კერძო არბიტრაჟის შესახებ

კერძო არბიტრაჟის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 656
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 17-18, 05/05/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 180.000.000.05.001.000.198
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

კერძო არბიტრაჟის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. პირებს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა მათივე შეთანხმებით განსახილველად გადაეცემა მუდმივმოქმედ ან ამ დავისათვის საგანგებოდ შექმნილ დროებით კერძო არბიტრაჟს (შემდგომ არბიტრაჟი).

2. შეთანხმება არბიტრაჟის განსახილველად დავის გადაცემის შესახებ (საარბიტრაჟო შეთანხმება) იდება წერილობით.

    მუხლი 2

საარბიტრაჟო შეთანხმებაში უნდა აღინიშნოს:

1) მხარეთა დასახელება და მათი საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი;

2) დავის საგანი;

3) შეთანხმების დრო და ადგილი.

    მუხლი 3

თუ საარბიტრაჟო განხილვისას აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო განხილვის საგანია და რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს განხილვის შედეგზე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არბიტრაჟი არ ჩაითვლება შემდგარად.

    მუხლი 4

თუ საარბიტრაჟო შეთანხმება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს, მაშინ არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ გამოიწვევს კანონის ძალით საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობას.

    მუხლი 5

ერთ-ერთი მხარის სიკვდილი ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების მოშლას ან არბიტრაჟის უკვე დანიშნული წევრის შეცვლას, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 6

ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე მხარის სარჩელს ან არბიტრაჟის თხოვნას განიხილავს ის რაიონული (ქალაქის) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობს საარბიტრაჟო განხილვა.

    მუხლი 7

1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი თავის საქმიანობას ახორციელებს მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ.

2. ყოველი მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებულია მიიღოს და არბიტრაჟის ამოქმედებამდე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოაქვეყნოს დებულება, რომელშიც უნდა შევიდეს არბიტრაჟის დანიშვნისა და საარბიტრაჟო განხილვის წესები.

თავი II

არბიტრაჟის შექმნა

    მუხლი 8

1. არბიტრაჟის წევრად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე.

2. არბიტრაჟის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს:

ა) ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირი;

ბ) პოლიტიკური თანამდებობის პირი ან სახელმწიფო მოსამსახურე;

გ) მსჯავრდებული პირი, რომელსაც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა განზრახი დანაშაულისათვის;

დ) მხარის ან მისი წარმომადგენლის მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და ან ძმა.

3. პირი არბიტრაჟის წევრად დანიშვნაზე თანხმობას იძლევა წერილობით.

    მუხლი 9

1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან რამდენიმე წევრისაგან.

2. არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა და მათი დანიშვნის წესი განისაზღვრება მხარეთა მიერ. მხარეები ნიშნავენ არბიტრაჟის წევრთა თანაბარ რაოდენობას. ბათილია საარბიტრაჟო შეთანხმება, რომელიც არბიტრაჟის წევრთა დანიშვნისას ერთ-ერთ მხარეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში.

3. არბიტრაჟის წევრთა რიცხვი არ შეიძლება იყოს ლუწი. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრაჟის შემადგენლობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მაშინ არბიტრაჟი ვალდებულია შექმნიდან 5 დღის ვადაში დანიშნოს არბიტრაჟის კიდევ ერთი წევრი.

4. თუ მხარეები თვითონ არ განსაზღვრავენ არბიტრაჟის წევრთა რაოდენობას, მაშინ არბიტრაჟი უნდა შეიქმნას 3 წევრის შემადგენლობით.

5. თუ მხარეები თვითონ არ განსაზღვრავენ არბიტრაჟის წევრთა დანიშვნის წესს, მაშინ მხარეები ამ კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ არბიტრაჟის წევრთა თანაბარ რაოდენობას, ხოლო არბიტრაჟის დამატებით წევრს ირჩევენ არბიტრაჟის უკვე დანიშნული წევრები.

6. თუ მხარეები და მუდმივმოქმედი არბიტრაჟი სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, არბიტრაჟის წევრთა რაოდენობასა და დანიშვნის წესს განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი თავისი დებულების შესაბამისად.

    მუხლი 10

მხარეს შეუძლია არბიტრაჟის წევრის დანიშვნის უფლება გადასცეს სხვა პირს.

    მუხლი 11

1. თითოეული მხარე ვალდებულია შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში დანიშნოს არბიტრაჟის წევრი. თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მხარე ნიშნავს არბიტრაჟის წევრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში.

