დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 348 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.018733 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/07/2015 - 18/01/2016)
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს თანდართული ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების: ა) ცხოველების თურქულთან ბრძოლის პროფილაქტიკურ - საკარანტინო წესი (დანართი №1); ბ) ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი (დანართი №2); გ) ცხოველების ბრუცელოზთან ბრძოლის პროფილაქტიკურ - საკარანტინო წესი (დანართი №3); დ) ცხოველების ტუბერკულოზთან ბრძოლის პროფილაქტიკურ - საკარანტინო წესი (დანართი №4); ე) ცხოველების ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ - საკარანტინო წესი (დანართი №5); ვ) ღორის კლასიკურ ჭირთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი (დანართი №6); ზ) ღორის აფრიკულ ჭირთან (ცხელებასთან) ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი (დანართი №7); თ) ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი (დანართი №8). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,,ტექნიკური რეგლამენტის - „ცხოველთა საკარანტინო წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №420 დადგენილება; ბ) „საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა” და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის №2-217 ბრძანება. |
მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ღორის აფრიკულ ჭირთან (ცხელებასთან) ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ (დანართი №7) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ღორის აფრიკულ ჭირთან (ცხელებასთან) ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ (დანართი №7) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
ცხოველების თურქულთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო
წესი |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. თურქული შინაური და გარეული წყვილჩლიქიანი ცხოველების ინფექციური მაღალ კონტაგიოზური, მწვავედ მიმდინარე, სწრაფად გავრცელებადი ვირუსული დაავადებაა. 2. ინფექციის აღმძღვრელის წყაროს წარმოადგენენ თურქულით დაავადებული ცხოველები, მათ შორის, ინკუბაციურ (ფარულ) პერიოდში მყოფი ცხოველები, ასეთი ცხოველები გამოყოფენ ვირუსს გარემოში აფთის შიგთავსით და აფთის ნაწილებით, რძით, ნერწყვით, შარდით, ფეკალური მასით, სპერმით, ამოსუნთქული ჰაერით და სხვა გამონაყოფებით. თურქულზე დიაგნოზს სვამენ ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური, პათოლოგ-ანატომიური მონაცემებით და აუცილებელი ლაბორატორიული გამოკვლევის დადებითი შედეგებით. 3. თურქულის საწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზების დროს განსაზღვრული უნდა იქნეს თურქულის ეპიზოოტიური კერა, არაკეთილსაიმედო პუნქტი და საშიში ბუფერული ზონა, რომელთა საზღვრებს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) ეკოლოგიური, გეოგრაფიული და სხვა პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. 4. თურქულთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ეპიზოოტიური კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც იმყოფება ინფექციის აღმძვრელის ერთი ან რამდენიმე წყარო; ბ) არაკეთილსაიმედო პუნქტი - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან ფერმა, რომლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ერთი ან მეტი ეპიზოოტიური კერა; გ) არაკეთილსაიმედო კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, სადაც ადრე დაფიქსირებული იყო დაავადება; დ) არაკეთილსაიმედო ტერიტორია - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 10-კილომეტრიან რადიუსს; ე) საშიში ბუფერული ზონა - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 3 კილომეტრიან რადიუსს; ვ) დეზინფექცია - მიკროორგანიზმების განადგურების ან რაოდენობის შემცირების ღონისძიება; ზ) ფერმერული მეურნეობა - ობიექტი სადაც ხდება ცხოველების მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროებით; თ) ეგზოტიკური დაავადება – ინფექციური ან ინვაზიური დაავადება, რომელიც მოცემულ ადგილზე არასდროს არ აღინიშნებოდა ან არ აღინიშნებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი დროის მანძილზე და შემოტანილია სხვა ქვეყნიდან; ი) არაეგზოტიკური დაავადება - ინფექციური ან ინვაზიური დაავადება, რომელიც ქვეყანაში ცირკულირებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიაზე თურქულის შემოჭრის საწინააღმდეგო ღონისძიებები 1. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების შემოყვანა და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების შემოტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად. 2. შემოყვანილი ცხოველების დაავადების ან დაავადების მოხდის დადგენის შემთხვევაში, შემოყვანილი ცხოველების მთელი სულადობა ექვემდებარება ლიკვიდაციას შესაბამისი წესებისა და მეთოდების დაცვით. 3. პროფილაქტიკის მიზნით ტარდება დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია სააგენტოს მიერ დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ვაქცინის ინსტრუქციის შესაბამისად. მუხლი 4. ღონისძიებები ცხოველების თურქულით დაავადებაზე ეჭვის მიტანის და დადგენის შემთხვევაში 1. ცხოველების თურქულით დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ცხოველების მფლობელები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს. 2. სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია შეზღუდოს არაკეთილსაიმედო კერიდან (ფერმიდან, ეზოდან) ცხოველების გაყვანა, რძის, ხორცის და ხორცპროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის და ცხოველური საკვების გატანა. ამავე დროს ჩაატაროს ეპიზოოტიური ანალიზი თურქულის ინფექციის წყაროს და ვირუსის შემოტანის, შემოჭრის გზების დასადგენად, დააზუსტოს თურქულის ეპიზოოტიური კერის, არაკეთილსაიმედო პუნქტის და საშიში ბუფერული ზონის საზღვრები და განათავსოს შესაბამისი წარწერა, განსაზღვროს ცხოველური პროდუქტების შენახვის და გადამუშავების წესი უშუალოდ არაკეთილსაიმედო კერაში და განახორციელოს კონტროლი დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვების შესრულებაზე. 3. თურქულის დადგენისას სააგენტო სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს წარუდგენს მოთხოვნას არაკეთილსაიმედო კერაში კარანტინის დაწესების შესახებ. 4. საკარანტინო ზონაში აკრძალულია: ა) ყველა სახის ცხოველის გადაადგილება სახელმწიფო ვეტერინართან შეთანხმების გარეშე; ბ) ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ცხოველის საკვების და სპერმის, ასევე სათანადო დამუშავების გარეშე სხვადასხვა მატერიალური საშუალებების დამზადება და გამოტანა; გ) რძისა და რძის ნაწარმის გატანა გაუვნებლობის გარეშე; დ) ტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა შესაბამისი დეზინფექციის გარეშე. 5. სააგენტო თურქულის გაჩენის შესახებ შეტყობინების მიღებისას დაუყონებლივ აცნობებს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE), მეზობელი ქვეყნის შესაბამის სამსახურს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. მუხლი 5. თურქულზე არაკეთილსაიმედო კერების ლიკვიდაციის მეთოდები თურქულზე არაკეთილსაიმედო კერების ლიკვიდაციის მეთოდებია: ა) თურქულის ეგზოტიკური ტიპის ვირუსით გამოწვეული კერის გამოვლენის დროს კერაში მყოფი ავადმყოფი და კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველების, რომელიც ავადმყოფ ცხოველებთან უშუალო კონტაქტში იმყოფებოდნენ, განადგურება და მათი ლეშის დაწვა; ბ) თურქულის არაეგზოტიკური დაავადების დადასტურების დროს, სააგენტოს გადაწყვეტილებით დაავადებული ცხოველების ცალკე ჯგუფებად შენახვა ბოლო კლინიკური გამოჯანმრთელებიდან 21 დღის განმავლობაში; გ) თურქულის ვირუსით დაინფიცირებული პროდუქტების და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, რძის, ტყავნედლეულის, მატყლის და სხვა დამამზადებელ საწარმოებში შეტანის შემთხვევაში საწარმოს საკარანტინო პუნქტად გამოცხადება. საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია სასწრაფოდ მიიღოს ზომები ინფექციის აღმძვრელის გავრცელების აღსაკვეთად. კარანტინის ვადად განისაზღვრება ყველა შემოსული ნედლეულის გადამუშავების, ტერიტორიის შენობის, მოწყობილობის და სხვა საგნების გაუვნებლებისათვის საჭირო დრო. მუხლი 6. ღონისძიებები თურქულის არაკეთილსაიმედო პუნქტში და ეპიზოოტიის კერაში 1. თურქულზე არაკეთილსაიმედო პუნქტში, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის გადაწყვეტილებით, კარანტინის პერიოდში ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: ა) იკეტება არაკეთილსაიმედო პუნქტიდან გამომავალი ყველა გზა (ბილიკი) და იწყობა საჭირო რაოდენობით საკარანტინო საგუშაგოები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა და სახელმწიფო ვეტერინართა სადღეღამისო მორიგეობით. გამომავალ გზებზე კეთდება შესაბამისი წარწერა (საგზაო ნიშნებით) „კარანტინია”, „შესვლა აკრძალულია”, „ასაქცევი გზა”, კეთდება „შლაგბაუმები”, ეწყობა სადეზინფექციო ბარიერები; ბ) ყველა ცხოველი გადაჰყავთ ბაგურ შენახვაზე ან სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ საძოვარზე და ცხოველის მფლობელი უზრუნველყოფს საკარანტინო მოთხოვნების შესრულებას; გ) არაკეთილსაიმედო პუნქტში დაავადების ამთვისებელი ყველა კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველი (მსხვილფეხა, წვრილფეხა) იცრება თურქულის საწინააღმდეგოდ შესაბამისი ვაქცინის გამოყენებით; დ) სადგომების დეზინფექციას, ასევე სპეცტანსაცმლის, მოვლის საგნების, სატრანსპორტო საშუალებების და სხვა საგნების დამუშავებას ინსტრუქციის შესაბამისად; ე) არ დაიშვება ცხოველების, მათ შორის, ძაღლების, კატების და ფრინველების უმეთვალყურეოდ დატოვება; ვ) ცხოველთა სადგომების შესასვლელებში, პირუტყვის მფლობელის ეზოში, ასევე ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოების შესასვლელში აწყობენ სადეზინფექციო ხსნარით გაჟღენთილ სადეზინფექციო ბარიერებს ტრანსპორტის და ფეხსაცმლის სადეზინფექციოდ. 2. ეპიზოოტიის კერაში ტარდება შემდეგი ღონისძიებები: ა) კერის ტერიტორია უნდა შემოიღობოს და საკარანტინო გამშვებ პუნქტებზე დაწესდეს სადღეღამისო მორიგეობა, პუნქტს უზრუნველყოფენ დეზინფექტანტითა და სადეზინფექციო დანადგარით; ბ) კერის ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ცხოველების მომსახურებისა და სხვა სამუშაოების ჩასატარებლად მუდმივი ტრანსპორტით კერიდან გამოუსვლელად, კერაში საკვების და სხვა აუცილებელი მასალების შესატანად კერის შესასვლელში უნდა მოეწყოს გადასაცემი მოედანი, სადაც გარედან მიიტანენ ტვირთს ცალკე ტრანსპორტით. კერის ტერიტორიაზე მყოფი ცხოველები უნდა იმყოფებოდნენ შენობაში ან ბაკში. დაუშვებელია ცხოველების გადაჯგუფება, ასევე კერის საზღვრებს გარეთ გაყვანა; გ) კერაში მომუშავე პირები უზრუნველყოფილი უნდა იქნენ სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ორი კომპლექტით, პირსახოცით, საპნით, ხელის სადეზინფექციო ნივთიერებით, ასევე პირველადი დახმარების სამედიცინო აფთიაქით. დაუშვებელია კერიდან ინვენტარის, მოწყობილობის, პროდუქტების, ფურაჟის და სხვა ყოველგვარი საგნების გამოტანა; დ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითების საფუძველზე, მფლობელის მიერ უნდა ჩატარდეს პირუტყვის სადგომის, მოვლის საგნების, მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებათა, მეცხოველეობის ობიექტების, შენობის და ფერმის ტერიტორიის დეზინფექცია; ე) რძე, მიღებული თურქულის კერაში მყოფი ფურებისაგან, უნდა გაუვნებლდეს ადგილზე ადუღებით, მიეცეს კერაში მყოფ ცხოველებს ან მოხდეს მისი განადგურება. მუხლი 7. ღონისძიებები საშიშ ბუფერულ ზონაში 1. საშიშ ბუფერულ ზონაში ტარდება შემდეგი ღონისძიებები: ა) ცხოველები გადაჰყავთ ბაგურ შენახვაზე. მომთაბარე მეცხოველეობის რაიონებში არაკეთილსაიმედო ტერიტორიის საზღვარზე აწესებენ 10-15 კილომეტრის რადიუსის ფარგლებში თურქულის ამთვისებელ ცხოველებისაგან თავისუფალ ტერიტორიას; ბ) სააგენტოს მიერ ხორციელდება დაავადებაზე ზედამხედველობის განხორციელებაზე, ვეტერინარულ-პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და წესების შესრულებაზე კონტროლი; გ) აღრიცხვაზე აჰყავთ თურქულის ყველა ამთვისებელი ცხოველი და ცრიან მათ თურქულის საწინააღმდეგოდ შესაბამისი ტიპის ვაქცინით. ახლად შეყვანილ ცხოველებს ათავსებენ 30-დღიან კარანტინში და ცრიან თურქულის საწინააღმდეგოდ. აცრიდან 21 დღის შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 30-დღიანი კარანტინის დამთავრებისა, გადაჰყავთ საერთო სადგომში; დ) ფერმერული მეურნეობებიდან იკრძალება ცხოველების გაყვანა, გარდა უახლოეს სასაკლაოზე დასაკლავად გადაყვანისა; ე) თურქულზე საშიშ ბუფერულ ზონაში მიღებული რძე ექვემდებარება აუცილებელ გაწმენდას ცენტრიდანული რძის საწმენდებში და პასტერიზაციას 760 C ტემპერატურაზე. თუ რძის ხსენებული მეთოდით გადამუშავება შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი ადუღება ან პასტერიზაცია 850 C ტემპერატურაზე. გაწმენდილი რძისაგან მიღებული ნალექი უნდა დაიწვას ან გაუვნებელყოფილ იქნეს ადუღებით; ვ) თურქულის გავრცელების აღკვეთის მიზნით გადასარეკ ტრასებზე, სასაკლაოებზე და სხვა ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, პროდუქტების, დამამზადებელ-გადამამუშავებელ და სარეალიზაციო ობიექტებზე სახელმწიფო ვეტერინარები აწესებენ ვეტერინარულ კონტროლს. 2. შეზღუდვები არ ვრცელდება სამრეწველო საქონელზე, საშენ მასალებზე და სხვა ტვირთებზე, რომლებიც გაიტანება საშიში ბუფერული ზონიდან სააგენტოს მიერ დადგენილი წესების დაცვით. 3. ერთი მუნიციპალიტეტიდან ცხოველების გადარეკვა, გადაყვანა, ცხოველური პროდუქტების და ნედლეულის გადატანა მეორე მუნიციპალიტეტში დასაშვებია სახელმწიფო ვეტერინარის წერილობითი თანხმობით. 4. საშიშ ბუფერულ ზონაში შესაყვან ყველა ცხოველს უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია. 5. დაუშვებელია ვაქცინირებული და არავაქცინირებული ცხოველების შერევა. უნდა განხორციელდეს კონტროლი ცხოველების გადაადგილებაზე. 6. სააგენტო უზრუნველყოფს პერიოდულად ცხოველების იმუნური ფონის მდგომარეობის კონტროლს. მუხლი 8. კარანტინის მოხსნა და შემდგომი შეზღუდვები 1. კარანტინი იხსნება ეპიზოოტიის კერაში დაავადებული ცხოველების გამოჯანმრთელების, დაკვლის ან ლიკვიდაციიდან 21 დღის შემდეგ. კარანტინის მოხსნის წინ ცხოველის მფლობელი ვალდებულია სახელმწიფო ვეტერინარის მითითებით უზრუნველყოს ყველა სადგომის, ტერიტორიის, სადაც იმყოფებოდა თურქულით დაავადებული ცხოველი, დასუფთავება. სააგენტო უზრუნველყოფს საძოვრების, ინვენტარის, ტრანსპორტის დეზინფექციას ინსტრუქციის დაცვით. ცხოველთა სადგომის შიგნით ატარებენ კედლების შეთეთრებას ახლად ჩამქრალი კირის ხსნარით. დასკვნითი ღონისძიებების ჩატარებისას კარანტინის მოხსნის პერიოდში წვიმიან, თოვლიან ამინდებში და ყინვების დროს კარგი ამინდების დადგომის შემდეგ, აღნიშნულ პუნქტებში განმეორებით ატარებენ ვეტერინარულ ღონისძიებებს (სადგომის სანიტარიული რემონტი, დეზინფექცია და სხვა), რომელიც უზრუნველყოფს თურქულის ვირუსის სრულ მოსპობას. 2. სახელმწიფო ვეტერინარი ამოწმებს ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების სისრულეს, ცხოველების თურქულზე კეთილსაიმედოობას, რის შემდეგ სააგენტო კარანტინის მოხსნის მოთხოვნით მიმართავს სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს ან საქართველოს მთავრობას. თუ არაკეთილსაიმედო პუნქტში ყველა ცხოველი იქნა დაკლული, კარანტინი იხსნება სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ. 3. კარანტინის მოხსნის შემდგომ არაკეთილსაიმედო პუნქტზე ხორციელდება შემდეგი შეზღუდვები: ა) იკრძალება ფერმერული მეურნეობიდან თურქულის საწინააღმდეგოდ იმუნიზირებული ცხოველების გაყვანა 12 თვის განმავლობაში და შეყვანა თურქულზე კეთილსაიმედო ფერმერულ მეურნეობაში, ბაზარზე გასაყიდად, ასევე შენახვა არაიმუნიზირებულ ცხოველებთან ერთად; ბ) კარანტინის მოხსნის შემდეგ არაკეთილსაიმედო პუნქტში არ დაიშვება თურქულის შესაბამისი ტიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ცხოველების შეყვანა ვაქცინაციიდან 21 დღეზე ადრე, ხოლო არავაქცინირებული 12 თვეზე ადრე; გ) არ დაიშვება ზაფხულის პერიოდში 3 თვის განმავლობში, ხოლო ზამთარში 6 თვის განმავლობაში გამოყენებულ იქნეს საძოვარი, ასევე გადასარეკი ტრასა, რომელზეც ძოვდნენ ან გადარეკილ იქნა თურქულით დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ცხოველები არაიმუნური ცხოველების საძოვრად და გადასარეკად. 4. ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ფურაჟი და სხვა საკვები, რომელიც კარანტინის პერიოდში მოთავსებული იყო არაკეთილსაიმედო პუნქტში და არ იყო მასთან შეხებაში თურქულით დაავადებული ცხოველები, შეიძლება გატანილ იქნეს მხოლოდ იმავე ტერიტორიის ფარგლებში, სახელმწიფო ვეტერინარის წერილობითი თანხმობით. 5. კარანტინის მოხსნის შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კერატები და კურო მწარმოებლები სპერმის მისაცემად სხვა ფერმერულ მეურნეობაში, ან მოსახლეობის კუთვნილ ცხოველებში გამოსაყენებლად 3 თვის შემდეგ, თუ არ იყვნენ ისინი ვაქცინირებულნი, ხოლო 12 თვის შემდეგ, თუ ისინი იყვნენ ვაქცინირებული თურქულის საწინააღმდეგოდ. 6. კარანტინის მოხსნის შემდეგ ხორციელდება ცხოველების თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სააგენტოს გადაწყვეტილებით. დანართი №2 ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ჯილეხი არის ყველა შინაური და გარეული ცხოველის, აგრეთვე ადამიანის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადება, ხასიათდება სეპტიცემიის მოვლენებით, მძიმე ინტოქსიკაციით და კარბუნკულების წარმოქმნით. დაავადების აღმძვრელი მიეკუთვნება სპორაწარმომქმნელ მიკროორგანიზმებს, რომლებსაც განსაზღვრულ პირობებში ნიადაგში გამრავლების უნარი აქვთ და შეუძლიათ შეინარჩუნონ თავისი ცხოველმყოფელობა და ვირულენტური თვისებები წლობით. სპორებით დაინფიცირებული ნიადაგი ხანგრძლივი დროით რჩება ინფექციის აღმძვრელის გადაცემის ფაქტორად. 2. ჯილეხის საწინააღმდეგო ღონისძიებათა ორგანიზაციის დროს ერთმანეთისაგან განსხვავებული უნდა იქნეს ჯილეხის მიმართ საშიში ტერიტორია, ეპიზოოტიური კერა, ნიადაგობრივი კერა, ეპიდემიური კერა. 3. ჯილეხთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ეპიზოოტიური კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც იმყოფება ინფექციის აღმძვრელის ერთი ან რამდენიმე წყარო; ბ) არაკეთილსაიმედო პუნქტი - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მეღორეობის ფერმა, რომლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ერთი ან მეტი ეპიზოოტიური კერა; გ) არაკეთილსაიმედო კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, სადაც დაფიქსირებულია დაავადება; დ) არაკეთილსაიმედო ტერიტორია - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 10 კილომეტრიან რადიუსს; ე) საშიში ბუფერული ზონა - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 3 კილომეტრიან რადიუსს; ვ) საშიში ტერიტორია - ტერიტორია, სადაც ადრე დაფიქსირებული იყო ჯილეხი; ზ) ნიადაგობრივი კერა - ადგილი, სადაც განთავსებული იყო ჯილეხით მკვდარი ცხოველის ლეში ან/და ადგილი, სადაც არის ჯილეხით მკვდარი ცხოველის სამარხი; თ) ეპიდემიური კერა – ინფექციის წყაროს ადგილი და მისი მომიჯნავე ტერიტორია, რომელთა ფარგლებშიც მოცემულ პირობებში შესაძლებელია დაავადების გამომწვევით ჯანმრთელი ადამიანების, ცხოველების ინფიცირება; ი) სპეციალური ტანსაცმელი – ტანსაცმელი და საშუალებები (ხელთათმანები, რესპირატორები, დამცავი სათვალეები და ა.შ.), რომელიც გამოიყენება ადამიანების ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებებით ექსპოზიციისაგან დასაცავად; კ) ბიოთერმული ორმო - ორმო, სადაც ხდება ბიოლოგიური ნარჩენების გაუვნებლობა; ლ) იძულებითი დაკვლა – დაავადებული ცხოველის დაკვლა ვეტერინარი ექიმის მითითებითა და კონტროლის ქვეშ, ცხოველების დაცემის თავიდან აცილების მიზნით ან მათი მკურნალობის ეკონომიკური მიზანშეუწონლობის გამო; მ) ფერმერული მეურნეობა - ობიექტი, სადაც ხდება ცხოველების მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროებით. 2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3. ჯილეხის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები 1. ჯილეხის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები მოიცავს: ა) ცხოველების პროფილაქტიკურ იმუნიზაციას და დაავადებისგან დაცვას; ბ) ცხოველის დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომ შემოწმებას, ცხოველის იძულებით დაკვლის შემთხვევაში - ცხოველური პროდუქტების ლაბორატორიულ გამოკვლევას. 2. კერა დაფიქსირებული უნდა იყოს GPS-აპარატით და ინფორმაცია შეტანილ იქნეს შესაბამის ჟურნალში. 3. არაკეთილსაიმედო ტერიტორიაზე ტარდება ვეტერინარული ღონისძიებები და ცხოველის პროფილაქტიკური იმუნიზაცია. 4. დაავადების გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, ინფორმაცია მოსახლეობას უნდა მიეწოდოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით. 5. ჯილეხის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები ტარდება ვაქცინაციის გეგმის მიხედვით. მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა და ცხენი იცრება ვაქცინის გამოყენების წესის (ინსტრუქციის) შესაბამისად. 6. ჯილეხის საწინააღმდეგოდ აცრილი ცხოველი შეიძლება დაიკლას ბაზარზე განთავსების მიზნით, აცრიდან 14 დღის გასვლის შემდგომ ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით იმ პირობით, თუ ცხოველს აქვს სხეულის ნორმალური ტემპერატურა და არ აღენიშნება აცრის შემდგომი გართულება. 7.ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 14 დღის განმავლობაში, დაცემული ცხოველის გატყავება დასაშვებია ჯილეხზე გამოკვლევის უარყოფითი შედეგების მიღების შემთხვევაში. 8. დაცემული და იძულებით დაკლული ცხოველის ტყავი ინახება სპეციალურად გამოყოფილ შენობაში (სათავსში) განცალკევებულად, მისი ლაბორატორიული კვლევის შედეგის მიღებამდე. 9. ცხოველის მფლობელი ვალდებულია დაიცვას ამ წესით დადგენილი ჯილეხთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები. მუხლი 4. ჯილეხთან ბრძოლის საკარანტინო ღონისძიებები 1. ჯილეხის ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესება და მოხსნა ხორციელდება სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მიერ. 2. საკარანტინო ზონაში/ზონიდან იკრძალება: ა) ცხოველის შეყვანა და გამოყვანა; ბ) ცხოველური პროდუქტების დამზადება და გამოტანა; გ) ცხოველთა გადაჯგუფება; დ) დაავადებული ცხოველების რძის გამოყენება; ე) ცხოველის სახორცედ დაკვლა; ვ) მკვდარი ცხოველის გაკვეთა და გატყავება; ზ) ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, გადაუდებელი შემთხვევების გარდა; თ) უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა, რომელიც დაკავშირებული არ არის საკარანტინო ზონაში არსებულ ობიექტების მომსახურებასთან; ი) ცხოველის დარწყულება საერთო გუბურიდან და სხვა წყალსაცავიდან; კ) ცხოველებით და ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობა. 3. კეთილსაიმედო სათესი მონაკვეთიდან, საძოვრიდან, სათიბ-სავარგულიდან დამზადებული მარცვლის, უხეში და წვნიანი საკვების გატანა დაიშვება მხოლოდ კარანტინის მოხსნის შემდეგ. 4. მარცვალი, უხეში და წვნიანი საკვები, რომლებიც დამზადებულია ან ინახება იმ ადგილებში, რომელიც უშუალო შეხებაშია ჯილეხით დაავადებულ ან მკვდარ ცხოველებთან დაუშვებელია საკარანტინო ზონიდან გატანა და გამოიყენება ადგილზე ჯილეხის საწინააღმდეგოდ აცრილი ცხოველის საკვებად. 5. საკარანტინო ზონაში ცხოველების მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელდეს სპეციალური ტანსაცმლით, რომელიც უნდა დაექვემდებაროს შემდგომ განადგურებას. 6. საკარანტინო ზონაში ყველა ცხოველის შემოწმების შემდეგ ვეტერინარი ჰყოფს მათ 2 ჯგუფად: ა) პირველი ჯგუფი – ჯილეხით დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ცხოველები, რომლებსაც აღენიშნებათ დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები; ბ) მეორე ჯგუფი – ჯილეხის დასენიანებაზე საეჭვო ცხოველები ანუ ყველა დანარჩენი ამთვისებელი ცხოველი, რომელსაც არ აქვს დაავადების კლინიკური ნიშნები და იმყოფება საკარანტინო ზონაში. 7. პირველი ჯგუფის ცხოველები ექვემდებარებიან მკურნალობას. კლინიკური გამოჯანმრთელებიდან 14 დღის შემდეგ ცხოველები ექვემდებარებიან ვაქცინაციას. 8. მეორე ჯგუფის ცხოველები ექვემდებარებიან ვაქცინაციას. 9. ჯილეხით ან ჯილეხზე საეჭვო დაავადებით დაცემული ცხოველის ლეში და ცხოველური პროდუქტი უნდა დაიწვას ან მოთავსდეს ბიოთერმულ ორმოში (ცხოველის ლეშის დამარხვა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მისი დაწვა ან ბიოთერმულ ორმოში მოთავსება. სამარხი უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრის სიღრმის და შესაბამისად მონიშნული). მუხლი 5. კარანტინის მოხსნა 1. კარანტინი მოიხსნება სააგენტოს მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ დაავადებული ცხოველის სიკვდილის ან გამოჯანმრთელების უკანასკნელი შემთხვევიდან 15 დღის გასვლის შემდეგ, თუ ცხოველებს ვაქცინით აცრაზე არ აღენიშნებათ გართულება. 2. სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ვალდებულნი არიან ინფორმაცია მიაწოდონ ერთმანეთს ცხოველებისა და ადამიანების ჯილეხით დაავადების შესახებ. დანართი №3 ცხოველების ბრუცელოზთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ბრუცელოზი – ცხოველის ინფექციური, ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური დაავადებაა, რომლის ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა აბორტი. ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშია თხისა და ცხვრის ბრუცელოზის აღმძვრელი. 2. ცხოველებში, ბრუცელოზზე დიაგნოზს ადგენენ სეროლოგიური, ბაქტერიოლოგიური და ალერგიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე, ეპიზოოტოლოგიური მონაცემებისა და დაავადების კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების მიხედვით ფერმერულ მეურნეობებსა და დასახლებულ პუნქტებს ყოფენ ამ დაავადებაზე კეთილსაიმედო ან არაკეთილსაიმედო ზონებად. 