანტის ხელმოწერისაგან (საბლანკო ინდოსამენტი). საბლანკო ინდოსამენტი ნამდვილია, თუ იგი წარწერილია თამასუქის უკანა გვერდზე ან დამატებით ფურცელზე.
მუხლი 11. ინდოსამენტის მეშვეობით გადაცემული უფლებები
1. თამასუქიდან გამომდინარე ყველა უფლება გადაეცემა ინდოსამენტით.
2. თუ ინდოსამენტი საბლანკოა, თამასუქის მფლობელს შეუძლია:
ა) შეავსოს ბლანკი თავისი ან სხვა პირის სახელით;
ბ) მოახდინოს თამასუქის შემდგომი ინდოსირება საბლანკო ინდოსამენტით ან რომელიმე განსაზღვრულ პირზე;
გ) გადასცეს თამასუქი მესამე პირს საბლანკო ინდოსამენტის შეუვსებლად და ინდოსირების გარეშე.
მუხლი 12. ინდოსანტის პასუხისმგებლობა
1. ინდოსამეტი პასუხს აგებს აქცეპტისა და თამასუქის გადახდისათვის, თუ სხვა რამ არ არის დათქმული.
2. მას შეუძლია აკრძალოს თამასუქის შემდგომი ინდოსირება. ასეთ შემთხვევაში ის პასუხს არ აგებს იმათ წინაშე, ვის სასარგებლოდაც მოხდა თამასუქის შემდგომი ინდოსირება.
1. თამასუქის კანონიერ მფლობელად ითვლება პირი, ვისთანაც ფაქტობრივად არის თამასუქი, თუ ის ამტკიცებს თავის უფლებას ინდოსამენტთა განუწყვეტელ რიგზე, თუნდაც უკანასკნელი მათგანი საბლანკო ინდოსამენტი იყოს. თუ საბლანკო ინდოსამენტის შემდეგ არსებობს სხვა ინდოსამენტი, მაშინ ითვლება, რომ ბოლო ინდოსამენტზე ხელმომწერმა პირმა თამასუქი მიიღო საბლანკო ინდოსამენტის მეშვეობით.
2. თუ პირმა დაკარგა თამასუქი, მაშინ მისი ახალი მფლობელი, დაამტკიცებს რა თავის უფლებას თამასუქზე ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საშუალებით, ვალდებულია თამასუქი დააბრუნოს მხოლოდ მაშინ, თუ შეიძინა არაკეთილსინდისიერი გზით ან თუ შეძენისას არ იცოდა, მაგრამ უნდა სცოდნოდა, რომ პირს, ვისგანაც შეიძინა თამასუქი, არ ჰქონდა უფლება დაეთმო იგი სხვა პირისათვის.
მუხლი 14. თამასუქიდან გამომდინარე პრეტენზია
პირს, რომელსაც თამასუქის მიხედვით წარედგინა სარჩელი, არ შეუძლია წარუდგინოს მფლობელს არავითარი პრეტენზია, დაფუძნებული თამასუქის მფლობელთან ან წინა მფლობელთან ურთიერთობებზე, იმ შემთხვევების გარდა, როცა თამასუქის შეძენისას თამასუქის მფლობელმა ჩაიდინა ბრალეული ქმედება მოვალის საზიანოდ.
მუხლი 15. თამასუქის მფლობელის უფლებები
1. თუ თამასუქზე არის წარწერა „თანხა მისაღებია“, „ინკასო“, „მინდობილობით“ ან სხვა სიტყვა, რომელიც მიუთითებს უბრალო გადაცემაზე, მაშინ თამასუქის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს თამასუქის ყველა უფლებით, ოღონდ თამასუქის გადაცემა შეუძლია მხოლოდ მინდობილობით.
2. ამ შემთხვევაში თამასუქით ვალდებულ პირებს შეუძლიათ თამასუქის მფლობელს წარუდგინონ მხოლოდ ის პრეტენზიები, რომლებიც მათ ექნებოდათ ინდოსანტთან.
3. მარწმუნებლის სიკვდილის ან მისი არაქმედუნარიანად გახდომის შემდეგ ძალაშია მინდობილობითი ინდოსამენტი.
მუხლი 16. გადახდის ვადის დადგომის შემდეგ გაკეთებული ინდოსამენტი
1. ინდოსამენტს, რომელიც გაკეთებულია გადახდის ვადის დადგომისას, აქვს იგივე შედეგები, რაც გადახდის ვადის დადგომამდე გაკეთებულ ინდოსამენტს. ინდოსამენტი, რომელიც გაკეთებულია გადახდის შესახებ პროტესტის შემდეგ ან პროტესტისათვის დაწესებული ვადის გასვლის შემდეგ, ითვლება თამასუქის გადაცემად.
2. თუ არ არის მითითებული ინდოსამენტის თარიღი, ითვლება, რომ ინდოსამენტი გაკეთებულია პროტესტის გაფორმებისათვის დადგეგნილ ვადამდე.
მუხლი 17. გადახდისათვის წარდგენა
თამასუქის მფლობელს ან სხვა პირს შეუძლია გადახდის ვადის გასვლამდე თამასუქი წარუდგინოს გადამხდელს (ტრასანტს) აქცეპტისათვის.
მუხლი 18. თამასუქის გამცემისა და ინდოსანტის მითითებანი
1. თამასუქის გამცემს შეუძლია თამასუქზე მიუთითოს სავალდებულო წარდგენა აქცეპტისათვის ვადის დანიშვნით ან უამისოდ.
2. თამასუქის გამცემს შეუძლია თამასუქში აღნიშნოს დაუყოვნებლივ გადახდის პირობა, გარდა იმ თამასუქისა, რომელიც უნდა გადაიხადოს მესამე პირმა ან გადასახდელია სხვა ადგილას (არა თამასუქის გამცემის საცხოვრებელი ადგილი) ან ექვემდებარება გადახდას წარდგენიდან განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
3. თამასუქის გამცემს ასევე შეუძლია დაადგინოს, რომ თამასუქის წარდგენა არ შეიძლება აქცეპტისათვის მითითებულ ვადაზე ადრე.
4. ყოველ ინდოსანტს შეუძლია მიუთითოს, რომ თამასუქის წარდგენა შეიძლება აქცეპტისათვის ვადის აღნიშვნით ან უამისოდ, თუ თამასუქის გამცემის მიერ მითითებული არ არის, რომ თამასუქი არ ექვემდებარება აქცეპტებას.
