საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 1106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1106
14/11/1997
პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997
060.000.000.05.001.000.301
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/04/1998 - 26/06/1998)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

წიგნი პირველი

ზოგადი დებულებანი

კარი პირველი

სასამართლო

თავი I

სამართალწარმოების ძირითადი დებულებანი

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

2. სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

    მუხლი 2. უფლების სასამართლო წესით დაცვა

1. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

2. განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

    მუხლი 3. დისპოზიციურობის პრინციპი

1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

    მუხლი 4. შეჯიბრებითობის პრინციპი

1. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

2. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

    მუხლი 5. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე

მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.

    მუხლი 6. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი დამორჩილება

1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

2. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.

3. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით.

    მუხლი 7. კანონისა და სამართლის ანალოგია

თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

    მუხლი 8. გადაწყვეტილების გამოტანა საქართველოს სახელით

სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.

    მუხლი 9. სამართალწარმოების ენა

სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი.

    მუხლი 10. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა

კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

თავი II

უწყებრივი ქვემდებარეობა

    მუხლი 11. სამოქალაქო საქმეების უწყებრივი დაქვემდებარება სასამართლოებისადმი

1. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ:

ა) სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის;

ბ) სახელმწიფო-სამართლებრივი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, საგადასახადო და სხვა ურთიერთობებიდან წარმოშობილ საქმეებს;

გ) საქმეებს მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ისეთი მოქმედების (უმოქმედობის) და გადაწყვეტილებათა არამართლზომიერების შესახებ, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, თუ მათი დაცვა, კანონის თანახმად, სხვა წესით არ ხორციელდება;

დ) საქმეებს მოქალაქეების მიერ ნორმატიული აქტების მართლზომიერების უარყოფის შესახებ, გარდა ისეთი ნორმატიული აქტებისა, რომელთა კონსტიტუციურობის შემოწმებაც შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში;

ე) საქმეებს საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და თანამდებობის პირებთან დავის შესახებ, აგრეთვე ამ ორგანიზაციებს შორის დავის შესახებ;

ვ) უდავო წარმოების საქმეებს.

2. კანონით, სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვაც.

3. ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.

4. სასამართლოები განიხილავენ საქმეებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე იმ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები.

    მუხლი 12. დავის გადაცემა განსახილველად არბიტრაჟისათვის

ქონებრივი დავა, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება გადაეცეს განსახილველად არბიტრაჟს.

თავი III

განსჯადობა

    მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი სამოქალაქო საქმეები

სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეებს განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, გარდა მე-14 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა.

    მუხლი 14. საოლქო სასამართლოების განსჯადი სამოქალაქო საქმეები

1. საოლქო სასამართლოები განიხილავენ:

ა) ეკონომიკურ (სამეურნეო) დავებს საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს (იურიდიულ პირებს) შორის, თუ სარჩელის ფასი აღემატება 100 000 ლარს;

ბ) სახელმწიფო-სამართლებრივი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს;

გ) საავტორო-სამართლებრივი ურთიერთობიდან და სამრეწველო საკუთრებიდან წარმოშობილ დავებს .

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ საქმეებზე საოლქო სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობის ფარგლებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

    მუხლი 15. საერთო განსჯადობა

1. სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი).

2. თუ მოპასუხეს არა აქვს საცხოვრებელი ადგილი, სარჩელი განიხილება სასამართლოში საქართველოს ტერიტორიაზე მისი ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ სარჩელი შეიძლება აღიძრას მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 16. განსაკუთრებული განსჯადობა

1. სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

3. სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით.

4. სარჩელები კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სასამართლოს წარედგინება მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ მამკვიდრებელი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ გარდაცვალების მომენტისათვის იგი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სასამართლოში სარჩელი შეიძლება აღიძრას საქართველოში მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის ან სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.

    მუხლი 17. სარჩელის აღძვრა მოპასუხის მიმართ, რომელსაც საქართველოში არა აქვს საცხოვრებელი ადგილი (ქონებრივი განსჯადობა)

სარჩელი იმ მოპასუხის მიმართ, რომელსაც საქართველოში არა აქვს საცხოვრებელი ადგილი, სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მოპასუხის ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რაიმე ნივთით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ამ ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით.

    მუხლი 18. ნივთობრივი განსჯადობა

1. სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო.

    მუხლი 19. ოჯახური დავების განსჯადობა

1. სარჩელი ქორწინების შეწყვეტის, ქორწინების ბათილად ცნობის, აგრეთვე ქორწინების არსებობისა თუ არარსებობის დადგენის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში მეუღლეების ერთობლივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ სარჩელის შეტანის დროისათვის ასეთი ადგილი არ არსებობს, მაშინ სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მას არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, მაშინ საქმეს განიხილავს სასამართლო მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. თუ მოსარჩელესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რაც აძნელებს მის გამოცხადებას სასამართლოში მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქმე შეიძლება მოსარჩელის თხოვნით გაირჩეს სასამართლოში მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. სარჩელი იმ პირთან განქორწინების შესახებ, რომელიც აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, ანდა იმ პირთან, რომელსაც მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ სამი წლით, განიხილება სასამართლოში მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. სარჩელი მამობის დადგენის შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. სარჩელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 20. განსჯადობა მოსარჩელის არჩევით

სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

    მუხლი 21. შეთანხმება განსჯადობის შესახებ

 თუ არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო, მაშინ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების გზით დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა. შეთანხმება ფორმდება წერილობით.

    მუხლი 22. განსჯადობის წესების დაცვით მიღებული საქმის განხილვა

სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.

    მუხლი 23. საქმის გადაცემა განსჯადი სასამართლოსათვის

1. სასამართლო საქმეს განსახილველად სხვა სასამართლოს გადასცემს, თუ:

ა) მოპასუხე, რომლის საცხოვრებელი ადგილიც წინათ არ იყო ცნობილი, მოითხოვს, რომ საქმე გადაეცეს სასამართლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ბ) ერთი ან რამდენიმე მოსამართლის აცილების გამო ამავე სასამართლოში შეუძლებელია მათი შეცვლა.

2. თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, იგი გადაეცემა სასამართლოს მოსარჩელის არჩევით.

3. საქმის სხვა სასამართლოში გადაცემის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც არ გასაჩივრდება.

    მუხლი 24. განსჯადობის შესახებ დავის დაუშვებლობა

ერთი სასამართლოდან მეორეში გადაგზავნილ საქმეს წარმოებაში განსახილველად იღებს ის სასამართლო, რომელსაც იგი გადაეგზავნა. დავა სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ არ დაიშვება.

თავი IV

სასამართლოს შემადგენლობა. აცილება

    მუხლი 25. სასამართლოს შემადგენლობა

1. სამოქალაქო საქმეების განხილვა პირველი ინსტანციით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ხორციელდება ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ.

2. სამოქალაქო საქმეების განხილვა პირველი ინსტანციით საოლქო სასამართლოში ხორციელდება კოლეგიურად, სამი მოსამართლის მიერ.

3. სამოქალაქო საქმეების განხილვა სააპელაციო წესით ხორციელდება სამი მოსამართლის მიერ.

4. სამოქალაქო საქმეების განხილვა საკასაციო წესით ხორციელდება სამი მოსამართლის მიერ.

    მუხლი 26. საქმის განხილვა სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობით

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ერთპიროვნულად საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ:

ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის;

ბ) საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება.

2. მოტივირებული განჩინება საქმის სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობით განხილვის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს მთავარ სხდომაზე ამ საქმის განხილვის დაწყებამდე. განჩინება გადაეცემა სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმეს გადასცემს საოლქო სასამართლოს.

    მუხლი 27. კოლეგიური სასამართლოს მიერ საკითხების გადაწყვეტის წესი

1. თუ საქმის განხილვას სასამართლო ახორციელებს კოლეგიურად, ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს რომელიმე საკითხის გადაწყვეტისაგან.

2. მოსამართლეს, რომელიც პირველი ინსტანციის, სააპელაციო ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების, განჩინებისა თუ დადგენილების გამოტანისას არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს.

3. განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს, მაგრამ სასამართლოს სხდომის დარბაზში მისი შინაარსი არ გამოცხადდება.

    მუხლი 28. თათბირის საიდუმლოობა

მოსამართლეებს უფლება არა აქვთ გაახმაურონ მსჯელობა, რომელიც მათ ჰქონდათ თათბირის დროს.

    მუხლი 29. საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა

1. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

2. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

3. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ან/და პირველი ინსტანციის სასამართლოში.

    მუხლი 30. სასამართლოს შემადგენლობაში ახლო ნათესავების დაშვების აკრძალვა

სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდნენ პირები, რომლებიც ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან, ხოლო თუ მათ შორის ასეთი ნათესავები მაინც აღმოჩნდნენ, ისინი უნდა ჩამოაცილონ საქმის განხილვას.

    მუხლი 31. მოსამართლის აცილების სხვა საფუძვლები

1. მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის:

ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;

ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად;

გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის გ” ქვეპუნქტის თანახმად, ნათესავებად ითვლებიან:

ა) მეუღლე;

ბ) დანიშნული;

გ) პირდაპირი ხაზის ნათესავები;

დ) და-ძმა;

ე) დისშვილები და ძმისშვილები;

ვ) მშობლების და-ძმები;

ზ) დანათესავებულები (მოყვრები);

თ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი.

    მუხლი 32. თვითაცილება

აცილების საფუძვლების არსებობისას მოსამართლე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა მიეთითოს თვითაცილების საფუძველი.

    მუხლი 33. მხარეთა განცხადება აცილების შესახებ

მხარეებს შეუძლიათ წერილობით განაცხადონ აცილება. განცხადება აცილების შესახებ მოტივირებულ უნდა იქნეს და გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს. აცილების თაობაზე შემდგომი განცხადება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცილების საფუძველი იმ პირისათვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა ან წარმოიშვა მთავარი სხდომის დაწყების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში განცხადება აცილების შესახებ დასაშვებია მხარეთა პაექრობამდე.

    მუხლი 34. განცხადებული აცილების გადაწყვეტის წესი

1. აცილების განცხადების შემდეგ სასამართლომ (მოსამართლემ) შეიძლება მოუსმინოს მხარეებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც განაცხადეს აცილება.

2. აცილების საკითხს სასამართლო წყვეტს ადგილზე მოთათბირებით ან სათათბირო ოთახში.

3. თუ აცილება განუცხადეს მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად არჩევს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს მოსამართლე. აცილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც ამ საქმეს განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს. თუ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არ არის სამოქალაქო საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, მაშინ სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს გადაუგზავნის საოლქო სასამართლოს.

4. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთ მოსამართლეს, ამ მოსამართლის აცილების საკითხს გადაწყვეტენ სხვა დარჩენილი მოსამართლეები ასაცილებელი მოსამართლის დაუსწრებლად. მოსამართლის აცილების წინააღმდეგ ან ასეთი აცილების მხარდასაჭერად ხმების თანაბარი რაოდენობის დროს მოსამართლე აცილებულად ითვლება. ასეთ შემთხვევაში იგი უნდა შეიცვალოს სხვა მოსამართლით.

5. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური სასამართლოს მთელ შემადგენლობას ან მათ უმრავლესობას, აცილების საკითხს გადაწყვეტს ამავე სასამართლოს სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით. კოლეგიური სასამართლოს მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის აცილების შემთხვევაში საქმე განსახილველად გადაეცემა კოლეგიური სასამართლოს სხვა შემადგენლობას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, საქმე გადაეცემა სააპელაციო სასამართლოს, რომელიც ამ საქმეს განსახილველად გადასცემს სხვა საოლქო სასამართლოს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატების ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიების, ანდა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიების მთელი შემადგენლობის აცილების მიღებისას საქმე გადაეცემა ამ სასამართლოების თავმჯდომარეებს, რომლებიც მას განსახილველად გადასცემენ სხვა შემადგენლობას.

    მუხლი 35. ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის, სხდომის მდივნის აცილების საფუძველი

ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის, სხდომის მდივნის აცილება დასაშვებია 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით.

    მუხლი 36. აცილების შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრება

აცილების თაობაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

თავი V

პროცესის ხარჯები

    მუხლი 37. ცნებათა განსაზღვრა

1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

    მუხლი 38. სახელმწიფო ბაჟი

სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებსსახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით:

ა) სარჩელზე;

ბ) შეგებებულ სარჩელზე;

გ) მესამე პირის სარჩელებზე, რომელიც დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს დავის საგანზე;

დ) განცხადებაზე უდავო წარმოების საქმეთა აღძვრის შესახებ;

ე) სარჩელზე სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ;

ვ) სააპელაციო საჩივარზე;

ზ) საკასაციო საჩივარზე;

თ) კერძო საჩივარზე.

საქართველოს 1998 წლის 29 აპრილის კანონი №1365 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998 წ., გვ.41

    მუხლი 39. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა

1. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს:

ა) 38-ე მუხლის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სადავო საგნის ღირებულების 2,5 პროცენტს;

ბ) სააპელაციო საჩივრისათვის – სადავო საგნის ღირებულების 3 პროცენტს;

გ) საკასაციო საჩივრისათვის – სადავო საგნის ღირებულების 4 პროცენტს;

დ) კერძო საჩივრისათვის – სადავო საგნის ღირებულების 1,5 პროცენტს.

2. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.

საქართველოს 1998 წლის 29 აპრილის კანონი №1365 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998 წ., გვ.41

    მუხლი 40. დავის საგნის ღირებულება

1. დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების ნამდვილ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე.

2. თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.

3. სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.

    მუხლი 41. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში

დავის საგნის ფასი ქონებრივ დავებში შემდეგნაირად განისაზღვრება:

ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით;

ბ) თუ სარჩელი აღძრულია ნივთის (ქონების) გადაცემისა თუ მიწოდების შესახებ – ამ ნივთის ღირებულებით;

გ) ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით;

დ) ვადიანი გასაცემისა და გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში ყველა გასაცემი და გადასახდელი თანხის ერთობლიობით;

ე) უვადო ან სამუდამო (გარდაცვალებამდე) გადასახდელის ან გასაცემის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხის ერთობლიობით;

ვ) გასაცემის ან გადასახდელის შემცირებისა თუ გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ან დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში;

ზ) ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ სარჩელისა – დარჩენილი ვადის, მაგრამ არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით;

თ) გასაცემის ან გადასახდელის შეწყვეტის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში დარჩენილი გასაცემი ან გადასახდელი თანხის ერთობლიობით;

ი) ნაგებობაზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა – ნაგებობის ღირებულებით, მაგრამ არანაკლებ მისი საინვენტარიზაციო შეფასებისა, ხოლო თუ მისი ასეთი შეფასება არ არსებობს, მაშინ – არანაკლებ სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეფასებისა, ხოლო იმ შენობებისათვის, რომლებიც ეკუთვნის საწარმოს, ორგანიზაციას, დაწესებულებას – არანაკლებ ამ ნაგებობათა საბალანსო შეფასებისა.

    მუხლი 42. დავის საგნის ფასის წინასწარ განსაზღვრა

თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

    მუხლი 43. სარჩელის ფასის განსაზღვრის წესი არაქონებრივი დავების დროს

სარჩელის ფასი არაქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს შემდეგნაირად განისაზღვრება:

ა) საქორწინო ურთიერთობიდან წარმოშობილ სარჩელებში დავის ღირებულება განისაზღვრება 30 ლარის ოდენობით;

ბ) სხვა არაქონებრივი დავების დროს დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ყველა გარემოებისა და კონკრეტული მონაცემის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება საქმის მოცულობა, აგრეთვე მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი. საოჯახო სამართლებრივ საქმეებში დავის საგნის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს ამ მუხლის ა” ქვეპუნქტში მითითებულ თანხას;

გ) თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, მაშინ დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.

    მუხლი 44. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები

საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:

ა) მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;

ბ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;

გ) ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები;

დ) მოპასუხის მოძებნის ხარჯები;

ე) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;

ვ) ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები.

    მუხლი 45. მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნისათვის გადასახდელი თანხები

1. მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, თარჯიმნებს აუნაზღაურდებათ სასამართლოში გამოცხადებისათვის გაწეული მგზავრობისა და საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხარჯები და მიეცემათ დღიური თანხა.

2. ექსპერტები, თარჯიმნები, სპეციალისტები იღებენ გასამრჯელოს სასამართლოს დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის დადებული შეთანხმების საფუძველზე, თუ ეს სამუშაო არ შედის მათს სამსახურებრივ მოვალეობაში. ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დრო, რომელიც მათ უნდა მოანდომონ სასამართლოს დავალების შესრულებას, მასალები, რომლებიც საჭირო იქნება ამ მოვალეობის სათანადოდ შესრულებისათვის, და სხვ.

3. მუშაკებს, რომლებიც მოწმეებად არიან დაბარებულნი სასამართლოში, სამუშაო ადგილზე უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი. მოწმეებს, რომლებიც არ არიან შრომით ურთიერთობაში, სამუშაოდან ან ჩვეულებრივი საქმიანობიდან მოცდენისათვის ეძლევათ გასამრჯელო ფაქტობრივად დახარჯული დროისა და შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის გათვალისწინებით.

    მუხლი 46. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება

1. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;

ბ) მოსარჩელეები – დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე;

გ) მოსარჩელეები – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე;

დ) მხარეები – უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

2. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა განთავისუფლების სხვა შემთხვევებიც.

    მუხლი 47. სასამართლო ხარჯების გადასახადისაგან განთავისუფლება სასამართლოს მიერ

1. სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

2. თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო სალაროდან.

3. ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.

    მუხლი 48. სასამართლო ხარჯების გადახდის გადადება ან განაწილვადება და მათი ოდენობის შემცირება

სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს ხარჯების ოდენობა.

    მუხლი 49. სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირება

1. სასამართლო ხარჯების ოდენობა განახევრდება, თუ:

ა) მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ან მოპასუხემ ცნო სარჩელი;

ბ) მხარეები მორიგდებიან;

გ) გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2. თუ სარჩელზე უარის თქმა, სარჩელის ცნობა ან მხარეთა მორიგება სადავო საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, მაშინ სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის განხილვით გამოწვეული ხარჯებით.

    მუხლი 50. ადგილზე დათვალიერებით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება

 თუ ადგილზე დათვალიერება ხდება ამ სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის ფარგლებს გარეთ, სასამართლოს ან მოსამართლეს, რომელიც ასეთ დათვალიერებას აწარმოებს, აუნაზღაურდება მგზავრობასთან, ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები, აგრეთვე მიეცემა დღიური თანხა.

    მუხლი 51. მოპასუხისა და მოვალის მოძებნა

მოპასუხის მოძებნა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით, წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და გადახდება, შესაბამისად, მოპასუხეს – სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ხოლო მოვალეს – გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მოვალეს გადახდება აგრეთვე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

    მუხლი 52. მხარის მიერ სასამართლო ხარჯების წინასწარი შეტანა

სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.

    მუხლი 53. სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის

1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

2. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

3. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

4. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

    მუხლი 54. სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გადასახდელი ხარჯების განაწილება სარჩელზე უარის თქმისა და მორიგებისას

1. თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

2. თუ მხარეებმა მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების განაწილების წესი, სასამართლო ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.

    მუხლი 55. სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურება

1. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

2. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

3. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

    მუხლი 56. სასამართლო ხარჯების გამო გამოტანილ განჩინებათა გასაჩივრება

სასამართლო ხარჯების გამო გამოტანილ განჩინებებზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

თავი VI

საპროცესო უზრუნველყოფა

    მუხლი 57. უზრუნველყოფის გარანტია

1. თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, ხოლო თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების დადებით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.

2. სასამართლომ შეიძლება შეღავათიანი პირობებით დაუშვას უზრუნველყოფის სხვა საშუალება, კერძოდ, რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა.

    მუხლი 58. უზრუნველყოფის საფუძვლის მოხსნა

 თუ მოიხსნება საფუძველი, რომლის გამოც განხორციელდა უზრუნველყოფა, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა ასეთი უზრუნველყოფა, ვალდებულია დააბრუნოს უზრუნველყოფის გარანტია.

თავი VII

საპროცესო ვადები

    მუხლი 59. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა

1. საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

2. თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

3. სამოქალაქო საქმეებს სასამართლოები განიხილავენ არა უგვიანეს ორი თვისა განცხადების მიღების დღიდან, გარდა ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნების შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 20 დღისა.

    მუხლი 60. საპროცესო ვადის გამოთვლა

1. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში.

2. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

    მუხლი 61. საპროცესო ვადის დამთავრება

1. წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს.

2. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

    მუხლი 62. საპროცესო ვადის შეჩერება

ყველა დაუმთავრებელი საპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. ვადების შეჩერება დაიწყება იმ გარემოებათა წარმოშობის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო წარმოების შეჩერებას. წარმოების განახლების დღიდან საპროცესო ვადის დენა განახლდება.

    მუხლი 63. საპროცესო ვადის გასვლის შედეგები

საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

    მუხლი 64. საპროცესო ვადის გაგრძელება

სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

    მუხლი 65. საპროცესო ვადის აღდგენა

საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს სასამართლომ, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მოხდა საპატიო მიზეზით.

    მუხლი 66. განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ

1. განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება ამ ვადის გასვლამდე იმ სასამართლოში, რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება. ვადის გასვლის შემდეგ ასეთ განცხადებას სასამართლო მიიღებს, თუ ცნობს, რომ ვადის გასვლამდე განცხადების შეუტანლობა მოხდა საპატიო მიზეზით.

