„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4202-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.017912
4202-Iს
03/09/2015
ვებგვერდი, 16/09/2015
430020000.05.001.017912
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 35-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები“;

ბ) პირველი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

  „1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება. პროფესორის თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში პირი შესაბამისი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ამ თანამდებობას საპენსიო ასაკის ან დაწესებულების მიერ დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევამდე იკავებს. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული  ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.

 4. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტის თანამდებობაზე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება დაინიშნოს მაგისტრანტი 2 ან 3 წლის ვადით.“.

მუხლი 2  

 1. ამ კანონის ამოქმედებამდე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად არჩეულ სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო  (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) პროფესორს, ასოცირებულ პროფესორს, ასისტენტ-პროფესორს, ასისტენტს უფლებამოსილება შეუწყდება იმ ვადის გასვლისთანავე, რომლითაც იყო იგი არჩეული.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად ზედიზედ მესამე ვადით არჩეული სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) პროფესორი ამ კანონის შესაბამისად თანამდებობას დაიკავებს შესაბამისი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო ასაკის ან დაწესებულების მიერ დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევამდე. ამ კანონის ამოქმედებამდე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად ზედიზედ მესამე ვადით არჩეულ სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) იმ პროფესორს, რომელმაც მიაღწია საპენსიო ასაკს ან დაწესებულების მიერ დადგენილ ზღვრულ ასაკს, უფლებამოსილება შეუწყდება იმ ვადის გასვლისთანავე, რომლითაც იყო იგი არჩეული.

მუხლი 3. ამ  კანონის ამოქმედებიდან  1 თვის ვადაში სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ უზრუნველყოს დაწესებულების წესდების ამ კანონთან შესაბამისობა.

  მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

3 სექტემბერი 2015 წ.

N4202-Iს