მუხლი 19. გადასახდელად თამასუქის წარდგენის ვადა
1. თამასუქის გამცემს შეუძლია განსაზღვროს აქცეპტის წარდგენის ვადა. თუ ვადა განსაზღვრული არ არის, თამასუქი, რომელიც ექვემდებარება გადახდას წარდგენიდან ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში, აქცეპტისათვის უნდა წარედგინოს გაცემის დღიდან ერთი წლის განმავლობაში.
2. თამასუქის გამცემმა შეიძლება შეამციროს ან გაზარდოს ვადა. ინდოსანტებს უფლება აქვთ შეამცირონ მითითებული ვადა.
მუხლი 20. გადახდისათვის განმეორებით წარდგენა
1. გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს თამასუქის განმეორებით წარდგენა პირველი წარდგენის დღის მომდევნო დღეს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა დაინტერესებულმა პირმა შეიძლება ახსნას მხოლოდ იმით, რომ ეს მოთხოვნა მითითებულია პროტესტში.
2. თამასუქის მფლობელი არ არის ვალდებული დაუტოვოს გადამხდელს აქცეპტისათვის წარდგენილი თამასუქი.
1. აქცეპტი იწერება თამასუქში. ის გამოიხატება სიტყვით „აქცეპტებულია“ ან სხვა ანალოგიური სიტყვით, რაზედაც ხელს აწერს გადამხდელი. გადამხდელის ხელმოწერა თამასუქის წინა პირზე ითვლება აქცეპტად.
2. თუ თამასუქი ექვემდებარება გადახდას წარდგენიდან განსაზღვრულ ვადაში ან წარდგენილი უნდა იქნეს აქცეპტისათვის დადგენილ ვადაში, აქცეპტის თარიღად უნდა განისაზღვროს ჩანაწერის ფაქტობრივად გაკეთების დღე, თუკი თამასუქის მფლობელი არ ითხოვს წარდგენის დღის ჩაწერას. თუ თარიღი აღნიშნული არ არის, თამასუქის მფლობელი ვალდებულია ინდოსანტზე და თამასუქის გამცემზე თავისი უფლებების შესანარჩუნებლად დაამოწმოს ეს ხარვეზი დროული პროტესტით.
1. აქცეპტი უპირობოა, მაგრამ გადამხდელს შეუძლია მოახდინოს თამასუქის თანხის ნაწილის აქცეპტება.
2. აქცეპტის საშუალებით თამასუქის შინაარსში შეტანილი რაიმე სხვა ცვლილება ითვლება გადახდაზე უარად. აქცეპტანტს ყველა შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა თავისი აქცეპტის შინაარსის მიხედვით.
მუხლი 23. გადახდის ადგილის შეცვლა
თამასუქის აქცეპტისას გადამხდელს შეუძლია მიუთითოს თამასუქის გადახდის ნებისმიერი ადგილი.
1. ახდენს რა თამასუქის აქცეპტებას, გადამხდელი ვალდებული ხდება გადაიხადოს თამასუქი გადახდის ვადის დადგომისთანავე.
2. გადაუხდელობის შემთხვევაში თამასუქის გამცემი პირი უფლებამოსილია წარუდგინოს სარჩელი უშუალოდ აქცეპტანტს გადასაპირებელ თამასუქზე და მოითხოვოს ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებში მითითებული თანხის გადახდა.
მუხლი 25. აქცეპტის გადახაზვა (ამოშლა)
თუ გადამხდელი გადახაზავს (ამოშლის) აქცეპტის შესახებ ჩანაწერს, ითვლება, რომ უარს ამბობს ნახევარი თამასუქის აქცეპტებაზე, ხოლო თუ გადამხდელი წერილობით აცნობებს თამასუქის მფლობელს ან თამასუქში ხელმომწერ სხვა პირებს აქცეპტის შესახებ, მაშინ ის მათ წინაშე იღებს ვალდებულებას აქცეპტის პირობების (შინაარსის) შესაბამისად.
1. თამასუქის როგორც მთელი თანხის, ისე ნაწილის გადახდა შეიძლება გარანტირებულ იქნეს თავდებობის გზით.
2. თავდებობას კისრულობს მესამე პირი.
მუხლი 27. თავდებობის გაფორმება
1. თავდებობა ფორმდება თამასუქზე ან დანართ ფურცელზე. ის გამოიხატება სიტყვით „გაცემულია თავდებობა“ ან სხვა ანალოგიური ჩანაწერით და თავდების ხელმოწერით.
2. თავდებობად ითვლება თამასუქის წინა პირზე გადამხდელის ან თამასუქის გამცემის ხელმოწერის გარდა გაკეთებული სხვისი ხელმოწერა.
3. თავდებობის გაცემისას აუცილებელია იმ პირის მითითება, ვისთვისაც იდება თავდებობა. ასეთი მითითების უქონლობა გულისხმობს, რომ თავდებობა იდება თამასუქის გამცემისათვის.
მუხლი 28. თავდების უფლებები და პასუხისმგებლობა
1. თავდები და პირი, ვისთვისაც დადებულია თავდებობა, პასუხს აგებენ სოლიდარულად. ვალდებულებები ძალაშია იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი რაიმე მიზეზით, გაფორმების დეფექტის გარდა, ძალის არმქონედ ჩანან.
2. თავდები თამასუქის გადახდის შემდეგ მოიპოვებს უკუმოთხოვნის უფლებას იმ პირების მიმართ, ვისი თავდებიც იყო და იმათ მიმართაც, ვინც თავდების წინაშე თამასუქით არ არის პასუხისმგებელი.
მუხლი 29. თამასუქით დადგენილი ვადები
1. თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვალისწინებით:
ა) წარდგენისთანავე;
ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში;
გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში;
დ) განსაზღვრულ დღეს.
2. თამასუქს, რომელშიც მითითებულია გადახდის სხვაგვარი ვადა, ძალა არა აქვს.
მუხლი 30. თამასუქი წარდგენისთანავე
1. 29-ე მუხლის I პუნქტით გათვალისწინებული თამასუქი გადახდილი უნდა იქნეს მისი წარდგენისთანავე. თამასუქი გადასახდელად წარდგენილი უნდა იქნეს გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში. თამასუქის გამცემის მიერ ეს ვადა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. აღნიშნული ვადები შეიძლება შეამციროს ინდოსანტმა.
