სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1740
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019762

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1740

2015 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია (დანართი №1) და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმა (დანართი №2).

პრემიერ-მინისტრი  ი. ღარიბაშვილი

დანართი №1

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია

შესავალი

დემოკრატიის განმტკიცება და განვითარება საქართველოს საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, რომლის მისაღწევად აუცილებელია ინდივიდთა შორის თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა. ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვა და მრავალფეროვნებასა და პლურალიზმზე დაფუძნებული საზოგადოების ხელშეწყობა მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხსა და განვითარებას.

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც კანონი თითოეულ ადამიანს თანაბარ უფლება-მოვალეობებს ანიჭებს და იცავს მის იდენტობას. საქართველოს ყოველი მოქალაქე ქვეყნის სიძლიერის წყარო და ფასეულობაა. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ძირითად ეთნიკურ ჯგუფთან – ქართველებთან ერთად ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებმაც, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის (გარდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის) დაახლოებით 16%-ს შეადგენენ [i] . მათი დიდი ნაწილი – უმეტესად ეთნიკურად სომხები და აზერბაიჯანელები – კომპაქტურად განსახლებულნი არიან ქვეყნის სამხრეთით – სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, აგრეთვე აღმოსავლეთით – კახეთის რეგიონში. საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მის განუყოფელ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის იდენტობის შენარჩუნებასა და სამოქალაქო ინტეგრაციას, რადგან ეს რეგიონები დღეს ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და არსებობს იქ მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ასიმილაციის საფრთხე. შესაბამისად, სტრატეგიის ძირითადი პოსტულატები ასევე ვრცელდება ამ რეგიონებში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფზე, როგორც საქართველოს მოსახლეობის განუყოფელ ნაწილზე.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში უზრუნველყოფილია ეთნიკურ უმცირესობათა იდენტობის დაცვა, თუმცა გამოწვევად რჩება დანარჩენ საზოგადოებასთან მათი ინტეგრაციის დაბალი ხარისხი, რასაც, გარკვეულწილად, სხვა ფაქტორებთან ერთად, კომპაქტური განსახლებაც განაპირობებს. ამასთანავე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში ცხოვრობენ ზოგიერთი შედარებით მცირე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც მეტწილად სრულფასოვნად არიან ინტეგრირებული საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, თუმცა საჭიროებენ თავიანთი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მხარდაჭერას.

ბოლო წლების განმავლობაში, სამოქალაქო თანასწორობის თვალსაზრისით, ქვეყანაში მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი. შეიქმნა სამართლებრივი გარანტიები და ამ სამართლებრივი ნორმების იმპლემენტაციის მექანიზმები. ასევე ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობა არის შენარჩუნებული და დაცული. თუმცა არსებობს გარკვეული საჭიროებები და გამოწვევები სამოქალაქო ინტეგრაციის მიმდინარე პროცესში, რაზეც ეფექტიანი რეაგირება ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პოტენციალის სრულ რეალიზებასა და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების, როგორც საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეების, უფლებების განხორციელებას.

წინამდებარე სტრატეგიის მიზანია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დემოკრატიულად განვითარების პროცესში. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეთნოსთაშორისი და ინტერკულტურული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ინდივიდთა შორის თანასწორობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფა არის საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების, კონვენციების შესაბამისად, ქვეყნის მიერ აღებული პოზიტიური ვალდებულება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ შესაბამისი საკანონმდებლო სივრცის შექმნას, არამედ უფლებათა რეალიზაციის ხელშეწყობასაც.

საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს მის წინაშე მდგარ ამოცანებს ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დაცვისა და გაძლიერების, აგრეთვე სამოქალაქო თანასწორობაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. ეთნიკურ უმცირესობათა გაძლიერების უზრუნველსაყოფად და აღებული პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით შემუშავდა წინამდებარე „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015–2020 წწ. სამოქმედო გეგმა“. ამ სტრატეგიაში ჩამოყალიბებულია ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფის სტრატეგიული და შუალედური მიზნები და განსაზღვრულია სამთავრობო უწყებათა ამოცანები ამ მიზნების მისაღწევად. დოკუმენტის მოქმედების ვადა 5 წლით განისაზღვრება. ყოველი კალენდარული წლის ბოლოს შემუშავდება და საქართველოს მთავრობას წარედგინება მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება წინამდებარე სტრატეგიის ამოცანებზე და ასახავს დამატებით კონკრეტულ ღონისძიებებს. გარდა ამისა, სტრატეგიით დასახული მიზნებისა და ამოცანების მაქსიმალურად წარმატებული მიღწევის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია შუალედური და საბოლოო შეფასება.

