დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4358-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320050.05.001.017935 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (21/12/2016 - 22/12/2016)
|
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ეს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს.“. 3. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ლ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ2“ ქვეპუნქტი: „ლ2) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიური საქმიანობისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისა) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;“; ა.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი;“; ა.გ) „ჩ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო საქმიანობისათვის შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი;“. 4. 21 და 22 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21 1. ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო მოსამსახურეები არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, პროფესიული საჯარო მოხელე (შემდგომ – მოხელე) და საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირები. 2. ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო მოსამსახურედ არ ჩაითვლება საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გამონაკლისებისა. მუხლი 22 ამ კანონის მიზნებისათვის „საჯარო დაწესებულებაში“ იგულისხმება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სამსახურისა და საჯარო სამსახურის განმახორციელებელი დაწესებულებები, აგრეთვე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები.“. 5. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობა“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის დაპირისპირება საჯარო დაწესებულების ინტერესებთან.“. 6. 52 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 52 თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ ამ საჩუქრის ღირებულება აღემატება ამ კანონით დასაშვებ ოდენობას, ან/და თუ გარკვეული მიზეზით (საჩუქრის ფოსტით მიღება, საჩუქრის საჯაროდ გადაცემა) შეუძლებელი იყო მის მიღებაზე უარის თქმა, იგი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომ – ბიურო) წარუდგინოს ინფორმაცია მიღებული საჩუქრის დასახელების, შეფასებითი ან ზუსტი ღირებულების/ოდენობის და მჩუქებლის ვინაობის შესახებ, ხოლო ამ კანონით აკრძალული საჩუქარი გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.“. 7. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის მიზნებისათვის „თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირში“ იგულისხმება ის პირი, რომლის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ან შესრულებულ მოქმედებასთან დაკავშირებით თანამდებობის პირი უფლებამოსილია: ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში არსებული ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ; ბ) შეაჩეროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება; გ) გააუქმოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. ამ კანონის მიზნებისათვის თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის „საწარმოს საქმიანობაში პირდაპირ მონაწილეობაში“ იგულისხმება კანონით დადგენილი წესით საწარმოს შექმნა, მისი მართვა, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, საწარმოს კაპიტალის ფლობა. 4. ამ კანონის მიზნებისათვის თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის „საწარმოს საქმიანობაში არაპირდაპირ მონაწილეობაში“ იგულისხმება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საწარმოს პირდაპირი მონაწილეობა (მათ შორის, აქციებისა და წილის ფლობა) სხვა საწარმოს საქმიანობაში.“. 8. მე-7–მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7 საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენოს საჯარო დაწესებულების ინტერესების საწინააღმდეგოდ ან იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ განეკუთვნება. მუხლი 8 საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენოს სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით და რომელიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გახდა ცნობილი. მუხლი 9 1. საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ვალდებულია უფასოდ გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს, ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით. 2. საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ვალდებულია ოფიციალური წესით დადგენილი ოდენობის საფასურად გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს, ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს უფრო დიდი ოდენობის ანაზღაურება. 3. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, მიიღოს რაიმე ანაზღაურება საჯარო სექტორში შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ინფორმაცია საჯაროა და მისი მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მუხლი 10 1. საჯარო მოსამსახურეს, პირადი ინტერესიდან გამომდინარე, ეკრძალება: ა) შეიძინოს გარიგების დასადებად მისთვის მინდობილი საჯარო დაწესებულების ქონება; ბ) დადოს ქონებრივი გარიგება იმ საჯარო დაწესებულებასთან, სადაც მუშაობს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა; გ) თავის სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან, პოლიტიკურ პარტიასთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან დადოს გარიგება, როგორც საჯარო მოსამსახურემ; დ) თავის ოჯახის წევრთან ან ახლო ნათესავთან დადოს ქონებრივი გარიგება, როგორც საჯარო მოსამსახურემ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია.“. 9. მე-11 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო მოსამსახურე, რომლის მოვალეობაა კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში იმ გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ამ ორგანოს სხვა წევრებს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს და უარი განაცხადოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე. 2. საჯარო მოსამსახურე, რომლის მოვალეობაა იმ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ და ამის თაობაზე წერილობით აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს (ზემდგომ ორგანოს), რომელიც ან თვითონ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ან ამ მოვალეობას სხვა თანამდებობის პირს აკისრებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა შეუძლია მხოლოდ თავისი უშუალო ხელმძღვანელის (ზემდგომი ორგანოს) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რის შესახებაც უნდა მიეთითოს შესაბამის გადაწყვეტილებაში.“. 10. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13 1. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია, ორგანული კანონი, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები. 2. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა), ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. საჯარო მოსამსახურის მიერ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. 3. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციიდან, რომელსაც სამსახურებრივად ზედამხედველობს. 