სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 713
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997
სარეგისტრაციო კოდი 300.400.000.05.001.000.211
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
713
15/05/1997
პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997
300.400.000.05.001.000.211
სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

 

სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

1. ეს კანონი განსაზღვრავს სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს. სამომხმარებლო კოპერატივები და მათი კავშირები ემყარებიან წევრობის ნებაყოფლობითობის, დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობის, ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის, ურთიერთპასუხისმგებლობის, საზოგადოებაზე ზრუნვის პრინციპებს, წევრთა ეროვნების, პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური მრწამსის განურჩევლად.

2. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის კოოპერატივი. ისინი შექმნილად ითვლებიან სახელმწიფო რეგისტრაციის დღიდან. რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონისა და „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

    მუხლი 1. კანონში გამოყენებული ძირითადი ტერმინები

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამომხმარებლო კოოპერაცია – ნებაყოფლობით შექმნილი მრავალდარგოვანი სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობას წარმართავს თავისი წევრებისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ამ მიზნით სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციები ახორციელებენ საცალო და საბითუმო ვაჭრობას, კვებითი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მომსახურებას, სახალხო მოხმარების საქონლისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, აგრეთვე აღნიშნული პროდუქციის შესყიდვას, გადამუშავებას და რეალიზაციას;

ბ) სამომხმარებლო კოოპერატივი – ფიზიკურ და იურიდიულ პირთა გაერთიანება, რომელიც ნებაყოფლობით იქმნება ერთობლივი საქმიანობისათვის საპაიო შენატანების გაერთიანებით, ურთიერთდახმარების პრინციპებზე წევრთა მატერიალურ-კულტურულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების, მატერიალური და ფინანსური რესურსების მიზიდვისა და ეფექტიანი გამოყენების მიზნით;

გ) სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი – სამომხმარებლო კოოპერატივებისა და სხვა იურიდიულ პირთა ქონების ნებაყოფლობითი წილობრივი გაერთიანება, რომლის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს კოოპერატივი, რომელიც საქმიანობას წარმართავს თავისი წევრებისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად;

დ) მეპაიე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც ცნო კოოპერატივის წესდება და შეიტანა საწევრო და პაი;

ე) სამომხმარებლო კოოპერატივის წარმომადგენელი – მეპაიეთა საერთო კრების მიერ არჩეული პირი სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის წარმომადგენელთა კრებაში მონაწილეობის მისაღებად;

ვ) სამომხმარებლო კოოპერატივში შესასვლელი საწევრო – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სამომხმარებლო კოოპერატივში გაწევრიანებისათვის შესატანი თანხა;

ზ) პაი– საპაიო ფონდში მეპაიეს შენატანი ფულით ან ქონებით;

თ) საპაიო ფონდი– ფონდი, რომელიც შედგება საპაიო შენატანებისგან და სამომხმარებლო კოოპერატივის ქონების ფორმირების წყაროა;

ი) სარეზერვო ფონდი– ფონდი, რომელიც გამოიყენება საგანგებო ვითარებით გამოწვეული დანაკარგების ასანაზღაურებლად;

კ) განუყოფელი ქონება (ფონდი) – სამომხმარებლო კოოპერატივის (კავშირის) მთლიანი ქონების ნაწილი, რომელიც კოოპერატივის ფუნქციონირების პერიოდში მეპაიეთა შორის განაწილებას არ ექვემდებარება.

 

    მუხლი 2. კანონმდებლობა სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისგან.

თავი II

სამომხმარებლო კოოპერატივი – სამომხმარებლო კოოპერაციის ძირეული რგოლი

    მუხლი 3. სამომხმარებლო კოოპერატივი – სამომხმარებლო კოოპერაციის ძირეული რგოლი

1. სამომხმარებლო კოოპერაციის ძირეული რგოლი არის სამომხმარებლო კოოპერატივი.

2. სამომხმარებლო კოოპერატივის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და მისი წესდებით, რომელიც განსაზღვრავს ამ კოოპერატივის საქმიანობის საგანსა და მიზანს, მასში წევრად შესვლისა და კოოპერატივიდან გამოსვლის წესს, მის წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს, კოოპერატივის მართვისა და კონტროლის ორგანოებს და მათ უფლებამოსილებებს, კაპიტალის ოდენობას, ქონების ფორმირებისა და მოგების განაწილების წესს, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პირობებს, მონაცემებს ფილიალებისა და წარმომადგენლობების შესახებ. აღნიშნული წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

3. სამომხმარებლო კოოპერატივი არის იურიდიული პირი.