დოკუმენტის ამოცანაა საჯარო უწყებების მიერ ეთნიკურ უმცირესობათა დაცვის მიმართულებით განსახორციელებელი საქმიანობის ხელშეწყობა, უწყებათაშორისი კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა და ერთიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობის გასაუმჯობესებლად.

I. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ხედვა

2005 წელს „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ევროპული ჩარჩოკონვენციასთან მიერთებით საქართველომ აიღო ვალდებულება, პატივი სცეს უმცირესობათა ეთნიკურ თვითმყოფადობას და შექმნას სათანადო პირობები მათი უფლებების რეალიზაციისათვის. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს სამოქალაქო თანხმობისა და თანასწორობის უზრუნველყოფასა და ეთნიკური თუ კულტურული მრავალფეროვნების დაცვის გზით, სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას. სტრატეგია ორიენტირებულია ყველა მოქალაქისათვის – განურჩევლად ეთნიკური, კულტურული თუ სხვა ნიშნებისა – თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე.

საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებას აქვს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, ტოლერანტული თანაცხოვრებისა და განვითარების პოზიტიური გამოცდილება. მრავალფეროვნება წარმოადგენს ქვეყნის სიმდიდრესა და დემოკრატიული და სტაბილური განვითარების რესურსს. ამასთანავე, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებასა და ეთნიკური მრავალფეროვნების მართვის საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელ პოლიტიკურ-სამართლებრივ რეგულაციებს. საქართ­ველო, როგორც გაეროს, ევროპის საბჭოს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, მზადყოფნას გამოთქვამს, გაიზიაროს, მიიღოს და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ცხოვრებაში გაატაროს საერთაშორისო გამოცდილება და რეგულაციები, წარმატებით რეალიზებული ეთნიკურ უმცირესობათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში. საქართველო ერთგული რჩება 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებით აღებულ ვალდებულებათა მიმართ. სტრატეგია იზიარებს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და დოკუმენტებს, მათ შორის:

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტს;

ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციას;

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის რეკომენდაციებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს;

ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის, ლუნდის, ჰააგის, ოსლოს, ლიუბლანისა და ვარშავის თემატური რეკომენდაციებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს.

სტრატეგია ასევე ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს ხელმოწერილ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დემოკრატიული რეფორმების გატარება, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებისა და კულტურული მრავალფეროვნების დაცვისა და ინტეგრაციის გზით. სტრატეგია მთლიანად ეფუძნება მიდგომას, რომელიც გულისხმობს ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო თანასწორობისა და მრავალფეროვნების მართვის უზრუნველყოფას. ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას სტრატეგია განიხილავს საქართველოს ევროპული არჩევანისა და პოლიტიკური რეფორმების გატარების კონტექსტში.

სტრატეგიაში გათვალისწინებულია წლების მანძილზე ქვეყანაში სამოქალაქო თანასწორობის კუთხით დაგროვებული მიღწევები, მათ შორის „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში არსებული პრაქტიკა, წარმატებები და ასევე გამოწვევები [ii] , რაც მოითხოვს შესაბამის რეაგირებასა და გადაჭრას. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგია ეფუძნება ხედვას, რომელიც გულისხმობს ყველა მოქალაქის თანასწორობას არა მხოლოდ სამართლებრივ სფეროში, კანონითა და კანონის წინაშე, არამედ რეალობაშიც, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ყოველი ადამიანის, როგორც მოქალაქის, სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. შესაბამისად, სტრატეგია ეფუძნება ყოვლისმომცველ და კომპლექსურ მიდგომას.

სტრატეგიის ძირითადი მიზანია საზოგადოების თითოეული წევრის კულტურული ფასეულობებისა და იდენტობის დაცვა. სამოქალაქო ინტეგრაცია გულისხმობს ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის პირობების შექმნას. ამ მიზნით, სახელმწიფო გამოიყენებს საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ მხარდაჭერისა და წახალისების სხვადასხვა მეთოდებს. დაცვა გულისხმობს ეთნიკური და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და წარმოჩენას.

არსებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს აქტიურ ინტერაქციას არა მარტო ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან, არამედ ქართულენოვან მოსახლეობასთანაც. სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა წევრის მონაწილეობა და ჩართულობა. სტრატეგიის განხორციელების პროცესში საქართველოს მთავრობა მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ეთნიკურ უმცირესობათა მიერ სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი, რაც კვლავაც სერიოზულ გამოწვევად რჩება. 2002 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ენას არაქართულენოვანი მოსახლეობის მხოლოდ 30% ფლობდა [iii] . სახელმწიფო ენის არცოდნა მნიშვნე­ლოვ­ნად აფერხებს მათ სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შესაბამისად, სტრატეგია განიხილავს სახელმწიფო ენის ცოდნას, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს და მიმართულია ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლებისაკენ.

 

II. სტრატეგიული მიზნები

 

დოკუმენტში ჩამოყალიბებული მიზნები და ამოცანები ასახავს ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან წინაპირობას. სახელმწიფო პოლიტიკის საბოლოო მიზანია, გრძელვადიანი პერსპექტივისათვის ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სათანადო ჩართულობას სხვადასხვა სისტემაში, იქნება ეს პოლიტიკური ინსტიტუტები, საჯარო სამსახური, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა, კერძო სექტორი თუ განათლების სფერო. ძირითადი სტრატეგიული მიზნები, ანუ სასურველი გრძელვადიანი ცვლილება საზოგადოებაში, რომელთა მიღწევაც დაგეგმილია წარმოდგენილი დოკუმენტით, შემდეგია:

ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები თანაბრად და სრულფასოვნად მონაწილეობენ სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში;

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის შექმნილია თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობები და შესაძლებლობები;

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი განათლება ყველა დონეზე და გაუმჯობესებულია სახელმწიფო ენის ცოდნა;

შენარჩუნებულია ეთნიკურ უმცირესობათა კულტურა; წახალისებულია ტოლერანტული გარემო.

 

1. თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობა სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში

სამოქალაქო თანასწორობის თვალსაზრისით სტრატეგიის მიზანს წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სამოქალაქო პოზიციის, შეხედულებებისა თუ იდეების საჯარო პოლიტიკური განვითარების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს თანასწორობის პრინციპების განმტკიცებასა და ეფექტიან რეალიზებას. ამასთანავე, სტრატეგია მიმართულია თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნისაკენ და ხელს უწყობს ეთნიკურ უმცირესობათა მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებას. სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგია ორიენტირებულია, ერთი მხრივ, ეთნიკურ უმცირესობათა ფორმალური, რაოდენობრივი თვალსაზრისით გაზრდილ წარმომადგენლობასა და მონაწილეობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ეთნიკურ უმცირესობათა თემებისა და საზოგადოების სამართლებრივ, პროფესიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, რაც წარმატებული ინტეგრაციის პოლიტიკის გატარების გადამწყვეტი წინაპირობაა.

აღნიშნული მიზნის უზრუნველყოფა მოიცავს შემდეგ სფეროებს:

პოლიტიკური ჩართულობის გაზრდა;

სამოქალაქო მონაწილეობის გაუმჯობესება;

მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების თაობაზე ცნობიერების ამაღლება.

ზემოხსენებული ვრცელდება ქვეყანაში არსებულ ეთნიკურად და კულტურულად განსხვავებულ ყველა ჯგუფზე, მათ შორის, მცირერიცხოვან და დისპერსიულად მცხოვრებ, მოწყვლად ეთნიკურ ჯგუფებზეც. სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ასევე გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პრინციპის დამკვიდრება ეთნიკურ უმცირესობათა თემებში.

დასახული სტრატეგიული მიზანი მიღწეულ იქნება შემდეგი შუალედური მიზნების შესრულებით:

 

1.1. მცირერიცხოვან და მოწყვლად ეთნიკურ უმცირესობათა მხარდაჭერა

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მცირერიცხოვანი და მოწყვლადი ეთნიკური ჯგუფების საკითხზე მუშაობა. მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფები სტრატეგიის ფარგლებში საერთო სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ნაწილი ხდება. მათი ჩართულობის გასაძლიერებლად სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში შეიქმნება მცირერიცხოვანი და მოწყვლადი ეთნიკური ჯგუფების პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს კონკრეტულ რეკომენდაციებსა და ღონისძიებებს ამ ჯგუფებისათვის; მოხდება ასევე სახელმწიფო პროგრამების კოორდინირებისა და ინსტიტუციური მართვის გაუმჯობესება.

