საქართველოს კანონის პროექტი - „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს კანონის პროექტი - „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 05/10/2015
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016345
  • Word
0
05/10/2015
ვებგვერდი, 05/10/2015
000000000.00.00.016345
საქართველოს კანონის პროექტი - „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი

საქართველოს კანონი

ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  „ნოტარიატის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-2 5 პუნქტები:

„21. ახლადდანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში, ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ამ კანონის მიზნებისათვის, „მაღალმთიანი დასახლების“ სტატუსი განისაზღვრება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

22. იმ დასახლებათა, მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა, ნუსხას, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

23. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ ნოტარიუსს საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს ნოტარიუსთა პალატა. ნოტარიუსისათვის ფინანსური დახმარების გაწევის წესს, იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ადგენს ნოტარიუსთა პალატა.

24. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული სამწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ნოტარიუსს შეუძლია გააგრძელოს სანოტარო საქმიანობა იმავე ან საქართველოს ნებისმიერ სხვა დასახლებაში. თუ ეს დასახლება იმ დროისათვის შეტანილი იქნება ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში, ნოტარიუსს, შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს ნოტარიუსთა პალატა ამავე მუხლის 23 პუნქტით დადგენილი წესით.

 25. ნებისმიერ ნოტარიუსს, რომელიც სანოტარო ბიუროს განათავსებს ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში, შესაბამისი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს ნოტარიუსთა პალატა ამ მუხლის 23 პუნქტით დადგენილი წესით.“.

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში სანოტარო საქმიანობის დაწყების შემთხვევაში ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსს დანიშვნისთანავე აუნაზღაურებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის გადახდილ საფასურს.“.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნისას იუსტიციის მინისტრი სანოტარო ბიუროს განთავსების ადგილად მიუთითებს ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებას.“.

4. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) რომელიც უარს ამბობს ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში სანოტარო საქმიანობის განხორციელებაზე.“.

5. მე-16 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ყოველი წლის დასაწყისში, არა უგვიანეს 1 თებერვლისა, იუსტიციის მინისტრი ბრძანებით განსაზღვრავს ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალურ ოდენობას და იმ დასახლებათა, მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა, ნუსხას, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური ოდენობა არ უნდა იყოს ამ ოდენობის დადგენის დროისათვის თანამდებობაზე მყოფი ნოტარიუსების საერთო ოდენობაზე ნაკლები.“.

6. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) სანოტარო საქმიანობის შეწყვეტა იმ დასახლებაში, სადაც იგი მე-11 მუხლის 21 პუნქტით დადგენილი წესით დაინიშნა.“.

7. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, რომელიც მისი სამუშაო ადგილია. სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობას, ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით  გათვალისწინებული თავისებურებების დაცვით, ირჩევს ნოტარიუსი. მას უფლება აქვს, სამუშაოზე აიყვანოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს პირები საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სანოტარო მოქმედების შესრულებით მიღებული შემოსავალი.“.

8. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნოტარიუსის შემოსავალს სამსახურებრივი საქმიანობიდან შეადგენს თანხა, რომელიც ნოტარიუსს რჩება სანოტარო ბიუროს შენახვის ხარჯების, კანონით დადგენილი გადასახადებისა და ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სავალდებულო გადასახდელების გადახდის შემდეგ იმ თანხიდან, რომელიც ნოტარიუსმა მიიღო საზღაურის სახით. ნოტარიუსის შემოსავალს შეიძლება აგრეთვე შეადგენდეს სხვა ფინანსური შენატანები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, მის მიერ ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში სანოტარო საქმიანობის განხორციელების განმავლობაში ნოტარიუსთა პალატისაგან ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალი.“.

მუხლი 2

1. პირს, რომელიც 2012 წლის 25 ოქტომბრიდან ნოტარიუსად დაინიშნა ისეთ დასახლებაში, მათ შორის, მაღალმთიან დასახლებაში, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შეტანილი იქნება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში, ნოტარიუსად დანიშვნიდან ამ კანონის ძალაში შესვლამდე გასული პერიოდი ჩაეთვლება ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ სამწლიან ვადაში, თუ იგი ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის სანოტარო საქმიანობას კვლავ ამ პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში ახორციელებს. აღნიშნული ნოტარიუსი ამ კანონის ამოქმედებიდან სამწლიანი ვადის გასვლამდე დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ნოტარიუსთა პალატისაგან მიიღებს ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ დახმარებას, თუ იგი ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის სანოტარო საქმიანობას კვლავ ამ პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში ახორციელებს.