4. საჯარო მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ორგანიზაციაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა, რომლის ხელმძღვანელ ორგანოშიც მისი ოჯახის წევრი საქმიანობს. 5. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში. 6. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი. 8. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია. 9. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს რომელიმე ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე რომელიმე საჯარო დაწესებულების წინაშე ან წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი არის ამ ფიზიკური პირის მეურვე, მზრუნველი ან მხარდამჭერი. 10. განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, განთავისუფლების დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არა აქვს, მიიღოს შემოსავალი ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან. 11. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ეკავოთ რაიმე თანამდებობა ან ასრულებდნენ რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 12. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ფლობდნენ აქციებს ან კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 13. არ შეიძლება თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე მოხელედ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით დაინიშნოს (გარდა კონკურსის წესით დანიშვნისა) ამ თანამდებობის პირის ახლო ნათესავი. 14. თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა. 15. თანამდებობის პირი თავისი და თავისი ოჯახის წევრის შეუთავსებლობის აღმოფხვრის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარუდგენს იმ ზემდგომ თანამდებობის პირს (ორგანოს), რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იგი იმყოფება, აგრეთვე ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს. 16. თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ: ა) მან ან მისმა ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები; ბ) სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების მფლობელია. 17. ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება საკრებულოს იმ წევრზე, რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირი არ არის.“. 11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი: „თავი III1 საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები მუხლი 131 1. ამ თავით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მისი ქცევის მომწესრიგებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება. 2. ამ თავით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების გარდა, საჯარო მოსამსახურეთა ცალკეული კატეგორიებისათვის ან/და ცალკეული საჯარო დაწესებულებებისათვის შეიძლება დაწესდეს საჯარო მოსამსახურის ქცევის სპეციალური წესები. 3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთათვის საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი და სპეციალური წესების ხელმისაწვდომობა და გაცნობა. 4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი და სპეციალური წესები. 5. საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია თავისი უშუალო ხელმძღვანელის წინაშე, თუ კანონით ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით (რეგლამენტით) ან ამ საჯარო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 132 1. საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. 2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს. 3. საჯარო მოსამსახურემ უნდა იმოქმედოს კოლეგიურობის პრინციპის დაცვით, სამსახურებრივი ვალდებულების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას ამ კანონით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები, განსაკუთრებით იმ მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომელიც მისი მომსახურებით სარგებლობს. 4. საჯარო მოსამსახურემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უნდა დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი. საჯარო მოსამსახურემ ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი რესურსებით, რათა არ გაიფლანგოს ისინი. 5. თუ საჯარო მოსამსახურე დააპატიმრეს ან დააკავეს, ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს. 6. საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის რეპუტაციას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას. 7. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილება, სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად. 8. საჯარო მოსამსახურემ გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალობისა და კანონიერების პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს. დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობის ან სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო განკარგულების ან/და დავალების გაცემა. მუხლი 133 1. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეუფერხებლად გაცემის მექანიზმის ნორმალური ფუნქციონირება. 2. დაუშვებელია საჯარო მოსამსახურემ მიზანმიმართულად გაავრცელოს საეჭვო, გადაუმოწმებელი ან/და მცდარი ინფორმაცია. 3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია საჯარო ინფორმაცია გასცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იმ საჯარო დაწესებულებისათვის დადგენილი ნორმებისა და სხვა მოთხოვნების დაცვით, სადაც ის მუშაობს. 4. თუ საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვა, მან ზუსტად უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმებით. აუცილებლობის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას ამ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვის საკითხი კანონით დადგენილი წესით. 5. საჯარო მოსამსახურემ უნდა მიიღოს საჭირო ზომები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, საჯარო მოსამსახურის რეპუტაციასთან დაკავშირებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული, პერსონალური მონაცემების შემცველი და სხვა ინფორმაციის (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით) კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად. ეს მოთხოვნა საჯარო მოსამსახურეზე მისი სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგაც ვრცელდება. მუხლი 134 1. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს იმ სარგებლის შეთავაზების ან მიღების უფლება, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო სამსახურში ან/და საჯარო სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: ა) ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე; ბ) მიიღოს ზომები ინტერესთა შეუთავსებლობის ნებისმიერი შემთხვევის დაუშვებლობისათვის; გ) განაცხადოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნამდე/არჩევამდე ან დანიშვნის/არჩევის შემდეგ, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტი. 3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნიდან/არჩევიდან 1 თვის ვადაში, ხოლო შემდგომ – ყოველი მომდევნო კალენდარული წლის 1 თებერვლამდე, საჯაროდ განაცხადოს მასთან დაკავშირებული იმ პირის შესახებ, რომელიც მუშაობს იმავე საჯარო დაწესებულებაში, სადაც საქმიანობს საჯარო მოსამსახურე. საჯარო მოსამსახურის სათანადო წერილობითი განცხადება, რომელშიც მითითებულია მასთან დაკავშირებული პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და მათი კავშირის ამსახველი ინფორმაცია, წარედგინება და აღირიცხება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულში. 4. ამ თავის მიზნებისათვის „საჯარო მოსამსახურესთან დაკავშირებულ პირში“ იგულისხმება ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირები, აგრეთვე სხვა პირი, რომლებთანაც საჯარო მოსამსახურეს აქვს ერთიანი საოჯახო მეურნეობა (შინამეურნეობა), ანუ ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. მუხლი 135 1. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე. 2. თუ გაურკვეველია, აქვს თუ არა საჯარო მოსამსახურეს შეთავაზებული საჩუქრის ან ნებისმიერი სარგებლის მიღების უფლება ან/და მომსახურებით სარგებლობის უფლება, იგი ვალდებულია ამის შესახებ განაცხადოს. 3. საჯარო მოსამსახურისათვის ამ კანონით აკრძალული სარგებლის შეთავაზების შემთხვევაში იგი ვალდებულია: ა) არ მიიღოს ასეთი სარგებელი, ხოლო შეთავაზების შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელს და ბიუროს; ბ) შეეცადოს იმ პირის იდენტიფიცირებას, რომელმაც ასეთი წინადადება შესთავაზა; გ) შეზღუდოს იმ პირთან კონტაქტი, რომელმაც ასეთი წინადადება შესთავაზა, და შეეცადოს მისი შეთავაზების საფუძვლის დადგენას; დ) თუ საჩუქარზე უარის თქმა ან მისი დაბრუნება შეუძლებელია, საჩუქარი 3 სამუშაო დღის ვადაში გადასცეს შესაბამის სახელმწიფო სამსახურს – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. 4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ ნებისმიერი დანაშაულებრივი ან სხვა უკანონო ქმედების ჩადენის შესახებ მტკიცებულების ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეტყობინებით ამხილოს იგი ამ კანონით დადგენილი წესით. 5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 12. მე-14 მუხლის: ა) მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. 3. თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობიდან განთავისუფლებიდან 1 წლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ იგი სხვა თანამდებობაზე არ განწესდება, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. 4. პირი, რომელსაც იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში დროებით დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის ფუნქციების შესრულება კონკრეტული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა, თავისუფლდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ბიურო გასცემს დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს და პირს განუმარტავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბიუროს უფროსი ამის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რაც შესაძლებელია გახდეს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელისთვის ან საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისაგან.“; დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები: „11. თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოცემის ვადის გასვლის შემთხვევაში დეკლარაციის შევსების 2-თვიანი ვადის ათვლა დაიწყება პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდების მომენტიდან. 12. ბიურო უფლებამოსილია პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების ფარგლებში განუსაზღვროს დამატებით 48-საათიანი ვადა დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების რედაქტირებისათვის.“. 13. მე-15 მუხლის: ა) „გ“–„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პირის, მისი ოჯახის წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი, პირთან ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი; დ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაშია – აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა და პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა), შეძენის თარიღი, შეძენის ფორმა, გადახდილი საფასურის ოდენობა, საერთო ფართობი და ადგილმდებარეობა; ე) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშის ან/და შენატანის, ნაღდი ფულადი თანხის გარდა), რომელთაგან თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაშია – აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა და პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა), შეძენის თარიღი, შეძენის ფორმა და გადახდილი საფასურის ოდენობა; ვ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები – ფასიანი ქაღალდის ემიტენტი, მესაკუთრის ვინაობა, ფასიანი ქაღალდის სახეობა, გადახდილი საფასურის ოდენობა, ნომინალი და რაოდენობა;“; ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა 4 000 ლარს აღემატება, – ფულადი თანხის მესაკუთრის ვინაობა, ფულადი თანხის წყარო და ფულადი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში; ი) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობა და არაპირდაპირი მონაწილეობა. საწარმოს საქმიანობაში პირდაპირი მონაწილეობისას: საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირი, მონაწილეობის ფორმა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი), საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი, წილის ნომინალი, საწარმოს კაპიტალის ოდენობა, მონაწილეობის პერიოდი და საანგარიშო წლის განმავლობაში საწარმოდან მიღებული შემოსავლის ოდენობა. საწარმოს საქმიანობაში არაპირდაპირი მონაწილეობისას: სხვა საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახეობა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი), სხვა საწარმოს კაპიტალში საწარმოს წილის პროცენტული ოდენობა;“. 14. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობას, დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩაბარების კონტროლს უზრუნველყოფს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს ასრულებს ბიურო.“; ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, შენახვას და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს;“. 15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი: „მუხლი 181 1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს ბიურო. 2. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია: ა) თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა; ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადება. 3. ყოველწლიურად შესამოწმებელ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს აგრეთვე მიეკუთვნება ბიუროს უფროსის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შერჩეული დეკლარაციები. განსაკუთრებული ფაქტორებია: განსაკუთრებული კორუფციული რისკი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ყოველწლიურად შესამოწმებელი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების რაოდენობა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ყოველწლიურად შესამოწმებელი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში შეირჩევა. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს ბიუროს უფროსი. დამოუკიდებელ კომისიაში საჯარო მოსამსახურეები არ შედიან. 7. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით ხორციელდება. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები ყოველი კალენდარული წლის ბოლოს პროაქტიულად ქვეყნდება. 8. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შემთხვევაში ბიურო შესაბამის თანამდებობის პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობებს მონიტორინგის დაწყების შესახებ და განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას მონიტორინგისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მათ შორის, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან) და საკუთარი მოსაზრების წარმოსადგენად. 9. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით. 10. შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 11. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში. 13. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას ბიურო ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს. 14. საჯარო მოსამსახურის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის პრინციპის ბრალეული დარღვევა, თუ ეს ქმედება დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის, იწვევს საჯარო მოსამსახურის დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.“. 16. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს, მიიღოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლი და გაეცნოს მას, გარდა ამ დეკლარაციაში აღნიშნული პირადი ნომრისა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის ნომრისა, თანამდებობაზე პირველად განწესებამდე პერიოდისთვის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგი პერიოდისთვის მიკუთვნებული ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა და დეკლარაციის საიდუმლო გრაფისა, აგრეთვე იმ თანამდებობის პირის დეკლარაციისა, რომლის თანამდებობას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლოობის გრიფი აქვს მინიჭებული.“. 17. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პასუხისმგებლობა ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის“. 18. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ბიუროს უფროსი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თანამდებობის პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არაუგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ბიუროსთვის წარდგენის მომენტიდან. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.“; გ) მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ან სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაცია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს. 5. იმ საჯარო მოსამსახურის მიერ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დარღვევა, თუ ეს ქმედება დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის, იწვევს საჯარო მოსამსახურის დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. 6. თუ საჯარო მოსამსახურე, რომელმაც დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა და რომელსაც ამ ქმედებისათვის შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გარდა თანამდებობიდან განთავისუფლებისა, 3 წლის განმავლობაში ჩაიდენს ახალ, ამ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, იგი ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო გათავისუფლებას.“. 19. 201 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მხილება – პირის (მამხილებლის) მიერ განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან/და საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმირება საჯარო მოსამსახურის (მხილებულის) მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შემცველი ნორმების დარღვევის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელმაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საჯარო ინტერესს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების რეპუტაციას. მხილებად ჩაითვლება აგრეთვე მამხილებლის მიერ ზემოაღნიშნული დარღვევის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;“; ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) განცხადების განმხილველი ორგანო – შესაბამისი საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის ან/და სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი; დ) იძულებითი ზომები – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, ან მამხილებლის თანხმობის გარეშე მისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა, ხელშეკრულების პირობების გაუარესება, სამსახურში მიღებაზე, აღდგენაზე ან დაწინაურებაზე უარის თქმა ან/და სხვა ქმედება, რომელმაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს მამხილებლის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეზღუდვა ან მისი სამსახურებრივი მდგომარეობის ან/და სამუშაო პირობების გაუარესება;“. 20. 202 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მხილება კეთილსინდისიერი უნდა იყოს და უნდა ემსახურებოდეს საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შემცველი ნორმების დარღვევის თავიდან აცილებას, გამოვლენას ან აღკვეთას ან/და საჯარო ინტერესის დაცვას.“. 21. 203 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მხილება შეიძლება განხორციელდეს წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ან სხვა საშუალებით.“. 22. 204 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ მამხილებლის მიმართ დისციპლინური წარმოება ან ადმინისტრაციული სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს, ის უნდა შეჩერდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დისციპლინური წარმოება, ადმინისტრაციული სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან სისხლის სამართლის პროცესი მხილების ფაქტთან დაკავშირებული არ არის; ბ) ამ მუხლით დადგენილი დაცვის გარანტიებით სარგებლობის მიზანია სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელყოფა, მისი კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივება.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მამხილებელი უფლებამოსილია განცხადების განმხილველი ორგანოს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევა გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 23. 207 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ მხილების განცხადება მიმართულია საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის ან/და სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს. 2. თუ მხილების განცხადება მიმართულია საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის ან/და სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს.“. 24. 2010 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მხილების განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის, აღსრულებისა და გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-18 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-6−მე-9 პუნქტები, მე-11 პუნქტით გათვალისწინებული კანონის III 1 თავის სათაური და 13 5 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-12 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-13−მე-18 პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-10 პუნქტები და მე-11 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 13 1−13 4 მუხლები და 13 5 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. |
ქუთაისი, 27 ოქტომბერი 2015 წ. N4358-Iს |
დოკუმენტის კომენტარები