4. ბრუცელოზზე გამოკვლევისას დადებითად მორეაგირე ერთეული ცხოველების გამოვლენის შემთხვევაში, ფერმერული მეურნეობა, დასახლებული პუნქტი არაკეთილსაიმედო ზონად ითვლება, თუ 20-25 დღის ინტერვალით ჩატარებული ორჯერადი გამოკვლევისას კიდევ გამოვლინდება დადებითად მორეაგირე ცხოველი. 5. ცხოველების ბრუცელოზზე კეთილსაიმედოობას უზრუნველყოფენ პროფილაქტიკური ღონისძიებებითა და გეგმური დიაგნოსტიკური გამოკვლევებით, ინფექციის კერაში და მის გარშემო დაავადების აღმძვრელის გაუვნებლების გზით. 6. ბრუცელოზთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კეთილსაიმედო ზონა - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან ფერმა, რომლის ტერიტორიაზეც არ ფიქსირდება არცერთი ეპიზოოტიური კერა; ბ) არაკეთილსაიმედო ზონა - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან ფერმა, რომლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ერთი ან მეტი ეპიზოოტიური კერა; გ) დეზინფექცია - მიკროორგანიზმების განადგურების ან რაოდენობის შემცირების ღონისძიება; დ) დეზინვაზია - პარაზიტების განადგურების ან რაოდენობის შემცირების ღონისძიება; ე) დეზინსექცია - მწერების განადგურების ან რაოდენობის შემცირების ღონისძიება; ვ) დერატიზაცია - მღრნელების განადგურების ან რაოდენობის შემცირების ღონისძიება; ზ) ბიოთერმული გაუვნებლობა - პროცესი, რომლის დროსაც თერმოგენული მიკროფლორის გამრავლების შედეგად მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით იღუპებიან ინფექციური დაავადებების აღმძვრელები, ჰელმინთების კვერცხები და ლარვები; თ) იძულებითი დაკვლა – დაავადებული ცხოველის დაკვლა ვეტერინარი ექიმის მითითებითა და კონტროლის ქვეშ ცხოველების დაცემის თავიდან აცილების მიზნით ან მათი მკურნალობის ეკონომიკური მიზანშეუწონლობის გამო; ი) ფერმერული მეურნეობა - ობიექტი სადაც ხდება ცხოველების მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროებით. 2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3. ბრუცელოზთან ბრძოლის პროფილაქტიკური ღონისძიებები 1. კეთილსაიმედო ზონაში გეგმურად უნდა განხორციელდეს პროფილაქტიკური ღონისძიებები. ბრუცელოზზე კეთილსაიმედოობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხოველთა ჯანმრთელობაზე, გადაჯგუფებაზე, გადაადგილებაზე ვეტერინარულ-სანიტარიული წესების შესრულებაზე შესაბამისი მონიტორინგისა და ვეტერინარული ზედამხედვლობის განხორციელებით. 2. დაავადების თავიდან აცილების მიზნით, ცხოველის მფლობელი ვალდებულია: ა) არ დაუშვან დაავადებული ან/და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების შემოყვანა სხვა ცხოველის სადგომიდან, ფერმიდან; ბ) ფერმაში, დასახლებულ პუნქტში შემოყვანილი ცხოველები ამყოფონ კარანტინში 30 დღის განმავლობაში; გ) კარანტინში ყოფნის დროს ცხოველები უნდა გამოიკვლიონ ბრუცელოზზე სეროლოგიურად (როზბენგალის სინჯით, აგლუტინაციის რეაქციით, კომპლემენტის ხანგრძლივი ფიქსაციის რეაქციით). წვრილფეხა პირუტყვი გამოკვლეული უნდა იქნეს დამატებით ალერგიულად, ხოლო ერკემლები და მომსახურე პერსონალი უნდა შემოწმდნენ აგრეთვე ინფექციურ ეპიდიდიმიტზე; დ) ცხოველები საერთო ჯგუფში შეიყვანონ მხოლოდ მათი ბრუცელოზზე კეთილსაიმედოობის დადგენის შემდეგ; ე) იმ შემთხვევაში, თუ კარანტინის პერიოდში ცხოველები აღმოჩნდნენ ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირენი, უნდა განხორციელდეს ღონისძიებები დიაგნოზის დასაზუსტებლად. ბრუცელოზის დადგენის შემთხვევაში, ჯგუფის მთელი სულადობა უნდა დაიკლას ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით; ვ) არ დაუშვან ცხოველების კონტაქტი ბრუცელოზის მხრივ არაკეთილსაიმედო ზონის ცხოველებთან; ზ) სახელმწიფო ვეტერინარის მოთხოვნისთანავე, წარუდგინონ ცხოველები კლინიკური შემოწმებისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევისათვის, ასევე საპროფილაქტიკო აცრების ჩასატარებლად; თ) ბრუცელოზის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების (აბორტი, ადრეული მშობიარობა და ა.შ.) აღმოჩენისთანავე, ასეთი ცხოველები გამოაცალკეონ საერთო ჯგუფიდან, მოათავსონ ცალკე სადგომში და აცნობონ სახელმწიფო ვეტერინარს. 3. სახელმწიფო ვეტერინარი, ცხოველებში ბრუცელოზზე საეჭვო ნიშნების გამოჩენისთანავე, ვალდებულია დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და მიიღოს ზომები დიაგნოზის დასადგენად. 4. ბრუცელოზით ცხოველების დაავადების დროულად აღმოჩენის მიზნით, კეთილსაიმედო ზონაში უნდა ჩატარდეს გეგმური პროფილაქტიკური დიაგნოსტიკური გამოკვლევები. 5. პროფილაქტიკის მიზნით კეთილსაიმედო ზონაში მყოფი ცხოველები ბრუცელოზზე გამოკვლევას ექვემდებარებიან წელიწადში ერთხელ. 6. გამოკვლევას ექვემდებარება მომთაბარე მეცხვარეობის ცხოველები და მოზარდი სულადობა 6 თვის ასაკიდან, ასევე კეთილსაიმედო ზონებში არსებული ცხვარი (თხა), რომელიც ტერიტორიულად ესაზღვრება ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო ზონას. 7. ერთმანეთის მოსაზღვრე ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო ზონებში არსებული წვრილფეხა პირუტყვი ექვემდებარება გამოკვლევას წელიწადში ორჯერ. 8. კეთილსაიმედო ფერმერულ მეურნეობაში, რომელიც განლაგებულია არაკეთილსაიმედო ზონაში, ბრუცელოზზე გამოკვლევას ექვემდებარებიან ცხოველები წელიწადში არანაკლებ ორჯერ, დეკეულები დათესვლის წინ და მის შემდეგ. 9. ბრუცელოზის სალიკვიდაციო ღონისძიებებს ახორციელებენ თითოეული არაკეთილსაიმედო კერისათვის შემუშავებული ღონისძიებათა გეგმის მიხედვით. 10. გამაჯანსაღებელი ღონისძიებების (დაავადების ლიკვიდაციის) გეგმაში ასახული უნდა იქნეს: ფერმის, დასახლებული პუნქტის ბრუცელოზის ეპიზოოტიური მდგომარეობა (დაავადების მიმდინარეობა, გავრცელების ხარისხი, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილი ცხოველების რაოდენობა და სხვა),ბრუცელოზის საწინააღმდეგო იმუნიზაციის, დეზინფექციის, დერატიზაციის ჩატარების ვადები და თანმიმდევრობა, დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ვადები და მოცულობა, ცხოველების სეროლოგიური გამოკვლევით გამოვლენილი დაავადებული ცხოველების დაკვლის ვადები და თანმიმდევრობა, გასაჯანსაღებელ ფერმაში არაკეთილსაიმედო სულადობის ჯანმრთელი ცხოველებით შეცვლის ვადები და წყაროები, რძის გადამუშავების მეთოდები და საშუალებები. 11. უნდა განისაზღვროს არაკეთილსაიმედო ფერმის, დასახლებული პუნქტის გაჯანსაღების (დაავადების ლიკვიდაციის) მეთოდები და ვადები, მითითებულ იქნეს გეგმით გათვალისწინებული ცალკეული სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები. 12. არაკეთილსაიმედო ზონაში აკრძალულია: ა) კურო მწარმოებლების შეყვანა; ბ) დროებითი სადგომის (ჯგუფის) გადაადგილება სახელმწიფო ვეტერინართან შეთანხმების გარეშე; გ) ფურებისგან მიღებული უმი რძის სარეალიზაციო ქსელში გატანა. დაავადების კლინიკური ნიშნების მქონე (აბორტი და სხვ.) ცხოველებისგან მიღებული რძე უნდა განადგურდეს; დ) საძოვრების გამოყენება, რომელზეც ძოვდა ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო დროებითი სადგომი ჯგუფი) 3 თვის განმავლობაში. ასეთი საძოვრებიდან აღებული თივა ექვემდებარება 2 თვით შენახვას, რის შემდეგაც ეძლევა ცხოველებს საკვებად იმავე დასახლებულ პუნქტში; ე) ჯანმრთელი ცხოველების შეყვანა სადგომებში, რომლებშიც ადრე მოთავსებული იყვნენ დაავადებული ცხოველები მათი მექანიკური გაწმენდის, სასეირნო მოედნების და სხვა ობიექტების დეზინფექციისა და დერატიზაცის გარეშე; ვ) ცხვრისა და თხის წველა, არადეზინფიცირებული სამაჟდაკე ტყავის დამუშავება (გაშრობა-გაწმენდა და სხვა), ბატკნებისაგან მიღებული სამაჟდაკე ტყავები ტანხორციდან მოცილებისთანავე ექვემდებარებიან დეზინფექციასა და დაკონსერვებას; ზ) ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირე ყველა სახის, ასევე აბორტირებული ცხოველები, დაუყოვნებლივ გამოყოფილი უნდა იქნეს საერთო ჯოგიდან და დაიკლას ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით; თ) ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირე ყველა სახის, ასევე აბორტირებული ცხოველების ყოფნა საერთო ჯგუფში. აღნიშნული ცხოველები ექვემდებარებიან დაუყოვნებლივ იზოლირებას საერთო ჯგუფიდან და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით დაკვლას; ი) რძის გასაფილტრი ქსოვილის, პირადი ჰიგიენის საგნების და სპეცტანსაცმლის სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების ან დუღილით გაუვნებელყოფის გარეშე გამოყენება. სადეზინფექციოდ შეიძლება გამოყენებული იქნეს კალციუმის ჰიპოქლორიდი, ქლორიანი კირი, ქლორიან სარეცხ საშუალებებთან ერთად; კ) ცხოველთა სადგომების გამოყენება დასუფთავებისა და სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების, სასანაციო ღონისძიებების ჩატარების გარეშე. ასეთ სადგომებში ჯანმრთელი ცხოველების შეყვანა შეიძლება სახელმწიფო ვეტერინართან შეთანხმებით. 13. ბრუცელოზიანი ცხოველების დაკვლა ხდება ცხოველთა სასაკლაოზე სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვით. ასეთი ცხოველების დაკვლის შედეგად მიღებული ხორცისა და სხვა პროდუქტების გამოყენება ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით. 14. არაკეთილსაიმედო პუნქტში ცხოველთა სადგომებში და ირგვლივ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს სათანადო ღონისძიებები დეზინფექციის, დეზინვაზიის, დეზინსექციის და დერატიზაციის ინსტრუქციების შესაბამისად. 15. ნაკელი ექვემდებარება ბიოთერმულ გაუვნებლებას. 16. ცხოველთა მფლობელები ვალდებულნი არიან: ა) უზრუნველყონ ბრუცელოზთან ბრძოლის საკითხებზე სახელმწიფო ვეტერინარის მითითებების შესრულება; ბ) მეცხოველეობის საკუთარ მეურნეობებში გაატარონ დაავადების პროფილაქტიკისა და გაჯანსაღების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები; გ) უზრუნველყონ ჯანმრთელი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველთა ჯგუფების ცალ-ცალკე ძოვება და დაწყურება, რომ გამოირიცხოს ბრუცელოზის დაავადების გავრცელება; დ) ზუსტად დაიცვან ვეტერინარულ-საკარანტინო წესები დაავადების აცილების მიზნით; ე) გაუწიონ სისტემატური დახმარება სახელმწიფო ვეტერინარებს ცხოველების დიაგნოსტიკური გამოკვლევის, ბრუცელოზის საწინააღმდეგო აცრების, დეზინფექციის, დერატიზაციის ჩატარებაში, ასევე უზრუნველყონ გამოსაკვლევი პათმასალის მიტანა ვეტერინარიულ ლაბორატორიაში. 17. ადამიანის ბრუცელოზისაგან დაცვის ღონისძიებებია: ა) ყველა პირი, რომელიც უშუალოდ ემსახურება ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო ცხოველებს, ვალდებულია მკაცრად დაიცვას პირადი ჰიგიენა და სახელმწიფო ვეტერინარის მითითებები; ბ) მეცხოველეობის ყველა მუშაკი უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირადი ჰიგიენის საგნებითა და სპეცტანსაცმლით. 18. დასახლებული პუნქტი, ცხოველთა სადგომი ითვლება ბრუცელოზზე კეთლსაიმედოდ, თუ მათში აღარ იმყოფებიან დაავადებული ცხოველები და თუ გატარებულია დაავადებასთან ბრძოლის ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებები, სააგენტო მიმართავს სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს კარანტინის მოხსნის თაობაზე. დანართი №4 ცხოველების ტუბერკულოზთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ტუბერკულოზი ცხოველთა ინფექციური, ზოონოზური, ხშირ შემთხვევაში ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომელიც რეგისტრირებულია მრავალი სახეობის შინაურ და გარეულ ცხოველებსა და ფრინველებში. შინაურ ცხოველთაგან უფრო ხშირია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დასნებოვნება. ცხოველთა ტუბერკულოზის გამომწვევია Mycobacterium bovis (ხარის ტიპი), Mycobacterium avium (ფრინველის ტიპი). 2. ტუბერკულოზით ავადმყოფი ცხოველისაგან (ფრინველისაგან) შეიძლება დაავადდეს ადამიანიც, ხოლო ტუბერკულიოზიანი ადამიანიდან – ცხოველი. 3. ეპიზოოტიური სიტუაციიდან გამომდინარე, ფერმერულ მეურნეობებსა და დასახლებულ პუნქტებს ყოფენ ამ დაავადებაზე კეთილსაიმედო ან არაკეთილსაიმედო ზონებად. 4. ცხოველთა მფლობელნი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ წესით დადგენილი ტუბერკულოზთან ბრძოლის საწინააღმდეგო მოთხოვნების შესრულება. 5. სახელმწიფო ვეტერინარები ვალდებულნი არიან აწარმოონ მუდმივი კონტროლი ცხოველთა ტუბერკულოზის პროფილაქტიკურ და სალიკვიდაციო ღონისძიებეთა შესრულებაზე. 6. ტუბერკულოზზე დიაგნოზს ადგენენ ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური, პათანატომიური, ალერგიული და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე. 7. ტუბერკულოზთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ეპიზოოტიური კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც იმყოფება ინფექციის აღმძვრელის ერთი ან რამდენიმე წყარო; ბ) არაკეთილსაიმედო პუნქტი - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან ფერმა, რომლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ერთი ან მეტი ეპიზოოტიური კერა; გ) არაკეთილსაიმედო კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია სადაც დაფიქსირებულია დაავადება; დ) არაკეთილსაიმედო ტერიტორია - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 10-კილომეტრიან რადიუსს; ე) საშიში ბუფერული ზონა - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 3-კილომეტრიან რადიუსს; ვ) ზოონოზური დაავადება - ცხოველის ისეთი გადამდები დაავადება, რომელიც ბუნებრივად გადაედება ცხოველიდან ადამიანს და ადამიანიდან ცხოველს; ზ) კეთილსაიმედო ზონა - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან ფერმა, რომლის ტერიტორიაზეც არ ფიქსირდება არცერთი ეპიზოოტიური კერა; თ) არაკეთილსაიმედო ზონა - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან ფერმა, რომლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ერთი ან მეტი ეპიზოოტიური კერა; ი) დეზინფექცია - მიკროორგანიზმების განადგურების ან რაოდენობის შემცირების ღონისძიება; კ) დერატიზაცია - მღრღნელების განადგურების ან რაოდენობის შემცირების ღონისძიება; ლ) ტუბერკულინიზაცია - ცხოველებში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მეთოდი. 2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები 1. პირუტყვის მფლობელები ვალდებულნი არიან: ა) არ დაუშვან დაავადებული ან/და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების შემოყვანა სხვა ცხოველის სადგომიდან, ფერმიდან; ბ) შემოყვანილი პირუტყვი 30 დღის განმავლობაში მოათავსონ იზოლირებულად და ჩაუტარონ ტუბერკულინიზაცია. საერთო ჯგუფში შეიყვანონ მხოლოდ არამორეაგირე პირუტყვი, ხოლო მორეაგირე პირუტყვის გამოვლენისას დიაგნოზი დააზუსტონ და ტუბერკულოზის დადგენის შემთხვევაში შემოყვანილი პირუტყვის მთელი სულადობა დაკლან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; გ) არ დაუშვან ცხოველთა კონტაქტი ტუბერკულოზზე არაკეთლსაიმედო კერებთან; დ) სახელმწიფო ვეტერინარის მოთხოვნისთანავე უზრუნველყონ პირუტყვის გამოყვანა დათვალიერებისთვის, სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისთვის შექმნან სათანადო პირობები კომპლექსური ღონისძიების გასატარებლად. 2. ტუბერკულოზზე კეთილსაიმედო ზონიდან ცხოველის გაყვანა ნებადართულია, თუ დაავადება არ დაფიქსირებულა ბოლო 4 წლის განმავლობაში. 3. სახელმწიფო ვეტერინარი მის სამოქმედო ტერიტორიაზე ვალდებულია აკონტროლოს ტუბერკულოზზე ეპიზოოტიური მდგომარეობა. 4. დაინფიცირებული საძოვარი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნიადაგში მიკობაქტერიების გამძლეობის გათვალისწინებით 4 − 6 თვის შემდეგ. 5. ტუბერკულოზის დადგენისას ცხოველი უნდა დაიკლას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით. დანარჩენ სულადობას უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა. 6. აკრძალულია ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო ცხოველთა ჯგუფის საძოვარზე გადარეკვა. მუხლი 4. არაკეთილსაიმედო კერებში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვეტერინარული და საკარანტინო ღონისძიებები 1. ტუბერკულოზის გამოვლინების შემთხვევაში ცხოველის მფლობელის ტერიტორია უნდა გამოცხადდეს ამ ინფექციის მიმართ არაკეთილსაიმედოდ. 2. ტუბერკულოზის პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის ღონისძიებათა გეგმები უნდა შედგეს ცხოველის ცალკეული სახეობის, დასახლებული პუნქტისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მიხედვით. ტუბერკულოზის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესება და მოხსნა ხორციელდება სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მიერ. 3. ცხოველების მფლობელები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ სახელმწიფო ვეტერინარების მოთხოვნები ტუბერკულოზის ლიკვიდაციისთვის; ბ) სწორად გამოიყენონ კეთილსაიმედო ცხოველების ჯგუფის საძოვარი სავარგულები, დასარწყულებელი ადგილები, უზრუნველყონ ჯანმრთელი პირუტყვის განთავსება ვეტერინარულ-საკარანტინო პირობების დაცვით; გ) არაკეთილსაიმედო კერებში განახორციელონ რძის და რძის ნაწარმის საიმედო გაუვნებლობა; დ) სახელმწიფო ვეტერინარებს გაუწიონ სათანადო დახმარება ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო გამოკვლევების, დეზინფექციების და სხვა ღონისძიებების ჩატარებაში, არ დაუშვან უცხო პირთა შესვლა, ტრანსპორტის მოძრაობა და ცხოველთა გადაჯგუფება მისი თანხმობის გარეშე; ე) დროულად უზრუნველყონ მომსახურე პერსონალის გამოკვლევა ტუბერკულოზზე და სამედიცინო შემოწმების გარეშე არ დაუშვან ისინი ცხოველებთან, უზრუნველყონ სპეცტანსაცმლით და ფეხსაცმლით. 4. აკრძალულია: ა) ცხოველთა გადაადგილება არაკეთილსაიმედო ზონაში; ბ) არაკეთილსაიმედო ზონიდან თივის, ნამჯის და სხვა უხეში საკვების გატანა; გ) ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობა; დ) დაავადებული, დაავადებაზე დადებითად მორეაგირე ცხოველების და მათგან მიღებული თაობის გამოყენება აღწარმოებისათვის; ე) არაკეთილსაიმედო ზონიდან ცხოველების გაყიდვა გამოზრდისა და გასუქების მიზნით; ვ) ცხოველთა სადგომებში ტუბერკულოზიანი პირუტყვის შენახვა; ზ) არაკეთილსაიმედო კერიდან გაუვნებელყოფილი რძის გატანა სარეალიზაციოდ. ასეთი რძე დაავადების საბოლოო ლიკვიდაციამდე სისტემატიურად საჭიროებს ადგილზე თერმულ დამუშავებას; თ) დაავადებაზე საეჭვო ცხოველთა ჯგუფის ძოვება, დარწყულება და სხვაგვარი კონტაქტი კეთილსაიმედო ჯგუფის ცხოველებთან ერთად; ი) დაავადებაზე საეჭვო ცხოველების ჯგუფის გადარეკვა-გადაყვანა მომთაბარე საძოვარზე. 5. ტუბერკულოზზე დადებითად მორეაგირე და ავადმყოფი ცხოველი ნამატთან ერთად უნდა განცალკევდეს და დაიკლას მიუხედავად მისი კონდიციისა, ასაკისა, მაკეობისა და საწარმოო ღირებულებისა, სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით. ხორცი და ხორცპროდუქტები გამოყენებულ უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. 6. ტუბერკულოზიანი ცხოველის ლეში დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. 7. ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო სადგომებსა და ტერიტორიაზე დაცულ უნდა იქნეს სისუფთავე. ჩატარდეს დეზინფექცია, დერატიზაცია და სხვა ვეტერინარული ღონისძიებები. 8. ტუბერკულოზიანი ცხოველის მიერ გამოყოფილი ნაკელი, ქვეშსაფენი, საკვები და ნარჩენები უნდა მოისპოს ან გაუვნებლდეს ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური მეთოდით. 9. ყველა პირი, რომელიც უშუალოდ ემსახურება ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო ცხოველებს, ვალდებულია მკაცრად დაიცვას პირადი ჰიგიენა და ვეტერინარი სპეციალისტის მითითებები. დანართი №5 ცხოველების ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ცოფი განსაკუთრებით საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლის გამომწვევია ნეიროტროპული ვირუსი. დაავადება იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას და ცხოველის სიკვდილს. 2. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი და ადამიანი, იშვიათად ფრინველი. 3. ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა ცოფით დაავადებული ძაღლი, კატა, მელა, მგელი, ტურა და ყველა სხვა სახეობის ხორცისმჭამელი ცხოველი. 4. ცოფთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ეპიზოოტიური კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც იმყოფება ინფექციის აღმძვრელის ერთი ან რამდენიმე წყარო; ბ) არაკეთილსაიმედო პუნქტი - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მ ფერმა, რომლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ერთი ან მეტი ეპიზოოტიური კერა; გ) არაკეთილსაიმედო კერა - ცხოველის სადგომი ან მიმდებარე ტერიტორია, სადაც ადრე დაფიქსირებულია დაავადება; დ) არაკეთილსაიმედო ტერიტორია - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 10-კილომეტრიან რადიუსს; ე) საშიში ბუფერული ზონა - ტერიტორია, რომელიც მოიცავს დაავადების კერიდან 3-კილომეტრიან რადიუსს; ვ) ზოონოზური დაავადება - ცხოველის ისეთი გადამდები დაავადება, რომელიც ბუნებრივად გადაედება ცხოველიდან ადამიანს და ადამიანიდან ცხოველს; ზ) ნეიროტროპული ვირუსი - ვირუსი, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას; თ) ორალური ვაქცინაცია - მეთოდი როდესაც ვაქცინა ეძლევა ცხოველს პირის ღრუდან; ი) უპატრონო ძაღლები და კატები - ცხოველები რომლებზეც კონკრეტული მომენტისთვის არ ხორციელდება კონტროლი ან მეთვალყურეობა და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ არ დაუდგინდება პატრონი; კ) ბიოუსაფრთხოება - ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია მოლეკულური გენეტიკის, გენური ინჟინერიის და ბიოტექნოლოგიის მიღწევების ეფექტურ გამოყენებაზე, რათა არ იქნეს დაშვებული არასასურველი ეკოლოგიური შედეგი და უშუალო საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3. ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკური ღონისძიებები 1. ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკური ღონისძიებებია: ა) შინაური ცხოველების დაცვა უპატრონო ძაღლებისა და კატების და გარეული ცხოველებისაგან; ბ) უპატრონო ძაღლებისა და კატების იზოლირება; გ) ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკური ვაქცინაცია გეგმის შესაბამისად; დ) გარეული ხორცისმჭამელი ცხოველების ორალური ვაქცინაცია გეგმის შესაბამისად; ე) ცოფის დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ინფექციის კერებში დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება; ვ) მოსახლეობაში ცოფის საწინააღმდეგო ფართო საგანმანათლებლო ახსნა-განმარტებითი მუშაობა დაავადების არსის, ცხოველთა სავალდებულო პროფილაქტიკის შესახებ. 2. ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია ქვეყანაში ტარდება ყოველწლიურად სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით. 3. სააგენტოს ორგანიზებით ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის განხორციელებისას შევსებული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ შედგენილი ვაქცინაციის დამადასტურებელი სახელობითი სიები, ხოლო დასრულებისას (ეტაპობრივად) აქტები. 4. ცოფის პოსტვაქცინალური იმუნიტეტის განსაზღვრის მიზნით, ყოველ წელს იგეგმება და ტარდება ცოფზე აცრილი ცხოველების შერჩევითი ლაბორატორიული გამოკვლევა. ასევე, ცოფის ვირუსის ტიპის განსაზღვრისათვის იგეგმება და ტარდება ლაბორატორიული კვლევები. 5. ქვეყნის ტერიტორიაზე ცოფის გაჩენისა და მისი გავრცელების აღსაკვეთად, ცხოველის მფლობელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-შენახვის წესები და ყოველწლიურად უზრუნველყოს ძაღლის და კატის პროფილაქტიკური ვაქცინაცია; ბ) ცოფის საწინააღმდეგოდ აუცრელი ძაღლები და კატები არ გაუშვას ეზოში, ქუჩაში, ბაღში, მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიაზე, სეზონურ საძოვარზე, პირუტყვის გადასარეკ ტრასაზე, სადგომში ჯოგში, ფარეხში და სანადიროდ; გ) არ დაუშვას საზოგადოებრივ ობიექტებში სამომსახურეო ძაღლების შეხება გარეშე ძაღლებთან და სხვა სახეობის ხორცისმჭამელ ცხოველებთან; დ) მუნიციპალიტეტების ქუჩებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, ბაღებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ან სანადიროდ ძაღლი გაიყვანოს მხოლოდ მოკლე საბმელით, ალიკაპით. სხვა დანარჩენ შემთხვევაში სახლიდან, საკუთარი ეზოდან, საზოგადოებრივ დაწესებულებათა ობიექტებიდან გამოსული და გამოყვანილი ყველა ძაღლი ითვლება უპატრონოდ, ექვემდებარება იზოლირებას. 6. მუნიციპალიტეტში უპატრონო ძაღლებისა და კატების იზოლირებას უზრნველყოფს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო. 7. ცხოველების მიერ ადამიანის, სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველების დაკბენისა ან/და ცოფის დაავადებაზე ეჭვის მიტანის ყველა შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს, რომელსაც ევალება დამკბენ ცხოველზე (იდენტიფიცირების შემთხვევაში) 10-დღიანი ვეტერინარული ზედამხედველობის დაწესება. 8. გარეულ მტაცებელ ცხოველებში ცოფის ადრეული გამოვლენისა და დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სამონადირეო მეურნეობები და სხვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთაც შეხება აქვთ გარეულ მტაცებელ ცხოველებთან ვალდებულნი არიან: ა) დაუყოვნებლივ აცნობონ სააგენტოს გარეული ცხოველების უჩვეულო მოქცევის შესახებ (ადამიანისადმი შიშის დაკარგვა, უმიზეზოდ ადამიანებზე და ცხოველებზე თავდასხმა და სხვ.); ბ) აცნობონ სააგენტოს ტყეში და ველად ნაპოვნი ყველა სახის გარეული ცხოველის ლეშის არსებობის შესახებ; გ) ორგანიზაციული და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ სააგენტოს ტყეში და ველად გარეული ხორცისმჭამელი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ორალური მეთოდით პროფილაქტიკური ვაქცინაციისა და სხვა ვეტერინარული საქმიანობის ჩასატარებლად. 9. უპატრონო ძაღლების და კატების დამჭერი შესაბამისი სამსახური ვალდებულია ცხოველი, რომელმაც დაკბინა ადამიანი ან ცხოველი, განათავსოს თავშესაფარში ან ვოლიერში და აცნობოს სააგენტოს, რომელიც დამკბენ ცხოველზე დააწესებს 10-დღიან ვეტერინარულ ზედამხედველობას. 10. სახელმწიფო ვეტერინარის წერილობითი თანხმობით დასაშვებია დამკბენი ცხოველი დატოვებულ იქნეს მეპატრონესთან იმ გარანტიით, რომ მეპატრონე იღებს პირად პასუხისმგებლობას იყოლიოს ცხოველი მკაცრ იზოლაციაში 10 დღე და ხელი შეუწყოს სახელმწიფო ვეტერინარს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებაში. 11. ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის ყველა შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს იზოლირებული ცხოველების ზედამხედველობას, აღნიშნულის შესახებ აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში. 12. წესდება 10-დღიანი ვეტერინარული-საკარანტინო ზედამხედველობა ცოფის საწინააღმდეგოდ აცრილ ყველა იმ ცხოველზე, რომლებმაც აცრიდან 10 დღის პერიოდში დაკბინა ან დადორბლა ადამიანი ან ცხოველი. ანალოგიური ღონისძიება ტარდება ცოფიანი ცხოველის მიერ დაკბენილ ყველა აცრილ ცხოველზე, რომელმაც დაკბინა ადამიანი ან ცხოველი. 13. ძაღლებისა და კატების ექსპორტ-იმპორტი უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 4. ცოფის ეპიზოოტიური კერის სალიკვიდაციო ღონისძიებები 1. ცოფზე დიაგნოზის დადგენა ხდება კომპლექსურად ეპიზოოტიური მონაცემების, კლინიკური ნიშნების, პათანატომიური ცვლილებების და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე. 2. ცოფის სადიაგნოსტიკოდ ლაბორატორიაში იგზავნება მცირე ზომის ცხოველების ლეში ან თავი, დიდი ზომის ცხოველების - თავი. პათოლოგიური მასალის აღება უნდა მოხდეს ვეტერინარულ - საკარანტინო და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით. 3. ლაბორატორიული გამოკვლვის შედეგი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს. 4. ცოფის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში: ა) სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს და შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებს; ბ) სააგენტო შეიმუშავებს ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა გეგმის პროექტს და წარუდგენს მას რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს; გ) ტერიტორია (რაიონის (ქალაქის) კვარტალი, ქუჩა, ეზო, სოფელი, დაბა, დასახლებული პუნქტი, საძოვარი, პირუტყვის გადასარეკი ტრასის მონაკვეთი, ტყის მასივი, ნაკრძალის ნაწილი და სხვა), სადაც გამოვლინდა ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რწმუნებულის - გუბერნატორის (საჭიროების შემთხვევაში მთავრობის) გადაწყვეტილებით ცხადდება ცოფის დაავადების მხრივ არაკეთილსაიმედოდ და წესდება კარანტინი. 5. საშიში ბუფერული ზონის შექმნის მიზნით, ცოფის კერის ირგვლივ უნდა გატარდეს ცოფის ამთვისებელი ცხოველის იძულებითი პროფილაქტიკური ვაქცინაცია, 2-3 კმ რადიუსით (განურჩევლად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა). 6. გარეულ მტაცებელ ცხოველებში ცოფის გაჩენისას რაიონის სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან, სამონადირეო მეურნეობებთან და სხვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, რომელთაც შეხება აქვთ გარეულ მტაცებელ ცხოველებთან, ერთად იღებს ზომებს არაკეთილსაიმედო კერაში ცოფის ამთვისებელი ცხოველების სულადობის შესამცირებლად რეკომენდებული ყველა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით. 7. საკარანტინო ზონაში: ა) კარანტინის მოხსნამდე აკრძალულია ძაღლებისა და კატების გამოფენების და ბაზრობების მოწყობა, ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანა, სანადიროდ გაყვანა-გადაყვანა; ბ) აუცილებელია დაავადებული და დაავადების მხრივ საეჭვო ცხოველის დაუყოვნებლივ იზოლირება და მათი ლიკვიდაცია გარდა იმ ცხოველისა, რომელმაც დაკბინა, დადორბლა ადამიანი ან ცხოველი. ასეთი ცხოველის მიმართ უნდა გატარდეს ღონისძიებანი, რომელიც გათვალისწინებულია დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველის შემთხვევაში; გ) ცოფით მკვდარი, ცოფის გამო მოკლული და დაავადებაზე საეჭვო ცხოველის ლეში ექვემდებარება დაწვას ან/და დამარხვას; დ) უნდა ჩატარდეს ყველა ჯანმრთელი ძაღლის, კატის და ცოფის ამთვისებული ყველა სხვა სახეობის ცხოველის სავალდებულო იძულებითი ვაქცინაცია განურჩევლად იმუნიტეტის ვადისა; ე) დაავადებაზე საეჭვო ცხოველების, რომლებიც იმყოფებოდნენ კონტაქტში (დადორბვლა, დაკაწვრა, დაკბენა და სხვა) დაავადებულ ცხოველთან, იძულებითი ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ვაქცინის ინსტრუქციის შესაბამისად, თუ მეპატრონის პასუხისმგებლობით მოხდება აცრილი სულადობის იზოლირება ვაქცინაციის დამთავრებიდან 60 დღის განმავლობაში. 8. დაავადებული ცხოველების მკურნალობა და დაავადების საწინააღმდეგოდ ვაქცინაცია აკრძალულია. 9. ცოფით დასენიანებაზე საეჭვო სასოფლო-სამეურნეო და ბეწვიანი ცხოველების, რომლებიც აცრილი არიან ამ დაავადების საწინააღმდეგოდ დაკვლა და მათი დაკვლის პროდუქტების გამოყენება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 10. საკარანტინო ზონაში (სადგომში, ფარაში, ჯოგში) კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველებისაგან მიღებული რძე (ცოფზე აცრილი ცხოველების ჩათვლით) დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ადამიანის საკვებად 80-850 C გრადუსზე 30- წუთიანი პასტერიზაციის ან 5-წუთიანი დუღილის შემდეგ. 11. ცოფიანი და დაავადების მხრივ საეჭვო ცხოველების სადგომები, ცხოველების მოვლის საგნები, ცხოველების მომვლელი პერსონალის დადორბლილი ტანსაცმელი და სხვა გამონაყოფებით დასვრილი საგნები ექვემდებარებიან დეზინფექციას. 12. ცხოველის სადგომები და მოვლის საგნები და მომვლელი პერსონალის პირადი დაცვის აღჭურვილობა ექვემდებარებიან დეზინფექციას. 13. კარანტინი მოიხსნება სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, გუბერნატორის ან მთავრობის გადაწყვეტილებით, ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ. დანართი №6 ღორის კლასიკურ ჭირთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ღორის კლასიკური ჭირი (Pestis suum) – (შემდგომში - ჭირი), ღორის ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, სისხლძარღვებისა და სისხლმბადი ორგანოების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება, მსხვილი ნაწლავების კრუპოზულ-დიფთერიული ანთება. 2. ჭირთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები წინამდებარე წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ღორი - ცხოველი ღორების ოჯახიდან, მათ შორის,, გარეული ღორი; ბ) გარეული ღორი - ღორი, რომლის შენახვა და მოშენება არ ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე; გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის, მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი არ მოიცავს სასაკლაოს, სატრანსპორტო საშუალებას და, ასევე, შემოღობილ ტერიტორიას, სადაც ბინადრობენ გარეული ღორები და მათზე ნებადართულია ნადირობა; დ) ფერმა - ობიექტი, სადაც ხდება ღორების მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროებით; ე) ჭირით ინფიცირებული ღორი - ღორი ან ღორის სხეული, რომელშიც კლინიკური სიმპტომებით, სიკვდილის შემდგომი დაზიანებებით ან ლაბორატორიული გამოკვლევით დასტურდება ჭირის არსებობა; ვ) ჭირის ეპიზოოტია - ჭირის ერთი ან მეტი შემთხვევის გამოვლენა მოცემულ ტერიტორიაზე; ზ) ჭირის პირველადი ეპიზოოტია - დაავადების გამოვლენა, რომელიც ეპიზოოტიურად არ არის დაკავშირებული ქვეყნის იმავე რეგიონში წინა გამოვლენასთან, ან პირველი გამოვლენა ქვეყნის სხვა რეგიონში; თ) ინფიცირებული ზონა - ტერიტორია, სადაც გარეულ ღორებში დადასტურებულია ჭირის ერთი ან მეტი შემთხვევა და ადგილზე განხორციელდა წინამდებარე წესის მე-15 ან მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები; ი) გარეული ღორების მეტაპოპულაცია - გარეული ღორების ნებისმიერი ჯგუფი ან ქვეპოპულაცია, რომელთაც შეზღუდული კონტაქტი აქვთ სხვა ჯგუფებთან ან ქვეპოპულაციასთან; კ) მფლობელი - პირი, რომელსაც ჰყავს ღორები საკუთრებაში ან ფლობს აღნიშნულ ცხოველებს ფინანსური მოგების ან სხვა მიზნით; ლ) სააგენტოს მიერ უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმი (შემდგომში - უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმი) - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის; მ) დამუშავება - მაღალი რისკის მასალისადმი განხორციელებული ქმედების ერთ-ერთი სახე ჭირის ვირუსის განეიტრალების მიზნით; ნ) სურსათის ნარჩენი - ნარჩენი რესტორნიდან, საზოგადოებრივი კვების ობიექტიდან ან სამზარეულოდან, ფერმერების ან ღორების მომვლელი პირების საოჯახო მეურნეობიდან; ო) ვაქცინა - იმუნიტეტის წარმოქმნის უნარის მქონე ვაქცინა, რომელიც განსხვავდება ველურ ბუნებაში ვირუსის სპონტანური ინფექციით გამოწვეული იმუნური რეაქციისაგან; პ) დაკვლა - ცხოველის სიკვდილის გამოწვევა სისხლის გამოშვებით; ჟ) ღორების მაღალი სიმჭიდროვის ზონები - ნებისმიერი გეოგრაფიული ზონა 6 კილომეტრის რადიუსით იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარშემო, სადაც მოთავსებულია ჭირის ვირუსით სავარაუდოდ ინფიცირებული ღორები, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ღორების განთავსების სიმჭიდროვე აღემატება 800 ღორს ერთ კვადრატულ კილომეტრზე ან ფერმებში - 300 ღორს ერთ კვადრატულ კილომეტრზე; რ) კონტაქტური ფერმა - ობიექტი, სადაც ჭირი შეიძლება გამოვლინდეს ადგილმდებარეობის, პირების, ღორების ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებების შედეგად ან სხვა გზით; ს) ეპიზოოტიური კერა - ღორის სადგომი ან ირგვლივ მყოფი ტერიტორია, რომელზეც იმყოფება ჭირის აღმძვრელის ერთი ან რამდენიმე წყარო; ტ) არაკეთილსაიმედო პუნქტი - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მეღორეობის ფერმა, რომლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ერთი ან მეტი ეპიზოოტიური კერა. მუხლი 3. ჭირის შესახებ შეტყობინების ვალდებულება 1. ჭირის საეჭვო ან დადასტურებული ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, მფლობელი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს. 2. ჭირის დადასტურების ნებისმიერ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაავადების შესახებ გაუგზავნოს შეტყობინება და მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო ეპიზოოტიურ ბიუროს (OIE), დადგენილი წესით. მუხლი 4. ჭირის პროფილაქტიკა და ზომები ჭირის არსებობაზე ეჭვის მიტანის შეთხვევაში 1. ჭირის ვირუსის შეტანისაგან ფერმის დაცვის მიზნით, მფლობელი ვალდებულია: ა) ფერმა დააკომპლექტოს ჭირზე კეთილსაიმედო ფერმიდან შეყვანილი ჯანმრთელი ღორებით; ბ) ახლად შეყვანილი ღორები შეინახოს იზოლირებულად 30 დღის განმავლობაში. მხოლოდ ჭირის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, დაუშვას ისინი საერთო კოლტში ან გადაიყვანოს სხვა სადგომში ვეტერინარი ექიმის თანხმობით; გ) არ დაუშვას: გ.ა) ჭირის მიმართ არაკეთილსაიმედო ფერმასთან სამეურნეო კავშირი; გ.ბ) კავშირი ისეთ ფერმასთან, რომელიც იყენებს ღორების საკვებად სასაკლაოს და სურსათის ნარჩენებს; გ.გ) სხვა ღორების დაგრილება ფერმის ტერიტორიაზე მათი კუთვნილი კერატებით (მწარმოებლებით); გ.დ) ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა, რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ტერიტორიის და ფერმის მომსახურებასთან. ცალკეულ შემთხვევაში, ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია მფლობელის ნებართვით, ვეტერინარი ექიმის თანხმობით; გ.ე) ტერიტორიაზე და ფერმაში შემსვლელი პირი, სანიტარიულ გამშვებში შხაპის მიღების, სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლით შემოსვის გარეშე; გ.ვ) ღორების გადაჯგუფება სხვა სადგომში ან მის ფარგლებს გარეთ, ვეტერინარი ექიმის ნებართვის გარეშე; დ) დაიცვას ვეტერინარული და ზოოჰიგიენური მოთხოვნები. 2. ფერმები უნდა იმყოფებოდეს დახურული ტიპის საწარმოო რეჟიმზე. მოსახლეობაში ღორების ეზოებრივი შენახვისას, მათი გამოზრდა უნდა ხდებოდეს იზოლირებულად, სპეციალურად აგებულ სადგომებში, ვეტერინარული წესების დაცვით. 3. საკვები სამზარეულოები განლაგებული უნდა იქნეს ფერმიდან მოშორებით და საკვების მიღების, შენახვის, მომზადების ტექნოლოგიური პროცესები ტარდებოდეს იზოლირებულად, ამ საქმიანობისათვის სპეციალურად გამოყოფილი პერსონალის მეშვეობით. 4. საერთო პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად, ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების საკითხს წყვეტს სააგენტო, ამ წესის და ვაქცინის დარიგების მოთხოვნათა შესაბამისად: ა) ეპიზოოტიური კერიდან ჭირის აღმძვრელის შეტანის უშუალო საშიშროების დროს; ბ) ფერმაში, რომელიც კომპლექტდება ნაკრები სულადობით, ასევე რომლებიც იყენებენ ღორების საკვებად სასაკლაოს და სურსათის ნარჩენებს; გ) ფერმაში, რომელიც მდებარეობს ხორცის გადამამუშავებელ საწარმოსთან ახლოს, ასევე ჭირის მიმართ არაკეთილსაიმედო ქვეყნის სახელმწიფო საზღვართან ახლოს; დ) ფერმაში, რომელიც განლაგებულია ზონაში, სადაც არის, ან უკანასკნელი სამი წლის მანძილზე აღინიშნებოდა გარეული ღორების ჭირით დაავადების შემთხვევები. 5. ჭირზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ სააგენტოს და, უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის მოსვლამდე, გაატაროს შემდეგი ღონისძიებები: ა) გამოაცალკევოს ავადმყოფი და დაავადებაზე საეჭვო ღორები და მიამაგროს მათ მოსავლელად სპეცტანსაცმლითა და ცალკე ინვენტარით აღჭურვილი მომვლელი პერსონალი; ბ) არ დაუშვას ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირთა შესვლა, ასევე კავშირი ფერმებს შორის; გ) აკრძალოს ღორების შეყვანა და გაყვანა, საკვების, მოწყობილობების და ინვენტარის, ღორების დაკვლისას მიღებული ხორცის და სხვა პროდუქტების, ასევე ნედლეულის გატანა, ღორების სულადობის გადაჯგუფება ტერიტორიის შიგნით; დ) არ დაუშვას ტრანსპორტის გამოსვლა ტერიტორიიდან სადეზინფექციო დამუშავების გარეშე, ასევე ნაკელისა და ქვეშსაფენის გატანა ტერიტორიის გარეთ; ე) ჭირზე ეჭვის მიტანის ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის გამოცხადება ადგილზე, რომელიც ვეტერინარ ექიმთან ერთად ღებულობს ზომებს დიაგნოზის დასადგენად და დაავადების გავრცელების ასაცილებლად. 6. ჭირის საეჭვო ნიშნების არსებობისას, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მთლიან სულადობაზე წესდება დაკვირვება. სააგენტომ, ვეტერინარ ექიმთან და მფლობელთან ერთად, უნდა უზრუნველყოს: ა) სხვადასხვა კატეგორიის ყველა ღორის კლინიკური დათვალიერება და დათვლა, მკვდარი და თითოეული კატეგორიის მიხედვით, სავარაუდოდ ინფიცირებული ღორების ჩამონათვალის შედგენა, რომელიც უნდა ახლდებოდეს თაობების დაბადების ან სიკვდილიანობის შემთხვევაში, მთელი საეჭვო პერიოდის განმავლობაში (საბოლოო დიაგნოზის დადგომამდე); ბ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვისა და ანალიზის ჩატარება, კონტაგიოზურობის ხარისხის დადგენა ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად; გ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაციის დაზუსტება ირგვლივ მყოფ პოპულაციაში; დ) მკვდარი ღორების ლეშების განადგურება ან უტილიზაცია, საეჭვო ფერმის ტერიტორიაზე; ე) ფერმაში და მის ტერიტორიაზე ცოცხალი ღორების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ცხოველთა სხვა სახეობების შეყვანისა და გაყვანის აკრძალვა. სააგენტომ უნდა გააგრძელოს აკრძალვები და მოითხოვოს შესაბამისი ზომების გამოყენება მღრღნელების და მწერების გასანადგურებლად. 7. დაუშვებელია დაკლული ცხოველის ტანხორცის, სავარაუდოდ ჭირით ინფიცირებული ღორის ხორცის, მისი პროდუქტების, სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონის, ცხოველის საკვების, ჭურჭლის, მასალების ან ნარჩენების გატანა სააგენტოს ნებართვის გარეშე. 8. უცხო პირების ან სატრანსპორტო საშუალებების ფერმის ტერიტორიაზე და ფერმის ტერიტორიიდან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს წერილობითი ნებართვის საფუძველზე. სატრანსპორტო საშუალებას შესვლა-გასვლის დროს უკეთდება დეზინფექცია. 9. ფერმის ტერიტორიაზე და ფერმის შესასვლელ - გასასვლელებში ეწყობა დეზობარიერი და დეზოხალიჩები. ფერმაში შემსვლელმა და გამომსვლელმა პირებმა უნდა შეასრულონ შესაბამისი ჰიგიენური პროცედურები, რომლებიც საჭიროა ჭირის ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად. 10. ჭირის დიაგნოზს ადგენენ ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური და პათანატომიური მონაცემების საფუძველზე. საბოლოო დიაგნოზი დგინდება ლაბორატორიის მიერ. დიფერენციალური დიაგნოზისთვის უნდა გამოირიცხოს ღორის აფრიკული ცხელება, ვირუსული გასტროენტერიტი, დიზენტერია, სალმონელოზი, პასტერელოზი, წითელი ქარი და ჭირის ნიშნების მქონე სხვა დაავადებები. მუხლი 5. ზომები ფერმაში ჭირის დადასტურების შემთხვევაში 1. ჭირის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: ა) ვეტერინარული კარანტინის დროს ცხოველთა საკარანტინო დაავადებების აღმძვრელის გავრცელების, ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის, კარანტინის დაწესებას, მოხსნას და მისი განხორციელების ხელშეწყობას; ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას. 2. ჭირზე კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ; ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ. 3.არაკეთილსაიმედო პუნქტის ტერიტორიაზე კარანტინის პირობებით იკრძალება: ა) ფერმიდან ღორების გაყვანა და ფერმაში შეყვანა, ასევე უმი ხორცის, ორგანოებისა და მეცხოველეობის სხვა პროდუქტების გატანა; ბ) ვეტერინარი ექიმის ნებართვის გარეშე ღორების გადაჯგუფება და დაკვლა; გ) ყველა სახის ტრანსპორტის გასვლა, ასევე მომსახურე პერსონალის გასვლა ზედა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის სანიტარიული დამუშავების გარეშე; დ) კარანტინს დაქვემდებარებული, დამცავი და საკონტროლო ზონებიდან ცოცხალი ღორის, ღორის ხორცის და მისი უმი პროდუქტების ბაზრებსა და ბაზრობებზე გაყიდვა; ე) მოსახლეობისა და სხვა უცხო პირების, ტრანსპორტის შესვლა, თუ ის დაკავშირებული არ არის არაკეთილსაიმედო პუნქტის ტერიტორიაზე არსებულ სხვა ობიექტების მომსახურებასთან; ვ) მეცხოველეობაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვების დამზადება და გატანა. 4. სააგენტომ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ზომების გარდა უნდა გამოიყენოს სხვა ზომები, მათ შორის,: ა) ჭირის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ფერმაში არსებული ყველა ღორის დაუყოვნებლივ დაკვლა სააგენტოს ზედამხედველობით; ბ) ღორების დაკვლის შემდეგ აღებული სათანადო რაოდენობის ნიმუშების გამოკვლევისათვის გადაგზავნა შესაბამის ლაბორატორიაში, რათა დადგინდეს ჭირის შეტყობინებამდე ფერმაში ჭირის შეტანის გზები და მისი შესაძლო არსებობის დროის ხანგრძლივობა; გ) მკვდარი ან დაკლული ღორის გამოშიგნული სხეულის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობით; დ) ფერმაში ჭირის სავარაუდო შეტანის და სათანადო ზომების გატარების პერიოდებს შორის შეგროვებული ღორის სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონების აღრიცხვა და განადგურება სააგენტოს ზედამხედველობით; ე) სავარაუდოდ ინფიცირებული ყველა ნარჩენის, მათ შორის, ფურაჟის განადგურება, ასევე, ყველა ერთჯერადი მასალის განადგურება, რომელიც შეიძლება დაინფიცირდეს დაკვლის დროს. აღნიშნული განადგურებული უნდა იქნეს სააგენტოს ზედამხედველობით; ვ) ღორების მოცილების შემდეგ, ღორების განთავსებისათვის გამოყენებული სადგომები, გატყავებული და გამოშიგნული სხეულის ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული საშუალებები და მოწყობილობა, ექსკრემენტები და სუსპენზიები, რომლებიც შესაძლოა დაინფიცირდეს, უნდა გაიწმინდოს, მოხდეს მათი დეზინფექცია ან დამუშავება ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად; ზ) ჭირის პირველადი ეპიზოოტიის შემთხვევაში, ჭირის ვირუსის გამოყოფა და გენეტიკური ტიპის დადგენა ლაბორატორიული გამოკვლევის გზით; თ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის განხორციელება ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად; ი) ფერმის შემდგომი დაკომპლექტებისას, ღორების ვაქცინაციის საკითხის გადაწყვეტა ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და ვაქცინის დარიგების მოთხოვნათა შესაბამისად. 5. რეპროდუქტიულ ფერმაში, სადაც არაკეთილსაიმედო სულადობის დაკვლა მიზანშეწონილად არ მიიჩნევა, სააგენტო აწარმოებს ღორების ყოველდღიურ კლინიკურ დათვალიერებას და თერმომეტრიას. კლავენ ყველა ავადმყოფ და ავადმყოფობაზე საეჭვო ღორს, ასევე ზრდა - განვითარებაში ჩამორჩენილ და სუსტ, ფილტვისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე სულადობას. ნორმალური ტემპერატურის მქონე ყველა დანარჩენ სულადობას, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ცრიან ჭირის საწინააღმდეგოდ ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის და ვაქცინის დარიგების მოთხოვნათა შესაბამისად - შემჭიდროვებულ ვადაში. ვაქცინაციის შემდეგ ახდენენ აცრილ ღორებზე კლინიკურ დათვალიერებას და მაღალი ტემპერატურის, ძლიერი დათრგუნვისა და უმადობის გამოვლენისას, სულადობა იკვლება. 6. ზოოპარკებში, ნაკრძალებში, ლაბორატორიებში, სადაც ღორების შენახვა ხდება მეცნიერული მიზნებისთვის ან სახეობების ან იშვიათი ჯიშების დაცვის მიზნებისთვის, ჭირის ეპიზოოტის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტომ შეიძლება განახორციელოს გადაუდებელი ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ეპიზოოტიურ კერებში ჭირის შეჭრა-შეტანის გზებისა და დროის დადგენა. 8. ჭირის შეჭრა-შეტანის და ოფიციალური ზომების მიღების პროცედურებს შორის შეგროვებული სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონი უნდა აღირიცხოს და განადგურდეს სააგენტოს კონტროლის ქვეშ. 9. სავარაუდოდ ინფიცირებული ყველა ნივთი, ინვენტარი და ნარჩენი უნდა დამუშავდეს. ყველა ერთჯერადი მასალა, რომელიც შეიძლება დაიფინცირდეს (მათ შორის,, დაკვლის პროდუქტებისთვის გამოყენებული) უნდა განადგურდეს. აღნიშნული ზომები უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის მითითებების შესაბამისად. 10. სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ღორები იკვლება სანიტარიულ სასაკლაოზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სასაკლაოზე ცალკე ცვლაში. ხორცისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავება-გამოყენების საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. სასაკლაოზე ღორების დასაკლავად შეყვანა და დაკვლის პროდუქტების შეტანა ხდება სითხეგაუმტარი ძარიანი ავტოტრანსპორტით. იკრძალება გზაზე გაჩერება და ღორების დაკვლა. გადაზიდვის ყოველ შემთხვევაზე გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ვეტერინარული დოკუმენტი. სასაკლაოდან გამოსვლისას ავტომანქანები გულმოდგინედ იწმინდება (ირეცხება) და უტარდება დეზინფექცია, ჭირის გასანეიტრალებლად დატვირთვა - გადმოტვირთვაზე მომუშავე პირთა სპეცტანსაცმელი დეზინფიცირდება. 12. სასაკლაოზე ჭირით დაავადებული და სავარაუდოდ დაინფიცირებული ღორების გადაყვანისა და ტანხორცის გადატანისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება ღორების მფლობელსა და სასაკლაოს მფლობელ ბიზნესოპერატორს. 13. ჭირით დაავადებული, დაავადებაზე და გაუვნებლებაზე საეჭვო ღორების, ასევე ჭირის საწინააღმდეგოდ აცრილ და დაკვლის წინ მაღალი ტემპერატურის მქონე ღორის პროდუქტების გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 14. ჭირით მკვდარი ცხოველების ლეშებს სპობენ დაწვით და ღრმად ჩამარხვით, ხოლო უტილიზაციის დანადგარის არსებობის შემთხვევაში კი უტარებენ უტილიზაციას. მუხლი 6. ზომები ფერმებში ჭირის დადასტურების შემთხვევაში ჭირის დადასტურების შემთხვევაში, ღორების გასუქებისათვის, სააგენტოს შეუძლია არ განახორციელოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები ისეთ ფერმებში, სადაც გამოყოფილია ცალკე სადგომები ღორების განთავსებისათვის, მოვლა-შენახვისა და კვებისათვის და ჭირის გავრცელება ერთი სადგომიდან მეორეში შეუძლებელია. მუხლი 7. ზომები კონტაქტურ ფერმებში 1. კონტაქტურია ფერმა, თუ უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმი ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგად აღმოაჩენს ან ჩათვლის, რომ ჭირი შეტანილია ამ წესის მე-4 ან მე-5 მუხლში მითითებული ფერმიდან. 2. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები გამოყენებული უნდა იქნეს ასეთ ფერმებში მანამ, სანამ არ გამოირიცხება ჭირის არსებობის ეჭვი. 3. ეპიზოოტიური სიტუაციიდან გამომდინარე, სააგენტომ კონტაქტურ ფერმებში უნდა გამოიყენოს ამ წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ზომები. მუხლი 8. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა ჭირის ეპიზოოტიასთან ან საეჭვო შემთხვევებთან დაკავშირებით, ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა წარმოებს ამ წესის მე-20 მუხლში მითითებული საგანგებო გეგმების ფარგლებში მომზადებული კითხვარის საფუძველზე. თუ გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ჭირი შეიძლება გავრცელდეს სხვა მეზობელ სახელმწიფოებში, მათ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ. მუხლი 9. დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნა 1. ჭირის დიაგნოზის ოფიციალურად დადასტურებისთანავე, სააგენტომ, ეპიზოოტიის კერის გარშემო, არანაკლებ 6 კმ რადიუსით, უნდა შექმნას საკონტროლო ზონა, რომელიც თავისთავად მოიცავს დამცავ ზონას, არანაკლებ 3 კმ რადიუსის ფარგლებში. ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლებში მითითებული ზომები მიღებულ უნდა იქნეს შესაბამის ზონებში. 2. ზონების შექმნისას, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს: ა) ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები; ბ) ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები; გ) ფერმების ადგილმდებარეობა და სიახლოვე; დ) გადაადგილების და ღორებით ვაჭრობის პრინციპები და სასაკლაოს ხელმისაწვდომობა; ე) სადგომები და პერსონალი, რომელიც აკონტროლებს ღორების ნებისმიერ გადაადგილებას აღნიშნულ ზონებში, დასაკლავი ღორების ფერმიდან გაყვანის აუცილებლობა. 3. თუ ზონა მოიცავს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიის ნაწილსაც, შესაბამისმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ სააგენტოსთან ზონის დადგენის საკითხზე. 4. სააგენტომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის,, გამოიყენოს შესამჩნევი აღნიშვნები და გამაფრთხილებელი შეტყობინებები, მედიარესურსები, იმის უზრუნველსაყოფად, რომ დამცავ და საკონტროლო ზონებში მყოფი პირები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად მოქმედი შეზღუდვების შესახებ. მუხლი 10. ზომები შექმნილ დამცავ ზონებში 1. საკარანტინო მოთხოვნებით, სააგენტო, ეპიზოოტიის კერის გარშემო, არანაკლებ 6 კმ რადიუსით, ქმნის საკონტროლო ზონას, რომელიც შედის არანაკლებ 3 კმ რადიუსის ფარგლების მქონე დამცავ ზონაში. სააგენტომ, დამცავ ზონებში, უნდა უზრუნველყოს შემდეგი ზომების განხორციელება: ა) ღორების კლინიკური შემოწმების, საიდენტიფიკაციო ნიშნების და რეგისტრაციის შემოწმებისათვის, ყველა ფერმის უმოკლეს დროში აღწერა, ვეტერინარი ექიმის მიერ; ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა, თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას და ამ მუხლის მე-5 პუნქტით მითითებული გადაადგილება ნებადართული არ იქნება სააგენტოს მიერ. აღნიშნული აკრძალვა არ გამოიყენება ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანისას, გადმოტვირთვის ან შესვენების გარეშე. შეზღუდვა ვრცელდება დამცავი ზონის ფარგლებს გარე ტერიტორიიდან მომავალი და აღნიშნულ ზონაში მდებარე სასაკლაოსკენ მიმავალ გზაზეც. 2. სატვირთო ავტომობილები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები, მოწყობილობა, რომელიც შეიძლება ინფიცირებული იყოს (გატყავებული და გამოშიგნული ღორი, ფურაჟი, ნაკელი და სხვა) უნდა გაიწმინდოს (გაირეცხოს), მოხდეს მათი დეზინფექცია ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ღორების გადაზიდვაში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება არ შეიძლება გავიდეს დამცავი ზონიდან გაწმენდისა (გარეცხვის) და დეზინფექციის, შემდგომში კი სააგენტოს ნებართვის გარეშე. 3. დაუშვებელია სხვა შინაური ცხოველის ფერმაში შეყვანა ან ფერმიდან გაყვანა სააგენტოს თანხმობის გარეშე. 4. ფერმაში ღორების დაავადების და სიკვდილიანობის შემთხვევები უნდა ეცნობოს სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს დაავადებული და მკვდარი ღორების ლაბორატორიულ გამოკვლევას. 5. დაუშვებელია ღორების ფერმიდან გაყვანა, სადაც ისინი იმყოფებიან ინფიცირებული ფერმის დასუფთავების და დეზინფექციის დასრულებიდან არანაკლებ 30 დღის მანძილზე. 30 დღის შემდგომ ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირობის საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა მხოლოდ: ა) მის მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე; ბ) გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც მოხდება ღორების დაუყოვნებლივ დაკვლა და მათი სხეულის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობით. 6. სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონი არ უნდა იქნეს გატანილი დამცავ ზონაში მდებარე ფერმიდან. 7. პირი, რომელიც შედის ფერმაში ან გამოდის ფერმიდან, ვალდებულია დაიცვას შესაბამისი ჰიგიენური მოთხოვნები. 8. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვების 30 დღეზე მეტი ხნის გაგრძელების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია, მფლობელის დასაბუთების შემდეგ, დაუშვას ღორების ფერმიდან გაყვანა დამცავ ზონაში, საიდანაც ღორები პირდაპირ გადაყვანილი უნდა იქნენ: ა) დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, რომელიც უმჯობესია მდებარეობდეს დამცავ ან საკონტროლო ზონაში; ბ) გადასამუშავებელ ქარხანაში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ დაკვლა და მათი ტანხორცის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობით. 9. ამ მუხლის მე-10 პუნქტის გამოყენებაზე მითითების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა იმ პირობით, რომ: ა) უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმი განახორციელებს ფერმაში არსებული ამ ღორების კლინიკურ შემოწმებას. შემოწმებისას აუცილებელია სხეულის ტემპერატურის გაზომვა, საიდენტიფიკაციო ნიშნების და რეგისტრაციის შემოწმება; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოწმება არ ადასტურებს ჭირის არსებობას; გ) სატრანსპორტო საშუალებები, სადაც მოთავსებულია ღორები დალუქული უნდა იყოს სააგენტოს მიერ; დ) სატრანსპორტო საშუალება და მოწყობილობა დაუყოვნებლივ გასუფთავდება (გაირეცხება) და მოხდება მისი დეზინფექცია ტრანსპორტირების შემდეგ ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; ე) ღორების მოკვლის ან დაკვლის შემდეგ აღებული ნიმუშები გაიგზავნება ლაბორატორიაში, ფერმაში ჭირის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით. 10. თუ ღორების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სასაკლაოზე, აუცილებელია, რომ: ა) სასაკლაოზე პასუხისმგებელი პირი წინასწარ ინფორმირებული იყოს სასაკლაოზე ღორის გადაყვანის შესახებ; ბ) სასაკლაოზე ღორების განთავსება და დაკვლა უნდა მოხდეს ღორების სხვა პარტიისაგან განცალკევებით; გ) განსაზღვრულ სასაკლაოზე ღორების დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი შემოწმების დროს, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს ღორის ჭირის არსებობის ნიშნები; დ) ასეთი ღორის ხორცის ნიშანდება მოხდეს სპეციალური შტამპით. შტამპი უნდა იყოს ოვალური ფორმის, რომელზეც გავლებულია ორი პარალელური სწორი ხაზი, მათ შორის, მანძილი სულ მცირე 1 სმ-ს უნდა შეადგენდეს, ხაზი უნდა კვეთდეს ოვალური ფორმის წრეს ისე, რომ მასზე დატანებული ინფორმაცია გარკვევით იკითხებოდეს. ამასთან, ორი პარალელური ხაზი ისევე აშკარა უნდა იყოს, როგორც ნიშნის გარე კიდე/ნაპირი ან ასეთი ღორის ხორცი ექვემდებარება განაცალკევებით გადამუშავებას და ის შეიძლება ჩაერთოს საერთაშორისო ვაჭრობაში იმ შემთხვევაში, თუ ხორცს გავლილი აქვს დამუშავების შემდეგი სახე: დ.ა) სითბური დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, ცენტრისკენული ძალით 3,00 ან მეტი; დ.ბ) დამუშავება ჰერმეტულ, დალუქულ ჭურჭელში (კონტეინერში) არანაკლებ 600C ტემპერატურაზე 4 საათის განმავლობაში, რა პერიოდშიც ხორცის ნაჭრების სისქეში ტემპერატურა 30 წუთის განმავლობაში უნდა იყოს 700 C . აღნიშნული პროცესი უნდა ხორციელდებოდეს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ; ე) ამ პუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამუშავება განხორციელდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ დაწესებულებაში, სადაც ხორცი უნდა გაიგზავნოს დალუქულ მდგომარეობაში. 11. ამ მუხლის პირველი-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ზომების გამოყენება დამცავ ზონაში უნდა გაგრძელდეს არანაკლებ: ა) ინფიცირებული ფერმის გაწმენდის და დეზინფექციის განხორციელებამდე; ბ) ყველა ფერმის ღორების კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების განხორციელებამდე, ჭირის შესაძლო გამოვლინების მიზნით, ინფიცირებული ფერმების წინასწარი გასუფთავების და დეზინფექციის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ. მუხლი 11. საკონტროლო ზონებში გასატარებელი ზომები 1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საკონტროლო ზონებში შემდეგი ზომების გამოყენება: ა) ზონის ყველა ფერმაში არსებული სულადობის აღწერა; ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა, თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას. აღნიშნული არ ეხება ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანას გადმოტვირთვის ან შეჩერების გარეშე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს საკონტროლო ზონის ფარგლების გარე ტერიტორიიდან მომავალ და სასაკლაოს (თუ ის მდებარეობს საკონტროლო ზონაში) მიმართულებით ღორების დაუყოვნებლივ დაკვლისათვის გამოყენებულ გზაზეც; გ) ღორების ან სხვა მასალის ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული იმ სატვირთო ავტომობილების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობის გადაადგილების აკრძალვა, ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული პროცედურებით დადგენილი გაწმენდის, გარეცხვის და დეზინფექციის ჩატარებამდე; დ) სხვა შინაური ცხოველის ფერმაში შეყვანისა და ფერმიდან გამოყვანის აკრძალვა საკონტროლო ზონის შექმნიდან პირველი 7 დღის განმავლობაში; გამონაკლისი დაიშვება სააგენტოს ნებართვით; ე) მფლობელისგან ფერმაში ღორების სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციას მიღებისას, ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება; ვ) ფერმიდან ღორების გაყვანის დაუშვებლობა ინფიცირებული ფერმის დასუფთავების და დეზინფექციის დასრულებიდან სულ მცირე 21 დღის მანძილზე. 21 დღის შემდეგ, ამ წესის მე-10 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირობების თანახმად, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა იმ პირობით, რომ მათი გადაყვანა მოხდება: ვ.ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე; ვ.ბ) გადამამუშავებელ საწარმოში ან ისეთ ადგილზე, სადაც შესაძლებელია ღორების დაუყოვნებლივ დაკვლა და მათი სხეულის დამუშავება სააგენტოს კონტროლის ქვეშ, ან გამონაკლის შემთხვევაში, დამცავი ზონის ფარგლებში მდებარე სხვა სადგომებში; ზ) ღორების სპერმის, კვერცხუჯრედისა და ემბრიონის დამცავ ზონაში მდებარე ფერმიდან გატანის აკრძალვა. 2. საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორთან შეთანხმების გათვალისწინებით, სააგენტოს შეუძლია სასაკლაოზე ტრასპორტირებულ და დაკლულ ღორებთან დაკავშირებით არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-10 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, ღორის ხორცის ნიშანდებასთან, მის შემდგომ გამოყენებასთან, დამუშავებული პროდუქტის საბოლოო გამოყენების ადგილთან დაკავშირებით. 3. ნებისმიერი პირი, რომელიც შედის ან გამოდის ფერმიდან ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენური წესი, რომელიც საჭიროა ჭირის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით. 4. თუ ამ წესის მე-10 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვები გაგრძელდა 30-ზე მეტი დღის განმავლობაში, სააგენტოს შეუძლია, ფერმის მფლობელის დასაბუთების შემდეგ, დაუშვას ღორების ფერმიდან გაყვანა საკონტროლო ზონაში, რომელიც პირდაპირ გადაყვანილი უნდა იქნეს: ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრული სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში; ბ) გადასამუშავებელ ქარხანაში ან სხვა ადგილზე, სადაც შესაძლებელი იქნება ღორების დაუყოვნებელი დაკვლა და მათი სხეულის დამუშავება სააგენტოს კონტროლის ქვეშ, ან, გამონაკლის შემთხვევაში, დამცავი ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა - ნაგებობებში. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ზომების გამოყენება დამცავ ზონაში კვლავ უნდა გაგრძელდეს: ა) ინფიცირებული ფერმის გაწმენდის (გარეცხვის), დასუფთავების და დეზინფექციის განხორციელებამდე; ბ) ფერმის ყველა ღორის კლინიკურ და ლაბორატორიულ შემოწმებამდე ჭირის შესაძლო გამოვლინების მიზნით; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შემოწმებების განხორციელება დაუშვებელია ინფიცირებული ფერმის წინასწარი გასუფთავების და დეზინფექციის დასრულებიდან 20 დღის გასვლამდე. 6. დამცავ და საკონტროლო ზონებში ჭირის საწინააღმდეგოდ ვაქცინის გამოყენების საკითხს წყვეტს სააგენტო ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის და ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დარიგების შესაბამისად. მუხლი 12. დასუფთავება და დეზინფექცია 1. დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურების საერთო პრინციპებია: ა) დასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოები და, საჭიროების შემთხვევაში, ზომების განხორციელება მღრნელების და მწერების გასანადგურებლად, სააგენტოს მითითებებითა და ზედამხედველობით; ბ) გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებების შერჩევა საგენტოს მიერ; გ) სავალდებულოა სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების ეფექტურობის შემოწმება გამოყენების წინ; დ) სადეზინფექციო საშუალებების და დეზინფექციის პროცედურების შერჩევა დასამუშავებელი შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების და ობიექტის ტიპის გათვალისწინებით; ე) ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებების და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება ისეთ პირობებში, რომ ზიანი არ მიადგეს ან არ შემცირდეს აღნიშნული ნივთიერებების მოქმედების ეფექტურობა. დაცული უნდა იქნეს მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პირობები, როგორიცაა წნევა, მინიმალური ტემპერატურა და საჭირო საკონტაქტო დრო. 2. დასუფთავებისა და დეზინფექციისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი წესები: ა) სადენზიფექციო საშუალებებით ქვეშსაფენის და ფეკალური მასის სრული გაჟღენთვა; ბ) სადგომების დემონტაჟის შემდეგ მიწის, იატაკის, ჭერისა და კედლების, ასევე მოწყობილობებისა და ინსტალაციების გაწმენდა-გასუფთავება და ჯაგრისით გახეხვა; გ) გაწმენდითი სამუშაოების დროს გამოყენებული წყლის გამოყენება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჭირის გავრცელების რისკი; დ) თუ გაწმენდა წარმოებს სითხეებით, რომლებიც გამოიყენება წნევით, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უკვე გასუფთავებული ნაწილის ხელახალი დაბინძურება; ე) უნდა განხორციელდეს სავარაუდოდ დაბინძურებული მოწყობილობის, ინსტალაციის და საგნების გაწმენდა, დეზინფექცია ან განადგურება; ვ) დეზინფექციის დამთავრების შემდეგ, თავიდან უნდა იქნეს აცილებული განმეორებითი დაბინძურება; ზ) დასუფთავებისა და დეზინფექციების პროცედურებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების შესახებ უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერები. ჩანაწერები უნდა ინახებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან და უნდა მიეწოდოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას. 3. ინფიცირებული ფერმების დასუფთავებისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია: ა) ცხოველების დაკვლის დროს, ჭირის ვირუსის გავრცელების აცილების ან ასეთი საფრთხის მინიმუმამდე დაყვანისათვის ისეთი ზომების მიღება, რომელიც მოიცავს დროებითი სადეზინფექციო მოწყობილობების დამონტაჟებას, დამცავი ტანსაცმლით, შხაპებით უზრუნველყოფას, გამოყენებული მოწყობილობების, ინსტრუმენტების და შენობა-ნაგებობების გაწმენდას, ვენტილაციისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტას; ბ) დაკლული ცხოველების გატყავებული და გამოშიგნული სხეულების სადეზიფექციო საშუალებებით გაჟღენთვა: გ) დამუშავების მიზნით, გატყავებული და გამოშიგნული სხეულების ფერმიდან გატანის აუცილებლობისას, დახურული და წყალგაუმტარი კონტეინერების გამოყენება; დ) ღორების დაკვლის დროს დაბინძურებული მიდამოს ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული გამოსაყენებლად ნებადართული სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება; ე) ნებისმიერი ქსოვილის ან სისხლის, რომელმაც შეიძლება გაჟონოს დაკვლის ან გვამის გაკვეთის დროს, ფრთხილად შეგროვება და დამუშავება; ვ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებების, დამუშავებულ ზედაპირზე, არანაკლებ 24 საათის განმავლობაში შენარჩუნება; ზ) საბოლოო დასუფთავება და დეზინფექცია: ზ.ა) ნაკელისა და გამოყენებული ქვეშსაფენის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გატანა და დამუშავება; ზ.ბ) ყველა ზედაპირიდან, ცხიმებისა და ჭუჭყის, ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებების გამოყენებით მოცილება და ზედაპირის წყლით დამუშავება; ზ.გ) წყლით გარეცხვის შემდეგ, დამატებითი სადეზინფექციო საშუალებების შესხურება; ზ.დ) შვიდი დღის შემდეგ, შენობა-ნაგებობების ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებებით დამუშავება, წყლის გადავლება, სადეზინფექციო საშუალებების შესხურება და განმეორებით წყლის გადავლება. 4. დაბინძურებული ქვეშსაფენის, ნაკელის და წუნწუხის დეზინფექციისას: ა) ქვეშსაფენის, ნაკელის და წუნწუხის სუსპენზია შენახული უნდა იქნეს სითბოში და მოხდეს სადეზინფექციო საშუალებების შესხურება. ასეთი სუსპენზია დაყოვნებული უნდა იქნეს არანაკლებ 42 დღის განმავლობაში, ან განადგურდეს მიწაში ჩაფლვით; ბ) სუსპენზია შენახული უნდა იქნეს ინფიცირებული მასალის ბოლო დამატებიდან არანაკლებ 42 დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სააგენტო დაუშვებს შენახვის შემცირებულ ვადას. 5. ღია ფერმის შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია განსაზღვროს დასუფთავების და დეზინფექციის სპეციალური პროცედურები, ფერმის ტიპის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით. მუხლი 13. ღორის დაავადების შემდგომი რეპოპულაცია (აღწარმოება) ფერმაში 1. დაუშვებელია ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული ფერმის ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება), ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი გასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან არანაკლებ 30 დღის განმავლობაში. 2. ღორის რეპოპულაციის (აღწარმოება) დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ფერმაში გამოყენებული ღორების გამოზრდის ტექნოლოგია, რომელიც უნდა დაექვემდებაროს შემდეგ პროცედურებს: ა) ღია ტიპის ფერმასთან დაკავშირებით, ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა მოხდეს ინდიკატორული ღორების შეყვანით, რომლებიც შემოწმებულია და რომლებზეც გამოვლენილია ჭირის მიმართ ანტისხეულების არსებობის ნეგატიური შედეგი, ან არიან იმ ფერმიდან, რომელიც არ ექვემდებარება რაიმე შეზღუდვას ჭირთან დაკავშირებით. ინდიკატორული ღორები უნდა განთავსდეს სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად, ინფიცირებული ფერმის მთელ ტერიტორიაზე. ფერმაში განთავსებიდან 40 დღის შემდეგ, უნდა მოხდეს ნიმუშის აღება და შემოწმება ანტისხეულების არსებობაზე. თუ არც ერთ ღორს არ განუვითარდა ანტისხეულები ჭირის მიმართ, შესაძლებელი იქნება მათი სრული გამრავლება; ბ) სხვა ტიპის ფერმებში ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა განხორციელდეს ამ მუხლის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში წარმოდგენილი საერთო რეპოპულაციის საფუძველზე იმ პირობით, რომ: ბ.ა) ყველა ღორი შეყვანილი იქნება 20 დღის განმავლობაში იმ ფერმებიდან, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვებს ჭირთან დაკავშირებით; ბ.ბ) განმეორებით გამრავლებულ კოლტში არსებული ღორები დაექვემდებარება სეროლოგიურ გამოკვლევას. ასეთი შემოწმებისათვის ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს ღორების ბოლო შეყვანიდან არაუგვიანეს 40 დღის განმავლობაში. მუხლი 14. ზომები ჭირის არსებობის შესახებ ეჭვის მიტანის და დადასტურების შემთხვევაში სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში 1. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში ჭირის გაჩენის შესახებ ეჭვის შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს კვლევის ოფიციალური საშუალებების ამოქმედება აღნიშნული დაავადების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით. 2. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში, ჭირის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს რომ: ა) დაუყოვნებლივ დაიკლას ყველა ღორი; ბ) დაკლული ღორების გამოშიგნული და გატყავებული სხეული, შინაგანი ორგანოები და ცხოველური ნარჩენი დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ; გ) შენობების და მოწყობილობების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების გასუფთავებისა და დეზინფექციის განხორციელება უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად; დ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა განხორციელდეს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად; ე) ჭირის იდენტიფიკაცია განხორციელდეს ლაბორატორიული გამოკვლევით; ვ) ამ წესის მე-7 მუხლში მითითებული ზომები გამოყენებულ იქნეს იმ ფერმაში, საიდანაც არიან ინფიცირებული ღორები; ზ) არ მოხდეს სასაკლაოზე სხვა ცხოველის დაკვლა ან სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვა, გასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოს დასრულებიდან არანაკლებ 24 საათის განმავლობაში. მუხლი 15. ზომები გარეულ ღორებში ჭირის არსებობის ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში 1. სააგენტომ, გარეული ღორების სავარაუდო დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა სათანადო ზომა ჭირის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით და მიაწოდოს ინფორმაცია მფლობელებს, მონადირეებს, გამოიკვლიონ და ლაბორატორიულად შეამოწმონ ყველა ნანადირევი და დაკლული ღორი. 2. გარეულ ღორებში ჭირის პირველადი ეპიზოოტიის დადასტურებისთანავე, დაავადების გავრცელების აღსაკვეთად ან შესამცირებლად, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა შექმნას ექსპერტთა ჯგუფი ვეტერინარი ექიმების, მონადირეების, ბიოლოგების, ეპიდემიოლოგების შემადგენლობით, რომელიც სააგენტოს დაეხმარება: ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაციის დადგენაში; ბ) დაინფიცირებულ ტერიტორიაზე გამოსაყენებელი შესაბამისი ზომების განსაზღვრაში. აღნიშნული ზომები შეიძლება მოიცავდეს ნადირობისა და გარეული ღორის ხორცით კვების აკრძალვას; გ) ჭირის ლიკვიდაციის გეგმის შედგენაში; დ) მონიტორინგის ჩატარებაში, ინფიცირებული ტერიტორიიდან ჭირის ლიკვიდაციისათვის მიღებული ზომებიდან ეფექტურობის შემოწმების მიზნით. მუხლი 16. გარეული ღორების პოპულაციაში ჭირის ლიკვიდაციის გეგმები ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი ზომების თანახმად, სააგენტომ, გარეულ ღორებში ჭირის პირველადი ეპიზოოტიის დადასტურებიდან 90 დღის განმავლობაში, უნდა შეიმუშაოს დაინფიცირებულ ტერიტორიაზე ჭირის ლიკვიდაციისათვის მისაღები და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ფერმებში გამოსაყენებელი ზომების წერილობითი გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას: ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვების, ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგების და ჭირის გავრცელების არეალის შესახებ; ბ) ინფიცირებული ზონის შესახებ, რომლის განსაზღვრისას სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს: ბ.ა) განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები და დაავადების გავრცელების არეალი; ბ.ბ) გარეული ღორების პოპულაცია აღნიშნულ ზონაში; გ) ექსპერტთა ჯგუფის შესახებ; დ) საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს მონადირეების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით იმ ზომების შესახებ, რომლებიც მათ უნდა მიიღონ სალიკვიდაციო გეგმის ფარგლებში; ე) დაინფიცირებულ ზონაში და მის გარშემო გარეული ღორების მეტაპოპულაციის, ადგილმდებარეობის და რაოდენობის განსაზღვრისათვის განხორციელებული სპეციალური ზომების შესახებ; ვ) ინფიცირებულ ზონაში და მის გარშემო გარეული ღორების მეტაპოპულაციის დაახლოებითი რაოდენობის შესახებ; ზ) გარეული ღორების პოპულაციაში ჭირის ფარგლების განსაზღვრისათვის განხორციელებული სპეციალური ზომების შესახებ, მონადირეების მიერ მოკლული გარეული ღორების ან მკვდარი ღორების ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების შესახებ; თ) გარეული ღორების გადაადგილების ან/და გარეული ღორების მეტაპოპულაციებს შორის კონტაქტის გამო, დაავადების გავრცელების შემცირების მიზნით მიღებული ზომების შესახებ; ი) შესაძლო ინფიცირებული გარეული ღორების პოპულაციის და გოჭების შესამცირებლად მიღებული ზომების შესახებ; კ) ნადირობისათვის დაწესებული მოთხოვნების შესახებ; ლ) მკვდარი ან მოკლული გარეული ღორების მოცილების მეთოდების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს სააგენტოს ზედამხედველობით; მ) ლაბორატორიულ გამოკვლევებით, ჭირზე დადებითად მორეაგირე ყველა გამოშიგნული ცხოველისა და ტანხორცის ყველა ნაწილის დამუშავების ან/და განადგურების შესახებ; ნ) თითოეულ მოკლულ ან მკვდარ გარეულ ღორზე განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შესახებ. აღნიშნული გამოკითხვა უნდა მოიცავდეს კითხვარის შევსებას, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია: ნ.ა) იმ ტერიტორიის შესახებ, სადაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი; ნ.ბ) იმ თარიღის შესახებ, როდესაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი; ნ.გ) იმ პირის შესახებ, რომელმაც იპოვნა მოკლული ან მკვდარი ცხოველი; ნ.დ) მკვდარი ღორის შემთხვევაში გამოშიგნული სხეულის შესახებ; ნ.ე) ლაბორატორიული მონაცემების და შედეგების შესახებ; ო) კონტროლის პროგრამების ან პრევენციის ღონისძიებების შესახებ, რომელიც გამოიყენება განსაზღვრულ და ინფიცირებულ ტერიტორიაზე მდებარე ფერმებში და, საჭიროების შემთხვევაში, მის გარშემო, მათ შორის, ტრანსპორტში, ინფიცირებულ ზონაში ან ზონიდან გადაადგილების ფარგლებში; პ) სხვა კრიტერიუმების შესახებ, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს განსაზღვრულ ზონაში დაავადების ლიკვიდაციისათვის მიღებული ზომების ხელშეწყობისათვის; ჟ) იმ ორგანოს შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია გეგმის განხორციელების მეთვალყურეობასა და კოორდინაციაზე; რ) ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ ექსპერტთა ჯგუფის მიერ, სალიკვიდაციო გეგმის შედეგების რეგულარულად განხილვის შესაძლებლობის შესახებ; ს) დაავადების მონიტორინგის ღონისძიებების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს განსაზღვრულ ინფიცირებულ ზონაში გარეულ ღორებში ჭირის ბოლო დადასტურებული შემთხვევიდან არანაკლებ 12 თვის შემდეგ. მუხლი 17. დიაგნოსტიკური პროცედურები და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები 1. დაავადების დიაგნოსტირების მიზნით სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ნიმუშის აღება და გამოკვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაგზავნა. 2. ლაბორატორიამ გამოკვლევისას უნდა გამოიყენოს კვლევის თანამედროვე სტანდარტები და მეთოდები. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი ქმედებების დროს დაცული უნდა იქნეს ბიოუსაფრთხოების წესები. მუხლი 18. გადაუდებელი (იძულებითი) ვაქცინაცია ღორების ფერმაში 1. ფერმაში ჭირის დადასტურების შემთხვევაში, თუ ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მონაცემები მიუთითებს გავრცელების რისკს, ფერმაში შეიძლება განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად. 2. გადაუდებელი ვაქცინაციის გამოყენებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ვაქცინაციის გამოყენებით გამოწვეული მთავარი კრიტერიუმები და რისკფაქტორები, რომლებიც შეიძლება შესწორდეს ან შეიცვალოს მეცნიერული მიღწევების ან გამოცდილების გათვალისწინებით. 