დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
2003 წლის კონვენცია მეზღვაურების პირადობის მოწმობების შესახებ (გადასინჯული) | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3/18 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/06/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 08/02/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016347 |
|
2003 წლის კონვენცია
მეზღვაურების პირადობის მოწმობების შესახებ (გადასინჯული) |
კონვენციას შესწორებები შეაქვს 1958 წლის კონვენციაში მეზღვაურების პირადობის მოწმობების შესახებ (შენიშვნა: ძალაში შესვლის თარიღი 09.02.2005)
კონვენცია С 185 ადგილი: ჟენევა კონფერენციის სესია: 91 მიღების თარიღი: 19.06.2003 კლასიფიკაციის საგანი: მეზღვაურები
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური კონფერენცია,
რომელიც ჟენევაში მოიწვია შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციულმა საბჭომ და 2003 წლის 3 ივნისს შეიკრიბა თავის 91-ე სესიაზე,
შეგნებული აქვს რა საშიშროება, რომელიც გამუდმებით ექმნება გემების მგზავრების, ეკიპაჟების წევრების, აგრეთვე გემების უსაფრთხოებას, სახელმწიფოთა ეროვნულ ინტერესებს და ყოველი ადამიანის უსაფრთხოებას, და
ითვალისწინებს რა ორგანიზაციის ძირითად მანდატს, რომელიც ხელს უწყობს შრომის ღირსეული პირობების შექმნას, და
მიიჩნევს რა, რომ სანაოსნო ტრანსპორტის გლობალური ხასიათის გამო მეზღვაურები განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ, და
აღიარებს რა მეზღვაურების პირადობის მოწმობების შესახებ 1958 წლის კონვენციაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს, რომლებიც ეხება წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მეზღვაურთა დაშვების გაადვილებას იმ მიზნით, რათა შესაძლებელი იყოს ნაპირზე გადასვლა, ტრანზიტი, სხვა გემზე გადაყვანა ან რეპატრიაცია, და
ითვალისწინებს რა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გაადვილების შესახებ 1965 წლის კონვენციას შესწორებებითურთ, კერძოდ 3.44 და 3.45 სტანდარტებს, და
ითვალისწინებს რა შემდგომ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ A/RES/57/219 რეზოლუციაში (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა ტერორიზმთან ბრძოლის პირობებში) დადასტურებულია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სახელმწიფოების მიერ მიღებული ყველა ზომა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის მიხედვით მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ, საერთაშორისო სამართლის ნორმებს ადამიანის, ლტოლვილების უფლებების და ჰუმანიტარული სამართლის სფეროში, და
შეგნებული აქვს რა, რომ მეზღვაურები მუშაობენ და ცხოვრობენ გემებზე, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობაში, და რომ ნაპირზე მდებარე მომსახურების ობიექტების ხელმისაწვდომობა და ნაპირზე გადასვლა ის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია, რომლებიც განაპირობებს მეზღვაურთა საერთო კეთილდღეობას, და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ოკეანეების სისუფთავის უზრუნველყოფისათვის, და
შეგნებული აქვთ რა აგრეთვე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ნაპირზე გადასვლას გემზე გამოცხადებისთვის ან მის დატოვებას სამსახურის შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ, და
ცნობად იღებს რა ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ 1974 წლის შესწორებულ საერთაშორისო კონვენციაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ეხება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2002 წლის 12 დეკემბრის დიპლომატიურ კონფერენციაზე მიღებულ განსაკუთრებულ ზომებს ზღვაზე უსაფრთხოების და დაცვის დონის ამაღლების მიზნით, და
გადაწყვიტა რა მიიღოს მთელი რიგი წინადადებები მეზღვაურთა იდენტიფიკაციის საიმედოობის ამაღლებასთან დაკავშირებით, რაც სესიის დღის წესრიგის მეშვიდე საკითხს წარმოადგენს, და
გადაწყვიტა რა ამ წინადადებებს მისცეს საერთაშორისო კონვენციის ფორმა, რომელიც გადასინჯავს მეზღვაურების პირადობის მოწმობების შესახებ 1958 წლის კონვენციას,
ორი ათასი წლის ცხრამეტ ივნისს იღებს წინამდებარე კონვენციას, რომელიც მოიხსენიება როგორც მეზღვაურების პირადობის მოწმობების შესახებ 2003 წლის (გადასინჯული) კონვენცია. |
მუხლი 1
გამოყენების სფერო 1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „მეზღვაური" ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც დაქირავებულია სამუშაოდ, დასაქმებულია ან ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობს გემზე, რომელიც ჩვეულებრივ საზღვაო ნაოსნობაში გამოიყენება, გარდა სამხედრო გემებისა. 2. იმის თაობაზე რაიმე ეჭვის შემთხვევაში, შეიძლება თუ არა რაიმე კატეგორიის პირები მიჩნეულ იქნენ მეზღვაურებად წინამდებარე კონვენციასთან მიმართებაში, ამ საკითხს წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად წყვეტენ ასეთ პირთა მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, გემთმფლობელთა და მეზღვაურთა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ. 3. თევზსაჭერი გემების მფლობელებისა და თევზსაჭერ გემებზე მომუშავე პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დებულებები გამოიყენოს კომერციული საზღვაო თევზჭერის მიმართაც.
მუხლი 2 მეზღვაურთა პირადობის მოწმობათა გაცემა 1. ყოველი წევრი სახელმწიფო, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია ძალაშია, განცხადების საფუძველზე გასცემს ნებისმიერი თავისი მოქალაქისათვის, რომელიც მეზღვაურს წარმოადგენს, მეზღვაურის პირადობის მოწმობას წინამდებარე კონვენციის მე-3 მუხლში მოყვანილი დებულებების შესაბამისად. 2. თუ წინამდებარე კონვენციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მეზღვაურთა პირადობის მოწმობათა გაცემა შეიძლება იგივე პირობებით მოხდეს, რა პირობებითაც ეროვნული კანონმდებლობებით და სხვა ნორმატიული აქტებით გაიცემა სამგზავრო საბუთები. 3. ყოველ წევრ სახელმწიფოს ასევე შეუძლია გასცეს 1-ლ პუნქტში ნახსენები მეზღვაურთა პირადობის მოწმობანი იმ მეზღვაურებისთვის, რომლებსაც მიენიჭათ მის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. 4. ყოველი წევრი სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მეზღვაურთა პირადობის მოწმობანი უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე გაიცეს. 5. მეზღვაურებს აქვთ მათი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით აპელაციის უფლება. 6. წინამდებარე კონვენცია არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ უქმნის დაბრკოლებას, შეასრულოს ლტოლვილებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული საერთაშორისო დებულებებიდან გამომდინარე თავისი ვალდებულებანი.
მუხლი 3 შინაარსი და ფორმა 1. მეზღვაურის პირადობის მოწმობის შინაარსი, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის დებულებანი, უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე კონვენციის I დანართში წარმოდგენილ ნიმუშს. ამ საბუთის ფორმა და მის დასამზადებლად გამოყენებული მასალები უნდა შეესაბამებოდეს ქვემომოყვანილი კრიტერიუმებით შედგენილ ნიმუშში გათვალისწინებულ საერთო სპეციფიკაციებს. I დანართში შესაძლებელია, საჭიროების შემთხვევაში, შესწორებათა შეტანა ქვემომოყვანილი მე-8 მუხლის დებულებათა შესაბამისად, კერძოდ, თუ ამას ტექნოლოგიური განვითარება მოითხოვს, იმ პირობით, რომ ეს შესწორება არ ეწინააღმდეგება შემდეგ პუნქტებს. შესწორების მიღების შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული მისი ძალაში შესვლის ვადა, აგრეთვე გათვალისწინებული იყოს, რომ წევრ სახელმწიფოებს მიეცეთ საკმარისი დრო საიმისოდ, რათა საჭირო ცვლილებები შეიტანონ მეზღვაურთა პირადობის ეროვნულ მოწმობებსა და შესაბამის პროცედურებში. 2. მეზღვაურის პირადობის მოწმობა უნდა იყოს სადა ფორმის, მტკიცე მასალისგან დამზადებული, საზღვაო პირობების გათვალისწინებით, და შეიძლებოდეს მისი წაკითხვა ტექნიკის გამოყენებით. გამოყენებული მასალები: ა) უნდა აღკვეთდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ამ საბუთის შეცვლას ან გაყალბებას და იძლეოდეს გაყალბების ადვილად გამოვლენის შესაძლებლობას; ბ) ყველა მთავრობისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მინიმალური დანახარჯებით, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფდეს ზემომოყვანილ (ა) ქვეპუნქტში დასახული მიზნის მიღწევას. 3. წევრმა სახელმწიფოებმა მხედველობაში უნდა მიიღონ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ყველა არსებული სახელმძღვანელო მითითებები ტექნოლოგიურ სტანდარტებთან დაკავშირებით, რათა ხელი შეუწყონ საერთო საერთაშორისო სტანდარტის გამოყენებას. 4. მეზღვაურის პირადობის მოწმობის ზომები არ უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივი პასპორტის ზომებს. 5. მეზღვაურის პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს მისი გამცემი დაწესებულების სახელწოდებას, ამ დაწესებულებასთან დაუყოვნებლივი დაკავშირების უზრუნველმყოფ ცნობებს, საბუთის გაცემის თარიღს და ადგილს, აგრეთვე შემდეგ შენიშვნებს: ა) მოცემული საბუთი არის მეზღვაურის პირადობის მოწმობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეზღვაურთა პირადობის მოწმობების შესახებ 2003 წლის (გადასინჯული) კონვენციის მიზნებისათვის; და ბ) მოცემულ საბუთს დამოუკიდებელი ხასიათი აქვს და იგი არ წარმოადგენს პასპორტს. 6. მეზღვაურის პირადობის მოწმობის მოქმედების მაქსიმალურ ვადა დგინდება მისი გამცემი სახელმწიფოს კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული სამართლებრივი აქტების შესაბამისად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აღემატება ათ წელს, პირველი ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ განახლების პირობით. 