აღნიშნული შუალედური მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს:

მცირერიცხოვან და მოწყვლად ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფების მიმართ პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

 

1.2. გენდერული მეინსტრიმინგი

გენდერული პრობლემატიკის ასახვის კუთხით სტრატეგია ქვეყნის გენდერული პოლიტიკის შემავსებელ დოკუმენტს წარმოადგენს, რომლის მიზანია, როგორც ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებულ ქალთა უფლებების დაცვა, საჭიროებებისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა, ისე გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციების შესრულება. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია გენდერული ნიშნით უთანასწორობის აღმოფხვრა და ქალთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერა და წახალისება. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პროცესში ასევე გათვალისწინებულია მამაკაცების ჩართულობა.

 

1.3. სახელმწიფო ადმინისტრირებისა და სამართალდამცავი ორგანოებისა და მექანიზმების ხელმისაწვდომობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის

აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვან ამოცანებს წარმოადგენს: ადმინისტრაციული წარმოების, გამოძიებისა და სასამართლოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სამართალდამცავ ორგანოებში და სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციის დონეზე უმცირესობათა წარმომადგენლების ჩართულობის გაუმჯობესება; საზოგადოებრივ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობის გაზრდა საჯარო ადმინისტრირების სპეციალისტთა მომზადებისა და გადამზადების ყველა დონეზე.

ამ მხრივ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ეთნიკურ უმცირესობათა მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა ან არასათანადო ფლობა, რაც, ერთი მხრივ, მათ საინფორმაციო იზოლაციას იწვევს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცევა ხელისუფლების ორგანოებთან ისეთი სამართლებრივი ურთიერთობების დამყარების პროცესში, როგორიცაა ადმინისტრაციული წარმოების ინიციირება, ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში ჩართულობა, მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა. შესაბამისად, სხვადასხვა ხელისუფლების ორგანოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს არსებული ბარიერების მოხსნასა და ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამართლებრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიერ სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების წახალისებაც.

აღნიშნული შუალედური მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვან ამოცანებს წარმოადგენს:

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციული წარმოების ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ჩართულობის გაუმჯობესება სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციის დონეზე;

ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის საზოგადოებრივ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

საჯარო ადმინისტრირებასა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებში, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ჩართულობის გაზრდა და პროფესიული განვითარება.

 

1.4. ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების მონაწილეობის წახალისება პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში

საქართველოს მოსახლეობაში ეთნიკურ უმცირესობათა პროცენტულ მაჩვენებელთან შედარებით დაბალია მათი წარმომადგენლობის მაჩვენებელი ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებში. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების მონაწილეობის მხრივ გადამწყვეტია, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის როლი, რომელიც გააგრძელებს საარჩევნო ადმინისტრაციის მომზადების ფარგლებში ეთნიკურ უმცირესობათა თემებიდან წარმომადგენლების მოზიდვას საარჩევნო ადმინისტრაციაში. საარჩევნო უფლებასთან ერთად ყურადღება მიექცევა პოლიტიკურ პარტიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოზიდვის საკითხსაც. დაგეგმილია მიზანმიმართული პოლიტიკის გატარება პოლიტიკური პარტიების მიმართ, რამაც უნდა უზრუნველყოს პარტიულ სიებში ეთნიკურ უმცირესობათა ჩართვის გაზრდით დაინტერესება. ასევე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია პოლიტიკურ პარტიათა ცენტრალურ თუ რეგიონულ წარმომადგენლობაში მოღვაწე წევრების ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო ინტეგრაციის, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვის საკითხებზე.

სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესების მიზნით კი, სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემწყობ, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ სამართლებრივ მექანიზმებს, განიხილავს საქართველოში ამ მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას და, საჭიროების შემთხვევაში, მოამზადებს შესაბამის ინიციატივას.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობათა მონაწილეობის წახალისების მიზნით, ევროპული გამოცდილების საფუძველზე, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე ჩამოყალიბდება საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოები, რომელთა ფუნქცია იქნება გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევა, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება, კონკრეტული წინადადებების ინიციირება, აგრეთვე ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებისა თუ პროგრამის მონიტორინგი და შეფასება, რომელიც ამა თუ იმ ფორმით უკავშირდება ეთნიკურ უმცირესობათა საჭიროებებს. საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოები ჩამოყალიბდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, თემების წარმომადგენლებისა და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით.

აღნიშნული შუალედური მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია შემდეგი ამოცანები:

ეთნიკურ უმცირესობათა მიერ ხმის მიცემისა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უზრუნველყოფა;

საარჩევნო პარტიულ სიებსა და პოლიტიკურ პარტიათა საქმიანობაში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ჩართულობის წახალისება;

საჯარო სამსახურში ეთნიკურ უმცირესობათა მონაწილეობის გაზრდა.

