საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • Word
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/1/572
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 31/07/2015
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016034
  • Word
2/1/572
31/07/2015
ვებგვერდი, 12/08/2015
000000000.00.000.016034
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება № 2/1/572

2015 წლის 31 ივლისი

 

 ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;

ლალი ფაფიაშვილი – წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი (მომხსენებელი მოსამართლე);

ოთარ სიჭინავა – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „გამოძიების ქვეშ ან“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები – სოფიო ასათიანი და გიორგი ბურჯანაძე. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ზურაბ მაჭარაძე.

I

აღწერილობითი ნაწილი

 

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 22 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის 572) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2014 წლის 23 იანვარს.

2. 572 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 22 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის 2/2/572 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2014 წლის 24 დეკემბერს.

4. №572 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტი.

5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სადავო სიტყვების მიხედვით, საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი იმყოფება გამოძიების ქვეშ.

6. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.

7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საჯარო სამსახურის რეგულირებისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციით. თუმცა კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული უფლებით სარგებლობაზე დადგენილი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს რაციონალურ საფუძველს. მისი აზრით, მართლია, კონსტიტიტუციის აღნიშნული მუხლი კანონმდებელს ანდობს საჯარო სამსახურის პირობების განსაზღვრავს, მაგრამ კანონმდებელს ვერ ექნება სრული თავისუფლება აღნიშნული სფეროს მოწესრიგებისას. ნებისმიერი რეგულირება უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის 29-ე მუხლის შეზღუდვის მატერიალურ კრიტერიუმს.

8.  კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გამოძიების ეტაპი სისხლის სამართლის პროცესში ფაქტების შეგროვების სტადიას გულისხმობს, რომელსაც არ ჰყავს კონკრეტული ადრესატი და მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებაზეა ორიენტირებული, შესაბამისად, შეუძლებელია ზუსტად იმ პირების განსაზღვრა, რომლებიც ექცევიან სადავო ნორმის რეგულირების სფეროში.

9. ნორმის ბუნდოვანების სამტკიცებლად მოსარჩელე იშველიებს ნორმის ისტორიულ განმარტებას, კერძოდ, მიუთითებს 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე და აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამ სახით, როგორიც დღეს არის, ჩამოყალიბდა 2010 წლის 24 სექტემბრის კანონით, მანამდე ნორმა იყო შემდეგი შინაარსის: „იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში“. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ წინასწარი გამოძიების პერიოდში შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი შეიძლება ყოფილიყო ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, თუმცა პროცესის სხვა სუბიექტებიც მონაწილეობდნენ წინასწარი გამოძიების ეტაპზე.

10. მოსარჩელის განმარტებით, მას შემდეგ კი, რაც 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იქნა მიღებული, გაუქმდა წინასწარი გამოძიების ეტაპი და, შესაბამისად, შევიდა ცვლილებაც საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდა განსახილველი რედაქციით. რომელიც იმდენად ბუნდოვანია, რომ ამ ნორმით დადგენილ შეზღუდვას შეიძლება დაექვემდებაროს, მათ შორის, როგორც მოწმე, ისე დაზარალებული ან ნებისმიერი სხვა პირი, რომლის მიმართაც გარკვეული ინტერესი, შეკითხვები შეიძლება გააჩნდეს გამოძიებას.

11. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ როგორც ძველი, ისე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მთლიანი ანალიზის საფუძველზე, ტერმინში „იმყოფება გამოძიების ქვეშ“, სავარაუდოდ, უნდა მოაზრებულ იქნენ ის პირები, რომლებიც ექვემდებარებიან სისხლისსამართლებრივ დევნას, ანუ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებული პირები. თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, მასში შეიძლება მოაზრებული იყვნენ სხვა პირებიც. შესაბამისად, სახალხო დამცველის აზრით, სახეზეა უფლებაშემზღუდველი კანონის ბუნდოვანება, რამაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება არაკონსტიტუციური რეგულირება მოგვცეს და სამართალშემფარდებლის თვითნებობა გაზარდოს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ცალკე აღებულ საფუძველს წარმოადგენს ნორმის არაკონსტიტუციურობისათვის, რადგან ეწინააღმდეგება 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების ფორმალურ მოთხოვნას უფლების კანონისმიერად შეზღუდვის შესახებ, რომელიც მოსარჩელის მითითებით, დაზუსტებულია და განვრცობილია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „კანონის ხარისხის“ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

12. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი დამატებით აღნიშნავს, რომ ბრალდებულისთვის, ზოგადად, გარკვეული თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება დასაშვებია, როცა ამის საჭიროება არსებობს. კერძოდ, როცა არსებობს ობიექტური მიზანი და ეს გულისხმობს მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლის თავიდან აცილებას.

13. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება არ წარმოადგენს ყველაზე ნაკლებ შემზღუდავ ღონისძიებას და უფრო ნაკლებშემზღუდველი დებულებით შესაძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა ბლანკეტური აკრძალვა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული ავტომატურად კარგავს საჯარო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობას. სახალხო დამცველის განმარტებით, საქართველოს ადრე მოქმედი და დღევანდელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა შესაძლებლობას, რომ სასამართლოს მიერ მოხდეს ბრალდებულის თანამდებობიდან დროებით გათავისუფლება ან გადაყენება, რათა მან ხელი არ შეუშალოს მართლმსაჯულების ინტერესების აღსრულებას. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე, 162-ე მუხლების მიხედვით, დადგენილია სწორედ აღნიშნული საპროცესო მოქმედება. მისი საშუალებით შესაძლებელია შესაბამისი პირისთვის საქმიანობის აკრძალვა კანონით დადგენილი წესით. სხვა შემთხვევაში, მოსარჩელის აზრით, ბრალდებულ პირს მხოლოდ მაშინ უნდა შეეზღუდოს თანამდებობის დაკავების უფლება, როცა, მაგალითად, იგი დაპატიმრებულია, რადგან ამ შემთხვევაში თავად საჯარო სამსახურის ინტერესები მოითხოვენ აღნიშნულს, იქიდან გამომდინარე, რომ პირი ვერ შეასრულებს მისთვის დაკისრებულ უფლებამოსილებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ასკვნის, რომ კანონმდებლობაში არსებული ნაკლებშემზღუდველი ღონისძიებებით შეიძლებოდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევა.

14. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების შეზღუდვის ინტენსივობა. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ვადის ხანგრძლივობა ბრალდებულის კონტროლს მიღმა არსებობს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ, არა უმეტეს, შესაბამისი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს უვადოდ და ზოგიერთ შემთხვევაში უსასრულოდ, რადგან ზოგიერთი კატეგორიის დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცებით, შესაძლებელია, ბრალდებულ პირს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებული უფლება განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდოს.

15. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ ორ შემთხვევაში წარმოადგენს პირის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, კერძოდ, როდესაც ეს უკანასკნელი მსჯავრდებულია განზრახი დანაშაულისათვის ან დაეკისრა ისეთი სასჯელი, რომელიც გამორიცხავს სამსახურის გაგრძელებას. აღნიშნულზე დაყრდნობით, მოსარჩელისთვის გაუმართლებელია ბრალდებულის მიმართ დადგენილი საჯარო სამსახურის დაკავების ბლანკეტური შეზღუდვა, მაშინ როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებული პირისთვის ნებადართულია, გააგრძელოს მუშაობა უკვე დაკავებულ თანამდებობაზე.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს.

17. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ კერძო სექტორისაგან განსხვავებით, კანონმდებელს, საჯარო სფეროსთან მიმართებით, მოეთხოვება გაცილებით მაღალი მოთხოვნებისა და სტანდარტების დაწესება. ამასთან, ბრალდებული არის პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, სწორედ საჯარო სექტორის ფუნქციების, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა გამართლებულია საჯარო სამსახურის მიზნებით.

18. მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტერმინში „გამოძიების ქვეშ“ მოიაზრება მხოლოდ ბრალდებული. მოპასუხე მხარე სადავო ნორმის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ის არის საკმარისად განჭვრეტადი და პრაქტიკაში მისი შესაძლო არასწორი გამოყენება ვერ აქცევს მას არაკონსტიტუციურად.

19. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ემსახურება ორი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას - საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფასა და გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენის თავიდან აცილებას.

20. მოპასუხის აზრით, საჯარო სამსახურის სფეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საჯარო მოსამსახურეს თანამდებობა ეკავოს სტაბილურად. სადავო ნორმის ქვეშ მოაზრებულ პირებთან მიმართებით კი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მათ მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, რაც მოხელეთა გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.

21. მოპასუხე მხარის აზრით, მაშინაც კი, როდესაც პირს ბრალი ედება იმგვარი დანაშაულის ჩადენაში, რომლის დადასტურების შემთხვევაში არ იქმნება მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, საჯარო სამსახურის სტაბილურობის ინტერესის დაცვის საჭიროება მაინც არსებობს, ვინაიდან შეიძლება შეიცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია.

22. მოსარჩელე განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებით, ბრალდებულმა შეიძლება ხელი შეუშალოს ეფექტური გამოძიების წარმოებას, გაანადგუროს მტკიცებულებები და გამოიყენოს თანამდებობრივი ზეგავლენა. მოპასუხის განმარტებით, დანაშაულის გამოძიება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა და აღნიშნული ინტერესის დაცვის მიზით, კანონმდებელი უფლებამოსილია, დააწესოს გარკვეული შეზღუდვები საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებაზე.

23. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები სრულად აკმაყოფილებს საქართველის კონსტიტუციის 29-ე მუხლში ჩარევის კონსტიტუციურ სტანდარტს.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

 

1. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „დემოკრატია, უშუალო გაგებით, გულისხმობს რა ხალხის მმართველობას, შესაბამისად, ის, თავისთავად, გულისხმობს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების როგორც ფორმირებაში, ისე განხორციელებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). სახელმწიფო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება არის შრომითი ურთიერთობის სპეციფიკური სახე, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს პროფესიული თვითრეალიზების ერთ-ერთ საშუალებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქისთვის უზრუნველყოფს შესაძლებლობას, უშუალოდ ჩაერთოს სახელმწიფოს მმართველობით საქმიანობაში, რაც, მათ შორის, მოიცავს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებასა და აღსრულებას სახელმწიფოს სახელით. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ უფლებრივ გამოხატულებას წარმოადგენს, რომელიც „განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, კონსტიტუციის აღნიშნული დებულება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის N1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი მოიცავს, მათ შორის, პირის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა. სადავო ნორმა კრძალავს „გამოძიების ქვეშ მყოფი“ პირების საჯარო სამსახურში მიღებას, შესაბამისად, იგი კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული უფლების შეზღუდვას განაპირობებს.

3. სახელმწიფო უფლებამოსილია, დაადგინოს საჯარო სამსახურში საქმიანობის პირობები, რაც შეიძლება მოიცავდეს თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვას, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული უფლების დაცულ სფეროში ნებისმიერი ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს. სადავო ნორმით დადგენილი უფლების შეზღუდვის სიმძიმე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა კატეგორიის ადამიანებს, რა კრიტერიუმეზე დაყრდნობით და რა ინტენსივობით ერთმევათ საჯარო სამსახურში საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორად შეფასებისთვის აუცილებელია, დადგინდეს, უფლების შეზღუდვის მოცულობა და განისაზღვროს პირთა წრე, რომელსაც ეკრძალება სახელმწიფო თანამდებობის დაკავება.

4. საქართველოს კანონმდებლობა არ განმარტავს გამოძიების ქვეშ მყოფი პირის ცნებას, ხოლო სწორი სამართლებრივი ინტერპრეტაცია მოითხოვს ნორმის არსის და მიზნის დადგენას. შესაბამისად, სადავო ნორმის შინაარსი უნდა განისაზღვროს მისი სიტყვასიტყვითი და სისტემური ანალიზით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონისა და ზოგადად, საგამოძიებო პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობის კონტექსტში. „... სადავო ნორმა არ [უნდა] იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება N2/2-389 საქმეზე «საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ», II-6).

5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, რომელიც იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში. კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ სიტყვები „გამოძიების ქვეშ ან“. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვის ქვეშ არ ექცევიან დაპატიმრებული პირები. ამიტომ, განსახილველი საქმის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაფასებს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულებისთვის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობას.

6. მოსარჩელის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს დანაშაულებრივი ფაქტის და არა პიროვნების მიმართ. კონკრეტული იდენტიფიცირებული პირის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (შემდგომში - სსსკ) ითვალისწინებს არა გამოძიების, არამედ სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოებას. შესაბამისად, სადავო ნორმა ზედმეტად ბუნდოვანია და ქმნის საჯარო სამსახურში დასაქმების შეზღუდვის შესაძლებლობას არა მხოლოდ ბრალდებული პირებისთვის, არამედ სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეებისათვის (მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი და ა.შ). მოსარჩელე მხარის მტკიცებით, აღნიშნული რეგულაცია წარმოადგენს გააზრებული საკანონმდებლო საქმიანობის შედეგს (და არა საკანონმდებლო ხარვეზს), ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღების (2009 წლის 9 ოქტომბრის) შემდეგ შესაბამისი ცვლილებები შევიდა სადავო ნორმაში, თუმცა კანონმდებელმა ფორმულირება არ დაავიწროვა „ბრალდებულის“ სინონიმამდე.

7. მოპასუხე მხარე დაეთანხმა მოსარჩელეს, რომ ტერმინი არ წარმოადგენს საკანონმდებლო ხარვეზს, თუმცა, მისი აზრით, „გამოძიების ქვეშ მყოფ“ პირებში მოიაზრებიან მხოლოდ ბრალდებულად ცნობილი პირები.

8. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-19 ნაწილის მიხედვით, ბრალდებულად მიიჩნევა „პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული“, ხოლო ამავე კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. დასაბუთებული ვარაუდი საკმარისია სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, თუმცა სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია უფრო მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილება, ანუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. პირის ბრალდებულად ცნობის შემდეგ, მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს მტკიცებულებათა შეგროვება. შესაბამისად, ტერმინი „იმყოფება გამოძიების ქვეშ“ უდავოდ მოიაზრებს ბრალდებულ პირებს. ამავე დროს მნიშვნელოვანია გადამოწმდეს, რამდენად სწორია მოპასუხის პოზიცია, რომლის თანახმად,, ტერმინი „იმყოფება გამოძიების ქვეშ“ გულისხმობს მხოლოდ ბრალდებულ პირებს.

9. 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა (სსმ, 31, 03/11/2009) ჩაანაცვლა საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (საქართველოს პარლამეტის უწყებები 13-14, 20/03/1998). ამ უკანასკნელის მოქმედების პერიოდში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურში არ მიიღებოდა პირი, რომელიც იმყოფებოდა „წინასწარი გამოძიების ქვეშ“. ტერმინი „წინასწარი გამოძიება“ წარმოადგენდა 1998 წლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ინსტიტუტს. 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იცნობს არა „წინასწარი გამოძიების“ ცნებას, არამედ „გამოძიებას“, ამიტომ აღნიშნული აქტის მიღების შემდეგ, „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (სსმ, 51, 29/09/2010) 32-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში“. აღნიშნული ცვლილების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2010 წლის პირველი ოქტომბერი. იგი ემთხვევა 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედების თარიღს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში ცვლილება სწორედ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედების გამო შევიდა. კანონმდებელმა საჯარო სამსახურში მიღების აკრძალვა დაადგინა გამოძიების ქვეშ მყოფ პირთან და არა ბრალდებულებთან მიმართებით. შესაბამისად, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სადავო ნორმაში მოცემული გამოძიების ქვეშ მყოფი პირი და ბრალდებული ერთი და იმავე შინაარსის მქონე ტერმინებად უნდა იქნეს განხილული. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის დადგენა, ბრალდებულის გარდა კიდევ ვინ მოიაზრება გამოძიების ქვეშ მყოფ პირად, უნდა მოხდეს სსსკ-ის შესაბამისი ნორმების ანალიზის შედეგად.

10. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გამოძიება არის „უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება“. ამავე კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლებიდან გამომდინარე, გამოძიება იწყება საგამოძიებო ორგანოს მიერ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ. შესაბამისად, გამოძიების წარმოებისთვის საჭიროა არსებობოდეს დანაშაულის ფაქტი ან/და ინფორმაცია ასეთი ფაქტის შესახებ, ხოლო გამოძიება გულისხმობს ამ ფაქტთან დაკავშირებით მტკიცებულებების შეგროვებას. გამოძიების მიზანს წარმოადგენს სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება, კონკრეტული პირის მიმართ სათანადო (დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი) მტკიცებულებების შეგროვება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის. გამოძიებისას და სისხლისსამართლებრივი დევნისას, სხვადასხვა საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას შეიძლება გამოიკვეთონ პირები, რომლებთან მიმართებითაც საგამოძიებო ორგანოს შეიძლება გააჩნდეს დანაშაულის შესაძლო ჩადენის ეჭვი (თუმცა არა დასაბუთებული ვარაუდი). შესაძლოა, ასევე არსებობდეს აღნიშნული ეჭვის გამამყარებელი გარკვეული მტკიცებულებები და გამოძიების ორგანომ აღნიშნული ეჭვის გადამოწმებისათვის განახორციელოს რიგი საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის რეგულირების სფეროში ბრალდებულის გარდა შეიძლება მოექცნენ სხვა პირებიც, რომელთა მიმართაც ხორციელდება გარკვეული საგამოძიებო მოქმედება დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ ეჭვის არსებობის გამო. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმის გონივრული განმარტების პირობებში დადგენილი აკძალვა შეიძლება გავრცელდეს არა მხოლოდ ბრალდებულებზე, არამედ სხვა პირებზეც, რომლებსაც, მართალია, არ გააჩნიათ ბრალდებულის სტატუსი, მაგრამ მათთან დაკავშირებით გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, მათ შორის, გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული ნორმატიული შინაარსი.

11. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი საქართველოს კონსტიტუციური წესწყობილების განუყოფელი ნაწილია, რაც „სახელმწიფო ხელისუფლების, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების მოქმედებას მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18). სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარეშე, რაც, თავის მხრივ, ემყარება ადამიანის ბუნებითი თავისუფლების იდეას და დაუშვებელია მისი თვითნებური შეზღუდვა. ნებისმიერი უფლებაშემზღუდველი ქმედება და აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ანალოგიურად, კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების რეალიზაციას, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

12. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად იცავს სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ უფლების შეზღუდვის მატერიალურ სტანდარტს, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სადავო აქტის მიზნის დადგენას. სახელმწიფოს ევალება დაასაბუთოს, რომ უფლების მზღუდავი ნორმა ემსახურება ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლობის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II-9). „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-15).

13. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს, კერძოდ, გამოძიების ქვეშ მყოფმა პირმა შეიძლება ხელი შეუშალოს გამოძიებას, ბოროტად გამოიყენოს თანამდებობა, ზეგავლენა მოახდინოს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესზე. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი აგრეთვე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მიზანს წარმოადგენს საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა. კერძოდ, საჯარო სამსახურში თანამშრომელთა სწრაფი ცვლის თავიდან აცილება, რაც ხელს უწყობს საჯარო სამსახურის ჯეროვან ფუნქციონირებას. ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის მტკიცება ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ლეგიტიმურ მიზანს ემყარება, სასამართლო თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით, ცალ-ცალე შეაფასებს თითოეული მათგანის და სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის კავშირს.

14. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელება წარმოუდგენელი იქნებოდა ჯეროვანი გამოძიების გარეშე. საგამოძიებო ორგანოებს არ უნდა შეექმნათ გაუმართლებელი დაბრკოლებები მტკიცებულებათა მოძიების პროცესში. „ეჭვგარეშეა, რომ დანაშაულთან ეფექტური ბრძოლა და მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შეუფერხებელი განხორციელება, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა და დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა უმნიშვნელოვანესი საჯარო ინტერესებია“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის N3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.26)

15. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს კავშირი დასაკავებელ თანამდებობას და პირის მიმართ მიმდინარე გამოძიებას შორის, პირს შეიძლება გააჩნდეს გამოძიებაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა, თუ მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება დაკავშირებულია მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებასთან. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ შემთხვევაში ჯეროვანი გამოძიების წარმოებისთვის აუცილებელიც კი იყოს პირის კონკრეტული თანამდებობიდან ჩამოშორება, თანამდებობის დაკავების უფლების თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეზღუდვა.

16. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიებაზე ზემოქმედების რისკის გამო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შედეგად. კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა დადგინდეს ობიექტური შინაარსობრივი კავშირი დასაკავებელ თანამდებობასა და პირისთვის შერაცხულ ქმედებას შორის. აგრეთვე უნდა არსებობდეს გარემოებები, რომელიც მიუთითებს პირის მიერ მტკიცებულებათა განადგურების ან/და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის რეალურობაზე.

17. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმა თანამდებობის დაკავების შეზღუდვას უკავშირებს არა გამოძიების ხელშეშლის კონკრეტული საფრთხის არსებობას, არამედ ბლანკეტურად ადგენს შეზღუდვას გამოძების ქვეშ მყოფი ყველა პირის მიმართ. პირის სამსახურებრივ საქმიანობას შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს კავშირი დანაშაულის გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესთან, მისი ფუნქციონალური დატვირთვა არ იძლეოდეს საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების /დოკუმენტებისადმი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას ან სამსახურებრივი იერარქიიდან, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებიდან და თანამშრომლებთა ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხავდეს მოწმეებზე ზემოქმედების საფრხთის რეალურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილია უფრო ფართო შეზღუდვა, ვიდრე ეს საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, კრძალავს თანამდებობის დაკავებას მაშინაც, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი ამას არ მოითხოვს. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების ხელშეშლის აღკვეთის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს.

18. მოპასუხე ასევე მიუთითებს გამოძიების ქვეშ მყოფი პირის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის საფრთხეზე, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლიდან გამომდინარე, მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ პირებთან მიმართებით არსებობს საფრთხე, რომ კანონის საფუძველზე სავალდებულო გახდება მათი სამსახურიდან გათავისუფლება. აღნიშნულის მიხედვით, მოპასუხე მხარე მიჩნევს, რომ საჯარო სამსახურის სტაბილურობის მიზნიდან გამომდინარე, გამოძიების ქვეშ მყოფი პირები არ უნდა დაინიშნონ საჯარო სამსახურში.

19. საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს საჯარო სამსახურში კადრების სტაბილურობის მნიშვნელობას, თუმცა ამავე დროს განმარტავს, რომ კადრების სტაბილურობა არ არის თვითმიზანი და იგი თავისთავად არ მოიაზრებს საჯარო სამსახურის ეფექტიანობის და კომპეტენტურობის ზრდას. კადრების სტაბილურობა ხელს უწყობს საჯარო სამსახურში პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის ამაღლებას, მაგრამ სტაბილურობა თავისთავად არ გულისხმობს ეფექტიანობას ან გაწეული მომსახურების ხარისხს. შესრულებული სამუშაოს ხარისხი, პირველ რიგში, უკავშირდება მოხელის განათლებას, მის პიროვნულ მახასიათებლებს, ნაკისრი მოვალეობისადმი კეთილსინდისიერ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, კარიერული ზრდის მოტივაციას და ა.შ.

20. როგორც წესი, სამუშაო გამოცდილება ხელს უწყობს მოხელის პროფესიონალიზმის ზრდას და შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობას, ცალკეულ შემთხვევაში საჯარო სამსახურში დასაქმებული ნაკლები სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი, მისი განათლების და სხვა პროფესიული უნარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია აღემატებოდეს ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების, მაგრამ ნაკლები განათლებისა და უნარების მქონე თანამშრომლის მიერ შესრულებულ სამუშაოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო a priori კონსტიტუციურად ვერ მიიჩნევს ნორმას, რომელიც საჯარო სამსახურში კადრების სტაბილურობის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. უნდა შეფასდეს, რამდენად სამართლიანია სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების პირობა და რამდენად უზრუნველყოფს ყველაზე შესაფერისი პირის მიერ თანამდებობის დაკავებას, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს საჯარო სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირების წინა პირობას.

21.  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამავე კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა“. ამავე კანონის 33-ე და 34-ე მუხლების და 361 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც, მათ შორის, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს ამბობს კანდიდატის წამოყენებაზე.

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კონკურსის შედეგად თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტად აკმაყოფილებს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად არსებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მსგავსი პრეზუმფცია მოქმედებს პირის თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დანიშვნის შემთხვევაშიც. ის, რომ ვაკანტურ თანამდებობა უნდა დაინიშნოს ის პირი, რომელსაც სხვა მსურველეთან შედარებით, გააჩნია მეტი პროფესიული გამოცდილება/კვალიფიკაცია ან/და შესაბამისი თანამდებობისათვის მნიშვნელოვანი სპეციფიკური უნარები წარმოადგენს კანონის მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ფაქტობრივად კრძალავს იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნას, რომელიც სხვა კანდიდატებზე უფრო მეტად კვალიფიციურია, ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს, სხვა კანდიდატებზე მეტად გაჩნია საჭირო უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება, თუმცა გამოძიების ქვეშაა.

23. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი სახელმწიფო თანამდებობა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მოითხოვდეს თანამშრომლის გრძელვადიანად დანიშვნის აუცილებლობას. ასეთ პირობებში თანამშრომლის შესაძლებლობა, ხანგრძლივი ვადით გარანტირებულად შეეძლოს საჯარო მოსამსახურის ფუნქციების შესრულება, შეიძლება წარმოადგენდეს კონკრეტული ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების აუცილებელ წინა პირობას/მოთხოვნას. ამ პირობებში გამოძიების ქვეშ მყოფი პირის სამსახურში არმიღება შესაძლოა გამართლებულიც იყოს. თუმცა აღნიშნული უნდა გამომდინარეობდეს თავად კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის თავისებურებიდან/სპეციფიკიდან და უკავშირდებოდეს ობიექტურ საჭიროებას.

24. სადავო ნორმა არ ტოვებს თავისუფალი მოქმედების ფარგლებს. დაპირისპირებულ ინტერესებს შორის იგი უპირობო უპირატესობას ანიჭებს საჯარო სამსახურის სტაბილურობას. კერძოდ, სადავო ნორმა ზოგად შეზღუდვას ადგენს და კრძალავს გამოძიების ქვეშ მყოფი ნებისმიერი პირის ნებისმიერ საჯარო სამსახურში მიღებას. პირებისთვის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება იზღუდება გამოძიების მთელი ხანგრძლივობით, რაც შესაძლებელია აღემატებოდეს რამდენიმე თვეს/წელს. გამოძიების ქვეშ მყოფი პირის დანიშვნა იკრძალება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საკონკურსო კომისიის ან/და თანამდებობაზე დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის აზრით, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის, კანდიდატის პროფესიული უნარების, შესაბამის სფეროში კვალიფიციური კადრების ნაკლებობის ან სხვა მიზეზების გამო, გამოძიების ქვეშ ყოფნა არ წარმოადგენს თანამდებობის დაკავების შემაფერხებელ გარემოებას.

25. თანამდებობაზე დასანიშნი პირების შერჩევასა და დანიშვნაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია, განსაზღვროს საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება, ვაკანტურ თანამდებობაზე განსახორციელებელი ფუნქციების მიზნებისთვის რომელი ინტერესია უფრო ღირებული. საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის კანონიერების საკითხი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადამოწმებადია საერთო სასამართლოების მიერ. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს, რომ თანამდებობის დაკავების უფლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამის საჭიროება რეალურად და ობიექტურად არსებობს და არა ბლანკეტურად, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე.

26. გასათვალისწინებელია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი არ წარმოადგენს გათავისუფლების საფუძველს, თუ პირი დამნაშავედ იქნება ცნობილი გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის და გამოყენებული იქნება სასჯელის ისეთი სახე, რომელიც დაბრკოლებას არ უქმნის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, (მაგალითად, არ უკავშირდება თავისუფლების შეზღუდვას, საქმიანობის ან/და თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვას) გაურკვეველია, რატომ ემსახურება საჯარო სამსახურში კადრების სტაბილურობის მიზანს, გამოძიების ქვეშ მყოფი პირებისთვის თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა, როდესაც პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა არ წარმოადგენს დაკავებული თანამდებობიდან მისი უპირობო გათავისუფლების საფუძველს.

27. ამგვარად, აშკარაა, რომ მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უფლების ნაკლები ინტენსივობით მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც პირისათვის საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების აკრძალვას დაუშვებს კონკრეტულ თანამდებობასთან დაკავშირებული საჭიროებების გათვალისწინებით და არ იქნება ბლანკეტური ხასიათის. სადავო ნორმით დადგენილი ზოგადი შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები „გამოძიების ქვეშ ან“ არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

 

 საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

:

 

1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №572 (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები „გამოძიების ქვეშ ან“ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

2. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

4.  გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.

6. გადაწყვეტილებასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეშიგამოქვეყნდეს 15 დღის ვადაში.

კოლეგიის წევრები :

ზაზა თავაძე

ლალი ფაფიაშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი

ოთარ სიჭინავა