2. თამასუქის გამცემს შეუძლია დაადგინოს, რომ ასეთი თამასუქი არ შეიძლება გადასახდელად წარდგენილ იქნეს მითითებულ ვადამდე. ამ შემთხვევაში წარდგენის ვადა იწყება აღნიშნული დროიდან.
მუხლი 31. გადახდა განსაზღვრული დროის განმავლობაში
1. თამასუქის გადახდის ვადა, თუ ის ექვემდებარება გადახდას წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში, დგინდება თამასუქის აქცეპტის ან პროტესტის თარიღით.
2. თუ არსებობს პროტესტი, დაუთარიღებელი აქცეპტი ითვლება წარდგენილად აქცეპტისათვის დანიშნულ დღეს.
1. იმ თამასუქის გადახდის ვადა, რომელიც ექვემდებარება გადახდას გაცემიდან ან წარდგენიდან ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში, დგება გადახდის თვის შესაბამის დღეს.
2. თუ ამ თვეში შესაბამისი დღე არ არის, თამასუქის გადახდის დღედ ითვლება თვის ბოლო დღე.
3. თუ თამასუქი გამოწერილია გაცემიდან ან წარდგენიდან თვენახევრის ან რამდენიმე თვისა და თვე-ნახევრის ვადით, ჯერ დაითვლება სრული თვეები.
4. თუ გადახდის ვადად მითითებულია თვის დასაწყისი, შუა ან ბოლო ( იანვრის შუა, თებერვლის შუა) პერიოდი, მაშინ მოცემული გამოთქმები აღნიშნავენ პირველ, მეთხუთმეტე ან თვის უკანასკნელ დღეს.
5. სიტყვები „რვა დღე“, „თხუთმეტი დღე“ აღნიშნავს არა ერთ ან ორ კვირას, არამედ სრულ რვა ან თხუთმეტ დღეს.
6. სიტყვები „ნახევარი თვე“ აღნიშნავს თხუთმეტ დღეს.
მუხლი 33. წარდგენა გადასახდელად
მფლობელი თამასუქისა, რომელიც უნდა გადაიხადონ დადგენილ დღეს ან გაცემიდან ან წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში, ვალდებულია წარადგინოს ის გადახდის დღეს ან მომდევნო ორი სამუშაო დღიდან ერთ-ერთ დღეს.
მუხლი 34. გადამხდელის უფლებები
1. თამასუქის გადახდისას გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს, რომ დაბრუნებულ თამასუქში იყოს მფლობელის ხელწერილი თანხის მიღების შესახებ.
2. თანხის ნაწილის გადახდის შემთხვევაში გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს ამის შესახებ აღნიშვნა თამასუქში და მისთვის შესაბამისი ხელწერილის მიცემა.
1. თამასუქის მფლობელი არ შეიძლება აიძულონ მიიღოს გადახდა ვადამდე.
2. დროული გადახდით გადამხდელი იმ შემთხვევაში თავისუფლდება თავისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, თუ მან არ იცრუა ან უხეში გაუფრთხილებლობა არ გამოიჩინა. მან უნდა შეამოწმოს ინდოსანტთა თანმიმდევრობის სისწორე, მაგრამ არა ინდოსანტთა ხელმოწერების ნამდვილობა.
მუხლი 36. თამასუქის თანხის დეპონირება
თუ თამასუქი გადასახდელად არ წარადგინეს დადგენილ ვადაში, ან თამასუქის მფლობელმა უარი თქვა თანხის ნაწილობრივ მიღებაზე, მოვალეს შეუძლია თანხის დეპონირება უფლებამოსილ დაწესებულებაში თამასუქის მფლობელის საშუალებებით და რისკით.
მოთხოვნები თამასუქის გაუნაღდებლობის შემთხვევაში
თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ინდოსანტს, თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირებს შემდეგ შემთხვევებში:
ა) გადახდის ვადის დადგომისას;
ბ) გადაუხდელობისას;
გ) გადახდის ვადის დადგომამდე შემდეგ შემთხვევაში;
დ) როდესაც უარი იყო ნათქვამი თამასუქის მთელი თანხისა და მისი ნაწილის აქცეპტებზე;
ე) როდესაც მოვალის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მიუხედავად იმისა, გაუკეთა თუ არა მან აქცეპტება თამასუქს; თუ მან შეაჩერა თავისი გადასახადების შეტანა, რაც არაა დადასტურებული სასამართლო წესით, ან როდესაც იძულებითი გადახდევინებისათვის მიქცევამ შედეგი არ გამოიღო;
ვ ) როდესაც საეჭვოა იმ თამასუქის გამცემის გადახდისუნარიანობა, რომელიც აქცეპტებას არ ექვემდებარება.
1. თამასუქის გადახდაზე უარი დადასტურებული უნდა იქნეს ოფიციალური ოქმით (აქცეპტებასა ან გადახდაზე უარის პროტესტით).
2. თამასუქის აქცეპტებაზე უარის შემთხვევაში პროტესტი უნდა გაფორმდეს არა უგვიანეს თამასუქის სააქცეპტოდ წარდგენის ვადის მეორე დღეს.
3. გადაუხდელ თამასუქზე, რომელიც გამოწერილი იყო გადასახდელად განსაზღვრულ დღეს ან მისი გაცემის ან წარდგენის დღიდან განსაზღვრული დროის მონაკვეთში გადასახდელად, პროტესტი უნდა გაფორმდეს გადახდის ვადის გასვლიდან მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში. თუ გადახდილი თამასუქი არ იყო ვადით „წარდგენისთანავე“, პროტესტი უნდა გაფორმდეს ამ მუხლის მეორე ნაწილით დადგენილ ვადაში.
4. აქცეპტებაზე უარის გამო პროტესტის განცხადების შემთხვევაში არაა სავალდებულო არც თამასუქის წარდგენა გადასახდელად, არც პროტესტის წარდგენა გადაუხდელობის გამო.
5. როდესაც გადამხდელი, მიუხედავად იმისა, აქცეპტება გაუკეთა თუ არა მან თამასუქს, შეწყვეტს გადახდას, ან როდესაც იძულებითი გადახდევინებისათვის მიქცევა უშედეგო იყო, თამასუქის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით მხოლოდ გადამხდელისათვის თამასუქის გადასახდელად წარდგენისა და პროტესტის გაფორმების შემდეგ.
