„გაფრენისწინა შემოწმების წესის“ დამტკიცების შესახებ

„გაფრენისწინა შემოწმების წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 17/07/2015
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016084
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
121
17/07/2015
ვებგვერდი, 20/07/2015
310150000.54.066.016084
„გაფრენისწინა შემოწმების წესის“ დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/07/2015 - 03/07/2017)

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №121

2015 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

 

„გაფრენისწინა შემოწმების წესის“ დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 97-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „გაფრენისწინა შემოწმების წესი“ №1-19 დანართებთან ერთად.  
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 6 იანვრის №02 ბრძანება „გაფრენისწინა შემოწმების წესის“ დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
„გაფრენისწინა შემოწმების წესი“ ამოქმედდეს 2015 წლის  1 ნოემბრიდან,  გარდა მე-9 მუხლის მე-10 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა.
მუხლი 4
„გაფრენისწინა შემოწმების წესის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტი და მე-11 მუხლის მე-3  პუნქტი  ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.  
მუხლი 5
„გაფრენისწინა შემოწმების წესის“ მე-9 მუხლის მე-11 პუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2016 წლის 1 მარტიდან, მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის ამოქმედებისთანავე. 
მუხლი 6
„გაფრენისწინა შემოწმების წესის“ მე-9 მუხლის მე-20 პუნქტი, იმ აეროპორტებისათვის, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი 500 000 მგზავრზე მეტია, ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან, იმ აეროპორტებისათვის, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი 100 000-დან 500 000-მდე მგზავრია – 2017 წლის 1 მარტიდან, ხოლო იმ აეროპორტებზე, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი 100 000 მგზავრზე ნაკლებია, არ ვრცელდება.   
მუხლი 7
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.  

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია



              გაფრენისწინა შემოწმების წესი
          

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „გაფრენისწინა შემოწმების წესის“ (შემდგომ – წესი) შემუშავების საფუძვლად გამოყენებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-5 კარის („სამოქალაქო ავიაციის უშიშროება“), „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულების,  „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 დანართის („საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედობებისაგან“), იკაო-ს ოფიციალური გამოცემის Doc-8973 („საავიაციო უშიშროების  სახელმძღვანელო“), ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ოფიციალური გამოცემის Doc-30 მოთხოვნები.  

2. წესი, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ადგენს სამოქალაქო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების, მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთის/ფოსტის სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გაფრენისწინა შემოწმების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ რეისებზე.

3. წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა აეროპორტის, საჰაერო გადამყვან-გადამზიდველის (შემდგომ – ავიაგადამზიდველი), სატვირთო ტერმინალის, იმ ავიასაწარმოთა თანამშრომლებისა და ნებისმიერი პირისათვის, რომლებიც თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ აეროპორტის ტერიტორიაზე და მგზავრებისათვის.

4. გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის, მგზავრების,  მგზავრის სტატუსის არმქონე პირების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე საჰაერო ხომალდის  მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, დაუფლების მცდელობის და/ან სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის სხვა აქტების აღკვეთის, იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების, მომწამლავი, სწრაფაალებადი, რადიოაქტიური და საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალული სხვა სახიფათო საგნებისა და ნივთიერებების უკანონოდ გატანის არდაშვების მიზნით.

5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით ბარგის, ხელბარგის ან თანმქონი ნივთების სახით, სითხეების, აეროზოლების და გელების გაფრენისწინა შემოწმება და გადაზიდვისას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება ამ წესის დანართის №13 შესაბამისად.

6. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასატანად აკრძალული, აგრეთვე გარკვეულ მოთხოვნათა დაცვით ნებადართული, სახიფათო ნივთიერებების და საგნების ძირითადი ნუსხა განსაზღვრულია ამ წესის დანართით №1.

7. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდგომ – ჩიკაგოს კონვენცია) მე-17 დანართის („საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედობებისაგან“), „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულების   და „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 14 აგვისტოს №137 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი  სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).   


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1.  ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აეროპორტის ვაჭრობის ობიექტი – აეროპორტის კონტროლირებად ზონაში განთავსებული  სავაჭრო ობიექტ(ებ)ი, მათ შორის, უბაჟო ვაჭრობის (DUTY FREE) ობიექტ(ებ)ი;

ბ) არასანქცირებული გახსნისგან დაცული პაკეტები (აგდპ) – აეროპორტში ვაჭრობის ობიექტზე ან საჰაერო ხომალდის ბორტზე გაყიდული სითხეების, აეროზოლების, გელების (შემდგომ – საგ) შესაფუთად განკუთვნილი პაკეტები;

გ) აეროპორტის მარაგი – აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში სხვადასხვა დანიშნულებისათვის გამოსაყენებელი ყველა საშუალება და აეროპორტის ვაჭრობის ობიექტებში გასაყიდად განკუთვნილი პროდუქცია, მათ შორის საგ-ები და აგდპ-ები;

დ) გაფრენისწინა შემოწმების საკონტროლო ბარათი – ავიაგადამზიდველის მიერ თითოეული საჰაერო ხომალდის ტიპისათვის შემუშავებული ფორმა, რომელიც მოიცავს საჰაერო ხომალდის შესამოწმებელ ზონებს და რომლის მიხედვით ხორციელდება გაფრენისწინა შემოწმება;

ე) თანმქონი ნივთები – ის ნივთები (ხელბარგის გარდა), რომლებიც თან აქვთ სხეულზე და ტანსაცმელში   მგზავრებს და მგზავრის სტატუსის არმქონე პირებს (მათ შორის: საათი, საფულე, მობილური ტელეფონი, ქამარი და ა.შ);

ვ) მაღალი რისკის ტვირთი/ფოსტა – ტვირთი/ფოსტა, რომელიც მიღებულია უცნობი გამგზავნისაგან ან ტვირთი/ფოსტა, რომელსაც აღენიშნება არასანქცირებული წვდომის ნიშნები, ამასთანავე:

ვ.ა) არსებობს ინფორმაცია, რომ ტვირთი/ფოსტა წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისათვის; ან

ვ.ბ) ტვირთს/ფოსტას აღენიშნება  მისთვის  არადამახასიათებელი ნიშნები, რომელიც  იწვევს ეჭვს; ან

ვ.გ) ტვირთის/ფოსტის სახეობა ისეთია, რომ სტანდარტული უშიშროების ზომები არ არის საკმარისი გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების  გამოსავლენად;

შენიშვნა: ნებისმიერი  ტვირთი/ფოსტა, რომელზეც არსებობს ინფორმაცია, რომ საფრთხის შემცველია,  ითვლება მაღალი რისკის ტვირთად/ფოსტად;

ზ) მგზავრის სტატუსის არმქონე პირები – ავიასაწარმოების პერსონალი, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები, სასაზღვრო, საბაჟო კონტროლის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ვიზიტორები, აეროპორტის  სავაჭრო ობიექტების  პერსონალი და სხვა პირები, რომელთაც გააჩნიათ უფლებამოსილება იმყოფებოდნენ აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში;

თ) რეგულირებადი მიმწოდებელი – იურიდიული პირი, რომელიც უშიშროების დადგენილი ზომების დაცვით ახორციელებს ბორტკვების, თანამდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის, მათ შორის საგ-ებისა და აგდპ-ების მიწოდებას საჰაერო ხომალდის ბორტზე;

ი) სატვირთო გზავნილის უშიშროების დეკლარაცია – ტვირთის/ფოსტის დაცვის მიზნით შემუშავებული ბეჭდური ან ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უშიშროების ზომების დაცულობას მთელი ტრანსპორტირების მანძილზე და განსაზღვრავს ტვირთგამგზავნის პასუხისმგებლობას;

შენიშვნა: დეკლარაცია დგება იმ პირის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ტვირთის/ფოსტის უშიშროების ზომების გატარებაზე. მასზე წვდომა მთელი ტრანსპორტირების მანძილზე აქვს ტრანსპორტირების პროცესში  ჩართულ ყველა მხარეს;

კ) საფრთხის გამოსახულების პროეცირება (TIP) – პროგრამული უზრუნველყოფა კონკრეტული ტიპის რენტგენური დანადგარისთვის,  რომელიც ხელბარგის შემოწმების პროცესში  ახორციელებს სახიფათო საგნების გამოსახულების ვირტუალურ პროეცირებას (მაგ: ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ა.შ.) და განსაზღვრავს შემოწმების ოპერატორის უნარს, აღმოაჩინოს ასეთი სახის გამოსახულება. პროგრამული უზრუნველყოფის  შესყიდვა შეთანხმებული უნდა იყოს  სააგენტოსთან;

ლ) სითხეები, აეროზოლები და გელები (საგ) – მათ განეკუთვნება წყალი და სხვა სასმელები, წვნიანები, ჯემები, კონსერვირებული ხორცი, სოუსები და პასტები; საკვები პროდუქტები სოუსის სახით ან დიდი რაოდენობის სითხის (100 გრ-ზე მეტი) შემადგენლობით; კრემები, ლოსიონები, კოსმეტიკური საშუალებები და ზეთები; სუნამოები; სპრეები; გელები, საშხაპე და თმის გელების ჩათვლით, წნევის ქვეშ მყოფი ტარის შიგთავსი, საპარსი ქაფის ჩათვლით, სხვა სახის ქაფები და დეოდორანტები; პასტები, კბილების პასტის ჩათვლით; სითხეების და მყარი ნივთიერებების ნარევები; წამწამების ტუშები; ტუჩის საცხები და ანალოგიური კონსისტენციის ნებისმიერი პროდუქტი;

მ) სხეულის სკანერი – სიგნალით აღჭურვილი ტექნიკური მოწყობილობა,, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სხეულზე   გადასატანად აკრძალული საგნების აღმოჩენას;

ნ) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემა (EDS) – სისტემა  ან  სისტემათა ერთობლიობა, რომელიც მასალის მიუხედავად, უზრუნველყოფს ბარგსა თუ სხვა ნივთებში, ფეთქებადი ნივთიერების გამოვლენას, რაზეც მიუთითებს სიგნალის საშუალებით; 

ო) ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა (ETD) – ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც აღმოაჩენს ფეთქებადი ნივთიერების კვალს და სიგნალის მეშვეობით მიუთითებს ასეთი ნივთიერებების არსებობაზე ბარგსა თუ სხვა შესამოწმებელ საგნებში;

პ) შემოწმების ოპერატორი – საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობის ოპერატორი;

ჟ) შემოწმების საკონტროლო ბარათი – ავიაგადამზიდველის მიერ თითოეული საჰაერო ხომალდის ტიპისათვის შემუშავებული ფორმა,  რომელიც მოიცავს  საჰაერო ხომალდის შესამოწმებელ ზონებს და რომლის მიხედვით ხორციელდება  საჰაერო ხომალდის შემოწმება მომატებული საფრთხის შემთხვევაში, ფრენის დროს და ხმელეთზე. 

რ) ცნობილი მიმწოდებელი – იურიდიული პირი, რომელიც უშიშროების დადგენილი ზომების დაცვით, ახორციელებს აეროპორტის მარაგის, მათ შორის საგ-ებისა და აგდპ-ების მიწოდებას  აეროპორტის კონტროლირებად ზონაში, გარდა საჰაერო ხომალდისა.

2.   ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს საჰაერო კოდექსით და „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულებით განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 3. გაფრენისწინა შემოწმების ჩატარების ორგანიზება
1. აეროპორტში საჰაერო ხომალდის, მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის,  მგზავრის სტასუსის არმქონე პირების, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთისა და ფოსტის გაფრენისწინა შემოწმება (შემდგომ – შემოწმება) ხორციელდება ავიაგადამზიდველის მიერ საკუთარი ძალებით, სააგენტოსთან შეთანხმებით (ავიაგადამზიდველმა უნდა აცნობოს აეროპორტს წერილობით აღნიშნულის შესახებ) ან ხელშეკრულების საფუძველზე, აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის (სუს) მიერ (ადამიანური რესურსისა და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით).