7. მეზღვაურის პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს მხოლოდ შემდეგ მონაცემებს: ა) სრული სახელი (სახელი და გვარი, სადაც საჭიროა); ბ) სქესი; გ) დაბადების თარიღი და ადგილი; დ) მოქალაქეობა; ე) ნებისმიერი განსაკუთრებული გარეგნული ნიშანი, რომელიც ხელს შეუწყობს პიროვნების იდენტიფიკაციას; ვ) ციფრული ან ჩვეულებრივი სურათი; ზ) ხელმოწერა. 8. ზემომოყვანილი მე-7 პუნქტის დებულებათა მიუხედავად, მეზღვაურის პირადობის მოწმობა აგრეთვე უნდა შეიცავდეს ბიომეტრიულ შაბლონს ან სხვა სახით წარმოდგენილ მფლობელის ბიომეტრიულ მონაცემებს, რომლებიც შეესაბამება I დანართში ჩამოყალიბებულ სპეციფიკაციებს, იმის გათვალისწინებით, რომ დაცული იქნება შემდეგი წინასწარ დათქმული პირობები: ა) ბიომეტრიული მონაცემები მოპოვებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ არ მოხდეს შესაბამის პირთა პირად ცხოვრებაში ჩარევა, მათთვის დისკომფორტის შექმნა, მათი ჯანმრთელობისათვის რისკის შექმნა ან მათი პირადი ღირსების შელახვა; ბ) ბიომეტრიული მონაცემები გარკვევით უნდა ჩანდეს მეზღვაურის პირადობის მოწმობაში, ამასთან, მათი შაბლონიდან ან სხვა სახის გამოსახულებიდან გადმოღება შეუძლებელი უნდა იყოს; გ) ბიომეტრიული მონაცემების მიღებისა და შემოწმებისათვის საჭირო მოწყობილობა ადვილად მოსახმარი და ძირითადად მთავრობებისათვის დაბალ ფასად ხელმისაწვდომი უნდა იყოს; დ) ბიომეტრიული მონაცემების შესამოწმებელი მოწყობილობა ადვილად მოსახმარი და ექსპლუატაციისას საიმედო უნდა იყოს ნავსადგურებში და სხვა ადგილებში, აგრეთვე გემზე მოხმარებისათვის, სადაც ჩვეულებრივ ხდება კომპეტენტური ორგანოების მიერ მეზღვაურთა იდენტიფიკაცია; და ე) სისტემა, რომლის ფარგლებშიც ხდება ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება (მათ შორის გამოსაყენებელი მოწყობილობა, ტექნოლოგიები და პროცედურები) იძლევა შესაძლებლობას, მიღწეულ იქნეს ერთგვაროვანი ხასიათის და პიროვნების საიმედო იდენტიფიკაციის უზრუნველმყოფი შედეგები. 9. პირადობის მოწმობაში შეტანილი ყველა მონაცემი მეზღვაურის შესახებ გარკვევით უნდა ჩანდეს. მეზღვაურებს შეუფერხებლად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი მოწყობილობაზე, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს შეამოწმონ ნებისმიერი მონაცემები, რომლებიც მათ ეხება, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით არ იკითხება. ასეთი მოწყობილობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ხდება მოწმობის გამცემი ორგანოს მიერ ან მისი სახელით. 10. მეზღვაურის პირადობის მოწმობის შინაარსი და ფორმა დგინდება I დანართში მოყვანილი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
მუხლი 4 ეროვნული ელექტრონული მონაცემების ბაზა 1. ყოველმა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ჩანაწერი მის მიერ გაცემულ ყოველი მეზღვაურის პირადობის მოწმობის შესახებ, მოწმობის შესახებ, რომლის მოქმედებაც დროებით შეჩერებულია ან რომელიც ამოღებულია მის მიერ, ინახებოდეს ელექტრონულ მონაცემების ბაზაში. უნდა განხორციელდეს მონაცემების ამ ბაზის დაცვის ღონისძიებანი, რათა არ მოხდეს მასში შეღწევა ან მისი არასანქცირებული ხელმისაწვდომობა. 2. მონაცემთა ამ ბაზაში თავმოყრილი ინფორმაცია შემოფარგლული უნდა იყოს მონაცემებით, რომლებიც საჭიროა მეზღვაურის პირადობის მოწმობის ან მეზღვაურთა სტატუსის შესამოწმებლად, ამასთან, სრულად უნდა იყოს დაცული მეზღვაურთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის უფლება და დაკმაყოფილდეს მონაცემთა დაცვის მიმართ მოქმედი ყველა მოთხოვნა. ეს მონაცემები ჩამოყალიბებულია წინამდებარე კონვენციის II დანართში, რომელშიც შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები ქვემომოყვანილი მე-8 მუხლით დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა წევრ სახელმწიფოს უნდა მიეცეს საკმარისი დრო თავის მონაცემთა ბაზების ეროვნულ სისტემებში საჭირო ცვლილებების შესატანად. 3. ყოველმა წევრმა სახელმწიფომ უნდა დააწესოს პროცედურები, რომლებიც ნებისმიერ მეზღვაურს, რომელზეც გაიცა მეზღვაურის პირადობის მოწმობა, მისცემს სესაძლებლობას შეისწავლოს და შეამოწმოს თავისი პიროვნების შესახებ ყველა იმ მონაცემის უტყუარობა, რომელიც შეტანილია მონაცემების ელექტრონულ ბაზაში ან ინახება იქ, და, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ წარადგინოს შესწორებები. 4. ყოველმა წევრმა სახელმწიფომ უნდა შექმნას მუდმივმოქმედი საკონტაქტო ცენტრი ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საიმიგრაციო სამსახურების ან სხვა კომპეტენტური ორგანოების იმ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, რომლებიც ეხება მისი ორგანოს მიერ გაცემული მეზღვაურის პირადობის მოწმობის ნამდვილობას და ძალაში ყოფნას. მუდმივმოქმედ საკონტაქტო ცენტრის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროში, რომელიც ინახავს მონაცემების ნუსხას და გადასცემს ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოს. 5. ზემომოყვანილ მე-2 პუნქტში მითითებული მონაცემები მუდმივად და დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საიმიგრაციო სამსახურებისათვის ან სხვა კომპეტენტური ორგანოებისათვის ელექტრონული საშუალებების დახმარებით ან საკონტაქტო ცენტრის მეშვეობით, რომელიც ზემომოყვანილი მე-4 პუნქტით არის გათვალისწინებული. 6. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის უნდა დაწესდეს სათანადო შეზღუდვები, რათა გამოირიცხოს მონაცემების, კერძოდ, ფოტოსურათების რაიმე გაცვლა, თუ არ არსებობს შესაბამისი მონაცემებისა და პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველმყოფი მექანიზმი. 7. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მონაცემების ელექტრონულ ბაზაში თავმოყრილი პერსონალური მონაცემები გამოიყენებოდეს მხოლოდ მეზღვაურის პირადობის მოწმობის შესამოწმებლად.
მუხლი 5 ხარისხის კონტროლი და შეფასება 1. მეზღვაურის პირადობის მოწმობის გაცემის წესისა და პროცედურების, აგრეთვე ხარისხის კონტროლის პროცედურის მიმართ მინიმალური მოთხოვნები ჩამოყალიბებულია წინამდებარე კონვენციის III დანართში. ამ მინიმალური მოთხოვნებით დგინდება სავალდებულო შედეგები, რომლებსაც უნდა მიაღწიოს ყველა წევრმა სახელმწიფომ მეზღვაურთა პირადობის მოწმობების გაცემის თავისი სისტემის მართვისას. 2. უნდა დადგინდეს წესები და პროცედურები, რათა სათანადოდ იქნეს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება: ა) მეზღვაურის პირადობის მოწმობის შეუვსებელი ბლანკების წარმოებისას და ადგილზე მიტანისას; ბ) შეუვსებელი ბლანკებისა და შევსებული მეზღვაურთა პირადობის მოწმობების შენახვისას, დამუშავებისას და მათ გამო ანგარიშგებისას; გ) განცხადებების დამუშავებისას, მეზღვაურთა პირადობის მოწმობების ბლანკების შევსებისას და მზა პირადობის მოწმობების გაფორმებისას მათი გაცემისათვის პასუხისმგებელი ორგანოების ან ქვეგანაყოფების მიერ, და მეზღვაურთა პირადობის მოწმობების ადგილზე მიტანისას; დ) მონაცემთა ბაზის ფუნქციონირებისას და ექსპლუატაციისას; ე) პროცედურების ხარისხის კონტროლისას და პერიოდული შეფასებისას. 3. ზემომოყვანილი მე-2 პუნქტის დებულებათა დაცვის პირობით III დანართში შეიძლება შესწორებების შეტანა მე-8 მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ, ყოველ წევრ სახელმწიფოს უნდა მიეცეს საკმარისი დრო მათ მიერ დადგენილ წესებსა და პროცედურებში საჭირო ცვლილებების შესატანად. 4. ყოველმა წევრმა სახელმწიფომ არანაკლებ ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა მოაწყოს მეზღვაურთა პირადობის მოწმობების გაცემის თავისი სისტემის მართვის, მათ შორის, ხარისხის კონტროლის პროცედურების დამოუკიდებელი შეფასება. ასეთ შეფასებათა შემცველი მოხსენებები, რომლებიდანაც ამოღებულ უნდა იქნეს ყველა კონფიდენციალური მასალა, ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს, ხოლო ასლები შესაბამის წევრ სახელმწიფოთა გემთმფლობელებისა და მეზღვაურების წარმომადგენლობით ორგანიზაციებს. ანგარიშგების შესახებ ეს მოთხოვნა წევრ სახელმწიფოებს არ ათავისუფლებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 22-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებებისგან. 5. შრომის საერთაშორისო ბიურო ამ შეფასებით მოხსენებებს გასაცნობად წარუდგენს წევრ სახელმწიფოებს. მონაცემთა ყოველგვარი გამჟღავნება, გარდა წინამდებარე კონვენციით დაშვებული გამჟღავნებისა, მოცემული მოხსენების წარმდგენი წევრი სახელმწიფოს თანხმობას საჭიროებს. 6. შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭო, მოქმედებს რა მის მიერ მიღებული პროცედურების შესაბამისად მთელ შესაბამის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამტკიცებს იმ წევრ სახელმწიფოთა ნუსხას, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ზემომოყვანილ 1 პუნქტში მითითებულ მინიმალურ მოთხოვნებს. 7. ამ ნუსხაზე წევრ სახელმწიფოებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ პირველი მოთხოვნისთანავე და შესაბამისი ინფორმაციის მიღების კვალობაზე მისი განახლება უნდა ხდებოდეს. კერძოდ, წევრ სახელმწიფოებს დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ის შემთხვევები, როცა ნუსხაში ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს შეყვანა სამართლიან საფუძველზე სადავო ხდება მე-8 პუნქტში მითითებული პროცედურების ფარგლებში. 8. ადმინისტრაციული საბჭოს მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც ამოიღეს ან შეიძლება ამოიღონ ნუსხიდან, აგრეთვე იმ წევრ სახელმწიფოთა დაინტერესებულ მთავრობებს, რომლებმაც კონვენციის რატიფიკაცია მოახდინეს, და გემთმფლობელებისა და მეზღვაურების წარმომადგენლობით ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთი აზრი გააცნონ ადმინისტრაციულ საბჭოს და დროულად მოაგვარონ ყოველგვარი უთანხმოება სამართლიანი და მიუკერძოებელი გზით. 9. რომელიმე წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული მეზღვაურთა პირადობის მოწმობების აღიარება დამოკიდებულია იმაზე, იცავს თუ არა ეს წევრი სახელმწიფო ზემომოყვანილ 1-ლ პუნქტში ნახსენებ მინიმალურ მოთხოვნებს.
