რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ

  • Word
რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1750
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019752
  • Word
1750
20/08/2015
ვებგვერდი, 01/09/2015
000000000.00.003.019752
რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №17 50

2015 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „ფ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 18 ივლისის №2495-რს დადგენილებით რატიფიცირებული „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ 372-ე მუხლის, საქართველოს მთავრობასა და ევროპის კავშირს, წარმოდგენილს ევროპის კომისიის მიერ, შორის 2014 წლის 18 ნოემბერს ხელმოწერილი ფინანსური ხელშეკრულების − სექტორის რეფორმის ხელშეკრულების სპეციალური გარემოებების გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელო.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელო

რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელო (შემდგომში - სახელმძღვანელო) წარმოადგენს რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების (შემდგომში - სამოქმედო გეგმა) შემუშავების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების გზამკვლევს.

სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს, როგორც რეგიონული განვითარების სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი , ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველყოფით . სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგენდეს რეგიონული განვითარების სფეროში საშუალოვადიანი ხარჯების ჩარჩოს, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე, კერძო სექტორის და საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური წვლილის მობილიზებისა და კონსოლიდაციისთვის.

სახელმძღვანელო აღწერს სამოქმედო გეგმის შინაარსს და შემუშავების პროცესს . სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების როლზე .

სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგენდეს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგს.

 

I. სამოქმედო გეგმის შინაარსი

 

    მუხლი 1

სამოქმედო გეგმა წარმოადგენს რეგიონული განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული, სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტების და აქტივობების (შემდგომში - პროექტი) აღწერილობით ნუსხას.

    მუხლი 2

სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს სტანდარტული ცხრილის ფორმით, რომელშიც უნდა აისახოს შემდეგი ინფორმაცია (დანართი №1):

ა) რეგიონული სტრატეგიის მიზანი;

ბ) რეგიონული სტრატეგიის ამოცანა;

გ) პროექტის/აქტივობის დასახელება;

დ) მოსალოდნელი შედეგი;

ე) პროექტის/აქტივობის განხორციელების ადგილი;

ვ) პროექტის/აქტივობის ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო(ებ)ი (მითითებით, სახელმწიფო ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები, დონორ(ებ)ის დაფინანსება და კერძო სექტორის დაფინანსება);

ზ) პროექტის/აქტივობის ხანგრძლივობა და პროგრესი;

თ) პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო;

ი) პარტნიორი ორგანიზაცია;

კ) მოკლე აღწერა/შენიშვნა.

    მუხლი 3

1. სამოქმედო გეგმაში უნდა აისახოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების მიერ ან მათთან თანამშრომლობით განსახორციელებელი ყველა ის პროექტი, რომელსაც გააჩნია რეგიონული ან ადგილობრივი მნიშვნელობა და შეესაბამება რეგიონული განვითარების სტრატეგიის მიზნებსა და ამოცანებს, კერძოდ:

ა) საქართველოს სამინისტროების და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაგეგმილ იმ პროექტებზე, რომელთაც გააჩნიათ რეგიონული/ადგილობრივი (მუნიციპალური) მნიშვნელობა;

ბ) სახელმწიფო პროგრამებით („აწარმოე საქართველოში“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ და სხვა) გათვალისწინებულ რეგიონულ/მუნიციპალურ პროექტებზე;

გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ მუნიციპალურ პროექტებზე;

დ) საქართველოს წლიური ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (შემდგომში - ფონდი) დასაფინანსებელ იმ პროექტებზე, რომელთა შესახებ რეკომენდაციას იღებს „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია).

2. სამოქმედო გეგმაში შეიძლება აისახოს რეგიონულ/ადგილობრივ (მუნიციპალურ) დონეზე დონორი ორგანიზაციების აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე დაგეგმილი პროექტები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროექტების შესახებ ინფორმაციას სამხარეო საკონსულტაციო საბჭო იღებს ამ სახელმძღვანელოს მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენას აგრეთვე, უზრუნველოფენ შესაბამისი მუნიციპალიტეტები.

II. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი

    მუხლი 4

1. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს წარმართავს სამხარეო საკონსულტაციო საბჭო.

2. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების მუდმივი მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ბ) სამოქმედო გეგმის საბოლოო პროექტის მოწონება და მისი კომისიისთვის წარდგენა.

    მუხლი 5

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია (შემდგომში - ადმინისტრაცია) უზრუნველყოფს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას, რაც, ამავდროულად, მოიცავს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის მხარდაჭერას.

    მუხლი 6

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ადმინისტრაციის მთავარი ამოცანებია:

ა) სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება;

ბ) სამხარეო საკონსულტაციო საბჭოსთან შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია;

გ) სამხარეო საკონსულტაციო საბჭოსთან შექმნილ სამუშაო ჯგუფებთან კოორდინირებით, სამოქმედო გეგმების სისტემატური განახლების უზრუნველყოფა;

დ) დაინტერესებული პირებისათვის და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ე) საზოგადოების წარმომადგენლობის ჩართულობის უზრუნველყოფა, მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიმართულებების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფებში;

ვ) სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს/სამხარეო საკონსულტაციო საბჭოსთან შექმნილი სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმების გამოქვეყნება.

    მუხლი 7

1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოსთან, სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ეფექტიანად განხორციელებისათვის, იქმნება სამუშაო ჯგუფები (შემდგომში - სამუშაო ჯგუფები).

2. სამუშაო ჯგუფები შედგება ადმინისტრაციის ერთი ან რამდენიმე თანამშრომლისაგან, მუნიციპალიტეტების, შესაბამისი სამინისტროებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებისაგან. სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობა.

    მუხლი 8.

1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ სამუშაო ჯგუფები იქმნება ხუთი ძირითადი მიმართულებით:

ა) ინფრასტრუქტურა და ტურიზმი;

ბ) ბიზნესის განვითარება და სოფლის მეურნეობა;

გ) ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა;

დ) განათლება და კულტურა;

ე) გარემოს დაცვა.

2. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული მიმართულებების გარდა, სხვა მიმართულებით შექმნას სამუშაო ჯგუფი.

    მუხლი 9

1. სამუშაო ჯგუფები მონაწილეობენ სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავებაში მათი მიმართულებების შესაბამისად და შესაბამისი პროექტის თაობაზე რეკომენდაციებს წარუდგენენ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს.

2. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც ასახულია სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებელი შესაბამისი პროექტების შესახებ რეკომენდაციები.

3. სამუშაო ჯგუფის მიერ რეკომენდაციები მიიღება სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სამუშაო ჯგუფის წევრების ერთი მესამედისა.

    მუხლი 10

სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს, სამოქმედო გეგმაში პროექტის ასახვის მიზნით, განიხილავს სამხარეო საკონსულტაციო საბჭო.

    მუხლი 11

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს მიმართოს რეკომენდაციით, პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე, სამუშაო ჯგუფის ან სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შესაბამისი ოქმის საფუძველზე.

    მუხლი 12

1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო, სამუშაო ჯგუფის მიერ პროექტთან დაკავშირებით წარდგენილ რეკომენდაციებზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას:

ა) რეკომენდირებული პროექტის მოწონებისა და სამოქმედო გეგმაში ასახვის თაობაზე;

ბ) რეკომენდირებული პროექტის სამოქმედო გეგმაში ასახვაზე უარის თქმის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ რეკომენდაციას სამხარეო საკონსულტაციო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

    მუხლი 13

1. სამოქმედი გეგმის შემუშავების და განხორციელების პროცესის კოორდინაციას ახორციელებს კომისია. კომისია უზრუნველყოფს საქართველოს სამინისტროებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ჩართულობას სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხილვის პროცესში, რისთვისაც კომისიამ შეიძლება შექმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფი/ჯგუფები.

