მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4036-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010110020.05.001.017881
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

 სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა არის ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილი და მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ.

ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აბონენტი (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) – მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელსაც შესაბამისი ლიცენზიის მფლობელთან (ლიცენზიატთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების გაწევის თაობაზე;

ბ) მაღალმთიანი რეგიონი – მაღალმთიანი დასახლება;

გ) მაღალმთიანი დასახლება – საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასახლება, რომელიც შეტანილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში;

დ) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;         

ე) მთის განვითარების ეროვნული საბჭო (შემდგომ – საბჭო) – მაღალმთიანი დასახლებების განვითარების, შესაბამისი სამინისტროების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პოლიტიკის შემუშავების მიზნით, ამ კანონის საფუძველზე შექმნილი კოლეგიური სათათბირო ორგანო;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი – მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი;

ზ) ფაქტობრივად ცხოვრება – ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტების ერთობლიობით;

თ) სამედიცინო პერსონალი – მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, ამ კანონით გათვალისწინებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი, ექთანი;

ი) კალენდარული წელი – 12 უწყვეტი კალენდარული თვე.

 

მუხლი 2. მაღალმთიანი დასახლების სტატუსთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება

1. ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.

2. ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა.  

3. დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის ფორმით. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას საბჭოს წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის/მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად საბჭოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შესაბამისი მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

5. ეს კანონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე მაღალმთიან დასახლებებზე გავრცელდება შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.

6. თუ დასახლების ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის მიკუთვნების საკითხის დადგენა შეუძლებელია, დასახლების ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის მიკუთვნების საკითხს საბჭოს წარდგინებით წყვეტს საქართველოს მთავრობა.

 

მუხლი 3. ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება, შეწყვეტა, შეჩერება, აღდგენა

1. ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება.

3. მუნიციპალიტეტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

5. ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;

გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

 6. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უწყდება, თუ:

ა) გარდაიცვალა;

ბ) შეიცვალა რეგისტრაციის მისამართი (გარდა აღნიშნული პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის შემთხვევისა);

გ) დატოვა მაღალმთიანი დასახლება, თუ ეს იწვევს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევას, გარდა ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

7. ფიზიკური პირი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს ინარჩუნებს, თუ მან მაღალმთიანი დასახლება მკურნალობის მიზნით ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის მიზნით, გარკვეული ვადით დატოვა ან თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

8. ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უჩერდება, თუ:

ა) სასამართლომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა;

ბ) მაღალმთიანი დასახლება უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღების მიზნით დატოვა და აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უჩერდება მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლის დღიდან. ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი აღუდგება, თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ 1 თვის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრობდა მაღალმთიან დასახლებაში.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი აღუდგება, თუ სწავლის დასრულების/შეწყვეტის შემდეგ 1 თვის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრობდა მაღალმთიან დასახლებაში.

11. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტის გამოცემის შემდეგ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში.

12. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის შესახებ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად აისახება მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

13. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლით განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი ინფორმაცია მიაწოდონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს.

14. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის, მათ შორის, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის წესი, აგრეთვე აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დამატებით რეგულირებას საჭიროებს, განისაზღვრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2017  წლის 26  ივლისის კანონი №1252 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

 

მუხლი 4. სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სოციალური შეღავათებით.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში შემდეგი სოციალური შეღავათების დაწესებას:

ა) საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ოდენობის გათვალისწინებით, ყოველთვიური დანამატის – სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტის – მიცემას. აღნიშნული დანამატის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებს მიეცემათ ყოველთვიური დანამატი მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20 პროცენტის ოდენობით;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით ყოველთვიური დანამატის მიცემას:

ბ.ა) ექიმისათვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით;

ბ.ბ) ექთნისათვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით;

გ) ზამთრის პერიოდში (შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

დ) აბონენტის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის) მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა;

ე) ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების – არანაკლებ 100 ლარის – მიცემას, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების –  არანაკლებ 200 ლარის – მიცემას;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის – საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის – მიცემას; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის – მიცემას. მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო პროგრამას;

ზ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის, მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის მოსწავლისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით მიცემას. აღნიშნული ვაუჩერის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის მონაწილე მასწავლებლისათვის, რომელიც პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაშია დასაქმებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ან პროგრამის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50 პროცენტის – მიცემას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი არ მიეცემა პირს, რომელიც ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათით სარგებლობს.

3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პროგრამები. აღნიშნული პროგრამები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მიაწოდონ მათთან დაცული ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად.

 

მუხლი 5. საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით.

2. მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან.

3. მეწარმე სუბიექტისთვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო, აგრეთვე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი და პირობები განისაზღვრება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი არ მიენიჭება ან ეს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს:

ა) ლიცენზირებისადმი/ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას;

ბ) მომსახურების (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა) გაწევას;

გ) საქონლით ვაჭრობას, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშავება და მიწოდება.

5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილებით განსაზღვროს ამავე მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ის სახეები, რომლებზედაც აგრეთვე გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი.

 

მუხლი 6. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სტატუსი და შემადგენლობა

1. საბჭო არის ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი კოლეგიური სათათბირო ორგანო. საბჭოს დებულება მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ექსპერტები, მაღალმთიანი რეგიონების ცალკეული წარმომადგენლები: შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერები, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები, შესაბამისი მაჟორიტარული წესით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ნახევარს უნდა შეადგენდნენ მაღალმთიანი რეგიონების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერების, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების და შესაბამისი მაჟორიტარული წესით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების შეყვანის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიაზე მდებარე მაღალმთიანი დასახლებების რაოდენობა.

4. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო.

საქართველოს 2017  წლის 26  ივლისის კანონი №1252 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

 

მუხლი 7. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს უფლებამოსილებანი

1. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით საბჭო:

ა) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას;

ბ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებისაკენ და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისაკენ;

გ) შესაბამის სამინისტროს რეკომენდაციებს აძლევს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამების განხორციელების საკითხებზე;

დ) განიხილავს დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის/მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხს;

ე) საქართველოს მთავრობას მიმართავს დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის/მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან ამოღების წინადადებით;

ვ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, აგრეთვე ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებებით.

 

მუხლი 8. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი

1. საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განისაზღვრება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი (შემდგომ – ფონდი).

2. ფონდის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის დადგენილებების გათვალისწინებით.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის თაობაზე საბჭოს წინადადების საფუძველზე მიმართავს საქართველოს მთავრობას.

 

მუხლი 9. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საქართველოს მთავრობამ:

ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით:

ა.ა) 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცება;

ა.ბ) 2015 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცება;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით, 2015 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და შეჩერების წესის დამტკიცება;

გ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება;

დ) 2016 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად შესაბამისი დადგენილების მიღება.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

ა) 2015 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს:

ა.ა) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების/კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა;

 ა.ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა;

ბ) 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს  მაღალმთიან დასახლებაში მდებარე კერძო სამართლის იურიდიულ პირში – სამედიცინო დაწესებულებაში, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის დანამატის მიცემის თაობაზე შესაბამისი წინადადების მომზადება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ან/და მის სისტემაში შემავალმა ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, 2016–2017 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გასაცემად (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სათანადო სამართლებრივი აქტების/სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, ხოლო 2015 წლის 1 ნოემბრამდე – ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათის გასაცემად სათანადო ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:

ა)  მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება;

ბ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული რეესტრის შექმნა.

5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2015 წლის 20 სექტემბრამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის განსაზღვრისათვის შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.

6. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების მიღება არ არის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახის – საარსებო შემწეობის – გაუქმების საფუძველი და არ ჩაითვლება შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებად.

 

მუხლი 10. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტი

1. 2016 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 8 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ. 121).

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“  საქართველოს კანონის პირველი–მე-5 და მე-7 მუხლები.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტისა და იმავე კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, აგრეთვე ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული (გამოცემული) სხვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტებისათვის მაღალმთიან დასახლებებად ითვლება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული კანონის დანართით განსაზღვრულ ჩამონათვალში აღნიშნული სოფლები, თემები და  დაბები.

 

მუხლი 11. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მე-5 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.

4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

16 ივლისი 2015 წ.

N4036-რს

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.