 

1.5. ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის მასმედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის წარმატებული მიმდინარეობისათვის განსაკუთრებული როლი ენიჭება მედიას, როგორც ეთნიკურ უმცირესობათა თემატიკის გაშუქებისა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფის კუთხით, ისე მედიაში სიძულვილის ენის გამოყენების დაუშვებლობის, ხოლო ასეთის შემთხვევაში, ფაქტებზე მკვეთრი რეაგირებით. ამ კონტექსტში სახელმწიფო ითანამშრომლებს მედიაორგანიზაციებთან, რათა მათ ერთობლივად ხელი შეუწყონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის პოპულარიზებას, რაც ავალდებულებს ყველა მაუწყებელს, დაიცვას თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპები. ამასთანავე, ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკური სოციალიზაციისა და ზოგადად სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია მათთვის მშობლიურ/გასაგებ ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ერთიან საინფორმაციო სივრცეში ჩართვა. წინამდებარე სტრატეგიის მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი წამყვან ფუნქციას საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მიმდინარე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების შესახებ ეთნიკურ უმცირესობათა ინფორმირებულობას, აგრეთვე საერთო ეროვნული, დემოკრატიული ფასეულობების გავრცელება-განმტკიცებას, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეთნიკური უმცირესობების თემატიკის გაშუქებისას მაღალი პროფესიული სტანდარტების დანერგვას.

აღნიშნული შუალედური მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვან ამოცანებს წარმოადგენს:

ეთნიკური უმცირესობების ენებზე სამაუწყებლო პროგრამებისა და ელექტრონული/ბეჭდვითი მედიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

სამაუწყებლო პროგრამებში ეთნიკური უმცირესობების თემატიკის გაშუქებისა და უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა;

მედიაში ტოლერანტობისა და კულტურული პლურალიზმის ხელშეწყობა.

 

1.6. ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა

აღნიშნული მიზნის მიღწევა გულისხმობს „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ევროპული ჩარჩოკონვენციისა და მისი შესრულების თაობაზე საზოგადოების – როგორც მოსახლეობის უმრავლესობის, ისე ეთნიკურ უმცირესობათა თემების – ინფორმირებას. ეს პროცესი ასევე მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან „რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის“ პრინციპების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოებას სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისათვის, მათ შორის, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა საჯარო დაწესებულების თანამშრომელთათვის. აგრეთვე განხორციელდება ჩარჩოკონვენციით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა და შესაბამისი ანგარიშის მომზადება-წარდგენა.

 

2. თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა

საქართველოს კანონმდებლობით დაცულია ყველა მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობა. მაგრამ რიგ მიზეზთა გამო (სახელმწიფო ენის არცოდნა, გეოგრაფიული ფაქტორი, სოციალური და პოლიტიკური მონაწილეობის დაბალი დონე) არსებობს რისკი, რომ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები აღმოჩნდნენ უთანასწორო პირობებში – საკუთარი ეკონომიკური უფლებების რეალიზებისა და სოციალური პოლიტიკით სარგებლობის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, სტრატეგიით დასახულია კონკრეტული ღონისძიებები.

სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანია ისეთი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განხორციელება, რომლებიც გაზრდის ეთნიკურ უმცირესობათა კომუნიკაციას ქართულენოვან მოსახლეობასთან და სახელმწიფო ორგანოებთან, აგრეთვე გააუმჯობესებს მათთვის სოციალურ სერვისებზე წვდომას. სახელმწიფო უწყებები საკუთარი სექტორული სტრატეგიების შემუშავებისა და სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებისა და სერვისების განხორციელებისას გაითვალისწინებენ ეთნიკურ უმცირესობათა საჭიროებებს.

სტრატეგია ეყრდნობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს ხელმოწერილ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავი – „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები“ ითვალისწინებს მოწყვლადი ჯგუფებისათვის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის თემებისათვის, ინკლუზიური სამუშაო ბაზრის, სოციალური უსაფრთხოების სისტემის, სოციალური დაცვის, სოციალური ჩართულობისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებას.

 

2.1. სოციალური და რეგიონული მობილობის ხელშეწყობა

სტრატეგია ითვალისწინებს ეთნიკურ უმცირესობათა სოციალური და რეგიონული მობილობის ხელშეწყობას. ამ მიზნის მისაღწევად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უზრუნველყოფილ იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა, ასევე სახელმწიფოს სოციალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული მიწოდება მათთვის გასაგებ ენაზე.