2. თუ მხარე ან არბიტრაჟი ხელშეკრულებით ან კანონით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს არბიტრაჟის წევრს, მაშინ ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრაჟის წევრს ნიშნავს სასამართლო 5 დღის განმავლობაში.

3. სასამართლოს გადაწყვეტილება არბიტრაჟის წევრის დანიშვნის შესახებ საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

    მუხლი 12

მხარეს უფლება არა აქვს შეცვალოს თავისი დანიშნული არბიტრაჟის წევრი, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 13

1. თუ არბიტრაჟის წევრთა რიცხვი ერთზე მეტია, ერთ-ერთი მათგანი უნდა დაინიშნოს არბიტრაჟის თავმჯდომარედ.

2. არბიტრაჟი თავის თავმჯდომარეს ნიშნავს შექმნიდან 5 დღის ვადაში ან პირველსავე სხდომაზე, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 14

არბიტრაჟის წევრის შეცვლის შემთხვევაში არბიტრაჟის ახალი წევრი ინიშნება იმავე წესით, როგორითაც არბიტრაჟის შესაცვლელი წევრი.

    მუხლი 15

1. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს არბიტრაჟის წევრის აცილება, თუკი არსებობს ამ კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნული ან სხვა გარემოებები, რომლებიც დასაბუთებულ ეჭვს იწვევენ არბიტრაჟის წევრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში, აგრეთვე, თუ არბიტრაჟის წევრი არ ფლობს საარბიტრაჟო განხილვის ენას ან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას.

2. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრაჟის წევრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრაჟის წევრის დანიშვნის შემდეგ.

3. პირი, რომელიც დაინიშნება არბიტრაჟის წევრად, ვალდებულია აცნობოს მხარეებს და არბიტრაჟს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას.

4. აცილების წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

5. თუ მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმება არ არსებობს, მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება მისცეს არბიტრაჟის წევრს, ვალდებულია წერილობითი განცხადება აცილების შესახებ წარადგინოს 10 დღის ვადაში შესაბამისი არბიტრაჟის წევრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ეს გარემოება ცნობილი გახდა. განცხადებაში აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული აცილების საფუძველი.

6. თუ არბიტრაჟის წევრი, რომლის აცილების საკითხიც დაისვა, თვითონ არ ამბობს უარს არბიტრაჟის წევრობაზე, ან თუ მეორე მხარე არ არის თანახმა აცილებაზე, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი.

    მუხლი 16

1. თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში არბიტრაჟის წევრი შეიძლება გადაყენებულ იქნეს საკუთარი ან ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრაჟის მიერ ან მხარეთა შეთანხმებით.

2. არბიტრაჟს არბიტრაჟის წევრის თხოვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება მისი გადადგომის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე საპატიო მიზეზი.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით აღნიშნული არბიტრაჟის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება არბიტრაჟის წევრის თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

თავი III

საარბიტრაჟო განხილვა

    მუხლი 17

1. არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის დავის განხილვის (საარბიტრაჟო განხილვის) დაწყების საფუძველია მხარის საარბიტრაჟო პრეტენზია, რომელიც უნდა გაეგზავნოს მეორე მხარესა და არბიტრაჟის თავმჯდომარეს, ხოლო თუ არბიტრაჟის თავმჯდომარე ჯერ არ არის არჩეული არბიტრაჟის ყველა დანიშნულ წევრს.

2. საარბიტრაჟო განხილვა უნდა დაიწყოს საარბიტრაჟო პრეტენზიის არბიტრაჟში წარდგენიდან 10 დღის ვადაში. თუ საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენისას არბიტრაჟის შემადგენლობა არ არის არჩეული, საარბიტრაჟო განხილვა უნდა დაიწყოს არბიტრაჟის ყველა წევრის დანიშვნიდან 10 დღის განმავლობაში, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 18

1. საარბიტრაჟო განხილვის წესს განსაზღვრავენ მხარეები.

2. თუ მხარეებს შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება არბიტრაჟის მიერ დადგენილი წესით.

3. მუდმივმოქმედ არბიტრაჟში დავა განიხილება მისი დებულების შესაბამისად, თუ მხარეები და მუდმივმოქმედი არბიტრაჟი სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

    მუხლი 19

მხარეს უფლება აქვს არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე წარმოდგენილი იყოს დამცველის (ადვოკატის) მეშვეობით.