2. კომისია სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:

ა) სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების ინფორმირება საჭირო მონაცემებითა და დოკუმენტაციით, საქართველოს სამინისტროებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;

ბ) საქართველოს სამინისტროებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების ან პროგრამული ინიციატივის შესახებ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების ინფორმირება და შესაბამის სამოქმედო გეგმების პროექტებში მათი ჩართვის ხელშეწყობა;

გ) სამხარეო საკონსულტაციო საბჭოებისათვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის წარდგენა დონორი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების შესახებ.

3. კომისია უფლებამოსილია განიხილოს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის განხილვისას კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ამ სახელმძღვანელოსა და სახელმწიფო სტრატეგიების გათვალისწინებით, შესაბამისი დასაბუთებით, სამოქმედო გეგმა გადასამუშავებლად დაუბრუნოს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს.

4. სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესის ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო).

III. სამოქმედო გეგმაში ასასახი პროექტების შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების სახელმძღვანელო პრინციპები

    მუხლი 14

1. სამოქმედო გეგმის შედგენისას ფონდიდან დასაფინანსებელი იმ პროექტების შერჩევა, რომელთა თაობაზე შესაბამის რეკომენდაციას იღებს კომისია, ხორციელდება ამ სახელმძღვანელოს მე-16 - მე-19 მუხლების შესაბამისად.

2. ამ სახელმძღვანელოს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ - „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროექტების სამოქმედო გეგმაში გათვალისწინება ხორციელდება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ სახელმძღვანელოს მე-15 მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 15

1. ამ სახელმძღვანელოს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ - „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროექტები უნდა აისახოს სამოქმედო გეგმაში იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ რეგიონული/ადგილობრივი (მუნიციპალური) მნიშვნელობა და დაკავშირებულნი არიან შესაბამისი რეგიონული განვითარების სტრატეგიის განხორციელებასთან.

2. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში არ ხდება საქართველოს სამინისტროების, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების, მუნიციპალიტეტების და დონორი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი/მიმდინარე რეგიონული/ადგილობრივი (მუნიციპალური) პროექტების რანგირება.

    მუხლი 16

1. ფონდიდან დაფინანსების მიღებისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესებისადმი სისტემური მიდგომის ხელშესაწყობად და მუნიციპალიტეტებისთვის პრიორიტეტების გამოკვეთის შესაძლებლობის მისაცემად, სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, თითოეული მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრავს ფონდიდან სავარაუდო დაფინანსების საპროგნოზო მოცულობას მომდევნო სამი წლისათვის.

2. ფონდიდან დაფინანსების მიღების მიზნით, წარდგენილი პრიორიტეტული პროექტების სიაში შეტანილი თითოეული პროექტისთვის სავალდებულოა, გაკეთდეს პროექტის მოკლე აღწერა დანართი №2-ის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარედგინოს კომისიას.

3. პროექტის, როგორც ფონდიდან დაფინანსების მიღების მიზნით წარსადგენი პროექტის, სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით, საჭიროა ფილტრაციის ეტაპების გავლა.

4. სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების მასშტაბისა და ქვეყნის რეგიონული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებთან შესაბამისობის ანალიზის მეშვეობით, პროექტების შერჩევისათვის გამოიყენება ფილტრაციის ორსაფეხურიანი პროცედურა. პროექტი შეირჩევა პირველი და მეორე ფილტრის გავლის შემთხვევაში.