მუხლი 6 მეზღვაურთა ნაპირზე გადასვლის, ტრანზიტისა და ტრანსფერის გაადვილება 1. ნებისმიერი მეზღვაური, რომელსაც აქვს მეზღვაურის პირადობის მოწმობა, გაცემული წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად იმ წევრი სახელმწიფოს მიერ, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია ძალაშია, მიიჩნევა მეზღვაურად წინამდებარე კონვენციის მნიშვნელობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს აშკარა საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დადგეს მეზღვაურის პირადობის მოწმობის ნამდვილობა. 2. მეზღვაურები ან გემთმფლობელები არ გაიღებენ ხარჯებს შემოწმებისთვის და ნებისმიერი სხვა ძიების ან ფორმალობისთვის, რომელთა მიზანია იმის დადასტურება, რომ მეზღვაური, რომლის ქვეყანაში შესვლისთვისაც მოთხოვნილია ნებართვა 3-6 ან ქვემომოყვანილი 7-9 პუნქტების შესაბამისად, არის წინამდებარე კონვენციის მოთხოვნათა გათვალისწინებით გაცემული მეზღვაურის პირადობის მოწმობის მფლობელი.
ნაპირზე გადასვლა
3. ზემომოყვანილ მე-2 პუნქტში ნახსენები შემოწმება და ნებისმიერი სხვა ძიება ან ფორმალობა უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში იმ პირობით, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა პირადობის მოწმობის მფლობელის ჩასვლის შესახებ შეტყობინება გონივრული ვადით ადრე მიიღეს. პირადობის მოწმობის მფლობელის ჩასვლის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს II დანართის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 4. ყოველი წევრი სახელმწიფო, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია ძალაშია, რაც შეიძლება მოკლე ვადაში და იმის აშკარა საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში, რომ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მეზღვაურის პირადობის მოწმობის ნამდვილობა, თავის ტერიტორიაზე შესვლის ნებას აძლევს ნებისმიერ მეზღვაურს, რომელსაც აქვს მოქმედი მეზღვაურის პირადობის მოწმობა, თუ ნაპირზე მისი დროებითი გადასვლა მოთხოვნილია გემის ნავსადგურში ყოფნის განმავლობაში. 5. ასეთი დაშვება ნებადართულია იმ პირობით, თუ დაცულია გემის შესვლის ყველა ფორმალობა და კომპეტენტურ ორგანოს არ აქვს საფუძველი არ მისცეს ნაპირზე გადასვლის უფლება საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების დაცვის მოსაზრებებით. 6. ნაპირზე გადასვლისათვის მეზღვაურებს ვიზა არ მოეთხოვებათ. ყოველი წევრი სახელმწიფო, რომელიც სრულად ვერ ასრულებს ამ მოთხოვნას, უზრუნველყოფს, რომ მის კანონმდებლობაში, სხვა ნორმატიულ სამართლებრივ აქტებში ან პრაქტიკაში გათვალისწინებული იყოს ამ მოთხოვნის მაქსიმალურად შესაბამისი პროცედურები.
ტრანზიტი და ტრანსფერი
7. ყოველმა წევრმა სახელმწიფომ, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია ძალაშია, მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა დაუშვას თავის ტერიტორიაზე მეზღვაური, რომელსაც აქვს ნამდვილი მეზღვაურის პირადობის მოწმობა, პასპორტთან ერთად, თუ მისი დაშვება მოთხოვნილია შემდეგი მიზნებით: ა) მეზღვაური უნდა გამოცხადდეს თავის გემზე ან ის გადაყვანილია სხვა გემზე; ბ) მეზღვაურმა ტრანზიტით უნდა გაიაროს, რათა თავის გემზე გამოცხადდეს სხვა ქვეყანაში ან დაბრუნდეს სამშობლოში; ანდა ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელიც შეთანხმებულია დაინტერესებული წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან. 8. ასეთი დაშვება ნებადართულია იმ პირობით, თუ არ არსებობს იმის აშკარა საფუძველი, რომ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მეზღვაურის პირადობის მოწმობის ნამდვილობა, ან კომპეტენტურ ორგანოს არ აქვს საფუძველი არ მისცეს ნაპირზე გადასვლის უფლება საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების დაცვის მოსაზრებებით. 9. ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია, სანამ გასცემს თავის ტერიტორიაზე დაშვების ნებართვას ზემომოყვანილ მე-7 პუნქტში ნახსენები ერთ-ერთი მიზნით მაინც, მოითხოვოს მეზღვაურის განზრახვების და ამ განზრახვების შესრულებისათვის მისი შესაძლებლობების დამადასტურებელი დამაკმაყოფილებელი მტკიცებულებანი, მათ შორის, დოკუმენტური მტკიცებულებანი. წევრ სახელმწიფოს აგრეთვე შეუძლია თავის ტერიტორიაზე მეზღვაურის ყოფნის ხანგრძლივობა შეზღუდოს ისეთი ვადით, რომელიც გონივრულად მიაჩნია დასახული მიზნისათვის.
მუხლი 7 მოწმობის მუდმივი ფლობა და ჩამორთმევა 1. მეზღვაურის პირადობის მოწმობა მეზღვაურს მუდმივად უნდა ჰქონდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი წერილობითი თანხმობით მოწმობის დაცულობის მიზნით იგი შესაბამისი გემის კაპიტანთან ინახება. 2. მეზღვაურის პირადობის მოწმობის ჩამორთმევა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გამცემი სახელმწიფოს მიერ, თუ არსებობს იმის უტყუარი მტკიცებულებანი, რომ მეზღვაური აღარ აკმაყოფილებს წინამდებარე კონვენციის იმ მოთხოვნებს, რომლებიც ასეთი მოწმობის გაცემას ეხება. მეზღვაურის პირადობის მოწმობის მოქმედების შეჩერების ან ჩამორთმევის პროცედურები უნდა დადგინდეს გემთმფლობელებისა და მეზღვაურების წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად და მოიცავდეს ადმინისტრაციული წესით აპელაციის პროცედურებს.
მუხლი 8 დანართებში შესწორებების შეტანა 1. წინამდებარე კონვენციის შესაბამისი დებულებების დაცვის პირობით შრომის საერთაშორისო კონფერენციას შეუძლია შესწორებები შეიტანოს დანართებში სათანადო წესით შექმნილ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამმხრივ საზღვაო ორგანოსთან კონსულტაციების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღება ხდება კონფერენციის დამსწრე დელეგატთა ხმების ორი მესამედის უმრავლესობით, რომელთაგან ნახევარი იმ წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენელია, რომლებმაც მოახდინეს წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია. 2. ყოველ წევრ სახელმწიფოს, რომელმაც წინამდებარე კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, შეუძლია ასეთი შესწორების მიღების თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში წერილობითი შეტყობინების გაგზავნით გენერალურ დირექტორს აცნობოს, რომ ეს შესწორება მოცემული წევრი სახელმწიფოსათვის ძალაში არ შედის ან ძალაში შევა ოღონდ უფრო მოგვიანებით ახალი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
მუხლი 9 გარდამავალი დებულებანი ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, რომელიც მეზღვაურთა პირადობის მოწმობების შესახებ 1958 წლის კონვენციის მხარეს წარმოადგენს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების მე-19 მუხლის შესაბამისად ახორციელებს წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის ღონისძიებებს, შეუძლია გენერალურ დირექტორს აცნობოს თავისი განზრახვა დროებით გამოიყენოს წინამდებარე კონვენცია. ასეთი წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული მეზღვაურის პირადობის მოწმობები წინამდებარე კონვენციასთან მიმართებაში გამოიყენება როგორც მის დებულებათა შესაბამისად გაცემული მეზღვაურთა პირადობის მოწმობები, იმ პირობით, რომ დაცული იქნება წინამდებარე კონვენციის 2-5 მუხლებში ჩამოყალიბებული მოთხოვნები და შესაბამისი წევრი სახელმწიფო აღიარებს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად გაცემულ მეზღვაურთა პირადობის მოწმობებს.
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 10 წინამდებარე კონვენცია გადასინჯავს მეზღვაურთა პირადობის მოწმობების შესახებ 1958 წლის კონვენციას.
მუხლი 11 წინამდებარე კონვენციის ოფიციალური სარატიფიკაციო სიგელები რეგისტრაციისათვის ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს.
მუხლი 12 1. წინამდებარე კონვენციას სავალდებულო ხასიათი აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხოლოდ იმ წევრი სახელმწიფოებისთვის, რომელთა სარატიფიკაციო სიგელები რეგისტრირებულია შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორთან. 2. იგი ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ ორგანიზაციის ორი წევრი სახელმწიფოს სარატიფიკაციო სიგელების რეგისტრაციიდან ექვსი თვის შემდეგ. 3. შემდგომ წინამდებარე კონვენცია ყოველი წევრი სახელმწიფოსათვის ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის რეგისტრაციის თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ.
მუხლი 13 1. ყოველ წევრ სახელმწიფოს, რომელმაც წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, მისი თავდაპირველი ძალაში შესვლის დღიდან ათი წლის შემდეგ მისი დენონსირება შეუძლია დენონსაციის შესახებ განცხადებით, რომელსაც რეგისტრაციისათვის უგზავნის შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს. დენონსაცია ძალაში შედის დენონსაციის შესახებ განცხადების რეგისტრაციის თარიღიდან 12 თვის შემდეგ. 2. ყოველი წევრი სახელმწიფოსათვის, რომელმაც წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა და წინა პუნქტში მითითებული ათი წლის შემდეგ ერთი წლის ვადაში არ ისარგებლა წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლებით, კონვენცია ძალაში რჩება შემდგომი ათი წლის პერიოდისათვის, და შემდგომში იგი შეძლებს მის დენონსირებას ყოველი ათწლეულის გასვლის შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 14 1. შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოს აცნობებს ყველა სარატიფიკაციო სიგელის და დენონსაციის შესახებ განცხადებების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც მას ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა გაუგზავნეს. 2. გენერალური დირექტორი, აცნობებს რა ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მიღებული მეორე სარატიფიკაციო სიგელის რეგისტრაციის შესახებ, მათ ყურადღებას მიაპყრობს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს. 3. შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოს აცნობებს ნებისმიერი შესწორებების თაობაზე, რომლებიც დანართებში შეაქვთ მე-8 მუხლის დებულებების შესაბამისად, აგრეთვე მათთან დაკავშირებული წერილობითი შეტყობინებების თაობაზე.