    მუხლი 20

1. არბიტრაჟი ვალდებულია მხარეს წერილობით აცნობოს არბიტრაჟის ყოველი სხდომის ჩატარების დრო და ადგილი სულ ცოტა 5 დღით ადრე შესაბამისი სხდომის გამართვამდე, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. წერილობითი შეტყობინება მიღებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა ადრესატს პირადად ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილას ანდა იურიდიულ მისამართზე.

3. არბიტრაჟი ვალდებულია მიღებიდან ორი დღის ვადაში მხარეს გაუგზავნოს მეორე მხარისაგან მიღებული ყოველი განცხადების, დოკუმენტის, თხოვნის, ინფორმაციის ასლი, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 21

არბიტრაჟს შეუძლია ნებაყოფლობით დაკითხოს მოწმეები და გამოითხოვოს მტკიცებულებები, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ მოწმის გამოცხადება ან მტკიცებულების გამოთხოვა შეუძლებელია ნებაყოფლობით, არბიტრაჟს შეუძლია მიმართოს სასამართლოს მოწმის გამოცხადების ან მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ. სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით.

    მუხლი 22

1. არბიტრაჟს შეუძლია მხარის მოთხოვნით დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი რომელიმე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. არბიტრაჟის უარი ექსპერტის დანიშვნაზე უნდა დასაბუთდეს. არბიტრაჟი ვალდებულია დანიშნოს ექპერტი, თუ მხარეები ამას მოითხოვენ.

2. მხარე, არბიტრაჟის შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობისას, ვალდებულია წარუდგინოს ექსპერტს საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ნივთი, დოკუმენტი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ექსპერტის დასკვნა არ არის სავალდებულო არბიტრაჟისათვის, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 23

არბიტრაჟი საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს გამოიტანოს დადგენილება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ.

    მუხლი 24

1. არბიტრაჟის სხდომები დახურულია, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. არბიტრაჟში საქმის განხილვა მიმდინარეობს ზეპირად, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 25

1. არბიტრაჟში საქმის განხილვა მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობის საფუძველზე.

2. არბიტრაჟს არ შეუძლია საქმე გადაწყვიტოს მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე თავს არიდებს არბიტრაჟში გამოცხადებას ახსნა-განმარტების მისაცემად, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არის დადგენილი.

    მუხლი 26

თუ კანონიერი გამამართლებელი მიზეზების გარეშე მხარე არ გამოცხადდება არბიტრაჟში ან არ წარმოადგენს თავის პოზიციას მხარეთა მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში, არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს დავა და გამოიტანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მეორე მხარე ითხოვს განხილვის გადადებას.

    მუხლი 27

არბიტრაჟის წევრი ვალდებულია დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 28

თუ ამ კანონის რომელიმე დებულება, რომლიდანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იყო დაცული, და თუ მიუხედავად ამისა, მხარე აგრძელებს მონაწილეობას საარბიტრაჟო განხილვაში ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ანდა, თუ ამისათვის გათვალისწინებულია ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წამოაყენებს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.

    მუხლი 29

1. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

2. თუ მხარეთა შეთანხმება არ არსებობს, საქმის განხილვის ადგილად ჩაითვლება საარბიტრაჟო შეთანხმების დადების ადგილი.

3. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, არბიტრაჟს შეუძლია შეიკრიბოს ნებისმიერ ადგილას თავის წევრებს შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა დასათვალიერებლად.

    მუხლი 30

1. სასამართლოს უფლება არა აქვს განიხილოს სასარჩელო განცხადება საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანს წარმოადგენს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეები ითხოვენ საქმის განხილვას სასამართლოში ანდა, თუ სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილი ან ძალადაკარგულია.

2. სასამართლოში საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენა არ იწვევს საარბიტრაჟო განხილვის ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას.

    მუხლი 31

1. არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების) გამოტანის ვადა დგინდება მხარეთა შეთანხმებით.

 2. თუ მხარეები არ დაადგენენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის ვადას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში.

3. თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში არ იქნება გამოტანილი, არბიტრაჟი უნდა გადადგეს, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ შემთხვევაში მხარეები ვალდებული არიან 10 დღის ვადაში დანიშნონ არბიტრაჟის ახალი წევრები.

4. თუ ამ მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე შექმნილი არბიტრაჟი არ გამოიტანს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას დადგენილ ვადაში, საარბიტრაჟო შეთანხმება ჩაითვლება გაუქმებულად, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 32

არბიტრაჟს ან მხარეს შეუძლია თხოვნით მიმართოს სასამართლოს, რომ დაეხმაროს მტკიცებულებათა შეგროვებისას. სასამართლო ასრულებს ამ თხოვნას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მტკიცებულებათა შეგროვებისათვის დადგენილი წესით. 