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №886 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

    მუხლი 4. სამომხმარებლო კოოპერატივის წევრობა, წევრთა უფლება–მოვალეობანი

1. სამომხმარებლო კოოპერატივის წევრები–მეპაიეები შეიძლება იყვნენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები.

2. მეპაიე–ფიზიკური პირი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი, სურს და შეუძლია მიიღოს მონაწილეობა სამომხმარებლო კოოპერატივის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში.

3. მეპაიე–იურიდიული პირი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს სამომხმარებლო კოოპერატივის წესდების მოთხოვნებს.

4. სამომხმარებლო კოოპერატივსა და მის წევრებს შორის ურთიერთობა მყარდება ხელშეკრულების საფუძველზე.

5. სამომხმარებლო კოოპერატივი პასუხს არ აგებს თავისი წევრის ვალდებულებებზე, ეს უკანასკნელი კი პასუხისმგებელია კოოპერატივის ვალდებულებებზე ამ კოოპერატივში თავისი კუთვნილი ქონების ფარგლებში.

6. სამომხმარებლო კოოპერატივის წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს კოოპერატივის მართვასა და საქმიანობაში, აირჩიოს და არჩეულ იქნეს მისი მართვისა და კონტროლის ორგანოებში, წამოაყენოს წინადადებები კოოპერატივისა და მისი მართვის ორგანოების საქმიანობის გასაუმჯობესებლად;

ბ) გამოიყენოს კოოპერატივის მეპაიეთა საერთო (წარმომადგენელთა) კრების მიერ დაწესებული უპირატესობები და შეღავათები საქონლის შეძენისას და სხვა მომსახურებით სარგებლობისას.

7. სამომხმარებლო კოოპერატივის წევრი ვალდებულია დაიცვას წესდება, შეასრულოს თავისი მოვალეობანი კოოპერატივის წინაშე, უზრუნველყოს მეპაიეთა საერთო (წარმომადგენელთა) კრების, მართვისა და კონტროლის ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულება მათთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში.

    მუხლი 5. სამომხმარებლო კოოპერატივის მართვისა და კონტროლის ორგანოები

1. სამომხმარებლო კოოპერატივის მართვის უმაღლესი ორგანოა მეპაიეთა საერთო კრება, თუ წევრ-მეპაიეთა რაოდენობა 200-ზე ნაკლებია, ხოლო თუ წევრი-მეპაიე 200-ზე მეტია-წარმომადგენელთა კრება, რომელიც იღებს წესდებას, განსაზღვრავს სავალდებულო საპაიო შესატანის ოდენობას, ირჩევს აღმასრულებელ-განმკარგულებელ და მაკონტროლებელ ორგანოებს – გამგეობას და სარევიზიო კომისიას. გამგეობის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში. გამგეობა ახორციელებს კოოპერატივის სამეურნეო და სხვა საქმიანობას. სარევიზიო კომისია აკონტროლებს კოოპერატივის წესდების დაცვას, სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებისა და საწარმოების სამეურნეო–საფინანსო საქმიანობას. გამგეობა და სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებული არიან წევრთა საერთო (წარმომადგენელთა) კრების წინაშე. მართვის უმაღლესი ორგანო წყვეტს კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. წარმომადგენელთა რაოდენობას ადგენს სამომხმარებლო კოოპერატივის წევრთა საერთო (წარმომადგენელთა) კრება.

2. სამომხმარებლო კოოპერატივის ყოველი წევრი, მიუხედავად მისი საპაიო შენატანის ოდენობისა, საერთო (წარმომადგენელთა) კრებაზე სარგებლობს ერთი ხმის უფლებით.

3. სამომხმარებლო კოოპერატივის მართვისა და კონტროლის ორგანოები ირჩევა 5 წლის ვადით.

თავი III

სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირები

    მუხლი 6. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირების მართვისა და კონტროლის ორგანოები

1. სამომხმარებლო კოოპერატივებს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლიათ ნებაყოფლობით გაერთიანდნენ კავშირებად ტერიტორიული, დარგობრივი, პროფესიული და სხვა ნიშნის მიხედვით. კავშირებს ნებაყოფლობით შეუძლიათ შექმნან სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი, რომლის წევრებად შეიძლება სხვა იურიდიული პირების მიღება.

2. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი მისთვის დელეგირებული უფლებებიდან გამომდინარე წარმოადგენს და იცავს კოოპერატივისა და მისი წევრების ინტერესებს შესაბამის სახელმწიფო და სხვა ორგანოებში, კოორდინაციას უწევს კოოპერაციული ორგანიზაციების საქმიანობას, ქმნის და ავითარებს საკუთარ წარმოებას. კავშირი პასუხს არ აგებს თავის წევრთა სამეურნეო საქმიანობით ნაკისრ ვალდებულებებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის მართვის უმაღლესი ორგანოა წარმომადგენელთა კრება, ხოლო საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირებისა – ყრილობა. წარმომადგენელთა კრება (ყრილობა) იღებს წესდებას, ირჩევს კავშირის მართვისა და კონტროლის ორგანოებს–საბჭოს და სარევიზიო კომისიას. საბჭოს კრება ირჩევს კავშირის აღმასრულებელ-განმკარგულებელ ორგანოს – გამგეობას და გამგეობის თავმჯდომარეს. საბჭოს და გამგეობის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში.

4. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის გამგეობა და სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებული არიან წარმომადგენელთა კრების წინაშე, ხოლო წარმომადგენელთა კრებებს შორის პერიოდში– საბჭოს წინაშე.

5. საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირების გამგეობა და სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებული არიან ყრილობის წინაშე, ხოლო ყრილობებს შორის პერიოდში – საბჭოს წინაშე.

6. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი და ცენტრალური კავშირი არიან იურიდიული პირები.

თავი IV

სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრება

    მუხლი 7. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრება

1. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრება არის კერძო საკუთრება და შედგება კოოპერატივებისა და კავშირების საკუთრებისაგან. მეპაიეს ქონებაში თავისი წილი აქვს.

2. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრება იქმნება მეპაიეების ფულადი და ქონებრივი შენატანებით, პროდუქციის, საქონლის (მომსახურების) რეალიზაციით, ფასიანი ქაღალდებით და სხვა სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავლებით, წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, საზოგადოებების, ფიზიკური პირების საქველმოქმედო შენატანებით, შემოწირულობებით და სხვა წყაროებით, რომლებიც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით .

3. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრებას განკარგავენ მართვის ორგანოები წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სამომხმარებლო კოოპერატივის ქონება იყოფა განუყოფელ და გასაყოფ ნაწილებად. ქონების განუყოფელი ნაწილი კოოპერატივის ფუნქციონირების პერიოდში არის მისი არსებობის გარანტი. განუყოფელი და გასაყოფი ნაწილების განაწილების წესი განისაზღვრება სამომხმარებლო კოოპერატივის წესდებით.

    მუხლი 8. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრების სამართლებრივი დაცვა

1. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით. დაუშვებელია სახელმწიფო და სხვა ორგანოების მიერ სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების სახსრებით აშენებული ნაგებობებისა და სხვა ქონების ჩამორთმევა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ქონების გასხვისება შეიძლება სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების მართვის უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებით.

თავი V

სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების სამეურნეო და სოციალური საქმიანობა

    მუხლი 9. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების   საქმიანობის დამოუკიდებლობა და თავისუფლება

1. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციები და საწარმოები თავიანთ საქმიანობაში დამოუკიდებელი და თავისუფალი არიან. დაუშვებელია მათ საქმიანობაში ადმინისტრაციული ჩარევა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებმა და საწარმოებმა კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მონაწილეობა მიიღონ სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კავშირების დაფუძნებასა და საქმიანობაში.

3. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებისა და საწარმოების შემოსავლები იქმნება ეკონომიკური და სხვა საქმიანობით, ფასიანი ქაღალდების გაყიდვით და სხვა შემოსავლებით.

4. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებისა და საწარმოების ვალდებულებები ბიუჯეტის წინაშე და შესაძლო შეღავათები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.

5. სამომხმარებლო კოოპერაციის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში.

6. სავალდებულო გადასახადის გადახდის შემდეგ დარჩენილ მოგებას სამომხმარებლო კოოპერატივში ანაწილებს მეპაიეთა საერთო (წარმომადგენელთა) კრება, ხოლო სამომხმარებლო კოოპერატივთა კავშირში– წარმომადგენელთა (საბჭოს) კრება.

7. სამომხმარებლო კოოპერატივები და მათი კავშირები დამოუკიდებლად ან ხელშეკრულების საფუძველზე აწესებენ თავისუფალ ფასებს საწარმოო–ტექნიკური დანიშნულების პროდუქციაზე, ნედლეულზე, სახალხო მოხმარების საქონელზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, მათ მიერ გამოშვებულ და შესყიდულ საქონელზე, გაწეულ მომსახურებაზე. აღნიშნული არ ვრცელდება იმ პროდუქციაზე, საქონელსა და მომსახურებაზე, რომელთა ფასებსა და ტარიფებს არეგულირებს სახელმწიფო.