6. თუ გადამხდელი გადახდისუუნაროდაა ცნობილი, იმისდა მიუხედავად, აქცეპტება გაუკეთა თუ არა მან თამასუქს, თამასუქის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით მხოლოდ გადამხდელის გადახდისუუნაროდ ცნობის თაობაზე სასამართლოს განჩინების წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 39. ინფორმირება აქცეპტების ან გადაუხდელობის შემთხვევაში
1. თამასუქის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს თავის უშუალო ინდოსანტს და თამასუქის გამცემს თამასუქის აქცეპტებასა ან გადახდაზე უარის შესახებ პროტესტის გაცხადების შემდეგ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო თამასუქში წარწერის „დაბრუნდეს ხარჯების გარეშე“ არსებობისას – თამასუქის წარდგენის დღიდან იმავე ვადის განმავლობაში.
2. თითოეული ინდოსანტი შეტყობინების მიღებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ თავის ინდოსატს, იმათი დასახელებისა (გვარი) და მისამართების მითითებით, ვინც ასეთი შეტყობინება უკვე გამოაგზავნა და ასე შემდეგ, ვიდრე ამის შესახებ ეცნობება თამასუქის გამცემს. მითითებული ვადა გამოიანგარიშება შეტყობინების მიღების მომენტიდან.
3. ამ მუხლის I ნაწილით დადგენილ ვადაში თამასუქის გამცემისათვის შეტყობინების შემთხვევაში იმავე ვადაში უნდა ეცნობოს მის თავდებს.
4. თუ რომელიმე ინდოსანტმა არ მიუთითა თავისი მისამართი ან გაურკვევლად ჩაწერა იგი, მაშინ საკმარისია შეტყობინება გაეგზავნოს მასზე ზემოთ ხელმომწერ ინდოსატს.
5. შეტყობინება შეიძლება ნებისმიერი დაფიქსირებული ფორმით, მათ შორის თამასუქის ჩვეულებრივი დაბრუნების გზით. შეტყობინებისათვის უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მან ეს დროულად გააკეთა. ითვლება, რომ ვადა არაა დარღვეული, თუ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი ფოსტას ჩაბარდა დადგენილ ვადაში.
6. პირი, რომელმაც ვერ გააგზავნა შეტყობინება ამ მუხლით დადგენილ ვადაში, თავის უფლებებს არ კარგავს. იგი პასუხს აგებს იმ ზარალისათვის, რაც მისი დაუდევრობის შედეგად წარმოიშვება, მაგრამ ზარალის ანაზღაურების თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს თამასუქის თანხას.
მუხლი 40. არასავალდებულო პროტესტი
1. თამასუქის გამცემს, ინდოსანტს ან თავდებს, თუ ის დოკუმენტზე წააწერს „დაბრუნდეს ხარჯების გარეშე“, „პროტესტს არ ექვემდებარება“ ან თანაბარი მნიშვნელობის სხვა სიტყვებს და ხელსაც მოაწერს, შეუძლია გაათავისუფლოს თამასუქის მფლობელი აქცეპტებაზე უარის ან გადაუხდელობის გამო პროტესტის წარდგენის მოვალეობისაგან.
2. ასეთი დათქმა არ ათავისუფლებს მფლობელს ვალდებულებისაგან დადგენილ ვადაში წარადგინოს თამასუქი და გაგზავნოს შეტყობინება. დადგენილი ვადის დარღვევა უნდა ამტკიცოს მან, ვინც მოისურვებს გამოიყენოს ასეთი გარემოება თამასუქის მფლობელის მიმართ.
3. თუ დათქმა აღნიშნა, თამასუქის გამცემმა, იგი მოქმედებს ყველა ხელმომწერის მიმართ, ხოლო თუ ეს ინდოსანტის ან თავდების მიერაა გაკეთებული, იგი სავალდებულოა მხოლოდ მისთვის. თუ თამასუქის გამცემის დათქმის მიუხედავად მფლობელი აფორმებს პროტესტს, მაშინ მასვე დაეკისრება ამის შედეგად გამოწვეული ხარჯები, თუ დათქმა ინდოსანტმა ან თავმდებმა შეიტანა, პროტესტთან დაკავშირებული ხარჯები შეიძლება დაეკისროს თამასუქით ვალდებულ ყველა პირს.
მუხლი 41. თამასუქის გამო პასუხისმგებლობა
1. ყველა პირი, რომელმაც გამოწერა თამასუქი, მოახდინა მისი აქცეპტება, ინდოსირება ან იკისრა სათამასუქო თავდებობა, სოლიდარულად პასუხისმგებელია თამასუქის მფლობელის წინაშე.
2. მფლობელს შეუძლია აღძრას სარჩელი ზემოაღნიშნული ყველა პირის მიმართ, თითოეული მათგანის მიმართ ცალ-ცალკე ან ყველას მიმართ ერთად ვალდებულებათა რიგითობის დაუცველად.
3. ასეთივე უფლება აქვს თამასუქის თითოეულ ხელმომწერს, რომელმაც თამასუქის თანხა გადაიხადა.
4. ერთ-ერთი ვალდებული პირის მიმართ წარდგენილი სარჩელი არ აბრკოლებს დანარჩენებისათვის გადახდევინებას, თუნდაც მათ ვალდებულება ეკისრათ სარჩელის წარდგენის შემდეგ.
თამასუქის მფლობელს სარჩელის წარდგენისას შეუძლია მოითხოვოს გადახდა:
ა) არააქცეპტებული ან გადაუხდელი თამასუქის თანხისა პროცენტებითურთ, თუ ასეთი გათვალისწინებული იყო;
ბ) პროცენტებისა, ექვსი პროცენტის ოდენობით, რაც გადახდის ვადიდან გამოიანგარიშება;
გ) პროტესტის, შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებული და სხვა ხარჯები;
დ) საურავისა, თამასუქის თანხის სამი პროცენტის ოდენობით, რაც გამოიანგარიშება გადახდის ვადიდან.