2. პირი, რომელიც ნოტარიუსად დაინიშნა ისეთ დასახლებაში, მათ შორის, მაღალმთიან დასახლებაში, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შეტანილი იქნება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში და მისი დანიშვნიდან ამ კანონის ამოქმედებამდე სამი წელი ან მეტია გასული, ნოტარიუსთა პალატისაგან მიიღებს ამ კანონის მე-11 მუხლის 25 პუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ დახმარებას, თუ იგი ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის სანოტარო საქმიანობას კვლავ ამ პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში ახორციელებს.

3. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს იმ დასახლებათა, მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა, ნუსხის განსაზღვრა, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის;

ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით უზრუნველყოს მაღალმთიან დასახლებაში, ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, სანოტარო საქმიანობის განხორციელების განმავლობაში ნოტარიუსისათვის ფინანსური დახმარების გაწევის წესის დამტკიცება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს პრეზიდენტი                                                    გიორგი მარგველაშვილი

 

 

 

განმარტებითი ბარათი

 

ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

                                       საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

კანონპროექტის მომზადება სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. ფაქტია, რომ ამჟამად ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, მათი საცხოვრებელი ადგილის სანოტარო ბიუროების ადგილმდებარეობისაგან ტერიტორიული დაშორებიდან გამომდინარე, არ გააჩნია საკმარისი წვდომა სანოტარო მომსახურებაზე. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სანოტარო მომსახურების მიღების შესაძლებლობა საერთოდ არ არსებობს ან ასეთი მომსახურების მიღება უაღრესად გართულებულია. ამჟამად არც ერთი ნოტარიუსი არ ემსახურება 11 (წყალტუბოს, ქედას, ცაგერის, მესტიის, ვანის, ონის, ასპინძის, თიანეთის, ადიგენის, ამბროლაურის)  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას. ამასთან, 29 მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი ნოტარიუსი ემსახურება მოსახლეობას – ესენია საგარეჯოს, ყვარლის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, დუშეთის, ყაზბეგის, ქარელის, ბორჯომის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ხარაგაულის, საჩხერის, ბაღდათის, ხონის, ჭიათურის, თერჯოლის, ტყიბულის, აბაშის, მარტვილის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ლენტეხი, ოზურგეთისა და ქალაქ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, სადაც ნოტარიუსისთვის უფლებამოსილების შეჩერების, მისი გათავისუფლების, ან თუნდაც მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში, ეს მუნიციპალიტეტებიც შეიძლება დარჩეს სანოტარო მომსახურების გარეშე.

ამასთანავე, არა მხოლოდ ზემოხსენებულ მუნიციპალიტეტებში, არამედ, ზოგადად, საქართველოს დიდ ქალაქებს მიღმა, მათ შორის, მაღალმთიან დასახლებებში, ნოტარიუსები უარს აცხადებენ სანოტარო ბიუროების განთავსებაზე იმ მიზეზით, რომ სანოტარო საქმიანობის განხორციელების შედეგად მათ უფრო მეტი დანახარჯი აქვთ, ვიდრე შემოსავალი. შესაბამისად, დღეისათვის საქართველოში მოქმედი 252 ნოტარიუსიდან 146 ნოტარიუსი სანოტარო მომსახურებას ახორციელებს თბილისში, 12 – ბათუმში, 11 – ქუთაისში და მხოლოდ 83 ნოტარიუსი ემსახურება საქართველოს დარჩენილი ტერიტორიის შედარებით ნაკლებადდასახლებულ მუნიციპალიტეტებს.  