მუხლი 15 შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს გაეროს წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაციისათვის უგზავნის ამომწურავ ინფორმაციას ყველა სარატიფიკაციო სიგელის და დენონსაციის შესახებ განცხადებების თაობაზე, რომლებიც დაარეგისტრირა წინა მუხლების დებულებათა შესაბამისად.
მუხლი 16 ყოველთვის, როცა შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, იგი გენერალურ კონფერენციას წარუდგენს მოხსენებას წინამდებარე კონვენციის გამოყენების შესახებ და განიხილავს, მიზანშეწონილია თუ არა მისი სრული ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ საკითხის კონფერენციის დღის წესრიგში შეტანა, ამასთან ითვალისწინებს მე-8 მუხლის დებულებებს.
მუხლი 17 1. თუ კონფერენცია მიიღებს ახალ კონვენციას, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ გადასინჯავს წინამდებარე კონვენციას, და თუ ახალ კონვენციაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მაშინ: ა) რომელიმე წევრი სახელმწიფოს მიერ ახალი გადამსინჯველი კონვენციის რატიფიკაცია ავტომატურად იწვევს, მე-13 მუხლის დებულებათა მიუხედავად, წინამდებარე კონვენციის დაუყოვნებლივ დენონსაციას, იმ პირობით, რომ ახალი გადამსინჯველი კონვენცია ძალაში შევიდა; ბ) ახალი გადამსინჯველი კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან წინამდებარე კონვენცია აღარ არის სარატიფიკაციოდ გახსნილი ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისათვის. 2. წინამდებარე კონვენცია ნებისმიერ შემთხვევაში ფორმითა და შინაარსით ძალაში რჩება იმ წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მისი რატიფიკაცია მოახდინეს, მაგრამ არ მოუხდენიათ გადამსინჯველი კონვენციის რატიფიკაცია.
მუხლი 18 წინამდებარე კონვენციის ინგლისურ და ფრანგულ ტექსტებს თანაბარი ძალა აქვს.
I დანართი მეზღვაურთა პირადობის მოწმობის ნიმუში
მეზღვაურების პირადობის მოწმობა, რომლის ფორმა და შინაარსი ქვემოთ არის მოყვანილი, მზადდება კარგი ხარისხის მასალისაგან, რომელიც, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ისეთ ფაქტორებთან ერთად ხარჯების გათვალისწინებით, ფართო საზოგადოებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. საბუთში არ უნდა იყოს იმაზე მეტი სივრცე, ვიდრე საჭიროა კონვენციის დებულებებით გათვალისწინებული ინფორმაციის განსათავსებლად. იგი უნდა შეიცავდეს გამცემი სახელმწიფოს დასახელებას და შემდეგ ფორმულირებას: „ეს საბუთი არის მეზღვაურთა პირადობის მოწმობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეზღვაურთა პირადობის მოწმობების შესახებ 2003 წლის (გადასინჯული) კონვენციის მიზნებისთვის. ამ მოწმობას თავისი დანიშნულება აქვს და იგი არ წარმოადგენს პასპორტს". ქვემოთ გამოყოფილი შრიფტით ჩამოთვლილი მონაცემების შემცველი საბუთის გვერდ(ებ)ი დაცული უნდა იყოს ლამინირებით ან გამჭვირვალე საფარით, ან გამოსახულების წარმომსახველი ტექნოლოგიით და სუბსტრატი მასალით, რომლებიც აღკვეთს ფოტოსურათისა და ბიოგრაფიული მონაცემების შეცვლა-გაყალბებას. გამოყენებული მასალები, ზომა და მონაცემების განთავსება უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სპეციფიკაციებს, რომლებიც მოცემულია 9303 დოკუმენტის მე-3 ნაწილში (2002 წლის მე-2 გამოცემა) და 9303 დოკუმენტის 1-ლ ნაწილში (2003 წლის მე-5 გამოცემა). მოწმობის დაცვის მეთოდები შემდეგი ელემენტებიდან ერთს მაინც უნდა შეიცავდეს: წყლის ნიშნებს, ულტრაიისფერ დამცავ საშუალებებს, სპეციალურ მელანს, სპეციალურ ფერად დიზაინს, პერფორირებულ გამოსახულებებს, ჰოლოგრამებს, ლაზერულ გრავირებას, მიკრონაბეჭდს და თერმულ ლამინირებას. მეზღვაურთა პირადობის მოწმობის მონაცემების შემცველ გვერდ(ებ)ზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
I. მოწმობის გამცემი ორგანო:
II. მოწმობის გამცემი ორგანოს ტელეფონის ნომერი(ნომრები), ელექტრონული ფოსტის მისამართი და ინტერნეტსაიტი: III. გაცემის თარიღი და ადგილი: -----მეზღვაურის ციფრული ან ჩვეულებრივი ფოტოსურათი------ ა) მეზღვაურის სრული სახელი; ბ) სქესი; გ) დაბადების წელი და ადგილი; დ) მოქალაქეობა; ე) მეზღვაურის რაიმე განსაკუთრებული გარეგნული ნიშანი, რომელიც ხელს შეუწყობს პიროვნების იდენტიფიკაციას; ვ) ხელმოწერა; ზ) მოქმედების ვადა; თ) საბუთის ტიპი ან დანიშნულება; ი) საბუთის უნიკალური ნომერი; კ) პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი (სავალდებულო არ არის); ლ) ბიომეტრიული შაბლონი, თითის ანაბეჭდის მიხედვით შედგენილი და შტრიხკოდში ციფრის სახით წარმოდგენილი, რომლის სტანდარტიც უნდა შემუშავდეს; მ) ტექნიკით ამოსაცნობი ზონა, რომელიც შეესაბამება ICAO-ს 9303 დოკუმენტში მოყვანილ ზემოხსენებულ სპეციფიკაციებს.
IV. მოწმობის გამცემი ორგანოს ოფიციალური ბეჭედი ან შტამპი.
მონაცემების განმარტება ზემომოყვანილი მონაცემის შემცველი გვერდების მინდორზე სათაურები შეიძლება ითარგმნოს მოწმობის გამცემი ქვეყნის ენაზე(ენებზე). თუ ეროვნული ენა არ არის ინგლისური, ფრანგული, ან ესპანური, სათაურები ერთ-ერთ ამ ენაზეც უნდა ჩაიწეროს. მოწმობაში ყველა ჩანაწერი ლათინური ანბანით უნდა შესრულდეს. ზემომოყვანილი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მახასიათებლებს: I. გამცემი ორგანო: გამცემი ქვეყნის ISO კოდი და მეზღვაურის პირადობის მოწმობის გამცემი ორგანიზაციის სრული სახელწოდება და სრული მისამართი, აგრეთვე იმ პირის სახელი და თანამდებობა, რომლის ნებართვითაც გაიცა მოწმობა. II. ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ინტერნეტსაიტი უნდა შეესაბამებოდეს კონვენციაში მითითებულ საკონტაქტო ცენტრს. III. გაცემის თარიღი და ადგილი: თარიღი უნდა ეწეროს ორნიშნა არაბული ციფრებით შემდეგი თანამიმდევრობით – დღე/თვე/წელი (მაგ.: 31/12/03); ადგილი უნდა ეწეროს ისევე, როგორც ეროვნულ პასპორტშია ჩაწერილი. -------ფოტოსურათის ზომა: როგორც ზემოხსენებულ ICAO-ს 9303 დოკუმენტით არის დადგენილი------ ა) მეზღვაურის სრული სახელი: სადაც საჭიროა, ჯერ იწერება გვარი, შემდეგ მეზღვაურის სხვა სახელები; ბ) სქესი: მითითებულია მამაკაცისთვის „M" და ქალისთვის „F"; გ) დაბადების თარიღი და ადგილი: თარიღი იწერება ორნიშნა არაბული ციფრებით შემდეგი თანამიმდევრობით – დღე/თვე/წელი; ადგილი იწერება ისევე, როგორც ეროვნულ პასპორტშია ჩაწერილი; დ) ინფორმაცია მოქალაქეობის შესახებ: მითითებულია მოქალაქეობა; ე) განსაკუთრებული გარეგნული ნიშანი: რაიმე განსაკუთრებული გარეგნული ნიშანი, რომელიც ხელს შეუწყობს პიროვნების იდენტიფიკაციას; ვ) მეზღვაურის ხელმოწერა; ზ) მოქმედების ვადა: ორნიშნა არაბული ციფრებით, შემდეგი თანამიმდევრობით – დღე/თვე/წელი; თ) საბუთის ტიპი ან დანიშნულება: საბუთის ტიპის კოდი, ლათინური ანბანის (შ) დიდი ასოებით დაწერილი; ი) საბუთის უნიკალური ნომერი: ქვეყნის კოდი (მოცემულია ზემომოყვანილ I პუნქტში), რომელსაც მოსდევს არაუმეტეს ცხრა ნიშნისაგან შემდგარი ანბანურ-ციფრული სააღრიცხვო ნომერი; კ) პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი: მეზღვაურის პირადი არასავალდებულო საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თოთხმეტ ანბანურ-ციფრულ ნიშანს; ლ) ბიომეტრიული შაბლონი: უნდა შემუშავდეს ზუსტი სპეციფიკაცია; მ) ტექნიკით ამოსაცნობი ადგილი: ზემომოყვანილ ICAO-ს 9303 დოკუმენტში მოცემული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად.
II დანართი
ელექტრონული მონაცემების ბაზა
ელექტრონული მონაცემების ბაზაში ყოველი ჩანაწერის მიხედვით წინამდებარე კონვენციის მე-4 მუხლის 1, 2, 6 და 7-ე პუნქტების შესაბამისად წევრი სახელმწიფოების მიერ წარდგენილი მონაცემები შეიცავს:
ნაწილი 1 1. პირადობის მოწმობაში მითითებული გამცემი ორგანოს სახელწოდება. 2. მეზღვაურის სრული სახელი, როგორც პირადობის მოწმობაშია ჩაწერილი. 3. პირადობის მოწმობის უნიკალური ნომერი. 4. პირადობის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის, მოქმედების დროებით შეჩერების ან ჩამორთმევის თარიღი.