2. იმ აეროდრომებზე ან საფრენ მოედნებზე, სადაც არ ფუნქციონირებს საავიაციო უშიშროების სამსახურები, შემოწმებას ახორციელებს საჰაერო ხომალდის მეთაური ან მის მიერ დანიშნული ეკიპაჟის რომელიმე წევრი.

3. თავისუფალი აეროსტატის გაფრენისწინა შემოწმებას ახორციელებს ეკიპაჟის წევრი. გაფრენისწინა შემოწმება მოიცავს, როგორც საჰაერო ხომალდის, ასევე მგზავრების შემოწმებას. თავისუფალი აეროსტატის შემოწმება ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის 22-ე პუნქტის, ხოლო მგზავრების შემოწმება ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. შემოწმების ჩატარების ინსტრუქციებს შეიმუშავებენ შემოწმების განმახორციელებელი ავიასაწარმოები. ინსტრუქციები, სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ მტკიცდება ავიასაწარმოს ხელმძღვანელის მიერ.

5. მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, მგზავრის სტასუსის არმქონე პირების შემოწმება ხორციელდება სპეციალურ შენობაში (შემოწმების პუნქტ(ებ)ში), რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს შემოწმების  საშუალებებით და დაკვირვების ვიდეოსისტემებით, ამასთანავე, სათავსებით პირადი  შემოწმების ჩატარებისთვის.

6. შემოწმებისათვის გამოიყენება საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობები: რენტგენური დანადგარები, პორტატული (ხელის) მეტალმძებნები, თაღური მეტალმძებნები, სხეულის სკანერი, ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემა, ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა, და სხვა საშუალებები (შემდგომ - ტექნიკური მოწყობილობები). საჭიროების შემთხვევაში, შემოწმებისას გამოიყენება აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოების ან აეროპორტის კინოლოგიური ქვედანაყოფების სამსახურებრივი ძაღლები.

7. საჰაერო ხომალდზე  ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, იარაღისა და სხვა საგნებისა და ნივთიერებების განთავსების შესახებ ინფორმაციის არსებობისას განმნაღმველთა ჯგუფის მიერ საჰაერო ხომალდის შემოწმების ან/და სხვა ღონისძიებების განხორციელების შემდეგ უნდა მოხდეს საჰაერო ხომალდის, მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, ეკიპაჟის წევრების, საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთის/ფოსტის განმეორებით  შემოწმება.

8. თუ მგზავრების, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების,  მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის,  საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთის/ფოსტის გაფრენისწინა შემოწმებისას შემოწმების სპეციალისტი ვერ რწმუნდება გადასატანად აკრძალული საგნებისა და/ან ნივთიერებების არარსებობაში, იგი ახორციელებს სხვადასხვა მეთოდებით მათ შემოწმებას, ვიდრე  არ დადგინდება, საფრთხის შემცველი საგნებისა და ნივთიერებების  არარსებობა.

9. თუ მგზავრების, მგზავრის სტასუსის არმქონე პირების,  მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, საჰაერო ხომალდის საბორტო/აეროპორტის მარაგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთის/ფოსტის სხვადასხვა მეთოდებით შემოწმების შემდეგ, შემოწმების სპეციალისტი ვერ დარწმუნდა, გადასატანად აკრძალული საგნებისა და/ან ნივთიერებების არარსებობაში, ისინი არ დაიშვება აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში და საჰაერო ხომალდზე.

10. მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, საჰაერო ხომალდის, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთის/ფოსტის ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით შემოწმებისას, სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში უნდა მოხდეს აეროპორტის ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელთან დაკავშირება სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირების მიზნით და უნდა განხორციელდესამ წესის მე-17 დანართით გათვალისწინებული აქტის შევსება.

11. შემოწმებული ბარგი, ბორტკვება, ტვირთი/ფოსტა, საბორტო და აეროპორტის მარაგი ექვემდებარება საავიაციო უშიშროების სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ დანომრილი სტიკერებით მარკირებას. უნდა ხორციელდებოდეს ნომრიანი სტიკერებისა  დაცვა და აღრიცხვა. 


მუხლი 4. საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმება
1. ყველა საჰაერო ხომალდი ექვემდებარება გაფრენისწინა შემოწმებას.

2. საჰაერო ხომალდის შემოწმება ხორციელდება „გაფრენისწინა შემოწმების საკონტროლო ბარათის“ მიხედვით.  „გაფრენისწინა შემოწმების საკონტროლო ბარათის“ შესამოწმებელი ზონების ნუსხა და შევსების ინსტრუქცია განსაზღვრულია ამ წესის დანართით №16. 

3. „გაფრენისწინა შემოწმების საკონტროლო ბარათის“ ფორმის შემუშავებაზე (ექსპლუატაციაში მყოფი, თითეული საჰაერო ხომალდის ტიპის მიხედვით) და გაფრენისწინა შემოწმების განხორციელებაზე პასუხისმგებელია ავიაგადამზიდველი.

4. საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმებას ახორციელებს ავიაგადამზიდველი საკუთარი ძალებით ან ხელშეკრულების საფუძველზე - აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახური.  

5. თუ გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება ავიაგადამზიდველის მიერ, შემოწმებას ატარებენ ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ან საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ეკიპაჟის წევრები, ბორტგამყოლები და საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომელთაც  გავლილი აქვთ სწავლება იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc-8973, მე-11 დანართის (საავიაციო უშიშროების სწავლების პროგრამა იმ პერსონალისათვის, რომელნიც არ  მიეკუთვნებიან საავიაციო უშიშროებას) მიხედვით.

