საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1649
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 24/03/1988
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/03/1988
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.031
  • Word
1649
24/03/1988
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/03/1988
270.000.000.05.001.000.031
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

 

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 

„სსრ კავშირის შრომის კანონმდებლობაში ეკონომიკის მართვის გარდაქმნასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 4 თებერვლის ბრძანებულების შესაბამისად და რესპუბლიკური კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1973 წლის 28 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973წ., №6, მუხ.118; 1980წ., №10, მუხ. 287; 1982 წ., №5, მუხ. 131; 1983 წ., №11, მუხ. 370; 1985 წ., №2, მუხ. 26; 1986 წ., №6, მუხ. 140) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1) პირველი მუხლის პირველ ნაწილს „ხელს უწყობს შრომის ნაყოფიერების ზრდას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას“;

2) მე-2 მუხლის მეოთხე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყველა მუშისა და მოსამსახურის მოვალეობაა იშრომოს კეთილსინდისიერად, დაიცვას შრომის დისციპლინა, გაუფრთხილდეს სახალხო დოვლათს, შეასრულოს სახელმწიფოს მიერ პროფესიული კავშირების მონაწილეობით დაწესებული შრომის ნორმები, აამაღლოს შრომის ნაყოფიერება, პროფესიული ოსტატობა, მუშაობისა და გამოშვებული პროდუქციის ხარისხი“;

3) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების წევრთა შრომის მოწესრიგება

კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების წევრთა შრომას აწესრიგებს კოლმეურნეობის სანიმუშო წესდების, კოოპერატივის სანიმუშო წესდების საფუძველზე და შესაბამისად მიღებული მათი წესდებები, აგრეთვე სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა, რომელიც კოლმეურნეობებს და სხვა კოოპერაციულ ორგანიზაციებს ეხება“;

4) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. შრომის ხელშეკრულების იმ პირობათა ბათილობა, რომლებიც აუარესებენ მუშათა და მოსამსახურეთა მდგომარეობას

შრომის ხელშეკრულების პირობები, რომლებიც აუარესებენ მუშათა და მოსამსახურეთა მდგომარეობას სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ შრომის კანონმდებლობასთან შედარებით, ბათილია.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას უფლება აქვს შრომითი კოლექტივის საბჭოსა და პროფკავშირის კომიტეტთან ერთად, საკუთარი სახსრების ხარჯზე, დაადგინოს კანონმდებლობასთან შედარებით დამატებითი შრომითი და სოციალურ-საყოფაცხოვრებო შეღავათები კოლექტივის მუშაკების ან მუშებისა და მოსამსახურეების ცალკეული კატეგორიებისათვის“;

5) მე-7 მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კოლექტიური ხელშეკრულების დადებას წინ უძღვის მისი პროექტის განხილვა შრომითი კოლექტივის კრებაზე (კონფერენციაზე). საერთო კრება (კონფერენცია) იწონებს კოლექტიურ ხელშეკრულებას და რწმუნებას აძლევს პროფკავშირის კომიტეტს ადმინისტრაციასთან ერთად შრომითი კოლექტივის სახელით ხელი მოაწეროს მათ“;

6) მე-8 მუხლს მესამე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„კოლექტიური ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც შეეხება საწარმოს, ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას“;

მეოთხე ნაწილი ჩაითვალოს მეხუთე ნაწილად:

7) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. კოლექტიური ხელშეკრულების დადებისა და შეცვლის დროს წარმოქმნილი უთანხმოებანი

კოლექტიური ხელშეკრულების დადებისა და შეცვლის დროს საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და პროფკავშირის კომიტეტს შორის წარმოქმნის უთანხმოებას გადაწყვეტენ ზემდგომი სამეურნეო და პროფკავშირული ორგანოები ადმინისტრაციის, შრომითი კოლექტივისა და პროფკავშირის კომიტეტის მონაწილეობით“;

8) დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

      „მუხლი 191. შრომის ხელშეკრულება საპენსიო ასაკს მიღწეულ მუშებსა და მოსამსახურეებთან

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას უფლება აქვს პროფკავშირის კომიტეტთან ერთად შრომითი ურთიერთობა შეინარჩუნოს საპენსიო ასაკს მიღწეული მუშებსა და მოსამსახურეებთან, თუ ისინი კეთილსინდისიერად, სრული ძალისხმევით მუშაობენ, აქვთ შრომის მაღალი შედეგები და კოლექტივში დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობენ. სხვა მუშაკებთან, რომლებმაც მიაღწიეს საპენიო ასაკს და გააჩნიათ სრული პენსიის დასანიშნავად აუცილებელი სტაჟი, შრომითი ურთიერთობა გაგრძელდება მხარეთა შეთანხმებით ვადიანი შრომის ხელშეკრულების დადების (ხელახლა დადების) გზით (ორ წლამდე ვადით) ან შეწყდება ადმინისტრაციის ინიციატივით პროფკავშირის კომიტეტის თანხმობით (ამ კოდექსის 34-ე მუხლის 11 პუნქტი).