3. სააგენტოს მიერ ვაქცინაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო ვალდებულია შეადგინოს ღორების გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია: ა) დაავადების მიმდინარეობის შესახებ, რამაც გამოიწვია გადაუდებელი ვაქცინაციის მოთხოვნა; ბ) იმ ტერიტორიის შესახებ, რომლებშიც უნდა განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია და ამ ტერიტორიაზე ღორების ფერმების რაოდენობის შესახებ; გ) ღორების კატეგორიებისა და იმ ღორების მიახლოებითი რაოდენობის შესახებ, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია; დ) გამოსაყენებელი ვაქცინის შესახებ; ე) ვაქცინაციის ხანგრძლივობის შესახებ; ვ) ვაქცინირებული ცხოველის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის შესახებ; ზ) ღორებისა და მათი პროდუქტების გადაადგილებასთან დაკავშირებული ზომების შესახებ; თ) კრიტერიუმების შესახებ, რომლითაც გადაწყვეტილი უნდა იქნეს ვაქცინაცია კონტაქტურ ფერმებში; ი) საგანგებო სიტუაციის სხვა საკითხების შესახებ მათ შორის,, კლინიკური ან ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ვაქცინირებულ და ვაქცინაციის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ფერმებში აღებულ ნიმუშებზე. გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა შეიძლება შემდგომში შეიცვალოს ან შესწორდეს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. 4. გადაუდებელი ვაქცინაციის განხორციელებისას: ა) არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს ვაქცინაციის ზონა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საჭიროა მათი ტრანსპორტირება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაომდე; ბ) ვაქცინირებული ღორებისაგან წარმოებული ახალი ღორის ხორცი დამუშავებული უნდა იყოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული დებულებების შესაბამისად; გ) ასაცრელი ღორებიდან შეგროვებული სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონები ვაქცინაციამდე 30 დღის განმავლობაში უნდა განადგურდეს სააგენტოს ზედამხედველობით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები გამოყენებული უნდა იქნეს საეჭვო ტერიტორიაზე ვაქცინაციის დასრულებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ექვსთვიანი პერიოდის დასრულებამდე, მიღებული უნდა იქნეს ზომები რათა აიკრძალოს: ა) სეროდადებითი ღორების ფერმიდან გაყვანა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მათი დაუყოვნებლივ დაკვლის საჭიროება; ბ) სპერმის, ემბრიონის, კვერცხუჯრედის შეგროვება სეროდადებითი ღორებიდან; გ) სეროდადებითი ღორებიდან მიღებული გოჭების გაყვანა ფერმიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საჭიროა მათი ტრანსპორტირება: გ.ა) სასაკლაოზე დაუყოვნებლივ დაკვლისთვის; გ.ბ) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ფერმაში, საიდანაც ისინი უნდა გაიგზავნოს პირდაპირ სასაკლაოზე; გ.გ) ფერმაში ჭირის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე სეროლოგიური გამოკვლევიდან მიღებული უარყოფითი შედეგების შემდეგ. 7. გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა მიეთითოს, რომ ფერმაში, სადაც ვაქცინა უნდა იქნეს გამოყენებული, ყველა ღორი უნდა დაიკლას ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვაქცინაციის დასრულებიდან გონივრულ დროში. წარმოებული ახალი ხორცი უნდა დამუშავდეს ან მოხდეს მისი ნიშანდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში განსაზღვრული დებულებების მიუხედავად, ამ მუხლის მე-4 პუნქტში წარმოდგენილი ზომები შესაძლოა მიღებულ იქნეს მას შემდეგ რაც: ა) ყველა ღორი ფერმაში, სადაც ვაქცინაა გამოყენებული, დაიკვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ასეთი ღორებისაგან წარმოებული ახალი ხორცი დამუშავდება ან მისი ნიშანდება მოხდება ამ წესის მე-10 მუხლში განსაზღვრული დებულებების შესაბამისად; ბ) ყველა ფერმა, სადაც იმყოფება ვაქცინირებიული ღორები გასუფთავდება და მოხდება მათი დეზინფექცია ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად. 9. ამ მუხლის მე-4 პუნქტში წარმოდგენილი ზომების მიღებისას, სააგენტომ: ა) არ დაუშვას ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) მანამ, სანამ ვაქცინირებული ღორის დაკვლიდან და დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან 10 დღე არ გავა; ბ) რეპოპულაციის (აღწარმოება) შემდეგ ვაქცინაციის ზონაში ყველა ფერმის ღორს ჩაუტაროს კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმება ჭირის ვირუსის შესაძლო არსებობის გამოვლენის მიზნით, სულ მცირე 40 დღის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში დაუშვებელია ფერმიდან ღორების გაყვანა. 10. ვაქცინირებული ღორების ხორცის ნიშანდება, მათი შემდგომი გამოყენება და დამუშავებული პროდუქტის დანიშნულების განსაზღვრა ხდება სააგენტოს გადაწყვეტილებით. მუხლი 19. გარეული ღორების გადაუდებელი (იძულებითი) ვაქცინაცია 1. გარეულ ღორებში ჭირის დადასტურების შემთხვევაში, ასევე ეპიზოოტოლოგიურ გამოკითხვის მონაცემებით, საფრთხის გავრცელების არსებობისას, გარეულ ღორებში შეიძლება განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტოს მიერ ვაქცინაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო ვალდებულია შეადგინოს გარეული ღორების გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია: ა) დაავადების მიმდინარეობის შესახებ, რამაც გამოიწვია გადაუდებელი ვაქცინაციის საჭიროება; ბ) იმ ტერიტორიის შესახებ, სადაც უნდა განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ზონა უნდა იყოს ინფიცირებული ტერიტორიის ნაწილი; გ) გამოსაყენებელი ვაქცინის ტიპისა და ვაქცინაციის პროცედურის შესახებ; დ) გოჭების ვაქცინაციისათვის განხორციელებული სპეციალური ღონისძიებების შესახებ; ე) ვაქცინაციის ხანგრძლივობის შესახებ; ვ) ასაცრელი გარეული ღორების მიახლოებითი რაოდენობის შესახებ; ზ) გარეული ღორების პოპულაციის მაღალი ბრუნვის თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომების შესახებ; თ) ვაქცინაციის ზონაში ვაქცინირებული ღორებისაგან ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გატარებული ზომების შესახებ; ი) ვაქცინაციის მოსალოდნელი შედეგისა და იმ პარამეტრების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ეფექტურობის შემოწმების მიზნით; კ) გეგმის შესრულებაზე, მეთვალყურეობასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს (ორგანოები) შესახებ; ლ) საგანგებო გარემოებებთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. 3. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის ზონა მდებარეობს სხვა ქვეყნების ტერიტორიასთან ახლოს, საჭიროა ვაქცინაციის განხორციელება ჩატარდეს კოორდინირებულად. 4. სააგენტოს მიერ გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა შესაძლოა შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. მუხლი 20. საგანგებო გეგმები 1. სააგენტო ვალდებულია, ჭირის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში, შეადგინოს საგანგებო გეგმა, რომელშიც ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის, გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა სახის რესურსებსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა. გეგმაში ასევე განსაზღვრული უნდა იქნეს: ა) გადაუდებელ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რეგიონები, ვაქცინაციისათვის საჭირო ვაქცინის რაოდენობა და სახეობა; ბ) რეგიონებში ღორების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, ასევე დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები. 2. საგანგებო გეგმის შედგენისას გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი კრიტერიუმები და მოთხოვნები: ა) ჭირის ეპიზოოტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები უნდა განხორციელდეს კოორდინირებულად; ბ) საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს გადაუდებელი ვაქცინაციის დეტალური გეგმები. 3. პერსონალმა რეგულარულად უნდა გაიაროს სწავლებები ჭირზე ეპიდემიოლოგიურ გამოკითხვასა და ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით. მუხლი 21. კვების ობიექტების ნარჩენების გამოყენება დაუშვებელია ღორების საკვებად სურსათის ნარჩენების გამოყენება. მუხლი 22. ღორის ხორცში ჭირის ვირუსის დაშლის (გაუვნებლობის) პროცედურები ღორის ხორცში ჭირის ვირუსის დაშლის მეთოდებია: ა) თერმული დამუშავება, რომლის დროსაც ხორცი უნდა დამუშავდეს ერთ-ერთი მეთოდით: ა.ა) დამუშავება 700 C ტემპერატურაზე, რომელიც უნდა აღწევდეს ხორცის ნაჭრების მთელ სისქეში; ა.ბ) დამუშავება ჰერმეტულ დალუქულ ჭურჭელში (კონტეინერში) შემდეგი მაჩვენებლის გათვალისწინებით - Fo - 3,00 ან უფრო მაღალი; ა.გ) დამუშავება ჰერმეტულ, დალუქულ ჭურჭელში (კონტეინერში) არანაკლებ 600 C ტემპერატურაზე 4 საათის განმავლობაში, რა პერიოდშიც ხორცის ნაჭრების სისქეში ტემპერატურა 30 წუთის განმავლობაში უნდა იყოს 700 C; ბ) ბუნებრივი ფერმენტაცია და მომწიფება: ბ.ა) ძვლოვანი და უძვლო ღორის ხორცი უნდა დაექვემდებაროს დამუშავებას არანაკლებ 9 თვე ბუნებრივი ფერმენტაციით და მომწიფებით შემდეგი პარამეტრების მიღწევამდე Aw - 0,93 ან მეტი, pH - 6,0 ან მეტი; ბ.ბ) შაშხი უნდა დაექვემდებაროს ბუნებრივ ფერმენტაციას და მომწიფებას სულ მცირე 190 დღე, ხოლო კისრის ნაწილები - 140 დღე; გ) ღორის ხორცის მშრალი დამარილებით დამუშავება: გ.ა) იტალიური ტიპის ძვლოვანი შაშხისათვის ღორის ხორცი ჯერ ექვემდებარება დამარილებას, შემდეგ გამოშრობას არანაკლებ 313 დღის განმავლობაში; გ.ბ) ესპანური ტიპის ძვლოვანი შაშხისათვის ღორის ხორცი ჯერ ექვემდებარება დამარილებას და შემდეგ გამოშრობას 252 დღე, იბერიული შაშხისათვის - 252 დღე, 140 დღე იბერიული ბარკლისათვის, 126 დღე იბერიული კისრისათვის და 140 დღე სერანარსკის შაშხისათვის. მუხლი 23. ღორის ტყავში და ნანადირევში ჭირის ვირუსის დაშლის პროცედურები ღორის ტყავში და ნანადირევში, ჭირის ვირუსის შესაძლო არსებობისას, მისი დაშლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ერთ-ერთი მეთოდი: ა) წყალში ხარშვა იმ ხანგრძლივობით, რის შემდეგაც ცალკ-ცალკე გამოიყოფა ძვლები, კბილები და ეშვები; ბ) გამა-სხივებით ირადიაცია 20 KG მინიმალური დოზის ოთახის ტემპერატურაზე (200C და მეტი); გ) 4% კაუსტიკური სოდის ხსნარში დასველებით, არანაკლებ 48 საათი, pH 11,5-ის და მეტის პირობებში არანაკლებ 48 საათისა; დ) ჭიანჭველამჟავას ხსნარში დასველებით (100 კგ NaCl და 12 კგ ფორმალდეჰიდი, 1000 ლ. წყალზე), pH 3,0 ან დაბალი, არანაკლებ 48 საათისა; ე) დაუმუშავებელი ტყავის შემთხვევაში - ზღვის მარილით გაჯერებით, რომელიც უნდა შეიცავდეს 2%-იან კაუსტიკურ სოდას არანაკლებ 48 დღისა. დანართი №7 ღორის აფრიკულ ჭირთან (ცხელებასთან) ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ღორის აფრიკული ჭირი (ცხელება) - Pestis Africana suis (შემდგომში - „აფრიკული ჭირი“) მაღალკონტაგიოზური, მწვავე ფორმით მიმდინარე ინფექციური დაავადებაა. დაავადების ამთვისებელია ყველა ასაკის და ჯიშის გარეული და შინაური ღორი. დაავადების აღმძვრელია ფილტრში გამავალი ვირუსი, რომელიც განსხვავებულია ღორის კლასიკური ჭირის გამომწვევისაგან იმუნობიოლოგიური თვისებებით. ვირუსი მდგრადია გამოშრობის, გაყინვისა და ლპობის მიმართ, სისხლსა და შრატში ძლებს 5 წელზე მეტ ხანს, ხორცსა და ძვლის ტვინში, 20 – 80 C ტემპერატურაზე, 150 დღეს, შარდში - 60 დღეს, ხოლო ნიადაგში ვირუსი ინარჩუნებს ვირულენტობას 190 დღე. 2. ბუნებრივ პირობებში ღორის დასნებოვნება ხდება დაავადებული ცხოველის ჯანმრთელთან კონტაქტის დროს. უმთავრესად ცხოველი ავადდება ალიმენტარული გზით (დაინფიცირებული გადაუმუშავებელი ღორის სასურსათო და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის) საკვების ნარჩენების მიღებით, ასევე ჰაერწვეთოვანი გზით დაზიანებული კანიდან და ვირუსის მატარებელი ტკიპების კბენით. ინფექციის წყაროა ასევე შენობები, რომელშიც იმყოფებოდა დაავადებული ღორი, სასაკლაოს, საწარმოს, ხორცის დამამუშავებელი საამქროების აღჭურვილობა - იარაღები, ტრანსპორტი, ტანსაცმელი და სხვ. 3. ვირუსის გადატანა შეუძლიათ მწერებს, ტკიპებს, ხოლო სხვადასხვა ცხოველები, ფრინველები, ადამიანი, მღრღნელები წარმოადგენენ აღმძვრელის მექანიკურ გადამტანებს. ინკუბაციური პერიოდი ბუნებრივი დასნებოვნების დრო 3-დან 12 დღეა. 4. აფრიკული ჭირის დროს კლინიკური ნიშნების ჩამოყალიბება ხდება სხეულის ტემპერატურის აწევიდან 2–3 დღეში, შემდეგ ვითარდება დეპრესია, მადის დაკარგვა, სისუსტე, ყურის ნიჟარის, ცხვირის სარკის, კიდურების შიგნითა ზედაპირის, მუცლისა და მკერდის ქვედა ნაწილების სიწითლე, ციანოზი, ცხვირიდან, სწორი ნაწლავიდან სისხლის დენა, დიარეა. ღორი კვდება სხეულის ტემპერატურის აწევიდან მე-3 –მე-10 დღეს. 5. დაავადების სწრაფი მიმდინარეობა და მაღალი სიკვდილიანობა (98–100%) იწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს. ზომიერად ვირულენტური ვირუსი იწვევს ნაკლები ინტენსივობის სიმპტომებს და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც 30-70%-ში მერყეობს. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობის სიმპტომებია: წონის დაკარგვა, წყვეტილი ცხელება, რესპირატორული სიმპტომები, კანის ქრონიკული წყლულები და ართრიტი. 6. აფრიკულ ჭირთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - „სააგენტო“). მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ღორი - ცხოველი ღორების ოჯახიდან, მათ შორის, გარეული ღორი; ბ) გარეული ღორი - ღორი, რომლის შენახვა ან მოშენება არ ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე; გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის – მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი არ მოიცავს სასაკლაოს, სატრანსპორტო საშუალებას და ასევე შემოღობილ ტერიტორიას, სადაც ბინადრობენ გარეული ღორები და მათზე ნებადართულია ნადირობა; დ) ინფიცირებული ღორი - ღორი ან ღორის სხეული, რომელშიც კლინიკური სიმპტომებით, სიკვდილის შემდგომი დაზიანებებით ან ლაბორატორიული გამოკვლევებით დასტურდება აფრიკული ჭირის არსებობა; ე) აფრიკული ჭირის ეპიზოოტია (ეპიდემია) - ჭირის ერთი ან მეტი შემთხვევის გამოვლენა მოცემულ ტერიტორიაზე; ვ) აფრიკული ჭირის პირველადი ეპიზოოტია (ეპიდემია) - დაავადების გამოვლენა, რომელიც არ არის დაკავშირებული ქვეყნის იმავე რეგიონში წინა გამოვლენასთან, ან პირველადი გამოვლენა ქვეყნის სხვა რეგიონში; ზ) ინფიცირებული ზონა - ტერიტორია, სადაც გარეულ ღორებში დადასტურებულია აფრიკული ჭირის ერთი ან მეტი შემთხვევა და ადგილზე განხორციელდა ამ წესის მე-15 ან მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები; თ) აფრიკული ჭირის პირველადი შემთხვევა გარეულ ღორებში -ნებისმიერი გამოვლენილი შემთხვევა გარეულ ღორში იმ ტერიტორიაზე, სადაც არ გატარებულა ღონისძიებები ამ წესის მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად; ი) კონტაქტური ფერმა - ობიექტი, სადაც აფრიკული ჭირი შეიძლება გამოვლინდეს ადგილმდებარეობის, ადამიანის, ღორების ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შედეგად ან სხვა გზით; კ) მფლობელი - პირი, რომელსაც ჰყავს ღორი საკუთრებაში ან მფლობელობაში ფინანსური მოგების ან სხვა მიზნით; ლ) სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი (შემდგომში - სახელმწიფო ვეტერინარი) - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის; მ) ვეტერინარი ექიმი - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ნ) აუდიტი - დასახული მიზნის მისაღწევად სისტემატური ან დამოუკიდებელი შემოწმება განხორციელებული საქმიანობის დაგეგმვის ეფექტიანობისა და შედეგების შესაბამისობის დასადგენად; ო) დამუშავება - მაღალი რისკის მასალისადმი განხორციელებული ქმედების ერთ-ერთი სახე აფრიკული ჭირის ვირუსის განეიტრალების მიზნით; პ) დაკვლა - ცხოველის სიკვდილის გამოწვევა სისხლის გამოშვებით; ჟ) მოკვლა - ნებისმიერი პროცესი, რომელმაც გამოიწვია ცხოველის სიკვდილი; რ) გადამტანი - Ornithodorus erraticus-ის სახეობების ტკიპა, რომელიც წარმოადგენს აფრიკული ჭირის ვირუსის გამავრცელებელს; ს) ფერმა - ობიექტი (ფერმერული მეურნეობა, ოჯახური წარმოება), სადაც ხდება ღორების მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროებით. მუხლი 3. აფრიკული ჭირის შესახებ შეტყობინების ვალდებულება 1. აფრიკული ჭირის საეჭვო ან დადასტურებული ნებისმიერი შემთხვევის შესახებ მფლობელი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს. 2. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგებისა და აფრიკული ჭირის დადასტურების ნებისმიერი შემთხვევის (ფერმებში, სასაკლაოებში, სატრანსპორტო საშუალებებში, გარეულ ღორებში) შესახებ, სააგენტო ვალდებულია დაავადების შესახებ გაუგზავნოს შეტყობინება და მიაწოდოს ინფორმაცია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE), დადგენილი წესით. მუხლი 4. აფრიკული ჭირის პრევენცია და საწინააღმდეგო ზომები მის არსებობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში 1. აფრიკული ჭირის ვირუსის შეტანისაგან ფერმის დაცვის მიზნით, მფლობელი ვალდებულია: ა) ფერმა დააკომპლექტოს აფრიკულ ჭირზე კეთილსაიმედო ფერმიდან შეყვანილი ჯანმრთელი ღორებით; ბ) ახლად შეყვანილი ღორები განათავსოს იზოლირებულად 40 დღის განმავლობაში. მხოლოდ აფრიკული ჭირის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში დაუშვას ისინი საერთო კოლტში ან გადაიყვანოს სხვა სადგომში ვეტერინარი ექიმის თანხმობით; გ) არ დაუშვას: გ.ა) აფრიკული ჭირის მიმართ არაკეთილსაიმედო ფერმასთან სამეურნეო კავშირი; გ.ბ) კავშირი ისეთ ფერმასთან, რომელიც იყენებს ღორების საკვებად სასაკლაოს და სურსათის ნარჩენებს; გ.გ) სხვა ღორების დაგრილება ფერმის ტერიტორიაზე მათი კუთვნილი კერატებით (მწარმოებლებით); გ.დ) ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა, რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ტერიტორიის და ფერმის მომსახურებასთან. ცალკეულ შემთხვევაში, ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია მფლობელის ნებართვით, ვეტერინარი ექიმის თანხმობით; გ.ე) ტერიტორიაზე და ფერმაში შესვლა სანიტარიულ გამშვებში შხაპის მიღების, სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე, ოჯახურ წარმოებაში - სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე; გ.ვ) ღორების გადაჯგუფება სხვა სადგომში ან მის ფარგლებს გარეთ ვეტერინარი ექიმის თანხმობის გარეშე; დ) დაიცვას ვეტერინარულ - სანიტარიული და ზოოჰიგიენური მოთხოვნები. 2. ფერმები უნდა იმყოფებოდეს დახურული ტიპის საწარმოო რეჟიმზე. ოჯახურ წარმოებაში ღორების ეზოებრივი შენახვისას, მათი გამოზრდა უნდა ხდებოდეს იზოლირებულად, სპეციალურად აგებულ სადგომებში, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით. 3. საკვების მოსამზადებელი სათავსები განლაგებული უნდა იქნეს ფერმიდან მოშორებით და საკვების მიღების, შენახვის, მომზადების ტექნოლოგიური პროცესები ტარდებოდეს იზოლირებულად, ამ საქმიანობისათვის სპეციალურად გამოყოფილი პერსონალის მეშვეობით. 4. აფრიკული ჭირზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ სააგენტოს და სახელმწიფო ვეტერინარის მოსვლამდე გაატაროს შემდეგი ღონისძიებები: ა) გამოაცალკევოს დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ღორები და მიამაგროს მათ მოსავლელად სპეცტანსაცმლითა და ცალკე ინვენტარით აღჭურვილი მომვლელი პერსონალი; ბ) არ დაუშვას ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირთა შესვლა, ასევე კავშირი ფერმებს შორის; გ) აკრძალოს ღორების შეყვანა და გაყვანა, საკვების, მოწყობილობების და ინვენტარის, ღორების დაკვლისას მიღებული ხორცის და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის, ასევე ნედლეულის გატანა, ღორების სულადობის გადაჯგუფება ტერიტორიის შიგნით; დ) არ დაუშვას ტრანსპორტის გამოსვლა ტერიტორიიდან სადეზინფექციო დამუშავების გარეშე, ასევე ნაკელისა და ქვეშსაგების გატანა ტერიტორიის გარეთ. 5. აფრიკულ ჭირზე ეჭვის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს სახელმწიფო ვეტერინარის გამოცხადება ადგილზე. 6. თუ არსებობს ეჭვი, რომ ფერმაში არის აფრიკული ჭირის ვირუსით დაინფიცირებული ერთი ან მეტი ღორი, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს დაავადების არსებობის დადასტურება ან გამორიცხვა ლაბორატორიული გამოკვლევებით. 7. სახელმწიფო ვეტერინარმა ფერმაში უნდა შეამოწმოს ღორების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. სააგენტოს გადაწყვეტილებით, აფრიკულ ჭირზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ფერმაზე უნდა დაწესდეს ზედამხედველობა და: ა) განხორციელდეს სხვადასხვა კატეგორიის ყველა ღორის დათვლა, შედგეს დაავადებული, მკვდარი ან თითოეულ კატეგორიაში სავარაუდოდ ინფიცირებული ღორების რაოდენობის ჩამონათვალი. აღნიშნული ჩამონათვალი უნდა განახლდეს ღორების დაბადების და სიკვდილის შემთხვევების გათვალისწინებით, საეჭვო პერიოდის განმავლობაში. განახლებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს სააგენტოში მოთხოვნისთანავე და შესაძლებელი იყოს მისი შემოწმება ყოველი ვიზიტის დროს; ბ) ყველა ღორი შემოიზღუდოს თავიანთ სადგომში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნება მათი იზოლირება; გ) არცერთი ღორი არ იქნეს შეყვანილი ან/და გამოყვანილი ფერმიდან. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია გააგრძელოს აკრძალვა ფერმის დატოვებაზე ცხოველთა სხვა სახეობებზეც და მოითხოვოს შესაბამისი ზომების გამოყენება მღრღნელების ან მწერების გასანადგურებლად. 9. სააგენტოს ნებართვის გარეშე, დაუშვებელია დაკლული ცხოველის სხეულის, აფრიკული ჭირის აღმძვრელით დაინფიცირებული ღორის ხორცის, მისი არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების, სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონის, ცხოველის საკვების, ჭურჭლის, მასალების ან ნარჩენების ფერმიდან გამოტანა. 10. ფერმაში ან ფერმიდან ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დასაშვებია სააგენტოს ნებართვის საფუძველზე. 11. შენობა-ნაგებობების, ფერმის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილ სანიტარიულ გამტარში, სადეზინფექციო ხალიჩებზე, სადეზინფექციო ბარიერებზე გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები. ოჯახურ წარმოებაში გამოიყენება სადეზინფექციო ხალიჩები შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით. ფერმაში შესვლა-გამოსვლისას დაცული უნდა იყოს შესაბამისი ჰიგიენური პროცედურები, რომელიც საჭიროა აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად; ასევე, უნდა მოხდეს ყველა სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია ფერმის დატოვებამდე. 12. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა ხორციელდება ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად. 13. თუ ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაცია მოითხოვს, სააგენტოს შეუძლია: ა) გამოიყენოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ზომები, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ფერმაში, ასევე, დაუშვას გამარტივებული ზომების გამოყენება მხოლოდ აფრიკული ჭირის ვირუსით სავარაუდოდ დაინფიცირებულ ღორებზე და ფერმის იმ ნაწილზე, სადაც ისინი ბინადრობენ, თუ ასეთი ღორების მოთავსება, შენახვა და კვება ხორციელდება ფერმაში არსებული სხვა ღორებისგან იზოლირებულად. ღორების მოკვლის შემდეგ აღებული უნდა იქნეს სათანადო რაოდენობის ნიმუშები, აფრიკული ჭირის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით; ბ) განსაზღვროს დროებით საკონტროლო ზონა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ფერმის გარშემო. ამ მუხლის მე-6-მე-12 პუნქტებში მითითებული ზოგიერთი ან ყველა ზომა გამოყენებული უნდა იქნეს ღორების ფერმასა და დროებითი საკონტროლო ზონის ფარგლებში. 14. ამ მუხლის მე-8-მე-12 პუნქტებში წარმოდგენილი ზომები არ უნდა გაუქმდეს აფრიკული ჭირის შესახებ ეჭვის ოფიციალურად გამორიცხვამდე. მუხლი 5. ზომები ფერმაში აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში 1. აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: ა) ვეტერინარული კარანტინის დროს ცხოველთა საკარანტინო დაავადების აღმძვრელის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის ან სხვა შეზღუდვების დაწესებას, მოხსნას და მის გატარებაში ხელშეწყობას; ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელებაში ხელშეწყობას. 2. აფრიკულ ჭირზე კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ; ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ. 