    მუხლი 17

1. პროექტის შერჩევის პირველ ფილტრში გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:

ა) პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ხედვებს, საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის ამოცანებს ან რეგიონული განვითარების პროგრამაში ასახულ, სულ ცოტა, ერთ საჭიროებას და პრიორიტეტს;

ბ) პროექტი უნდა ექცეოდეს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების (საკუთარი ან დელეგირებული) ფარგლებში;

გ) პროექტი უნდა ემსახურებოდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესებას, ეკონომიკის განვითარებას, სოციალური პირობების, ეკოლოგიური მდგომარეობის, ჯანდაცვის, განათლების ან საზოგადოებრივი მომსახურების სხვა სფეროების გაუმჯობესების გზით მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას;

დ) ადგილი არ უნდა ჰქონდეს სხვა პროგრამებისა და აქტივობების დუბლირებას;

ე) პროექტის დასრულების შემდეგ, უნდა არსებობდეს მისი მართვისა და მოვლა-შენახვის ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების შესაძლებლობა;

ვ) პროექტის განხორციელება არ უნდა იწვევდეს ეკონომიკური აქტივობის არსებით შემცირებას;

ზ) პროექტის განხორციელება არ უნდა ახდენდეს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას;

თ) პროექტი არ უნდა ახდენდეს გარემოზე არსებით უარყოფით ზეგავლენას;

ი) დასაფინანსებელი პროექტის განხორციელების ვადა სამ წელზე მეტი არ უნდა იყოს;

კ) როგორც წესი, დასაფინანსებელი პროექტის სავარაუდო ღირებულება არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 5 მილიონ ლარს.

2. პროექტი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს პირველ ფილტრს, არ აისახება სამოქმედო გეგმაში, როგორც ფონდიდან დაფინანსების მიღების მიზნით წარსადგენი პროექტი.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთ კრიტერიუმთან შეუსაბამობა იწვევს პროექტის დისკვალიფიკაციას.

    მუხლი 18

1. პირველი ფილტრის გავლის შემთხვევაში, შემდგომ ეტაპზე ხდება პროექტის შინაარსობრივი განხილვა, მეორე ფილტრის მეშვეობით.

2. მეორე ფილტრის მეშვეობით ხდება პროექტის ხარისხობრივი შეფასება შვიდი კრიტერიუმის მიხედვით და პროექტების რანგირება.

3. თითოეული პროექტისთვის მინიჭებული მაქსიმალური ქულა შეადგენს 35-ს.

4. კრიტერიუმები გამოიყენება მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თითოეული მიმართულების არეალში განსახორციელებელი ნებისმიერი პროექტის შეფასებისათვის.

5. თითოეული კრიტერიუმის შესაბამისად ხორციელდება შეფასებითი ანალიზი.

6. პროექტების რანგირება ხდება შემდეგი სახით:

ა) თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პროექტს ენიჭება ქულა 5-ბალიანი სისტემით, სადაც უმაღლესი ქულა შეადგენს 5-ს, ხოლო უდაბლესი 1-ს;

ბ) პროექტის საბოლოო შეფასების გამოთვლა ხდება შვიდივე კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებული ქულების ჯამით;

გ) პროექტების რანგირება მოხდება საბოლოო შეფასებით მიღებული ქულების შესაბამისად, რაც აისახება დანართ №2-ში მოცემულ ცხრილში.

 

    მუხლი 19

1. მეორე ფილტრში პროექტის შეფასებისას გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:

ა) რეგიონული განვითარების სტრატეგიასთან შესაბამისობა: თუ პროექტი მთლიანად შეესაბამება შესაბამისი რეგიონის განვითარების სტრატეგიას, მას ენიჭება მაღალი ქულა; პროექტს, რომლის შესაბამისობა ბუნდოვანია რეგიონის განვითარების სტრატეგიის მიზნებთან და ამოცანებთან, მიენიჭება დაბალი ქულა. პროექტს ქულა ენიჭება შემდეგი სკალის მიხედვით:

5 ქულა - სრულად შეესაბამება სტრატეგიის მიზნებს და ამოცანებს;

3 ქულა - მეტ-ნაკლებად შეესაბამება სტრატეგიის მიზნებს და ამოცანებს;

1 ქულა - სტრატეგიის მიზნებთან და ამოცანებთან პროექტის შესაბამისობა ბუნდოვანია;