საპენსიო ასაკს მიღწეულ პირთა დათხოვნის ეს წესი არ ვრცელდება თანამდებობაზე შრომითი კოლექტივის მიერ არჩეულ მუშაკებზე, აგრეთვე იმ პირებზე, რომელთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილია ასაკის გამო სამუშაოდან განთავისუფლების სხვა წესი“;

9) 23-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგამოცდო ვადა, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დაწესებული, არ შეიძლება აღემატებოდეს სამ თვეს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, შესაბამის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით, – ექვს თვეს“,

ამოღებულ იქნეს მეორე ნაწილი და მესამე – მეოთხე ნაწილები შესაბამისად ჩაითვალოს მეორე და მესამე ნაწილებად;

10) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. სხვა სამუშაოზე გადაყვანა. შრომის არსებითი პირობების შეცვლა

სხვა სამუშაოზე გადაყვანა იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, აგრეთვე სამუშაოდ გადაყვანა სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან ტერიტორიულად სხვა ადგილას, თუნდაც საწარმოსთან, დაწესებულებასთან, ორგანიზაციასთან ერთად, დასაშვებია მხოლოდ მუშის თუ მოსამსახურის თანხმობით ამ კოდექსის 27-ე, 28-ე და 135-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

სხვა სამუშაოზე გადაყვანილად არ ითვლება და მუშაკის თანხმობას არ საჭიროებს მისი გადანაცვლება იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ტერიტორიულად იგივე ადგილას მდებარე სხვა სამუშაო ადგილას, სხვა სტუქტურულ ქვეგანაყოფში, მუშაობის დაკისრება სხვა მექანიზმსა თუ აგრეგატზე შრომის ხელშეკრულებით განპირობებული სპეციალობის, კვალიფიკაციის ან თანამდებობის ფარგლებში. ადმინისტრაციას უფლება არა აქვს გადაანაცვლოს მუშა ან მოსამსახურე მისი ჯანმრთელობისათვის მავნე სამუშაოზე.

წარმოებისა და შრომის ორგანიზაციაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასაშვებია შრომის არსებითი პირობების შეცვლა იმავე სპეციალობით, კვალიფიკაციით ან იმავე თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებისას. შრომის არსებითი პირობების – შრომის ანაზღაურების სისტემებისა და ოდენობის, შეღავათების, მუშაობის რეჟიმის შეცვლის, არასრული სამუშაო დროის დაწესების ან გაუქმების, პროფესიების შეთავსების, თანრიგებისა და თანამდებობათა დასახელების შეცვლისა და სხვ. შესახებ მუშაკებს უნდა აცნობონ არა უგვიანეს ორი თვისა.

თუ ადრინდელი შრომის არსებითი პირობები არ შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს, ხოლო მუშაკი თანახმა არ არის გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში, შრომის ხელშეკრულება შეწყდება ამ კოდექსის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტით“;

11) 30-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6) მუშის ან მოსამსახურის უარი საწარმოსთან, დაწესებულებასთან, ორგანიზაციასთან ერთად ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოდ გადასვლაზე, აგრეთვე უარი მუშაობის გაგრძელებაზე შრომის არსებითი პირობების შეცვლასთან დაკავშირებით“;

12) 34-ე მუხლში:

პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11) მოხუცებულობის გამო სრული პენსიის უფლების მქონე მუშაკის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას“;

პირველი ნაწილის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7) სამუშაოზე გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ტოქსიკური სიმთვრალის მდგომარეობაში“;

13) 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 37. ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლის აკრძალვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, პროფკავშირის თანხმობის გარეშე

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლა დაუშვებელია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის თანხმობის გარეშე, სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

ადმინისტრაციას უფლება აქვს მოშალოს შრომის ხელშეკრულება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის თანხმობის მიღების დღიდან არა უგვიანეს ერთ თვეში, ხოლო ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებში მითითებული საფუძვლებით დათხოვნისას – ერთი თვის განმავლობაში დღიდან გადაცდომის გამომჟღავნებისა, ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული საფუძვლით დათხოვნისას – ერთი თვის განმავლობაში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის ან იმ ორგანოს მიერ დადგენილების გამოტანის დღიდან, რომლის კომპეტენციაში შედის ადმინისტრაციული სასჯელის დადება ან საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების გამოყენება“;

14) 38-ე მუხლში ციფრი „1-ლი“ შეიცვალოს ციფრით „11“;

15) 39-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

„შრომითი კოლექტივის მიერ თანამდებობაზე არჩეულ ხელმძღვანელ მუშაკს პროფკავშირულ ორგანოს (არანაკლებ რაიონულისა) მოთხოვნით გაათავისუფლებენ შესაბამისი შრომითი კოლექტივის საერთო კრების (კონფერენციის) ან მისი რწმუნებით – შრომითი კოლექტივის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე“;

16) მე-40 მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუშაკს, რომელიც სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ტოქსიკური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოცხადდება, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია იმ დღეს (იმ ცვლაში) არ დაუშვებს სამუშაოდ“;

17) 45-ე მუხლში:

პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუშებისა და მოსამსახურეებისათვის დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა ორი დასვენების დღით. ხუთდღიანი სამუშაო კვირის დროს ყოველდღიური მუშაობის (ცვლის) ხანგრძლივობა განისაზღვრება შრომის შინაგანაწესით ან ცვლიანობის განრიგით, რომლებსაც ამტკიცებს ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით, სამუშაოს სპეციფიკის, შრომითი კოლექტივის აზრის გათვალისწინებით და სამუშაო კვირის დადგენილი ხანგრძლივობის დაცვით (43-ე და 44-ე მუხლები)“;

მუხლს მეორე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„ხუთდღიან ან ექვსდღიან სამუშაო კვირას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია დააწესებს პროფკავშირის კომიტეტთან ერთად სამუშაო სპეციფიკის, შრომითი კოლექტივის აზრის გათვალისწინებით და სახლხო დეპუტატთა ადგილობრივ საბჭოსთან შეთანხმებით“;

მესამე ნაწილი ჩაითვალოს მეოთხე ნაწილად;

18) 51-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუშაკები ერთმანეთს თანაბრად ენაცვლებიან ცვლის მიხედვით. ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით, რომელსაც ამტკიცებს ადმინისტრაცია პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით, სამუშაოს სპეციფიკისა და შრომითი კოლექტივის აზრის გათვალისწინებით“;

19) 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     მუხლი 63. კომპენსაცია დასვენების დღეს მუშაობისათვის

დასვენების დღეს მუშაობა, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს სამაგიერო დასვენების დღის მიცემით ან ფულადი სახით ორმაგად.