მუხლი 43. პრეტენზიები უკუმოთხოვნის წესით
პირმა, რომელმაც გაანაღდა თამასუქი უკუმოთხოვნის წესით, ადრინდელ ინდოსანტებს შეიძლება მოსთხოვოს:
ა) მის მიერ გადახდილი მთელი თანხა;
ბ) პროცენტები, გადახდილი თანხის ექვსი პროცენტის ოდენობით, რაც გამოიანგარიშება გადახდის დღიდან;
გ) მის მიერ გაწეული ყველა ხარჯი;
დ) საურავი, რომელიც დაირიცხება ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-4 პუნქტით მითითებული წესით.
მუხლი 44. თამასუქის გადამხდელი პირის უფლებები
1. ყოველ ვალდებულ პირს, რომელსაც წარუდგინეს ან შეიძლება წარუდგინონ სარჩელი, უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მას დაუბრუნონ გადახდილი თამასუქი პროცენტის ან გადახდის შესახებ ხელწერილის (ბათილამის) დართვით.
2. ყველა ინდოსანტს, რომელიც გადაიხდის თამასუქს, შეუძლია გადახაზოს თავისი ინდოსამენტი და მომდევნო ინდოსამენტები.
მუხლი 45. შექცევადი თამასუქი (რეტრატა)
1. თითოეულ პირს, რომელსაც აქვს სარჩელის წარდგენის უფლება და სხვა შეთანხმება არ არის, შეუძლია მიიღოს შექცევადი თამასუქის (რეტრატის) თანხა, გამოწეროს ის ერთ-ერთ თავის წინანდელ ინდოსანტზე ვადით „წარდგენისთანავე“ ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადასახდელად.
2. ასეთ თამასუქში, 42-ე და 43-ე მუხლებში მითითებული თანხების გარდა, შეიტანება შუამავლებისათვის გადასახდელების თანხა და თამასუქზე სახელმწიფო გადასახდელის თანხა (თამასუქის ბლანკის ღირებულება).
3. თუ შექცევად თამასუქს გამოწერს ინდოსანტი, მაშინ მისი თანხა დგინდება იმ თამასუქის კურსით, რომლის ვადაა „წარდგენისთანავე“ და გაცემულია ამ თამასუქის გამცემის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მუხლი 46. უფლებების დაკარგვა ვადის დარღვევის შემთხვევაში
1. თამასუქის მფლობელი კარგავს თავის უფლებებს ინდოსანტებისა და თამასუქის გამცემის და ვალდებულების ამღები სხვა პირების მიმართ, აქცეპტზე ხელმოწერილი პირის გარდა, თუ უკვე გადაცილებულია ვადა:
ა) ისეთი თამასუქის წარდგენისა, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს „წარდგენისთანავე“, ან მისი წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში;
ბ) პროტესტის წარდგენისა იმ შემთხვევაში, თუ უარია ნათქვამი თამასუქის აქცეპტსა ან გადახდაზე;
გ) გადასახდელად წარდგენისა, თუ არსებობს დათქმა „დაბრუნდეს ხარჯების გარეშე“.
2. თამასუქის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში თამასუქის სააქცეპტოდ წარუდგენლობის შემთხვევაში მფლობელი კარგავს უფლებებს, რომლებიც წარმოიშვება გადაუხდელობისა და აქცეპტებაზე უარის თქმის გამო, თუ ამასთანავე დათქმული პირობებიდან არ გამომდინარეობს თამასუქის გამცემის სურვილი თავი გაითავისუფლოს მხოლოდ თამასუქის აქცეპტაციისათვის პასუხისმგებლობისაგან.
3. თუ ინდოსამენტში მითითებულია თამასუქის წარდგენის ვადა, მაშინ ამით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ინდოსანტს.
1. იმ შემთხვევაში, როდესაც დაუძლეველი ძალის გამო შეუძლებელი იყო თამასუქის წარდგენა გადასახდელად დადგენილ ვადაში ან პროტესტის გასაფორმებლად, მაშინ ამისათვის განსაზღვრული ვადა გაგრძელდება.
2. თამასუქის მფლობელმა უნდა აცნობოს ამ დაბრკოლებათა შესახებ თავის ინდოსანტს და თამასუქში ან მის დანართში აღნიშნოს ინდოსამენტისათვის შეტყობინება, მიუთითოს თარიღი და ხელი მოაწეროს. სხვა შემთხვევებში გამოიყენება 39-ე მუხლში მითითებული წესები.
3. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ დაბრკოლებათა შეწყვეტის შემთხვევაში მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს თამასუქი სააქცეპტოდ ან გასანაღდებლად და საჭიროებისამებრ წარადგინოს პროტესტი.
4. თუ ზემოთ აღნიშნული გარემოებები გაგრძელდება გადახდის ვადის შემდეგ კიდევ ოცდაათ დღეზე მეტ ხანს, სარჩელი შეიძლება აღიძრას თამასუქის გადასახდელად წარდგენისა და პროტესტის გარეშე.
5. იმ თამასუქების ოცდაათდღიან ვადას, რომლებიც უნდა გადაიხადონ „წარდგენისთანავე“ ან წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში, გამოიანგარიშებს მფლობელი თავისი ინდოსანტისათვის ზემოხსენებული გარემოებების შესახებ შეტყობინების დღიდან. ასეთი შეტყობინება შეიძლება თამასუქის წარდგენის ვადის გასვლამდე. წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში გადასახდელი თამასუქისათვის ოცდაათი დღის ვადა იზრდება წარდგენიდან იმ ვადით, რომელიც აღნიშნულია თამასუქში.
6. დაუძლეველ ძალად არ ითვლება გარემოება, რომელიც აბრკოლებს მხოლოდ მფლობელს ან იმ პირს, რომელსაც მან დაავალა წარადგინოს თამასუქი ან პროტესტი.
მუხლი 48. თამასუქის გამო მესამე პირის ვალდებულებები
1. თამასუქის გამცემს, ინდოსანტს ან თავდებს შეუძლიათ მიუთითონ პირი (შუამავალი), რომელიც საჭიროების შემთხვევაში აქცეპტებას გაუკეთებდა ან გადაიხდიდა თამასუქს.
2. შემდგომში, მითითებულ პირობებში, თამასუქს შეიძლება აქცეპტება გაუკეთოს, გადაიხადოს რომელიმე მოვალემ, რომელიც რეგრესის წესით აგებს პასუხს.
3. შუამავალი შეიძლება იყოს მესამე პირი, მათ შორის გადამხდელი და სხვა პირიც, რომელმაც უკვე იკისრა ვალდებულება თამასუქის გამო აქცეპტანტის გამოკლებით.