6. თუ გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ, შემოწმებას ატარებენ აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის სპეციალური მომზადებაგავლილი თანამშრომლები, ინტერიერის შემოწმებისას - ბორტგამყოლების, ხოლო ექსტერიერის შემოწმების დროს საფრენოსნო ეკიპაჟის ან საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის  თანხლებით.

7. საჰაერო ხომალდის შემოწმების მეთოდებია:

ა) ხელით შემოწმება;

ბ) ვიზუალური დათვალიერება, რომელიც გამოიყენება, როგორც ალტერნატიული მეთოდი მხოლოდ ცარიელი არეების შემოწმებისთვის;

გ) შემოწმება ფეთქებადი ნივთიერებების აღმომჩენი ძაღლების მეშვეობით, რომელიც გამოიყენება, როგორც შემოწმების დამატებითი მეთოდი;

დ) შემოწმება ფეთქებადი ნივთიერებების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც გამოიყენება როგორც შემოწმების დამატებითი მეთოდი. 

8. საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმების დროს სალონის განათება უნდა იყოს მაქსიმალურ რეჟიმზე.

9. აეროდრომის ექსპლუატანტმა  ღამის საათებში უნდა უზრუნველყოს აეროდრომზე საჰაერო ხომალდის სადგომების ადეკვატური განათება. საჰაერო ხომალდის სადგომის ჰორიზონტალური განათების სიმძლავრის მაჩვენებელი უნდა იყოს  არანაკლებ 3.0 (lx) ლუქსისა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთგვაროვნების მაჩვენებელი იქნება არანაკლებ 0,4-სა. საჰაერო ხომალდის შემოწმებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას დამხმარე ძალური დანადგარი ან მიწისზედა ძალური დანადგარი.

10. საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმება უნდა ჩატარდეს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მიერ საჰაერო ხომალდის დატოვების შემდეგ (მაგ.: ბორტკვება, დასუფთავების სამსახური და ა.შ.) ბარგის, ტვირთის/ფოსტის  საჰაერო ხომალდზე  ჩატვირთვამდე და მგზავრების ჩასხდომამდე.

11. საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმების დროს იკრძალება საჰაერო ხომალდთან მომსახურე პერსონალის დაშვება, გარდა ეკიპაჟის წევრებისა.

12. საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმების დასრულების შემდეგ  საჰაერო ხომალდზე  დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. პერსონალი და სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის თანამშრომლები დაიშვებიან მხოლოდ  აუცილებლობიდან გამომდინარე.

13. საჰაერო ხომალდის შემოწმების დროს საჰაერო ხომალდის ბორტზე მგზავრები არ უნდა იმყოფებოდნენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჰაერო ხომალდი ასრულებს ტრანზიტულ რეისს. ტრანზიტულ აეროპორტში საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმების დროს, თუ: 

ა) მგზავრები ტრანზიტული გაჩერებისას არ ტოვებენ საჰაერო ხომალდს, უნდა განხორციელდეს  ხელბარგის მგზავრისადმი კუთვნილების დადგენის პროცედურა შემდეგი წესის მიხედვით:  თითოეულმა  მგზავრმა უნდა აიღოს კუთვნილი ხელბარგი და დაიკავოს მისთვის განკუთვნილი ადგილი. მგზავრები უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, მათ ეკრძალებათ გადაადგილება სალონში. ტარდება საპირფარეშოებისა და მგზავრთათვის სხვა ხელმისაწვდომი არეების შემოწმება. საჰაერო ხომალდის ბორტიდან, უსაფრთხოების ზომების დაცვით, იხსნება ის ხელბარგი, რომელიც აღრიცხვის შედეგად არ იქნა ამოცნობილი არც ერთი მგზავრის მიერ;

ბ) ტრანზიტული გაჩერებისას მგზავრები ტოვებენ საჰარო ხომალდს:  ხელბარგის საჰაერო ხომალდზე დატოვების შემთხვევაში, ჩასხდომის შემდეგ უნდა განხორციელდეს ხელბარგის მგზავრისადმი კუთვნილების დადგენის პროცედურა, ტარდება საპირფარეშოებისა და მგზავრთათვის ხელმისაწვდომი სხვა არეების შემოწმება. საჰაერო ხომალდის ბორტიდან, უსაფრთხოების ზომების დაცვით, იხსნება ის ხელბარგი, რომელიც აღრიცხვის შედეგად არ იქნა ამოცნობილი არც ერთი მგზავრის მიერ. უნდა მოხდეს ჩასხდომის შემდეგ მგზავრთა გადათვლა;

გ)  ტრანზიტულ აეროპორტში მგზავრთა ნაწილი ტოვებს საჰაერო ხომალდს, მათი საჰაერო ხომალდზე დაბრუნების შემდეგ უნდა განხორციელდეს მგზავრთა გადათვლა და ხელბარგის მგზავრებისადმი კუთვნილების დადგენის პროცედურა. ტრანზიტული აეროპორტიდან გამფრენი მგზავრების ჩასხდომა უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდეგ. 

14. საფრთხის დონის მომატებისას საჰაერო ხომალდის შემოწმება უნდა განახორციელონ  ავიაგადამზიდველის ან აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის სპეციალურად მომზადებულმა და კვალიფიციურმა თანამშრომლებმა, იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc-8973 „საავიაციო უშიშროების სახელმძღვანელოს“ – „საჰაერო ხომალდის შემოწმების საკონტროლო ბარათის“ (Aircraft Security Search Checklist) მიხედვით.

15. საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ხორციელდება საჰაერო ხომალდის იზოლირებულ სადგომზე გადაყვანა. იზოლირებული სადგომი უნდა მდებარეობდეს სხვა საჰაერო ხომალდების სადგომებიდან, შენობებიდან, სამიმოსვლო ბილიკებიდან, ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან, სულ მცირე, 100 მეტრის დაშორებით.