ნაწილი 2 5. პირადობის მოწმობაში არსებული ბიომეტრიული შაბლონი. 6. ფოტოსურათი. 7. მეზღვაურის პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული ყველა შეკითხვის დეტალები.
III დანართი
მეზღვაურთა პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული მოთხოვნები, აგრეთვე რეკომენდებული წესები და პროცედურები ეს დანართი ადგენს მინიმალური მოთხოვნებს პროცედურების მიმართ, რომლებიც წინამდებარე კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად უნდა იქნეს დადგენილი თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ მეზღვაურთა პირადობის მოწმობების (ამიერიდან მოიხსენიება, როგორც „მპმ") გაცემასთან დაკავშირებით, ხარისხის კონტროლის პროცედურების ჩათვლით. A ნაწილში ჩამოთვლილია ის სავალდებულო შედეგები, რომლებსაც, როგორც მინიმუმ, უნდა მიაღწიოს ყოველმა წევრმა სახელმწიფომ მპმ-ს გაცემის სისტემის შექმნისას. B ნაწილი შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება ამ შედეგების მიღწევის პროცედურებს და პრაქტიკულ მეთოდებს. B ნაწილი მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ წევრმა სახელმწიფოებმა, თუმცა იგი არ არის სავალდებულო.
ნაწილი A. სავალდებულო შედეგები 1. შეუვსებელი მპმ-ების წარმოება და ადგილზე მიტანა მპმ-ის ბლანკების წარმოებისას და ადგილზე მიტანისას აუცილებელი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დგინდება წესები და პროცედურები, მათ შორის: ა) ყველა მპმ-ის ბლანკი ერთნაირი ხარისხისაა და შინაარსით და ფორმით შეესაბამება I დანართში მოცემულ სპეციფიკაციებს; ბ) პროდუქციის დასამზადებელი მასალა დაცული და კონტროლირებული უნდა იყოს; გ) დამზადების და ადგილზე მიტანის მთელი პროცესის განმავლობაში მპმ-ის ბლანკები დაცვას, კონტროლს, იდენტიფიკაციას და ზედამხედველობას ექვემდებარება; დ) მწარმოებლებს აქვთ სახსრები, რათა სათანადოდ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებანი მპმ-ის ბლანკების დამზადებისა და ადგილზე მიტანის თვალსაზრისით; ე) მწარმოებლიდან გამცემ ორგანომდე მპმ-ის ბლანკების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დაცვით ხდება. 2. მპმ-ის ბლანკების და შევსებული მპმ-ების შენახვა, დაცვა და მათ გამო ანგარიშგება მპმ-ის ბლანკების და შევსებული მპმ-ების შენახვის, დაცვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათ გამო ანგარიშგების მიმართ დგინდება წესები და პროცედურები, მათ შორის: ა) მპმ-ის ბლანკების და შევსებული მპმ-ების შენახვას და დაცვას გამცემი ორგანო ახორციელებს; ბ) მპმ-ის ბლანკები, შევსებული და ბათილი მპმ-ები, აგრეთვე მათი ნიმუშები დაცვას, კონტროლს, იდენტიფიკაციას და ზედამხედველობას ექვემდებარება; გ) ამ პროცესებში ჩართული პერსონალი უნდა გამოირჩეოდეს პატიოსნებით, საიმედოობით და ლოიალობით და სათანადო პროფესიული მომზადებით; დ) უფლებამოსილ თანამდებობის პირთა შორის მოვალეობები ისე უნდა იყოს განაწილებული რომ აღიკვეთოს მპმ-ების არასანქცირებული გაცემა. 3. განცხადებების განხილვა; მპმ-ის მოქმედების შეჩერება ან ჩამორთმევა; აპელაციის პროცედურები მპმ-ის გაცემისა და ადრესატამდე მიტანისათვის პასუხისმგებელი ორგანოს ან ქვეგანაყოფის მიერ განცხადებების განხილვისას, მპმ-ის ბლანკების პერსონალურ მპმ-ებად შევსებისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დგინდება წესები და პროცედურები, მათ შორის: ა) შემოწმებისა და დამტკიცების წესი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მპმ-ის მოქმედების ვადის განახლების თაობაზე პირველი განცხადების შეტანის შემდეგ მპმ გაიცეს მხოლოდ შემდეგის საფუძველზე: i) განცხადება, რომელიც შეიცავს I დანართით დადგენილი მოთხოვნების შესაბამის მთელ ინფორმაციას; ii) განმცხადებლის პიროვნების დამამტკიცებელი საბუთი გამცემი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად; iii) მოქალაქეობის და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამამტკიცებელი საბუთი; iv) იმის მტკიცებულება, რომ განმცხადებელი არის მეზღვაური 1-ლი მუხლის დებულებათა შესაბამისად; v) იმის უზრუნველყოფა, რომ განმცხადებლებს, განსაკუთრებით პირებს, რომლებიც რამდენიმე სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან მუდმივად სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ, არ მიუღიათ ერთზე მეტი მპმ; vi) იმის შემოწმება, რომ განმცხადებელი საფრთხეს არ უქმნის უშიშროებას, ამასთან სათანადოდ უნდა იქნეს დაცული საერთაშორისო აქტებში ჩამოყალიბებული ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებანი. ბ) ეს წესები უზრუნველყოფს, რომ: i) II დანართში მოყვანილი ყოველი პუნქტის მიხედვით კონკრეტული მონაცემები მპმ-ის გაცემისთანავე იქნეს შეყვანილი მონაცემთა ბაზაში; ii) განმცხადებლისგან მიღებული მონაცემები, ფოტოსურათი, ხელმოწერა და ბიომეტრიული ელემენტები შეესაბამებოდეს მის პიროვნებას; iii) განმცხადებლისგან მიღებული მონაცემები, ფოტოსურათი, ხელმოწერა და ბიომეტრიული ელემენტები განცხადებასთან კავშირში იყოს მპმ-ის დამუშავების, გაცემის და ადრესატამდე მიტანის მთელი პროცედურის განმავლობაში; გ) მპმ-ის მოქმედების შეჩერების ან ჩამორთმევის შემთხვევაში განხორციელდეს სასწრაფო ღონისძიებანი მონაცემთა ბაზის განახლებისათვის; დ) ვადის გაგრძელების და/ან განახლების სისტემა უნდა დადგინდეს ისეთი შემთხვევებისთვის, როცა მეზღვაურს უნდა გაუგრძელდეს მპმ-ის ვადა ან ახალი გაიცეს, აგრეთვე მპმ-ის დაკარგვის შემთხვევაში; ე) გარემოებანი, როცა უნდა მოხდეს მპმ-ის მოქმედების შეჩერება ან ჩამორთმევა, დგინდება გემთმფლობელებისა და მეზღვაურების წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად; ვ) დგინდება აპელაციის ეფექტიანი და ტრანსპარენტული პროცედურები. 4. მონაცემთა ბაზის ფუნქციონირება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა-შენახვა დგინდება მონაცემთა ბაზის ფუნქციონირების და დაცვა-შენახვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესები და პროცედურები, მათ შორის: ა) მონაცემთა ბაზა დაცული უნდა იყოს არასანქცირებული ხელმისაწვდომობისა და მონაცემების შეცვლისაგან; ბ) მონაცემების განახლება გამუდმებით წარმოებს და დაცულია ინფორმაციის დაკარგვისაგან, აგრეთვე ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია საკონტაქტო ცენტრის მეშვეობით შეკითხვაზე პასუხისათვის; გ) დაუშვებელია მონაცემთა ბაზის სხვა ბაზებთან მიერთება, პირის გადაღება ან მონაცემთა სხვა ბაზებში გადაწერა; მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოხდეს მეზღვაურის პიროვნების იდენტიფიცირება; დ) დაცული უნდა იყოს პიროვნების უფლებები, მათ შორის: i) პირადი მონაცემების შეგროვების, შენახვის, გამოყენებისა და გაგზავნის პროცესში პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის უფლება, და ii) პიროვნების უფლება, ხელი მიუწვდებოდეს მასთან დაკავშირებული მონაცემებზე და შეცდომების შემთხვევაში დროულად გაასწოროს ისინი. 5. პროცედურების ხარისხის კონტროლი და პერიოდული შეფასება ა) დგინდება წესები და პროცედურები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების საჭირო დონე პროცედურების ხარისხის კონტროლისა და პერიოდული შეფასებების, აგრეთვე პროცესების მონიტორინგის მეშვეობით, რათა დაცულ იქნეს სამოქმედო სტანდარტები შემდეგის მიმართ: i) მპმ-ის ბლანკების წარმოება და ადგილზე მიტანა; ii) მპმ-ის ბლანკების, ძალადაკარგული და პერსონიფიცირებული მპმ-ების შენახვა, დაცვა და მათ გამო ანგარიშგება; iii) საბუთების გაცემისა და ადრესატამდე მიტანისათვის პასუხისმგებელი ორგანოსა და ქვეგანაყოფის მიერ განცხადებების განხილვა, მპმ-ის ბლანკების პერსონიფიცირებულად შევსება; iv) მონაცემთა ბაზის ფუნქციონირება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა-შენახვა. ბ) პერიოდულად ეწყობა შემოწმება იმ მიზნით რომ უზრუნველყოფილი იქნეს გაცემის სისტემისა და პროცედურების საიმედოობა, აგრეთვე კონვენციის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობა; გ) დგინდება პროცედურები იმ სხვა წევრ-სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილ პერიოდულ ანგარიშებში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დასაცავად, რომლებმაც რატიფიკაცია მოახდინეს.