4. შუამავალმა სამი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა შეატყობინოს თავისი შუამავლობის შესახებ იმ პირს, რომელსაც იგი წარმოადგენს. ამ წესის არადროულად შესრულებისათვის იგი პასუხს აგებს დაუდევრობით მიყენებული ზარალისათვის, ამასთან ასანაზღაურებელი ზარალის თანხა არ უნდა აღემატებოდეს თამასუქის თანხას.
1. შუამავალს შეუძლია აქცეპტება გაუკეთოს თამასუქს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც აქცეპტს დაქვემდებარებული თამასუქის მფლობელს უფლება აქვს წარადგინოს რეგრესული სარჩელი თამასუქის გადახდის ვადის გასვლამდე.
2. თუ თამასუქში მითითებულია შუამავალი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია თამასუქის აქცეპტება ან გადახდა გადახდის ადგილის მიხედვით, მფლობელს შეუძლია გადახდის ვადის გასვლამდე ისარგებლოს რეგრესის უფლებით შუამავლის მითითებული პირის მიმართ და ამ მითითების ხელმომწერ პირთა მიმართ, თუ მფლობელმა წარუდგინა თამასუქი შუამავალს, ხოლო ამ უკანასკნელის უარი აქცეპტის თაობაზე გაფორმებულია პროტესტის ოქმით.
3. სხვა შემთხვევაში მფლობელს შეუძლია არ მიიღოს შუამავლის აქცეპტი, მაგრამ თუ იგი თანახმაა ასეთ აქცეპტზე, მაშინ კარგავს რეგრესის უფლებას, რომლითაც სარგებლობს გადახდის ვადამდე იმ პირის მიმართ, რომლის მაგივრადაც იყო შესრულებული აქცეპტი და ხელმომწერი ინდოსანტის მიმართ.
შუამავალი აღნიშნავს სააქცეპტო ჩანაწერს თამასუქში და ხელს აწერს მას იმ პირის მითითებით, ვისაც უნდა გადაუხადოს თანხა. ასეთი მითითების არარსებობისას ჩაითვლება, რომ აქცეპტებულია თამასუქის გამცემის მაგიერ.
მუხლი 51. აქცეპტანტის ვალდებულებები
შუამავალი აქცეპტანტი კისრულობს ვალდებულებას შუამავლის სახით თამასუქის მფლობელის და თავის შემდეგ ხელმოწერილი ინდოსანტების წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ თამასუქი აქცეპტებულია შუამავლის მიერ, პირს, რომლისთვისაც თამასუქი აქცეპტებული იყო და აგრეთვე თამასუქის მფლობელის წინა ინდოსანტებს, რომლებიც გადაიხდიან ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ თანხას, შეუძლიათ მოითხოვონ თამასუქის დაბრუნება პროტესტის აქტით და გადახდის შესახებ ხელწერილით.
მუხლი 52. გადახდის შესაძლებლობები
1. შუამავლობის წესით თამასუქი შეიძლება გადახდილ იქნეს ყველა შემთხვევაში, როცა თამასუქის მფლობელს უფლება აქვს გადახდის ვადის შემდეგ ან მანამდე წარადგინოს სარჩელი რეგრესის წესით.
2. ამ წესით გადახდილი უნდა იქნეს მთელი ის თანხა, რაც უნდა გადაეხადა იმას, ვისთვისაც თანხას იხდიან.
3. გადახდის ვადად მიიჩნევა გადაუხდელობის შესახებ პროტესტის წარდგენის ვადის ბოლო დღის მომდევნო დღე.
მუხლი 53. გადასახდელად წარდგენა და პროტესტი
1. თუ თამასუქი აქცეპტებულია შუამავლის მიერ, რომლის მუდმივი საცხოვრებელი და გადახდის ადგილი ერთი და იგივეა, ან თუ ამავე ადგილას ცხოვრობენ სხვა პირები, რომლებიც მითითებული არიან თამასუქში, როგორც აუცილებლობის შემთხვევაში გადამხდელები, თამასუქის მფლობელმა უნდა წარუდგინოს თამასუქი ყველა ამ პირს და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგინოს პროტესტი გადაუხდელობის შესახებ არა უგვიანეს იმ დღის მომდევნო დღიდან, როცა ამის გაკეთება დასაშვებია.
2. თუ პროტესტი არ არის წარდგენილი ზემოთ მითითებულ ვადაში, პირს, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შუამავალი გადამხდელი პირია, ან პირს, ვის სახელზეც იყო აქცეპტებული თამასუქი, აგრეთვე მომდევნო ინდოსანტს ეხსნება თამასუქზე პასუხისმგებლობა.
მუხლი 54. უარი გადახდილი თანხის მიღებაზე
თამასუქის მფლობელი, რომელიც არ მიიღებს გადახდას შუამავლის წესით, კარგავს რეგრესის უფლებას იმათ მიმართ, ვინც გათავისუფლდება ვალდებულებისაგან.
მუხლი 55. გადახდის დადასტურება
1. თამასუქში აღნიშნული უნდა იქნეს შუამავლის მიერ გადახდა იმის მითითებით, თუ ვისთვის არის გადახდილი. ასეთი მითითების უქონლობისას ითვლება, რომ გადახდილია თამასუქის გამცემისათვის.
2. თამასუქი და პროტესტის აქტი ან ოქმი, მათი გაფორმების შემთხვევაში, უნდა გადაეცეს გადამხდელ შუამავალს.
1. შუამავალი, რომელმაც გადაიხადა თამასუქი, იძენს სათამასუქო უფლებას იმ პირთა მიმართ, ვისთვისაც მოხდა გადახდა და რომლებიც პასუხისმგებლები არიან, თუმცა შემდგომში თამასუქის ინდოსირება მას აღარ შეუძლია.
2. ინდოსანტები, რომლებმაც ხელი მოაწერეს იმ პირის შემდეგ, რომლისთვისაც თამასუქი იყო გადახდილი, თავისუფლდებიან ვალდებულებებისაგან.
3. თუ წინადადებას თამასუქის შუამავლობის წესით გადახდის შესახებ იძლევა ერთდროულად რამდენიმე პირი, უპირატესობა ენიჭება იმას, ვისგან გადახდაც უფრო მეტ პირს გაათავისუფლებდა ვალდებულებებისაგან.