16. თუ იზოლირებული სადგომი არ არის ხელმისაწვდომი, საჰაერო ხომალდის გადაყვანა უნდა მოხდეს აეროდრომის ექსპლუატანტთან შეთანხმებულ და წინასწარ განსაზღვრულ სადგომზე. სადგომზე გადაყვანის მიზნით სამიმოსვლო ბილიკების მარშრუტი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ მინიმალური საფრთხე შეექმნას პერსონალს, სხვა საჰაერო ხომალდებსა და შენობა-ნაგებობებს.

17. შემოწმების დროს საეჭვო საგნის აღმოჩენის შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს მასთან შეხება, უნდა განხორციელდეს, საჰაერო ხომალდის ბორტიდან პერსონალის გაყვანა, უზრუნველყოფილ იქნას აღნიშნული ზონის იზოლირება და დაცვა.

18. რადიოკავშირის საშუალებების გამოყენება იკრძალება საეჭვო საგნიდან 25 მეტრის რადიუსით.

19. საეჭვო საგნის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენისას, მის გაუვნებელყოფას და საჰაერო ხომალდიდან გატანას ახორციელებს შსს-ს განმნაღმველთა ჯგუფი.

20. ასაფეთქებელი მოწყობილობის გატანის შემდეგ, საჰაერო ხომალდის შემოწმება უნდა გაგრძელდეს სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის/ ნივთიერების აღმოჩენის მიზნით.

21. საჰაერო ხომალდით ფრენის განხორციელება დასაშვებია მას შემდეგ, რაც განმნაღმველეთა ჯგუფი დაადასტურებს, რომ საჰაერო ხომალდი უსაფრთხოა, განხორციელდება საჰაერო ხომალდზე არსებული ტვირთის/ფოსტის, ბარგის, ხელბარგის, ბორტკვებისა და საბორტო მარაგის, მგზავრთა ხელმეორედ შემოწმება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების სრული  დაცვით.

22. გაფრენის წინ თავისუფალი აეროსტატი მოწმდება ხელით და ვიზუალურად. ვიზუალური დათვალიერება   გამოიყენება, როგორც ალტერნატიული მეთოდი  ცარიელი არეების შესამოწმებლად. 


მუხლი 5. მგზავრთა შემოწმების ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები
1. შემოწმების ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს განეკუთვნება:

ა) საჰაერო ხომალდის ბორტზე იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი მოწყობილობების, ფეთქებადი, მომწამლავი, ადვილად აალებადი და იმ სხვა სახიფათო ნივთიერებების და საგნების  შეტანის დროული გამოვლენა და აღკვეთა, რომლებიც გათვალისწინებულია „საჰაერო ხომალდით  გადასატანად აკრძალული, აგრეთვე, გარკვეულ მოთხოვნათა დაცვით ნებადართული, სახიფათო ნივთიერებების და საგნების ძირითადი ნუსხით“ (დანართი №1);

ბ) სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში, მართლსაწინააღმდეგო ქმედობის აღკვეთის უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირ(ებ)ისათვის, საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების  მუქარის ან სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის სხვა აქტების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;

გ) მგზავრთა მომსახურების ყველა ეტაპზე მათი ინფორმირება შემოწმების მიზნებისა და გავლის წესის, მგზავრთა უფლებებისა და მოვალეობების, საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ნუსხის და საჰაერო ხომალდის ბორტზე მათი  შეტანის შემთხვევაში მგზავრთა პასუხისმგებლობის შესახებ;

დ) შემოწმებაგავლილი მგზავრებისა და მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შერევის გამორიცხვა შემოწმებაგაუვლელ მგზავრებთან და და მგზავრის სტატუსის არმქონე პირებთან.

2. მგზავრების შესამოწმებლად აეროპორტში ეწყობა კონტროლის  ზონები. კონტროლის ზონა შედგება შემოწმების ერთი ან რამდენიმე პუნქტისაგან. შემოწმების პუნქტ(ებ)ის და საჰაერო ხომალდს შორის მგზავრების მოსაცდელი ზონა (შემდგომ - სტერილური ზონა) მკაცრად კონტროლდება. კონტროლის ზონის და შემოწმების პუნქტ(ებ)ის შესასვლელების წინ უნდა გამოიკრას მაჩვენებელი წარწერით: „კონტროლის ზონა“; „შემოწმების პუნქტი“  არანაკლებ ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად.

3. შემოწმების პუნქტ(ებ)ი აღჭურვილი უნდა იყოს  საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობებით და უნდა ითვალისწინებდეს სათავსს პირადი  შემოწმებისათვის.

4. აეროპორტებში კონტროლის ზონების და შემოწმების პუნქტების რაოდენობა და მათი აღჭურვა საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობებით განისაზღვრება გადაზიდვების მოცულობის მიხედვით და ისინი აისახება აეროპორტის „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში“.

5. შემოწმების საიმედობის უზრუნველყოფა და მგზავრთა მომსახურება ხორციელდება:

ა) აეროპორტის სამგზავრო ტერმინალებში, კონტროლის ზონების და შემოწმების პუნქტების, აგრეთვე, ამ ზონებში და პუნქტებში საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ოპტიმალური განლაგებით;

ბ) მგზავრების კომფორტულად განთავსების, აეროპორტის პერსონალისათვის მუშაობის და შემოწმების პროცედურების მოხერხებულად ჩატარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნით;

გ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობებისა და მომსახურების წესების დაცვით.

6. კონტროლის ზონების და შემოწმების პუნქტების აღჭურვა უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებით დამტკიცებული „აეროდრომების სერტიფიცირების წესის“ მოთხოვნებს.

7. კონტროლის ზონებსა და შემოწმების პუნქტებში აკრძალულია იმ პირების ყოფნა, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი უფლებამოსილება.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელია აეროდრომის ექსპლუატანტი, გარდა  პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნისა, რომლის შესრულებაზე პასუხისმგებელია შემოწმების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ავიასაწარმო.


მუხლი 6. მგზავრების, მათი ხელბარგისა და თანმქონი ნივთების გაფრენისწინა შემოწმების ჯგუფის სტრუქტურა
1. შემოწმების ჩამტარებელ საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების ჯგუფის წევრთა (შემდგომ – შემოწმების ჯგუფი) რაოდენობა, ისევე როგორც აღნიშნული სამსახურის თანამშრომლების საშტატო რაოდენობა, განისაზღვრება აეროპორტის მუშაობის რეჟიმის, მგზავრთა გადაყვანა-გადაზიდვების მოცულობის, აეროპორტის მიერ მომსახურე საჰაერო ხომალდების და შემოწმების პუნქტების აღჭურვილობის გათვალისწინებით.

2. მგზავრთა შემოწმების ჯგუფი შედგება საავიაციო უშიშროების სამსახურის არანაკლებ ხუთი თანამშრომლისაგან, რომელთა შორის ფუნქციები ნაწილდება ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

3. აეროპორტის მუშაობის რეჟიმიდან გამომდინარე, საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ნაწილდებიან ცვლების მიხედვით. თითოეულ ცვლაში თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრება მოქმედი შემოწმების პუნქტების რაოდენობის მიხედვით. შემოწმების პუნქტის თანამშრომელთა მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს რანგით უფროსი ან შემოწმების ცვლის უფროსი.

4. შემოწმების ჩატარების პერიოდში შემოწმების ჩამტარებელ საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს უნდა ეცვათ ფორმის ტანსაცმელი, სახელოზე ან მკერდზე განმასხვავებელი ნიშნით. ფორმის ნიმუში თანხმდება აეროპორტის კომიტეტთან.

5. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ასახული უნდა იყოს ავიაგადამზიდველისა და აეროპორტის „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში“. 


მუხლი 7. შემოწმების ჩატარებისას საავიაციო უშიშროების სამსახურის    თანამშრომლების მოვალეობანი           
1. შემოწმების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია:

ა) მოითხოვოს მგზავრებისაგან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება;

ბ) მგზავრს, შემოწმების პუნქტში შესვლისას,  შეუმოწმოს ჩასხდომის ბარათ(ებ)ი, პირადობის დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი და მოთხოვნილი საბუთების მონაცემების ერთმანეთთან შესაბამისობა;

გ) ჩაატაროს გამოკითხვა პოტენციურად საშიში მგზავრების თანმქონი, საჰაერო ტრანსპორტით გადასატანად აკრძალული საგნების და ნივთიერებების გამოვლენის მიზნით;

დ) განახორციელოს საჰაერო ხომალდის, მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის,  მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, საჰერო ხომალდის საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთების და ფოსტის შემოწმება;

ე) პოტენციურად საშიში მგზავრების გამოვლენის მიზნით დააკვირდეს მგზავრის საქციელს შემოწმების პუნქტში;

ვ)  ჩამოართვას    მგზავრს აღმოჩენილი, საჰაერო ტრანსპორტით გადასატანად აკრძალული საგნები და ნივთიერებები;

ზ) შეამოწმოს მგზავრების მიერ შემნახველ საკანში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩასაბარებელი ბარგი;

თ) შემოწმების ეფექტურობის მიზნით, შემოწმების ტექნოლოგიისა და ტექნიკური მოწყობილობების გამოყენების სრულყოფის კუთხით, მოახსენოს საკუთარი მოსაზრებები უშუალო ხელმძღვანელს;

ი) გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების გამოვლენის ან მათი არსებობის ეჭვის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება მგზავრის პირადი შემოწმების ჩატარების შესახებ;

კ) განახორციელოს კონტროლი მგზავრის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფრენის პერიოდში დროებით შესანახად ჩაბარებული იარაღის, ვაზნების და საბრძოლო მასალის  გადაზიდვის წესების დაცვაზე;

ლ) ჩამოართვას მგზავრს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწმების პროცესში აღმოჩენილი იარაღი და საბრძოლო მასალები (გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვთ იყვნენ შეიარაღებულნი საჰაერო ხომალდის ბორტზე), აგრეთვე ამ წესით განსაზღვრული, საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალული სხვა სახიფათო საგნები და ნივთიერებები;

მ) მგზავრების მიმართ იყოს ყურადღებიანი და თავაზიანი;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში, გააფორმოს სათანადო საბუთები, შემოწმების დროს საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასატანად აკრძალული საგნების და ნივთიერებების ამოღების შემთხვევაში;

ო) ჰქონდეს სათანადო უნარ-ჩვევები, მგზავრების თანმქონი ნივთების, აგრეთვე ხელბარგის, ბარგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთის/ფოსტის სახით საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების გამოსავლენად. საავიაციო უშიშროების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დამრღვევი პირის მიმართ გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით, დადგენილი წესით წარუდგინოს მასალები ხელმძღვანელობას;

პ) არ დაუშვას გასაფრენად მგზავრები, რომლებიც უარს აცხადებენ შემოწმებაზე;

ჟ) არ დაუშვას შემოწმების პუნქტის გავლით სტერილურ ზონაში შეუმოწმებელი მგზავრები და მგზავრის სტატუსის არმქონე პირები, შემოწმებაგავლილი და შემოწმებაგაუვლელი ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთის, ფოსტის, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის და ბარგის ერთმანეთში არევა;

რ) ფლობდეს შესაბამისი ტიპის საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების  ექსპლუატაციისათვის საჭირო  კვალიფიკაციას.

ს) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობებთან მუშაობისას დაიცვას ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების წესები;

ტ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობანი.