    მუხლი 33

1. მხარეებს უფლება აქვთ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ დროს საქმე დაამთავრონ მორიგებით.

2. არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადებით მიმართვიდან 3 დღის ვადაში.

    მუხლი 34

1. არბიტრაჟს, რომელშიც ერთზე მეტი წევრია, გადაწყვეტილებები გამოაქვს კენჭისყრაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. არბიტრაჟის არც ერთ წევრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 35

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით და მასში უნდა აღინიშნოს:

ა) გადაწყვეტილების გამოტანის დრო, ადგილი და არბიტრაჟის შემადგენლობა;

ბ) საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც არბიტრაჟი მოქმედებდა;

გ) დავის ყველა მონაწილე;

დ) დავის საგანი;

ე) სამოტივაციო ნაწილი, მასში გადმოცემული იმ მოსაზრებით, რომელთა საფუძველზეც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება პირდაპირ ითვალისწინებს ასეთი სამოტივაციო ნაწილის არარსებობას;

ვ) არბიტრაჟის დადგენილება;

ზ) გადაწყვეტილების აღსრულების ვადა.

    მუხლი 36

1. არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ხელს აწერს არბიტრაჟის ყველა წევრი. თუ არბიტრი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, ამის შესახებ უნდა აღინიშნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში.

2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თითო პირი უნდა გადაეცეს თითოეულ მხარეს და იმ რაიონულ (ქალაქის) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც შედგა არბიტრაჟი .

4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად მხარეთათვის. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შეიძლება მესამე პირს აკისრებდეს რაიმე ვალდებულების შესრულებას.

    მუხლი 37

საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არბიტრაჟი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

    მუხლი 38

მხარეებმა შეიძლება დადგინონ, რომ საქმე გადასინჯოს სხვა კერძო არბიტრაჟმა. არბიტრაჟში გასაჩივრების ვადა არის 30 დღე, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 39

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებულია შეინახოს გადაწყვეტილება მისი გამოტანიდან 20 წლის განმავლობაში. დროებითი არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის დამთავრების შემდეგ მთელი საარბიტრაჟო წარმოება უნდა გადაეცეს შესანახად იმ რაიონულ (ქალაქის) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც შედგა არბიტრაჟი.

თავი IV

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება და აღსრულება

    მუხლი 40

1. მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობისას, მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე პუნქტის შინაარსის დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს არბიტრაჟს გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის განმარტება.

2. არბიტრაჟი განმარტების მოთხოვნის მიღების დღიდან 30 დღის ვადაში იძლევა განმარტებას ან გამოაქვს გადაწყვეტილება განმარტებაზე უარის შესახებ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილს, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 41

მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს არბიტრაჟს გამოასწოროს შეცდომა, დაშვებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებაში, აგრეთვე მისი ხელნაწერი, ნაბეჭდი ან სხვა ამგვარი შეცდომა, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 42

1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომელიც ნებაყოფლობით არ იქნა შესრულებული, აღსრულდება იძულებით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შესახებ არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ გაცემული სააღსრულებლო წარწერის საფუძველზე.

2. არბიტრაჟის თავმჯდომარე სააღსრულებლო წარწერას გასცემს საკუთარი ინიციატივით ანდა არბიტრაჟის ან მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ასეთი მოთხოვნის მისთვის წარდგენიდან 5 დღის განმავლობაში.

4. სააღსრულებო წარწერის გაცემის შემდეგ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღსრულდება სააღსრულებო წარმოებისათვის სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 43

სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს მხარის სარჩელი და შეცვალოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კანონმდებლობას;

 ბ) დარღვეულია არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის და გადაწყვეტის მხარეთა შეთანხმებით ან ამ კანონით დადგენილი წესები;

გ) საქმესთან დაკავშირებით არბიტრაჟის წევრმა ჩაიდინა საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედობა, რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამას ზეგავლენა არ მოუხდენია საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე.

    მუხლი 44

გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. რაიონული (ქალაქის) სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს გასაჩივრებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება, თუ ამან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მხარეს.

თავი V

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 45

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                  ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 17 აპრილი.

656IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია -  საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1280 - სსმ I, №13, 01.07.2009 წ., მუხ.63

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.