2. ვადის აღდგენის შესახებ განცხადების შეტანასთან ერთად უნდა შესრულდეს ის საპროცესო მოქმედება, რომლის ვადაც გასულია.

    მუხლი 67. საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების ფორმა და შინაარსი

განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ სასამართლოს წარედგინება წერილობით. მასში მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს საპროცესო მოქმედების ვადაზე შეუსრულებლობა, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

    მუხლი 68. საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვა

1. განცხადებას ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს სასამართლო მხარეთათვის შეუტყობინებლად.

2. გადაცილებული საპროცესო ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 69. საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდევინება

საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა საპროცესო მოქმედება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა.

თავი VIII

სასამართლო შეტყობინება და დაბარება

    მუხლი 70. სასამართლო უწყება

1. მხარეებსა და მათს წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

2. მხარეებსა და მათს წარმომადგენლებს უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ საკმაო დრო ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოსაცხადებლად და საქმისათვის მოსამზადებლად.

3. აუცილებლობის შემთხვევაში მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონოგრამით ან დეპეშით. თუ შეტყობინების მიმღებს აქვს ფაქსის აპარატი, მაშინ სასამართლოს შეუძლია განახორციელოს შეტყობინება ფაქსის მეშვეობით. ფაქსით სასამართლო შეტყობინების დროს აუცილებელია შეტყობინების დადასტურება იმ პირის მიერ, ვისაც ასეთი შეტყობინება გაეგზავნა.

    მუხლი 71. სასამართლო უწყების ჩაბარება

სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით. თუ ამ მისამართზე მოქალაქე ფაქტობრივად არ ცხოვრობს, უწყება შეიძლება გაიგზავნოს მისი სამუშაო ადგილის მიხედვით.

    მუხლი 72. სასამართლო უწყების შინაარსი

1. უწყება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს;

ბ) გამოცხადების დროისა და ადგილის მითითებას;

გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს;

დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სახით არის იგი დაბარებული;

ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება;

ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს;

ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.

2. სასამართლო უწყებასთან ერთად მოსამართლე მოპასუხეს უგზავნის სასარჩელო განცხადებასა და თანდართული საბუთების ასლებს. უწყებასთან ერთად მოსამართლე მოსარჩელეს უგზავნის მოპასუხის წერილობითი განცხადების ასლს, თუ ასეთი შემოვიდა სასამართლოში უწყების გაგზავნის დროისათვის. სასამართლოში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი შეიძლება გაეგზავნოს მხარეებს მას შემდეგაც, როცა უწყება უკვე გაგზავნილია.

    მუხლი 73. სასამართლო უწყების გაგზავნა

1. სასამართლო უწყება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით. ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

2. მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. პირი, რომელსაც მოსამართლემ დაავალა უწყების მიტანა, ვალდებულია სასამართლოში დააბრუნოს მისი მეორე ცალი უწყების მიღებაზე ადრესატის ხელმოწერით.

3. მოქალაქეს უწყება უნდა ჩაჰბარდეს პირადად, უწყების მეორე ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით, ხოლო ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ასევე ხელს აწერს უწყების მეორე ეგზემპლარს.

    მუხლი 74. შეტყობინება ადრესატის არყოფნის შემთხვევაში

1. თუ უწყების მიმტანმა პირმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ ისინიც არ იმყოფებიან ადგილზე, – იმავე სახლში მცხოვრებ სახლის მფლობელს, დამქირავებელს, რომლებიც თანახმა იქნებიან გადასცენ უწყება ადრესატს, ანდა სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი გვარი, სახელი, აგრეთვე ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს.

2. თუ ადრესატი დროებით წასულია, უწყების ჩამბარებელმა პირმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის მოელიან მის დაბრუნებას. ეს ცნობები დადასტურებულ და დამოწმებულ უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს ან ადრესატის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციის მიერ.

    მუხლი 75. უწყების მიღებაზე უარის თქმა

 თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

    მუხლი 76. მისამართის შეცვლა საქმის წარმოების დროს

მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

    მუხლი 77. უწყების ჩაბარება თანამონაწილისათვის

 თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას, რომელიც ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.

    მუხლი 78. მოპასუხის ადგილსამყოფლის დაუდგენლობა

1. თუ მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლო შეუდგება საქმის განხილვას მას შემდეგ, რაც უწყება დაბრუნდება წარწერით, რომელიც ადასტურებს მის მიღებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან იმ ორგანიზაციის ადმინისტრაციის მიერ, სადაც ბოლო დროს მუშაობდა მოპასუხე.

2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო შინაგან საქმეთა ორგანოების მეშვეობით აცხადებს იმ მოპასუხის ძებნას, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია.

კარი მეორე

მხარეები

თავი IX

მხარეთა საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა

    მუხლი 79. მხარეები სამოქალაქო პროცესში

1. სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით. მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები.

2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.

    მუხლი 80. სამოქალაქო საპროცესო უფლებაუნარიანობა

1. საქართველოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, ჰქონდეს სამოქალაქო საპროცესო უფლებები და მოვალეობები (საპროცესო უფლებაუნარიანობა).

2. ფიზიკური პირის საპროცესო უფლებაუნარიანობა წარმოიშობა დაბადების მომენტიდან და შეწყდება მისი გარდაცვალებით.

3. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან და შეწყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან.

    მუხლი 81. სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობა

1. ყველა სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს სასამართლოში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს (საპროცესო ქმედუნარიანობა).

2. ფიზიკურ პირთა სრული საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან (სრულწლოვანებიდან), ხოლო იურიდიული პირის ქმედუნარიანობა – მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

3. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.

4. თუ არასრულწლოვანს კანონით მინიჭებული აქვს უფლება თვითონ, დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ქონება, დადოს წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებები და ა. შ., მას უფლება აქვს სასამართლოში პირადად დაიცვას თავისი უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები, იყოს მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი. სასამართლოს შეუძლია, არასრულწლოვნის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, საქმეში ჩააბას მისი კანონიერი წარმომადგენელიც.

5. მცირეწლოვანთა უფლებებს, აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი კანონიერი წარმომადგენლები – მშობლები, მშვილებლები, მეურვეები. კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია საქმეში ჩააბას მცირეწლოვანიც.

    მუხლი 82. ქმედუუნარო მხარის საპროცესო წარმომადგენელი პროცესში (საპროცესო მზრუნველი)

1. თუ სარჩელი შეტანილია ქმედუუნარო მხარის წინააღმდეგ, რომელსაც არა ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე უნდა დანიშნოს საპროცესო წარმომადგენელი და განიხილოს საქმე, თუ მისი განუხილველობა ზიანით ემუქრება მოსარჩელეს.

2. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ სარჩელი აღძრულია ქმედუუნარო მოსარჩელის მიერ, რომელსაც არა ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, მაშინ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნამდე შეიძლება მოსარჩელეს დაუნიშნონ საპროცესო წარმომადგენელი.

    მუხლი 83. მხარეთა საპროცესო უფლებები

1. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

2. მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო ვალდებულია აცნობოს მოპასუხეს.

3. საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის.

4. სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

    მუხლი 84. არასათანადო მოსარჩელის შეცვლა

1. სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით.

2. თუ ასეთი თანხმობის მიუხედავად, სათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეცვალოს არასათანადო მოსარჩელე, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე.

3. თუ არასათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით, ეს უკანასკნელი შეიძლება ჩაებას საქმეში მესამე პირად, რომელიც განაცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, რის შესახებაც სასამართლო აცნობებს ამ პირს. თუ ეს პირი თანახმაა ჩაებას საქმეში მესამე პირად, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელზე მისი დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო მესამე პირად საქმეში ჩაბმული სათანადო მოსარჩელის მიმართ სარჩელს დააკმაყოფილებს საერთო საფუძველზე.

4. თუ მესამე პირად საქმეში ჩასაბმელად ნავარაუდები სათანადო მოსარჩელე უარს იტყვის ჩაებას ამ საქმეში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

    მუხლი 85. არასათანადო მოპასუხის შეცვლა

 თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თავი X

საპროცესო თანამონაწილეობა

    მუხლი 86. თანამონაწილეობის საფუძვლები

1. სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:

ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;

ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;

გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

2. თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.

    მუხლი 87. თანამონაწილეთა საპროცესო უფლებები

1. თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს.

2. თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანამონაწილე არასრულწლოვანია, ანდა მას ჰყავს მეურვე ან მზრუნველი.

3. საქმის წარმოების მინდობა ერთ-ერთი თანამონაწილისათვის უნდა გაფორმდეს 96-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

თავი XI

მესამე პირები

    მუხლი 88. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით

1. ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.

2. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა.

    მუხლი 89. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე

ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო.

    მუხლი 90. მესამე პირის ჩაბმა საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით

1. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ.

2. მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 91. მესამე პირების საპროცესო უფლებები

მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა, გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.

    მუხლი 92. საპროცესო უფლებამონაცვლეობა

1. სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის ლიკვიდაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

2. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

3. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად.

თავი XII

წარმომადგენლობა სასამართლოში

    მუხლი 93. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით

1. მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.

2. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.

    მუხლი 94. პირები, რომლებიც შეიძლება იყვნენ წარმომადგენლებად სასამართლოში

სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ:

ა) ადვოკატები;

ბ) ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანიზაციების საქმეებზე;

გ) ერთ-ერთი თანამონაწილე დანარჩენ თანამონაწილეთა დავალებით;

დ) სხვა ქმედუნარიანი პირები.

    მუხლი 95. პირები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ წარმომადგენლებად სასამართლოში

სასამართლოში წარმომადგენლებად არ შეიძლება იყვნენ მოსამართლე, გამომძიებელი და პროკურორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი პროცესში გამოდიან მშობლებად (მშვილებლებად), მეურვეებად, მზრუნველებად ან შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლებად.

    მუხლი 96. წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმება

1. წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მუშაობს ან სწავლობს მარწმუნებელი, სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობას სამხედრო მოსამსახურე გასცემს. საპატიმროში მყოფი პირის მიერ გაცემულ მინდობილობას დაამოწმებს შესაბამისი საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია.

2. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

 3. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 97. სასამართლოს უარი იმ პირის წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი

1. სასამართლოს შეუძლია უარი თქვას იმ პირის პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი, თუ მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნია საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი უფლებები.

2. სასამართლოს განჩინება ასეთი უარის შესახებ არ გასაჩივრდება. ის მოქმედებები, რომლებიც საპროცესო წარმომადგენელმა გადაყენებამდე აწარმოვა, ძალაში რჩება.

    მუხლი 98. წარმომადგენლის უფლებამოსილება

1. უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა 'კერძო არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

2. მხარის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება მიანდოს სხვა ადვოკატს ან მის თანაშემწეს.

    მუხლი 99. წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა მარწმუნებლის მიერ

მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.

    მუხლი 100. წარმომადგენლის უარი თავის უფლებამოსილებაზე

წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც სასამართლოს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. ამის გათვალისწინებით სასამართლო დანიშნავს დროს, როცა წარმომადგენელს უფლება აქვს შეწყვიტოს პროცესში მონაწილეობა.

    მუხლი 101. კანონიერი წარმომადგენლები

1. ქმედუუნარო მოქალაქის, აგრეთვე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები, მეურვეები და მზრუნველები, რომლებიც წარუდგენენ სასამართლოს თავიანთი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

2. კანონიერი წარმომადგენლები წარმოსადგენ პირთა სახელით ასრულებენ ყველა საპროცესო მოქმედებას, რომელთა შესრულების უფლებაც მიკუთვნებული აქვთ წარმომდგენთ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებით.

3. საქმეში, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილი მოქალაქე, მის წარმომადგენლად მონაწილეობს პირი, რომელსაც გადაეცა სამართავად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება.

4. საქმეში, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს გარდაცვლილის ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვალებულად ცნობილი პირის მემკვიდრე, თუ მემკვიდრეობა არავის მიუღია, მემკვიდრის წარმომადგენლად გამოდის სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის დანიშნული პირი.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კანონიერ წარმომადგენლებს შეუძლიათ სასამართლოში საქმის წარმოება მიანდონ ადვოკატს, რაც არ ართმევს უფლებას კანონიერ წარმომადგენელს თვითონაც მიიღოს მონაწილეობა საქმეში.

კარი მესამე

სასამართლო მტკიცებულებები

თავი XIII

მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება

    მუხლი 102. მტკიცების ტვირთი. მტკიცებულებათა დასაშვებობა

1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

    მუხლი 103. მტკიცებულებათა შეგროვება

1. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

2. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.

3. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.

    მუხლი 104. მტკიცებულებათა მიუღებლობა

1. სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

2. მტკიცებულებათა მიუღებლობის, გამოთხოვაზე უარის თქმის ან საქმიდან მათი ამოღების შესახებ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.

    მუხლი 105. მტკიცებულებათა შეფასება

1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

    მუხლი 106. ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას

მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია:

ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;

ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

გ) ფაქტები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი.

    მუხლი 107. სასამართლო დავალებანი

1. თუ მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს მიერ გამოსათხოვი ან შესამოწმებელი მტკიცებულებები სხვა ქალაქში ან რაიონშია და მათი წარმოდგენა თუ შემოწმება საქმის განმხილველ სასამართლოში შეუძლებელი ან ძნელია, სასამართლოს შეუძლია დასაბუთებული განჩინებით მტკიცებულებათა შეგროვება (შემოწმება) დაავალოს იმ სასამართლოს, რომლისთვისაც ტერიტორიულად ეს უფრო მოსახერხებელია.

2. სასამართლო დავალების შესახებ სასამართლო განჩინებაში მოკლედ უნდა ჩამოყალიბდეს განსახილველი საქმის შინაარსი, დასადგენი გარემოება და მტკიცებულებანი, რომლებიც უნდა შეაგროვოს (შეამოწმოს) დავალების შემსრულებელმა სასამართლომ, აგრეთვე დავალების შესრულების ვადა.

3. სასამართლო დავალების შესახებ განჩინების შესრულება სავალდებულოა და იგი უნდა შესრულდეს დანიშნულ ვადაში.

    მუხლი 108. სასამართლო დავალების შესრულების წესი

1. სასამართლო დავალებას მოსამართლე ასრულებს ერთპიროვნულად.

2. დავალების შესრულების დროს შეკრებილი ყველა მასალა დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს საქმის განმხილველ სასამართლოს. თუ სასამართლო დავალებით უნდა მოხდეს ადგილზე დათვალიერება, დავალების შემსრულებელი მოსამართლე აცნობებს მხარეებს ადგილზე დათვალიერების დროსა და ადგილს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს დათვალიერების ჩატარებას.

3. თუ მხარეები ან მოწმეები, რომლებმაც ახსნა-განმარტებები ან ჩვენებები მისცეს დავალების შემსრულებელ მოსამართლეს, გამოცხადდებიან საქმის განმხილველ სასამართლოში, ისინი ახსნა-განმარტებებსა და ჩვენებებს მისცემენ საერთო წესით.

თავი XIV

მტკიცებულებათა უზრუნველყოფა

    მუხლი 109. შუამდგომლობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ

1. იმ პირს, რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, შეუძლია სთხოვოს სასამართლოს ამ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა.

2. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა დასაშვებია სასამართლოში საქმის აღძვრამდეც.

    მუხლი 110. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა სასამართლოში საქმის აღძვრამდე

მტკიცებულებათა უზრუნველყოფას სასამართლოში საქმის აღძვრამდე ახდენს იმ რაიონის (ქალაქის) ან ოლქის მოსამართლე, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა შესრულდეს საპროცესო მოქმედება უზრუნველყოფის მიზნით (მოწმის დაკითხვა, ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერება და ა. შ.).

    მუხლი 111. განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ

1. განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით. ასეთი განცხადების ზეპირი ფორმით წარდგენა დასაშვებია სასამართლოში საქმის განხილვის დროს.

2. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ ზეპირი განცხადებით აღძრული შუამდგომლობა შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

    მუხლი 112. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შინაარსი

მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით განცხადებულ შუამდგომლობაში უნდა აისახოს:

ა) მტკიცებულებანი, რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია;

ბ) გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი;

გ) მიზეზები, რომლებმაც აიძულა განმცხადებელი მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ;

დ) მოწინააღმდეგე მხარის გვარი, სახელი და მისამართი, თუ განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შეტანილია სასამართლოში საქმის აღძვრამდე და განმცხადებელმა იცის, თუ ვინ შეიძლება იყოს მოწინააღმდეგე მხარე.

    მუხლი 113. სასამართლოს განჩინება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ

1. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს განჩინება, რომელშიც მიუთითებს მისი წარმოების წესსა და საშუალებებზე.

2. საპროცესო მოქმედება, რაც საჭიროა მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად, უნდა შესრულდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 114. სპეციალისტის მონაწილეობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის დროს

მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი 204-ე მუხლით დადგენილი წესითა და საფუძვლებით.

    მუხლი 115. მხარეთა მონაწილეობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში

1. მხარეებს ეცნობებათ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებას.

2. გადაუდებელ შემთხვევაში მტკიცებულებათა უზრუნველყოფა შესაძლებელია მხარეთათვის შეუტყობინებლადაც.

    მუხლი 116. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წესით შეკრებილი მასალების სასამართლოში გადაგზავნა

1. ოქმები და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წესით შეკრებილი ყველა მასალა გაეგზავნება საქმის განმხილველ სასამართლოს.

2. თუ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა მოხდა სასამართლოში საქმის აღძვრამდე, უზრუნველყოფის დროს შედგენილი ოქმი და სხვა მასალები შეინახება სასამართლოში, რომლებიც შემდგომ, მხარეთა თხოვნით ან თვით სასამართლოს ინიციატივით, გადაეგზავნება იმ სასამართლოს, რომელიც განიხილავს საქმეს.

    მუხლი 117. მტკიცებულებათა განმეორებითი ან დამატებითი უზრუნველყოფა

1. მხარეებს, იმისგან დამოუკიდებლად, მონაწილეობდნენ თუ არა ისინი მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში, უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და მიუთითონ იმ ხარვეზებზე, რომლებსაც, მათი აზრით, ადგილი ჰქონდა უზრუნველყოფის დროს.

2. საქმის განხილვის დროს სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მტკიცებულებათა დამატებითი ან განმეორებითი უზრუნველყოფა.

    მუხლი 118. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი

მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეულ ხარჯებს გადაიხდის პირი, რომელმაც იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ასეთი უზრუნველყოფის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში მონაწილეობისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ ამ ხარჯების განაწილება მოხდება სასამართლოს მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას.

    მუხლი 119. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება

მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება არ დაიშვება. მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

თავი XV

ადგილზე დათვალიერება

    მუხლი 120. ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების ადგილზე დათვალიერება

სასამართლოს, მხარეთა მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია დაადგინოს იმ ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების ადგილზე დათვალიერება და გამოკვლევა, რომელთა წარდგენაც სასამართლოში ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუძლებელია.

    მუხლი 121. სასამართლოს განჩინება ადგილზე დათვალიერების შესახებ

1. ადგილზე დათვალიერების შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დათვალიერებისა და გამოკვლევის საგანი, აგრეთვე დათვალიერების დრო და ადგილი. ამ განჩინების გასაჩივრება არ დაიშვება.

2. მხარეებსა და მათს წარმომადგენლებს ეცნობებათ ადგილზე დათვალიერების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს დათვალიერების ჩატარებას.

3. აუცილებლობის შემთხვევაში ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება გამოიძახონ მოწმეები.

    მუხლი 122. ადგილზე დათვალიერების ჩატარება

ადგილზე დათვალიერებას აწარმოებს საქმის განმხილველი მოსამართლე. თუ საქმეს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა იხილავს, ადგილზე დათვალიერების მოვალეობა, ამ სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაეკისროს მის ერთ-ერთ წევრს.

    მუხლი 123. სპეციალისტის მონაწილეობა ადგილზე დათვალიერებაში

1. ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი 204-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლებითა და წესით.

2. სპეციალისტის მოწვევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის გასაჩივრება არ დაიშვება.

    მუხლი 124. დათვალიერებაში მონაწილე პირთა უფლება- მოვალეობები

დათვალიერებაში მონაწილე მხარეებს, მოწმეებსა და სპეციალისტებს უფლება აქვთ მოსამართლის ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ გარემოებას, რომელსაც, მათი აზრით, აქვს მნიშვნელობა დათვალიერების სრულყოფილად ჩასატარებლად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად.

    მუხლი 125. დათვალიერების ოქმის შინაარსი

1. დათვალიერების დროს უნდა შედგეს ოქმი (დათვალიერების ოქმი), რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) დათვალიერების ადგილი და ობიექტები;

ბ) დათვალიერებაში მონაწილე მხარეები, მოწმეები, სპეციალისტები;

გ) დათვალიერებაში მონაწილე პირების მოსაზრებები, მათი შენიშვნები;

დ) დათვალიერებისა და გამოკვლევის შედეგები.

2. ოქმს შეიძლება დაერთოს დათვალიერების დროს შედგენილი ან შემოწმებული გეგმები, ნახაზები, სურათები და ა. შ.

    მუხლი 126. დათვალიერებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა

 თუ დათვალიერება დაკავშირებულია ხარჯებთან, მხარემ, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დათვალიერების შესახებ, წინასწარ უნდა შეიტანოს შესაბამისი თანხა. თუ ადგილზე დათვალიერება სასამართლოს ინიციატივით ხდება, ეს ხარჯები ორივე მხარემ უნდა დაფაროს.

თავი XVI

მხარეთა ახსნა-განმარტება

    მუხლი 127. მხარეთა ახსნა-განმარტების მიღება

1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის პროცესი იწყება მხარეთა (მესამე პირთა, თანამონაწილეთა, კანონისმიერ წარმომადგენელთა) ახსნა-განმარტების მიღებით: მხარეები იძლევიან ახსნა-განმარტებებს მათთვის ცნობილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესახებ.

2. სასამართლოს ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის ჩათვლა შეუსაბამოდ ან უადგილოდ და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად, ხოლო როცა საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს, მაშინ – სხდომის თავმჯდომარეს.

    მუხლი 128. მოსამართლეთა შეკითხვები

მოსამართლეს უფლება აქვს შეკითხვები მისცეს მხარეებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენას და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.

    მუხლი 129. პირები, რომლებისგანაც არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება

არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება:

ა) ისეთი პირისაგან, რომელსაც თავისი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლოვანებების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება;

ბ) სასულიერო პირისაგან ისეთი გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს;

გ) თანამდებობის პირისაგან ისეთ გარემოებებზე, რომელთა შესახებ საიდუმლოების დაცვაც მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის, თუ იგი განთავისუფლებული არ არის ასეთი საიდუმლოების დაცვისაგან.

    მუხლი 130. ახსნა-განმარტების მიღება ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში

 სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობა ან გამოცხადებული მხარის უარი, მისცეს სასამართლოს ახსნა-განმარტება, ვერ დააბრკოლებს მეორე მხარისაგან ასეთი ახსნა-განმარტების მიღების შესაძლებლობას.

    მუხლი 131. აღიარება

ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

    მუხლი 132. მხარეთა აღიარების ფორმა

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

    მუხლი 133. აღიარების გაქარწყლება მხარის მიერ

1. მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას.

2. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში.

თავი XVII

წერილობითი მტკიცებულება

    მუხლი 134. წერილობითი მტკიცებულებები და მათი წარდგენის წესი

1. წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.

2. წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფება, მას შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს ისინი.

3. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია მიუთითოს, თუ საქმის რა მნიშვნელოვანი გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით და რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა.

4. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.

    მუხლი 135. წერილობითი მტკიცებულების დედნის წარდგენა

წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

    მუხლი 136. სასამართლოსათვის წერილობითი მტკიცებულებების წარდგენის სავალდებულოობა

1. გამოთხოვილ წერილობით მტკიცებულებებს მოქალაქეები და იურიდიული პირები გადაუგზავნიან სასამართლოს დანიშნულ ვადაში. თუ მათ არ შეუძლიათ ამ ვადაში წარადგინონ ეს საბუთები, ისინი ვალდებულნი არიან აცნობონ სასამართლოს ამის შესახებ მიზეზების მითითებით.

2. შეუტყობინებლობის, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა სასამართლოს მოთხოვნა წერილობითი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ არ არის შესრულებული სასამართლოს მიერ არასაპატიოდ მიჩნეული მიზეზით, სასამართლო მოქალაქეს ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის თანამდებობის პირს შესაბამისად აჯარიმებს 10 ლარით.

3. დაჯარიმება არ ათავისუფლებს მოქალაქეს ან შესაბამის თანამდებობის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან.

4. წერილობითი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირებს პირველი ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.

5. თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, ან, თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე უარის თქმას სასამართლო არასაპატიოდ მიიჩნევს, სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.

    მუხლი 137. განცხადება საბუთის სიყალბის შესახებ

1. მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე.

2. მხარე, რომლის მიერაც იყო წარდგენილი ასეთი საბუთი, ან რომლის შუამდგომლობითაც სასამართლომ იგი გამოითხოვა, ვალდებულია დაამტკიცოს ამ საბუთის ნამდვილობა. მას შეუძლია აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებიდან სადავო საბუთის გამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა საფუძველზე. სასამართლო გამორიცხავს ამ საბუთს მტკიცებულებიდან იმ პირობით, თუ მეორე მხარე არ არის ამის წინააღმდეგი. თუკი მეორე მხარე წინააღმდეგია, სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც დანიშნავს ექსპერტიზას ან გამოითხოვს სხვა მტკიცებულებებს.

3. თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია, მას მტკიცებულებიდან გამორიცხავს.

4. წარდგენილ წერილობით მტკიცებულებათა ნამდვილობის შემოწმება შეიძლება სასამართლოს ინიციატივით.

5. თუ დადასტურებულია წარდგენილი საბუთის სიყალბე, სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას და ამ დოკუმენტს მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს.

    მუხლი 138. წერილობით მტკიცებულებათა ამონაწერის წარდგენა და მათი დათვალიერება შენახვის ადგილზე

სასამართლოში საბუთების წარდგენის სიძნელისას სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს სათანადო წესით შემოწმებული ამონაწერების წარდგენა ან მოახდინოს წერილობით მტკიცებულებათა დათვალიერება და გამოკვლევა მათი შენახვის ადგილზე.

    მუხლი 139. დედანი საბუთების შენახვა და დაბრუნება

საქმეში არსებული დედანი საბუთები ერთად ინახება სასამართლოში. ასეთი საბუთები, მათი წარმდგენის თხოვნით, შეიძლება დაუბრუნდეს მას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მაგრამ საქმეში უნდა დარჩეს მოსამართლის მიერ შემოწმებული საბუთების ასლი.

თავი XVIII

მოწმეთა ჩვენება

    მუხლი 140. მოწმის გამოძახება

1. მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.

2. მოწმე შეიძლება გამოცხადდეს სასამართლოში დაინტერესებული მხარის მეშვეობით.

3. მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ამა თუ იმ პირის მოწმედ დაშვებისა და დაკითხვის, აგრეთვე მისი სასამართლოს მეშვეობით გამოძახების შესახებ, ვალდებულია მიუთითოს მისი სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე ის, თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოების დადასტურება შეუძლია მოწმეს.

4. სასამართლოს შეუძლია უარი თქვას გამოძახებული მოწმის დაკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეს, არა აქვთ რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის.

    მუხლი 141. პირები, რომლებიც არ შეიძლება დაკითხულ იქნენ მოწმედ

მოწმედ ყველა შემთხვევაში არ შეიძლება გამოძახებულ და დაკითხულ იქნეს:

ა) პირი, რომელსაც თავისი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება;

ბ) სასულიერო პირი – იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს;

გ) წარმომადგენლები სამოქალაქო საქმეებსა და დამცველები სისხლის სამართლის საქმეებზე – ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა მათ მიერ წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებისას.

    მუხლი 142. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება

1. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვთ:

ა) მხარეთა მეუღლეებს;

ბ) ახლო ნათესავებს – შვილებს, შვილიშვილებს, ძმებს, დებს, მშობლებს, მშვილებლებს, შვილობილებს, მზრუნველებს, მეურვეებს, ბებიებს, პაპებს;

გ) პირებს, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ვალდებულნი არიან დაიცვან საიდუმლოება, თუ ისინი განთავისუფლებულნი არ არიან ამ მოვალეობისაგან.

2. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ ჩვენების მიცემა გამოიწვევს მოწმის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, ან მიაყენებს მათ ქონებრივ ზიანს.

    მუხლი 143. ჩვენების მიცემის ვალდებულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლების მიუხედავად

ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლების მიუხედავად, პირი ვალდებულია მისცეს ჩვენება, თუ:

ა) საჭიროა დადასტურდეს გარიგება, რომლის დადებისას იგი მიწვეული იყო მოწმედ;

ბ) გასარკვევია ოჯახის წევრის დაბადების, დაქორწინების ან გარდაცვალების საკითხები;

გ) ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას იგი მოქმედებდა, როგორც ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი.

    მუხლი 144. მოწმის მოვალეობა დაასაბუთოს უარის თქმა ჩვენების მიცემაზე

მოწმემ, რომელიც უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, უნდა დაასაბუთოს ეს უარი. საკითხი იმის შესახებ, აქვს თუ არა მოწმეს უფლება, უარი თქვას ჩვენების მიცემაზე, საბოლოოდ გადაწყდება სასამართლოს მიერ.

    მუხლი 145. მოწმის მოვალეობა

1. მოწმედ დაბარებული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება. თუ მოწმე არ გამოცხადდება სასამართლოში ისეთი მიზეზით, რომელსაც სასამართლო არასაპატიოდ მიიჩნევს, დაჯარიმდება 10 ლარით. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს მოწმის იძულებით მოყვანა.

2. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

    მუხლი 146. მოწმის უფლება

1. მოწმეს უფლება აქვს მოითხოვოს სასამართლოში გამოძახებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება კანონით დადგენილი წესით.

2. სასამართლოს შეუძლია დაავალოს მხარეს, რომლის შუამდგომლობითაც გამოძახებულია მოწმე, წინასწარ გადაიხადოს მოწმის სასამართლოში გამოძახებასა და დაკითხვასთან დაკავშირებული ხარჯები. ასეთ შემთხვევაში მოწმეს გამოიძახებს სასამართლო მას შემდეგ, რაც მხარე შეასრულებს აღნიშნული ხარჯების გადახდის მოვალეობას.

    მუხლი 147. მოწმის დაკითხვა მის ადგილსამყოფელზე

მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე. მოწმე შეიძლება დაიკითხოს მის ადგილსამყოფელზე, თუ:

ა) ავადმყოფობის, მოხუცებულობის, ინვალიდობის ან სხვა საპატიო მიზეზით მას არ შეუძლია გამოცხადდეს სასამართლოში;

ბ) საქმის გარემოებათა მიხედვით მისი ადგილზე დაკითხვა უფრო მიზანშეწონილია;

გ) დაკითხულ უნდა იქნეს რამდენიმე მოწმე, რომლებიც ერთ ადგილას ცხოვრობენ და მათი სასამართლოში გამოძახება და დაკითხვა დაკავშირებული იქნებოდა დიდ ხარჯებთან;

დ) სხვა შემთხვევებში – სასამართლოს შეხედულებისამებრ.

    მუხლი 148. მოწმის დაკითხვა

1. ყოველი მოწმე ცალკე უნდა დაიკითხოს. მოწმეები, რომლებსაც ჯერ არ მიუციათ ჩვენება, არ უნდა იყვნენ სასამართლო სხდომის დარბაზში. დაკითხული მოწმეები რჩებიან სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის დამთავრებამდე და არ შეუძლიათ გავიდნენ დარბაზიდან სასამართლოს ნებართვის გარეშე.

2. მოწმის დაკითხვა იწყება მისი პიროვნების გარკვევით (სახელი, გვარი, საცხოვრებელი და საქმიანობის ადგილი და ა. შ.). ამის შემდეგ სასამართლო არკვევს მოწმის დამოკიდებულებას საქმეში მონაწილე პირებთან და წინადადებით მიმართავს მას აცნობოს სასამართლოს ყველაფერი, რაც მისთვის პირადად ცნობილია საქმის გარემოებათა შესახებ.

3. მოწმე თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიეცეს მას შეკითხვები.

4. პირველად შეკითხვას აძლევს მხარე, რომლის ინიციატივითაც დაიბარეს მოწმე ან მხარის წარმომადგენელი, შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე ან მისი წარმომადგენელი. კონკრეტული შეკითხვის მიცემის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს სასამართლო.

5. მოსამართლეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწმეს დაკითხვის ყველა მომენტში.

    მუხლი 149. მოწმის განმეორებით დაკითხვა. მოწმეთა დაპირისპირება

სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით მეორედ დაკითხოს მოწმე, აგრეთვე მოახდინოს მოწმეთა დაპირისპირება მათ ჩვენებაში წინააღმდეგობათა გასარკვევად.

    მუხლი 150. მოწმის მიერ ჩანაწერებით სარგებლობა

მოწმე ჩვენებას აძლევს ზეპირად, მაგრამ მას შეუძლია ისარგებლოს ჩანაწერებით, თუ მისი ჩვენება დაკავშირებულია რაიმე ციფრობრივ ან სხვა ძნელად დასამახსოვრებელ ცნობებთან. ეს ჩანაწერები მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება დაერთოს საქმეს.

    მუხლი 151. უარის თქმა მოწმის დაკითხვაზე

მხარეს შეუძლია უარი თქვას იმ მოწმის დაკითხვაზე, რომლის გამოძახებასა და დაკითხვაზე თვითონ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე. მეორე მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რომ გამოცხადებული მოწმე დაკითხულ იქნეს, ხოლო თუ დაკითხვა დაწყებულია, – გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში მოწმე უნდა დაიკითხოს.

    მუხლი 152. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა

1. 14 წლის ასაკამდე მოწმის დაკითხვისას, ხოლო სასამართლოს შეხედულებით – 14-დან 18 წლის ასაკამდე მოწმის დაკითხვის დროსაც, შეიძლება მოწვეულ იქნეს პედაგოგი, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოიწვიონ აგრეთვე მშობლები, მშვილებლები, მეურვეები ან მზრუნველები. აღნიშნულ პირებს, სასამართლოს ნებართვით, შეუძლიათ მისცენ მოწმეს შეკითხვები.

2. გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სწორი და გულწრფელი ჩვენების მისაღებად, არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის დროს სასამართლოს წინადადებით სხდომის დარბაზიდან შეიძლება რომელიმე მხარის გაყვანა. სხდომის დარბაზში ამ მხარის დაბრუნების შემდეგ მას უნდა ეცნობოს არასრულწლოვანი მოწმის ჩვენება და მიეცეს შესაძლებლობა დაუსვას მოწმეს შეკითხვები.

3. მოწმე, რომელსაც 16 წელი არ შესრულებია, დაკითხვის შემდეგ ტოვებს სასამართლო სხდომის დარბაზს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს ამ მოწმის დარჩენას სხდომის დარბაზში.

    მუხლი 153. მოწმის მიერ ფიცის დადება

1. მოწმის მიერ ფიცის დადება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ მის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მხარეთა შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტისათვის და სასამართლო ამას მიზანშეწონილად ჩათვლის.

2. ფიცის დადება ხდება დაკითხვის შემდეგ.

3. ფიცს არ დებენ 16 წელს მიუღწეველი პირები.

4. ფიცის დადების წინ სასამართლომ უნდა აუხსნას მოწმეს ფიცის მნიშვნელობისა და წინასწარგანზრახულად დაფიცების გზით ყალბი ჩვენების მიცემით გამოწვეული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

5. რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე შემდეგნაირად მიმართავს მოწმეს:

„დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ თქვენ მთელი შეგნებით თქვით მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ”.

ამაზე მოწმე უპასუხებს:

„ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!”

6. არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცი დაიდება შემდეგნაირად:

მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

„დაიფიცეთ, რომ თქვენ მთელი შეგნებით თქვით მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ”.

მოწმე უპასუხებს:

„ვფიცავ”.

7. თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან თავისი ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურებით. ასეთი დადასტურება შემდეგნაირად ხორციელდება:

მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

„ადასტურებთ თუ არა სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით, რომ თქვენ თქვით მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ?”.

მოწმე უპასუხებს: “დიახ, ვადასტურებ”.

თავი XIX

ნივთიერი მტკიცებულება

    მუხლი 154. ნივთიერი მტკიცებულებანი, მათი გამოთხოვისა და წარდგენის წესი

1. ნივთიერი მტკიცებულებებია ის ნივთები, რომლებიც თავისი ხარისხით, თვისებით ან თავისი არსებობით წარმოადგენენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის საშუალებას.

2. ნივთიერ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო ნივთიერი მტკიცებულების მიღება იმ პირისაგან, ვისაც ხელთა აქვს იგი, მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე მისი გამოთხოვის შესახებ.

3. ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია აღნიშნოს, საქმის რა მნიშვნელოვანი გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით, აღწეროს ეს ნივთი და მიუთითოს, რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა.

4. ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.

    მუხლი 155. სასამართლო, რომელსაც უნდა წარედგინოს ნივთიერი მტკიცებულება

გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება მოქალაქეებმა და იურიდიულმა პირებმა უნდა გადაუგზავნონ უშუალოდ სასამართლოს დანიშნულ ვადაში. სასამართლოს შეუძლია აგრეთვე ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს მისცეს უფლება მიიღოს საბუთი სასამართლოში წარსადგენად.

    მუხლი 156. ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობა

1. მოქალაქეები თუ იურიდიული პირები ვალდებულნი არიან სასამართლოს აცნობონ იმის შესახებ, რომ არა აქვთ საშუალება წარადგინონ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ან წარადგინონ იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში.

2. შეუტყობინებლობის, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა სასამართლოს მოთხოვნა ნივთის წარდგენის შესახებ არ შესრულებულა ისეთი მიზეზით, რომელიც სასამართლოს არასაპატიოდ მიაჩნია, სასამართლო აჯარიმებს შესაბამის მოქალაქეს ან იურიდიული პირის თანამდებობის პირს 10 ლარით.

3. დაჯარიმება არ ათავისუფლებს მოქალაქეს ან სათანადო თანამდებობის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ნივთის წარდგენის მოვალეობისაგან.

4. ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირებს პირველი ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.

    მუხლი 157. მხარის მიერ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე უარის თქმა

 თუ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ ეს მტკიცებულება მის ხელთაა, ან, თუ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე უარს სასამართლო არასაპატიოდ მიიჩნევს, მას შეუძლია გაათავისუფლოს მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელი პირი იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს მის ხელთ არსებული ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე.

    მუხლი 158. ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმება

1. ნივთიერი მტკიცებულებები წარედგინება მხარეებს (წარმომადგენლებს). მათ შეუძლიათ გაეცნონ დათვალიერების ოქმებს. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ამ ნივთიერ მტკიცებულებათა თუ მათი დათვალიერების ოქმების შესახებ.

2. მხარეებს შეუძლიათ სთხოვონ სასამართლოს ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმების მიზნით დანიშნოს ექსპერტიზა, თუ ასეთი თხოვნა საპატიო მიზეზით არ იყო მათ მიერ აღძრული საქმის მომზადების სტადიაზე.

3. ექსპერტიზის დანიშვნა ნივთიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის მიზნით სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივითაც.

    მუხლი 159. ნივთიერ მტკიცებულებათა ადგილზე დათვალიერება

 თუ ნივთიერ მტკიცებულებათა სასამართლოში წარდგენა ძნელი ან შეუძლებელია, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, დაადგინოს მათი ადგილზე დათვალიერება, რის შესახებაც გამოაქვს განჩინება. თუ საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს, ადგილზე დათვალიერება შეიძლება მიენდოს ერთ-ერთ მოსამართლეს. ადგილზე დათვალიერება ხდება XV თავში დადგენილი წესებით.

    მუხლი 160. ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვა

1. ნივთიერი მტკიცებულებები ინახება საქმეში ან საგანგებო აღწერის სიით ჩაბარდება სასამართლოს ნივთიერ მტკიცებულებათა შესანახ კამერაში.

2. ნივთები, რომელთა სასამართლოში მიტანა შეუძლებელია, ადგილზე ინახება. ისინი დაწვრილებით უნდა იქნეს აღწერილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ფოტოგრაფირებულიც.

3. სასამართლო იღებს ღონისძიებებს ნივთების უცვლელ მდგომარეობაში შესანახად.

    მუხლი 161. ნივთიერ მტკიცებულებათა დაბრუნება

1. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება დაუბრუნდება მის წარმდგენ პირს ან გადაეცემა იმ პირს, რომელსაც სასამართლომ მიაკუთვნა უფლება ამ ნივთზე.

2. ნივთები, რომლებიც არ შეიძლება იყოს მოქალაქეთა მფლობელობაში, გადაეცემა სათანადო სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას.

3. ცალკეულ შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მათი შემოწმებისა და გამოკვლევის შემდეგ შეიძლება საქმის დამთავრებამდე დაუბრუნდეს მის წარმდგენ პირს, თუ უკანასკნელი ამას შუამდგომლობს და თუ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეიძლება საქმის განხილვისათვის ზიანის მიუყენებლად.

თავი XX

ექსპერტის დასკვნა

    მუხლი 162. ექსპერტიზის დანიშვნა

 თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სასამართლოს, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა.

    მუხლი 163. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ

1. ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, თუ რა საკითხებზეა საჭირო ექსპერტის დასკვნა, ვინ დაინიშნა ექსპერტად და რა მასალები წარედგინა ექსპერტს გამოსაკვლევად. აუცილებლობის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლო ნიშნავს რამდენიმე ექსპერტს.

2. ექსპერტების შერჩევის დროს სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა მოსაზრებებს. მხარეებს უფლება აქვთ შესთავაზონ სასამართლოს ექსპერტად დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს ექსპერტიზის ჩატარება, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ აცილება მისცენ ექსპერტს 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.

3. მხარეებს უფლება აქვთ აგრეთვე წარუდგინონ სასამართლოს კითხვები, რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა. საბოლოოდ იმ საკითხთა წრეს, რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა, განსაზღვრავს სასამართლო. ეს უკანასკნელი ვალდებულია დაასაბუთოს მხარეთა მიერ წამოყენებული საკითხების უარყოფა.

    მუხლი 164. რამდენიმე ექსპერტის დანიშვნა

რამდენიმე ექსპერტის დანიშვნისას მათ უფლება აქვთ ერთმანეთთან ითათბირონ. თუ ექსპერტები დაადგებიან საერთო აზრს, ყველანი ხელს აწერენ ერთ დასკვნას. ექსპერტი, რომელიც არ ეთანხმება დანარჩენ ექსპერტებს, ადგენს ცალკე დასკვნას.

    მუხლი 165. ექსპერტიზის ჩატარების ადგილი

ექსპერტიზა ტარდება სასამართლოში ან მის გარეთ, თუ ეს აუცილებელია გამოკვლევის ხასიათის ან იმის გამო, რომ გამოკვლევის საგნის წარდგენა სასამართლოში შეუძლებელი ან ძნელია.

    მუხლი 166. ექსპერტიზის ჩატარების წესი სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში

1. თუ ექსპერტიზის წარმოება მინდობილი აქვს სპეციალურ სასამართლო-საექსპერტო დაწესებულების ექსპერტს, სასამართლო უგზავნის ამ დაწესებულებას თავის განჩინებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, აგრეთვე ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს.

2. სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ექსპერტიზის ჩატარებას მიანდობს ამ დაწესებულების ერთ ან რამდენიმე თანამშრომელს.

3. სასამართლოს დავალებით საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი განუმარტავს თანამშრომლებს, რომლებსაც მიენდოთ ექსპერტიზის ჩატარება, ექსპერტის უფლება-მოვალეობებს, რაც გათვალისწინებულია 168-ე მუხლით, აგრეთვე დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამის შესახებ მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი, რომელიც ექსპერტის დასკვნასთან ერთად გადაეგზავნება სასამართლოს.

    მუხლი 167. ექსპერტიზის ჩატარება არასაექსპერტო დაწესებულებაში

თუ ექსპერტიზა ტარდება არასპეციალურ სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებაში, შესაბამის პირს ექსპერტად ნიშნავს თვითონ სასამართლო. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ყველა მასალა, რაც აუცილებელია ექსპერტიზის ჩასატარებლად, ექსპერტად დანიშნულ პირს უშუალოდ სასამართლომ უნდა გადასცეს. განჩინების გადაცემისას სასამართლო ამოწმებს ექსპერტის პიროვნებას, მის სპეციალობასა და კომპეტენტურობას, განუმარტავს ექსპერტს მის უფლება-მოვალეობებს, რაც გათვალისწინებულია 168-ე მუხლით, და აფრთხილებს ექსპერტს დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის, თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ყოველივე ეს აღინიშნება სასამართლოს განჩინებაში ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რაც დამოწმდება ექსპერტის ხელმოწერით.

    მუხლი 168. ექსპერტის უფლებები და მოვალეობები

1. ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახებისთანავე და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე.

2. თუ სასამართლოს მიერ არასაპატიოდ ცნობილი მიზეზით ექსპერტი არ გამოცხადდება სასამართლოში ან თავს აარიდებს დასკვნის მიცემას, ანდა შეგნებულად მისცემს ყალბ დასკვნას, მის მიმართ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს.

4. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე.

5. ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში, აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა.

    მუხლი 169. ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალების შეგროვება

1. ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების წრეს განსაზღვრავს სასამართლო, რომელიც ითვალისწინებს როგორც მხარეების, ისე ექსპერტად დანიშნული პირის მოსაზრებებს.

2. თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების მიღებისათვის აცილებელია მოწმის დაკითხვა, სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს იგი ექსპერტის მონაწილეობით. მხარეებს ეცნობებათ ამის შესახებ, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს მოწმის დაკითხვას. ამ წესით დაკითხული მოწმე არ თავისუფლდება სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისაგან და საქმის განხილვის დროს განმეორებითი დაკითხვისაგან.

3. მოწმის დაკითხვის შესახებ შედგება ოქმი, რომელიც დაერთვის საქმეს.

    მუხლი 170. ექსპერტის დასკვნის ფორმა და შინაარსი

1. ექსპერტი დასკვნას იძლევა წერილობითი ფორმით. სასამართლოს უფლება აქვს მისცეს ექსპერტს წინადადება, რომ მან ზეპირი განმარტება მისცეს სასამართლოს თავისი დასკვნის შესახებ. ზეპირი განმარტება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, წაეკითხება ექსპერტს, რომელიც ხელს აწერს მას.

2. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე.

    მუხლი 171. ექსპერტის დასკვნის შემოწმება. ექსპერტისათვის შეკითხვის მიცემის წესი

1. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები.

2. ექსპერტს პირველად ეკითხება ის პირი, რომლის თხოვნითაც დაინიშნა ექსპერტი, და მისი წარმომადგენელი. სასამართლოს ინიციატივით დანიშნულ ექსპერტს პირველად ეკითხება მოსამართლე. მოსამართლეს შეუძლია შეკითხვები დაუსვას ექსპერტს მისი დაკითხვის ყოველ მომენტში.

    მუხლი 172. ექსპერტის დასკვნის შეფასება

ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

    მუხლი 173. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა

1. თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა.

2. თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე, თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს.

    მუხლი 174. ექსპერტიზის მასალების დაბრუნება სასამართლოსათვის

 ექსპერტი მოვალეა დაუბრუნოს სასამართლოს ექსპერტიზისათვის გამოყენებული ყველა მასალა და დოკუმენტი, თუ სასამართლო ამას მოითხოვს.

    მუხლი 175. ფიცის დადება ექსპერტის მიერ

 ექსპერტიზის ჩატარებამდე ან მის შემდეგ ექსპერტი დებს ფიცს. ფიცის შინაარსი განისაზღვრება იმით, რომ ექსპერტი ატარებს ექსპერტიზას საკუთარი ცოდნისა და სინდისის შესაბამისად. თუ ექსპერტს დადებული აქვს საერთო ფიცი ანალოგიური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, მაშინ საკმარისია მითითება ამ ფიცზე. მასზე შეიძლება მიეთითოს ექსპერტის დასკვნაშიც.

    მუხლი 176. ექსპერტის გასამრჯელო

1. სასამართლოს დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის, აგრეთვე სასამართლოში გამოცხადებისათვის მგზავრობისა და საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხარჯები და დღიური თანხა მიეცემათ ექსპერტებს 45-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. თუ ექსპერტის აზრით, სასამართლოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ხარჯები საგრძნობლად გაიზრდება დავის საგნის ღირებულებასთან შედარებით, ან დიდად გადააჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ხარჯებს, ექსპერტი ვალდებულია დროულად აცნობოს ამის შესახებ სასამართლოს.

წიგნი მეორე

საქმეების წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში

კარი მეოთხე

სასარჩელო წარმოება

თავი XXI

საქმეების განხილვა პირველი ინსტანციით

    მუხლი 177. საქმის აღძვრა

1. საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – განცხადებით.

2. სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 178. სარჩელის შინაარსი

1. სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეაქვთ სარჩელი;

ბ) მოსარჩელის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ მოსარჩელე იურიდიული პირია – მისი სახელწოდება და მისამართი;

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი და მისამართი, თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს;

დ) მოპასუხის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ მოპასუხე იურიდიული პირია, – მისი სახელწოდება და მისამართი;

ე) მოსარჩელის მოთხოვნა;

ვ) გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;

ზ) მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;

თ) სარჩელის ფასი, თუ შესაძლებელია სარჩელის შეფასება;

ი) სარჩელისათვის დართული საბუთების ნუსხა.

2. სარჩელში შეიძლება ჩამოყალიბდეს აგრეთვე მოსარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ:

ა) სასამართლომ დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნებს;

ბ) სასამართლომ მისცეს მითითება შესაბამის დაწესებულებებს, რათა მათ წარუდგინონ სასამართლოს ყველა ის წერილობითი თუ ნივთიერი საბუთი და მასალა, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები და რომელთა გაცემაზე არამართლზომიერად უთხრეს უარი მოსარჩელეს;

გ) სასამართლომ დროულად შეატყობინოს და სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები.

    მუხლი 179. სარჩელისა და თანდართული საბუთების ასლები

სარჩელი და თანდართული საბუთები სასამართლოს უნდა წარედგინოს იმდენი ასლით, რამდენიც მოპასუხეა. სარჩელს უნდა ერთოდეს აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

    მუხლი 180. აღიარებითი სარჩელი

სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

    მუხლი 181. სარჩელი ვალდებულებების მომავალში შესრულების შესახებ

სარჩელი ვალდებულებების მომავალში შესრულების შესახებ დასაშვებია, თუ:

ა) სასარჩელო მოთხოვნა არ არის დამოკიდებული ვალდებულების საპასუხო შესრულებაზე და მისი შესრულების თარიღი დაკავშირებულია კალენდარული დღის დადგომასთან;

ბ) ვითარების მიხედვით გამართლებულია შიში იმის თაობაზე, რომ მოვალე თავს აარიდებს ვალდებულების დროულად შესრულებას.

    მუხლი 182. რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გაერთიანება და გამოყოფა

1. მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს ამ სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე საფუძვლებს ემყარება ეს მოთხოვნები, თუ –არა.

2. სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია.

3. რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების მიღებისას, სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია.

    მუხლი 183. სარჩელის მიღების შესახებ განჩინების გამოტანის ვადა

მოსამართლე ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან ხუთი დღის განმავლობაში გამოიტანოს განჩინება ამ სარჩელის მიღების შესახებ. სარჩელი მიღებულად მიიჩნევა მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება, მაშინ – ამ ვადის გასვლის შემდეგ.

    მუხლი 184. სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გადაგზავნა მოპასუხისათვის

1. სარჩელის მიღების შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია გასცეს განკარგულება ამ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის გადაგზავნის შესახებ.

2. სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ განიხილოს. ამასთან, მხარეებს არ ერთმევათ უფლება გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა.

3. სადავო ნივთის გასხვისება ან მოთხოვნის დათმობა ვერ მოახდენს ზეგავლენას პროცესის მსვლელობაზე. სადავო საგნის შემძენს ან იმ პირს, ვისაც მოთხოვნა დაუთმეს, უფლება არა აქვს მოწინააღმდეგე მხარის თანხმობის გარეშე ჩაებას პროცესში იმ მხარის ნაცვლად, რომელმაც გაასხვისა დავის საგანი ან დათმო მოთხოვნა. მათ შეუძლიათ ჩაებან პროცესში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელი მოთხოვნის გარეშე.

    მუხლი 185. სარჩელის უმოძრაოდ დატოვება

 თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია 178-ე და 179-ე მუხლებში მითითებული პირობების დარღვევით, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, გამოიტანს განჩინებას სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ, რასაც აცნობებს მოსარჩელეს და მისცემს მას ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სარჩელი შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება მოსარჩელეს.

    მუხლი 186. სარჩელის მიღებაზე უარის თქმა

1. მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ:

ა) სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას;

ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

გ) ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

დ) მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს კერძო არბიტრაჟს;

ე) საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის;

ვ) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;

ზ) დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.

2. მოსამართლის უარი განცხადების მიღებაზე ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე” და “ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით ხელს არ უშლის, რომ განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

    მუხლი 187. განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ

1. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა მოტივირებულია იმით, რომ ეს სარჩელი ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მოსამართლე ვალდებულია მიუთითოს თავის განჩინებაში, თუ რომელ სასამართლოს მიმართოს მოსარჩელემ. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი.

2. სარჩელის მიუღებლობის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაჰბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი საბუთები.

3. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

თავი XXII

შეგებებული სარჩელი

    მუხლი 188. შეგებებული სარჩელის ა ძვრა

1. მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად.

2. ამ ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარჩელი სასამართლო პაექრობის დამთავრებამდე, თუ სასამართლო საპატიოდ მიიჩნევს ვადის გაშვებას.

    მუხლი 189. შეგებებული სარჩელის მიღების პირობები

1. შეგებებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით.

2. მოსამართლე მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ:

ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;

ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;

გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება.

3. პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად სასამართლოს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება, გარდა 245-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 190. საქმის განხილვის გადადება შეგებებული სარჩელის აღძვრის გამო

1. თუ შეგებებული სარჩელი აღძრული და მიღებულია საქმის წინასწარი მომზადების დამთავრების შემდეგ, მოსარჩელის თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება ამ საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება.

2. საქმის განხილვის გადადებით გამოწვეული ხარჯები დაეკისრება მოპასუხეს, რომელმაც დაგვიანებით აღძრა შეგებებული სარჩელი.

თავი XXIII

სარჩელის უზრუნველყოფა

    მუხლი 191. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ

მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.

    მუხლი 192. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე

1. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.

2. ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე სასამართლო დანიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც, თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემომტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

    მუხლი 193. განცხადების განხილვის ვადა

განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო განცხადების შეტანის დღესვე, მოპასუხის შეუტყობინებლად.

    მუხლი 194. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ

1. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც უნდა უპასუხებდეს განჩინებისათვის 285-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ უზრუნველყოფის რა კონკრეტული ღონისძიება შეასრულა სასამართლომ.

2. სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი განჩინების ზუსტ დასახელებას;

ბ) მითითებას, თუ რა ზომით უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ;

გ) გარემოებებს, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ.

3. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს ხუთ დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან.

4. საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულებას, მაგრამ სასამართლოს შეუძლია გარკვეული დროით შეაჩეროს აღსრულება ან გააუქმოს უზრუნველყოფისათვის უკვე მიღებული ღონისძიებები.

    მუხლი 195. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულება

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულება დაუყოვნებლივ ხორციელდება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით.

    მუხლი 196. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორით

1. მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.

2. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ამ საკითხის გადაწყვეტას.

3. ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.

    მუხლი 197. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრება

სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რაც შეაჩერებს ამ განჩინების აღსრულებას.

    მუხლი 198. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

1. საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო.

2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:

ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;

ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;

გ) მოპასუხის დავალდებულება გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი სასამართლო აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით;

დ) სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება;

ე) ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება;

ვ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება;

ზ) სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება, როცა ამ საბუთს ედავება მოვალე სასამართლო წესით;

თ) მოპასუხისათვის მისი საცხოვრებელი ან სამყოფელი ადგილიდან გაუსვლელობის ხელწერილის ჩამორთმევა.

3. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე.

    მუხლი 199. სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება

1. სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

2. თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ 192-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებათა შედეგად.

თავი XXIV

საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად

    მუხლი 200. საქმის მომზადების მიზანი

1. თუ სარჩელის (განცხადების) მიღების შემდეგ საქმე მოსამართლის განსახილველია, საქმეს ამზადებს მოსამართლე, ხოლო თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმე კოლეგიურმა სასამართლომ უნდა განიხილოს, მაშინ საქმეს ამ სასამართლოს ერთ-ერთი წევრი ამზადებს, რათა დაჩქარდეს მისი განხილვა და შესაძლებელი გახდეს ერთ სასამართლო სხდომაზე განხილვის დამთავრება და საქმის სწორად გადაწყვეტა.

2. მოსამართლის დავალებით საქმე სასამართლო განხილვისათვის შეიძლება მოამზადოს მოსამართლის თანაშემწემ.

    მუხლი 201. სასამართლოს დავალებები მოპასუხისადმი

1. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლე:

ა) გადაუგზავნის მოპასუხეს სარჩელისა (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული საბუთების ასლებს;

ბ) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელზე დართული საბუთების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს.

2. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს:

ა) ცნობს თუ არა მოპასუხე სარჩელს;

ბ) თუ სარჩელს არა ცნობს, რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ;

გ) რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები;

დ) რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვას, კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული სარჩელის აღძვრას, ხომ არ უარყოფს სარჩელის დასაშვებობას, ხომ არ ექნება აცილება სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ და ა. შ.;

ე) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილეებად ან მესამე პირებად;

ვ) რომელი მოწმე უნდა იქნეს გამოძახებული სასამართლო სხდომაზე.

    მუხლი 202. მოპასუხის წერილობითი პასუხის გადაგზავნა მოსარჩელისათვის

1. მოპასუხის წერილობითი პასუხისა და მასზე დართული საბუთების ასლები უნდა გადაეგზავნოს მოსარჩელეს.

2. მოსარჩელეს უფლება აქვს წარუდგინოს მოსამართლეს დამატებითი მტკიცებულებები, აგრეთვე წერილობით აცნობოს მას თავისი მოსაზრებები მოპასუხის წერილობითი პასუხის თაობაზე მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.

    მუხლი 203. მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით

1. სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მოსამზადებლად მოსამართლეს შეუძლია:

ა) დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები;

ბ) გამოითხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებანი სხვადასხვა დაწესებულებებიდან თუ მოქალაქეებისაგან, რომელთა მიღებაც თავად მხარეებმა ვერ შეძლეს;

გ) გადაწყვიტოს სასამართლო პროცესში მესამე პირებისა და თანამონაწილეების დაშვების საკითხი;

დ) შეამოწმოს მტკიცებულებები, თუ ეს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ძნელი იქნება ან გააჭიანურებს საქმის განხილვას;

ე) ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება;

ვ) მისცეს სასამართლო დავალებები;

ზ) მოახდინოს სარჩელის უზრუნველყოფა;

თ) დანიშნოს ექსპერტი;

ი) გადაწყვიტოს სპეციალისტის მოწვევის საკითხი;

კ) დაიბაროს მოწმეები, აგრეთვე ექსპერტები და სპეციალისტები სასამართლო სხდომის დღისათვის.

2. მოსამართლეს შეუძლია სხვა მოქმედებების შესრულებაც, რომლებიც ხელს შეუწყობენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებას.

    მუხლი 204. სპეციალისტის მოწვევა

1. ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და ა. შ.) სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი.

2. სპეციალისტად მოწვეული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, გაუწიოს მას კონსულტაცია, აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება.

3. სპეციალისტის ზეპირი კონსულტაცია შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო მისი წერილობითი პასუხები დაერთვის საქმეს.

    მუხლი 205. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა

თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები საფუძველს აძლევს მოსამართლეს ივარაუდოს, რომ მხარეებმა შეიძლება საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი, ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე, თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვენ, მხარეთა წერილობითი მასალების მიღების შემდეგ მას შეუძლია დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა.

    მუხლი 206. მხარეთა მოვალეობა

მხარეები მოვალენი არიან შეასრულონ საქმის მომზადების მიზნით მოსამართლის მითითებები. წერილობითი მასალების წარუდგენლობა თუ სხვა მოქმედების შეუსრულებლობა ისეთი მიზეზით, რომელსაც სასამართლო არასაპატიოდ ცნობს, ართმევს მხარეს უფლებას შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს.

    მუხლი 207. განჩინება საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ

მოსამართლეს, მას შემდეგ, რაც ცნობს საქმეს საკმაოდ მომზადებულად, გამოაქვს განჩინება სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისი არსებითად განხილვის დანიშვნის შესახებ. სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განხილვის დღეს სასამართლო ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის.

    მუხლი 208. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

1. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან მხარეები მორიგდებიან, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

2. საქმის წარმოების შეწყვეტა აღნიშნული საფუძვლებით იწვევს შედეგებს, რაც გათვალისწინებულია 272-ე მუხლით.

3. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

    მუხლი 209. საქმის წარმოების შეწყვეტა და სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვება საქმის მომზადების დროს

272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების დროს საქმის წარმოება მოსამართლემ შეიძლება შეწყვიტოს ან სარჩელი (განცხადება) განუხილველად დატოვოს, რის შესახებაც მას გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

თავი XXV

სასამართლოს მთავარი სხდომა

    მუხლი 210. სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყება

1. საქმის განხილვისათვის დანიშნულ დროს სასამართლო შემოდის სხდომის დარბაზში. მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს არჩევს კოლეგიური სასამართლო, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, ხსნის სასამართლოს მთავარ სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული.

 2. სასამართლოს სხდომის მდივანი მოახსენებს სასამართლოს, თუ განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სასამართლო ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. ამის შემდეგ მოწმეები ტოვებენ სხდომის დარბაზს.

    მუხლი 211. წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითებათა სავალდებულოობა

მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, თარჯიმნები, აგრეთვე სასამართლოს სხდომის დარბაზში მყოფი ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი და უსიტყვოდ დაემორჩილოს მოსამართლის განკარგულებას.

    მუხლი 212. ღონისძიებანი სასამართლოს სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ

1. საქმის განხილვისას წესრიგის დამრღვევ პირს თავმჯდომარე (მოსამართლე) აძლევს გაფრთხილებას.

2. მხარე, წარმომადგენელი, მოწმე, ექსპერტი, თარჯიმანი და სპეციალისტი, რომლებმაც განმეორებით დაარღვიეს წესრიგი, შეიძლება სხდომის დარბაზიდან გაძევებულ იქნენ სასამართლოს განჩინებით, ხოლო სხდომის დარბაზში მყოფი პირი – თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებით. სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფი წესრიგის დამრღვევი პირი სასამართლოს თავმჯდომარემ (მოსამართლემ) შეიძლება აგრეთვე დააჯარიმოს 10 ლარით.

3. თუ, გაფრთხილების მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე წესრიგი განმეორებით დაარღვია მხარემ ან მესამე პირმა, სასამართლო გააძევებს მას სხდომის დარბაზიდან და საქმეს განიხილავს მის დაუსწრებლად.

    მუხლი 213. თარჯიმნისათვის მისი მოვალეობის განმარტება

1. სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, რომლებიც არ ფლობენ სამართალწარმოების ენას, ხოლო ამ პირებს უთარგმნოს განმარტებათა, ჩვენებათა, განცხადებათა, სასამართლოში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა შინაარსი, აგრეთვე სასამართლოს განკარგულებები, განჩინებები და გადაწყვეტილებები.

2. სასამართლო აფრთხილებს თარჯიმანს, რომ შეგნებულად არასწორი თარგმანისათვის იგი პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით.

3. თუ თარჯიმანი არ გამოცხადდება სასამართლოში არასაპატიო მიზეზით, ან თავს აარიდებს მოვალეობის შესრულებას, იგი შეიძლება დაჯარიმდეს 10 ლარით.

    მუხლი 214. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და აცილების უფლების განმარტება

თავმჯდომარე (მოსამართლე) აცხადებს სასამართლო შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, სასამართლო სხდომის მდივნად და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ ასეთი აცილება სასამართლოს მიერ საპატიოდ ცნობილი მიზეზით არ იყო განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, ან თუ საქმეს იხილავს სხვა მოსამართლე ან სხვა სასამართლო შემადგენლობა, ვიდრე ეს იყო ცნობილი ამ საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს.

    მუხლი 215. მხარეთა შუმადგომლობებისა და განცხადებების განხილვა

მხარეთა და მათ წარმომადგენელთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენისა თუ გამოთხოვის, აგრეთვე საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ შეიძლება დააკმაყოფილოს სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები საპატიო მიზეზით არ იყო აღძრული სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.

    მუხლი 216. საქმის განხილვის გადადება

1. საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქმის ხელახლა განხილვა მისი გადადების შემდეგ თავიდან დაიწყება.

2. სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს დღეს ახალი სასამართლო სხდომისათვის და ამას აცნობებს გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ხელახლა ჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღეს აცნობებენ 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

3. საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში სასამართლო დაკითხავს გამოცხადებულ მოწმეებს. ახალ სასამართლო სხდომაზე ამ მოწმეთა ხელმეორედ დაბარება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. სასამართლო დაავალებს აგრეთვე მხარეებს დანიშნულ ვადაში წარმოადგინონ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, რათა მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა ახალი სხდომის დაწყებამდე გაეცნოს ამ მასალებს, ამასთან, მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი მოწმისა, რომლის დაკითხვაც მას სურს.

4. თუ მხარე თავს არიდებს ამ მოვალეობის შესრულებას საქმის განხილვის გაჭიანურების მიზნით და სასამართლოს წარუდგენს წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებს, აგრეთვე დაასახელებს მოწმის ვინაობასა და მისამართს მხოლოდ საქმის ხელმეორედ განხილვის პროცესში მხარეთა ზეპირი შეჯიბრების დროს, სასამართლოს შეუძლია მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით არ მიიღოს ეს მტკიცებულებები და არ გამოუძახოს მოწმეს.

    მუხლი 217. საქმის განხილვის დაწყება

საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის მოხსენებით მოსამართლის მიერ, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს, ხოლო თუ ამ საქმეზე ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, მაშინ – ამ სხდომის მასალებსა და ოქმს.

    მუხლი 218. მხარეთა ახსნა-განმარტება

1. მოსამართლის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ იწყება მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენა.

2. პირველად სასამართლო მოისმენს მოსარჩელისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს, კერძოდ, როგორია მისი მოთხოვნა, რა გარემოებებს ემყარება ეს მოთხოვნა, რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნებს და უარს ხომ არ ამბობს სარჩელზე, ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვ.

3. შემდეგ სასამართლო მოისმენს მოპასუხისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს, კერძოდ, როგორია მისი შესაგებელი, ხომ არ ცნობს სარჩელს, ან ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვ.

    მუხლი 219. ახალ გარემოებებზე მითითება

1. მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის დროს მათ შეიძლება წამოაყენონ ახალი მოსაზრებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ან მხარეთა ზეპირი შეჯიბრების დაწყებამდე.

2. სასამართლო გაითვალისწინებს ამ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, თუ ცნობს, რომ მათ შესახებ თავის დროზე არ იყო განცხადებული საპატიო მიზეზით და რომ ეს არ მომხდარა საქმის გაჭიანურების მიზნით. მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სთხოვოს სასამართლოს საქმის განხილვის გადადება, რათა მოემზადოს ამ ახალი გარემოებებისა თუ მტკიცებულებების გასაქარწყლებლად.

3. საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს 216-ე მუხლით.

    მუხლი 220. ახსნა-განმარტების მიღება გამოცხადებული პირისაგან

თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება მხოლოდ ერთი მხარე, სასამართლო მიიღებს ახსნა-განმარტებას ამ ერთი მხარისაგან.

    მუხლი 221. მხარეთა შეკითხვები

სასამართლოს ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის შეუსაბამოდ ან უადგილოდ მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად, ანდა სასამართლოს – კოლეგიურად, როცა საქმეს კოლეგიური სასამართლო განიხილავს.

    მუხლი 222. მოსამართლეთა შეკითხვები

მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიური სასამართლოს თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.

    მუხლი 223. მხარეთა შეჯიბრების ხელმძღვანელობა

1. მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს სასამართლო. იგი ხსნის, წარმართავს და წყვეტს შეჯიბრებას; სიტყვას აძლევს ან სიტყვის უფლებას ართმევს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას; იღებს გადაწყვეტილებებს ზეპირი შეჯიბრების დროს წამოჭრილ საკითხებზე და აცხადებს ამ გადაწყვეტილებებს.

2. სასამართლო იღებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს და არ გართულდეს და საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად – ერთ სასამართლო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, – შესვენების გარეშე.

    მუხლი 224. მოსარჩელის მიერ სარჩელის შეცვლისა და მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრის შესახებ საკითხების გადაწყვეტის წესი

1. მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლისა თუ საგნის შეცვლის ან სასარჩელო მოთხოვნის გადიდების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს 83-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრისა და სასამართლოს მიერ მისი მიღების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს 188–190-ე მუხლებით დადგენილი წესით.

    მუხლი 225. წარმოდგენილ მტკიცებულებათა შემოწმება

მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ სასამართლო შეუდგება წარმოდგენილ მტკიცებულებათა შემოწმება-გამოკვლევას, რაც წარმოებს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 226. მტკიცებულებათა შემოწმების დამთავრება

საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვისა და შემოწმების შემდეგ სასამართლო ეკითხება მხარეებსა და წარმომადგენლებს, ხომ არ სურთ რაიმე დაუმატონ საქმის მასალებს. თუ ასეთი სურვილი არ გამოითქვა, სასამართლო საქმის გამოკვლევას დამთავრებულად აცხადებს, რის შემდეგაც იწყება მხარეთა პაექრობა.

    მუხლი 227. მხარეთა პაექრობა

1. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან.

2. პირველად გამოდიან მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, შემდეგ– მოპასუხე და მისი წარმომადგენელი. მესამე პირი, რომელმაც განაცხადა დაწყებულ პროცესში დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა, და მისი წარმომადგენელი გამოდიან მხარეების შემდეგ. მესამე პირი, რომელსაც დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა არ განუცხადებია, და მისი წარმომადგენელი გამოდიან იმ მოსარჩელის ან მოპასუხის შემდეგ, რომლის მხარეზედაც მესამე პირი მონაწილეობს საქმეში.

    მუხლი 228. რეპლიკა

1. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნით მოპასუხეს და მის წარმომადგენელს.

2. მხარეთა პაექრობის შემდეგ სასამართლო გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს სხდომის დარბაზში დამსწრე პირებს.

თავი XXVI

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

    მუხლი 229. მოსარჩელის გამოუცხადებლობა

1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

    მუხლი 230. მოპასუხის გამოუცხადებლობა

თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70–78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად და სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

    მუხლი 231. ორივე მხარის გამოუცხადებლობა3

თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

    მუხლი 232. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის უარი, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში

გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.

    მუხლი 233. სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა

1. სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:

ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ;

დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას სასამართლო საქმის განხილვას სხვა დროისათვის ნიშნავს, რის შესახებაც ატყობინებს გამოუცხადებელ მხარეს და საქმეში მონაწილე სხვა პირებს, ხოლო „დ” ქვეპუნქტში მითითებული სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობისას სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას 272-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 234. დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი

დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს 249-ე მუხლის მოთხოვნებს სამოტივაციო ნაწილის ჩამოყალიბების გარეშე.

    მუხლი 235. გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა

მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლოში, ეგზავნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში.

    მუხლი 236. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება

მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, შეუძლია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ.

    მუხლი 237. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

    მუხლი 238. საჩივრის შინაარსი

1. საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

ბ) საჩივრის შემტანი პირის დასახელებას;

გ) გარემოებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით;

დ) საჩივრის შემტანი პირის თხოვნას, თუ რა ფარგლებში უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილება;

ე) საჩივარზე თანდართული მასალების ჩამონათვალს.

2. საჩივარი, რომელსაც ხელს აწერს მხარე ან მისი წარმომადგენელი, სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში.

    მუხლი 239. სასამართლოს მოქმედება საჩივრის მიღების შემდეგ

1. მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკითხს საჩივრის მიღების შესახებ წყვეტს მხარეთათვის შეუტყობინებლად.

2. საჩივრის მიღების თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს საქმის ხელახლა განხილვის დღე, რის შესახებაც ატყობინებს მხარეებს. სასამართლოს ასეთ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ შეიძლება.

3. თუ საჩივრის მიღება სასამართლოს არ მიაჩნია დასაშვებად, მას გამოაქვს ამის შესახებ განჩინება, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 240. ახალი გადაწყვეტილება

1. თუ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლოს გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება.

2. თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

3. როგორც სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება, ასევე მისი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით.

4. გამოუცხადებლობით გამოწვეული ხარჯები დაეკისრება გამოუცხადებელ მხარეს იმისგან დამოუკიდებლად, გასაჩივრების შედეგად მან საქმე მთლიანად მოიგო, თუ – ნაწილობრივ.

    მუხლი 241. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები

დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

    მუხლი 242. მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება

1. მხარეს, რომელმაც შემოიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, მაგრამ არ გამოცხადებულა დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე, უფლება არა აქვს კვლავ შეიტანოს საჩივარი მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის კვლავ განახლების შესახებ.

2. მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა.

თავი XXVII

სასამართლო გადაწყვეტილება

    მუხლი 243. საბოლოო გადაწყვეტილება

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე წყდება არსებითად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილების ფორმით.

2. თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, იგი დადგენილ უნდა იქნეს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. თავმჯდომარე ხმას აძლევს მოსამართლეების შემდეგ. მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს, მაგრამ სასამართლო სხდომის დარბაზში არ გამოცხადდება. მოსამართლეებს უფლება არა აქვთ გაახმაურონ თათბირის დროს გამართული მსჯელობა.

    მუხლი 244. საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს გადაწყვეტილების გამოტანის დროს

გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი.

    მუხლი 245. ნაწილობრივი გადაწყვეტილება

1. თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ.

2. ნაწილობრივი გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის თხოვნით, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც აღძრული იყო შეგებებული სარჩელი, გარკვეულია და გადაწყვეტილების გამოსატანად მომზადებულია ერთ-ერთი – სარჩელი ან შეგებებული სარჩელი.

    მუხლი 246. წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება

1. თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ასევე ამ მოთხოვნის მოცულობა (ოდენობა), სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს წინასწარი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ.

2. ასეთი წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით. კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მას ექნება პრეიუდიციული ძალა სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებისათვის, რომელიც მოთხოვნის მოცულობას განსაზღვრავს.

    მუხლი 247. გადაწყვეტილების ჩამოყალიბება

1. გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით ჩამოაყალიბებს მოსამართლე.

2. თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან ერთ-ერთი მოსამართლე და ხელს აწერს ყველა მოსამართლე, რომლებიც მონაწილეობდნენ მის დადგენაში, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლე. გადაწყვეტილებაში შეტანილ შესწორებას შენიშვნა უნდა გაუკეთდეს მოსამართლეთა ხელმოწერების წინ.

    მუხლი 248. სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები

სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

    მუხლი 249. გადაწყვეტილების შინაარსი

1. გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.

2. გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი გამოტანის დრო და ადგილი, გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, მხარეები, წარმომადგენლები, დავის საგანი.

3. გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას მოსარჩელის მოთხოვნასა და მოპასუხის შესაგებელზე.

4. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

5. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.

    მუხლი 250. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბება

თუ მხარეები არ მოითხოვენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების შესავალი, აღწერილობითი და სარეზოლუციო ნაწილების ჩამოყალიბებით.

    მუხლი 251. გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და ვადის განსაზღვრა, აღსრულების უზრუნველყოფა

თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.

    მუხლი 252. გადაწყვეტილება იურიდიული პირისაგან ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ

იურიდიული პირისაგან ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას, სარეზოლუციო ნაწილში სასამართლო მიუთითებს გადასახადი თანხის ხასიათზე, აგრეთვე იმაზე, თუ ბანკში მოპასუხის რომელი თანხიდან უნდა ჩამოიწეროს დაკისრებული თანხა.

    მუხლი 253. გადაწყვეტილება ქონების მიკუთვნების ან მისი ღირებულების გადახდევინების შესახებ

ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება.

    მუხლი 254. გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხეს ავალებს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას

1. ისეთი გადაწყვეტილების გამოტანისას, რომელიც მოპასუხეს ავალებს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას, რაც დაკავშირებული არ არის ქონების ან ფულადი თანხების გადაცემასთან, სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაში შეუძლია მიუთითოს, რომ, თუ მოპასუხე გადაწყვეტილებას არ შეასრულებს დადგენილ ვადაში, მოსარჩელეს უფლება აქვს ეს მოქმედება შეასრულოს მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით.

2. თუ აღნიშნული მოქმედება შეიძლება შეასრულოს მხოლოდ მოპასუხემ, სასამართლო გადაწყვეტილებაში დაადგენს ვადას, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

    მუხლი 255. გადაწყვეტილება სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების არაკანონიერების შესახებ

1. სახელმწიფო ორგანოების, თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების არაკანონიერად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო ასეთ მოქმედებას ან გადაწყვეტილებას აღიარებს არაკანონიერად, ავალებს შესაბამის ორგანოსა თუ თანამდებობის პირს დააკმაყოფილოს მოქალაქის მოთხოვნა, აუქმებს მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებას ან სხვა გზით აღადგენს მის დარღვეულ თუ სადავო უფლებასა და თავისუფლებას.

2. ნორმატიული აქტის არაკანონიერების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული უნდა იყოს, რომ ეს აქტი ბათილად ითვლება მისი მიღების მომენტიდან.

3. სასამართლოს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის არაკანონიერების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებით, რომელშიც ეს ნორმატიული აქტი იყო გამოქვეყნებული.

    მუხლი 256. გადაწყვეტილება რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ

1. თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ, სასამართლომ უნდა მიუთითოს, თუ რა წილი ეკუთვნის თითოეულ მათგანს, ან აღნიშნოს, რომ გადახდევინების უფლება სოლიდარულია.

2. თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, სასამართლომ უნდა მიუთითოს, თუ თითეულმა მოპასუხემ გადაწყვეტილების რა წილი უნდა შეასრულოს, ან აღნიშნოს, რომ მათი პასუხისმგებლობა სოლიდარულია.

    მუხლი 257. დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის გადადება

გადაწყვეტილება საქმის განხილვის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. გამონაკლის შემთხვევაში, განსაკუთრებით რთული საქმეების მიმართ და როდესაც ამას მხარე მოითხოვს, დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანა შეიძლება გადაიდოს არა უმეტეს 5 დღის ვადით, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ უნდა გამოაცხადოს იმავე სხდომაზე, რომელზედაც დამთავრდა საქმის განხილვა. იმავდროულად სასამართლო აცხადებს, თუ როდის შეუძლიათ მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს გაეცნონ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ხელმოწერილ უნდა იქნეს ყველა მოსამართლის მიერ და დაერთოს საქმეს. მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სასამართლოს მიერ დამოწმებული ასლი.

    მუხლი 258. გადაწყვეტილების გამოცხადება

გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერის შემდეგ სასამართლო ბრუნდება სხდომის დარბაზში, სადაც თავმჯდომარე ან მოსამართლე აცხადებს სასამართლო გადაწყვეტილებას. შემდეგ თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა გადაწყვეტილება, განმარტავს გადაწყვეტილების შინაარსს, მისი გასაჩივრების წესსა და ვადას.

    მუხლი 259.გადაწყვეტილების ასლების გაგზავნა მხარეებისათვის

მხარეებს, თავიანთი განცხადების საფუძველზე, გადაეცემათ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლები არა უგვიანეს 3 დღისა განცხადების შემოტანიდან. გადაწყვეტილების ასლებს ხელს აწერს სასამართლოს კანცელარიის მდივანი და უსვამს სასამართლოს ბეჭედს.

    მუხლი 260. გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორება

1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

2. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 261. დამატებითი გადაწყვეტილება

1. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:

ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;

ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;

გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

2. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

3. დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას.

4. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

5. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 262. გადაწყვეტილების განმარტება

1. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყდება სასამართლოს სხდომაზე მხარეთათვის შეტყობინებით, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

2. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 263. გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა

1. სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით გადადოს ან განაწილვადოს გადაწყვეტილების არსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

2. მხარეთა განცხადება განიხილება სასამართლო სხდომაზე, რომლის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს წინაშე დასმული საკითხის გადაწყვეტას.

3. გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების შესახებ, აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების ან წესის შეცვლის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

თავი XXVIII

სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება

    მუხლი 264. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში:

ა) თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება;

ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული;

გ) სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ, როდესაც გადაწყვეტილება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასაჩივრებულია სააპელაციო წესით და იგი არ გაუქმებულა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ გასაჩივრებული იყო, – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუქმებულა.

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

    მუხლი 265. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.

    მუხლი 266. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგები

გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

    მუხლი 267. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება

გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

    მუხლი 268. დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები

1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები:

ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ;

ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ;

გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ;

დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ;

ე) დაუსწრებელი გადაწყვეტილებები;

ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები;

ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

2. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

    მუხლი 269. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვების საკითხის განხილვა

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვების საკითხი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დღე და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტას.

    მუხლი 270. დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება

 გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

    მუხლი 271. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

თავი XXIX

საქმის წარმოების დამთავრება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე

    მუხლი 272. საქმის წარმოების შეწყვეტა

სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ:

ა) საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის;

ბ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

გ) მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე;

დ) მხარეები მორიგდნენ;

ე) საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა;

ვ) მხარეებს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომ ეს დავა გადასაწყვეტად გადაეცეს კერძო არბიტრაჟს.

    მუხლი 273. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

1. საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით. თუ საქმის წარმოება შეწყვეტილია იმის გამო, რომ საქმე კანონის თანახმად სასამართლოს არ ექვემდებარება, სასამართლო ვალდებულია მიუთითოს, თუ რომელ ორგანოს უნდა მიმართოს განმცხადებელმა.

2. საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

    მუხლი 274. საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გასაჩივრება

სასამართლოს განჩინებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 275. სარჩელის განუხილველად დატოვება

სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ:

ა) სარჩელი (განცხადება) შეიტანა ქმედუუნარო პირმა, ხოლო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დაუნიშნოს მას საპროცესო წარმომადგენელი;

ბ) სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე;

გ) სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვებისა;

დ) არც ერთი არ გამოცხადებულა;

ე) იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

    მუხლი 276. სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრება

სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 277. ხანდაზმულობის ვადის დადგენა სარჩელის განუხილველად დატოვების დროს

სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება.

    მუხლი 278. განუხილველად დატოვებული სარჩელის განმეორებით წარდგენა

იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

თავი XXX

საქმის წარმოების შეჩერება

    მუხლი 279. სასამართლოს მოვალეობა შეაჩეროს საქმის წარმოება

სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს;

ბ) მხარის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას;

გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ ნაწილში მოპასუხის ყოფნისას ან ასეთივე ნაწილებში მყოფი მოსარჩელის თხოვნით;

დ) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით;

ე) მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

    მუხლი 280. სასამართლოს უფლება შეაჩეროს საქმის წარმოება

სასამართლოს, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ:

ა) მხარე იმყოფება ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან გაწვეულია რაიმე სახელმწიფო მოვალეობის შესასრულებლად;

ბ) მხარე იმყოფება ხანგრძლივ სამსახურებრივ მივლინებაში;

გ) მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არა აქვს გამოცხადდეს სასამართლოში, და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით;

დ) გამოცხადებულია მოპასუხის ძებნა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ე) სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა.

    მუხლი 281. საქმის წარმოების შეჩერების ვადები

საქმის წარმოება შეჩერდება:

ა) 279-ე მუხლის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქმიდან გასული პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე ან ქმედუუნარო პირისათვის წარმომადგენლის დანიშვნამდე;

ბ) 279-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტით და 280-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში – შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მხარის ყოფნამდე, მის მიერ სახელმწიფო მოვალეობის შესრულებამდე, სამსახურებრივი მივლინებიდან დაბრუნებამდე, სამკურნალო დაწესებულებიდან გამოწერამდე ან გამოჯანმრთელებამდე, მოპასუხის მოძებნამდე ან ექსპერტიზის დამთავრებამდე;

გ) 279-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე;

დ) 279-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე.

    მუხლი 282. სასამართლო განჩინების გასაჩივრება

საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 283. საქმის წარმოების განახლება

საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით.

თავი XXXI

სასამართლო განჩინება

    მუხლი 284. განჩინების გამოტანა

1. სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით.

2. სასამართლო განჩინებას, რომელიც მიღებულია ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, ხელს აწერს ეს მოსამართლე, ხოლო თუ იგი მიღებულია კოლეგიური სასამართლოს მიერ, – ყველა მოსამართლე.

3. თუ განჩინება მიღებულია სათათბირო ოთახში გაუსვლელად, ის შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

4. განჩინება უნდა გამოცხადდეს მიღებისთანავე.

    მუხლი 285. განჩინების შინაარსი

განჩინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) განჩინების მიღების დრო და ადგილი;

ბ) განჩინების მიმღები სასამართლოს დასახელება, შემადგენლობა და სასამართლო სხდომის მდივანი;

გ) მხარეები და დავის საგანი;

დ) საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება;

ე) მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა;

ვ) სასამართლოს დადგენილება;

ზ) განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა.

    მუხლი 286. განჩინების ასლების გადაგზავნა მხარეებისათვის

მხარეებს, რომლებიც არ ესწრებიან განჩინების გამოცხადებას, ეგზავნებათ განჩინების ასლები საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის განუხილველად დატოვებისა თუ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

თავი XXXII

სასამართლო ოქმი

    მუხლი 287. ოქმის შედგენის სავალდებულოობა

 სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ და აგრეთვე სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული ცალკეული საპროცესო მოქმედების შესახებ დგება ოქმი.

    მუხლი 288. ოქმის შინარსი

ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების ყველა არსებით მომენტს, კერძოდ, სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს:

ა) სასამართლო სხდომის წელი, თვე, რიცხვი და ადგილი;

ბ) სასამართლო სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო;

გ) საქმის განმხილველი სასამართლოს დასახელება, შემადგენლობა და სასამართლო სხდომის მდივანი;

დ) საქმის დასახელება;

ე) ცნობები წარმომადგენელთა, მოწმეთა, ექსპერტთა და თარჯიმანთა გამოცხადების შესახებ;

ვ) ცნობები მხარეებისა და წარმომადგენლებისათვის მათი საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების განმარტების შესახებ;

ზ) სასამართლოს განკარგულებანი და სათათბირო ოთახში გაუსვლელად მიღებული განჩინებანი;

თ) მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებანი;

ი) მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტების მიერ თავიანი დასკვნების განმარტებები, ნივთიერ და წერილობით მტკიცებულებათა დათვალიერების მონაცემები;

კ) სასამართლო პაექრობის შინაარსი;

ლ) ცნობები გადაწყვეტილებებისა და განჩინების გამოცხადების შესახებ;

მ) ცნობები გადააწყვეტილების შინაარსის, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ.

    მუხლი 289. ოქმის შედგენისა და გაფორმების წესი

1. ოქმს ადგენს მდივანი თვით სასამართლო სხდომაზე ან სხდომის გარეშე ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დროს.

2. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც, მათი აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვთ.

3. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ.

4. ოქმს ხელს აწერენ მოსამართლე და მდივანი, ხოლო თუ საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავდა, –ამ სასამართლოს თავმჯდომარე და მდივანი.

5. ოქმში შეტანილ ყველა ცვლილებას, შესწორებასა და დამატებას უკეთდება შენიშვნა და მოწმდება ოქმზე ხელის მომწერ პირთა მიერ.

    მუხლი 290. მაგნიტურ ფირზე ჩაწერილი ოქმი

 სასამართლოს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი ან კომპიუტერი, რომელთა ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ მაგნიტოფონისა თუ კომპიუტერის ჩანაწერები გადატანილ უნდა იქნეს ოქმში.

    მუხლი 291. შენიშვნები სხდომის ოქმის მიმართ

1. სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ სამი დღის განმავლობაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმის მიმართ, მიუთითონ უსწორობასა და უსრულობაზე. შენიშვნებს განიხილავს ამ ოქმზე ხელის მომწერი მოსამართლე. თუ იგი ეთანხმება შენიშვნებს, ადასტურებს მათ სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოაქვს განჩინება ამ შენიშვნების უარყოფის შესახებ.

2. შეტანილი შენიშვნები ყველა შემთხვევაში უნდა დაერთოს საქმეს. ოქმის მიმართ შენიშვნები განიხილება მათი შეტანიდან 5 დღის ვადაში.

კარი მეხუთე

გამარტივებული წარმოება

თავი XXXIII

თამასუქისა და ჩეკის თაობაზე აღძრული სარჩელების განხილვა

    მუხლი 292. დასაშვებობა

თუ თამასუქის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღძრული იქნება თამასუქიდან გამომდინარე პრეტენზიები და სარჩელში მითითებული იქნება, რომ საქმის განხილვა მოხდეს გამარტივებული წესით, გამოყენებულ უნდა იქნეს ამ თავში გათვალისწინებული წესები.

    მუხლი 293. თამასუქის წარდგენა

სარჩელს თან უნდა დაერთოს თამასუქის ასლი. საქმის სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვის დროს მოსარჩელემ თამასუქი დედნის სახით უნდა წარმოადგინოს.

    მუხლი 294. განსჯადობა

1. სარჩელები თამასუქის თაობაზე შეიძლება აღიძრას როგორც იმ სასამართლოში, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა მოხდეს გადახდა, ისე სასამართლოში მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. თუ სარჩელი მიმართულია ერთობლივად რამდენიმე თამასუქვალდებულის მიმართ, მაშინ სარჩელი შეიძლება აღიძრას როგორც იმ სასამართლოში, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა მოხდეს გადახდა, ისე ნებისმიერ სასამართლოში ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 295. ვადა უწყების ჩაბარებიდან სასამართლო სხდომამდე

მხარეებს უწყება უნდა ჩაჰბარდეთ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, თუ ეს უწყება ბარდება სასამართლოს ადგილსამყოფლის მიხედვით. თუკი უწყება ბარდება სხვა ადგილზე, მაშინ ეს ვადა განისაზღვრება მინიმუმ 3 დღით.

    მუხლი 296. მტკიცებულებები

1. მტკიცებულებებად დაიშვება მხოლოდ დოკუმენტები (წერილობითი მტკიცებულებები) და მხარეთა ახსნა-განმარტებები.

2. დოკუმენტური დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების წარდგენით.

    მუხლი 297. გამარტივებული წესით საქმის განხილვაზე უარის თქმა

მოსარჩელეს შეუძლია მოპასუხის თანხმობის გარეშე უარი თქვას ამ თავში ჩამოყალიბებული წესების მიხედვით საქმის განხილვაზე ამ საქმის განხილვის დამთავრებამდე. ასეთ შემთხვევაში საქმე განიხილება საერთო წესით.

    მუხლი 298. სარჩელების შეერთებისა და შეგებებული სარჩელების აღძვრის დაუშვებლობა

არ შეიძლება თამასუქის თაობაზე აღძრული სარჩელების შეერთება სხვა პრეტენზიების გამო აღძრულ სარჩელებთან. დაუშვებელია აგრეთვე შეგებებული სარჩელების აღძვრა.

    მუხლი 299. სასამართლო გადაწყვეტილების დათქმა

1. მოპასუხეს, რომელიც უარყოფს მის წინააღმდეგ წამოყენებულ მოთხოვნას, ყველა შემთხვევაში მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გამოტანილი იქნება, შეუძლია მოითხოვოს საქმის დამატებითი წარმოება თავისი უფლებების განხორციელების მიზნით.

2. გადაწყვეტილება მოპასუხის უფლებების შენარჩუნებით საბოლოო გადაწყვეტილებად ითვლება გასაჩივრებისა და იძულებითი აღსრულების თვალსაზრისით.

    მუხლი 300. საქმის დამატებითი წარმოება

1. თუ მოპასუხეს შენარჩუნებული აქვს თავისი უფლების განხორციელების შესაძლებლობა, დავა რჩება სასამართლო წარმოების სფეროში.

2. თუ საქმის დამატებითი წარმოების დროს გამოვლინდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ამ თავში გათვალისწინებული წესების დაცვით, უქმდება; მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სასამართლო ხარჯებიც შესაბამისად უნდა განაწილდეს. მოსარჩელეს ევალება იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს გადაწყვეტილების აღსრულების ან ასეთი აღსრულებისათვის ხელისშემშლელი ქმედების შედეგად. მოპასუხეს შეუძლია წამოაყენოს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა დავის სასამართლო განხილვის პროცესში.

    მუხლი 301. ჩეკის თაობაზე აღძრული საქმეების წარმოება

თუ მოთხოვნები წამოყენებულია ჩეკის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს თამასუქის თაობაზე აღძრული საქმეების წარმოების წესი.

თავი XXXIV

დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვის გამარტივებული წესი

    მუხლი 302. დასაშვებობა

1. ამ თავში ჩამოყალიბებული გამარტივებული წესით შეიძლება განხილულ იქნეს მოთხოვნები გარკვეული ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ.

2. დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვის გამარტივებული წესი არ დაიშვება, თუ:

ა) მოთხოვნის წამოყენება დამოკიდებულია ჯერ კიდევ შეუსრულებელ საპასუხო გადახდაზე;

ბ) ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ მხარეს უნდა ეცნობოს საჯარო (ოფიციალური) გამოცხადების გზით.

    მუხლი 303. განცხადება დავალიანების გადახდის ვალდებულების შესახებ

1. დავალიანების გადახდის ვალდებულების შესახებ განცხადება, რომელიც საქმის გამარტივებული წესით განხილვის საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს სასამართლოს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების მიღებას (გადახდის ბრძანება).

2. განცხადება დავალიანების გადახდის ვალდებულების შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების დასახელებას;

ბ) სასამართლოს დასახელებას, რომელშიც შეაქვთ განცხადება;

გ) მონაცემებს იმის შესახებ, თუ რომელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნებია წამოყენებული;

დ) წამოყენებული პრეტენზიის დასაბუთებას. განცხადებაში მითითებული მტკიცებულების შესაბამისი დოკუმენტები დამოწმებული სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი;

ე) მითითებას იმის შესახებ, რომ აღძრული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მხრივ რაიმე საპასუხო (სანაცვლო) ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მის მიერ ასეთი ვალდებულების შესრულება უკვე განხორციელდა;

ვ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

    მუხლი 304. განსჯადობა

საქმეს გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ განიხილავს სასამართლო მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 305. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმა

1. სასამართლო თავისი განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების მიღებაზე, თუ:

ა) იგი არ უპასუხებს ამ თავის 302–303-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) განცხადებაში ჩამოყალიბებული მოთხოვნის საფუძველი (303-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი), ვერ ასაბუთებს ამ მოთხოვნას.

2. განცხადების მიღებაზე უარის შესახებ განჩინების გამოტანამდე უნდა მოუსმინონ განმცხადებელს.

    მუხლი 306. გადახდის ბრძანება

1. გადახდის ბრძანება, გარდა 303-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას, რომ სასამართლოს არ შეუმოწმებია, აქვს თუ არა განმცხადებელს აღძრული მოთხოვნის უფლება;

ბ) მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ გადახდის ბრძანების მიღებიდან 2 კვირის მანძილზე გადაიხადოს (დაფაროს) ვალი პროცენტებიანად და ხარჯებიანად, თუკი მოპასუხე აღძრულ პრეტენზიას მართებულად (დასაბუთებულად) მიიჩნევს, ანდა შემოიტანოს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი, თუ მოპასუხე მის მიმართ აღძრულ მოთხოვნას უმართებულოდ (დაუსაბუთებლად) მიიჩნევს;

გ) მითითებას იმის შესახებ, რომ გადახდის ბრძანების იძულებითი აღსრულებისათვის გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, თუ მოპასუხე ვადის გასვლამდე არ წარმოადგენს თავის შესაგებელს.

2. გადახდის ბრძანება მოპასუხეს გადაეცემა სასამართლოს ინიციატივით.

3. სასამართლო ატყობინებს განმცხადებელს აგრეთვე გადახდის ბრძანების მოპასუხისათვის გადაცემის შესახებ.

    მუხლი 307. მოპასუხის შესაგებელი (პროტესტი)

მოპასუხეს შეუძლია არ ცნოს გადახდის ბრძანება მთლიანად ან ნაწილობრივ და შეიტანოს მის წინააღმდეგ შესაგებელი (პროტესტი) სასამართლოში, რომელმაც მიიღო ეს ბრძანება გადახდის ბრძანების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში. მოპასუხეს შეუძლია გააპროტესტოს გადახდის ბრძანება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გაპროტესტების ვადის გასვლას სასამართლო საპატიოდ მიიჩნევს.

    მუხლი 308. საქმის განხილვა დავის სასარჩელო წარმოების წესით

1. თუ მოპასუხე დროულად შეიტანს თავის შესაგებელს სასამართლოში, დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს სასარჩელო წარმოების საერთო წესით. საქმე სასამართლო განხილვის საგნად ითვლება გადახდის ბრძანების გადაცემის მომენტიდან.

2. სასამართლოს შეუძლია საქმის ზეპირი განხილვის დანიშვნამდე ამ საქმის მომზადების მიზნით მიიღოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის დაავალოს მხარეებს წარმოადგინონ წერილობითი დოკუმენტები და განმარტებები.

    მუხლი 309. სააღსრულებო გადაწყვეტილება

1. თუ განმცხადებელი სასამართლოში დროულად არ შეიტანს შესაგებელს გადახდის შესახებ მიღებული ბრძანების წინააღმდეგ, სასამართლო მიიღებს სააღსრულებო განკარგულებას, რომელშიც შეიტანება მის მიღებამდე გაწეული ხარჯები.

2. სააღსრულებო განკარგულება მოპასუხეს გადაეცემა სასამართლოს ინიციატივით.

კარი მეექვსე

უდავო წარმოება

თავი XXXV

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 310. სასამართლოს მიერ უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეები

უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს:

ა) იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ;

ბ) მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;

გ) მოქალაქის ქმედუუნაროდ და შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ;

დ) დაკარგულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენის შესახებ (გამოწვევითი წარმოება);

ე) ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ;

ვ) საწარმოსა და კავშირის რეგისტრაციის შესახებ.

ზ) შვილად აყვანის შესახებ.

    მუხლი 311. უდავო წარმოების წესით საქმეთა განხილვა

1. უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც დადგენილია XXXV- XLII თავებით.

2. თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.

თავი XXXVI

იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა

    მუხლი 312. სასამართლოს მიერ განსახილველი საქმეები იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ

1. სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა.

2. სასამართლო განიხილავს საქმეებს:

ა) პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ;

ბ) პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ;

გ) დაბადების, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტების დადგენის შესახებ;

დ) უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს;

ე) საკუთრების უფლებით ნივთის ფლობის ფაქტის დადგენის შესახებ;

ვ) უბედური შემთხვევის ფაქტის დადგენის შესახებ;

ზ) პირის გარკვეულ დროსა და გარკვეულ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტის დადგენის შესახებ, თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანომ უარი თქვა გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაციაზე;

თ) მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ;

ი) იურიდიული მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების დადგენის შესახებ, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მათი დადგენის სხვა წესს.

    მუხლი 313. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისათვის აუცილებელი პირობები

სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.

    მუხლი 314. განცხადების შეტანა

განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენის შესახებ შეიტანება სასამართლოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გამონაკლისს წარმოადგენს განცხადება საკუთრების უფლებით უძრავი ქონების ფლობის ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც შეიტანება სასამართლოში უძრავი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.

    მუხლი 315. განცხადების შინაარსი

განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას.

    მუხლი 316. სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტის დადგენის შესახებ

სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებულ უნდა იქნეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, წარმოადგენს საფუძველს ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოების მიერ გასაცემ დოკუმენტებს.

თავი XXXVII

მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება

    მუხლი 317. განცხადების შეტანა

განცხადება მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა ან მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ შეიტანება სასამართლოში დაინტერესებული პირის მიერ განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 318. განცხადების შინაარსი

განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მისი გარდაცვლილად გამოცხადება, აგრეთვე გარემოებანი, რომლებითაც დასტურდება მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგვა, ანდა რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულს სიკვდილის საფრთხეს უქმნიდნენ ან საფუძველს იძლევიან მისი დაღუპვის ვარაუდისათვის გარკვეული უბედური შემთხვევის შედეგად.

    მუხლი 319. მოსამართლის მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ

1. სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადებისას მოსამართლე გამოარკვევს, თუ რომელ პირებს შეუძლიათ მიაწოდონ ცნობები დაკარგულის შესახებ, აგრეთვე გამოჰკითხავს სათანადო ორგანოებს დაკარგული პირის შესახებ მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.

    მუხლი 320. სასამართლო გადაწყვეტილება

1. სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულის ქონება მინდობილი საკუთრების სახით გადაეცეს სამართავად მის კანონით მემკვიდრეებს.

2. სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე გამოცხადებულია გარდაცვლილად, წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რომ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანომ შეიტანოს ჩანაწერი ამ მოქალაქის გარდაცვალების შესახებ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის წიგნში.

    მუხლი 321.უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული მოქალაქის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შედეგები

უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული მოქალაქის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით აუქმებს თავის წინანდელ გადაწყვეტილებას. ახალი გადაწყვეტილება წარმოადგენს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის წიგნში გარდაცვალების შესახებ ჩანაწერის გაუქმების საფუძველს.

თავი XXXVIII

მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად და ქმედუუნაროდ აღიარება

    მუხლი 322. განცხადების შეტანა

1. საქმე იმ მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ, რომელიც ეძალება ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, რის გამოც თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს, შეიძლება აღძრან მისი ოჯახის წევრებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა.

2. საქმე სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ შეიძლება აღძრან სასამართლოში მისი ოჯახის წევრებმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა, აგრეთვე ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებებმა.

3. განცხადება მოქალაქის შუზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში ამ მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი მოთავსებულია ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

    მუხლი 323. განცხადების შინაარსი

1. განცხადებაში მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ პირი, რომელიც ეძალება ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს თავის ოჯახს.

2. განცხადებაში მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ უნდა აღინიშნოს გარემოებანი, რომლებიც ადასტურებენ ფსიქიკურ მოშლილობას, რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი.

    მუხლი 324. ექსპერტიზის დანიშვნა მოქალაქის ფსიქიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით

 თუ არსებობს საკმაო ცნობები მოქალაქის ფსიქიკური მოშლილობის შესახებ, მოსამართლე, სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადების წესით, დანიშნავს სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ამ მოქალაქის ფსიქიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მიმართაც აღძრულია საქმე მისი ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ, აშკარად თავს არიდებს საექსპერტო შემოწმებას, სასამართლოს თავის სხდომაზე ფსიქიატრის მონაწილეობით შეუძლია გამოიტანოს განჩინება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზისათვის მოქალაქის იძულებით გაგზავნის შესახებ.

    მუხლი 325. განცხადების განხილვა

1. საქმეს მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ სასამართლო განიხილავს ამ მოქალაქის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.

2. საქმეს მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ სასამართლო განიხილავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. მოქალაქეს, რომელიც აღიარებულ უნდა იქნეს ქმედუუნაროდ, დაიბარებენ სასამართლო სხდომაზე, თუ ეს შესაძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.

3. განმცხადებელი მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ განთავისუფლებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

    მუხლი 326. სასამართლოს გადაწყვეტილება განცხადების გამო

1. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე აღიარებულია შეზღუდულ ქმედუნარიანად, წარმოადგენს საფუძველს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მზრუნველის დასანიშნავად.

2. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე აღიარებულია ქმედუუნაროდ, წარმოადგენს საფუძველს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მეურვის დასანიშნავად.

    მუხლი 327. შეზღუდული ქმედუნარიანობის გაუქმება და მოქალაქის ქმედუნარიანად აღიარება

1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს, თვით მოქალაქის, მისი მზრუნველის, ოჯახის წევრის განცხადებით, გამოაქვს გადაწყვეტილება მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების გაუქმების შესახებ.

2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს მეურვის, ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, ოჯახის წევრის განცხადებით, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, გამოაქვს გადაწყვეტილება გამოჯანმრთელებული პირის ქმედუნარიანად აღიარების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უქმდება აღნიშნულ პირზე დაწესებული მეურვეობა.

თავი XXXIX

დაკარგულ ან განადგურებულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენა (გამოწვევითი წარმოება)

    მუხლი 328. განცხადების შეტანა

1. პირს, საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის ან საორდერო ფასიანი ქაღალდის დაკარგვის ან განადგურებისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუძლია სთხოვოს სასამართლოს დაკარგული ან განადგურებული ფასიანი ქაღალდის ბათილად ცნობა და მათზე უფლების აღდგენა.

2. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში ამ მუხლში მითითებული საბუთის გამცემი დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

    მუხლი 329. განცხადების შინაარსი

განცხადებაში უნდა აღინიშნოს დაკარგული ან განადგურებული საბუთის განმასხვავებელი ნიშნები, საბუთის გამცემი დაწესებულების სახელწოდება, აგრეთვე საბუთის დაკარგვის გარემოებანი.

    მუხლი 330. მოსამართლის მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ

1. მოსამართლე განცხადების მიღების შემდეგ გამოიტანს განჩინებას საბუთის გამცემი დაწესებულებისათვის (პირისათვის) ამ საბუთით ყოველგვარი გადახდისა და გაცემის წარმოების აკრძალვის, აგრეთვე განმცხადებლის ხარჯზე ადგილობრივ პრესაში პუბლიკაციის შესახებ.

2. ასეთი განჩინების გამოტანაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

    მუხლი 331. პუბლიკაცია

პუბლიკაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელშიც შეტანილია განცხადება საბუთის დაკარგვის შესახებ;

ბ) განმცხადებლის დასახელებასა და მის საცხოვრებელ ადგილს;

გ) საბუთის დასახელებასა და განმასხვავებელ ნიშნებს;

დ) წინადადებას იმ საბუთის ხელთმქონის მიმართ, რომლის დაკარგვის შესახებაც შეტანილია განცხადება, რომ მან პუბლიკაციის დღიდან სამი თვის განმავლობაში შეიტანოს განცხადება სასამართლოში ამ საბუთზე თავისი უფლების შესახებ.

    მუხლი 332. საბუთის ხელთმქონის განცხადება

იმ საბუთის ხელთმქონე, რომლის დაკარგვის შესახებაც განცხადებულია, ვალდებულია პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლამდე განჩინების გამომტან სასამართლოში შეიტანოს განცხადება საბუთზე თავისი უფლების შესახებ და ამასთან ერთად წარადგინოს საბუთის დედანიც.

    მუხლი 333. მოსამართლის მოქმედება საბუთის ხელთმქონისაგან განცხადების მიღების შემდეგ

1. თუ საბუთის ხელთმქონემ პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლამდე შეიტანა სასამართლოში განცხადება, სასამართლო განცხადებას საბუთის დაკარგვის შესახებ სასამართლო განუხილველად დატოვებს და დაადგენს ვადას, რომლის განმავლობაშიც საბუთის გამცემ დაწესებულებას (პირს) აუკრძალავს აწარმოოს ამ საბუთით გადახდა და გაცემა. ეს ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 თვეს.

2. იმავდროულად სასამართლო განუმარტავს განმცხადებელს მის უფლებას აღძრას სარჩელი საბუთის გამოთხოვის შესახებ საერთო წესით იმ პირის მიმართ, ვისაც ხელთა აქვს საბუთი, ხოლო ამ უკანასკნელს – მის უფლებას გადაახდევინოს განმცხადებელს ზარალი, რაც გამოწვეულია აკრძალვის ღონისძიებით. სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 334. საქმის დანიშვნა განსახილველად

საქმეს დაკარგული საბუთების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლო განიხილავს პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლის შემდეგ, თუ საბუთის ხელთმქონისაგან არ შემოვიდა 332-ე მუხლში მითითებული განცხადება.

    მუხლი 335. სასამართლოს გადაწყვეტილება განცხადების გამო

განმცხადებლის თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბათილად ცნობს დაკარგულ საბუთს. ეს გადაწყვეტილება უფლებას აძლევს განმცხადებელს მიიღოს ანაბარი ან ახალი საბუთი ბათილად ცნობილი საბუთის ნაცვლად.

    მუხლი 336. საბუთის ხელთმქონის უფლება აღძრას სარჩელი ქონების უსაფუძვლოდ შეძენის შესახებ

საბუთის ხელთმქონეს, რომელსაც რაიმე მიზეზით დროულად არ განუცხადებია თავისი უფლება ამ საბუთზე, დაკარგული საბუთის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, შეუძლია აღძრას სარჩელი ქონების უსაფუძვლოდ შეძენის ან დაზოგვის შესახებ იმ პირის მიმართ, რომელსაც დაკარგულის ნაცვლად მიენიჭა ახალი საბუთის მიღების უფლება.

თავი XL

ქონების უპატრონოდ ცნობა

    მუხლი 337. განცხადების შეტანა

განცხადება ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ სასამართლოში შეაქვს იმ პირს, რომელიც დაეუფლა ქონებას ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის ან იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

    მუხლი 338. განცხადების შინაარსი

ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადებაში მითითებულ უნდა იქნეს: რომელი ქონება უნდა იყოს ცნობილი უპატრონოდ; როგორია ამ ქონების განმასხვავებელი ნიშნები, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მესაკუთრის მიერ ქონების მიტოვებას ამ ქონებაზე საკუთრების უფლების შენარჩუნების განზრახვის გარეშე; აგრეთვე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი დაეუფლა ისეთ ქონებას, რომლის მითვისებაც კანონით არ იკრძალება და არ ირღვევა იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა.

    მუხლი 339. პუბლიკაცია

განცხადების მიღების შემდეგ სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ;

ბ) განმცხადებლის ვინაობას;

გ) იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს;

დ) მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა.

    მუხლი 340. ქონებაზე უფლების სასარჩელო წესით დაცვა

1. თუ 339-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე.

2. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.

    მუხლი 341. სასამართლო გადაწყვეტილება

თუ სასამართლო ცნობს, რომ ქონებას არა ჰყავს მესაკუთრე, ან ეს ქონება მიტოვებულია მესაკუთრის მიერ იმ განზრახვის გარეშე, რომ შეინარჩუნოს ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, მას გამოაქვს გადაწყვეტილება მოძრავი ქონების უპატრონოდ ცნობისა და მისი იმ პირის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც დაეუფლა ამ ქონებას.

თავი XLI

საწარმოსა და კავშირის რეგისტრაცია

    მუხლი 342. განცხადება საწარმოსა და კავშირის რეგისტრაციის შესახებ

განცხადება საწარმოსა და კავშირის რეგისტრაციის შესახებ შეიტანება სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმის, საზოგადოების ან კავშირის იურიდიული მისამართის მიხედვით.

    მუხლი 343. განცხადების შინაარსი

1. საწარმოს რეგისტრაციის შესახებ განცხადება უნდა უპასუხებდეს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5.4 მუხლის მოთხოვნებს და მას თან უნდა ერთოდეს ამ კანონის მე-5.5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. განცხადება კავშირის რეგისტრაციის შესახებ უნდა უპასუხებდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის მოთხოვნებს და მას ხელს უნდა აწერდეს კავშირის ყველა დამფუძნებელი და გამგეობის ყველა წევრი. განცხადებას თან უნდა ერთოდეს წესდების დედანი და კავშირის გამგეობის შემადგენლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი. კავშირის წესდება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნებს.

    მუხლი 344. რეგისტრაციის ვადა

1. სასამართლო ვალდებულია საწარმოს რეგისტრაცია განახორციელოს საჭირო საბუთების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო კავშირის რეგისტრაცია – განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში.

2. თუ ამ ვადებში რეგისტრაცია არ განხორციელდა, ან განმცხადებელს არ ეცნობა მოტივირებული უარი რეგისტრაციის შესახებ, საწარმო (კავშირი) ჩაითვლება რეგისტრირებულად და სასამართლო ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.

3. სასამართლო განჩინებაზე ასეთი მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 345. განცხადების უმოძრაოდ დატოვება

1. თუ საწარმოს ან კავშირის შესახებ რეგისტრაციის განცხადება, აგრეთვე თანდართული დოკუმენტები არ უპასუხებენ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანდა არ არის გადახდილი შესაბამისი ბაჟი, სასამართლო გამოიტანს განჩინებას, რომ განცხადებას არ მიეცეს მსვლელობა, რასაც აცნობებს განმცხადებელს და მისცემს მას ვადას ხარვეზის შევსებისათვის.

2. თუ ამ ვადაში ხარვეზი შევსებული იქნება, განცხადება შეტანილად ითვლება სასამართლოში მისი პირველად შეტანის დღიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება განმცხადებელს.

3. სასამართლო განჩინებაზე ხარვეზის შევსების შესახებ, აგრეთვე განჩინებაზე განცხადების უკან დაბრუნების შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 346. სასამართლოს გადაწყვეტილება საწარმოსა და კავშირის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ

სასამართლოს გადაწყვეტილება საწარმოსა თუ კავშირის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და იგი შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით.

    მუხლი 347. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

სასამართლოებმა, პროკურატურის, პოლიციის, გამგეობების თანამშრომლებმა ან ნოტარიუსებმა უნდა შეატყობინონ სარეგისტრაციო სასამართლოებს არასწორი, არასრულფასოვანი ან საერთოდ არშემდგარი რეგისტრაციის შემთხვევების შესახებ, რაც ცნობილი გახდა მათთვის.

    მუხლი 348. რეგისტრაციის გაუქმება

1. თუ სამეწარმეო რეესტრში მოხდება რეგისტრაცია, რომელიც მნიშვნელოვანი მიზეზის გამო არ უნდა მომხდარიყო, სასამართლოს, რომელმაც ასეთი რეგისტრაცია მოახდინა, შეუძლია გამოიტანოს განჩინება და თავისი ინიციატივით ამოშალოს იგი. რეგისტრაციის გაუქმება (ამოშლა) ხდება შესაბამისი განმარტების შეტანით.

2. განჩინების გამოტანამდე სასამართლომ უნდა შეატყობინოს სათანადო პირს რეგისტრაციის ამოშლის განზრახვის შესახებ და მისცეს მას ვადა შესაბამისი მოქმედების შესასრულებლად.

3. სასამართლოს განჩინებაზე რეგისტრაციის ამოშლის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

თავი XLII

შვილად აყვანა

    მუხლი 349. განცხადება შვილად აყვანის შესახებ

განცხადება შვილად აყვანის შესახებ შეიტანება სასამართლოში მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 350. განცხადების შინაარსი

1. განცხადებაში შვილად აყვანის შესახებ მითითებული უნდა იყოს მონაცემები შვილად ასაყვანისა და მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ, აგრეთვე გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შვილება ხდება ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის.

2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) მეუღლის თანხმობა, როცა ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს;

ბ) გასაშვილებელი ბავშვის მშობლების თანხმობა;

გ) მეურვის (მზრუნველის) თანხმობა იმ ბავშვის შვილად აყვანაზე, რომელიც მეურვეობაშია, თუ მას მშობლები არა ჰყავს;

დ) თუ ბავშვი საბავშვო დაწესებულებაშია, – ამ დაწესებულების ადმინისტრაციის თანხმობა ბავშვის შვილად აყვანაზე.

3. სასამართლოს, განმცხადებლის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია გამოითხოვოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

    მუხლი 351. სასამართლოს გადაწყვეტილება

1. თუ სასამართლო ცნობს, რომ შვილად აყვანა შეესაბამება შვილად ასაყვანის ინტერესებს და ემსახურება მის კეთილდღეობას, გამოიტანს გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ.

2. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში რეგისტრაციისათვის გადაუგზავნის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს ამ გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

3. შვილად აყვანა ნამდვილია სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

კარი მეშვიდე

საოჯახო, ადმინისტრაციული და სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვის თავისებურებანი

თავი XLIII

საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებანი

    მუხლი 352. გამოყენების სფერო

საქორწინო და საოჯახო საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები იმ დამატებებით, რაც ამ თავშია დადგენილი.

    მუხლი 353. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება

ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში სასამართლოში აღძრული საქმე უნდა შეწყდეს.

    მუხლი 354. საქმის გარემოების დადგენა სასამართლოს ინიციატივით

1. სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.

2. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეები არ შეიძლება განიხილებოდეს სხვა ხასიათის მოთხოვნების შესახებ აღძრულ საქმეებთან ერთად.

    მუხლი 355. სასამართლოს დროებითი განკარგულება

1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს:

ა) შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები;

ბ) ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან;

გ) ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის;

დ) მცირეწლოვანი ბავშვის შენახვის ვალდებულება;

ე) საკითხი ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლისათვის მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ;

ვ) საოჯახო მეურნეობისა და ბინით სარგებლობის საკითხი;

ზ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვასთან დაკავშირებით ხარჯების ავანსის სახით გადახდევინების საკითხი.

2. აღნიშნულ საკითხებზე სასამართლოს განჩინება შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

3. განჩინების გამომტან სასამართლოს შეუძლია, მხარეთა განცხადების საფუძველზე, შეცვალოს ან მთლიანად გააუქმოს თავისი განჩინება.

    მუხლი 356. სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ

1. განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებით სასამართლო, თუ ამას მოითხოვენ მხარეები თავიანთი განცხადებით, გადაწყვეტს:

ა) ქორწინებაში დაბადებულ ბავშვზე მშობელთა საერთო ზრუნვის საკითხს;

ბ) ერთ-ერთი მშობლის ქორწინებაში დაბადებულ ბავშვთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხს;

გ) ბავშვის ერთ-ერთი მშობლისათვის გადაცემის საკითხს;

დ) ქორწინებაში დაბადებული ბავშვისათვის მატერიალური დახმარების გაწევის (რჩენის) საკითხს;

ე) მეუღლეთა ურთიერთრჩენის საკითხს.

2. განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობისა და მათი შედეგების შესახებ სასამართლოს გამოაქვს ერთიანი გადაწყვეტილება. თუ სასამართლო ცალკე გამოყოფს ქორწინების საქმეებიდან გამომდინარე სხვა საქმეებს, მაშინ მას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებზე გამოაქვს განჩინება. ასეთი განჩინების მიმართ დასაშვებია კერძო საჩივრის შეტანა.

თავი XLIV

ადმინისტრაციული და სახელმწიფო‑სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვის თავისებურებანი

    მუხლი 357. ადმინისტრაციული და სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი საქმეების განხილვის წესი

ადმინისტრაციული და სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ საქმეებს სასამართლო განიხილავს საერთო სასარჩელო წესით ამ თავში დადგენილი ცვლილებებითა და დამატებებით.

    მუხლი 358. საქმის გარემოებათა გამოკვლევა სასამართლოს ინიციატივით

1. სასამართლო არ არის შეზღუდული მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებითა თუ მტკიცებულებებით და საქმის გარემოებებს იკვლევს თავისი ინიციატივით.

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა, მოპასუხის მიერ სარჩელის აღიარება სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის. ასევე დაუშვებელია მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

    მუხლი 359. სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტების გაუქმებისა და სარჩელი ვალდებულების იძულებით შესრულების შესახებ

1. შესაბამისი სარჩელის შეტანით მოქალაქემ შეიძლება მოითხოვოს ადმინისტრაციული ორგანოს ან თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული აქტების გაუქმება ან მათი მოქმედების შეწყვეტა.

2. ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენს ნებისმიერი დადგენილება, გადაწყვეტილება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, რომელიც მიღებულია ამა თუ იმ ორგანოს მიერ საჯარო-სამართლებრივ სფეროში რომელიმე კონკრეტული შემთხვევის მოსაწესრიგებლად.

3. სასამართლოში ასეთი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ლახავს მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

    მუხლი 360. განსჯადობა

1. სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს იმ საჯარო-სამართლებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლის მმართველმა ორგანომაც მიიღო ეს აქტი.

2. აღნიშნული სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს იმ საოლქო სასამართლოებში, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზედაც მდებარეობს სადავო აქტის მიმღები ორგანო.

    მუხლი 361. სარჩელის შეტანის ვადა

1. სარჩელი სასამართლოში შეიტანება ერთი თვის ვადაში.

2. ამ ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეებისათვის ცნობილი გახდა სარჩელის აღძვრის უფლება, აგრეთვე ის სასამართლო, რომელშიც ეს სარჩელი იქნება აღძრული, და მისი ადგილმდებარეობა.

    მუხლი 362. სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერება

1. სასამართლოს შეუძლია, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოსარჩელის განცხადებით შეაჩეროს სადავო ნორმატიული აქტის მოქმედება, რის შესახებაც მას გამოაქვს განჩინება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

2. ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერება დაუშვებელია, თუ იგი მიმართულია საჯარო ან პროცესის რომელიმე მონაწილის განსაკუთრებული ინტერესების დასაცავად.

3. სადავო ნორმატიული აქტის შეჩერების შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

4. სასამართლოს ნებისმიერ დროს შეუძლია აღნიშნული განჩინების შეცვლა ან გაუქმება. ასეთი შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ მოთხოვნა შეიძლება აღძრას პროცესის თითოეულმა მონაწილემ.

    მუხლი 363. მესამე პირის მოწვევა

1. სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა განცხადების საფუძველზე მოიწვიოს სხვა ისეთი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა სამართლებრივ ინტერესებს შეიძლება შეეხოს გადაწყვეტილება.

2. თუ მოწვეული პირი სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში ისეთი სახით იღებს მონაწილეობას, რომ მასზე გავრცელდება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერი ძალა, იგი აუცილებლად უნდა იქნეს მოწვეული (აუცილებელი მოწვევა).

3. მოწვეულ პირებს, მხარეთა განცხადების ფარგლებში, შეუძლიათ ისარგებლონ ყველა საპროცესო უფლებით და მიიღონ აქტიური მონაწილეობა საქმის წარმოების ყველა ეტაპზე.

წიგნი მესამე

სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჩივრება

კარი მერვე

აპელაცია

თავი XLV

აპელაციის დასაშვებობა

    მუხლი 364. სააპელაციო საჩივრის შეტანა

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა სააპელაციო სასამართლოში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება გაასაჩივრონ კანონით დადგენილ ვადებში.

    მუხლი 365. სააპელაციო საჩივარი, რომლის ღირებულებაც აღემატება 500 ლარს

სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს. აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს). თუ ღირებულების მოცულობა ეჭვს იწვევს, სააპელაციო საჩივრის შემტანმა პირმა ეს ღირებულება სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს.

    მუხლი 366. დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების დაუშვებლობა

1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო წესით იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი.

2. სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შესაბამისი სამართლებრივი წანამძღვრები.

    მუხლი 367. სასამართლო, რომელშიც შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა

წერილობითი ფორმით შედგენილი საპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

    მუხლი 368. სააპელაციო საჩივრის შინაარსი

1. სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც არის შედგენილი საჩივარი;

ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე;

დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;

ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი;

ვ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;

ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას.

2. სააპელაციო საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში.

3. სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი.

4. თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა.

5. თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

    მუხლი 369. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა

სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

    მუხლი 370. სააპელაციო გასაჩივრებაზე უარის თქმა

თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

    მუხლი 371. საქმის გადაგზავნა სააპელაციო სასამართლოში

სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას.

თავი XLVI

საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში

    მუხლი 372. ზოგადი დებულებანი

საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

    მუხლი 373. სააპელაციო საჩივრის გადაგზავნა მეორე მხარისათვის. პასუხი სააპელაციო საჩივარზე

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრისა და დამატებით შემოსული მასალების ასლებს გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარეს შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს დაუდგინოს ვადა სააპელაციო საჩივარზე პასუხის გასაცემად.

    მუხლი 374. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

1. სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ ასეთი შემოწმების შედეგად გამოვლინდება, რომ სააპელაციო საჩივრის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, მაშინ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს განჩინებას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

2. განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით.

    მუხლი 375. სააპელაციო საჩივრის მიღების შედეგი

1. თუ არსებობს სააპელაციო საჩივრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შეჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია.

2. თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.

    მუხლი 376. საქმის განხილვის დანიშვნა

სააპელაციო საჩივრის მიღების შემდეგ სააპელაციო სასამართლო ნიშნავს საქმის ზეპირი განხილვის დროს. სააპელაციო სასამართლო იღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა სააპელაციო საჩივარი განხილულ იქნეს დადგენილ ვადაში.

    მუხლი 377. გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები

1. სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

2. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

3. სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

4. სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო კომპეტენცია.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობას სააპელაციო სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იგი საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას იყო წამოყენებული მოპასუხის მიერ, ან თუ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც ასეთი მოთხოვნა ვერ იქნა წინა ინსტანციაში წამოყენებული.

    მუხლი 378. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა

1. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით.

2. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სასამართლო ხარჯების შესახებ.

    მუხლი 379. შეგებებული სააპელაციო საჩივარი

მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ნათქვამი უარი სააპელაციო საჩივარზე.

    მუხლი 380. ახალი ფაქტები და მტკიცებულებები

1. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები.

2. ახალი ფაქტები და ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო მოეყვანა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მხარემ უხეში გაუფრთხილებლობის გამო არ წარუდგინა ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოს.

    მუხლი 381. დავის საგნის შეცვლა და გადიდება

დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე, ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. იგივე წესი გამოიყენება შეგებებული სარჩელის აღძვრისა და ხარჯების განსაზღვრისას.

    მუხლი 382. მტკიცებულებათა გამოკვლევა

1. სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.

    მუხლი 383. საქმის ზეპირი განხილვა

1. საქმის ზეპირი განხილვა იწყება სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი წევრის მოხსენებით.

2. მომხსენებელი წარმოადგენს საქმის გარემოებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლებს, სააპელაციო საჩივრის შინაარსსა და დასაბუთებულობას, მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებას საჩივრის მიმართ. ამის შემდეგ მხარეებს ეძლევათ სიტყვა თავიანთი მოთხოვნებისა და შუამდგომლობების წამოსაყენებლად და დასასაბუთებლად.

3. საქმის განხილვას უშუალოდ უნდა მოჰყვეს მტკიცებულებათა გამოკვლევა.

თავი XLVII

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

    მუხლი 384. გადაწყვეტილების შეცვლის ფარგლები

სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

    მუხლი 385. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის უკან დაბრუნება ხელახლა განსახილველად

1. სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ:

ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს;

ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას;

დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა.

2. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

    მუხლი 386. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

    მუხლი 387. მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები

1. თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.

3. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

    მუხლი 388. საქმის უკან გადაგზავნა

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ საქმე ახლად შემოსულ მასალასა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) ასლთან ერთად გადაეგზავნება პირველი ინსტანციის სასამართლოს.

    მუხლი 389. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა უპასუხებდეს 249-ე მუხლის მოთხოვნებს. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) პირი, რომელმაც შემოიტანა სააპელაციო საჩივარი;

ბ) საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნა;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოკლე შინაარსი;

დ) საფუძვლები, რომელთა გამოც სააპელაციო სასამართლომ შეცვალა ან გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება;

ე) სააპელაციო სასამართლოს დასკვნები და მიღებული გადაწყვეტილება.

    მუხლი 390. სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსი

1. სააპელაციო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში უნდა მიეთითოს:

ა) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;

ბ) სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

გ) სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის დასახელება;

დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საჩივრის მოკლე შინაარსი;

ე) სააპელაციო სასამართლოს დასკვნები და კანონები, რომლებითაც იგი ხელმძღვანელობდა;

ვ) სასამართლოს დადგენილება.

კარი მეცხრე

კასაცია

თავი XLVIII

კასაციის დასაშვებობა

    მუხლი 391. საკასაციო საჩივრის შეტანა

1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საკასაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადებში.

2. საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1 000 ლარს აღემატება.

3. საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმისდა მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. თუ ღირებულების მოცულობა ეჭვს იწვევს, მაშინ საკასაციო საჩივრის შემტანმა პირმა ეს ღირებულება უნდა დაადასტუროს.

    მუხლი 392. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების დაუშვებლობა

1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება საკასაციო წესით გაასაჩივროს იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი.

2. საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება კასაციის წესით გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არსებობდა სათანადო სამართლებრივი წანამძღვრები.

    მუხლი 393. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

1. საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.

2. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ:

ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა;

ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;

გ) არასწორად განმარტა კანონი.

3. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

    მუხლი 394. საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძვლები

გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ:

ა) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;

ბ) სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას;

გ) გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება;

დ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები;

ე) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;

ვ) გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი;

ზ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ;

თ) საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი.

    მუხლი 395. საკასაციო საჩივრის შეტანა

საკასაციო საჩივარი შეიტანება წერილობითი ფორმით იმ სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება.

    მუხლი 396. საკასაციო საჩივრის შინაარსი

1. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც შედგენილია საჩივარი;

ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების დამდგენ სასამართლოზე;

დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;

ე) მითითებას, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი);

ვ) მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება;

ზ) საკასაციო საჩივარზე დართულ წერილობითი მასალების ნუსხას;

თ) საკასაციო საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.

2. წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში.

3. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

    მუხლი 397. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა

საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

    მუხლი 398. საქმის გადაგზავნა საკასაციო სასამართლოში

საკასაციო საჩივრის შემოსვლის შემდეგ სააპელაციო სასამართლო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარსა და მთლიანად საქმეს.

თავი XLIX

საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში

    მუხლი 399. ზოგადი დებულებანი

საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

    მუხლი 400. საკასაციო საჩივრის გადაგზავნა მეორე მხარისათვის, პასუხი საკასაციო საჩივარზე

საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მოწინააღმდეგე მხარეს. საკასაციო სასამართლოს შესაბამისი პალატის თავმჯდომარეს შეუძლია დაუნიშნოს ვადა მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივარზე პასუხის გასაცემად.

    მუხლი 401. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

1. საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი. თუ ასეთი შემოწმების შედეგად გამოვლინდება, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის წანამძღვრები, მაშინ საკასაციო სასამართლო გამოიტანს განჩინებას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

2. განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

    მუხლი 402. საკასაციო საჩივრის მიღების შედეგი

1. თუ არსებობს საკასაციო საჩივრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია საკასაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შეჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია.

2. თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, საკასაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

3. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიებით.

    მუხლი 403. საქმის განხილვის დანიშვნა

თუ სასამართლო საკასაციო საჩივარს განუხილველად არ დატოვებს, იგი დანიშნავს საქმის ზეპირი განხილვის დროს.

    მუხლი 404. გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები

1. საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

2. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

 3. საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმეზე საერთაშორისო კომპეტენცია. პირველი ინსტანციის სასამართლოს ტერიტორიულ და საგნობრივ განსჯადობას საკასაციო სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იგი საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას იყო წამოყენებული მოპასუხის მიერ, ან თუ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც ასეთი მოთხოვნა ვერ იქნა წამოყენებული სააპელაციო სასამართლოში.

    მუხლი 405. შეგებებული საკასაციო საჩივარი

მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე.

    მუხლი 406. დავის საგნის შეცვლა და გადიდება

დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.

    მუხლი 407. შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი

1. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში; მხედველობაში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

2. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

    მუხლი 408. საქმის ზეპირი განხილვა

1. საქმის ზეპირი განხილვა იწყება საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთი წევრის მოხსენებით.

2. მომხსენებელი მოახსენებს საქმის ვითარებას, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლებს, საკასაციო საჩივრის შინაარსს, მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებას საჩივრის მიმართ. ამის შემდეგ მხარეებს ეძლევათ სიტყვა თავიანთი განცხადებების გასაკეთებლად და დასასაბუთებლად.

3. თუ საკასაციო სასამართლოს საქმის განხილვა არ მიაჩნია საჭიროდ, მას შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. მხარეებს უნდა ეცნობოთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

თავი L

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

    მუხლი 409. გადაწყვეტილების შეცვლის ფარგლები

საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

    მუხლი 410. უარი საკასაციო საჩივარზე

საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

    მუხლი 411. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

    მუხლი 412. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში

1. თუ 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, იგი აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმეს სააპელაციო სასამართლოს უბრუნებს განმეორებით განსახილველად და გადასაწყვეტად.

2. თუ სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო სამართლებრივი შეფასება, რის გამოც საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას, მაშინ ის თავის განჩინებაში უთითებს, თუ რომელი ფაქტები საჭიროებს გამოკვლევას, რა მტკიცებულებებია შესაკრები და რა სხვა კონკრეტული საპროცესო მოქმედება უნდა შეასრულოს სააპელაციო სასამართლომ. საქმე ხელმეორედ განხილვისათვის შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა კოლეგიას.

    მუხლი 413. საქმის უკან დაბრუნება

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ საქმე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლთან ერთად უკან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

კარი მეათე

კერძო საჩივარი

თავი LI

კერძო საჩივრის დასაშვებობა და განხილვის წესი

    მუხლი 414. კერძო საჩივრის შეტანა

1. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

2. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.

    მუხლი 415. კერძო საჩივრის ფორმა

კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება.

    მუხლი 416. კერძო საჩივრის შეტანის ვადა

1. კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

2. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

    მუხლი 417. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვა. საქმის მასალების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში

თუ პირველი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს 5 დღის განმავლობაში.

    მუხლი 418. კერძო საჩივრის შეტანის შედეგი

1. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული.

2. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია პირველი ინსტანციის სასამართლოს ან სააპელაციო სასამართლოს, თუ კერძო საჩივარი მას გადაეგზავნა.

    მუხლი 419. გადაწყვეტილება კერძო საჩივრის თაობაზე

1. კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს სააპელაციო სასამართლოს.

2. განჩინება მიიღება მოწინააღმდეგე მხარის მოსმენის შემდეგ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის ვითარების გარკვევას. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია აგრეთვე განიხილოს კერძო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის მოსმენის გარეშეც, თუ კერძო საჩივარი დაუშვებელი ან აშკარად უსაფუძვლოა.

    მუხლი 420. აპელაციის წესების გამოყენება

კერძო საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს ამ სასამართლოსთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.


კარი მეთერთმეტე

საქმის წარმოების განახლება

თავი LII

განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი

    მუხლი 421. საქმის წარმოების განახლების სახეები

1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

2. თუ სასამართლოში შემოსულია განცხადებები როგორც ერთი და იმავე, ასევე ორივე მხარის მიერ ერთდროულად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, სასამართლომ უნდა შეაჩეროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების განხილვა, ვიდრე არ იქნება განხილული განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ.

    მუხლი 422. განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ

1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ:

ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში;

ბ) ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.

2. განცხადება აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებელია, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

    მუხლი 423. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ

1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:

ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;

ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;

გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;

დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;

ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;

ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

2. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის - ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის - ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

    მუხლი 424. განსჯადობა

1. განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში.

2. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

    მუხლი 425. განცხადების შეტანის წესი

გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.

    მუხლი 426. განცხადების შეტანის ვადა

1. განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

2. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

3. თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ემყარება 422‑ე მუხლის პირველი ნაწილის ბ” ქვეპუნქტს, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღეს, როცა მხარეს ან, თუ იგი ქმედუუნაროა, მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობა გადაწყვეტილება.

4. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.

    მუხლი 427. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების შინაარსი

1. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას;

ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება;

გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე;

დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე;

ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.

2. თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.

    მუხლი 428. მოსამართლის ჩამოცილება განცხადების განხილვისაგან

გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების განხილვაში დაუშვებელია იმ მოსამართლის მონაწილეობა, რომელსაც კანონის მიხედვით არ უნდა მიეღო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში (422-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტი), ან რომლის დანაშაულებრივი ქმედების გამო აღიძვრის საქმე განახლების შესახებ (423-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტი).

    მუხლი 429. განცხადების დასაშვებობის შემოწმება

სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

    მუხლი 430. განცხადების განხილვა

1. თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებია, მაშინ სასამართლომ უნდა განსაზღვროს დრო საქმის ზეპირი განხილვისათვის.

2. თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

3. თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.

    მუხლი 431. საქმის განხილვა

გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 432. გადაწყვეტილების აღსრულება

საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 433. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამოქმედება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამოქმედდეს 1998 წლის 1 აგვისტოდან, როდესაც საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად დამთავრდება საერთო სასამართლოების სისტემის ჩამოყალიბება და დაინიშნებიან ამ სისტემის მოსამართლეები.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1261 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998 წ., გვ.32

    მუხლი 434. ძალადაკარგული ნორმატიული აქტების ნუსხა

1998 წლის 1 აგვისტოდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

საქართველოს სსრ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36., მუხ.663), აგრეთვე ამ კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ სამოქალაქო საპროცესო სამართლის კოდექსი.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1261 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998 წ., გვ.32

    მუხლი 435. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოქმედება დროში

სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს.

    მუხლი 436. 1998 წლის 1 აგვისტომდე სასამართლოებში მიღებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საქმეების განხილვა

სამოქალაქო საქმეები, რომლებიც მიღებულია სასამართლოებში 1998 წლის 1 აგვისტომდე, მაგრამ რომელთა განხილვაც არ არის დამთავრებული ამ დროისათვის, უნდა განიხილონ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად იმ სასამართლოებმა, რომელთა წარმოებაშიც იყო ეს საქმეები.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1261 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998 წ., გვ.32

    მუხლი 437. საოლქო სასამართლოების განსჯადი სამოქალაქო საქმეების განხილვა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საოლქო სასამართლოების განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები .

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1261 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998 წ., გვ.32

    მუხლი 438. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1261 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998 წ., გვ.32

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 14 ნოემბერი.

1106 Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1261 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998 წ., გვ.32

2. საქართველოს 1998 წლის 29 აპრილის კანონი №1365 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998 წ., გვ.41

166. 21/02/2024 - საქართველოს კანონი - 4051-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/03/2024 165. 21/02/2024 - საქართველოს კანონი - 4047-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/03/2024 164. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3943-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 163. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3947-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 162. 16/11/2023 - საქართველოს კანონი - 3727-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/12/2023 161. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3620-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 22/11/2023 160. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3352-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/07/2023 159. 30/06/2023 - საქართველოს კანონი - 3447-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 158. 31/05/2023 - საქართველოს კანონი - 2993-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 157. 16/05/2023 - საქართველოს კანონი - 2887-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 01/06/2023 156. 11/04/2023 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/3/1421,1448,1451 - ვებგვერდი, 13/04/2023 155. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2621-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 154. 03/02/2023 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/1/1481 - ვებგვერდი, 07/02/2023 153. 29/11/2022 - საქართველოს კანონი - 2116-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 16/12/2022 152. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2226-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 151. 18/10/2022 - საქართველოს კანონი - 1919-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/10/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 150. 09/09/2022 - საქართველოს კანონი - 1807-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 149. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 888-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 148. 22/07/2021 - საქართველოს კანონი - 806-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 26/07/2021 147. 22/07/2021 - საქართველოს კანონი - 805-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 26/07/2021 146. 22/06/2021 - საქართველოს კანონი - 668-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/06/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 145. 30/03/2021 - საქართველოს კანონი - 424-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/04/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 144. 29/09/2020 - საქართველოს კანონი - 7184-Iს - ვებგვერდი, 05/10/2020 143. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6988-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 142. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6839-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 141. 10/06/2020 - საქართველოს კანონი - 6054-IIს - ვებგვერდი, 19/06/2020 140. 21/05/2020 - საქართველოს კანონი - 5914-სს - ვებგვერდი, 25/05/2020 139. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5679-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 138. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5659-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 137. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5030-Iს - ვებგვერდი, 01/10/2019 136. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5014-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 135. 18/09/2019 - საქართველოს კანონი - 4955-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 134. 03/09/2019 - საქართველოს კანონი - 4940-Iს - ვებგვერდი, 09/09/2019 133. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4921-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 132. 03/05/2019 - საქართველოს კანონი - 4551-IIს - ვებგვერდი, 10/05/2019 131. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4026-რს - ვებგვერდი, 25/12/2018 130. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3811-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 129. 07/12/2018 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/8/765 - ვებგვერდი, 12/12/2018 128. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3608-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 127. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3139-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 126. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2268-IIს - ვებგვერდი, 21/05/2018 125. 18/04/2018 - საქართველოს კანონი - 2151-IIს - ვებგვერდი, 01/05/2018 124. 04/04/2018 - საქართველოს კანონი - 2115-IIს - ვებგვერდი, 16/04/2018 123. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2035-IIს - ვებგვერდი, 29/03/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 122. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1919-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 121. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1900-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 120. 15/12/2017 - საქართველოს კანონი - 1777-Iს - ვებგვერდი, 28/12/2017 119. 01/12/2017 - საქართველოს კანონი - 1414-Iს - ვებგვერდი, 08/12/2017 118. 01/12/2017 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/6/746 - ვებგვერდი, 05/12/2017 117. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 948-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 116. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 767-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 115. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 753-IIს - ვებგვერდი, 24/05/2017 114. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 656-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 113. 08/02/2017 - საქართველოს კანონი - 259-IIს - ვებგვერდი, 13/02/2017 112. 29/12/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/6/623 - ვებგვერდი, 12/01/2017 111. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 201-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 110. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 162-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 109. 30/09/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/5/675,681 - ვებგვერდი, 11/10/2016 108. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5580-IIს - ვებგვერდი, 13/07/2016 107. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5594-IIს - ვებგვერდი, 07/07/2016 106. 03/06/2016 - საქართველოს კანონი - 5159-რს - ვებგვერდი, 17/06/2016 105. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5012-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 104. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4626-Iს - ვებგვერდი, 29/12/2015 103. 16/12/2015 - საქართველოს კანონი - 4648-რს - ვებგვერდი, 28/12/2015 102. 13/11/2015 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/7/681 - ვებგვერდი, 26/11/2015 101. 02/11/2015 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/6/675 - ვებგვერდი, 13/11/2015 100. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4370-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 99. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4457-Iს - ვებგვერდი, 30/10/2015 98. 29/05/2015 - საქართველოს კანონი - 3666-IIს - ვებგვერდი, 05/06/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 97. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3531-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 96. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3340-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 95. 18/03/2015 - საქართველოს კანონი - 3220-IIს - ვებგვერდი, 26/03/2015 94. 19/02/2015 - საქართველოს კანონი - 3096-IIს - ვებგვერდი, 27/02/2015 93. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 3014-რს - ვებგვერდი, 31/12/2014 92. 08/10/2014 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/4/532,533 - ვებგვერდი, 28/10/2014 91. 02/05/2014 - საქართველოს კანონი - 2392-IIს - ვებგვერდი, 07/05/2014 90. 19/03/2014 - საქართველოს კანონი - 2111-IIს - ვებგვერდი, 01/04/2014 89. 27/02/2014 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/2/558 - ვებგვერდი, 12/03/2014 88. 13/11/2013 - საქართველოს კანონი - 1525-Iს - ვებგვერდი, 22/11/2013 87. 05/11/2013 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/1/531 - ვებგვერდი, 18/11/2013 86. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1156-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 85. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6439-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 84. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6313-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 83. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6315-Iს - ვებგვერდი, 08/06/2012 82. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6144-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 81. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6145-Iს - ვებგვერდი, 17/05/2012 80. 16/03/2012 - საქართველოს კანონი - 5851-Iს - ვებგვერდი, 23/03/2012 79. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5665-რს - ვებგვერდი, 11/01/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 78. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5667-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 77. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5550-რს - ვებგვერდი, 111228090, 28/12/2011 76. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5569 - ვებგვერდი, 111228065, 28/12/2011 75. 06/12/2011 - საქართველოს კანონი - 5369-IIს - ვებგვერდი, 111220008, 20/12/2011 74. 11/11/2011 - საქართველოს კანონი - 5265-IIს - ვებგვერდი, 111124017, 24/11/2011 73. 21/06/2011 - საქართველოს კანონი - 4869-რს - ვებგვერდი, 110706013, 06/07/2011 72. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4463-Iს - ვებგვერდი, 110401011, 01/04/2011 71. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4075-რს - სსმ, 76, 29/12/2010 70. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4046-რს - სსმ, 76, 29/12/2010 69. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4037-რს - სსმ, 75, 27/12/2010 68. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 67. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 66. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3365 - სსმ, 40, 20/07/2010 65. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3035 - სსმ, 24, 10/05/2010 64. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2717 - სსმ, 12, 24/03/2010 63. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2451 - სსმ, 50, 31/12/2009 62. 18/12/2009 - საქართველოს კანონი - 2385 - სსმ, 50, 31/12/2009 61. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2261 - სსმ, 41, 08/12/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 60. 20/11/2009 - საქართველოს კანონი - 2110 - სსმ, 40, 17/12/2009 59. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1701 - სსმ, 29, 12/10/2009 58. 19/06/2009 - საქართველოს კანონი - 1281 - სსმ, 13, 02/07/2009 57. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1132 - სსმ, 9, 13/04/2009 56. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 797 - სსმ, 40, 29/12/2008 55. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 212 - სსმ, 17, 28/07/2008 54. 18/06/2008 - საქართველოს კანონი - 27 - სსმ, 11, 04/07/2008 53. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5977 - სსმ, 9, 04/04/2008 52. 28/12/2007 - საქართველოს კანონი - 5669 - სსმ, 1, 03/01/2008 51. 18/12/2007 - საქართველოს კანონი - 5628 - სსმ, 48, 27/12/2007 50. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5304 - სსმ, 29, 27/07/2007 49. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5291 - სსმ, 29, 27/07/2007 48. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5290 - სსმ, 29, 27/07/2007 47. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5286 - სსმ, 29, 27/07/2007 46. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5284 - სსმ, 29, 27/07/2007 45. 04/07/2007 - საქართველოს კანონი - 5199 - სსმ, 28, 18/07/2007 44. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5124 - სსმ, 27, 17/07/2007 43. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4287 - სსმ, 51, 31/12/2006 42. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4209 - სსმ, 4, 12/01/2007 41. 15/12/2006 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/3/393,397 - სსმ, 42, 20/12/2006 40. 07/12/2006 - საქართველოს კანონი - 3838 - სსმ, 48, 22/12/2006 39. 13/07/2006 - საქართველოს კანონი - 3435 - სსმ, 32, 31/07/2006 38. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3388 - სსმ, 26, 14/07/2006 37. 20/12/2005 - საქართველოს კანონი - 2360 - სსმ, 55, 27/12/2005 36. 20/12/2005 - საქართველოს კანონი - 2357 - სსმ, 57, 29/12/2005 35. 16/12/2005 - საქართველოს კანონი - 2270 - სსმ, 55, 27/12/2005 34. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2130 - სსმ, 53, 19/12/2005 33. 30/06/2005 - საქართველოს კანონი - 1827 - სსმ, 38, 15/07/2005 32. 30/06/2005 - საქართველოს კანონი - 1816 - სსმ, 36, 11/07/2005 31. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1740 - სსმ, 36, 11/07/2005 30. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1349 - სსმ, 19, 28/04/2005 29. 06/04/2005 - საქართველოს კანონი - 1232 - სსმ, 18, 27/04/2005 28. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 929 - სსმ, 41, 30/12/2004 27. 25/11/2004 - საქართველოს კანონი - 597 - სსმ, 37, 16/12/2004 26. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 223 - სსმ, 19, 15/07/2004 25. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 211 - სსმ, 18, 09/07/2004 24. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 177 - სსმ, 19, 15/07/2004 23. 18/05/2004 - საქართველოს კანონი - 55 - სსმ, 13, 02/06/2004 22. 16/02/2004 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/186 - სსმ, 9, 20/02/2004 21. 20/06/2003 - საქართველოს კანონი - 2450 - სსმ, 20, 11/07/2003 20. 02/06/2003 - საქართველოს კანონი - 2310 - სსმ, 13, 02/06/2003 19. 23/04/2003 - საქართველოს კანონი - 2105 - სსმ, 12, 21/05/2003 18. 07/05/2002 - საქართველოს კანონი - 1395 - სსმ, 13, 28/05/2002 17. 20/06/2001 - საქართველოს კანონი - 978 - სსმ, 22, 06/07/2001 16. 08/06/2001 - საქართველოს კანონი - 918 - სსმ, 18, 28/06/2001 15. 05/12/2000 - საქართველოს კანონი - 638 - სსმ, 48, 16/12/2000 14. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 407 - სსმ, 26, 13/07/2000 13. 10/12/1999 - საქართველოს კანონი - 70 - სსმ, 48(55), 16/12/1999 12. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2398 - სსმ, 43(50), 21/09/1999 11. 08/09/1999 - საქართველოს კანონი - 2365 - სსმ, 43(50), 21/09/1999 10. 22/07/1999 - საქართველოს კანონი - 2314 - სსმ, 36(34), 29/07/1999 9. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2078 - სსმ, 24(31), 26/07/1999 8. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 1972 - სსმ, 18(25), 01/06/1999 7. 13/05/1999 - საქართველოს კანონი - 1956 - სსმ, 15(22), 14/05/1999 6. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1773 - სსმ, 1(8), 14/01/1999 5. 17/07/1998 - საქართველოს კანონი - 1529 - პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998 4. 26/06/1998 - საქართველოს კანონი - 1519 - პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998 3. 26/06/1998 - საქართველოს კანონი - 1494 - პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998 2. 29/04/1998 - საქართველოს კანონი - 1365 - პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998 1. 20/02/1998 - საქართველოს კანონი - 1261 - პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998