დასვენების დღეს მუშაობის ანაზღაურება გამოანგარიშებული უნდა იქნეს ამ კოდექსის 87-ე მუხლით გათვალისწინებული წესით“;

20) 78-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„საკვალიფიკაციო თანრიგს პირველ რიგში მოუმატებენ იმ მუშებს, რომლებიც წარმატებით ასრულებენ შრომის ნორმებს და კეთილსინდისიერად ეკიდებიან თავიანთ შრომითს მოვალეობებს. თანრიგის მომატების უფლებით სარგებლობენ მუშები, რომლებიც წარმატებით შეასრულებენ უფრო მაღალი რანგის სამუშაოებს არანაკლებ სამი თვის განმავლობაში და ჩააბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდას. ტექნოლოგიური დისციპლინის უხეში დარღვევისა და სხვა სერიოზული დარღვევებისათვის, რასაც პროდუქციის ხარისხის გაუარესება მოჰყვა, მუშას შეიძლება ერთი თანრიგით ჩამოაკლონ კვალიფიკაცია. თანრიგის აღდგენა ხდება საერთო წესით, მაგრამ არა უადრეს სამი თვის შემდეგ მისი ჩამოკლებიდან“;

21) 79-ე მუხლის მეორე ნაწილს დაემატოს სიტყვები:

„ატესტაციის შედეგების მიხედვით ადმინისტრაციას უფლება აქვს მოსამსახურეებს შეუცვალოს თანამდებობრივი განაკვეთები მინიმალური და მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში შესაბამისი თანამდებობისა და კატეგორიის მიხედვით“;

22) 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 81. შრომის ანაზღაურების სისტემები

მუშებისა და მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდება დროებლივად, ნარდობლივად ან შრომის ანაზღაურების სხვა სისტემების მიხედვით. ანაზღაურება შეიძლება მუშაობის ინდივიდუალური და კოლექტიური შედეგებისათვის.

გეგმებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებით, წარმოების ეფექტიანობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლებით მუშებისა და მოსამსახურეების მატერიალური დაინტერესების გასაძლიერებლად შეიძლება შემოღებულ იქნეს პრემირების სისტემები, გასამრჯელო წლიური მუშაობის შედეგების მიხედვით, მატერიალური წახალისების სხვა ფორმები.

შრომის ანაზღაურების სისტემებსა და მატერიალური წახალისების ფორმებს დაადგენს, პრემირებისა და წლიური მუშაობის შედეგების მიხედვით გასამრჯელოს გადახდის შესახებ დებულებებს დაამტკიცებს საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაცია პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით.

თითოეული მუშაკის ხელფასი განისაზღვრება მუშაობის საბოლოო შედეგებით, მუშაკის პირადი შრომითი წვლილით და მაქსიმალური ოდენობით არ იფარგლება“;

23) 90-ე, 91-ე, და 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 90. ანაზღაურების წესი მოცდენის, აგრეთვე ახალი წარმოების (პროდუქციის) ათვისების დროს

სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად მოცდენის დრო, რაც მუშის ან მოსამსახურის ბრალით არ არის გამოწვეული, თუ მუშაკმა მოცდენის დაწყების შესახებ გააფრთხილა ადმინისტრაცია (ბრიგადირი, ოსტატი, სხვა თანამდებობის პირი), ანაზღაურდება მუშაკისათვის დადგენილი თანრიგის (სარგოს) სატარიფო განაკვეთის არანაკლებ ორი მესამედის ოდენობით.

მუშაკს მისი ბრალით გამოწვეული მოცდენის დრო არ აუნაზღაურდება.

ახალი წარმოების (პროდუქციის) ათვისების პერიოდში ადმინისტრაციას შეუძლია მუშას არა უმეტეს ექვსი თვის მანძილზე მისცეს დანამატი უწინდელი საშუალო ხელფასის ოდენობამდე.

    მუხლი 91. შრომის ანაზღაურება წუნდებული პროდუქციის გამოშვების დროს

სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, თუ დამზადებული პროდუქცია წუნდებული აღმოჩნდა, რაც მუშის ან მოსამსახურის ბრალით არ არის გამოწვეული, მის დასამზადებლად გაწეული შრომის ანაზღაურება ხდება შემცირებული ფასდებით. ამ შემთხვევაში მუშის ან მოსმსახურის თვიური ხელფასი არ შეიძლება იყოს მისთვის დაწესებული თანრიგის (სარგოს) სატარიფო განაკვეთის ორ მესამედზე ნაკლები.

დასამუშავებული მასალის ფარული დეფექტი გამოწვეული ნაწარმის წუნი, აგრეთვე ტექნიკური კონტროლის ორგანოს მიერ ნაწარმის მიღების შემდეგ აღმოჩენილი წუნი, რაც მუშაკის ბრალით არ არის გამოწვეული, ამ მუშაკს აუნაზღაურდება ვარგისი ნაწარმის თანაბრად.

მუშის ან მოსამსახურის ბრალით გამოწვეული მთლიანი წუნი არ ანაზღაურდება.

    მუხლი 92. შრომის ანაზღაურება გამომუშავების ნორმების შეუსრულებლობის დროს

გამომუშავების ნორმების შეუსრულებლობის დროს, რაც მუშის ან მოსამსახურის ბრალით არ არის გამოწვეული, შრომა ანაზღაურდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსათვის. ამ შემთხვევაში თვიური ხელფასი არ შეიძლება იყოს მისთვის დაწესებული თანრიგის (სარგოს) სატარიფო განაკვეთის ორ მესამედზე ნაკლები. გამომუშავების ნორმების შეუსრულებლობისას, რაც მუშის ან მოსამსახურის ბრალით არ არის გამოწვეული, ანაზღაურება ხდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად“;

24) 93-ე მუხლში:

სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 93. ხელფასის შენარჩუნება სხვა მუდმივ დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანისა და გადანაცვლების დროს“;

დაემატოს მუხლს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„იმ შემთხვევებში, როდესაც მუშას ან მოსამსახურეს გადანაცვლების შედეგად (26-ე მუხლის მეორე ნაწილი), მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ხელფასი უმცირდება, აძლევენ დანამატს უწინდელი საშუალო ხელფასის ოდენობამდე გადანაცვლების დღიდან ორი თვის განმავლობაში“;

25) 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 98. პასუხისმგებლობა შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის

ადმინისტრაციის გარეთ შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისას მუშაკს ეძლევა საშუალო ხელფასი იძულებითი გაცდენის მთელი დროისათვის“;

26) 101-ე და 102-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 101. შრომის ნორმები

შრომის ნორმები – გამომუშავების, დროის, მომსახურების, რაოდენობის ნორმები – მუშებისა და მოსამსახურეებისათვის და წესდება ტექნიკის, ტექნოლოგიის, წარმოებისა და შრომის ორგანიზაციის მიღწეული დონის შესაბამისად.

შრომის ორგანიზაციისა და ანაზღაურების კოლექტიური ფორმების პირობებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე გამსხვილებული და კომპლექსური ნორმები.

შრომის ნორმები აუცილებლად უნდა შეიცვალოს ახლით ატესტაციის და სამუშაო ადგილების რაციონალიზაციის ჩატარების, ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიისა და იმ ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა დანერგვის კვალობაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის ნაყოფიერების ზრდას.

ცალკეული მუშაკების, ბრიგადების მიერ საკუთარი ინიციატივით შრომის ახალი ხერხებისა და მოწინავე გამოცდილების გამოყენების, საკუთარი ძალებით სამუშაო ადგილების სრულყოფის ხარჯზე პროდუქციის გამომუშავების მაღალი დონის მიღწევა არ წარმოადგენს ნორმების გადასინჯვის საფუძველს.

    მუხლი 102. შრომის ნორმების შემოღება, შეცვლა და გადასინჯვა

შრომის ნორმების შემოღებას, შეცვლას და გადასინჯვას ახორციელებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით.

ახალი შრომის ნორმების შემოღება მუშებსა და მოსამსახურეებს უნდა ეცნობოს არა უგვიანეს ერთი თვისა ამ ნორმების შემოღებამდე“;

27) 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 104. ერთიანი და ტიპობრივი ნორმების შეცვლა და გადასინჯვა

ერთიანი და ტიპობრივი (დარგთაშორისი, დარგობრივი, უწყებრივი) ნორმების შემოღებას და გადასინჯვას ახორციელებენ მათი დამამტკიცებელი ორგანოები“;

28) 107-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 107. მომსახურების ნორმირებული დავალებებისა და ნორმების დაწესება

დროებლივი ანაზღაურებისას მუშებსა და მოსამსახურეებს უწესდებათ ნორმირებული დავალებები. ცალკეული ფუნქციებისა და სამუშაოს მოცულობის შესასრულებლად შეიძლება დაწესდეს მომსახურების ნორმები ან მუშაკთა რაოდენობის ნორმები“;

29) 128-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში შრომის დისციპლინას უზრუნველყოფს ნორმალური მაღალნაყოფიერი შრომისათვის აუცილებელი ორგანიზაციული და ეკონომიკური პირობების შექმნა, შრომისადმი შეგნებული დამოკიდებულება, დარწმუნების, აღზრდის მეთოდები, აგრეთვე წახალისება კეთილსინდისიერი შრომისათვის“;

30) 135-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-4 პუნქტის მეორე აბზაცში სიტყვები „არაფხიზელ მდგომარეობაში“ შეიცვალოს სიტყვებით „არაფხიზელ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ტოქსიკური გაბრუების მდგომარეობაში“;

31) 136- ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეექვსე ნაწილი:

„შრომითი დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს გაითვალისწინოს ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები, მუშის ან მოსამსახურის წინანდელი მუშაობა და ყოფაქცევა, აგრეთვე დისციპლინური სასჯელის შესაბამისობა ჩადენილი გადაცდომის სიმძიმესთან“;

32) 204-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეხუთე ნაწილი:

„სამუშაოზე აღდგენაზე უარისთქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ან ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილების, კანონიერ ძალაში შესვლის დროიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ შეტანილი საჩივრები არ განიხილება“;

33) 206-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 206. სამუშაოზე აღდგენა

კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნის ან სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანის დროს მუშა ან მოსამსახურე წინანდელ სამუშაოზე უნდა აღადგინოს შრომითი დავის განმხილველმა ორგანომ.