3. ფერმაში აფრიკული ჭირის არსებობის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო, ამ წესის მე-4 მუხლის მე-8-მე-12 პუნქტებში მითითებული ზომების გარდა, ადგენს: ა) აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ზედამხედველობის ქვეშ, დაუყოვნებლივ მოიკლას ფერმაში არსებული მთლიანი სულადობა; ბ) ფერმაში აფრიკული ჭირის ვირუსის შეტანის ფორმისა და ფერმაში მისი შესაძლო არსებობის დროის ხანგრძლივობის დასადგენად, დაავადების შეტყობინებამდე, მოკლული ღორებიდან ლაბორატორიული გამოკვლევისათვის აღებულ იქნეს სათანადო რაოდენობის ნიმუშები; გ) მკვდარი ან მოკლული ღორის სხეული დამუშავდეს ზედამხედველობის ქვეშ; დ) ფერმაში დაავადების სავარაუდო შეტანის და ოფიციალური ზომების მიღების პერიოდებს შორის სასაკლაოზე დაკლული ღორების ხორცზე განხორციელდეს მიკვლევადობა, რათა ხორცი დამუშავდეს ზედამხედველობის ქვეშ; ე) აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ფერმაში დაავადების სავარაუდო შეტანის და ოფიციალური ზომების მიღების პერიოდებს შორის შეგროვებული ღორების სპერმაზე, კვერცხუჯრედზე და ემბრიონებზე განხორციელდეს მიკვლევადობა, რათა აღირიცხოს და განადგურდეს ზედამხედველობის ქვეშ; ვ) აფრიკული ჭირის ვირუსის გაუვნებლობის მიზნით, სავარაუდოდ დაინფიცირებული ყველა ნივთიერება, როგორიცაა ფურაჟი და ნარჩენი, დამუშავდეს. ერთჯერადი მოხმარების მასალა, რომელიც შეიძლება დაინფიცირდეს, განსაკუთრებით, დაკვლის დროს გამოყენებული მასალა-ინვენტარი, განადგურდეს სახელმწიფო ვეტერინარის მითითებებითა და ზედამხედველობით; ზ) ღორების განთავსებისთვის გამოყენებული შენობები, ასევე, სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობები, ქვეშსაგები, რომელიც გამოყენებული იყო ცოცხალი ან გატყავებული და გამოშიგნული ღორების ტრანსპორტირებისთვის, გაიწმინდოს და მოხდეს მათი დეზინფექცია ან დამუშავება ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, მათ შორის, ნაკელისა და წუნწუხის; თ) აფრიკული ჭირის პირველადი ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში, დადგინდეს ვირუსის გენეტიკური ტიპი; ი) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) გამოკითხვა განხორციელდეს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად. 4. ლაბორატორიაში, ზოოპარკში, დაცულ ტერიტორიებზე, სამონადირეო მეურნეობების ან შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც ღორების შენახვა ხდება მეცნიერული მიზნებისთვის, სახეობების ან იშვიათი ჯიშების დაცვისათვის, ეპიზოოტიის (ეპიდემიის) დადასტურების შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლებელია არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „,ა“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნები, თუ იგი ნეგატიურად არ აისახება ეპიზოოტიურ (ეპიდემიოლოგიურ) კეთილსაიმედოობაზე. მუხლი 6. ზომები აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში ფერმებში, რომლებიც შედგება სხვადასხვა საწარმოო-სამეურნეო ერთეულ(ებ)ისაგან აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში, ფერმებში, რომლებიც შედგება ორი ან მეტი საწარმოო-სამეურნეო ერთეულ(ებ)ისაგან, სადაც შესაძლებელია ღორების გასუქების დასრულება, სააგენტოს შეუძლია არ განახორციელოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები, თუ სახელმწიფო ვეტერინარი დაადასტურებს, რომ აღნიშნულ საწარმოო-სამეურნეო ერთეულებს შორის მანძილი, ზომა და მოწყობა ისეთია, რომ ისინი წარმოადგენენ ღორების განთავსებისათვის, შენახვისათვის და გამოკვებისათვის ცალკე შენობა-ნაგებობებს და აფრიკული ჭირის გავრცელება ერთი შენობიდან მეორეში შეუძლებელია. მუხლი 7. ზომები კონტაქტურ ფერმებში 1. კონტაქტურია ფერმა, თუ სახელმწიფო ვეტერინარი ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგად აღმოაჩენს ან ჩათვლის, რომ აფრიკული ჭირის გამომწვევი ვირუსი შეტანილია ამ წესის მე-4 ან მე-5 მუხლში მითითებული ფერმიდან. 2. აფრიკული ჭირის არსებობაზე ეჭვის გამორიცხვამდე გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი მოთხოვნები. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ კონტაქტურ ფერმებში, თუ ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) სიტუაცია ამგვარად მოითხოვს, სააგენტომ უნდა გამოიყენოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ზომები. 4. აფრიკული ჭირის ვირუსის დადასტურების ან გამოირიცხვის მიზნით, კონტაქტურ ფერმებში მოკლული ღორებისგან აღებულ უნდა იქნეს ნიმუშები ლაბორატორიული გამოკვლევისათვის. მუხლი 8. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა 1. აფრიკული ჭირის პირველად ეპიზოოტიასთან (ეპიდემიასთან) ან საეჭვო შემთხვევებთან დაკავშირებით ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) გამოკითხვა ხორციელდება კითხვარების საფუძველზე, რომლებიც მომზადებულია ამ წესის მე-19 მუხლში მითითებული საგანგებო გეგმის ფარგლებში. 2. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) გამოკითხვა უნდა ითვალისწინებდეს: ა) დროის ინტერვალს, აფრიკული ჭირის ვირუსის ფერმაში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან დაავადების შეტყობინებამდე; ბ) ფერმაში აფრიკული ჭირის შესაძლო წარმოშობასა და სხვა ფერმების იდენტიფიკაციას, სადაც ღორები შეიძლება დაინფიცირდეს იმავე წყაროდან; გ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ღორების, მოკლული ღორის სხეულების, ხორცის, სპერმის ან ნებისმიერი მასალის გადაადგილებას, რის შედეგად შესაძლებელია ვირუსის გადატანა დაინფიცირებული ფერმიდან სხვა ფერმებში; დ) გადამტანების ან გარეული ღორების მიერ დაავადების გავრცელების შესაძლებლობას. 3. თუ გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ აფრიკული ჭირი შეიძლება გავრცელდეს მეზობელ სახელმწიფოებში, მათ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ. მუხლი 9. დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნა 1. აფრიკული ჭირის დიაგნოზის ოფიციალურად დადასტურებისთანავე, სააგენტომ, ეპიზოოტიის (ეპიდემიის) კერის გარშემო არანაკლებ 3 კმ-ის რადიუსით, უნდა შექმნას დამცავი ზონა, რომელიც შედის არანაკლებ 10 კმ-ის რადიუსის საკონტროლო ზონაში. ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები გატარებული უნდა იქნეს შესაბამის ზონებში. 2. ზონების შექმნისას, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს: ა) ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები; ბ) გეოგრაფიული მდებარეობა, განსაკუთრებით ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები; გ) ფერმების ადგილმდებარეობა და სიახლოვე; დ) ღორების გადაადგილებისა და ვაჭრობის პრინციპები, სასაკლაოების ხელმისაწვდომობა და საწარმოები ტანხორცის გადამუშავებისათვის; ე) შენობა-ნაგებობები და პერსონალი, რომელიც აკონტროლებს ღორების ნებისმიერ გადაადგილებას, თუ მოსაკლავი ღორები გაყვანილი უნდა იქნეს მათი წარმოშობის ფერმებიდან. 3. თუ ზონა მოიცავს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიის ნაწილსაც, სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან ზონის დადგენის საკითხზე. 4. სააგენტომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის,, გამოიყენოს შესამჩნევი აღნიშვნები და გამაფრთხილებელი შეტყობინებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, დამცავ და საკონტროლო ზონებში მყოფი პირების ინფორმირებისათვის ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლებით დადგენილი შეზღუდვების შესახებ. მუხლი 10. ზომები შექმნილ დამცავ ზონაში 1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონებში შემდეგი ზომების გამოყენება: ა) ფერმების აღწერა შესაძლო მოკლე დროში, რომლთა დათვალიერებისას სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს: ა.ა) ღორების კლინიკური მდგომარეობა; ა.ბ) ღორების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან პირის მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა, თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას და ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით მითითებული გადაადგილება ნებადართული არ იქნება სააგენტოს მიერ. აღნიშნული აკრძალვა არ გამოიყენება ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანისას, გადმოტვირთვის ან შესვენების გარეშე. შეზღუდვა ვრცელდება დამცავი ზონის ფარგლებს გარე ტერიტორიიდან მომავალ და აღნიშნულ ზონაში მდებარე სასაკლაოსკენ მიმავალ გზაზეც; გ) სატვირთო ავტომობილები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები, მოწყობილობები, რომელიც შეიძლება ინფიცირებული იყოს, გაწმენდა (გარეცხვა), მათი დეზინფექცია ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ღორების გადაზიდვაში (გადაყვანაში) გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება არ შეიძლება გავიდეს დამცავი ზონიდან გაწმენდისა (გარეცხვის) და დეზინფექციის, შემდგომში კი სააგენტოს ნებართვის გარეშე; დ) სხვა შინაური ცხოველების ფერმაში შეყვანა ან ფერმიდან გაყვანის აკრძალვა სააგენტოს თანხმობის გარეშე; ე) ფერმაში დაავადებული ღორებისა და მათი სიკვდილიანობის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ნიმუშების აღების უზრუნველყოფა ლაბორატორიულ გამოკვლევისათვის; ვ) ღორების ფერმიდან გაყვანის აკრძალვა, სადაც ისინი იმყოფებოდნენ ინფიცირებული ფერმის დასუფთავების, დეზინფექციის ან დეზინსექციის დასრულებიდან არანაკლებ 40 დღის მანძილზე. 40 დღის შემდგომ ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირობების საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი ტრანსპორტირებულნი იქნებიან პირდაპირ: ვ.ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით; ვ.ბ) გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება, სააგენტოს ზედამხედველობოს ქვეშ; ვ.გ) გამონაკლის შემთხვევებში დამცავი ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში; ზ) დამცავ ზონაში მდებარე ფერმებიდან ღორების სპერმის, კვერცხუჯრედისა და ემბრიონების გატანის აკრძალვა; თ) ფერმაში შესვლისას ან გამოსვლისას შესაბამისი ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა. 2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვები გაგრძელდება 40 დღეზე მეტ ხანს, დაავადების შემდგომი ეპიზოოტიის (ეპიდემიის) ან ღორების შენახვისას წარმოქმნილი ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული ან სხვა პრობლემების შედეგად, ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირობების საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია მფლობელის მიერ დასაბუთებული მიმართვის შემდეგ, დაუშვას დამცავი ზონაში მდებარე ფერმიდან ღორების გადაყვანა, რომელთა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს პირდაპირ: ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით; ბ) დასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ; გ) გამონაკლის შემთხვევებში, დამცავი ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში. 3. სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა, იმ პირობით, რომ: ა) სახელმწიფო ვეტერინარი განახორციელებს ფერმაში არსებული და გადასაყვანი ღორების კლინიკურ შემოწმებას და მათი სხეულის ტემპერატურის გაზომვას; ბ) განახორციელებს ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოწმებით არ დასტურდება აფრიკული ჭირის არსებობა; დ) სატრანსპორტო საშუალებები, სადაც მოთავსებულია ღორები, დალუქულია სააგენტოს მიერ; ე) სატრანსპორტო საშუალება და მოწყობილობა დაუყოვნებლივ გასუფთავდება (გაირეცხება) და მოხდება მისი დეზინფექცია ტრანსპორტირების შემდეგ, ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; ვ) ღორების მოკვლის ან დაკვლის შემდეგ აღებული ნიმუშები გაიგზავნება ლაბორატორიაში, ფერმაში ჭირის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით. 4. თუ ღორების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სასაკლაოზე: ა) სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც ზედამხედველობას უწევს სასაკლაოზე დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ პროცესებს, ინფორმირებული უნდა იყოს ღორების სასაკლაოზე გაგზავნის შესახებ და ამის შესახებ უნდა აცნობოს სააგენტოს; ბ) სასაკლაოზე ღორების დაბინავება და დაკვლა უნდა მოხდეს ღორების სხვა პარტიისაგან განცალკევებით; გ) სასაკლაოზე ღორების დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა გაითვალისწინოს აფრიკული ჭირის არსებობის ნიშნები. 5. ასეთი ღორის ხორცის ნიშანდება უნდა მოხდეს სპეციალური შტამპით, შტამპი უნდა იყოს ოვალური ფორმის, რომელზეც გავლებულია ორი პარალელური სწორი ხაზი, მათ შორის, მანძილი არანაკლებ 1 სმ-ს უნდა შეადგენდეს, ხაზი უნდა კვეთდეს ოვალური ფორმის წრეს ისე, რომ იქ არსებული ინფორმაცია გარკვევით იკითხებოდეს, ამასთან ორი პარალელური ხაზი ისევე აშკარა უნდა იყოს, როგორც ნიშნის გარე კიდე ან ასეთი ღორის ხორცი ექვემდებარება განაცალკევებით გადამუშავებას და ის შეიძლება ჩაერთოს საერთაშორისო ვაჭრობაში იმ შემთხვევაში, თუ ხორცს გავლილი აქვს სითბური დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, ცენტრისკენული ძალით 3,00 ან მეტი. 6. დამუშავება უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დაწესებულებაში, სადაც ხორცი უნდა გაიგზავნოს დალუქულ მდგომარეობაში. 7. ამ მუხლის პირველი-მე-6 პუნქტებით დადგენილი ზომების გამოყენება დამცავ ზონაში უნდა გაგრძელდეს: ა) დაინფიცირებული ფერმების გაწმენდის და დეზინფექციის განხორციელებამდე; ბ) ყველა ფერმის ღორების კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების განხორციელებამდე აფრიკული ჭირის ვირუსის არსებობის შესაძლო გამოვლენის მიზნით. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში და მე-2 პუნქტში მითითებული 40 დღიანი პერიოდი შეიძლება შემცირდეს 30 დღემდე იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ინტენსიური ნიმუშის აღებისა და შემოწმების პროგრამა, რომელიც აფრიკული ჭირის არსებობის ეჭვის გამორიცხვის შესაძლებლობას იძლევა. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შემოწმებები არ უნდა განხორციელდეს დაინფიცირებული ფერმების წინასწარი გასუფთავების და დეზინფექციის საჭიროებისას, დეზინსექციის დასრულებიდან 45 დღის გასვლამდე. მუხლი 11. ზომები შექმნილ საკონტროლო ზონაში 1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ საკონტროლო ზონებში გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები: ა) ღორის ყველა ფერმის აღწერა; ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან პირის მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა, თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას. აღნიშნული არ ეხება ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანას გადმოტვირთვის ან შეჩერების გარეშე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს საკონტროლო ზონის ფარგლების გარე ტერიტორიიდან მომავალ და სასაკლაოს (თუ ის მდებარეობს საკონტროლო ზონაში) მიმართულებით ღორების დაუყოვნებლივ დაკვლისათვის გამოყენებულ გზაზეც; გ) სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობა ღორების და სხვა შინაური ცხოველების ან მასალის ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაინფიცირებული იყოს (მაგალითად, ღორის სხეულით, ფურაჟით, ნაკელით და სხვა), უნდა გაიწმინდოს, მოხდეს მათი დეზინფექცია და დამუშავება დაინფიცირებიდან შესაძლო მოკლე დროში ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული დებულებების და პროცედურების შესაბამისად. ღორების გადაზიდვაში გამოყენებული სატვირთო ან სხვა სატრანსპორტო საშუალება არ შეიძლება გავიდეს აღნიშნული ზონიდან გაწმენდის და დეზინფექციის და შემდეგ სააგენტოს შემოწმების და ნებართვის გარეშე; დ) სხვა შინაური ცხოველის ფერმაში შეყვანისა ან ფერმიდან გამოყვანის აკრძალვა ზონის შექმნიდან პირველი შვიდი დღის განმავლობაში ნებართვის გარეშე; ე) ფერმაში მკვდარი ან დაავადებული ღორის სათანადო ლაბორატორიული გამოკვლევები; ვ) ფერმიდან ღორების გაყვანის დაუშვებლობა ინფიცირებული ფერმის დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის დასრულებიდან სულ მცირე 30 დღის მანძილზე. 30 დღის შემდეგ ამ წესის მე - 10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა იმ პირობით, რომ მათი გადაყვანა მოხდება პირდაპირ: ვ.ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით; ვ.ბ) გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც მოხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ; ვ.გ) გამონაკლის შემთხვევებში დამცავი და საკონტროლო ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში; ზ) საკონტროლო ზონაში მდებარე ფერმიდან ღორების სპერმის, კვერცხუჯრედისა და ემბრიონის გატანის აკრძალვა; თ) ფერმაში შესვლისას ან გამოსვლისას შესაბამისი ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა. 2. საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორთან შეთანხმების გათვალისწინებით, სააგენტოს შეუძლია სასაკლაოზე ტრასპორტირებულ და დაკლულ ღორებთან მიმართებაში არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4-მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, ასეთი ღორის ხორცის ნიშანდებასთან, მის შემდგომ გამოყენებასთან, დამუშავებული პროდუქტის საბოლოო გამოყენების ადგილთან დაკავშირებით. 3. თუ ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ზომები გაგრძელდა 40 დღეზე მეტი, სააგენტოს შეუძლია ფერმის მფლობელის დასაბუთების შემდეგ დაუშვას ღორების ფერმიდან გაყვანა საკონტროლო ზონაში, რომელთა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს პირდაპირ: ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით; ბ) გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ; გ) გამონაკლის შემთხვევებში, დამცავი ზონის ან საკონტროლო ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში. 4. ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული ზომების გამოყენება საკონტროლო ზონაში უნდა გაგრძელდეს: ა) ინფიცირებული ფერმის გაწმენდის (გარეცხვის), დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის განხორციელებამდე; ბ) ფერმის ყველა ღორის კლინიკურ და ლაბორატორიულ შემოწმებამდე, აფრიკული ჭირის შესაძლო გამოვლინების მიზნით. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული პერიოდი შესაძლოა შემცირდეს 21 დღემდე, მე-3 პუნქტში მითითებული პერიოდი - 30 დღემდე, თუ გამოიყენება ინტენსიური ნიმუშის აღებისა და შემოწმების პროგრამა, რომელიც აფრიკული ჭირის არსებობის ეჭვის გამორიცხვის შესაძლებლობას იძლევა. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შემოწმებების განხორციელება დაუშვებელია ინფიცირებული ფერმის წინასწარი დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის დასრულებიდან 40 დღის გასვლამდე. მუხლი 12. დასუფთავება, დეზინფექცია და ინსექტიციდებით დამუშავება 1. დასუფთავების, დეზინფექციის და ინსექტიციდებით დამუშავების პრინციპები და პროცედურებია: ა) დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის სამუშაოების განხორციელება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ; ბ) აფრიკული ჭირის ვირუსის განადგურების მიზნით, გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებებისა და მათი კონცენტრაციების გამოყენება სააგენტოს ნებართვით; გ) სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების შემოწმება გამოყენებამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონკრეტული სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების შესუსტება ხანგრძლივი შენახვის შედეგად; დ) სადეზინფექციო საშუალებების და დეზინფექციის პროცედურების შერჩევის განხორციელება შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების და იმ ობიექტების ტიპის გათვალისწინებით, რომელიც უნდა დამუშავდეს; ე) ცხიმის გამცლელი ნივთიერებების და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება ისეთ პირობებში, რომ ზიანი არ მიადგეს ან არ შემცირდეს აღნიშნული ნივთიერებების ეფექტურობა. კერძოდ, დაცული უნდა იყოს გამოსაყენებელო საშუალების თანმხლებ ინსტრუქციაში მითითებული პირობები, როგორიცაა: წნევა, მინიმალური ტემპერატურა და საჭირო საკონტაქტო დრო; ვ) გამოსაყენებელი საშუალების თანმხლებ ინსტრუქციაში მითითებული პირობებთან ერთად, შემდეგი საერთო წესების დაცვა: ვ.ა) სადენზიფექციო საშუალებებით ქვეშსაფენის და ფეკალური მასის სრული გაჟღენთვა; ვ.ბ) სადგომების დემონტაჟის შემდეგ მიწის, იატაკის, ჭერისა და კედლების, ასევე მოწყობილობებისა და ინსტალაციების გაწმენდა-გასუფთავება და ჯაგრისით გახეხვა; ვ.გ) გაწმენდითი სამუშაოების დროს გამოყენებული წყლის გაუვნებელყოფა ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი; ვ.დ) წნევით სითხეებით წმენდისას, უკვე გასუფთავებული ნაწილის ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილება; ვ.ე) სავარაუდოდ დაბინძურებული მოწყობილობის, დანადგარების და საგნების გაწმენდა, დეზინფექცია ან განადგურება; ვ.ვ) დეზინფექციის დამთავრების შემდეგ, განმეორებითი დაბინძურების თავიდან აცილება; ვ.ზ) დასუფთავებისა და დეზინფექციების პროცედურებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების შესახებ შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება დამოწმებული სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, რომელიც უნდა ინახებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან. 2. ინფიცირებული ფერმების დასუფთავებისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია: ა) წინასწარი გაწმენდა და დეზინფექცია, რომლის დროსაც: ა.ა) ცხოველების მოკვლისას მიღებულ უნდა იქნეს ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელება. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს დროებითი სადეზინფექციო მოწყობილობის დამონტაჟებას, დამცავი ტანსაცმლის, შხაპების უზრუნველყოფას, გამოყენებული მოწყობილობის, ინსტრუმენტების და შენობა-ნაგებობების გაწმენდას, ვენტილაციისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტას; ა.ბ) მოკლული ღორების სხეულები უნდა გაიჟღინთოს სადეზინფექციო საშუალებებით; ა.გ) ფერმიდან ღორების სხეულის გატანის აუცილებლობისას მათი დამუშავების მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს დახურული და წყალშეუღწევადი კონტეინერები; ა.დ) დამუშავების მიზნით, ღორების სხეულის გატანისთანავე, ფერმის ის ნაწილები, რომელშიც განთავსებული იყვნენ ეს ცხოველები და სხვა ადგილები, რომლებიც დაბინძურდა ღორების მოკვლის ან დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს, უნდა დამუშავდეს, ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად გამოსაყენებლად ნებადართული სადეზინფექციო საშუალებებით; ა.ე) ნებისმიერი ქსოვილი ან სისხლი, რომელმაც შეიძლება გამოჟონოს დაკვლის ან დაკვლისშემდგომი შემოწმების ან შენობების, ეზოების, ჭურჭლის ან სხვ. მასობრივი დაბინძურების დროს, ფრთხილად უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს; ა.ვ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებები დამუშავებულ ზედაპირზე უნდა დარჩეს მინიმუმ 24 საათის განმავლობაში; ბ) საბოლოო გაწმენდა და დეზინფექცია, რომლის დროსაც: ბ.ა) ნაკელი და ქვეშსაგები გატანილი და დამუშავებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ბ.ბ) ცხიმი და ჭუჭყი მოცილებულ უნდა იქნას ყველა ზედაპირიდან ცხიმის მომცილებელი ნივთიერებების გამოყენებით და ზედაპირები უნდა დამუშავდეს წყლით; გ) წყლით გარეცხვის შემდეგ, დამატებითი სადეზინფექციო საშუალებების შესხურება; დ) შვიდი დღის შემდეგ, შენობა-ნაგებობების ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებებით დამუშავება, წყლის გადავლება, სადეზინფექციო საშუალებების შესხურება და განმეორებით წყლის გადავლება. 3. დაბინძურებული ქვეშსაგების, ნაკელისა და წუნწუხის დეზინფექციისას: ა) ნაკელი და გამოყენებული ქვეშსაგები უნდა შეგროვდეს, შესხურდეს სადეზინფექციო საშუალებები და დაყოვნდეს არანაკლებ 42 დღის განმავლობაში ან განადგურდეს დაწვით ან მიწაში დამარხვით; ბ) წუნწუხი დაყოვნებულ უნდა იქნეს არანაკლებ 60 დღე დაინფიცირებული მასალის ბოლო დამატებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სააგენტო დაუშვებს შენახვის შემცირებულ ვადას წუნწუხისათვის, რომელიც დამუშავდა სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად. 4. ღია ფერმების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია განსაზღვროს გაწმენდის და დეზინფექციის სპეციალური პროცედურები ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, ფერმის ტიპისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით. მუხლი 13. ფერმაში ღორის რეპოპულაცია (აღწარმოება) ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემდეგ 1. დაუშვებელია ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული ფერმის ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება), ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი გასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან არანაკლებ 40 დღის განმავლობაში. 2. ღორის რეპოპულაციის (აღწარმოების) დროს, სადაც დაავადების გამოვლენა არ უკავშირდება გადამტანებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ფერმაში გამოყენებული ღორების გამოზრდის ტექნოლოგია. ასეთ შემთხვევაში: ა) ღია ტიპის ფერმაში, ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა მოხდეს ინდიკატორული ღორების შეყვანით, რომლებიც შემოწმებულია და გამოვლენილია აფრიკული ჭირის მიმართ ანტისხეულების არსებობის ნეგატიური შედეგი ან ღორები არიან იმ ფერმიდან, რომელიც არ ექვემდებარება რაიმე შეზღუდვას აფრიკულ ჭირთან დაკავშირებით. ინდიკატორული ღორები უნდა განთავსდეს სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად, ინფიცირებული ფერმის მთელ ტერიტორიაზე. ფერმაში განთავსებიდან 45 დღის შემდეგ, უნდა მოხდეს ნიმუშის აღება და შემოწმება ანტისხეულების არსებობაზე. არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს ფერმა სეროლოგიური გამოკვლევებით უარყოფითი შედეგის მიღებამდე; თუ არცერთ ღორს არ განუვითარდა ანტისხეულები აფრიკული ჭირის მიმართ, შესაძლებელი იქნება მათი სრული გამრავლება; ბ) სხვა ტიპის ფერმებში ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა განხორციელდეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში წარმოდგენილი საერთო რეპოპულაციის (აღწარმოების) საფუძველზე იმ პირობით, რომ: ბ.ა) ყველა ღორი შეყვანილი იქნება 20 დღის განმავლობაში იმ ფერმებიდან, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვებს აფრიკულ ჭირთან დაკავშირებით; ბ.ბ) განმეორებით გამრავლებულ კოლტში არსებული ღორები დაექვემდებარება სეროლოგიურ გამოკვლევას. ასეთი შემოწმებისათვის ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს ღორების ბოლო შეყვანიდან 45 დღის შემდეგ; ბ.გ) ღორების გაყვანა არ მოხდება ფერმიდან სეროლოგიური გამოკვლევებით უარყოფითი შედეგის მიიღებამდე. 3. იმ ფერმების შემთხვევაში, სადაც დაავადების გამოვლენა უკავშირდება გადამტანებს, რეპოპულაცია (აღწარმოება) არ უნდა მოხდეს არანაკლებ ექვსი წლის განმავლობაში, თუ: ა) იმ შენობებში და ადგილებში, სადაც დაგეგმილია ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) და შესაძლებელია მათი კონტაქტი გადამტანთან, სათანადო ზედამხედველობის ქვეშ არ განხორციელდება სპეციალური სამუშაოები გადამტანების აღმოფხვრის მიზნით; ბ) არსებული გადამტანის არსებობა აღარ წარმოადგენს აფრიკული ჭირის გადატანის მნიშვნელოვან რისკს, რომლის შემდეგ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ზომები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ზომების გარდა, არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს ფერმა სრული რეპოპულაციის (აღწარმოების) შემდეგ, სანამ არ მიიღება უარყოფითი შედეგი აფრიკულ ჭირზე სეროლოგიური შემოწმებით. ფერმაში ღორებიდან ნიმუშის აღება ხდება სრული რეპოპულაციიდან (აღწარმოებიდან) 60 დღის შემდეგ. 