4. შუამავალს, რომელმაც იცის, რომ ეს წესი დაირღვა, არ აქვს რეგრესის უფლება იმ პირთა მიმართ, რომლებიც გათავისუფლებული იქნებოდნენ ვალდებულებებისაგან.
თამასუქის ეგზემპლარები და ასლები
მუხლი 57. თამასუქის ერთნაირი ეგზემპლარები
1. თამასუქი შეიძლება გამოიწეროს რამდენიმე ერთნაირ ეგზემპლარად.
2. ამ ეგზემპლარების რიგითი ნომრები უნდა ჩაიწეროს თამასუქის ტექსტში. მათი უქონლობის შემთხვევაში ყოველი ეგზემპლარი ითვლება დამოუკიდებელ გადასაპირებელ თამასუქად.
3. თუ თამასუქში მითითებული არ არის გაცემა ერთ ეგზემპლარად, თამასუქის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს თავისი ხარჯით რამდენიმე ეგზემპლარის გაცემა. ამ მიზნით მან უნდა მიმართოს თავის უშუალო ინდოსანტს. ეს უკანასკნკლი ვალდებულია მიმართოს თავის ინდოსანტს. ასე კეთდება მანამ, სანამ დადგება თამასუქის გამცემის რიგი, ინდოსანტები ვალდებული არიან გაიმეორონ ინდოსამენტი თამასუქის ახალ ეგზემპლარებშიც.
მუხლი 58. ერთი ეგზემპლარის გადახდა
1. ერთი ეგზემპლარის გადახდა ათავისუფლებს სხვებს გადახდისაგან, თუნდაც არ იყოს გათვალისწინებული, რომ ერთი ეგზემპლარის გადახდისას სხვა ეგზემპლარები ძალის არმქონეა. თუმცა გადამხდელი შემდეგშიც პასუხისმგებელია ყოველ აქცეპტებულ, მისთვის დაუბრუნებელ ეგზემპლარზე.
2. სხვადასხვა პირისთვის მიცემული თამასუქის ეგზემპლარებზე ინდოსანტი და მის შემდეგ ხელმომწერი ინდოსანტები პასუხისმგებლები არიან ყველა იმ დაუბრუნებელ ეგზემპლარებზე, რომლებზეც ხელი აქვთ მოწერილი.
თამასუქის ერთი ეგზემპლარის გაგზავნა აქცეპტაციისათვის პირს ავალდებულებს სხვა ეგზემპლარებში მიუთითოს ის პირი, რომელიც ფლობს ასეთ ეგზემპლარს. უკანასკნელი ვალდებულია გადასცეს ის სხვა ეგზემპლარის კანონიერ მფლობელს. იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყვის ამის გაკეთებაზე, თამასუქის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს რეგრესის უფლებით, ოღონდ პროტესტის აქტით უნდა დაამტკიცოს, რომ:
ა) თამასუქის სააქცეპტოდ გაგზავნილი ეგზემპლარი მოთხოვნის მიუხედავად არ დაუბრუნდა მას;
ბ) სხვა ეგზემპლარი არ შეიძლება ყოფილიყო აქცეპტებული ან გადახდილი.
1. თამასუქის მფლობელს უფლება აქვს გადაიღოს თამასუქის ასლი.
2. ასლი მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს დედანს ინდოსანტის და თამასუქზე ხელმომწერი ყველა სხვა პირის მითითებით. ამასთან ასლში მითითებული უნდა იყოს, თუ სადამდეა თამასუქის ჩანაწერები ასახული.
3. თამასუქის ასლზე ვრცელდება თამასუქის დედნის მიმართ გათვალისწინებული ის წესები, რომლებიც შეეხება ინდოსამენტს და თავდებობას.
მუხლი 61. თამასუქის დედნის მფლობელის ვალდებულებები
1. ასლში მითითებული უნდა იყოს დედნის მფლობელი, რომელმაც ხსენებული დოკუმენტი უნდა გადასცეს ასლის კანონიერ მფლობელს.
2. თუ თამასუქის მფლობელი გადაცემაზე უარის შემთხვევაში დაამტკიცებს პროტესტის აქტით, რომ დედანი არ დაუბრუნდა, მოთხოვნის მიუხედავად მას შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ინდოსანტებს ან თავდებ პირებს.
3. თუ თამასუქის დედანში უკანასკნელი ინდოსამენტის ქვეშ, რომელიც შესრულებულია ასლის შედგენამდე, აღნიშნულია, რომ „ამ მომენტიდან მოქმედებს მხოლოდ ასლის ინდოსამენტი“, ანდა არის სხვა ანალოგიურ მნიშვნელობის სიტყვები, მაშინ დედანში ამის შემდეგ შესრულებულ ინდოსამენტს ძალა არ გააჩნია.
მუხლი 62. თამასუქის ტექსტის შინაარსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
თუ თამასუქის ტექსტში შეტანილია ცვლილებები, ამ ცვლილებების შემდეგ ხელმომწერ პირებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა შეცვლილი ტექსტის შინაარსის შესაბამისად, ხოლო ცვლილებების შეტანამდე ხელმომწერი პირები პასუხისმგებელი არიან პირველადი ტექსტის შინაარსის მიხედვით.
1. თამასუქთან დაკავშირებული ყველა სარჩელი შეიძლება წარედგინოს აქცეპტანტს გადახდის ვადის დღიდან სამი წლის განმავლობაში.
2. თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ინდოსანტებს და თამასუქის გამცემს პროტესტის წარდგენისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო თამასუქში წარწერის „დაბრუნდეს დანახარჯების გარეშე“ არსებობისას – გადახდის ვადის დღიდან ერთი წლის განმავლობაში.
3. ინდოსანტებს შეუძლიათ წარუდგინონ სარჩელი ერთმანეთს და თამასუქის გამცემს ინდოსანტის მიერ თამასუქის გადახდის დღიდან, ანდა ინდოსანტის მიმართ სარჩელის წარდგენის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში.
მუხლი 64. ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა
ხანდაზმულობის ვადა შეიძლება შეწყდეს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მაგრამ ის არ შეიძლება შეჩერდეს. ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტით შეიძლება ისარგებლოს მხოლოდ იმ პირმა, ვის მიმართაც ის იქნა შეწყვეტილი.