2013 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა წამოიწყო კამპანია – „ხელმისაწვდომი სანოტარო მომსახურება“, რაც გულისხმობდა ნოტარიუსობის კანდიდატების იმ პირობით დანიშვნას, რომ ისინი იმ დასახლებებს მოემსახურებოდნენ, სადაც სანოტარი მომსახურება ხელმისაწვდომი არ იყო (მოსახლეობას ნოტარიუსი არ ჰყავდა). ამ პოლიტიკის გატარების შედეგად პირველი ნოტარიუსი გაჩნდა წყალტუბოში, ვანში, ასპინძაში, თიანეთში, ქარელში, ახმეტაში, თერჯოლაში, ლენტეხში და ოზურგეთში, ხოლო მეორე ნოტარიუსი დაინიშნა ლაგოდეხში, ბოლნისში, დუშეთში, კასპში, სენაკსა და ფოთში. თუმცა, რამდენიმე ახლადდანიშნულმა ნოტარიუსმა, რომელმაც საკუთარი სანოტარო ბიურო გახსნა ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში, მოგვიანებით ისარგებლა საკანონმდებლო შეზღუდვის არარსებობით – რამდენიმე თვეში მიატოვა დასახლება და გადმოვიდა თბილისის ცენტრალურ რაიონში ან სხვა დიდ ქალაქში, სადაც დღესაც საქმიანობს. ამის შედეგად კვლავაც სანოტარო მომსახურების გარეშე დარჩა წყალტუბო, ასპინძა, ვანი და თიანეთი. დანარჩენი ნოტარიუსები დღემდე აგრძელებენ მომსახურებას პირვანდელი დანიშვნის დასახლებებში, თუმცა, მათ საქმიანობას ხელშეწყობა ჭირდება.

დღეისათვის, ნოტარიუსთა დიდი ოდენობიდან გამომდინარე, თბილისში დაცულია საშუალო ევროპული სტანდარტი (8 ნოტარიუსი ყოველ 100 000 მოსახლეზე) და ის ყოველ 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 12,4 ნოტარიუსს შეადგენს. იგივე სტანდარტი დაცულია ბათუმსა (7,8) და ქუთაისში (7,3). დანარჩენი მუნიციპალიტეტები კი სანოტარო მომსახურების დიდ დეფიციტს განიცდის.

არსებული მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების გზით. ამ ცვლილებების მიმართ დიდია იმ მოქალაქეთა მოლოდინი, ვისაც საათობით უწევს მგზავრობა, თუნდაც, მარტივი სანოტარო მომსახურების მისაღებად.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია ქვეყანის მოსახლეობის იმ ნაწილის სანოტარო მომსახურებით უზრუნველყოფა, რომელიც ამჟამად აღნიშნული მომსახურების მიღების შესაძლებლობას მოკლებულია. ამასთან, კანონპროექტის მიზანია შესაბამის დასახლებებში განწესებული ნოტარიუსებისათვის საქმიანობის განხორციელების ხელსაყრელი პირობებისა და საკანონმდებლო გარანტიების შექმნა.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტი შემდეგ ძირითად საკითხებს ითვალისწინებს:

Ø      კანონპროექტის თანახმად, ახლადდანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას განახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში, ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ასეთ დასახლებათა ნუსხას იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს. ამასთან, ახლადდანიშნული ნოტარიუსისთვის სანოტარო ბიუროს განთავსების ადგილს (დასახლებას), მის ნოტარიუსად დანიშვნასთან ერთად, იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს, ხოლო სანოტარო ბიუროს კონკრეტულ ადგილმდებარეობას, განსაზღვრული დასახლების ფარგლებში, თავად ნოტარიუსი აირჩევს.

Ø      ისეთ დასახლებაში, სადაც ან სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში, ახლადდანიშნული ნოტარიუსებისთვის კანონპროექტი ადგენს გარკვეულ სოციალურ გარანტიებს – ნოტარიუსის წახალისებისა და მისი საქმიანობის განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, შესაბამის ნოტარიუსს საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას გაუწევს ნოტარიუსთა პალატა.

ნოტარიუსთა ფინანსური დახმარების ინსტიტუტი ამჟამადაც არსებობს, თუმცა, აუცილებელია მისი ფორმალიზება, დეტალიზაცია და იმ კრიტერიუმების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ნოტარიუსს შესაბამისი ფინანსური დახმარება გაეწევა. დღეისათვის ის ნოტარიუსი, რომლის შემოსავალიც 1500 ლარზე ნაკლებია (ე.წ. მცირეშემოსავლიანი ნოტარიუსი), ნოტარიუსთა პალატისაგან ღებულობს ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით, ზოგ შემთხვევაში კი ამ უკანასკნელს ნოტარიუსთა პალატა უნაზღაურებს ბინის ქირის საფასურს, ყიდულობს საქმიანობს განხორციელებისათვის აუცილებელ ტექნიკას და სხვ. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ კი განსაზღვრული კატეგორიის ნოტარიუსებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა აღარ იქნება ნოტარიუსთა პალატის კეთილ ნებაზე დამოკიდებული და ამგვარი დახმარების გაწევა მის ვალდებულებად იქცევა.