5. სააგენტოს, ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაციის გათვალისწინებით, შეუძლია არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, თუ დაავადების გამოვლენა არ უკავშირდება გადამტანებს და ფერმაში დასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან გასულია ექვს თვეზე მეტი. 6. ამ წესის მე-5 მუხლში მითითებულ ფერმაში შინაური ცხოველების რეინტროდუქცია უნდა განხორციელდეს სააგენტოს ნებართვის საფუძველზე და გათვალისწინებული უნდა იყოს ინფექციის გავრცელების ან/და რეინტროდუქციის შედეგად გადამტანების არსებობის რისკი. მუხლი 14. ზომები აფრიკული ჭირის არსებობის შესახებ ეჭვის მიტანის და დადასტურების შემთხვევაში სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში 1. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში აფრიკული ჭირის გაჩენაზე ეჭვის მიტანისას, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დაავადების დადასტურება ან გამორიცხვა ლაბორატორიული გამოკვლევებით. 2. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში, აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს: ა) სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში მყოფი დაავადებაზე საეჭვო ყველა ღორის დაუყოვნებლივ მოკვლა; ბ) ღორის სხეულ(ებ)ის, შინაგანი ორგანოების და ცხოველური ნარჩენის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ; გ) შენობების და მოწყობილობების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება, დეზინფექცია და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექცია სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად; დ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად; ე) აფრიკული ჭირის გენეტიკური ტიპის დადგენა ლაბორატორიული გამოკვლევით. 3. ამ წესის მე-7 მუხლში მითითებული ზომები გამოიყენება კონტაქტურ ფერმებში და იმ ფერმებში, საიდანაც არიან ინფიცირებული ღორები ან მათი სხეულები. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები გამოიყენება დაინფიცირებული ღორების ან მათი სხეულების წარმოშობის ფერმაში, თუ ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. დაუშვებელია სასაკლაოზე სხვა ცხოველის დაკვლა ან სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვა ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის სამუშაოს დასრულებიდან არანაკლებ 24 საათის განმავლობაში. მუხლი 15. ზომები გარეულ ღორებში აფრიკული ჭირის არსებობის ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში 1. სააგენტომ, გარეული ღორების სავარაუდო დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რომ აფრიკული ჭირის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, გამოიკვლიონ და ლაბორატორიულად შეამოწმონ ყველა ნანადირევი და მკვდარი ღორის სხეული და მიაწოდოს ინფორმაცია მფლობელებსა და მონადირეებს. 2. გარეულ ღორებში აფრიკული ჭირის პირველადი შემთხვევის დადასტურებისთანავე, დაავადების გავრცელების აღსაკვეთად ან შესამცირებლად, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) შექმნას ექსპერტთა ჯგუფი ვეტერინარი ექიმების, მონადირეების, ბიოლოგების, ეპიდემიოლოგების შემადგენლობით, რომელიც სააგენტოს დაეხმარება: ა.ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაციის შესწავლასა და დაინფიცირებული ზონის დადგენაში ამ წესის მე-16 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დებულებების მიხედვით; ა.ბ) დაინფიცირებულ ტერიტორიაზე გამოსაყენებელი შესაბამისი ზომების განსაზღვრაში, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ პუნქტებისა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ნადირობისა და გარეული ღორის ხორცის საკვებად გამოყენების აკრძლავას; ა.გ) აფრიკული ჭირის ლიკვიდაციის გეგმის შედგენაში; ა.დ) აუდიტის ჩატარებაში, ინფიცირებული ტერიტორიიდან აფრიკული ჭირის ლიკვიდაციისათვის გატარებული ზომების ეფექტიანობის დადგენის მიზნით; ბ) განსაზღვრულ დაინფიცირებულ ტერიტორიაზე არსებული ღორების ფერმები დაუყოვნებლივ აიყვანოს ზედამხედველობის ქვეშ, რომელის დროსაც: ბ.ა) მფლობელმა ყველა ფერმაში აღრიცხოს ყველა კატეგორიის ღორი და მოპოვებული ინფორმაცია მოთხოვნისთანავე წარადგინოს სააგენტოში. ღია ტიპის ღორების ფერმებში პირველი აღრიცხვა შეიძლება განხორციელდეს სავარაუდო შეფასების საფუძველზე; ბ.ბ) უზრუნველყოფილ იქნეს ფერმაში არსებული ყველა ღორის გარეული ღორებისგან იზოლირება. დაუშვებელია გარეული ღორების წვდომა ისეთ მასალაზე, რომელიც შესაძლოა შემდგომ კონტაქტში იყოს ფერმის ღორებთან; ბ.გ) არცერთი ღორი არ იქნეს შეყვანილი და გამოიყვანილი ფერმიდან სააგენტოს ნებართვის გარეშე; ბ.დ) ფერმის და შენობების შესასვლელებში და გამოსასვლელებში მოეწყოს შესაბამისი, სადეზინფექციო ბარიერი, სადეზინფექციო ხალიჩები ან გამტარები და, საჭიროების შემთხვევაში, სადეზინფექციო საშუალებებთან ერთად გამოყენებულ იქნეს დეზინსექციის საშუალებები; ბ.ე) ფერმაში შემსვლელმა ყველა პირმა, აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, დაიცვას სათანადო ჰიგიენური ზომები; ბ.ვ) ფერმაში აფრიკული ჭირის სიმპტომებით მკვდარი ყველა ღორიდან აღებული ნიმუში აფრიკული ჭირის ვირუსის დადგენის ან გამორიცხვის მიზნით გადაიგზავნოს ლაბორატორიაში; გ) არ დაუშვას მოკლული ან მკვდარი გარეული ღორის ნაწილების, აგრეთვე ნებისმიერი მასალის ან მოწყობილობის, რომელიც შესაძლოა დაინფიცირებული იყოს აფრიკული ჭირის ვირუსით შეტანა ღორების ფერმაში; დ) აკრძალოს ვაჭრობის მიზნით დაინფიცირებული ტერიტორიიდან ცოცხალი ღორების გაყვანა, მათი სპერმის, ემბრიონის ან კვერცხუჯრედის გატანა; ე) უზრუნველყოს, რომ დაინფიცირებულ ტერიტორიაზე მონადირებული ან მკვდარი ყველა ღორი შემოწმდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ აფრიკული ჭირის არსებობაზე. დადებითი შედეგის შემთხვევაში, ღორის სხეული უნდა დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დასაშვებია გარეული ღორის ხორცის ბაზარზე განთავსება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის. ნაწილები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, უნდა დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ; ვ) უზრუნველყოს ლაბორატორიული გამოკვლევით, აფრიკული ჭირის გენეტიკური ტიპის დადგენა. 3. იმ შემთხვევაში, თუ გარეულ ღორებში გამოვლინდება აფრიკული ჭირი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიასთან ახლოს, აღნიშნულმა სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ დაავადების აღმოფხვრისათვის. მუხლი 16. გარეული ღორების პოპულაციაში აფრიკული ჭირის აღმოფხვრის გეგმა ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი ზომების თანახმად, სააგენტომ, გარეულ ღორებში აფრიკული ჭირის პირველადი შემთხვევის დადასტურებიდან მოკლე პერიოდში, უნდა შეიმუშაოს დაინფიცირებულ ტერიტორიაზე აფრიკული ჭირის აღმოფხვირსათვის საჭირო და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ფერმებში გამოსაყენებელი ზომების გეგმა, რომელიც შესაძლოა შესწორდეს სიტუაციის განვითარების გათვალისწინებით და უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვების, ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგების და აფრიკული ჭირის გავრცელების არეალის შესახებ; ბ) ინფიცირებული ზონის შესახებ, რომლის განსაზღვრისას სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს: ბ.ა) განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები და დაავადების გავრცელების არეალი; ბ.ბ) გარეული ღორების პოპულაცია დაინფიცირებულ ზონაში; ბ.გ) ბუნებრივი და ხელოვნური დაბრკოლებების არსებობა; გ) ექსპერტთა ჯგუფის შესახებ; დ) საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს მონადირეების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით სალიკვიდაციო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ზომების შესახებ; ე) მონადირებული ან ნაპოვნი მკვდარი გარეული ღორების ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე, გარეული ღორების პოპულაციაში აფრიკული ჭირის გავრცელების ფარგლების განსაზღვრისათვის განხორციელებული სპეციალური ზომების შესახებ; ვ) ნადირობისათვის დადგენილ მოთხოვნების შესახებ, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით; ზ) მონადირებული ან ნაპოვნი მკვდარი გარეული ღორების მოცილების მეთოდების შესახებ, რომელიც ეფუძნება: ზ.ა) დამუშავებას სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ; ზ.ბ) სახელმწიფო ვეტერინარის მიერ შემოწმებას და ლაბორატორიულ გამოკვლევას. დადებითი შედეგის შემთხვევაში, ღორის სხეული მუშავდება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო უარყოფითი შედეგის შემთხვევაში - დაიშვება გარეული ღორის ხორცის ბაზარზე განთავსება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის. ნაწილები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, უნდა დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ; თ) თითოეულ მოკლულ ან ნაპოვნ მკვდარ გარეულ ღორზე განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შესახებ, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია: თ.ა.) იმ არეალის შესახებ, სადაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი; თ.ბ.) იმ თარიღის შესახებ, როდესაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი; თ.გ.) იმ პირის შესახებ, რომელმაც იპოვნა მოკლული ცხოველი ან მოკლა; თ.დ.) მკვდარი ღორის სხეულის მდგომარეობის შესახებ; თ.ე.) ლაბორატორიული მონაცემების და შედეგების შესახებ; ი) ზედამხედველობის პროგრამების ან პრევენციის ღონისძიებების შესახებ, რომელიც გამოიყენება განსაზღვრულ და ინფიცირებულ ტერიტორიაზე მდებარე ფერმებში და, საჭიროების შემთხვევაში, მის გარშემო, მათ შორის, ტრანსპორტში, ინფიცირებულ ზონაში ან ზონიდან გადაადგილების ფარგლებში; კ) სხვა კრიტერიუმების შესახებ, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს განსაზღვრულ ზონაში დაავადების ლიკვიდაციისათვის მიღებული ზომების ხელშეწყობისათვის; ლ) გეგმის განხორციელების მეთვალყურეობასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს შესახებ; მ) ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის მიერ სალიკვიდაციო გეგმის შედეგების რეგულარულად განხილვის შესახებ; ნ) დაავადების მონიტორინგის ღონისძიებების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს განსაზღვრულ ინფიცირებულ ზონაში გარეულ ღორებში აფრიკული ჭირის ბოლო დადასტურებული შემთხვევიდან არანაკლებ 12 თვის შემდეგ. აღნიშნული მონიტორინგის ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 12 თვის განმავლობაში და უნდა მოიცავდეს ამ მუხლის ,,ვ“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად უკვე განხორციელებულ ზომებს. მუხლი 17. გადამტანის მეშვეობით აფრიკული ჭირის გავრცელების პრევენციის ზომები 1. ფერმაში აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში, თუ გადამტანის არსებობა შესაძლებელია ან საეჭვოა, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაინფიცირებული შენობა მისი გარემომცველი ტერიტორიით შემოწმდეს გადამტანების არსებობაზე, ფიზიკური შემოწმებით და, საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშების აღებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტერიტორიის ძველ შენობებსა და ჩრდილიან ადგილებს, სადაც გადამტანების არსებობისათვის პირობები ტენიანობისა და ტემპერატურის თვალსაზრისით ხელსაყრელია. გადამტანების გააქტიურების პერიოდია გვიანი გაზაფხული, ზაფხული და ადრეული შემოდგომა. 2. გადამტანის მოძიებისათვის გამოიყენება ორი მეთოდი: ა) ძიება ნიადაგში, ქვიშაში ან მტვერში, რომელიც აიღება ქვებს შორის ღრიჭოებიდან (ქვით ნაშენი ზონების შემთხვევაში), შენობების საძირკვლიდან, ფილების ქვეშ, კედლებში არსებული ცარიელი ადგილებიდან, ბზარებიდან ჯაგრისით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში ნიადაგი და ქვიშა უნდა გაიცრას. მატლების ძიებისას გამოიყენება გამადიდებელი შუშა; ბ) ძიება CO2 დამჭერების მეშვეობით, რომელიც უნდა განთავსდეს რამდენიმე საათის განმავლობაში ღორების ბაგაში, უმჯობესია ღამით და, სხვა შემთხვევაში, დღის სინათლისგან დაცულ ბნელ ადგილებში. დამჭერები იგება ისე, რომ გადამტანები საკმარისად მიუახლოვდეს CO2 წყაროს და შეუძლებელი იყოს მათი თავდაპირველ ადგილსამყოფელში დაბრუნება. 3. გადამტანების არსებობის დადასტურების შემთხვევაში, აფრიკული ჭირის ვირუსის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, ხდება გადამტანების ლაბორატორიული გამოკვლევა და ფერმაში და ფერმის გარშემო ტერიტორიაზე იგეგმება შესაბამისი შემოწმების, მონიტორინგისა და კონტროლის ღონისძიებები. 4. თუ შეუძლებელია გადამტანების კონტროლი, დაუშვებელია ღორების და საჭიროების შემთხვევაში სხვა შინაური ცხოველების შენახვა ფერმაში არანაკლებ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში. მუხლი 18. დიაგნოსტიკური პროცედურები და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები 1. დაავადების დიაგნოსტირების მიზნით, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ნიმუშის აღება და გამოკვლევისათვის ლაბორატორიაში გადაგზავნა. 2. ლაბორატორიამ გამოკვლევისას უნდა გამოიყენოს კვლევის თანამედროვე სტანდარტები და მეთოდები. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი ქმედებების დროს დაცული უნდა იქნეს ბიოუსაფრთხოების წესები. მუხლი 19. საგანგებო გეგმა 1. სააგენტო ვალდებულია, აფრიკული ჭირის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში, შეადგინოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) ეპიზოოტიის (ეპიდემიის) სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის, ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა; ბ) რეგიონებში ღორების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები; გ) შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, პერსონალისა და ეპიზოოტიის (ეპიდემიის) სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის საჭირო ყველა სხვა მასალისადმი წვდომა; დ) აფრიკული ჭირის ეპიზოოტიასთან (ეპიდემიასთან) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელების შესაძლებლობა; ე) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტური კამპანიის განხორციელების შესაძლებლობა; ვ) ინსტრუქციული სახელმძღვანელოს გამოცემა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება აფრიკული ჭირის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა პროცედურის, ინსტრუქციის და ზომების დეტალური, სრული და პრაქტიკული აღწერილობა; ზ) ექსპერტთა ჯგუფების პერსონალით, საშუალებებითა და მოწყობილობებით, საკომუნიკაციო სისტემებით, მართვის ეფექტური და მკაფიო ქსელით უზრუნველყოფა. 2. პერსონალმა წელიწადში არანაკლებ ორჯერ უნდა გაიაროს ორგანიზებული, სიმულაციური სწავლებები აფრიკულ ჭირზე, მათ შორის, საკომუნიკაციო ტექნიკის ათვისებას, ეპიზოოტოლოგიურ (ეპიდემიოლოგიურ) გამოკითხვას, კლინიკურ ნიშნებსა და ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით. სწავლებებში ჩართული უნდა იყვნენ ვეტერინარები, სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები. 3. აღნიშნული გეგმები შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია ხუთ წელიწადში ერთხელ განაახლოს საგანგებო გეგმა და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მუხლი 20. ექსპერტთა ჯგუფები 1. სააგენტოს მიერ იქმნება ექსპერტთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც დაეხმარება სააგენტოს: ა) ეპიზოოტოლოგიურ (ეპიდემოლოგიურ) გამოკითხვაში; ბ) ნიმუშის აღებასა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების გაანალიზებაში (ინტერპრეტაციაში); გ) დაავადების კონტროლის ზომების განსაზღვრაში; დ) სხვა საკითხების განხორციელებაში. 2. დასაშვებია სააგენტოს მიერ ექსპერტთა ჯგუფის ფუნქციისა და მოვალეობების შესახებ დამატებითი კრიტერიუმებისა და მოთხოვნების განსაზღვრა. დანართი№8 ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადება (შემდგომში - „ნიუკასლის დაავადება“) - Marbus Newcastle - მაღალ კონტაგიოზური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ფრინველის paramyxovirus1 შტამით. ნიუკასლის დაავადების დროს ინტრაცერებრალური პათოგენობის ინდექსი ზრდასრულ ფრინველებში შეადგენს 0,7- ზე მეტს. ვირუსის გუნდში მოხვედრიდან ყველა ფრინველი ფაქტობრივად ინფიცირდება 2-6 დღეში. ფრინველებში დაავადება მიმდინარეობს სასუნთქი ორგანოების ან კუჭნაწლავის ტრაქტის ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, გამომდინარე იქიდან, თუ ვირუსის რომელი შტამით არის დაინფიცირებული ფრინველი. ნიუკასლის დაავადების გამომწვევმა ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანებში კონიუნქტივიტი . 2. ნიუკასლის დაავადების ინკუბაციური პერიოდი 3-7 დღეა, რომელიც შესაძლოა 9-12 დღემდე გაგრძელდეს. ნიუკასლის დაავადების აღმძვრელი წყაროა დაავადებული და ინკუბაციურ პერიოდში მყოფი ფრინველი. ასეთი ფრინველი ვირუსს გარემოში გამოყოფს ძირითადად ცხვირის გამონადენთან ერთად, რომელიც ძლებს გარემოში რამდენიმე კვირა, განსაკუთრებით ცივი ამინდის პირობებში. ნიუკასლის დაავადების აღმძვრელი წყარო შეიძლება იყოს ასევე დაავადებული ფრინველიდან მიღებული პროდუქტები და ნედლეული, ვირუსით დაბინძურებული საკვები, წყალი, ინვენტარი, მომსახურე პერსონალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ. კლინიკურად გამოჯანმრთელებული ფრინველი ვირუსს გამოყოფს გამოჯანმრთელებიდან 2-4 თვის განმავლობაში. 3. დაავადების მწვავედ მიმდინარეობისას ავადმყოფობა აღწევს 100%-ს, ხოლო სიკვდილიანობა - 60-90%- ს. 4. ნიუკასლის დაავადებაზე ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). მუხლი 2. რეგულირების სფერო ეს წესი ვრცელდება: ა) შინაურ ფრინველზე; ბ) სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედებსა და გალიაში მყოფ სხვა ფრინველზე. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაინფიცირებული შინაური ფრინველი - ნებისმიერი შინაური ფრინველი, რომელშიც ნიუკასლის დაავადების არსებობა ოფიციალურად დასტურდება ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ან მეორე ან შემდგომი აფეთქებისას , ნიუკასლის დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები ან სიკვდილის შემდგომი დაზიანებები გამოვლინდა იგივე კერაში; ბ) დაინფიცირებაზე საეჭვო შინაური ფრინველი - ნებისმიერი შინაური ფრინველი, რომელსაც აქვს ნიუკასლის დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ან სიკვდილის შემდგომი დაზიანებები; გ) კონტამინაციაზე საეჭვო შინაური ფრინველი - ნებისმიერი შინაური ფრინველი , რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ექვემდებარება ვირუსის ზეგავლენას; დ) საზოგადოებრივი კვების ანარჩენები - ნარჩენები სამზარეულოებიდან , საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან, ან ნებისმიერი სხვა საწარმოდან, რომელიც წარმოება - გადამუშავებისათვის იყენებს ხორცს; ე) კონტაქტური საფრინველე ან სამტრედე - ობიექტი, რომელიც ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსით ბინძურდება ადამიანის, ფრინველის ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შედეგად ან სხვა გზით; ვ) სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი (შემდგომში - „სახელმწიფო ვეტერინარი“) - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის; ზ) სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედი - ნებისმიერი მტრედი , რომელიც სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოყავთ სამტრედედან და ღონისძიების დასრულების შემდეგ აბრუნებენ უკან; თ) სამტრედე - ნაგებობა, რომელიც გამოიყენება სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედის შესანახად ან მოსაშენებლად; ი) მფლობელი - პირი, რომელსაც ჰყავს შინაური ფრინველი ან/და სპორტული ან/და გასართობი დანიშნულების მტრედი საკუთრებაში ან მფლობელობაში ფინანსური მოგების ან სხვა მიზნით; კ) საფრინველე - ობიექტი (ფერმერული მეურნეობა, ოჯახური წარმოება), სადაც ხდება შინაური ფრინველის მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროებით. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ განსაზღვრული ტერმინები , თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
მუხლი 4. ნიუკასლის დაავადების პროფილაქტიკა 1. ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის შეტანისაგან, საფრინველის დაცვის მიზნით, მფლობელი ვალდებულია: ა) საფრინველე დააკომპლექტოს დაავადებაზე კეთილსაიმედო საფრინველედან ან ადგილზე გამოზრდილი ჯანმრთელი ფრინველით; ბ) ახლად შეყვანილი ფრინველი შეინახოს იზოლირებულად 30 დღის განმავლობაში. მხოლოდ დაავადების ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, დაუშვას ისინი საერთო გუნდში ან გადაიყვანოს სხვა საფრინველეში ვეტერინარი ექიმის თანხმობით; გ) არ დაუშვას: გ.ა) ნიუკასლის დაავადების მიმართ არაკეთილსაიმედო საფრინველეებთან სამეურნეო კავშირი; გ.ბ) ტერიტორიაზე და საფრინველეში უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა , რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ტერიტორიის და ფერმის მომსახურებასთან ; გ.გ) ტერიტორიაზე და საფრინველეში შესვლა სანიტარიულ გამშვებში შხაპის მიღების, სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოსვის გარეშე, ოჯახურ წარმოებაში - სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოსვის გარეშე; დ) დაიცვას ვეტერინარულ - სანიტარიული და ზოოჰიგიენური მოთხოვნები. 2. საფრინველე უნდა იმყოფებოდეს დახურული ტიპის საწარმოო რეჟიმზე. ოჯახურ წარმოებაში ფრინველის ეზოებრივი შენახვისას, მათი გამოზრდა უნდა ხდებოდეს იზოლირებულად, სპეციალურად აგებულ საფრინველეში, ვეტერინარულ - სანიტარიული წესების დაცვით. 3. საერთო პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად, ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების საკითხს წყვეტს ვეტერინარი ექიმი, მფლობელთან შეთანხმებით, ამ წესისა და ვაქცინის გამოყენების ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 5. ნიუკასლის დაავადების შესახებ შეტყობინების ვალდებულება ნიუკასლის დაავადების საეჭვო ან დადასტურებული ნებისმიერი შემთხვევის შესახებ მფლობელი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს. მუხლი 6. ზომები ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას 1. ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს სახელმწიფო ვეტერინარის გამოცხადება ადგილზე, რომელიც დაავადების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, იღებს ნიმუშებს და აგზავნის ლაბორატორიაში გამოკვლევისათვის. 2. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, საფრინველეზე უნდა დაწესდეს ზედამხედველობა: ა) განხორციელდეს სხვადასხვა კატეგორიისა და ასაკის ფრინველის დათვლა, შედგეს დაავადებული, მკვდარი ან თითოეულ კატეგორიაში სავარაუდოდ ინფიცირებული ფრინველის რაოდენობის ჩამონათვალი. აღნიშნული ჩამონათვალი უნდა განახლდეს, მათი გამოჩეკის და სიკვდილის შემთხვევების გათვალისწინებით, საეჭვო პერიოდის განმავლობაში. მოპოვებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს სააგენტოში მოთხოვნისთანავე და შესაძლებელი იყოს მისი შემოწმება ყოველი ვიზიტის დროს; ბ) ყველა ფრინველი შემოიფარგლოს თავის სადგომში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნება მათი იზოლირება; გ) არცერთი ფრინველი არ უნდა შეიყვანონ ან/და გამოიყვანონ საფრინველედან. 3. საფრინველეში ან საფრინველედან ადამიანების, ცხოველისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დასაშვებია სააგენტოს ნებართვის საფუძველზე. 4. სააგენტოს ნებართვის გარეშე, დაუშვებელია მკვდარი ან/და დაკლული ფრინველის ხორცის ან მათი საკვების, ნარჩენების, სკორეს, ქვეშსაგების, ჭურჭლის, მასალების საფრინველედან გამოტანა. 5. დაუშვებელია კვერცხის გამოტანა საფრინველედან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტოს ნებართვით პირდაპირ იგზავნება აღიარებულ საწარმოთა რეესტრში მითითებულ კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ და/ან გადამამუშავებელ საწარმოში. 6. აღიარებულ საწარმოთა რეესტრიდან, კვერცხის პროდუქტების მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი საწარმო სააგენტოს მიერ შეირჩევა იმ შემთხვევაში თუ: ა) საწარმოს შეუძლია კვერცხის პროდუქტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლების გამოკვლევების ჩატარება; ბ) კვერცხის პროდუქტები ინახება შემნახველ საკნებში, სადაც არსებობს შენახვის შესაბამისი პირობები და იწარმოება ჩანაწერები, ამასთან გაცივების მაჩვენებელი უზრუნველყოფს შენახვისათვის საჭირო ტემპერატურის მიღწევას უმოკლეს დროში და ჰაერი მათ გარშემო თავისუფლად ცირკულირებს, გარდა გარემოს ტემპერატურაზე შენახული კვერცხის პროდუქტებისა; გ) ტემპერატურა , შემნახველ საკანში არ აღემატება ღრმად გაყინული პროდუქტებისთვის -180C, გაყინული პროდუქტებისთვის -12 0C, გაგრილებული პროდუქტებისთვის +40C; დ) კვერცხის პროდუქტების ტრანსპორტირებისას შენარჩუნდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ტემპერატურა და დაცული იქნება დაზიანებისაგან; ე) ლაბორატორიული გამოკვლევებისა და შემოწმების შედეგების ჩანაწერებს აწარმოებს და ინახავს 2 წლის ვადით. 7. კვერცხის პროდუქტის ყოველი პარტიის ეტიკეტირება და საიდენტიფიკაციო ნიშნის დადება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . 8. კვერცხის შერჩეულ საწარმოში გაგზავნამდე სატრანსპორტო საშუალება ილუქება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ და წინასწარ ატყობინებს ამ საწარმოს და სააგენტოს კვერცხის გაგზავნის შესახებ. 9. სააგენტო ზედამხედველობას უწევს, რომ: ა) ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული კვერცხი ინახებოდეს სხვა კვერცხისგან იზოლირებულად , მათი მიღებიდან გადამუშავებამდე; ბ) ასეთი კვერცხის ნაჭუჭები მიჩნეულ იქნას მაღალი რისკის შემცველ მასალად და განადგურდეს დამარხვით ან დაწვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) კვერცხის ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება, შესაფუთი მასალა, კვერცხთან შეხებაში მყოფი ნებისმიერი მასალა, გასუფთავდეს და ჩაუტარდეს დეზინფექცია ისე, რომ განადგურდეს ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსი. 10. სახელმწიფო ვეტერინარი წერილობით ინფორმირებული უნდა იყოს გადამუშავებული კვერცხის ყველა პარტიის შესახებ. 