8. შრომითი ურთიერთობები სამომხმარებლო კოოპერატივებსა და მათ კავშირებში რეგულირდება შრომის კანონმდებლობით, კოოპერატივებისა და კავშირების წესდებებით.

9. სამომხმარებლო კოოპერატივები და მათი კავშირები თავიანთი ამოცანების განსახორციელებლად დამოუკიდებლად ქირაობენ მუშაკებს და განსაზღვრავენ შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას კანონმდებლობის შესაბამისად.

10. სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი სახელმწიფო საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ამზადებს საჭირო კადრებს.

11. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციის არჩევით ორგანოებში მომსახურე პირებს დისციპლინურ სასჯელს, თანამდებობიდან გათავისუფლების ჩათვლით, ადებს ის ორგანო, რომელმაც იგი აირჩია, და ის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი, რომლის წევრიცაა აღნიშნული ორგანიზაცია, კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 10. სამომხმარებლო კოოპერაციის შიდაკოოპერაციული, საერთაშორისო კავშირები და საგარეო–ეკონომიკური საქმიანობა

1. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციები და საწარმოები საქმიანობას წარმართავენ დამოუკიდებლად, წესდებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად. მართვის ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად შესაბამისი კოოპერაციული ორგანოებისათვის.

2. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებისა და საწარმოების სამეურნეო ურთიერთობანი სხვადასხვა დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან მყარდება ხელშეკრულების საფუძველზე.

3. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირებისაგან დელეგირებული უფლებებიდან გამომდინარე, სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი წარმოადგენს საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ინტერესებს საერთაშორისო კოოპერაციულ ალიანსში და ამყარებს ურთიერთობებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხელს უწყობს კოოპერაციული მოძრაობის განვითარებას, კოოპერაციული პრინციპებისა და ფასეულობების პროპაგანდას.

თავი VI

სახელმწიფოსა და სამომხმარებლო კოოპერაციის ურთიერთდამოკიდებულება

    მუხლი 11. სამომხმარებლო კოოპერაციის უფლებათა გარანტიები

1. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციები თანამშრომლობენ სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებთან მოსახლეობის სავაჭრო მომსახურების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, შესყიდვისა და გადამუშავების, სახალხო მოხმარების საქონლის წარმოების, მოსახლეობისათვის სხვადასხვა მომსახურების გაწევის, აგრეთვე წესდებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებში.

2. სახელმწიფო ორგანოები არ ერევიან სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციების სამეურნეო-საფინანსო და სხვა საქმიანობაში, არ აკონტროლებენ მათ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. თუ სახელმწიფო ორგანომ დაარღვია კოოპერატივის, კავშირის, საწარმოს, საზოგადოების ინტერესი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით ან სამართლებრივი აქტის მიღებით, ამ უკანასკნელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

თავი VII

სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 12. სამომხმარებლო კოოპერატივის, სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სამომხმარებლო კოოპერატივის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მეპაიეთა საერთო (წარმომადგენელთა) კრების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. სამომხმარებლო კოოპერატივის ლიკვიდაციისას ქონება, რომელიც დარჩება შრომის ანაზღაურების, ბიუჯეტთან, ბანკებთან და სხვა კრედიტორებთან ანგარიშსწორების შემდეგ, წესდებისა და კანონმდებლობის შესაბამისად ნაწილდება სამომხმარებლო კოოპერატივის წევრ–მეპაიეებს შორის.

2. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება წარმომადგენელთა კრების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება ყრილობის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.

4. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის და ცენტრალური კავშირის ლიკვიდაციისას ქონება, რომელიც დარჩება შრომის ანაზღაურების, ბიუჯეტთან, ბანკებთან და სხვა კრედიტორებთან ანგარიშსწორების შემდეგ, წესდებისა და კანონმდებლობის შესაბამისად ნაწილდება კავშირის წევრებს შორის.

თავი VIII

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 13. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნულმა ალიანსმა–ცეკავშირმა 1998 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს მეპაიეთა რაოდენობის დაზუსტება და მათზე კოოპერაციული საკუთრების განაწილება-დამკვიდრება.

2. საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნულმა ალიანსმა – ცეკავშირმა, მისმა კოოპერაციულმა ორგანიზაციებმა, საზოგადოებებმა 1997 წლის 1 ოქტომბრამდე თავიანთი წესდებები შეუსაბამონ „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ კანონს.

თავი IX

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 14. კანონის ამოქმედება და გასაუქმებელი სამართლებრივი აქტი

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 27 დეკემბრის №270 ბრძანებულება „საქართველოს რესპუბლიკაში სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“.

 

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 15 მაისი.

№­ 713–IIს