 

2.2. პროფესიული და ზრდასრულთა განათლების უზრუნველყოფა

ეთნიკურ უმცირესობათა პროფესიული და ზრდასრულთა განათლება უზრუნველყოფს მათ ადაპტაციას შრომის ბაზარზე და დასაქმების შესაძლებლობას. ამ მიზნის მისაღწევად დასახული ამოცანით გათვალისწინებულია პროფესიულ სასწავლებლებში ეთნიკურ უმცირესობათა მონაწილეობის გაზრდა შესაბამისი მექანიზმების შემუშავების გზით, რაც გულისხმობს წარმოებული კვლევების საფუძველზე მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება–დანერგვას. ეთნიკურ უმცირესობათა პროფესიულ განათლებაზე სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის გაფართოება და ხარისხიანი პროფესიული განათლების მიწოდების უზრუნველყოფა: ქვეყნის მასშტაბით ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნება, კოლეჯებისათვის სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მოწყობა, შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება. გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ზრდასრული მოსახლეობის სხვადასხვა პროფესიული ჯგუფებისათვის სახელმწიფო ენის სწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა – შესაბამისი ჯგუფის საჭიროებაზე მორგებული მეთოდის გამოყენებით. ამ მხრივ, დაგეგმილია სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრების მომსახურებით მოსარგებლეთა წრის გაფართოება და საზოგადოების ფართო ფენების ჩართვა, მასწავლებელთა მობილური ჯგუფების შექმნა და სოფლის მოსახლეობისთვის ენის კურსების ორგანიზება. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ ეთნიკურ უმცირესობათა პროფესიული განვითარების პროგრამები შეესაბამებოდეს ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის ზოგად პოლიტიკას; განხორციელდეს რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და შრომითი ბაზრის შესაბამისი პროფესიული პროგრამები.

 

3. ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება

წინამდებარე დოკუმენტი სრულად იზიარებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას განათლებისა და სახელმწიფო ენის სფეროში.

როგორც სკოლამდელი, ასევე ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხიანი განათლების მიწოდება სახელმწიფოს პრიორიტეტული მიზანია, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს მის მოქალაქეთა შორის ეროვნული ფასეულობების გავრცელებას, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ქვეყანაში სამოქალაქო თანასწორობის კულტურის ამაღლებას.

საქართველოში მოქმედებს ორასზე მეტი არაქართულენოვანი სკოლა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით. მაგრამ გამოწვევად რჩება არაქართულენოვან სკოლებში განათლების ხარისხი, კერძოდ, სახელმძღვანელოების დახვეწა, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, რაც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო, ეკონომიკური, პოლიტიკური და რეგიონული ჩართულობის/მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. საგანმანათლებლო სისტემა არა მხოლოდ განაპირობებს ქვეყნის მოქალაქის სოციალიზაციასა და მომავალ პროფესიულ შესაძლებლობებს, არამედ ის მჭიდრო კავშირშია სახელმწიფო ენის სწავლებასთანაც, რაც დღესდღეობით სამოქალაქო ინტეგრაციის დაბალი ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. წინამდებარე სტრატეგია მოიცავს საგანმანათლებლო პოლიტიკას არა მხოლოდ კომპაქტური განსახლების, არამედ დისპერსიული განსახლების ჯგუფების მიმართ და ორიენტირებულია ამ უკანასკნელთა საჭიროებებზეც. შესაბამისად, ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესების გათვალისწინებით შემუშავებული უფრო ეფექტიანი ღონისძიებების საშუალებით დოკუმენტი ქმნის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის რეალურ შესაძლებლობას.

 

3.1. სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა

აღნიშნული შუალედური მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლების საფეხურზე ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა – ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სასწავლო რესურსების შექმნისა და მასწავლებლების, ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების გზით.

სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხიანი სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესია, როგორც კოგნიტური, სოციალური უნარებისა და კომპეტენციების, ისე ლინგვისტური უნარების განსავითარებლად და, შესაბამისად, სასკოლო განათლებისათვის მოსამზადებლად. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, სკოლამდელი განათლების სპეციალური პროგრამის შემუშავება სწავლების სხვადასხვა მოდელით, შესაბამისი განვითარების სტანდარტითა და სკოლისათვის მომზადების სასწავლო გეგმით. შემუშავებული პროგრამის განსახორციელებლად საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ასევე სასწავლო რესურსების შექმნა სკოლამდელ დაწესებულებებში. დასახული მიზნის მისაღწევად აგრეთვე აუცილებელია ხელმძღვანელებისა და პედაგოგებისათვის დამხმარე სასწავლო რესურსების მომზადება, მასწავლებელთა გადამზადება.

