„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4062-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 02/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010170000.05.001.017888
4062-რს
17/07/2015
ვებგვერდი, 29/07/2015
010170000.05.001.017888
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.016513) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციას და თავშესაფრის მაძიებლის ანკეტირებას;

გ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემას;

დ) განცხადების განხილვას და პირისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;“.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაცია და თავშესაფრის მაძიებლის ანკეტირება

1. სამინისტრო პირს განცხადების შეტანისთანავე არეგისტრირებს თავშესაფრის მაძიებლად და თავშესაფრის მაძიებელსა და მისი ოჯახის წევრებზე გასცემს თავშესაფრის მაძიებლის ცნობას. არასრულწლოვნის ცნობა მის კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა.

2. განცხადების შეტანიდან 10 დღის ვადაში სამინისტრო ატარებს თავშესაფრის მაძიებლის ანკეტირებას დადგენილი კითხვარის მიხედვით. თავშესაფრის მაძიებელს ანკეტირების თარიღის შესახებ განცხადების შეტანის დღეს ეცნობება.

3. პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაცია არის თავშესაფრის მაძიებლისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლებების მინიჭებისა და მოვალეობების დაკისრების საფუძველი.

4. თავშესაფრის მაძიებელზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1 წლის ვადით გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა.“.

3. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-14 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო განცხადებას განიხილავს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში. სამინისტრომ განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გააგრძელოს არაუმეტეს 3 თვისა, რის შესახებაც თავშესაფრის მაძიებელს წერილობით ეცნობება.“.

5. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) სამინისტროს თხოვნის საფუძველზე ეხმარება მას თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში და სტატუსის განსაზღვრისას მოწოდებული ფაქტების შემოწმებაში, აგრეთვე აწვდის ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე;

ბ) სამინისტროს 2 კვირის ვადაში აცნობებს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოში დანაშაულის ჩადენის შესახებ;

გ) დადგენილი წესებისა და პროცედურების თანახმად ამოწმებს თავშესაფრის მაძიებლის საბუთებს საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე;

დ) განცხადებას სასაზღვრო ან საპატრულო პოლიციის ტერიტორიული ორგანოს ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფის მიერ მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა უგზავნის სამინისტროს;

ე) სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწყებს იმ პირის გაძევების პროცედურას, რომელსაც შეუწყდა ან გაუუქმდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი ან/და უარი ეთქვა თავშესაფრის მინიჭებაზე საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს თხოვნის საფუძველზე ეხმარება მას თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში და სტატუსის განსაზღვრისას მოწოდებული ფაქტების შემოწმებაში, აგრეთვე აწვდის ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროება გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ თავშესაფრის მაძიებელს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს კავშირი აქვს:

ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;

ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;

გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;

დ) სხვა დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან) ან/და შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 2 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 ივლისი 2015 წ.

N4062-რს