მუხლი 65. სადღესასწაულო და უქმე დღეები
1. თუ თამასუქის გადახდის ვადა დგება კანონით დაწესებულ უქმე დღეს, მისი გადახდის მოთხოვნა შეიძლება პირველ მომდევნო სამუშაო დღეს. ასევე ყველა სხვა მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია თამასუქთან, კერძოდ, აქცეპტისათვის წარდგენა და პროტესტის გაფორმება, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სამუშაო დღეს.
2. თუ რომელიმე ეს მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრული დროის განმავლობაში, რომლის უკანასკნელი დღე კანონით დაწესებული უქმე დღეა, მაშინ აღნიშნული ვადა გაგრძელდება პირველ მომდევნო სამუშაო დღემდე. უქმე დღეები ჩაითვლება ვადის ანგარიშში.
კანონით ამ თამასუქით დაწესებულ ვადებში არ ჩაითვლება ის დღე, საიდანაც ვადის მიმდინარეობა იწყება.
მუხლი 67. შეღავათიანი დღეები (საპატიო დღეები)
არავითარი შეღავათიანი დღეების დადგენა არც კანონით და არც სასამართლოს მიერ არ დაიშვება.
1. მარტივი თამასუქი შეიცავს:
ა) სახელწოდებას "თამასუქი", რომელიც მოცემულია ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც შედგენილია თამასუქი;
ბ) უპირობო ვალდებულებას მითითებული თანხის გადახდის შესახებ;
გ) გადახდის ვადას;
დ) გადახდის ადგილს;
ე) იმ პირის დასახელებას, ვისი განკარგულებით უნდა მოხდეს გადახდა, ან ვისაც უნდა გადაეხადოს;
ვ) თამასუქის შედგენის ადგილსა და თარიღს;
ზ) თამასუქის გამცემის ხელმოწერას.
2. თუ თამასუქის მფლობელს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ხელი მოაწეროს მარტივ თამასუქს, მაშინ მისი თხოვნით ხელს აწერს სხვა პირი. ამ შემთხვევაში თამასუქის დოკუმენტს უნდა ამოწმებდეს ნოტარიუსი, რომ ხელი მოწერილია თამასუქის მფლობელის თხოვნით.
მუხლი 69. იმ თამასუქის მოქმედება, რომელსაც აკლია რეკვიზიტი
1. დოკუმენტს, რომელსაც აკლია 68-ე მუხლში ჩამოთვლილი თუნდაც ერთი რეკვიზიტი, ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, ძალა არა აქვს.
2. მარტივი თამასუქი, სადაც გადახდის ვადა არ არის მითითებული, გადახდილი უნდა იქნეს წარდგენისთანავე.
3. ცალკე ჩანაწერის უქონლობის შემთხვევაში თამასუქის გამოწერის ადგილი ითვლება გადახდის და იმავდროულად თამასუქის მფლობელის საცხოვრებელ ადგილად.
4. მარტივი თამასუქი, რომელშიც მითითებული არ არის გაცემის ადგილი, ითვლება ხელმოწერილად იმ ადგილას, რომელიც მითითებულია თამასუქის გაცემის დასახელების ადგილის გვერდით.
მუხლი 70. გადასაპირებელი თამასუქისა და მარტივი თამასუქის საერთო დებულებები
1. მარტივი თამასუქის მიმართ გამოიყენება გადასაპირებელი თამასუქის დებულებები, თუ ისინი შესაბამისობაშია მარტივი თამასუქის არსთან და შეეხება:
ა) ინდოსამენტს (მე-6-16 მუხლები);
ბ) გადახდის ვადას (29-32-ე მუხლები);
გ) გადახდას (33-36-ე მუხლები);
დ) სარჩელს უაქცეპტობის ან გადაუხდელობის გამო (37-44-ე, 45-47-ე მუხლები);
ე) გადახდას შუამავლობის წესით (46-ე, 52-56-ე მუხლები);
ვ) ასლებს (მე-60 და 61-ე მუხლები);
ზ) ცვლილებებს (62-ე და 64-ე მუხლები);
თ) ხანდაზმულობას (63-ე და 64-ე მუხლები);
ი) უქმე დღეებს, ვადების გამოთვლას და საპატიო დღეებს (65-67-ე მუხლები).
2. მარტივი თამასუქის მიმართ ასევე გამოიყენება დებულებები, რომლებიც ეხება იმ გადასაპირებელ თამასუქებს, რომლებიც გადახდილი უნდა იქნეს მესამე პირებისათვის ან გადამხდელის ადგილსამყოფელისაგან განსხვავებულ ადგილას (პირველი და 23-ე მუხლები), პირობა პროცენტების შესახებ (მე-3 მუხლი) თამასუქის თანხის შესახებ (მე-4 მუხლი), ხელმოწერის ნამდვილობის პირობების შესახებ (მე-5 მუხლი), იმ პირის შესახებ, რომელიც მოქმედებს უფლებამოსილების გარეშე ან ამ უფლებამოსილების გადამეტებით (მე-6 მუხლი).
3. მარტივი თამასუქის მიმართ გამოიყენება აგრეთვე დებულებები სათამასუქო თავდებობის შესახებ (26-28-ე მუხლები). რაც შეეხება 27-ე მუხლის მე-3 აბზაცში გათვალისწინებულ შემთხვევას, თუ ავალში არ არის მითითებული, ვის უდგებიან თავდებად, ითვლება, რომ თავდებად უდგებიან მარტივი თამასუქის გამცემს.
მუხლი 71. თამასუქის გამცემის პასუხიმგებლობა
1. მარტივი თამასუქის გამცემი პასუხისმგებელია ისევე, როგორც გადასაპირებელი თამასუქის აქცეპტანტი.
2. მარტივი თამასუქი, რომელიც გადასახდელია წარდგენიდან განსაზღვრულ ვადაში, უნდა წარედგინოს თამასუქის გამცემს მე-19 მუხლში მითითებულ ვადაში. ამ ვადის მიმდინარეობა იწყება თამასუქზე იმ აღნიშვნის დღიდან, რომელიც ხელმოწერილია თამასუქის გამცემის მიერ. თამასუქის გამცემის უარი – მიუთითოს ეს თარიღი და ხელი მოაწეროს, დასტურდება პროტესტის აქტით 21-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თარიღი მიიჩნევა წარდგენილი ვადის მიმდინარეობის დაწყების მომენტად.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მეთაური – ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.
თბილისი,
1995 წლის 19 აპრილი
№719-IIს
დოკუმენტის კომენტარები