 

3.2. ხარისხიანი ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, როგორც სახელმწიფო, ასევე მშობლიურ ენებზე

სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა არაქართულენოვან სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა – როგორც სახელმწიფო, ისე მშობლიურ ენებზე. სამოქმედო გეგმით ამ მხრივ გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართულია ისეთი ამოცანების შესრულებისაკენ, როგორებიცაა: ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების დახვეწისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა; არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარებისა და ორენოვანი განათლების რეფორმის ხელშეწყობა; სახელმწიფო ენის სწავლების გაუმჯობესების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის; ასევე მათი მშობლიური ენის შენარჩუნების უზრუნველყოფა.

მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები ასახავდეს საქართველოში არსებულ მრავალფეროვნებას და არ შეიცავდეს სტერეოტიპულ თუ დისკრიმინაციულ ელემენტებს. უნდა მომზადდეს და გამოიცეს გაუმჯობესებული ორენოვანი სახელმძღვანელოები. სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ითვალისწინებს.

ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობაა მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება. ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის კონტექსტში აღნიშნული გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, მათ მიერ სახელმწიფო ენის დაუფლებას, აგრეთვე მომავალი მასწავლებლების მომზადებას. აუცილებელი და პრიორიტეტულია, როგორც არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა, მოსწავლეთა მიერ სახელმწიფო ენის სწავლის უზრუნველყოფა, ისე მათი მშობლიური ენის შენარჩუნებაზე ზრუნვა.

 

3.3. უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეთნიკურ უმცირესობათა ახალგაზრდა წარმომადგენლებისათვის საქართველოში ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა. მოქმედ საშეღავათო პოლიტიკას (ე.წ. „1+4“ სქემა) მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში, შესაბამისად, ის გაგრძელდება და მოხდება მისი შემდგომი დახვეწა. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულება – ქართული ენის ფლობის შეფასების სისტემისა და სათანადო ინსტრუმენტების შემუშავება. მნიშვნელოვანია საშეღავათო სქემით კურსდამთავრებულთა ჩართვა არაქართულენოვან სკოლებში სწავლების პროცესში, აგრეთვე ისეთი საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამების განვითარება-დაფინანსება, რომლებიც ემსახურება არაქართულენოვან სკოლებში ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების, მშობლიური და სახელმწიფო ენების სწავლებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების საქართველოში პრიორიტეტულ სფეროებში დასაქმებას. უმაღლესი განათლების საშეღავათო სქემა გაგრძელდება მანამ, ვიდრე არაქართულენოვან სკოლებში არ ამაღლდება ქართული ენის ცოდნისა და ზოგადი განათლების დონე.

4. ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნება და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფა

სტრატეგიით გათვალისწინებული დაცვა მიმართულია ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის თვითმყოფადობის შემადგენელი ელემენტების – ენის, ტრადიციების, შემოქმედების ნიმუშებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარებისაკენ. ამასთანავე, ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს სამოქალაქო ინტეგრაციას – მოსახლეობის ძირითად ნაწილში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ფასეულობების განმტკიცებით.

აღნიშნული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვან შუალედურ მიზნებს წარმოადგენს:

4.1. კულტურის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისას ეთნიკურ უმცირესობათა როლისა და მნიშვნელობის ასახვა;

4.2. ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია;

4.3. კულტურული მრავალფეროვნების წახალისება.

აღნიშნული მიზანი გულისხმობს ეთნიკურ უმცირესობათა მატერიალური და არამატერიალური კულტურული ფასეულობების დაცვასა და განვითარების ხელშეწყობას. კერძოდ, გათვალისწინებულია ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული ძეგლების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის გაგრძელება, ძეგლების გამაგრება და რესტავრაცია, ასევე თეატრებისა და მუზეუმების საქმიანობის მხარდაჭერა, ბიბლიოთეკების ტოლერანტობის, ინტერკულტურულ-საგანმანათლებლო საინტეგრაციო ინსტრუმენტის სახით გამოყენება. კულტურული მრავალფეროვნება აგრეთვე მოიცავს ქართული კულტურის უკეთ გაცნობას ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ.

