საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1455
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 20/10/1987
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 30/10/1987
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.026
  • Word
1455
20/10/1987
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 30/10/1987
270.000.000.05.001.000.026
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსი ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

„მომუშავე ორსული და მცირეწლოვანბავშვიანი ქალებისათვის შეღავათების გაფართოების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი  ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1973 წლის 28 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., 6, მუხ. 118; 1982 წ., №5, მუხ. 131; 1983 წ., №11, მუხ. 370) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1) 49-ე მუხლის  პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუშებს, მოსამსახურეებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმებით როგორც სამუშაოზე მიღებისას, ისე შემდეგაც შეიძლება დაწესდეს არასრული სამუშაო დღე ან არასრული სამუშაო კვირა. ორსული ქალისა და იმ ქალის თხოვნით, რომელსაც რვა წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს, ან რომელიც სამედიცინო დასკვნის საფუძველზე უვლის ავადმყოფ ოჯახის წევრს, ადმინისტრაცია მოვალეა დაუწესოს მას არასრული სამუშაო დღე ან არასრული სამუშაო კვირა.

ამ შემთხვევებში შრომის ანაზღაურება ხდება ნამუშევარი დროის პროპორციულად ან გამომუშავების მიხედვით“.

ამ მუხლის მეორე ნაწილი ჩაითვალოს მესამე ნაწილად;

2) 157-ე მუხლის:

მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მეძუძური დედებისა, აგრეთვე“; სიტყვები „ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორ წლამდე“;

მესამე ნაწილში სიტყვები „ერთი წლიდან რვა წლის ასაკამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი წლიდან რვა წლის ასაკამდე“;

3) 158-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 158. უფრო მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანა ორსული და წლინახევრის ასაკამდე ბავშვიანი ქალებისა

ორსულ ქალებს სამედიცინო დასკვნის შესაბამისად შეუმცირდებათ გამომუშავებისა და მომსახურების ნორმები ან ისინი წინანდელი საშუალო ხელფასის შენარჩუნებით გადაჰყავთ სხვა უფრო მსუბუქ სამუშაოზე, რომელიც გამორიცხავს არახელსაყრელი საწარმოო ფაქტორების ზემოქმედებას.

წლინახევრის ასაკამდე ბავშვიანი ქალები იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ადრინდელი სამუშაოს შესრულება, წინანდელი საშუალო ხელფასის შენარჩუნებით გადაჰყავთ სხვა სამუშაოზე, ვიდრე ბავშვს წლინახევრის ასაკი შეუსრულდება“;

4) 159-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„ბავშვის მოვლის გამო ქალის შვებულებაში ყოფნის დროს მას თავისი სურვილით შეუძლია იმუშაოს არასრული სამუშაო დროის პირობებში ან შინ. ამასთან, მას შეუნარჩუნდება დახმარების მიღების უფლება ბავშვის მოვლისათვის ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულების პერიოდში“;

5) 163-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მეძუძურ დედებსა და“, ხოლო სიტყვები „ერთ წლამდე ასაკის“ შეიცვალოს სიტყვებით „წლინახევრის ასაკამდე“;

6) 164-ე მუხლის:

სათაურიდან და მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მეძუძური დედება“, ხოლო  სიტყვები „ერთ წლამდე ასაკის“ შეიცვალოს სიტყვებით „წლინახევრის ასაკამდე“;

მეორე ნაწილს სიტყვების „სავალდებულო შრომით მოწყობით“ შემდეგ დაემატოს შემდეგი წინადადება: „ორსული და წლინახევრის ასაკამდე ბავშვიანი ქალების სავალდებულო შრომით მოწყობას ადმინისტრაცია ახორციელებს ვადიანი შრომითი  ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მათი დათხოვნის შემთხვევებშიც.“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯომარე    პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი    ვ. კვარაცხელია.

თბილისი, 1987 წლის 20 ოქტომბერი.

№1455 – XI