თუ მუშაკი დაითხოვეს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის თანხმობის გარეშე, შრომითი დავის განმხილველმა ორგანომ უნდა გადადოს მისი გადაწყვეტა პროფკავშირის კომიტეტის მიერ მუშაკთან შრომის ხელშეკრულების მოშლაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვამდე. მუშაკის დათხოვნაზე თანხმობის მიუცემლობის შემთხვევაში პროფკავშირის კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას მისი სამუშაოზე აღდგენის შესახებ“;

34) 216-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 216. შრომის პირობების დაწესების ან შეცვლის საკითხებზე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტსა და ადმინისტრაციას შორის არსებული უთანხმოების განხილვის წესი

შრომის პირობების დაწესების ან შეცვლის საკითხებზე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტსა და ადმინისტრაციას შორის წამოჭრილი უთანხმოება გადაწყდება ზემდგომ სამეურნეო და პროფკავშირული ორგანოების მიერ ადმინისტრაციის, შრომითი კოლექტივისა და პროფკავშირის კომიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობით“;

35) 220-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 220. საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში მუშა-მოსამსახურეთა მონაწილეობის ფორმები

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მართვაში მუშა-მოსამსახურენი მონაწილეობენ შრომითი კოლექტივების საერთო კრებების (კონფერენციების) და შრომითი კოლექტივების საბჭოების, პროფესიული კავშირების და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სახალხო კონტროლის ორგანოების და შრომითს კოლექტივში მოქმედი სხვა საზოგადოებრივი ორგანოების მეშვეობით“;

36) 223-ე მუხლში:

პირველი ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4) პარტიული და კომკავშირული ორგანიზაციების არჩევით ორგანოებთან ერთად მონაწილეობს შრომითი კოლექტივის საბჭოს მიერ სოციალისტური შეჯიბრების პირობების დამტკიცებასა და მისი შედეგების შეჯამებაში, ადმინისტრაციასთან ერთად აწყობს სოციალისტურ შეჯიბრებას. ფართო პოპულარიზაციას უწევს მის შედეგებს, ავრცელებს მოწინავე გამოცდილებას – სოციალისტური შეჯიბრებისათვის განკუთვნილ პრემირების მთელ სახსრებს ხარჯავს საწარმოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი საწარმოს, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით“;

მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელ სამეურნეო თანამდებობებზე დანიშვნას, თუ ამ თანამდებობების დაკავება არჩევნების გზით არ ხდება, ახორციელებს ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის აზრის გათვალისწინებით“;

37) 228-ე მუხლში:

სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 228. დამატებითი გარანტიები არჩევითი პროფკავშირული მუშაკებისა და შრომითი კოლექტივების საბჭოების წევრებისათვის“;

დაემატოს მუხლს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„შრომითი კოლექტივის საბჭოს წევრები ადმინისტრაციის ინიციატივით არ შეიძლება გადაყვანილ იქნენ სხვა სამუშაოზე ან მათ დაედოთ დისციპლინური სასჯელი შრომითი კოლექტივის საბჭოს თანხმობის გარეშე. შრომითი კოლექტივის საბჭოს წევრების დათხოვნა ადმინისტრაციის ინიციატივით, დათხოვნის საერთო წესის დაცვის გარდა, შეიძლება მხოლოდ შრომითი კოლექტივის საბჭოს თანხმობით“;

38) დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის III-ა და XVI-ა თავები:

„თავი III-ა

გამონთავისუფლებული მუშაკების დასაქმების უზრუნველყოფა

    მუხლი 421. გამონთავისუფლებული მუშაკების შრომის უფლების უზრუნველყოფის გარანტიები

მუშები და მოსამსახურეები შეიძლება გამონთავისუფლებულ იქნენ საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან მათი საქმიანობის შეწყვეტის, მუშაკთა რაოდენობის ან შტატის შემცირების გამო.

გამონთავისუფლებული მუშაკების შრომის უფლება გარანტირებულია:

სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში;

წინანდელი პროფესიის, სპეციალობის, კვალიფიკაციის მიხედვით სამუშაოს მიცემით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, ხოლო ასეთის უქონლობისას – სხვა სამუშაოს მიცემით პირადი სურვილისა და საზოგადობრივ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით;

ახალი პროფესიების (სპეციალობების) შესწავლის შესაძლებლობის მიცემით შესაბამისი სამუშაოთი დაკმაყოფილებასთან ერთად.

    მუხლი 422. მუშაკების გამონთავისუფლების წესი

მოსალოდნელი გამონთავისუფლების შესახებ მუშაკებს პერსონალურად აფრთხილებენ არა უგვიანეს ორი თვით ადრე.

რაოდენობის ან შტატის შემცირების გამო მუშაკების გამონთავისუფლების დროს მხედველობაში მიიღება კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაოზე დატოვების უპირატესი უფლება.

რაოდენობის ან შტატის შემცირების გამო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებასთან ერთდ ადმინისტრაცია მუშაკს იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში სთავაზობს სხვა სამუშაოს. შესაბამისი პროფესიის ან სპეციალობის მიხედვით სამუშაოს უქონლობის, აგრეთვე იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში სხვა სამუშაოზე გადაყვანასთან დაკავშირებით მუშაკის ან მოსამსახურის უარის შემთხვევაში, მუშაკი თავისი შეხედულებისამებრ, დასახმარებლად მიმართავს შრომითი მოწყობის ორგანოს ან დამოუკიდებლად მოეწყობა სამუშაოზე. იმავდროულად ადმინისტრაცია შრომითი მოწყობის ორგანოს აცნობებს მუშაკის მოსალოდნელი გამონთავისუფლების შესახებ მისი პროფესიის, სპეციალობის, კვალიფიკაციისა და შრომის ანაზღაურების ოდენობის მითითებით.