ბ) მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი: ამ კრიტერიუმით მოხდება ზოგად ეკონომიკურ განვითარებაზე პროექტის ზემოქმედების შეფასება. შეფასების შედეგი გამომდინარეობს პროექტის განხორციელების შედეგად ეკონომიკური აქტივობის (წარმოების მოცულობის, მოგების, პროდუქტიულობის) ზრდიდან. აღნიშნული კრიტერიუმისათვის, პროექტს, რომელსაც გააჩნია მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი, ენიჭება მაღალი ქულა, ხოლო მოსალოდნელი მცირე დადებითი ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტს ენიჭება დაბალი ქულა. ქულის მინიჭება ხდება შემდეგი სკალის მიხედვით:

5 ქულა - მნიშვნელოვან პოზიტიურ ეკონომიკურ ეფექტს იძლევა (იწვევს წარმოების მოცულობის, მოგების, პროდუქტიულობის მნიშვნელოვან ზრდას);

3 ქულა - მთლიანობაში დადებით ეკონომიკურ ეფექტს იძლევა;

1 ქულა - ეკონომიკურ აქტივობაზე დადებით გავლენას არ ახდენს;

გ) მოსალოდნელი სოციალური ეფექტი: პროექტს, რომელსაც გააჩნია მოსალოდნელი ფართო დადებითი ზემოქმედება პირთა სოციალურ მდგომარეობაზე (დასაქმება, შემოსავლები, სიღარიბის დონე, მოსახლეობის ჯანმრთელობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობის გაუმჯობესება, გენდერული დისბალანსის შემცირება), მიენიჭება მაღალი ქულა; ხოლო მოსალოდნელი მცირე დადებითი სოციალური ეფექტის მქონე პროექტს დაბალი ქულა. ქულის მინიჭება ხდება შემდეგი სკალის მიხედვით:

5 ქულა - მნიშვნელოვან პოზიტიურ სოციალურ ეფექტს იძლევა (დასაქმების, შემოსავლების, სიღარიბის შემცირების, ჯანდაცვის მიმართულებებით მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევს);

3 ქულა - მთლიანობაში დადებით სოციალურ ეფექტს იძლევა;

1 ქულა - სოციალური მდგომარეობაზე დადებით გავლენას არ ახდენს;

დ) გარემოზე ზემოქმედება: პროექტი, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი დადებითი ზეგავლენა გარემოზე, ფასდება მაღალი ქულით, ხოლო პროექტი, რომელსაც გააჩნია მცირე დადებითი გავლენა გარემოზე, ფასდება დაბალი ქულით. ქულის მინიჭება ხდება შემდეგი სკალის მიხედვით:

5 ქულა - პროექტი მნიშვნელოვან პოზიტიურ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე;

3 ქულა - გარემოზე გარკვეული დადებითი ზემოქმედება ექნება;

1 ქულა - გარემოზე დადებით ზემოქმედებას არ ახდენს;

ე) წინა პროექტებთან კავშირის არსებობა: თუ პროექტის განხორცილება არ არის დამოკიდებული სხვა პროექტებზე (ანუ მას არ გააჩნია კავშირი სხვა პროექტებთან, რომლებიც შესაძლოა განხორციელდეს, ან არ განხორციელდეს), მაშინ იგი ფასდება მაღალი ქულით, ხოლო, თუ, პროექტის განხორციელება დამოკიდებულია სხვა პროექტებზე, ან მათ შედეგებზე, იგი ფასდება დაბალი ქულით. ქულის მინიჭება ხდება შემდეგი სკალის მიხედვით:

5 ქულა - საერთოდ არ არის დამოკიდებული სხვა პროექტების განხორციელებაზე;

4 ქულა - შესაძლებელია, სხვა პროექტებისგან დამოუკიდებლად განხორციელდეს;