ნაწილი B. რეკომენდებული პროცედურები და პრაქტიკა 1. მპმ-ის ბლანკების წარმოება და ადგილზე მიტანა 1.1. მპმ-ის დაცვისა და ერთგვარობის უზრუნველსაყოფად კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეარჩიოს ეფექტიანი წყარო იმ მპმ-ის ბლანკების დასამზადებლად, რომლებიც წევრმა-სახელმწიფომ უნდა გასცეს. 1.2. თუ მპმ-ის ბლანკები მზადდება მპმ-ის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოს შენობაში („გამცემი ორგანო"), გამოიყენება ქვემომოყვანილი პუნქტი 2.2. 1.3. გარეშე საწარმოს შერჩევის შემთხვევაში უფლებამოსილმა ორგანომ უნდა: 1.3.1. შეამოწმოს, რომ საწარმოს კარგი რეპუტაცია აქვს, ფინანსურად სტაბილური და საიმედოა; 1.3.2. მოსთხოვოს საწარმოს, დანიშნოს მპმ-ის ბლანკების წარმოებაში მონაწილე ყველა თანამშრომელი. 1.3.3. მოსთხოვოს საწარმოს, წარუდგინოს გამცემ ორგანოს იმის მტკიცებულებანი, რომ არსებობს ადეკვატური სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს დანიშნული თანამშრომლების საიმედოობას, კარგ რეპუტაციას და ლოიალურობას, და დაარწმუნოს ორგანო, რომ ის უზრუნველყოფს თითოეულ ასეთ თანამშრომელს საჭირო საარსებო სახსრებით და დასაქმების საკმარისი გარანტიებით; 1.3.4. დადოს წერილობითი შეთანხმება საწარმოსთან, რომელმაც, არ შელახავს რა საკუთრივ გამცემი ორგანოს პასუხისმგებლობას მპმ-ისათვის, უნდა დაადგინოს ქვემომოყვანილი 1.5. პუნქტში მითითებული სპეციფიკაციები და დირექტივები, და მოსთხოვოს საწარმოს: 1.3.4.1. უზრუნველყოს, რომ მპმ-ის ბლანკების დამზადებაში ჩართული იყვნენ მხოლოდ დანიშნული თანამშრომლები, რომლებმაც უნდა იკისრონ მკაცრი ვალდებულებანი კონფიდენციალურობის უზრუნველყოფისათვის; 1.3.4.2. მიიღოს უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა მპმ-ის ბლანკების საწარმოდან გამცემი ორგანოს შენობამდე ტრანსპორტირებისას. ბლანკების გამცემი თანამდებობის პირები არ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან იმ საფუძველზე, რომ მათ ამ თვალსაზრისით დაუდევრობა არ გამოუჩენიათ; 1.3.4.3. ყოველ პარტიას უნდა დაურთოს ტვირთბარათი, რომელშიც იქნება მისი ზუსტი აღწერილობა; კერძოდ ტვირთბარათში მითითებული უნდა იყოს ყოველ შეკვრაში არსებული მპმ-ების ამოსაცნობი ნომრები; 1.3.5. უზრუნველყოს, რომ შეთანხმება შეიცავდეს დებულებას, რომელითაც დასაშვები იქნება დასრულდეს სამუშაოები, თუ თავდაპირველი კონტრაქტორი ვერ ახერხებს მუშაობის გაგრძელებას; 1.3.6. შეთანხმების ხელმოწერამდე დარწმუნდეს, რომ საწარმოს აქვს სახსრები ყველა ზემოხსენებული ვალდებულების შესრულებისათვის; 1.4. თუ გამცემმა ორგანომ ან საწარმომ მპმ-ის ბლანკები უნდა მიაწოდოს წევრი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია უფლებამოსილება მიანიჭოს უცხოეთის სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს მოცემული პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით; 1.5. უფლებამოსილმა ორგანომ აგრეთვე უნდა: 1.5.1. დაადგინოს ყველა იმ მასალის დაწვრილებითი სპეციფიკაცია, რომელიც გამოიყენება მპმ-ის ბლანკების დასამზადებლად; ეს მასალები უნდა შეესაბამებოდეს ამ კონვენციის I დანართში განსაზღვრულ ძირითად სპეციფიკაციებს; 1.5.2. დაადგინოს მპმ-ის ბლანკების ფორმასა და შინაარსთან დაკავშირებული ზუსტი სპეციფიკაციები I დანართის შესაბამისად; 1.5.3. უზრუნველყოს, რომ სპეციფიკაციები იძლეოდეს მპმ-ის ბლანკების ერთგვაროვანი ბეჭდვის შესაძლებლობას, თუ გამოყენებული იქნება სხვადასხვა საბეჭდი საშუალებები; 1.5.4. წარმოადგინოს მკაფიო ინსტრუქციები მოწმობის უნიკალური ნომრის გენერირებისათვის, რომელიც დაიბეჭდება ყოველ მპმ-ის ბლანკზე გარკვეული თანამიმდევრობით და I დანართის შესაბამისად; და 1.5.5. დაადგინოს ზუსტი სპეციფიკაციები, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა მასალის დაცვას საწარმოო პროცესის განმავლობაში. 2. მპმ-ის ბლანკების და შევსებული მპმ-ების შენახვა, დამუშავება და მათ გამო ანგარიშგება 2.1. მოწმობათა გაცემის პროცესთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია (მათ შორის მპმ-ის ბლანკების, ძალადაკარგული და შევსებული მპმ-ების, მათი დასამზადებელი საშუალებების და მასალების დაცვა, განცხადებების განხილვა, მპმ-ების გაცემა, მონაცემთა ბაზის დაცვა-შენახვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა) უნდა ხორციელდებოდეს გამცემი ორგანოს უშუალო ზედამხედველობით. 2.2. გამცემმა ორგანომ უნდა მოახდინოს ყველა ოფიციალური პირის შეფასება, რომელიც ჩართულია მოწმობათა გაცემის პროცესში, და თითოეულის შესახებ უნდა წარმოადგინოს საიმედოობის, კარგი რეპუტაციისა და ლოიალურობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი. 2.3. გამცემმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ გაცემის პროცესში ჩართული ოფიციალური პირები არ იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. 2.4. გამცემმა ორგანომ შესაბამისად უნდა დაადგინოს გაცემის პროცესში ჩართული ოფიციალური პირების პასუხისმგებლობის კონკრეტული სფეროები. 2.5. არც ერთი ოფიციალური პირი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ყველა იმ ოპერაციის განხორციელებისათვის, რომელიც დაკავშირებულია მპმ-ის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასთან და შესაბამისი მპმ-ის დამზადებასთან. ოფიციალური პირი, რომელიც განცხადებებს უგზავნის მპმ-ის გაცემისათვის პასუხისმგებელ ოფიციალურ პირს, არ უნდა მონაწილეობდეს გაცემის პროცესში. განცხადებების განხილვასთან და მპმ-ების გაცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოვალეობათა შემსრულებელ ოფიციალურ პირთა შორის როტაცია უნდა ხდებოდეს. 2.6. გამცემმა ორგანომ შიდა სარგებლობისათვის უნდა შემოიღოს წესები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ: 2.6.1. მპმ-ის ბლანკები ინახებოდეს საიმედოდ, მათი გაცემა ხდებოდეს მხოლოდ იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა ყოველდღიური სავარაუდო ოპერაციებისთვის და მხოლოდ იმ უფლებამოსილი პირების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მპმ-ის ბლანკების პერსონალური მონაცემებით შევსებისათვის, ან რომელიმე საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ, და რომ ზედმეტი მპმ-ის ბლანკები დაბრუნებულ იქნეს ყოველი დღის ბოლოს; მპმ-ის უსაფრთხოდ დაცვისათვის მიღებული ზომები უნდა შეიცავდეს ისეთ საშუალებებს, რომლებიც აღკვეთს არასანქცირებულ ხელმისაწვდომობას და გამოავლენს დამრღვევებს; 2.6.2. მპმ-ის ყოველი ბლანკი, რომელიც ნიმუშად გამოიყენება, გაფუჭებულად ჩაითვალოს და შესაბამისად იქნეს მარკირებული; 2.6.3. მომზადდეს და უსაფრთხო ადგილას იყოს შენახული ყოველდღიური ჟურნალი, სადაც გაკეთდება ჩანაწერი ჱ ყოველი მპმ-ის ბლანკის და ყოველი შევსებული, მაგრამ გაუცემელი მპმ-ის ადგილმდებარეობის შესახებ, აგრეთვე მითითებული იქნება ის მპმ-ები, რომლებიც დახურულ საცავში ინახება, და ის მპმ-ები, რომლებიც ინახება კონკრეტულ ოფიციალურ პირთან ან ოფიციალურ პირებთან; ჩანაწერების ჟურნალი უნდა აწარმოოს იმ ოფიციალურმა პირმა, რომელიც არ მონაწილეობს მუშაობაში მპმ-ის ბლანკებთან ან შევსებულ, მაგრამ ჯერ გაუცემელ მპმ-ებთან; 2.6.4. მპმ-ის ბლანკებზე, აგრეთვე მათი შევსების საშუალებებსა და მასალებზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს არც ერთ პიროვნებას, გარდა იმ ოფიციალური პირებისა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მპმ-ის ბლანკების შევსებისთვის, ან რომელიმე საგანგებოდ უფლებამოსილი პირისა; 2.6.5. ყოველი შევსებული მპმ შენახული უნდა იქნეს დახურულ საცავში და უნდა გადაეცეს მხოლოდ მპმ-ის გაცემისათვის პასუხისმგებელ ოფიციალურ პირს ან საგანგებოდ უფლებამოსილ პირს; 2.6.5.1. საგანგებოდ უფლებამოსილი ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ მხოლოდ: ა) პირები, რომლებიც მოქმედებენ გამცემი ორგანოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირის ან ნებისმიერი ისეთი პირის წერილობითი ნებართვით, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს აღმასრულებელ ხელმძღვანელ პირს; და ბ) ქვემომოყვანილ მე-5 პუნქტში ნახსენები კონტროლიორი და აუდიტის ან სხვა კონტროლის განსახორციელებლად დანიშნული პირები; 2.6.6. ოფიციალურ პირებს მკაცრად აეკრძალოთ მათი ოჯახის წევრისათვის ან ახლო მეგობრისათვის მპმ-ის გაცემის პროცესში ნებისმიერი მონაწილეობა; 2.6.7. დაუყოვნებლივ შეატყობინონ პოლიციას მპმ-ების ან მათი შევსებისათვის გამოსაყენებელი საშუალებებისა და მასალების ქურდობის, ან ქურდობის მცდელობის შემთხვევა გამოძიების მიზნით; 2.7. მოწმობის გაცემის პროცესში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში მპმ ძალას კარგავს, მასში შესწორების შეტანა დაუშვებელია და მისი გაცემა არ შეიძლება. 