შრომითი მოწყობის ორგანო მუშას ან მოსამსახურეს მისი პროფესიის, სპეციალობის კვალიფიკაციის მიხედვით შესთავაზებს სამუშაოს ტერიტორიულად იმავე ან სხვა ადგილას, ხოლო ასეთის უქონლობისას – შეურჩევს სხვა სამუშაოს პირადი სურვილისა და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით. საჭიროებისას მუშაკი, მისი თანხმობით, შეიძლება გაიგზავნოს ახალი პროფესიის (სპეციალობის) შესასწავლად, ამასთან შემდგომში უნდა მიეცეს სამუშაო.

    მუხლი 423. შეღავათები და კომპენსაციები გამონთავისუფლებული მუშაკებისათვის

საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან გამონთავისუფლებულ მუშაკებს რაოდენობის ან შტატის შემცირების ღონისძიებათა განხორციელების გამო შრომის ხელშეკრულების მოშლისას:

1) ეძლევათ გასასვლელი დახმარება ერთი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით;

2) შეუნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი შრომითი მოწყობის დროისათვის, მაგრამ დათხოვნის დღიდან არა უმეტეს ორი თვის განმავლობაში, გასასვლელი დახმარების მიცემის გათვალისწინებით;

3) შრომითი მოწყობის ორგანოს გადაწყვეტილებით, გამონაკლისის წესით, შრომითი მოწყობის დროისათვის მუშაკს შეუნარჩუნდება საშუალო ხელფასი დათხოვნიდან მესამე თვის განმავლობაშიც, თუ მან წინასწარ (დათხოვნიდან ორი კვირის ვადაში) მიმართა აღნიშნულ ორგანოს და ამ უკანასკნელმა ვერ მოაწყო იგი სამუშაოზე.

თვიური გასასვლელი დახმარება და შენარჩუნებული საშუალო ხელფასი გაიცემა წინანდელ სამუშაო ადგილას.

აღნიშნულ მუშაკებს შეუნარჩუნდებათ განუწყვეტელი შრომის სტაჟი, თუ დათხოვნის შემდეგ წყვეტილი მუშაობის ხანგრძლივობა სამ თვეს არ აღემატება.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს გამონთავისუფლებულ მუშაკებს შრომითი მოწყობის განმავლობაში, არა უმეტეს სამი თვისა, შეუნაჩუნდებათ საშუალო ხელფასი თვიური გასასვლელი დახმარების გათვალისწინებით და განუწყვეტელი შრომის სტაჟი.

გამონთავისუფლებულ მუშაკებს კანონმდებლობის შესაბამისად მიეცემათ აგრეთვე სხვა შეღავათები და კომპენსაციები“;

„თავი XVI-ა

შრომითი კოლექტივი

    მუხლი 2281. შრომითი კოლექტივის თვითმმართველობა შრომის დარგში

შრომითი კოლექტივი, რომელიც საწარმოს სრულუფლებიანი ბატონ-პატრონია დამოუკიდებლად წყვეტს საწარმოო და სოციალური განვითარების ყველა საკითხს. კანონმდებლობის შესაბამისად შრომითი კოლექტივი ახორციელებს შრომის ორგანიზაციის, ნორმირების, ანაზღაურებისა და დაცვის ღონისძიებებს. სოციალისტური თვითმმართველობა ხორციელდება ფართო საჯაროობის პირობებში დიდმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მათ შესრულებაზე კონტროლში მთელი კოლექტივისა და მისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობის, ხელმძღვანელთა არჩევითობისა და საწარმოს მართვაში ერთმმართველობის გზით.

თვითმმართველობას ახორციელებენ საწარმოების, გაერთიანებების სტრუქტურული ერთეულების შრომითი კოლექტივები, ქვეგანაყოფებისა და ბრიგადების კოლექტივები.

    მუხლი 2282. შრომითი კოლექტივის საერთო კრების (კონფერენციის) უფლებამოსილება შრომის დარგში

შრომითი კოლექტივის საერთო კრება (კონფერენცია) ირჩევს საწარმოს ხელმძღვანელს, შრომითი კოლექტივის საბჭოს და ისმენს ანგარიშებს მათი საქმიანობის შესახებ, განიხილავს და ამტკიცებს საწარმოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების გეგემებს, კისრულოს სოციალისტურ ვალდებულებებს, იწონებს კოლექტიურ ხელშეკრულებას, ამტკიცებს შრომის შინაგანაწესს და განიხილავს შრომის დარგში საწარმოს საქმიანობის სხვა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს.

შრომითი კოლექტივის უფლებამოსილების ფარგლებში და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული საერთო კრების (კონფერენციის) გადაწყვეტილებანი სავალდებულოა კოლექტივის წევრებისა და ადმინისტრაციისათვის, აგრეთვე ზემდგომი სახელმწიფო და სამეურნეო ორგანოებისათვის.

    მუხლი 2283. შრომითი კოლექტივის საბჭოს უფლებამოსილება

შრომითი კოლექტივის საერთო კრებებს (კონფერენციებს) შუა პერიოდში მის უფლებამოსილებას ახორციელებს შრომითი კოლექტივის საბჭო.