ნოტარიუსად დანიშვნიდან სამწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ნოტარიუსს შესაძლებლობა ექნება იმავე დასახლებაში გააგრძელოს სანოტარო საქმიანობა ან თავისი სანოტარო ბიურო ნებისმიერ სხვა ადგილას გადაიტანოს. ამასთან, თუ ეს დასახლება იმ დროისათვის იმ დასახლებათა ნუსხაში იქნება შეტანილი, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის,  ნოტარიუსთა პალატა ვალდებული იქნება გააგრძელოს ნოტარიუსისათვის ფინანსური დახმარების გაწევა.

ნოტარიუსისათვის ფინანსური დახმარების გაწევის წესი არა მხოლოდ ახლადდანიშნულ, არამედ საქართველოს ყველა ნოტარიუსზე გავრცელდება – ნებისმიერ მოქმედ ნოტარიუსს, რომელიც სანოტარო ბიუროს მაღალმთიან დასახლებაში, ან ისეთ დასახლებაში განათავსებს, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, შესაბამისი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას ნოტარიუსთა პალატა გაუწევს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ისეთ დასახლებაში, სადაც ან სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, მათ შორის, მაღალმთიან დასახლებაში, ახლადდანიშნულს ნოტარიუსს ნოტარიუსთა პალატა დანიშვნისთანავე აუნაზღაურებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის გადახდილ საფასურს, რომლის ოდენობაც 150 ლარს შეადგენს.

Ø      ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად განისაზღვრება ნოტარიუსობის კანდიდატის უარი შესაბამის დასახლებაში განწესების შესახებ, ხოლო თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად – ამ დასახლებაში სანოტარო საქმიანობის სამი წლის ვადის ამოწურვამდე შეწყვეტა;

Ø      კანონპროექტის გარდამავალი დებულების სახით განისაზღვრება, რომ პირს, რომელიც 2012 წლის 25 ოქტომბრიდან ნოტარიუსად დაინიშნა იმ დასახლებაში, მათ შორის, მაღალმთიან დასახლებაში, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შეტანილი იქნება იმ დასახლებათა ნუსხაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, კანონით გათვალისწინებულ სამწლიან ვადაში ჩაეთვლება ნოტარიუსად დანიშვნიდან ამ კანონის ძალაში შესვლამდე გასული დრო. ამასთან, კანონის ამოქმედებიდან სამწლიანი ვადის გასვლამდე დარჩენილი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული ნოტარიუსი ნოტარიუსთა პალატისაგან მიიღებს ფინანსურ დახმარებას, თუ იგი სანოტარო საქმიანობას კვლავაც ასეთ დასახლებაში ახორციელებს. გარდა ამისა, ნოტარიუსთა პალატისაგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს ის პირიც, რომელიც ნოტარიუსად დაინიშნა იმ დასახლებაში, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შეტანილი იქნება იმ დასახლებათა ნუსხაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, და მისი დანიშვნიდან ამ კანონის ამოქმედებამდე სამი წელი ან მეტია გასული, თუ იგი ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის სანოტარო საქმიანობას კვლავ ასეთი სტატუსის მქონე დასახლებაში ახორციელებს.

 

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტით განსაზღვრული კატეგორიის ნოტარიუსების ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საკუთარი შემოსავლებიდან განხორციელდება.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. კანონპროექტით განსაზღვრული კატეგორიის ნოტარიუსების ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საკუთარი შემოსავლებიდან განხორციელდება და, შესაბამისად, გავლენას იქონიებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტის მიღების შედეგად, პირები, რომლებიც ნოტარიუსებად დაინიშნებიან მაღალმთიან დასახლებაში ან იმ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში ნოტარიუსთა პალატისაგან მიიღებენ ფინანსურ დახმარებას. ფინანსური დახმარების იგივე წესი გავრცელდება ამჟამად მოქმედ ყველა ნოტარიუსზე, რომელიც სანოტარო ბიუროს მაღალმთიან დასახლებაში, ან ისეთ დასახლებაში განათავსებს, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ამასთან, ისეთ დასახლებაში, სადაც ან სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, მათ შორის, მაღალმთიან დასახლებაში, ახლადდანიშნულს ნოტარიუსს ნოტარიუსთა პალატა დანიშვნისთანავე აუნაზღაურებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის გადახდილ საფასურს, რომლის ოდენობაც 150 ლარს შეადგენს.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი ითვალისწინებს სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ ფინანსური დახმარების გაწევას იმ პირებისათვის, რომლებიც სანოტარო საქმიანობას ახორციელებენ მაღალმთიან დასახლებაში ან  იმ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ნოტარიუსისათვის ფინანსური დახმარების გაწევის წესს, იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, დაადგენს ნოტარიუსთა პალატა. ამასთან, ისეთ დასახლებაში, სადაც ან სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, მათ შორის, მაღალმთიან დასახლებაში, ახლადდანიშნულს ნოტარიუსს ნოტარიუსთა პალატა დანიშვნისთანავე აუნაზღაურებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის გადახდილ საფასურს, რომლის ოდენობაც 150 ლარს შეადგენს.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ   სტანდარტებთან

