„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილება-დამატებების შეტანის თაობაზე

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილება-დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 03/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 040230000.17.010.016049
10
03/11/2015
ვებგვერდი, 06/11/2015
040230000.17.010.016049
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილება-დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №10

2015 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილება-დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით (სსმ III, 14.12.2005 წ., №145, მუხლი 1620) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება-დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ჩასატარებელ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები გამოვლინდა აუქციონის დაწყებამდე, კომისია დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს აუქციონის დაწყებამდე, სააუქციონო სხდომაზე. 

 

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინარსის მე-4 პუნქტი:

„4. იმ შემთხვევაში, თუ პირს სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, მაგრამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არსებობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების შეზღუდვის საფუძველი, პირი ვალდებულია აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში მიუთითოს, რომ აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში იგი უარს განაცხადებს მის მფლობელობაში არსებულ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიაზე/ლიცენზიებზე მთლიანად ან/და ნაწილობრივ, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობას. კონკრეტული აუქციონის დაწყები წინ ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია დააზუსტოს თუ კონკრეტულად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის რომელ ლიცენზიას/ლიცენზიებს თმობს მთლიანად ან/და ნაწილობრივ და მოითხოვოს ლიცენზიის/ლიცენზიების მთლიანად ან/და ნაწილობრივ გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება; ამგვარი გარემოების არსებობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაუშვას პირი აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, მხოლოდ იმ პირობით, რომ მის მიერ დათმობილ იქნება მის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია/ლიცენზიები მთლიანად ან/და ნაწილობრივ, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობას;  ამ შემთხვევაში ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ლიცენზიით/ლიცენზიებით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსის დათმობილი ნაწილის/ნაწილების გამოყენება ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად. კომისიის მიერ ზემოაღნიშნული გარემოებებისა და პირობების გათვალისწინებით პირის აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაშვების შემდეგ ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ვალდებულია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება პირის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის/ლიცენზიების გაუქმების მიზნით.".

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41.სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას აუქციონის პირობებთან. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.  კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან კვლავ არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სააუქციონო სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ."

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონის სხდომის თავმჯდომარე აუქციონის დაწყებამდე ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას აუქციონის პირობებთან, მათ შორის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და წინამდებარე დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობას, ასევე ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილებას. წარმომადგენლობით უფლებამოსილებაში მითითებული უნდა იყო კონკრეტულად ყველა იმ უფლებამოსილების თაობაზე, რა უფლებამოსილებითაც აღჭურვილია წარმომადგენელი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით. თუ ერთი ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ პირს, სხდომის თავმჯდომარე მიმართავს მათ, რომ დაასახელონ ერთი პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აუქციონში;".

5. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე- მუხლი:

„მუხლი 51 რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის  (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ფარგლებში ხელმისაწვდომ რადიოსიხშირულ რესურსზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის/ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების ფარგლებში წარსადგენი დოკუმენტაცია და აუქციონების ჩატარების წესი

1. რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის  (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ფარგლებში ხელმისაწვდომ რადიოსიხშირულ რესურსზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის/ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით ლიცენზიის მაძიებელი კომისიაში წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ რამდენ აუქციონში მონაწილეობის მიღებას ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

2. განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. განცხადებას ასევე თანდართული უნდა ჰქონდეს ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყო კონკრეტულად ყველა იმ უფლებამოსილების თაობაზე, რა უფლებამოსილებითაც აღჭურვილია წარმომადგენელი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

3. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი იმდენ ლიცენზიაზე, რამდენი ლიცენზიის მიღების მიზნით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მიღებასაც ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი. განცხადებას ასევე თან უნდა დაერთოს რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბეს) გადახდის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც საკმარისი უნდა იყოს ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონში/აუქციონებში შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში მისაღები ლიცენზიით/ლიცენზიებით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის დასაფარად. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% (ბე) ირიცხება კომისიის ანგარიშზე და ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში;

5.სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას აუქციონის პირობებთან. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან კვლავ არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სააუქციონო სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ;

6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-სა (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის დაბრუნების საკითხები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში/აუქციონებში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% გადახდილი ბეს სახით ექვემდებარება დაბრუნებას;

ბ) თუ ლიცენზიის მაძიებელმა მონაწილეობა მიიღო აუქციონში/აუქციონებში და ვერ გაიმარჯვა, მას უბრუნდება რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% – გადახდილი ბეს სახით, სალიცენზიო მოსაკრებელი დაბრუნებას არ ექვემდებარება;

გ) თუ ლიცენზიის მაძიებელმა გაიმარჯვა აუქციონში/აუქციონებში, მაგრამ მის მიერ რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა არ განხორციელდა აუქციონში/აუქციონებში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში, აუქციონში/აუქციონებში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბეს სახით გადახდილი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% და სალიცენზიო მოსაკრებელი;

დ) თუ ლიცენზიის მაძიებელს აუქციონში/აუქციონებში მონაწილეობა შეეზღუდა კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მას  სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% – გადახდილი ბეს სახით უკან უბრუნდება;