შრომითი კოლექტივის საბჭო:

კონტროლს უწევს შრომითი კოლექტივის საერთო კრებების (კონფერენციების) გადაწყვეტილებების შესრულებას, მუშების, მოსამსახურეების კრიტიკული შენიშვნებისა და წინადადებების რეალიზაციას, აცნობებს შრომითს კოლექტივს მათი შესრულების შესახებ;

ისმენს ადმინისტრაციის ინფორმაციას გეგმებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის, საწარმოო-სამეურნეო საქმიანობის შედეგების შესახებ, სახავს საწარმოს უფრო ეფექტიანად მუშაობის, სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვით ხელშემწყობ ღონისძიებებს;

პარტიული, პროფკავშირული და კომკავშირული ორგანიზაციების არჩევით ორგანოებთან ერთად ამტკიცებს სოციალისტური შეჯიბრების პირობებს და აჯამებს მის შედეგებს;

წყვეტს წარმოების მართვისა და ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის, მუშაკების პირად წვლილთან მათი შრომის ანაზღაურების შესაბამისობის უზრუნველყოფის და სოციალური სიკეთის სამართლიანად განაწილების საკითხებს;

იღებს გადაწყვეტილებებს წარმოების, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების, მატერიალური წახალისების, სოციალური განვითარების ფონდების გამოყენების, საცხოვრებელი სახლების, საბავშვო დაწესებულებების, სასადილოების მშენებლობისათვის, შრომის პირობებისა და მისი დაცვის, მუშების, მოსამსახურეების სამედიცინო, საყოფაცხოვრებო და კულტურული მომსახურების გაუმჯობესებისათვის სახსრების წარმართვის შესახებ, წყვეტს კოლექტივის სოციალური განვითარების სხვა საკითხებს;

წყვეტს კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, საწარმოში შრომის შინაგანაწესის, სახელმწიფო, საწარმოო და შრომის დისციპლინის დაცვის საკითხებს, სახავს მისი განმტკიცების ღონისძიებებს;

ახორციელებს კონტროლს მატერიალური წახალისებისა და სოციალური განვითარების ფონდების სახსრების ხარჯზე წარმოების ნოვატორების, მოწინავეების, ომისა და შრომის ვეტერანებისათვის შეღავათებისა და უპირატესობების მიცემისადმი;

ისმენს ქვეგანაყოფთა კოლექტივების წარმომადგენლების ინფორმაციას, შეაქვს წინადადებები შრომაში წარმატებებისათვის მორალური და მატერიალური წახალისების ღონისძიებათა გამოყენების შესახებ, განიხილავს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის საკითხებს;

წყვეტს წარმოების, საამქროების, განყოფილებების, უბნების და სხვა ქვეგანაყოფების კოლექტივთა საბჭოების არჩევის საკითხებს და განსაზღვრავს მათს უფლებებს საწარმოს (გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის) შრომითი კოლექტივის საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებში;

წყვეტს საწარმოო და სოციალური განვითარების სხვა საკითხებს, თუ ისინი არ განეკუთვნებიან შრომითი კოლექტივის კრების (კონფერენციის) კომპეტენციას.

შრომითი კოლექტივის საბჭო მუშაობს ადმინისტრაციასთან, პარტიულ, პროფკავშირულ, კომკავშირულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო კონტაქტში.

შრომითი კოლექტივის საბჭოს გადაწყვეტილებანი, რომლებიც მიღებულია მისი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა ადმინისტრაციისა და კოლექტივის წევრებისათვის. თუ ადმინისტრაცია არ ეთანხმება შრომითი კოლექტივის საბჭოს გადაწყვეტილებას, საკითხი გადაწყდება შრომითი კოლექტივის საერთო კრებაზე (კონფერენციაზე).

    მუხლი 2284. ხელმძღვანელების არჩევნები შრომითს კოლექტივებში

საწარმოების, გაერთიანებათა სტრუქტურული ერთეულების, ქვეგანაყოფების ხელმძღვანელებს, აგრეთვე ოსტატებსა და ბრიგადირებს ირჩევენ შესაბამისი კოლექტივის საერთო კრებაზე (კონფერენციებზე) და ამტკიცებენ დადგენილი წესით. თუ კოლექტივის არჩეულ კანდიდატურას ზემდგომი ორგანო არ დაამტკიცებს, ჩატარდება ახალი არჩევნები. ამასთან ზემდგომი ორგანო მოვალეა განუმარტოს კოლექტივს არჩევნების შედეგების დამტკიცებაზე უარის თქმის მიზეზები.

საწარმოების, გაერთიანებათა სტრუქტურული ერთეულების არჩეული ხელმძღვანელები, თანამდებობიდან შეიძლება ვადამდე გაანთავისუფლონ შრომითი კოლექტივის საერთო კრების (კონფერენციის) გადაწყვეტილების ან მისი რწმუნებით – შრომითი კოლექტივის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო ქვეგანაყოფების ხელმძღვანელები, ოსტატები და ბრიგადირები – შესაბამისი კოლექტივის გადაწყვეტილებით. კოლექტივის გადაწყვეტილება კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით საწარმოებისა და გაერთიანებათა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ვადამდე განთავისუფლების შესახებ უნდა აღასრულოს ზემდგომმა ორგანომ, ხოლო ქვეგანაყოფების ხელმძღვანელების, აგრეთვე ოსტატებისა და ბრიგადირების მიმართ საწარმოს ხელმძღვანელმა. ხელმძღვანელების, ოსტატების საჩივრებს სამუშაოდან განთავისუფლების, ხოლო ბრიგადირებისა – ბრიგადის ხელმძღვანელობიდან განთავისუფლების შესახებ ერთობლივად განიხილავენ ზემდგომი სამურნეო და პროფკავშირული ორგანოები.

უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ხელმძღვანელები, აგრეთვე ოსტატები და ბრიგადირები შეიძლება ხელახლა იქნენ არჩეულნი ან მათ მიეცემათ სხვა სამუშაო ამ კოდექსის 109-ე მუხლით დადგენილი გარანტიების დაცვით.

    მუხლი 2285. სამეურნეო საქმიანობის შედეგებით შრომითი კოლექტივის მატერიალური დაინტერესების ზოგადი პრინციპები

მიღწევები და დანაკარგები საწარმოს მუშაობაში უშუალო გავლენას ახდენენ კოლექტივის სამეურნეო ანგარიშით მიღებული შემოსავლის დონეზე, ყოველი მუშაკის კეთილდღეობაზე. საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ნაკლები დანაკარგებით საუკეთესო პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) წარმოებასა და რეალიზაციას, სამეურნეო ანგარიშით მიიღებს მეტ შემოსავალს და უპირატესობას თავის საწარმოო და სოციალურ განვითარებასა და მუშაკების შრომის ანაზღაურებაში.

სხვა ორგანიზაციებისა და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ჯარიმების, პირგასამტეხლოებისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა სანქციების გადახდევინება ხდება კოლექტივის სამეურნეო ანგარიშით მიღებული შემოსავლის ხარჯზე. ადმინისტრაცია განსაზღვრავს საწარმოსათვის მიყენებულ ზარალში ბრალეულ, კონკრეტულ ქვეგანაყოფებს და მუშაკებს, აცნობებს ამის შესახებ შრომითს კოლექტივს და კონკრეტულ ქვეგანაყოფებსა და მუშაკებს, კანონმდებლობის შესაბამისად დააკისრებს ქონებრივ (მატერიალურ) პასუხისმგებლობას.

    მუხლი 2286. ბრიგადის კოლექტივის ფორმირება

ბრიგადაში ახალი მუშაკები ჩაირიცხებიან ბრიგადის კოლექტივის თანხმობით. დაუშვებელია ბრიგადის უარი კანონმდებლობის შესაბამისად (ახალგაზრდა სპეციალისტების, პროფესიულ-ტექნიკური განათლების სისტემის სასწავლებელთა კურსდამთავრებულების და სხვ.) შრომითი მოწყობის წესით ბრიგადაში გაგზავნილი მუშაკების ჩარიცხვაზე.

ბრიგადის კოლექტივს უფლება აქვს ადმინისტრაციას მოსთხოვოს ბრიგადის შემადგენლობიდან მუშაკების გამოყვანა ბრიგადის რაოდენობის შემცირების, შესასრულებელი სამუშაოსათვის მუშაკის შეუფერებლობის შემთხვევებში და ამ კოდექსის 34-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ადმინისტრაცია, კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთ მუშაკებს, მათი თანხმობით, გადაიყვანს სხვა სამუშაოზე ან დაითხოვს დადგენილი წესით.

    მუხლი 2287. ბრიგადაში კოლექტიური ხელფასის განაწილება შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის გამოყენებით

ბრიგადის კოლექტივს კოლექტიური ხელფასი შეუძლია გაანაწილოს შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის გამოყენებით. ბრიგადის წევრებს კოეფიციენტებს უმტკიცებს ბრიგადის კოლექტივი ბრიგადირის (ბრიგადის საბჭოს) წარდგინებით.

შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის გამოყენებისას მუშაკის ხელფასი არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები (მუხლი 76-ე).

    მუხლი 2288. ადმინისტრაციისა და ბრიგადის ურთიერთპასუხისმგებლობა

საწარმოს, გაერთიანების, სტრუქტურული ქვეგანაყოფების ადმინისტრაცია პასუხს აგებს ბრიგადის წინაშე მაღალნაყოფიერი შრომის ნორმალური პირობების შექმნისათვის (სამუშაოს მიცემა, მექანიზმებისა და მოწყობილობის გამართული მდგომარეობის, ტექნიკური დოკუმენტაციით, მასალებითა და ინსტრუმენტებით, ენერგიით უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა). ადმინისტრაციის ბრალით ბრიგადის მიერ საწარმოო მაჩვენებლების მიერ შეუსრულებლობისას ბრიგადა ინარჩუნებს სატარიფო განაკვეთების მიხედვით გაანგარიშებულ შრომის ანაზღაურების ფონს. ბრიგადის წინაშე ადმინისტრაციის ვალდებულებათა დარღვევაში ბრალეულ თანამდებობის პირებს დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო ბრიგადისთვის ზედმეტი ფულადი თანხების გაცემისას – აგრეთვე მატერიალური პასუხისმგებლობა საწარმოს წინაშე კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

ბრიგადა საწარმოს ადმინისტრაციის წინაშე პასუხს აგებს მისი ბრალით საწარმოო მაჩვენებლების შეუსრულებლობისათვის. ასეთ შემთხვევაში ანაზღაურდება შესრულებული სამუშაო, პრემიები და სხვა წასახალისებელი თანხები არ დაირიცხება. ბრიგადის ბრალით უხარისხო პროდუქციის გამოშვებით საწარმოსათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება მისი კოლექტიური ხელფასიდან ბრიგადის საშუალო თვიური ხელფასის ფარგლებში. ბრიგადის წევრებს შორის კოლექტიური ხელფასის განაწილებისას გაითვალისწინება უხარისხო პროდუქციის გამოშვებაში კონკრეტული მუშაკის ბრალი“.

II. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის XVI-ა თავის „შრომითი კოლექტივი“ დებულებები საწარმოებსა და ორგანიზაციებზე გავრცელდება „სახელმწიფო საწარმოს (გაერთიანების) შესახებ“ სსრ კავშირის კანონთან ერთად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე        პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი       ვ. კვარაცხელია.

თბილისი, 1988 წლის 24 მარტი.

№1649-XI