11. საფრინველეს შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილ სანიტარიულ გამტარში, სადეზინფექციო ხალიჩებზე, სადეზინფექციო ბარიერებზე გამოყენებულ უნდა იქნას შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები, ოჯახურ წარმოებაში გამოიყენება სადეზინფექციო ხალიჩები გაჟღენთილი შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით. საფრინველეში შესვლა - გამოსვლისას დაცული უნდა იყოს შესაბამისი ჰიგიენური პროცედურები, რომელიც საჭიროა ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად. 12. ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას, ხორციელდება ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 13. ნიუკასლის დაავადებაზე საეჭვო შინაური ფრინველის მფლობელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. 14. სააგენტომ ამ მუხლის მე-2-მე-11 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები უნდა გაატაროს იმ საფრინველეებშიც, რომლებიც ნიუკასლის დაავადების შეჭრისა და გავრცელების საშიშროების ქვეშ არიან. 15. ამ მუხლით დადგენილი ზომები არ უნდა გაუქმდეს ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის ოფიციალურად გამორიცხვამდე. მუხლი 7. ზომები ნიუკასლის დაავადების დადასტურების შემთხვევაში 1. ნიუკასლის დაავადების დადასტურებისას, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარების გზით. 2. ნიუკასლის დაავადებაზე კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ; ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ. 3. საფრინველეში ნიუკასლის დაავადების არსებობის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2-მე-15 პუნქტებში მითითებული ზომების გარდა, ადგენს: ა) ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, ადგილზე დაუყოვნებლივ მოიკლას საფრინველეში არსებული მთლიანი სულადობა. კვერცხი, მკვდარი და მოკლული სულადობა უნდა განადგურდეს; ბ) ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის გაუვნებლობის მიზნით, სავარაუდოდ დაინფიცირებული ყველა ნივთიერება და ნარჩენი, როგორიცაა საკვები, ქვეშსაგები, სკორე, განადგურდეს ან დამუშავდეს სახელმწიფო ვეტერინარის მითითებებითა და ზედამხედველობით; გ) ნიუკასლის დაავადების ინკუბაციის პერიოდში დამზადებული ფრინველის ხორცი და საინკუბაციო კვერცხი, რომელიც გატანილია საფრინველედან, იქნას მიკვლეული და განადგურებული, ხოლო დაავადების საინკუბაციო პერიოდში გამოჩეკილ წიწილებზე წესდება ზედამხედველობა. ამავე პერიოდში საფრინველედან გატანილი სუფრის კვერცხი უნდა იქნას მიკვლეული და განადგურებული, გარდა იმ კვერცხისა, რომელსაც გატანამდე ჩაუტარდა დეზინფექცია; დ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გატარების შემდეგ საფრინველეები, მათი შემოგარენი, სატრანსპორტო საშუალებები და სავარაუდოდ დაინფიცირებული ყველა დანადგარ - მოწყობილობა, გაიწმინდოს და მოხდეს მათი დეზინფექცია ან დამუშავება ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ე) აიკრძალოს ფრინველის საფრინველეში აღწარმოება, ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნების შესრულებიდან არანაკლებ 21 დღის გასვლამდე; ვ) ეპიდემოლოგიური გამოკითხვა განხორციელდეს ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 4. დასაშვებია, სააგენტომ გაავრცელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ზომები იმ მეზობელ საფრინველეებზეც, რომელთა მდებარეობა ხელს უწყობს აღმძვრელის შეტანას იმ საფრინველეებიდან, რომლებშიც დადასტურდა ნიუკასლის დაავადება. 5. ფრინველის იმ გუნდში, რომელშიც ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გამოყოფილია ნიუკასლის დაავადების ვირუსის შტამი, რომლის ინტრაცელებრალური პათოგენური ინდექსი აჭარბებს 0,7-ს და ნაკლებია 1,2-ზე, არ მჟღავნდება ნიუკასლის დაავადების კლინიკური ნიშნები და ვირუსი გამოყოფილია ატენუირებული ცოცხალი ვაქცინიდან , სააგენტოს შეუძლია არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ და “ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. ამ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია 30 დღის განმავლობაში საფრინველეზე დააწესოს ზედამხედველობა და მოითხოვოს: ა) ამ წესის მე-6 მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-11 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გატარება; ბ) საფრინველედან ფრინველის გაყვანის აკრძალვა , გარდა სააგენტოს ნებართვით სასაკლაოზე გაგზავნილი ფრინველისა. 6. სააგენტომ წინასწარ უნდა აცნობოს სასაკლაოს მფლობელ ბიზნესოპერატორს ფრინველების გაგზავნის შესახებ. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფრინველი სასაკლაოზე უნდა განთავსდეს და დაიკლას განცალკევებით სხვა ფრინველისგან. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად მიღებული ახალი ფრინველის ხორცზე დაიტანება ჯანმრთელობის ნიშანდება სპეციალური შტამპით. შტამპი უნდა იყოს ოვალური ფორმის, რომელზეც გავლებულია ორი პარალელური სწორი ხაზი, რომელთა შორის მანძილი არანაკლებ 1 სმ-ს უნდა შეადგენდეს, ხაზი უნდა კვეთდეს ოვალური ფორმის წრეს ისე, რომ იქ არსებული ინფორმაცია გარკვევით იკითხებოდეს, ამასთან ორი პარალელური ხაზი ისევე აშკარა უნდა იყოს, როგორც ნიშნის გარე კიდე. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ნიშანდებული ხორცი უნდა იყოს მიღებული, დაჭრილი, ტრანსპორტირებული და შენახული განცალკევებით იმ ხორცისაგან, რომელიც განკუთვნილია შიდა ვაჭრობისათვის და უნდა იყოს გამოყენებული ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული მისი შეტანა შიდა ვაჭრობისათვის განკუთვნილ ხორცის პროდუქტებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხორცს გავლილი აქვს სითბური დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, ცენტრისკენული ძალით 3,00 ან მეტი. 9. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები შეიძლება გადაიხედოს მეცნიერული კვლევების შედეგების გათვალისწინებით, ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ის დანერგვა - გამოყენებისას. მუხლი 8. ზომები ნიუკასლის დაავადების დადასტურების შემთხვევაში ორი ან მეტი განცალკევებული ერთეულისაგან შემდგარ საფრინველეში (გუნდი) თუ ორი ან მეტი განცალკევებული ერთეულისაგან შემდგარ საფრინველეში, სახელმწიფო ვეტერინარი დაადასტურებს, რომ ამ საფრინველეებში ფრინველს კვებავენ და ინახავენ ისე, რომ გამორიცხულია ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის ერთი განცალკევებული ერთეულიდან მეორეში გავრცელება, სააგენტოს შეუძლია ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ გაატაროს პირობითად ჯანმრთელ საფრინველეებში. მუხლი 9. ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა უნდა ითვალისწინებდეს : ა) საფრინველეებსა და სამტრედეებში ნიუკასლის დაავადების დაფიქსირებიდან გამოკითხვის ჩატარებამდე დროის ხანგრძლივობას; ბ) საფრინველეებში და სამტრედეებში ნიუკასლის დაავადების შესაძლო წარმოშობასა და სხვა საფრინველის, სამტრედისა და გალიებში მყოფი ფრინველის იდენტიფიკაციას, სადაც ისინი შეიძლება დაინფიცირდნენ დაავადების იმავე წყაროდან; გ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ფრინველის, მტრედის და გალიაში მყოფი ფრინველის, კვერცხის, ხორცის გადაადგილებას ან ნებისმიერ ფაქტორს, რის შედეგად შესაძლებელია ვირუსის გადატანა დაინფიცირებული ადგილიდან სხვა ადგილას. მუხლი 10. ზომები კონტაქტურ საფრინველეში 1. თუ სახელმწიფო ვეტერინარს საფუძვლიანი ეჭვი აქვს ადამიანიდან, ფრინველიდან ან ტრანსპორტიდან ფრინველის ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსით კონტამინაციაზე, ამ საფრინველეში ხორციელდება ნიუკასლის დაავადების საეჭვო შემთხვევის აღმოჩენა, ფრინველის რაოდენობის დადგენა და მათ გადაადგილებაზე მონიტორინგი. 2. საჭიროების შემთხვევაში, კონტაქტური საფრინველეებიდან სააგენტომ უნდა აკრძალოს ფრინველის გადაადგილება, გარდა სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ გადაუდებელი დაკვლის მიზნით სასაკლაოზე ფრინველის ტრანსპორტირებისა. 3. სასაკლაოზე ტრანსპორტირებამდე, ნიუკასლის დაავადების გამორიცხვის მიზნით, სახელმწიფო ვეტერინარმა კლინიკურად უნდა შეამოწმოს ყველა ფრინველი. ამასთან ფრინველის გადაადგილების აკრძალვა წესდება უკანასკნელი, პოტენციური დასნებოვნების თარიღიდან 21 დღის განმავლობაში , ხოლო კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, აკრძალვა დასაშვებია შემცირდეს 7 დღემდე. 4. სააგენტოს შეუძლია გაატაროს გამარტივებული ზომები განცალკევებით არსებულ საფრინველეში, რომელსაც ემსახურება ცალკე პერსონალი. 5. თუ სახელმწიფო ვეტერინარს აქვს საფუძვლიანი ეჭვი სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედის ან სხვა მტრედების ნიუკასლის დაავადების ვირუსით დასნებოვნების შესახებ, არანაკლებ 21 დღის განმავლობაში იკრძალება სამტრედიდან მტრედის გადაადგილება. მუხლი 11. დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნა 1. ნიუკასლის დაავადების დიაგნოზის ოფიციალურად დადასტურებისთანავე, სააგენტომ, ეპიდემიის კერის გარშემო არანაკლებ 3 კმ-ის რადიუსით უნდა შექმნას დამცავი ზონა, რომელიც შედის არანაკლებ 10 კმ - ის რადიუსის საკონტროლო ზონაში. 2. ზონების შექმნისას, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს: ა) ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ეპიდემიოლოგიური გამოკითხვის შედეგები; ბ) გეოგრაფიული მდებარეობა; გ) საფრინველეების ადგილმდებარეობა და სიახლოვე; დ) ეკოლოგიური და ეპიდემიოლოგიური ფაქტორები; ე) მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. 3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საკონტროლო და დამცავ ზონებში მყოფი პირების ინფორმირება ყველა აკრძალვა - შეზღუდვასა და ამ წესით დადგენილი ზომების გატარებაზე. მუხლი 12. ზომები შექმნილ დამცავ ზონაში 1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონაში შემდეგი ზომების გამოყენება: ა) საფრინველეების აღწერა შესაძლო მოკლე დროში; ბ) სახელმწიფო ვეტერინარის პერიოდული ვიზიტები ფრინველის კლინიკური მდგომარეობის შესამოწმებლად, საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშების აღება და ლაბორატორიაში გადაგზავნა გამოკვლევებისათვის; ვიზიტისა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ დგება აქტი; გ) ფრინველის თავიანთ საფრინველეში ან სხვა ადგილას იზოლირება; დ) სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება საფრინველეების შესასვლელებსა და გამოსასვლელებში; ე) ფრინველის, მკვდარი ან / და დაკლული ფრინველის, კვერცხის, მომსახურე პერსონალისა და ფრინველის გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კონტროლი ზონის შიგნით და ტრანსპორტირების აკრძალვა. აღნიშნული აკრძალვა არ გამოიყენება ფრინველის ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანისას; ვ) საფრინველედან ფრინველის გაყვანისა და საინკუბაციო კვერცხის გატანის აკრძალვა, გარდა: ვ.ა) ფრინველის გადაუდებელი დაკვლისათვის სააგენტოს მიერ ნებადართული სატრანსპორტო საშუალებით სასაკლაოში გადაყვანისა, რომელიც სასურველია მდებარეობდეს დაინფიცირებულ არეალში, ან თუ ეს შეუძლებელია, სასაკლაოში, რომელიც არჩეულია სააგენტოს მიერ დაინფიცირებული ტერიტორიის გარეთ. ასეთი ფრინველის ხორცი ექვემდებარება ნიშანდებას ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ხოლო შიდა ვაჭრობაში ჩართვას ამ წესის მე- 7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად; ვ.ბ) ერთდღიანი წიწილების ან კვერცხმდებელი ფრინველის გადაყვანისა საკონტროლო ზონაში, სადაც არ არის სხვა ფრინველი. ამასთან, ასეთ საფრინველეებზე წესდება ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი ზომები; ვ.გ) საინკუბაციო კვერცხის სააგენტოს მიერ შერჩეულ ინკუბატორში ტრანსპორტირებისა, რომლის დროსაც კვერცხი შესაფუთი მასალით ექვემდებარება დეზინფექციას; ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნების შესრულებაზე წესდება სახელმწიფო კონტროლი. გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ საფრინველეში სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ჩატარებული ჯანმრთელობის შემოწმების შემდეგ. სატრანსპორტო საშუალება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ ექვემდებარება დასუფთავებასა (გაწმენდა) და დეზინფექციას; თ) ფრინველის სკორეს, ქვეშსაფენის გავრცელებისა და გატანის აკრძალვა სააგენტოს ნებართვის გარეშე; ი) ფრინველის სარეალიზაციო ბაზრის, ბაზრობების, შოუებისა და სხვა შეკრებების აკრძალვა. 2. დამცავ ზონაში გამოყენებული ზომები გრძელდება არანაკლებ 21 დღისა, ამ წესის მე-15 მუხლში დადგენილი მოთხოვნების თანახმად, წინასწარი დასუფთავებისა (გარეცხვის) და დეზინფექციის ჩატარების შემდეგ. მუხლი 13. ზომები შექმნილ საკონტროლო ზონაში საკონტროლო ზონაში გამოყენებული ზომები მოიცავს: ა) ყველა საფრინველის აღწერას; ბ) ზონაში ფრინველისა და საინკუბაციო კვერცხის გადაადგილების კონტროლს; გ) პირველი 15 დღის განმავლობაში ზონიდან ფრინველის გადაადგილების აკრძალვას, გარდა პირდაპირ საკონტროლო ზონის გარეთ მდებარე სააგენტოს მიერ ნებადართულ სასაკლაოში გადაყვანისა. ასეთი ფრინველის ხორცი ექვემდებარება ნიშანდებას ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის, ხოლო შიდა ვაჭრობაში ჩართვას - ამ წესის მე- 7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად; დ) საინკუბაციო კვერცხის საკონტროლო ზონიდან გადაადგილების აკრძალვა, გარდა სააგენტოს მიერ შერჩეული ინკუბატორისა. გაგზავნამდე კვერცხი და მათი შესაფუთი მასალა ექვემდებარება დეზინფექციას; ე) სკორეს, ქვეშსაფენის ზონიდან გადაადგილების აკრძალვას; ვ) ფრინველის სარეალიზაციო ბაზრების, ბაზრობების, შოუების და სხვა შეკრებების აკრძალვას; ზ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით ფრინველის ტრასპორტირების აკრძალვას, გარდა ავტომაგისტრალითა და რკინიგზით გადაყვანისა. მუხლი 14. მფლობელის ვალდებულებები 1. ფრინველ (ებ) ის და/ან სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედ (ებ) ის და/ან გალიაში მყოფი ფრინველ (ებ) ის მფლობელი ან მომვლელი ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან და მიაწოდოს ინფორმაცია ფრინველის საფრინველეში შეყვანისა და საფრინველედან გაყვანის, კვერცხის საფრინველეში შეტანის და გატანის, სპორტული და/ან გასართობი დანიშნულების მტრედების შოუებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების შესახებ. 2. ყველა პირი, რომელიც დაკავებულია ფრინველის, კვერცხის , გალიაში მყოფი ფრინველისა და სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედის ტრანსპორტირებითა ან/და ყიდვა - გაყიდვით, ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან და მიაწოდოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. მუხლი 15. დასუფთავება და დეზინფექცია 1. დასუფთავების და დეზინფექციის ჩატარების პრინციპები და პროცედურებია: ა) ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის განადგურების მიზნით გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებებისა და მათი კონცენტრაციების გამოყენება სააგენტოს ნებართვით; ბ) დასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების განხორციელება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული მითითებებისა და ზედამხედველობის ქვეშ. 2. ინფიცირებული საფრინველეების საწყისი გაწმენდისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია: ა) უტილიზაციისათვის, ფრინველის სხეულის გატანის შემდეგ , საფრინველეების იმ ნაწილის, სადაც ფრინველები ბინადრობდნენ, და ნებისმიერი სხვა შენობა, ეზო, რომელიც დაბინძურდა, დაკვლისას ან დაკვლის შემდგომი შემოწმებისას სადეზინფექციო საშუალებებით შესხურება; ბ) ფრინველისა ან კვერცხის, რომლებმაც შეიძლება დააბინძუროს შენობები, ეზოები, ინვენტარი (ჭურჭელი), შეგროვება და განადგურება ფრინველის სხეულთან ერთად; გ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებების დამუშავებულ ზედაპირზე არანაკლებ 24 საათის განმავლობაში გაჩერება. 3. საბოლოო გაწმენდისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია: ა) ცხიმისა და ჭუჭყის მოცილება ყველა ზედაპირიდან ცხიმის მოსაცილებელი საშუალებების გამოყენებით, ზედაპირის წყლით ჩამორეცხვა; ბ) წყლით გარეცხვის შემდეგ, დამატებითი სადეზინფექციო საშუალებების შესხურება; გ) შვიდი დღის შემდეგ, შენობა - ნაგებობების ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებებით დამუშავება, წყლის გადავლება, სადეზინფექციო საშუალებების შესხურება და განმეორებით წყლის გადავლება; დ) გამოყენებული ქვეშსაგებისა და სკორეს დეზინფენქციისას ვირუსის გამანეიტრალებელი ერთ - ერთი მეთოდის გამოყენება: დ.ა) დაწვა ან ორთქლით დამუშავება 700 С- ზე; დ.ბ) მიწაში ღრმად დამარხვა მტაცებელი და სხვა გარეული ფრინველებისაგან დაცვის მიზნით; დ.გ) შეგროვება, დანესტიანება (საჭიროების შემთხვევაში, ფერმენტაციისათვის) და დაფარვა ისე, რომ მიაღწიოს და შეინარჩუნოს სითბო 20°C ტემპერატურამდე. მტაცებელი და სხვა გარეული ფრინველებისაგან დაცვის მიზნით, დარჩეს გადაფარებული 42 დღის განმავლობაში. მუხლი 16. ვაქცინაცია 1. საქართველოში ნებადართულია იმ ვაქცინების გამოყენება, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . 2. დაავადების საწინააღმდეგო ზომებთან ერთად ტარდება პროფილაქტიკური ან იძულებითი ვაქცინაცია. 3. შეჯიბრში, შოუში ან სხვა ღონისძიებაში ნებადართულია მხოლოდ ნიუკასლის დაავადების წინააღმდეგ ვაქცინირებული მტრედების მონაწილეობა . 4. ნიუკასლის დაავადების დადასტურების შემთხვევაში ამ წესით დადგენილ ზომებთან ერთად, სააგენტო აკონკრეტებს ტერიტორიულ არეალსა და იმ პერიოდს, რომელშიც შერჩეული სახეობებისათვის სწრაფი და სისტემური ვაქცინაცია (გადაუდებელი ვაქცინაცია) გატარდება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სიტუაციაში, აკრძალულია ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გატარება ფრინველის ვაქცინაციის ან რევაქცინაციისას. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში: ა) ყველა შერჩეული სახეობის ფრინველი უნდა იყოს ვაქცინირებული დაუყოვნებლივ; ბ) ვაქცინაციის არეალში მოქცეულ საფრინველეში ყველა შერჩეული სახეობის ფრინველი, გამოჩეკილი ან გადმოყვანილი სხვა მეურნეობიდან, უნდა იყოს აცრილი გადმოყვანამდე ან გადმოყვანის შემდეგ; გ) ვაქცინაციისას ვაქცინაციის არეალში მოქცეულ საფრინველეში, რჩება ყველა შერჩეული სახეობის ფრინველი, გარდა: გ.ა) ერთი დღის წიწილებისა, რომლებიც შეიყვანეს ვაქცინაციის არეალში მდებარე მეურნეობაში, სადაც უნდა აიცრან; გ.ბ) პირდაპირ სასაკლაოზე გადაადგილებული ფრინველებისა, გადაუდებელი (დაუყოვნებელი) დაკვლისათვის. თუ სასაკლაო მდებარეობს ვაქცინაციის არეალის გარეთ, შინაური ფრინველის გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ სახელმწიფო ვეტერინარის მიერ განხორციელებული ჯანმრთელობის შემოწმების შემდეგ; დ) ვაქცინაციის არეალის გარეთ გადაადგილება დასაშვებია, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვაქცინაცია დასრულებულია: დ.ა) სახორცე დანიშნულების ერთი დღის წიწილებისთვის, რომლებიც შეიძლება გადაადგილდეს საფრინველეში, სადაც ისინი აიცრებიან; აღნიშნული საფრინველე უნდა იყოს ზედამხედველობის ქვეშ, ვიდრე ფრინველი, რომელიც გადაადგილდა, დაიკვლება; დ.ბ) 21 დღის წინ აცრილი ფრინველისათვის, რომელიც განკუთვნილია დაუყოვნებლივ დაკვლისათვის; დ.გ) საინკუბაციო კვერცხი, რომელიც დადებულია 21 დღის წინ ვაქცინირებული მოსაშენებელი ფრინველისგან; კვერცხი და მისი შესაფუთი მასალა ექვემდებარება დეზინფექციას გადაადგილებამდე. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და “დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები უნდა გამოიყენებოდეს სამი თვის ვადით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვაქცინაციის დასრულებიდან. დასაშვებია ვაქცინაციის ერთი ან მეტი სამთვიანი პერიოდით გახანგრძლივება. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, სააგენტოს მიერ დასაშვებია განსაკუთრებული სამეცნიერო დანიშნულების გუნდის განთავისუფლება სისტემატური ვაქცინაციისაგან იმის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილი იქნება მათი ჯანმრთელობა და პერიოდულად დაექვემდებარებიან სეროლოგიური შემოწმებას. მუხლი 17. ზომები მტრედებისა და გალიაში მყოფი სხვა ფრინველის ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას 1. მატარებელი მტრედების ან გალიაში მყოფი სხვა ფრინველის ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფო ვეტერინარმა დაიწყოს დაუყოვნებლივ მოკვლევა დაავადების დადასტურებისათვის ნიმუშების აღება ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ან დარწმუნდეს, რომ ნიმუშები უკვე აღებულია. 2. დაავადებაზე ეჭვის მიტანისას, სააგენტომ უნდა მოაქციოს სამტრედე ან საეჭვო ადგილი ზედამხედველობის ქვეშ და აკრძალოს მტრედის ან გალიაში მყოფი სხვა ფრინველის ან ინფექციის გამავრცელებელი (გადამტანი) ნებისმიერი ფაქტორის მიერ ტერიტორიის დატოვება. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ზომები გრძელდება ვიდრე სახელმწიფო ვეტერინარი არ გამორიცხავს ნიუკასლის დაავადებას. 4. ნიუკასლის დაავადების ოფიციალურად დადასტურებისთანავე, სააგენტომ უზრუნველყოს: ა) ამ წესის მე-7 მუხლის მე -3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ზომების გამოყენება დაავადების აღმძვრელის მატარებელ მტრედებთან ან გალიაში მყოფ სხვა ფრინველთან და ნიუკასლის დაავადების ვირუსით დაინფიცირებულ სამტრედესთან დაკავშირებით; ბ) მტრედის ან გალიაში მყოფი სხვა ფრინველის გადაადგილების აკრძალვა სამტრედეს გარეთ ან მეურნეობაში არანაკლებ 60 დღისა, მას შემდეგ რაც ნიუკასლის დაავადების კლინიკური ნიშნები გაქრება; გ) სავარაუდოდ დაბინძურებული ნებისმიერი გადაცემის ფაქტორის ან ნარჩენის განადგურება ან დამუშავება ისე, რომ ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსი და 60 დღის მანძილზე დაგროვილი ყველა ნარჩენი განადგურდეს; დ) ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა ამ წესის მე-9 მუხლის მიხედვით. მუხლი 18. მოთხოვნები ფრინველის საკვების შესახებ 1. აკრძალულია ფრინველის საკვებად საზღვაო, საჰაერო ან სახმელეთო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კვების ანარჩენების გამოყენება. 2. ფრინველის საკვებად დასაშვებია შესაბამის პირობებში, ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის განადგურებისა და გაუვრცელებლობის მიზნით, სითბური დამუშავების შემდეგ საკვების ნარჩენების გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საზოგადოებრივი კვების ანარჩენებისა. მუხლი 19. დიაგნოსტიკური პროცედურები და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები 1. დაავადების დიაგნოსტირების მიზნით, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ნიმუშის აღება და გამოკვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაგზავნა. 2. ლაბორატორიამ გამოკვლევისას უნდა გამოიყენოს კვლევის თანამედროვე სტანდარტები და მეთოდები. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი ქმედებების დროს, დაცული უნდა იქნას ბიოუსაფრთხოების შესაბამისი დონის მოთხოვნები. მუხლი 20. საგანგებო გეგმები 1. სააგენტო ვალდებულია, ნიუკასლის დაავადების აფეთქების შემთხვევაში, შეადგინოს საგანგებო გეგმა, რომელშიც დაავადების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სახის შენობებზე, მოწყობილობებზე , პერსონალზე და სხვა ყველა მასალაზე ხელმისაწვდომობა, ასევე, უნდა განსაზღვროს იძულებითი ვაქცინაციის ჩასატარებლად ვაქცინის შესახებ მოთხოვნები. 2. საგანგებო გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს: ა) ნიუკასლის დაავადების ეპიდემიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელებას; ბ) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტური კამპანიის განხორციელებას; გ) ინსტრუქციული სახელმძღვანელოს გამოცემას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას და დადასტურებისას გამოსაყენებელი ყველა პროცედურის , ინსტრუქციის და ზომების დეტალური, სრული და პრაქტიკული აღწერილობა, მათ შორის, მკვდარი და მოკლული ფრინველის განადგურების შესახებ; დ) დეტალურ ინფორმაციას, კონტროლის ღონისძიებებში ჩართული პერსონალის უნარებისა და მოვალეობების შესახებ; ე) დაავადების კონტროლის ღონისძიებების სათანადო გატარებისათვის მოწყობილობებისა და მასალების ხელმისაწვდომობას, მათ შორის, ნიმუშების სწრაფი ტრანსპორტირების ორგანიზებას; ვ) ტრენინგპროგრამების განხორციელებას საველე, მათ შორის,, სწრაფი ტესტების გამოყენების, საკომუნიკაციო ტექნიკის ათვისებასთან, ეპიდემიოლოგიურ გამოკითხვასთან, კლინიკურ ნიშნებსა და დაავადების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციული პროცედურების (უნარების) შენარჩუნებისა და განვითარებისათვის; ზ) პოსტვაქცინალური იმუნიტეტის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განმეორებითი ვაქცინაციის სქემის დეტალებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით რიკის საფუძველზე დგება გეგმა, რომელიც წარედგინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასამტკიცებლად. აღნიშნული გეგმები შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. მუხლი 21. ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის განადგურების მეთოდები კვერცხსა და კვერცხის პროდუქტებში კვერცხსა და კვერცხის პროდუქტებში, ნიუკასლის დაავადების გამომწვევის შესაძლო არსებობისას , ვირუსის განადგურებისათვის თერმული დამუშავების მეთოდებია: ა) მთლიანი კვერცხი არაუმეტეს 55 გრამისა - 2521 წამი; ბ) მთლიანი კვერცხი არაუმეტეს 57 გრამისა 1596 წამი; გ) მთლიანი კვერცხი არაუმეტეს 59 გრამისა - 674 წამი; დ) თხევადი კვერცხის ცილა არაუმეტეს 55 გრამისა - 2278 წამი; ე) თხევადი კვერცხის ცილა არაუმეტეს 57 გრამისა - 986 წამი; ვ ) თხევადი კვერცხის ცილა არაუმეტეს 59 გრამისა - 301 წამი; ზ) კვერცხის გული არაუმეტეს 55 გრამისა 10% - იანი მარილიან ხსნარში - 176 წამი; თ) მშრალი კვერცხის ცილა არაუმეტეს 57 გრამისა - 50,4 სთ. მუხლი 22. ნიუკასლის დაავადების განადგურება ფრინველის ხორცში შინაური ფრინველის ხორცში, ნიუკასლის დაავადების გამომწვევის შესაძლო არსებობისას, ვირუსის განადგურებისათვის თერმული დამუშავების მეთოდებია : ა) ფრინველის ხორცი არაუმეტეს 65 გრამისა - 840 წამი; ბ) ფრინველის ხორცი არაუმეტეს 70 გრამისა - 874 წამი; გ) ფრინველის ხორცი არაუმეტეს 74 გრამისა - 280 წამი; დ) ფრინველის ხორცი არაუმეტეს 80 გრამისა - 203 წამი. |
დოკუმენტის კომენტარები