სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1074
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 29/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.05.001.001.738
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1074
10/03/2005
სსმ, 11, 29/03/2005
430.080.000.05.001.001.738
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (17/03/2006 - 28/03/2007)

საქართველოს კანონი

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აწესრიგებს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობისთვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ლიცენზირებადი საქმიანობის სახეებს, ლიცენზიის გამცემ ორგანოებს და დამატებით სალიცენზიო პირობებს.

საქართველო 2006 წლის 17 მარტის კანონი 2794 - სსმ I , 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზოგადსაგანმა-ნათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან;

ბ) პედაგოგიური პერსონალი – აკადემიური პერსონალი, მასწავლებელი, აღმზრდელი, ასევე ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმა-ნათლებლო/სააღმზრდელო პროცესში;

გ) დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის, გარდა დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა, განხორციელებასთან;

დ) საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან;

ე) სააღმზრდელო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღმზრდელო დაწესებულების/საბავშვო სამზრუნველო დაწესებულების მიერ მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელებასთან;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან.

საქართველო 2006 წლის 17 მარტის კანონი 2794 - სსმ I , 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66

    მუხლი 3. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანო

1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

2. მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამინისტროების, როგორც ლიცენზიის გამცემის, უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით.

საქართველო 2006 წლის 17 მარტის კანონი 2794 - სსმ I , 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66

    მუხლი 4. ლიცენზირებადი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობის სახეები

1. ლიცენზირებადი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობის სახეებია:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა (გენერალური ლიცენზია):

ა.ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა (სპეციალური ლიცენზია);

ა.ბ) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა (სპეციალური ლიცენზია);

ა.გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა (სპეციალური ლიცენზია);

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა, დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა;

დ) საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა;

ე) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულება/საბავშვო სამზრუნველო დაწესებულება.

2. ლიცენზირებას არ ექვემდებარება:

ა) საგანმანათლებლო საქმიანობა ერთჯერადი ლექციების, სემინარების და განათლების სხვა ფორმების სახით, რომელსაც თან არ ახლავს სახელმწიფო ატესტაცია და განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;

ბ) ინდივიდუალური პედაგოგიური საქმიანობა, მათ შორის, პროფესიული მომზადების სფეროში.

საქართველო 2006 წლის 17 მარტის კანონი 2794 - სსმ I , 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66

    მუხლი 5. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

1. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ლიცენზიის გამცემს უნდა წარუდგინოს:

ა) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წესდება;

ბ) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 51 მუხლით და ამავე კანონით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;

გ) ინფორმაცია პედაგოგიური პერსონალის რაოდენობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე ძირითადი და დამატებითი სამუშაო ადგილების შესახებ. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ მონაცემებს დასაქმებული კადრების თაობაზე უნდა ერთოდეს დაწესებულების მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების პირობით კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 51 მუხლით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;

დ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და ამ კანონის 51 მუხლით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;

ე) შენობა-ნაგებობების გეგმა სართულების მიხედვით.

2. ის შენობა-ნაგებობანი, სადაც უნდა განხორციელდეს საგანმანათლებლო ან სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს. ინფორმაციას სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ ლიცენზიის მაძიებლის ნაცვლად მოიპოვებს ლიცენზიის გამცემი.

3. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ლიცენზიით გათვალისწინებული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამების განსახორციელებლად, მოსწავლეებს, აღსაზრდელებს და სტუდენტებს უნდა უქმნიდეს შესვენებისა და ფიზიკური განვითარების, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს, აღსაზრდელებსა და სტუდენტებს – თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობებს.

4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს.

5. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის გამცემ ორგანოში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციაში არასწორი ან/და არასრული ინფორმაციის წარდგენა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დაუკმაყოფილებლობა.

საქართველო 2006 წლის 17 მარტის კანონი 2794 - სსმ I , 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66

    მუხლი 5 1 . საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობის დამატებითი სალიცენზიო პირობები

1. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი პროგრამები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზიის, მათ შორის, დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიების, მისაღებად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი სასკოლო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს სათანადო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმას და მასში დასახულ მიზნებს;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მოყვანილი უნდა იყოს:

ბ.ა) თითოეული საფეხურის სასწავლო გეგმა მოდულების ან სასწავლო კურსების მიხედვით;

ბ.ბ) სპეციალობების ჩამონათვალი მისაღწევი აკადემიური ხარისხის ჩვენებით და თითოეულ საფეხურზე სწავლების ვადის მითითებით;

ბ.გ) საათების განაწილება მოდულების მიხედვით, საგნების ჩამონათვალი, სათანადო კრედიტების ან აკადემიური საათების მითითებით, შეფასების ფორმები;

ბ.დ) მოდულებში შემავალი სასწავლო კურსების მოკლე აღწერა (მინიმუმ 50 სიტყვა);

გ) დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლის მიერ სპეციალობების მიხედვით წარდგენილი სასწავლო პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სტანდარტებს;

დ) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ პროგრამაში აღწერილი უნდა იყოს სწავლების მეთოდიკა და დღის წესრიგი.

2. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია პედაგოგიური კადრების შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზიის, მათ შორის, დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიის, მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი დაწესებულება უნდა დაკომპლექტდეს უმაღლესი პედაგოგიური განათლების ან შესაბამისი უმაღლესი, არასრული უმაღლესი ან პროფესიული განათლების მქონე პედაგოგიური კადრებით;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად დაწესებულება უნდა დაკომპლექტდეს აკადემიური პერსონალით, რომელიც აკმაყოფილებს წარდგენილ მოთხოვნათაგან ერთ-ერთს:

ბ.ა) აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი;

ბ.ბ) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ.გ) სწავლობს დოქტორანტურის პროგრამით იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

გ) დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ხოლო საწარმოო სწავლების ოსტატს (სასწავლო პრაქტიკის მასწავლებელს) – შესაბამისი პროფესიული განათლება ან 5 წელზე მეტი სათანადო პრაქტიკული გამოცდილება;

დ) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად დაწესებულებაში დასაქმებულ აღმზრდელებს უნდა ჰქონდეთ საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება.

3. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზიის, მათ შორის, დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიების, მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს და ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

ა.ა) ლიცენზიის მაძიებელს ერთ მოსწავლეზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 მ2 ფართობი, რომელიც გამოიყენება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისათვის (კლასი, კაბინეტი, სპორტული დარბაზი და სხვა). შენობა-ნაგებობის ფართობის ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: არანაკლებ 6 წლის ვადით – ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზიის ან დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიის მისაღებად, ხოლო არანაკლებ 3 წლის ვადით – საბაზო ან საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიის მისაღებად;

ა.ბ) ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰქონდეს მოსწავლეთა დადგენილი რაოდენობის შესაბამისი სასწავლო დანიშნულების ნივთები: მერხები, სკამები, დაფები ან მათი შემცვლელი სხვა საშუალებები;

ა.გ) ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰქონდეს სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც საჭიროა სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს და ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

ბ.ა) ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1000 მ2 საერთო ფართობი. შენობა-ნაგებობის ფართობის ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 6 წლის ვადით;

ბ.ბ) ლიცენზიის მაძიებელს ერთ სტუდენტზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 მ2 ფართობი, რომელიც გამოიყენება სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო-სამეცნიერო მიზნებისათვის (აუდიტორია, ლაბორატორია და სხვა). შენობა-ნაგებობის ფართობის ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 6 წლის ვადით;

ბ.გ) ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰქონდეს ბიბლიოთეკა, ერთ სტუდენტზე არანაკლებ 10 დასახელების წიგნისა;

ბ.დ) ლიცენზიის მაძიებელი უნდა ფლობდეს 25 სტუდენტზე არანაკლებ 1 კომპიუტერს;

ბ.ე) ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აუდიტორიების, სახელოსნოს და სხვა ობიექტების ფლობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 6 წლის ვადით გაფორმებული დოკუმენტები;

გ) დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ან/და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს და ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

გ.ა) ლიცენზიის მაძიებელს ერთ მოსწავლეზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 მ2 ფართობი, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი პროფესიული მომზადება. შენობა-ნაგებობის ფართობის ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 3 წლის ვადით;

გ.ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიების, პრაქტიკული სწავლების ბაზის, კლინიკის, სახელოსნოს, ინსტრუმენტებისა და სხვა ობიექტების ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 3 წლის ვადით გაფორმებული დოკუმენტები;

დ) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს და ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

დ.ა) ლიცენზიის მაძიებელს ერთ აღსაზრდელზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 8 მ2 საცხოვრებელი ფართობი. შენობა-ნაგებობის ფართობის ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 6 წლის ვადით;

დ.ბ) ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა დადგენილი რაოდენობის შესაბამისი სასწავლო დანიშნულების ნივთები: სპორტული ინვენტარი, სათამაშოები, მერხები, სკამები, დაფები ან მათი შემცვლელი სხვა ნივთები;

დ.გ) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ერთ აღსაზრდელზე გამოყოფილი თითო ტუმბო და საწოლი, 4 აღსაზრდელზე – 1 კარადა;

დ.დ) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს 10 ბავშვზე არანაკლებ 2 ხელსაბანი და ყოველ 20 ბავშვზე – 3 საშხაპე;

დ.ე) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 იზოლირებული ოთახი კარანტინისათვის;

დ.ვ) საძინებელ ოთახში განთავსებული უნდა იყოს არა უმეტეს 10 ბავშვისა;

დ.ზ) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელთა თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები.

საქართველო 2006 წლის 17 მარტის კანონი 2794 - სსმ I , 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66

    მუხლი 6. ლიცენზიის გაცემის პროცედურა

1. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად.

2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ კანონით განსაზღვრული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისას გაზარდოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა 3 თვემდე, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი.

3. ლიცენზიის გაცემაზე სამინისტროს უარი ლიცენზიის მაძიებელმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველო 2006 წლის 17 მარტის კანონი 2794 - სსმ I , 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66

    მუხლი 7. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება

სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან და შესაბამის საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში ადგილზე ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო განცხადებაში მითითებული მონაცემების სისწორეს და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველო 2006 წლის 17 მარტის კანონი 2794 - სსმ I , 9,31.03.2006 წ., მუხ. 66

    მუხლი 8. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და გაუქმება

1. ლიცენზიის გამცემი, აგრეთვე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით უფლებამოსილია ადგილზე შეამოწმოს ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო განცხადებაში მითითებული მონაცემების სისწორე და მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების შესახებ.

2. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და გაუქმება ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია შეამოწმოს ლიცენზიის მფლობელი იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დარღვევის შესახებ.

საქართველო 2006 წლის 17 მარტის კანონი 2794 - სსმ I , 9,31.03.2006 წ., მუხ. 66

    მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №121 დადგენილების ძალაში შესვლამდე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა.

2. ყველა ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, ჩაითვლება ლიცენზირებულად.

3. „დეინსტიტუციონალიზაციისა და საბავშვო სამზრუნველო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე და ამოქმედებამდე ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზიის გამცემს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №121 დადგენილება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ.

საქართველო 2006 წლის 17 მარტის კანონი 2794 - სსმ I , 9,31.03.2006 წ., მუხ. 66

    მუხლი 10. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 10 მარტი.

№1074-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველო 2006 წლის 17 მარტის კანონი 2794 - სსმ I , 9. 31.03.2006 წ., მუხ. 66