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები      

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსულტაციები ნოტარიუსთა პალატასთან 2014 წლის 13 აპრილს დაიწყო, როდესაც ნოტარიუსთა კორპუსთან შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა წამოჭრა საქართველოს ზოგიერთ დასახლებაში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში, სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის არარსებობასთან ან ასეთი მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემური საკითხები. არსებული პრობლემების კანონპროექტით შემოთავაზებული გზით აღმოფხვრას მხარს უჭერს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და, შესაბამისად, მასთან ამ თემაზე მიღწეულია კონსენსუსი. რეფორმას მხარს უჭერს ასევე ნოტარიატის საერთაშორისო კავშირი (UINL), რომლის მიერ წარმოგზავნილმა ექსპერტებმაც მოიწონეს საკითხის მიმართ კანონპროექტით შემოთავაზებული მიდგომა.

  დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული  

რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება

 

მუხლი 11. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები

1. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2. პირი გათავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი სამოქალაქო, საერთაშორისო კერძო სამართლის ან სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციალობაში.

3. ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი უთანაბრდება საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს. იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს, ნოტარიუსს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადების საფუძველზე გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით.

მუხლი 12. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა

1. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (ტესტირება) მოიცავს ორ ეტაპსპროფესიულ ნაწილსა და ზოგად უნარ-ჩვევებს (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს).

2. პირი გათავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პროფესიული ნაწილის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით, ან ეკავა მოსამართლის თანამდებობა და ამ გამოცდის ჩაბარებიდან/მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე გასული არ არის 2 წელზე მეტი, ან უკავია მოსამართლის თანამდებობა.

3. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

4. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

5. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. პირი ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის იხდის საფასურს 150 ლარის ოდენობით.

6. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები კარგავს ძალას, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან 2 წლის განმავლობაში არ განახორციელებს სანოტარო საქმიანობას. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პირი ვალდებულია ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად ხელახლა ჩააბაროს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

მუხლი 13. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნა

1. ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი.

2. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გაივლის კონკურსს, რომლის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

3. გადაწყვეტილება ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 14. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის საფუძვლები

ნოტარიუსის თანამდებობაზე არ დაინიშნება პირი:

) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

1 ) რომელიც ვერ გაივლის კონკურსს ;

) რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე;

1 ) რომელიც ნასამართლევია უშუალოდ სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა;

) რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;

) რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ან/და რომელსაც შეუწყდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო;  [ძალადაკარგულია  ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული პირების ნოტარიუსად დანიშვნას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით  –  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/5//556 – ვებგვერდი, 25.11.2014. ]

) რომელიც გათავისუფლდა ნოტარიუსის თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;

) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

) რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სანოტარო საქმიანობის უფლება;

) თუ ნოტარიუსთა თანამდებობები შევსებულია მოცემული წლისათვის იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობის შესაბამისად.

მუხლი 16. ნოტარიუსის რეგისტრაცია საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და მის მიერ სანოტარო საქმიანობის დაწყება

1. ნოტარიუსი თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 თვის ვადაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატას წარუდგენს:

) სამსახურებრივ ბეჭედს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს;

) სავალდებულო პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;

) დოკუმენტს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციითდადგენილი წესის შესაბამისად აღჭურვილი სანოტარო ბიუროს მფლობელობის/საკუთრების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს ნოტარიუსის რეგისტრაციას საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და ანიჭებს ნოტარიუსს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უფლებას, რის შემდეგაც ნოტარიუსი უფლებამოსილია განახორციელოს სანოტარო საქმიანობა.