3. განცხადებების განხილვა; მპმ-ების მოქმედების შეჩერება და ჩამორთმევა; აპელაციის პროცედურა 3.1. გამცემმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა ოფიციალურმა პირმა, რომელიც პასუხისმგებელია მპმ-ის მისაღებად განცხადებების განხილვისათვის, შესაბამისი ტრენინგი გაიაროს სიყალბის აღმოჩენის და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების მეთოდების შესასწავლად. 3.2. გამცემმა ორგანომ უნდა შეიმუშაოს წესები, რომლებიც უზრუნველყოფს მპმ-ის გაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია: დაინტერესებული მეზღვაურის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განცხადება; პიროვნების დამადასტურებელი მტკიცებულებანი; მოქალაქეობის და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი მტკიცებულებანი და იმის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რომ განმცხადებელი არის მეზღვაური. 3.3. განცხადება უნდა შეიცავდეს წინამდებარე კონვენციის I დანართში მითითებულ მთელ ინფორმაციას. განცხადების ბლანკზე უნდა იყოს შენიშვნა, რომელიც განმცხადებელს აფრთხილებს, რომ ექვემდებარება სასამართლო დევნას და სისხლისსამართლებრივ სასჯელს განზრახ მცდარი მონაცემების წარდგენისათვის; 3.4. მპმ-ის მისაღებად პირველი განცხადების შეტანისას და მომავალში ნებისმიერი ისეთი შემთხვევისას, როცა საჭირო გახდება მისი ვადის გაგრძელება: 3.4.1. შევსებული, მაგრამ ხელმოუწერელი განცხადება პირადად განმცხადებელმა უნდა წარუდგინოს გამცემი ორგანოს მიერ დანიშნულ ოფიციალურ პირს; 3.4.2. განმცხადებლის ციფრული ან ჩვეულებრივი ფოტოსურათი და ბიომეტრიული მონაცემები დანიშნულმა ოფიციალურმა პირმა უნდა გააკონტროლოს; 3.4.3. განმცხადებელმა განცხადებას დანიშნული ოფიციალური პირის თანდასწრებით უნდა მოაწეროს ხელი; 3.4.4. ამის შემდგომ დანიშნულმა ოფიციალურმა პირმა განცხადება უშუალოდ გამცემ ორგანოს უნდა გაუგზავნოს განსახილველად; 3.5. გამცემმა ორგანომ სათანადო ზომები უნდა მიიღოს, რათა უზრუნველყოს ციფრული ან ჩვეულებრივი ფოტოსურათის და ბიომეტრიული მონაცემების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. 3.6. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პიროვნების დამადასტურებელი მტკიცებულებების შემოწმება უნდა მოხდეს გამცემი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად; ასეთი მტკიცებულებანი შეიძლება იყოს განმცხადებლის ბოლო დროს გადაღებული ფოტოსურათი, რომლის პიროვნებასთან მსგავსება უნდა დაადასტუროს გემთმფლობელმა, გემის კაპიტანმა ან განმცხადებლის სხვა დამსაქმებელმა, ანდა განმცხადებლის სასწავლო დაწესებულების დირექტორმა. 3.7. მოქალაქეობრივი კუთვნილების ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი მტკიცებულებანი ჩვეულებრივ არის განმცხადებლის პასპორტი ან სახელმწიფოს ტერიტორიაზე მუდმივად საცხოვრებლად დაშვების დოკუმენტი. 3.8. განმცხადებლებს აგრეთვე მოეთხოვებათ განაცხადონ, აქვთ თუ არა ნებისმიერი სხვა მოქალაქეობა და დაადასტურონ, რომ მათზე არ გაცემულა და მათ არ მიუმართავთ მპმ-ის მისაღებად განცხადებით რომელიმე სხვა წევრი სახელმწიფოსთვის. 3.9. განმცხადებელზე არ უნდა გაიცეს მპმ, თუ მას სხვა მპმ აქვს. 3.9.1. მპმ-ის ვადამდელი განახლების სისტემა მოქმედებს ისეთ გარემოებებში, როცა მეზღვაურმა წინასწარ იცის, რომ თავის სამსახურის ვადის გამო ვერ შეძლებს მპმ-ის მოქმედების ან განახლების ვადის გასვლამდე განცხადების შეტანას; 3.9.2. ვადის გაგრძელების სისტემა უნდა გამოიყენებოდეს ისეთი გარემოებებისას, როცა მპმ-ის მოქმედების ვადის გაგრძელება საჭიროა სამსახურის ვადის გაუთვალისწინებელი გაგრძელების გამო; 3.9.3. მპმ-ის დაკარგვის შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს შეცვლის სისტემა. შეიძლება გაიცეს შესაბამისი დროებითი საბუთი. 3.10. იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ განმცხადებელი არის მეზღვაური I მუხლის მნიშვნელობით, უნდა შეიცავდეს სულ მცირე: 3.10.1. ადრინდელ მპმ-ს ან მეზღვაურის დათხოვნის ცნობას; 3.10.2. განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელ ან სხვა შესაბამისი მომზადების სერტიფიკატს; ან 3.10.3. სხვა ასეთივე მოწმობას. 3.11. თუ შეიქმნება საჭიროება, მოთხოვნილი უნდა იქნეს დამატებითი მტკიცებულებანი. 3.12. ყველა განცხადება უნდა ექვემდებარებოდეს, სულ მცირე, მპმ-ის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი ოფიციალური პირის მიერ შემოწმების შემდეგ პროცედურებს: 3.12.1. განცხადების შევსების სისწორის შემოწმება და ისეთ ცდომილებათა არარსებობა, რომლებიც შეტყობინებული მონაცემების უტყუარობაში ეჭვს ბადებს; 3.12.2. შეტყობინებული მონაცემების და ხელმოწერის შემოწმება იმის დასადგენად, რომ ემთხვევა მონაცემებს და ხელმოწერას განმცხადებლის პასპორტში ან სხვა სანდო დოკუმენტებში; 3.12.3. პასპორტის გამცემ ან სხვა პასუხისმგებელ ორგანოსთან ერთად პასპორტის ან სხვა წარმოდგენილი საბუთის ნამდვილობის შემოწმება; პასპორტის ნამდვილობის თაობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მისი ორიგინალი შესაბამის ორგანოს უნდა გაეგზავნოს; გარკვეული გარემოებებისას შესაძლებელია შესაბამისი გვერდების ასლების გაგზავნა; 3.12.4. წარმოდგენილი ფოტოსურათი, საჭიროების შემთხვევაში, შეუდარდეს 3.4.2. პუნქტში ნახსენებ ციფრულ ფოტოსურათს; 3.12.5. შემოწმდეს ზემომოყვანილ 3.6. პუნქტში ნახსენებ მტკიცებულებათა ნამდვილობა; 3.12.6. შემოწმდეს, რომ ზემომოყვანილ 3.10. პუნქტში ნახსენები მტკიცებულებანი ნამდვილად ადასტურებს, რომ განმცხადებელი მეზღვაურია; 1.12.7. შემოწმდეს წინამდებარე კონვენციის მე-4 მუხლში ნახსენებ მონაცემთა ბაზაში, რათა დადგინდეს, რომ განმცხადებელ პირზე უკვე არ გაცემულა მპმ; თუ განმცხადებელი არის ან შეიძლება იყოს ერთზე მეტი ქვეყნის მოქალაქე ან მუდმივად ცხოვრობდეს იმ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რომლის მოქალაქეც არის, შესაბამისი კითხვები უნდა გაეგზავნოს სხვა ქვეყნის ან სხვა შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს; 3.12.8. შემოწმდეს ნებისმიერ შესაბამის ეროვნულ ან საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში, რომელზეც გამცემ ორგანოს ხელი მიუწვდება, რომ განმცხადებელი პირი საფრთხეს არ უქმნის უშიშროებას. 3.13. ოფიციალურმა პირმა, ზემომოყვანილ 3.12. პუნქტში ნახსენებმა, უნდა მოამზადოს საკითხთან დაკავშირებული მოკლე მოხსენება, რომელშიც მიუთითებს ყოველი ზემომოყვანილი შემოწმების შედეგებს, და ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ განმცხადებელი არის მეზღვაური. 3.14. სრული შემოწმების შემდეგ განცხადება, თანმხლებ დამატებით საბუთებთან და მოკლე მოხსენებასთან ერთად, უნდა გაეგზავნოს განმცხადებელზე გასაცემი მპმ-ის შევსებისათვის პასუხისმგებელ ოფიციალურ პირს. 3.15. შევსებული მპმ, გამცემი ორგანოს შესაბამის საბუთებთან ერთად, დასამტკიცებლად უნდა გაეგზავნოს ამ ორგანოს ერთ-ერთ ხელმძღვანელ ოფიციალურ პირს. 3.16. ხელმძღვანელმა ოფიციალურმა პირმა, როგორც მინიმუმ, მოკლე მოხსენების გაცნობის შემდეგ, უნდა დაამტკიცოს შესაბამისი საბუთები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნდება, რომ პროცედურები სათანადოდ იყო დაცული და განმცხადებელზე მპმ-ის გაცემა გამართლებულია; 3.17. დამტკიცება უნდა მოხდეს წერილობით და მას უნდა ერთოდეს განმარტებები განცხადების ნებისმიერ ასპექტთან მიმართებაში, რომლებიც სპეციალურ განხილვას საჭიროებს; 3.18. მპმ (პასპორტთან ან ანალოგიურ საბუთთან ერთად) უნდა გადაეცეს უშუალოდ განმცხადებელს, რომელიც წერილობით დაადასტურებს მიღებას, ან გაეგზავნოს განმცხადებელს, ანდა, მისი თხოვნის შესაბამისად, მისი გემის კაპიტანს, ან დამქირავებელს, ორივე შემთხვევაში სათანადო საფოსტო გზავნილით, ჩაბარების უწყების გადაცემით. 3.19. როცა მპმ განმცხადებელზე გაიცემა, წინამდებარე კონვენციის II დანართში მითითებული მონაცემები შეყვანილი უნდა იქნეს ამ კონვენციის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში. 3.20. გამცემი ორგანოს მიერ დადგენილი წესებით უნდა განისაზღვროს მაქსიმალური პერიოდი მპმ-ის მიღებასა და გაგზავნას შორის. თუ ამ პერიოდის განმავლობაში და მეზღვაურისათვის სათანადო შეტყობინების შემდეგაც მიღებული არ არის ჩაბარების უწყება, მონაცემთა ბაზაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა და მპმ ოფიციალურად გამოცხადდეს დაკარგულად, რის შესახებაც უნდა შეატყობინონ მეზღვაურს. 3.21. ყველა შენიშვნა, კერძოდ, მოკლე მოხსენება (იხ. ზემომოყვანილი 3.13. პუნქტი) და 3.17. პუნქტში ნახსენები განმარტებები, უნდა შეინახოს უსაფრთხო ადგილას მპმ-ის ძალაში ყოფნის და შემდგომი სამი წლის განმავლობაში. ეს შენიშვნები და 3.17. პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი განმარტებები შეტანილი უნდა იქნეს ცალკე შიდა მონაცემთა ბაზაში, რომელზეც ხელი მიუწვდებათ: ა) იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ოპერაციების მონიტორინგისათვის; ბ) ოფიციალურ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ მპმ-ების მიღების თაობაზე განცხადებების შემოწმებაში; აგრეთვე გ) სწავლების მიზნებისთვის. 