ე) წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული, კომისიის მიერ ლიცენზიის მაძიებლის განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის აუქციონში/აუქციონებში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელს სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% – გადახდილი ბეს სახით (არსებობის შემთხვევაში) უკან არ უბრუნდება;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% – გადახდილი ბეს სახით მას აძლევდა საშუალებას მონაწილეობა მიეღო აუქციონში/აუქციონებში, მაგრამ ლიცენზიის მაძიებელმა უარი განაცხადა აუქციონში/აუქციონებში მონაწილეობის მიღებაზე და მის მიერ მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% (ბე) მეტია იმ აუქციონის/აუქციონებისთვის გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ზე ან საფასურის 10%-ის ჯამზე, რომელ აუქციონში/აუქციონებშიც მან მონაწილეობა მიიღო, ლიცენზიის მაძიებელი კარგავს სხვაობას მის მიერ მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით გადახდილ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-სა (ბე) და იმ აუქციონის/აუქციონებისთვის გათვალისწინებულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ს ან საფასურის 10%-ის ჯამს შორის, რომელ აუქციონშიც/აუქციონებშიც მან მონაწილეობა მიიღო, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% (ბე) ნაკლები ან ტოლია იმ აუქციონის/აუქციონებისთვის გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ზე ან საფასურის 10%-ის ჯამზე, რომელ აუქციონში/აუქციონებშიც მან მონაწილეობა მიიღო, მას ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% (ბე) უკან უბრუნდება ბეს სახით გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის იმ 10%-ს გამოკლებით, რომელიც გათვალისწინებულია იმ აუქციონისთვის, რომელშიც ლიცენზიის მაძიებელმა გაიმარჯვა. ამ შემთხვევებში ლიცენზიის მაძიებელს სალიცენზიო მოსაკრებელი უკან არ უბრუნდება.

7. წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის მაძიებელს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10% გადახდილი ბეს სახით, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით უბრუნდება კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადებაში მითითებული უნდა იქნას საბანკო რეკვიზიტები, სადაც კომისიის მიერ გადაირიცხება აღნიშნული თანხა.

8. აუქციონის გამართვის ზოგადი წესი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით.

9. აუქციონის სხდომის თავმჯდომარე აუქციონის დაწყებამდე ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას აუქციონის პირობებთან, მათ შორის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და წინამდებარე დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობას, ასევე ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილებას. წარმომადგენლობით უფლებამოსილებაში მითითებული უნდა იყო კონკრეტულად ყველა იმ უფლებამოსილების თაობაზე, რა უფლებამოსილებითაც აღჭურვილია წარმომადგენელი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით. თუ ერთი ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ პირს, სხდომის თავმჯდომარე მიმართავს მათ, რომ დაასახელონ ერთი პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აუქციონში.

10. აუქციონის დასაწყისად ითვლება სხდომის თავმჯდომარის მიერ რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობის და აუქციონის ბიჯის გამოცხადება. აუქციონის ბიჯი უცვლელია და შეადგენს სარგებლობის ლიცენზიის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე.

11. სხდომის თავმჯდომარე იმ პირებს შორის, რომლებიც გამოცხადდნენ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, ატარებს წილისყრას. თითოეული მონაწილე ყუთიდან იღებს კონვერტს, რომელშიც მოთავსებულია რიგითი ნომერი. კონვერტი და მასში მოთავსებული რიგითი ნომერი არის იმდენივე, რამდენი მონაწილეცაა. ყუთიდან კონვერტის ამოღების რიგითობა განისაზღვრება კომისიაში განაცხადების შემოტანის თარიღის და დროის მიხედვით – პირველი კონვერტს ამოიღებს ის ლიცენზიის მაძიებლი ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენელი, რომელმაც პირველმა შემოიტანა განაცხადი და ა.შ.

12. მონაწილის მიერ ამოღებული რიგითი ნომერი განსაზღვრავს აუქციონის მიმდინარეობისას მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირების რიგითობას.

13. აუქციონის თითოეული მონაწილე მისთვის მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით აცხადებს მის მიერ შეთავაზებული რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობას. აუქციონის მონაწილის მიერ პირველად დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ბიჯის ჯამისა. აუქციონის მონაწილის მიერ ყოველი მომდევნო თანხის დაფიქსირება ხდება უკანასკნელ დაფიქსირებულ თანხაზე აუქციონის ბიჯის დამატებით. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს აუქციონის ბიჯზე ჯერადად მეტი თანხა.

14. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს თავისი შეთავაზება გააკეთოს წინა მონაწილის მიერ თანხის დასახელებიდან 10 წთ-ის განმავლობაში. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს მოითხოვოს ერთი ნახევარსაათიანი შესვენება. ორივე შემთხვევაში მონაწილეს უფლება აქვს გავიდეს აუქციონის დარბაზიდან. თუ მითითებული დროის გასვლის შემდეგ მონაწილე არ დააფიქსირებს თანხას, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა თანხის დასახელებაზე.

15. აუქციონში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც აუქციონის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას.

16. თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

17. აუქციონის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც აუქციონის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება კომისიის ბეჭდით.

18. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება.

19. რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. 1 თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე იღებს რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი  დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, რა დროსაც ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი მორიგი  გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

20. თუ კომისიამ ამ მუხლის მე-19 პუნქტით განსაზღვრული გარემოებისას მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, და აუქციონში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონში მონაწილე იმ პირის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, რომელსაც კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%) და რომელსაც აუქციონის მიმდინარეობისას დაფიქსირებული აქვს აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებული პირის მიერ დაფიქსირებულ თანხაზე შედარებით ნაკლები, მაგრამ სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტი თანხა. მის მიერ დაფიქსირებულ თანხასა და  აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებული პირის მიერ  დაფიქსირებულ თანხას შორის სხვაობა არ უნდა იყოს 2 ბიჯზე მეტი. ამავე დროს, პირს კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შეზღუდული არ უნდა ჰქონდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება.

21. თუ არ არსებობს აუქციონის ისეთი მონაწილე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისია აუქციონს აცხადებს ჩაშლილად;“. 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიმერაბ ქათამაძე
კომისიის წევრიკახი ბექაური
თავმჯდომარევახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრიელისო ასანიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე