დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1551 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/06/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 27/06/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.120.000.05.001.001.851 |
საქართველოს კანონი
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გარე რეკლამის განთავსებასა და გავრცელებაზე ნებართვას გასცემენ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები წერილობითი ფორმით.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ეკონომიკური აგენტის (მეწარმე სუბიექტის) ოფისზე ნებისმიერი ფორმით (აბრა, სტენდი და ა.შ.) განთავსებული ნებისმიერი ზომის წარწერა, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ოფისში არის განთავსებული ესა თუ ის ობიექტი, სავაჭრო ფირმა, რესტორანი და ა.შ. არ შეიძლება ჩაითვალოს რეკლამად, თუ ის არ არის დაშორებული ამ კონკრეტული ობიექტიდან 1,5 მეტრით მაინც.“.
2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) ორგანოებისთვის ინფორმაციის წარდგენა
რეკლამის დამკვეთი, მწარმოებელი და გამავრცელებელი ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს, რომელთაც ევალებათ რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების კონტროლი, ამ უკანასკნელთა მოთხოვნით, დადგენილ ვადაში წარუდგინონ უტყუარი საბუთები, წერილობითი ახსნა-განმარტებები და ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის.“.
3. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს უფლებამოსილებანი რეკლამის სფეროში
ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა.ა) ახორციელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რეკლამის კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს;
ა.ბ) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებასა და კონტრრეკლამის განხორციელებაზე;
ა.გ) უფლება აქვს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი;
ა.დ) უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ორგანოებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე;
ბ) რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიკური აგენტების მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით.“.
4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. ინფორმაციის მიღების უფლება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს მაკონტროლებელი ფუნქციების განსახორციელებლად უფლება აქვთ რეკლამის მწარმოებელთა და გამავრცელებელთაგან შეუფერხებლად მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია.
2. აკრძალულია იმ მონაცემების გახმაურება, რომლებიც კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს და მიღებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირების მიერ.
3. კომერციული საიდუმლოების შემცველი მონაცემების გახმაურებისას ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს ევალებათ მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
5. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. კონტრრეკლამა
1. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და კონტრრეკლამის განხორციელების თაობაზე.
2. დამრღვევი ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს გადაწყვეტილების გაცნობიდან დაუყოვნებლივ შეაჩეროს არასათანადო რეკლამა და 10 დღეში გაავრცელოს კონტრრეკლამა.
3. რეკლამის კანონმდებლობის დამრღვევის მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს არასათანადო რეკლამის შეჩერებისა და დამრღვევისათვის კონტრრეკლამის გავრცელების დაკისრების მოთხოვნით.
4. კონტრრეკლამა უნდა გავრცელდეს იმავე საშუალებით და მათი თანამიმდევრობის, სივრცისა და ადგილის იმავე მახასიათებლების გამოყენებით, როგორც არასათანადო რეკლამა. კონტრრეკლამის შინაარსი უნდა შეუთანხმდეს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს. მისი გადაწყვეტილებით შეიძლება კონტრრეკლამის გავრცელების საშუალებათა თანამიმდევრობის, სივრცისა და ადგილის მახასიათებლების შეცვლა.“.
6. 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რეკლამის დამკვეთს, მწარმოებელსა და გამავრცელებელს უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს მიმართონ განცხადებით ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.
6. აღნიშნული განცხადების სასამართლოში შეტანა არ აჩერებს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს გადაწყვეტილების შესრულებას, თუ სასამართლომ არ გამოიტანა გადაწყვეტილება მისი შეჩერების შესახებ.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 3 ივნისი.
№1551–Iს
დოკუმენტის კომენტარები