2. მგზავრთა შემოწმების ჯგუფის თანამშრომლებს შორის მოვალეობები ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) შემოწმების პირველი სპეციალისტი:

ა.ა) შემოწმების პუნქტში მგზავრის შესვლისას ამოწმებს მგზავრის ჩასხდომის ბარათს, პირადობის დამადასტურებელ საბუთს და ადარებს მათ მონაცემებს მგზავრის პიროვნებას. დოკუმენტების უფრო დეტალურად შემოწმების აუცილებლობის შემთხვევაში, აცნობებს ამის შესახებ შემოწმების პუნქტის უფროსს, იღებს გადაწყვეტილებას მგზავრის შესამოწმებლად დაშვებაზე;

ა.ბ) ატარებს მგზავრს შემოწმების გასავლელად რიგის მიხედვით და უზრუნველყოფს მგზავრების დაგროვების არდაშვებას;

ა.გ) აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარი გადაწყვეტილებით, ატარებს გამოკითხვას (პროფაილინგს) პოტენციურად საშიში მგზავრების გამოვლენის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს მგზავრის პირად შემოწმებაში;

ბ) შემოწმების მეორე სპეციალისტი:

ბ.ა) სთავაზობს მგზავრს ამოალაგოს თანმქონი ლითონის საგნები, მობილური ტელეფონ(ებ)ი, გაიხადოს ზედა ტანსაცმელი, მოიხსნას თავსაბურავი, ქამარი და წარმოადგინოს ეს საგნები შესამოწმებლად;

ბ.ბ) თვალყურს ადევნებს რენტგენური დანადგარის, ტრანსპორტიორზე ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთების სწორად განლაგებას, არეგულირებს ტრანსპორტიორის დატვირთვას, აცნობებს შემოწმების მესამე სპეციალისტს ტრანსპორტიორის გაჩერების საჭიროების შესახებ;

ბ.გ) სთავაზობს მგზავრებს, გაიარონ თაღურ მეტალმძებნში;

ბ.დ)    აწარმოებს    მგზავრების    იმ    ნივთების ხელით შემოწმებას, რომელთა გაბარიტები აღემატება რენტგენური დანადგარის  გვირაბის გაბარიტებს. ახორციელებს ან ორგანიზებას უწევს მათი სხვა მეთოდით (ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლები, ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა და ა.შ.) შემოწმებას;

ბ.ე) აუცილებლობის შემთხვევაში, მონაწილეობს მგზავრების პირად შემოწმებაში;

გ) შემოწმების მესამე სპეციალისტი:

გ.ა) რენტგენური დანადგარის ეკრანზე გამოსახულების მეშვეობით განსაზღვრავს ნივთების შიგთავსს;

გ.ბ) შესამოწმებელ ნივთებში გადასატანად აკრძალული, მაღალი საფრთხის შემცველი (იარაღი, ტყვია-წამალი, ასაფეთქებელი მოწყობილობა) საგნების და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში აჩერებს რენტგენური დანადგარის ტრანსპორტიორს და ამის შესახებ აცნობებს შემოწმების ჯგუფის უფროსს;

გ.გ) იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების დროს აღმოჩენილი, გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ამოღებაზე და/ან სტერილურ ზონაში მგზავრების ნივთების დაშვებაზე;

გ.დ) აუცილებლობის შემთხვევაში, მონაწილეობს მგზავრის პირად შემოწმებაში;

დ) შემოწმების მეოთხე სპეციალისტი:

დ.ა) თვალყურს ადევნებს თაღური მეტალმძებნის სასიგნალო მოწყობილობის მაჩვენებლებს, აკონტროლებს, რომ თითოეული მგზავრი შემოწმდეს თაღური მეტალმძებნის გავლით;

დ.ბ) თაღური მეტალმძებნით შემოწმების დროს სიგნალის ამუშავებისას და შერჩევითი შემოწმებისას:

დ.ბ.ა.)  ახორციელებს მგზავრის   შემოწმებას: ან

დ.ბ.ბ.) სთავაზობს მგზავრს გაიაროს შემოწმება სხეულის სკანერით;

დ.ბ.გ.) საჭიროების შემთხვევაში,  ახორციელებს ან ორგანიზებას უწევს მგზავრის შემოწმებას ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლების საშუალებით ან ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის საშუალებით.

დ.გ) აუცილებლობის შემთხვევაში, მონაწილეობს მგზავრების პირად  შემოწმებაში;

დ.დ) მგზავრის უფრო გულდასმით შემოწმების აუცილებლობის შესახებ აცნობებს შემოწმების ჯგუფის უფროსს;

დ.ე) იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების პროცესში გამოვლენილი აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ამოღებაზე და/ან მგზავრის დაშვებაზე სტერილურ ზონაში;

ე) შემოწმების მეხუთე სპეციალისტი (შემოწმების ჯგუფის უფროსი):

ე.ა) აკონტროლებს შემოწმების ჯგუფის საქმიანობას შემოწმების ტექნოლოგიური პროცესის დაცვის კუთხით;

ე.ბ) დოკუმენტურად აფორმებს გადასატანად აკრძალული ნივთების და ნივთიერებების ამოღებას;

ე.გ) აუცილებლობის შემთხვევაში, მონაწილეობს  მგზავრებისა და მათი ნივთების ხელით და მგზავრების პირადი შემოწმების პროცესში;

ე.დ) ორგანიზებას უწევს მგზავრების იმ ნივთების ხელით ან სხვა მეთოდით (ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლები, ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა და ა.შ.) შემოწმებას, რომელთა გაბარიტები აღემატება რენტგენური დანადგარის  გვირაბის გაბარიტებს;

ე.ე) არ უშვებს სტერილურ ზონაში შემოწმებაგაუვლელ მგზავრებს და მგზავრის სტატუსის არმქონე პირებს;

ე.ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, ასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს;

ე.ზ) ორგანიზებას უკეთებს და ატარებს ინსტრუქტაჟს შემოწმების ჩატარების დროს ზომების გამკაცრების  შესახებ;

ე.თ) აკონტროლებს, საჰაერო ხომალდში ჩატვირთვამდე, მგზავრების მიერ ფრენის პერიოდში დროებით შესანახად ჩაბარებული იარაღის გადაზიდვის მოთხოვნების დაცვას;

ე.ი) ახორციელებს მგზავრების შერჩევითი შემოწმების პროცენტულობის განსაზღვრას.