3.22. იმ შემთხვევაში, როცა მიღებულია ინფორმაცია მპმ-ის არასწორად გაცემის თაობაზე ან იმ პირობების შეცვლის თაობაზე, რომელთა საფუძველზეც მოწმობა გაიცა, ეს საკითხები სასწრაფოდ უნდა ეცნობოს გამცემ ორგანოს მპმ-ის დაუყოვნებლივი ჩამორთმევის მიზნით. 3.23. იმ შემთხვევაში, როცა მპმ-ის მოქმედება შეჩერებულია ან ჩამორთმეულია, გამცემმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს ცვლილება მონაცემთა ბაზაში და მიუთითოს, რომ მპმ გაუქმებულად ითვლება. 3.24. თუ განცხადების საფუძველზე მპმ-ის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილებაა მიღებული ან თუ მიღებულია გადაწყვეტილება მპმ-ის მოქმედების შეჩერების ან ჩამორთმევის თაობაზე, განმცხადებელს ოფიციალურად უნდა აცნობონ, რომ აქვს აპელაციის უფლება, აგრეთვე სრულად შეატყობინონ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზეზები. 3.25. აპელაციის პროცედურები უნდა იყოს მაქსიმალურად სწრაფი და შეესაბამებოდეს საქმის ობიექტური და სრული განხილვის მოთხოვნებს. 4. მონაცემთა ბაზის ფუნქციონირება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა-შენახვა 4.1. წინამდებარე კონვენციის მე-4 მუხლის დებულებების მიზნით გამცემმა ორგანომ უნდა მიიღოს ის სავალდებულო ზომები და წესები, რომლებიც კერძოდ უზრუნველყოფს: 4.1.1. საკონტაქტო ცენტრის არსებობას ან ელექტრონული საშუალებებით დღეში 24 საათის და კვირაში შვიდი დღის განმავლობაში ხელმისაწვდომობა წინამდებარე კონვენციის მე-4 მუხლის მე-4, მე-5, და მე-6 პუნქტების შესაბამისად; 4.1.2. მონაცემთა ბაზის უსაფრთხოებას; 4.1.3. ადამიანის უფლებათა პატივისცემას მონაცემთა შენახვის, დამუშავების და შეტყობინების პროცესში; 4.1.4. მეზღვაურთა იმ უფლების პატივისცემას, რომ შეამოწმოს მის პიროვნებასთან დაკავშირებული მონაცემების სიზუსტე და დროულად შეასწოროს შეცდომები, მათი აღმოჩენის შემთხვევაში. 4.2. გამცემმა ორგანომ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი პროცედურები მონაცემთა ბაზის დასაცავად, რომელშიც შედის: 4.2.1. ის მოთხოვნა, რომ რეგულარულად შეიქმნას მონაცემთა ბაზის სათადარიგო ასლები, რომლებიც, ინფორმაციის მატარებლებზე განთავსებული, უსაფრთხო ადგილას შეინახება, გამცემი ორგანოს შენობის გარეთ; 4.2.2. მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის ან იმ ოფიციალური პირის მიერ დამტკიცების შემდეგ, რომელიც ამ ჩანაწერს აკეთებს, ჩანაწერის შეცვლის ნებართვა გაიცემა მხოლოდ საამისოდ სპეციალურად უფლებამოსილი ოფიციალური პირის მიერ. 5. პროცედურების ხარისხის კონტროლი და პერიოდული შეფასება 5.1. გამცემმა ორგანომ უნდა დანიშნოს საიმედოობით, კარგი რეპუტაციითა და ლოიალურობით გამორჩეული ერთ-ერთი ოფიციალური პირი, რომელიც არ მონაწილეობს მპმ-ების შენახვაში ან დამუშავებაში, და მიანიჭოს მას ზედამხედველის ფუნქციები, რათა: 5.1.1. მუდმივად მოახდინოს ამ მინიმალური მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი; 5.1.2. დაუყოვნებლივ მიაპყროს ყურადღება მათი შესრულების დროს დაშვებულ ხარვეზებს; 5.1.3. კონსულტაცია გაუწიოს აღმასრულებელ ხელმძღვანელს და დაინტერესებულ ოფიციალურ პირებს მპმ-ების გაცემის პროცედურების სრულყოფის საკითხებში; და 5.1.4. წარუდგინოს ხელმძღვანელობას ანგარიში ხარისხის კონტროლის თაობაზე ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით. შეძლებისდაგვარად, ზედამხედველი კარგად უნდა იცნობდეს ყველა სამონიტორინგე ოპერაციას. 5.2. ზედამხედველი უშუალოდ გამცემი ორგანოს ხელმძღვანელის წინაშეა ანგარიშვალდებული. 5.3. გამცემი ორგანოს ყველა ოფიციალური პირი, აღმასრულებელი ხელმძღვანელის ჩათვლით, ვალდებულია ზედამხედველი უზრუნველყოს მთელი დოკუმენტაციით ან ინფორმაციით, რომელსაც ის საჭიროდ მიიჩნევს თავისი ამოცანების შესასრულებლად. 5.4. გამცემმა ორგანომ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ ოფიციალურ პირებს შეეძლოთ თავისუფლად ელაპარაკონ ზედამხედველს და არ ჰქონდეთ საყვედურის მიღების შიში. 5.5. ზედამხედველის უფლებამოსილებაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ ამოცანებს: 5.5.1. შეამოწმოს, რომ არსებული რესურსები, შენობები, მოწყობილობა და პერსონალი საკმარისია გამცემი ორგანოს ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისთვის; 5.5.2. უზრუნველყოს ისეთი პირობები, რომ მპმ-ის ბლანკები და შევსებული მპმ-ები უსაფრთხოდ იყოს დაცული; 5.5.3. უზრუნველყოს, რომ არსებობდეს სათანადო წესები, პირობები ან პროცედურები ზემომოყვანილ 2.6, 3.2, 4 და 5.4 პუნქტების შესაბამისად; 5.5.4. უზრუნველყოს, რომ ეს წესები, პირობები და პროცედურები კარგად იცოდნენ შესაბამისმა ოფიციალურმა პირებმა და გასაგები იყოს მათთვის; 5.5.5. შერჩევით საფუძველზე მოაწყოს ყოველი ოპერაციის, მათ შორის, შესაბამისი შენიშვნების და კონკრეტული საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა ჩანაწერების დეტალური მონიტორინგი, მპმ-ის მიღებაზე განცხადების შემოსვლიდან მისი გაცემის პროცედურის დასრულებამდე; 5.5.6. შეამოწმოს მპმ-ის ბლანკების, საშუალებებისა და მასალების შენახვისთვის გამოყენებული უსაფრთხოების ზომების ეფექტიანობა; 5.5.7. შეამოწმოს, თუ საჭიროა ნდობით აღჭურვილი ექსპერტის დახმარებით, ელექტრონული სახით ბაზაში დაცული ინფორმაციის უსაფრთხოება და უტყუარობა, და დღეში 24 საათის და კვირაში შვიდი დღის განმავლობაში მისაწვდომობის შესახებ მოთხოვნის შესრულება; 5.5.8. გამოიძიოს მპმ-ის არასწორად გაცემის, მპმ-ის შესაძლო ფალსიფიკაციის ან მპმ-ის თაღლითური გზით მიღების თაობაზე სარწმუნო ინფორმაცია, რათა გამოავლინოს შიდა დარღვევები ან სისტემის სუსტი ადგილები, რომლებსაც შეიძლება გამოეწვია მპმ-ის არასწორად გაცემა, ფალსიფიკაცია ან გაყალბება, ანდა ხელი შეეწყო ამისთვის; 5.5.9. გამოიძიოს საჩივრები, რომლებიც წარმოიშვა მონაცემთა ბაზაში დაცული ამგვარი ინფორმაციის არასაკმარისი ხელმისაწვდომობის გამო, წინამდებარე კონვენციის მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების დარღვევით, ან ამ ინფორმაციაში უზუსტობების გამო; 5.5.10. უზრუნველყოს, რომ გამცემი ორგანოს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა დროულად და ეფექტიანად მოახდინოს რეაგირება ანგარიშებზე, რომლებშიც მითითებულია გაცემის პროცედურების გაუმჯობესებისა და სუსტი მხარეების აღმოფხვრის გზები; 5.5.11. აწარმოოს ხარისხის შემოწმების შედეგების აღრიცხვა; 5.5.12. უზრუნველყოს, რომ ხელმძღვანელობამ განიხილოს ხარისხის შემოწმების შედეგები, და აღნუსხოს ასეთი განხილვის დეტალები. 5.6. გამცემი ორგანოს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს მოწმობათა გაცემის სისტემისა და პროცედურების საიმედოობის, აგრეთვე წინამდებარე კონვენციის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის პერიოდული შეფასება. ასეთი შეფასების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს: 5.6.1. მოწმობათა გაცემის სისტემის და პროცედურების აუდიტის შედეგად გამოვლენილი ფაქტები; 5.6.2. მოხსენებები და კვლევის შედეგები, აგრეთვე სხვა ცნობები, რომლებიც ეხება გამოვლენილი სუსტი ადგილების და უსაფრთხოების რეჟიმის დარღვევების აღმოფხვრისათვის გამიზნული ეფექტიანი ზომების მიღებას; 5.6.3. გაცემული, დაკარგული, გაუქმებული ან გაფუჭებული მპმ-ების შესახებ არსებული ჩანაწერები; 5.6.4. ხარისხის კონტროლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ჩანაწერები; 5.6.5. ჩანაწერები იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ეხება ელექტრონული მონაცემთა ბაზის საიმედოობას ან უსაფრთხოებას, აგრეთვე მონაცემთა ბაზაში გაგზავნილი კითხვები; 5.6.6. მოწმობათა გაცემის სისტემასა და პროცედურებში შეტანილი ისეთი ცვლილებების შედეგები, რომლებიც მპმ-ის გაცემის პროცედურების ტექნოლოგიურმა სრულყოფამ ან განახლებამ გამოიწვია; 5.6.7. ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული განხილვის დასკვნები; 5.6.8. პროცედურების აუდიტი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი გამოიყენებოდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის აქტებში ჩამოყალიბებული შრომის სფეროს ფუძემდებელი პრინციპებისა და უფლებების სრული შესაბამისობით. 5.7. დადგენილი უნდა იქნეს ისეთი პროცედურები და წესები, რომლებიც ხელს შეუშლის სხვა წევრი სახელმწიფოების მიერ წარდგენილი მასალების არასანქცირებულ გამჟღავნებას. 5.8 ყველა სააუდიტორო პროცედურა და წესი უნდა უზრუნველყოფდეს, რომ საწარმოო მეთოდები და უსაფრთხოების ზომები, მათ შორის, საინვენტარო კონტროლის წესები, აკმაყოფილებდეს წინამდებარე დანართის მოთხოვნებს. |
|
დოკუმენტის კომენტარები