3. (ამოღებულია22.05.2012,№6255 ).

4. საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

5. ყოველი წლის დასაწყისში, არა უგვიანეს 1 თებერვლისა, იუსტიციის მინისტრი ბრძანებით განსაზღვრავს ნოტარიუსთა თანამდებობ ებ ის მაქსიმალურ რაოდენობას. ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა იყოს ამ რაოდენობის დადგენის დროისათვის თანამდებობაზე მყოფი ნოტარიუსების საერთო რაოდენობაზე ნაკლები.

მუხლი 18. ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. ნოტარიუსს უფლებამოსილება უწყდება თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

2. ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) ნოტარიუსის წერილობითი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელიც წარედგინება იუსტიციის მინისტრს;

ბ) ნოტარიუსის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) ნოტარიუსის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენა, რაც იწვევს ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებას;

ე) ნოტარიუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას;

ვ) ნოტარიუსის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;

ზ) ნოტარიუსისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

თ) ნოტარიუსისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სანოტარო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;

ი) ნოტარიუსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;

კ) ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.

3. ნოტარიუსი, რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, ამოირიცხება საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან.

4. ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების ან ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი.

5. იმ ნოტარიუსის დოკუმენტაცია, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე გადაეცემა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

6. ნოტარიუსს, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, შეუძლია გაასაჩივროს იუსტიციის მინისტრის ბრძანება მისი ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში. ბრძანება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გადაცემულია უშუალოდ ნოტარიუსისათვის ან დაზღვეული წერილით გაგზავნილია ნოტარიუსის რეგისტრაციის ადგილზე. ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.

მუხლი 19. სანოტარო ბიურო

1. ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, რომელიც მისი სამუშაო ადგილია. სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობას ირჩევს ნოტარიუსი. მას უფლება აქვს, სამუშაოზე აიყვანოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს პირები საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სანოტარო მოქმედების შესრულებით მიღებული შემოსავალი.

2. ორ ან ორზე მეტ ნოტარიუსს შეიძლება ჰქონდეს საერთო სანოტარო ბიურო. ნოტარიუსთა უფლებები და მოვალეობები საერთო სანოტარო ბიუროს მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. საერთო სანოტარო ბიუროში თითოეული ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის. შესაძლებელია საერთო სანოტარო ბიუროს შექმნა მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით, გარდა სააქციო საზოგადოებისა. სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორი ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და ამ იურიდიულ პირთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს სანოტარო მოქმედების შედეგად დამდგარი ზიანისათვის. ნოტარიუსი არ შეიძლება იყოს ამ მუხლით გათვალისწინებულ სამეწარმეო იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე პირი.

3. ნოტარიუსს უფლება აქვს, სანოტარო საქმიანობის ორგანიზების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს თანხმობით შექმნას საერთო ბიურო ადვოკატთან, კერძო აღმასრულებელთან, თარჯიმანთან ან/და აუდიტორთან ერთად. ნოტარიუსისა და საერთო ბიუროს სხვა მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები საერთო ბიუროს მიმართ, აგრეთვე შემოსავლებისა და ხარჯების განაწილების წესი განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად ნოტარიუსმა და საერთო ბიუროს სხვა მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროს უნდა წარუდგინონ მომსახურების გაუმჯობესების გეგმა, რომლის შეფასების ძირითად კრიტერიუმებსაც განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

მუხლი 21. ნოტარიუსის შრომის ანაზღაურება და სანოტარო ბიუროს ფინანსები

1. ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია. ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საზღაურის გადახდევინების წესი, ასევე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ნოტარიუსის შემოსავალს სამსახურებრივი საქმიანობიდან შეადგენს თანხა, რომელიც ნოტარიუსს რჩება სანოტარო ბიუროს შენახვის ხარჯების, კანონით დადგენილი გადასახადებისა და ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სავალდებულო გადასახდელების გადახდის შემდეგ იმ თანხიდან, რომელიც ნოტარიუსმა მიიღო საზღაურის სახით. ნოტარიუსის შემოსავალს შეიძლება აგრეთვე შეადგენდეს სხვა ფინანსური შენატანები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

 

 

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.