 

III. სტრატეგიის განხორციელების, ანგარიშგების, მონიტორინგისა და შეფასების მოდალობები

 

სტრატეგიაზე თანდართულია სამოქმედო გეგმა, რომლითაც გათვალისწინებულია კონკრეტული ამოცანები, პროგრამები და ზოგადი ხასიათის ღონისძიებები 2015-2020 წლების პერიოდისათვის. ამასთანავე, ყოველი წლის ბოლოს პასუხისმგებელი უწყებები შეადგენენ მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნება კონკრეტული პროექტები და ღონისძიებები – წინამდებარე სტრატეგიით დასახული ამოცანებისა და ზოგადი ღონისძიებების შესაბამისად, უკვე მიღწეული შედეგებისა და გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით. სტრატეგიით დასახული ამოცანებისა და ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგისა და შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშგების უზრუნველსაყოფად იქმნება სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნება ყველა ის ძირითადი საჯარო უწყება, რომელსაც დაეკისრა სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმ(ებ)ით გათვალისწინებული ამოცანებისა და ღონისძიებების შესრულება, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო; სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახ. ეროვნული თავდაცვის აკადემია, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაცია, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კომისიის მუშაობაში ასევე ჩაერთვება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო. სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში საქმიანობას გააგრძელებს თემატური სამუშაო ჯგუფები. ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა საკითხების განხილვაში ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას უზრუნველყოფენ აღნიშნული პასუხისმგებელი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს იმ რისკფაქტორების გათვალისწინება, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სტრატეგიის განხორციელებას. ამგვარი ფაქტორები შეიძლება იყოს საერთაშორისო/რეგიონული ეკონომიკური არასტაბილურობა, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, აგრეთვე რეგიონში ნეგატიური პოლიტიკური მოვლენების განვითარება თუ სხვა ფორსმაჟორული ვითარების შექმნა. თუმცა, ახლო წარსული მოწმობს, რომ ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ განვითარებულმა ნეგატიურმა მოვლენებმა/პროცესებმა ვერ შეაფერხა ან სერიოზული საფრთხე ვერ შეუქმნა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის ჯგუფები, რომელთა საჭიროებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებითაც ჩამოყალიბდა სტრატეგიული და შუალედური მიზნები, ასევე შესაბამისი ამოცანები და ღონისძიებები. შესაბამისად, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს არაერთ ღონისძიებას სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით. ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შესრულების შეფასების პროცესშიც. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ 2014 წლის დეკემბერში წარადგინა ალტერნატიული მონიტორინგის შედეგები „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების შეფასების შესახებ. საქართველოს ხელისუფლება მიესალმება სამოქმედო გეგმის შესრულების ალტერნატიული მონიტორინგის განხორციელებას, შესაბამისი შეფასების ანგარიშისა და რეკომენდაციების გამოქვეყნებას – როგორც ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს, ისე სხვა დაინტერესებული აქტორების მიერ.

ამასთანავე, წინამდებარე სტრატეგიით გათვალისწინებულია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხზე შეფასებისა და მონიტორინგის დამატებითი მექანიზმები. სტრატეგიის მოქმედების პერიოდში ჩატარდება ორი ყოვლისმომცველი შეფასება (რაოდენობრივი და თვისებრივი): შუალედური და საბოლოო შეფასება – სტრატეგიის განხორციელების დასრულებისთანავე. შეფასებების მიზანია სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულების გრძელვადიანი გავლენის შემოწმება – წინასწარ შემუშავებული, მეცნიერულად დასაბუთებული ინდიკატორების გამოყენებით, რომლებიც შედარების საშუალებას იძლევა. შეფასება ჩატარდება ყველა სტრატეგიული მიზნისათვის სამოქმედო გეგმით ჩამოყალიბებული „მიზნის ინდიკატორების“ მიხედვით, რომლებიც შემუშავდება შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ. შეფასებას ჩაატარებს სათანადო გამოცდილების მქონე აქტორი. ამასთანავე, ყოველი წლის ბოლოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან ერთად, უზრუნველყოფს სტრატეგიითა და წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა მინოტორინგსა და ანგარიშგებას, მათი შესრულების „ინდიკატორების“ შესაბამისად. მონიტორინგისა და შეფასების შედეგები განხილულ იქნება პასუხისმგებელ უწყებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც იქნებიან, როგორც გეგმის შესრულების დამკვირვებლები, ისე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული გარკვეული ღონისძიებების შემსრულებლებიც.



[i] საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერა, www.geostat.ge.

[ii] „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების შეფასების დოკუმენტი, ივნისი 2014 (ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.smr.gov.ge).

[iii] საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერა, www.geostat.ge

 

 

 

 

 

 

 

 

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.