3 ქულა - გაურკვეველია: შეიძლება იყოს, ან არ იყოს დამოკიდებული სხვა პროექტების განხორციელებაზე;

2 ქულა - მის წარმატებით განხორციელებაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს სხვა პროექტი;

1 ქულა - მისი წარმატებით შესრულება აუცილებლად მოითხოვს სხვა (წინა) პროექტის განხორციელებას;

ვ) სხვა პროექტებთან პროგრესული კავშირის არსებობა: თუ პროექტის განხორციელება იმდენად საჭიროა, რომ სხვა პროექტების განხორციელება მასზე იქნება დამოკიდებული (ანუ, არსებობს შემდგომი (პროგრესული) კავშირები), მაშინ პროექტი იღებს მაღალ ქულას, ხოლო, თუ, პროექტს გააჩნია სხვა პროექტებთან მხოლოდ მცირე პროგრესული კავშირი, ან საერთოდ არ გააჩნია იგი, პროექტი ფასდება დაბალი ქულით. ქულის მინიჭება ხდება შემდეგი სკალის მიხედვით:

5 ქულა - პროექტის განხორციელებაზე დამოკიდებულია სხვა პროექტ(ებ)ის განხორციელება;

4 ქულა - მისი განხორციელება ხელს შეუწყობს სხვა პროექტ(ებ)ის განხორციელებას;

3 ქულა - არც დაეხმარება და არც ხელს შეუშლის სხვა პროექტების განხორციელებას;

2 ქულა - მისი განხორციელება გაართულებს სხვა პროექტ(ებ)ის განხორციელებას;

1 ქულა - მისი განხორციელებით გამოირიცხება რომელიმე სხვა პროექტ(ებ)ის განხორციელება;

ზ) პროექტის მასშტაბი: თუ პროექტი რეგიონული მნიშვნელობისაა (ანუ მოიცავს ორ ან მეტ მუნიციპალიტეტს), იგი ფასდება მაღალი ქულით. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელების მასშტაბი მცირეა (მაგ.: ერთი სოფელი ან სოფლის ნაწილი), იგი ფასდება დაბალი ქულით. კერძოდ, პროექტს ქულა ენიჭება შემდეგი სკალის მიხედვით:

5 ქულა - პროექტის პირდაპირ და არაპირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა 5000 კაცს აჭარბებს;

4 ქულა - პროექტის პირდაპირ და არაპირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა 1000-დან 5000 კაცამდეა;

3 ქულა - პროექტის პირდაპირ და არაპირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა 300-დან 1000 კაცამდეა;

2 ქულა - პროექტის პირდაპირ და არაპირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა 100-დან 300 კაცამდეა;

1 ქულა - პროექტის პირდაპირ და არაპირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა 100 კაცამდეა.

2. პროექტი, რომელიც წარმატებით გაივლის ორივე ფილტრს და დააკმაყოფილებს ამ სახელმძღვანელოს სხვა მოთხოვნებს, შეიტანება სამოქმედო გეგმაში, როგორც ფონდიდან სავარაუდოდ დასაფინანსებელი პროექტი. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პროექტი მეორე ფილტრის გავლის შედეგად მიიღებს თანაბარ ჯამურ ქულას, სამხარეო საკონსულტაციო საბჭო უფლებამოსილია სამოქმედო გეგმაში განსაზღვროს აღნიშნული პროექტების თანმიმდევრობა.

IV. სამოქმედო გეგმის ანალიზი და მისი განახლება

    მუხლი 20

1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთარი სახსრებით, ფონდიდან დაფინანსებული, სამინისტროების, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების რეგიონული განვითარების სტრატეგიის მიზნებთან შესაბამისობის ანალიზს.

2. ანალიზის შედეგად, უნდა გამოვლინდეს პროექტებს შორის არსებული გადაფარვები და შეუსაბამობები.

    მუხლი 21

საჭიროებისამებრ, სამხარეო საკონსულტაციო საბჭო უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის განახლებას სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის დადგენილი წესით .