3. შემოწმებაში მონაწილე საავიაციო უშიშროების თანამშრომლები, საფრთხის შესახებ  ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ახორციელებენ მგზავრების გამოკითხვას (პროფაილინგს).

4. შემოწმების პუნქტში, ცვლის მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად ხორციელდება სამუშაო ადგილებზე შემოწმების ჯგუფის სპეციალისტების როტაცია. თანამშრომლის მიერ რენტგენური დანადგარის მონიტორის ეკრანზე უწყვეტი დაკვირვების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, ხოლო შესვენება არ უნდა იყოს 40 წუთზე ნაკლები.

5. შემოწმების ჯგუფის თანამშრომლებმა, რომლებიც თავისუფალნი არიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან, მგზავრის შემოწმების დროს, აუცილებლობის შემთხვევაში, ცვლის უფროსთან შეთანხმებით შეიძლება მონაწილეობა მიიღონ როგორც მოწმეებმა.


მუხლი 8. სპეციალური ინფორმაცია საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებისათვის  
აეროდრომის ექსპლუატანტები და ავიაგადამზიდველები ვალდებულნი არიან მგზავრებს მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ეხება მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის და ბარგის გადაყვანა-გადაზიდვას. სამგზავრო ბილეთების სარეალიზაციო სააგენტოებში, აეროპორტების მგზავრთა რეგისტრაციის ზონებში, აგრეთვე კონტროლის ზონებისა და შემოწმების პუნქტების წინ, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ეწყობა განათებული ტაბლოები და/ან იკვრება ფირნიშები/პლაკატები, რომელთა შინაარსი განსაზღვრულია სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის  №267 ბრძანებით დამტკიცებული „აეროდრომების სერტიფიცირების წესით“. აეროპორტის შიდა რადიოქსელით პერიოდულად უნდა გადაიცეს ინფორმაცია:

ა) საჰაერო ხომალდის ბორტით  სითხეების, აეროზოლების, გელების, ფეთქებადი, მომწამლავი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური და სხვა სახიფათო საგნების და ნივთიერებების გადატანის აკრძალვის შესახებ;

ბ) მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგისა და ბარგის გაფრენისწინა შემოწმების ჩატარების აუცილებლობის შესახებ;

გ) მგზავრის მიერ გადასატანად აკრძალული საგნების და ნივთიერებების საჰაერო ხომალდის ბორტზე შეტანისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მგზავრის პასუხისმგებლობის შესახებ;  

დ) საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასატანად უცხო პირებისაგან ჩანთების, ხელჩანთების, ჩემოდნების, ამანათების და სხვა საგნების მიღების და თავისი ხელბარგის/ბარგის უცხო პირებისათვის დროებით დატოვების/უყურადღებოდ დატოვების აკრძალვის შესახებ;

ე) საჰაერო ხომალდის ბორტზე ფრენის დროს ელექტრონული სათამაშოებით, პორტატული ვიდეოკამერებით, ვიდეომაგნიტოფონებით, გადასატანი ტელეფონებით და სხვა ელექტრონული აპარატებით სარგებლობის აკრძალვის შესახებ, თუ ავიაგადამზიდველის ფრენის წესები სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

 


მუხლი 9. მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის შემოწმების ჩატარების თანმიმდევრობა
1. მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგისა შემოწმება ხორციელდება საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით და/ან ხელით, ხოლო იმ აეროდრომებზე ან საფრენ  მოედნებზე, სადაც არ არის შემოწმების პუნქტები და ტექნიკური და სტაციონარული საშუალებები, მგზავრი, ხელბარგი და თანმქონი ნივთები მოწმდება ხელის მეტალმძებნით და/ან ხელით.

2.  მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შემოწმება ხორციელდება მგზავრთა შემოწმების ანალოგიურად.

3. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით მგზავრის შემოწმება ხორციელდება ეტაპებად.

4.  I ეტაპი – შემოწმების პუნქტში შესვლის წინ მოწმდება ჩასხდომის ბარათი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მათი იდენტურობა მგზავრთან.

5. II ეტაპი – მგზავრს შეეთავაზება განაცხადოს, აქვს თუ არა გადასატანად აკრძალული საგნები და ნივთიერებები, ამასთანავე, უცხო პირებისაგან გადაცემული ნივთები (ამანათი, ჩანთა და სხვა). მგზავრს ასევე შეეთავაზება, ამოალაგოს ტანსაცმლიდან ლითონის შემცველი საგნები (გასაღები, სანთებელა, სიგარეტის კოლოფი, ავტოკალამი, სათვალე და ა.შ), გაიხადოს ზედა ტანსაცმელი (პალტო, ქურთუკი, ლაბადა, პიჯაკი, და ა.შ), მოიხსნას თავსაბურავი, გაიხადოს ისეთი სახის ფეხსაცმელი (მაგ: მაღალქუსლიანი, სქელძირიანი ფეხსაცმელი, ჩექმა და ა.შ.), რომელშიც შეიძლება მოთავსებული იყოს გადასატანად აკრძალული საგანი, მოიხსნას ქამარი, ჩანთიდან ამოალაგოს ელექტრონული მოწყობილობები (მაგ: პორტატიული კომპიუტერი, პლანშეტური კომპიუტერი და ა.შ.), აეროპორტის ვაჭრობის ობიექტებში შეძენილი აგდპ-ში შეფუთული სითხეები. ზემოაღნიშნული  ჩაალაგოს კალათში და დადგას კალათა რენტგენური დანადგარის  ტრანსპორტიორზე.

6.  III ეტაპი – მგზავრს შეეთავაზება, გაიაროს თაღურ მეტალმძებნში.

7. IV ეტაპი – ხორციელდება ხელბარგის და მგზავრის თანმქონი ნივთების შიგთავსის და კალათში ჩალაგებული ნივთებისა და საგნების შემოწმება. აუცილებელია შემოწმდეს შემოწმების პუნქტამდე განლაგებული, აეროპორტის ვაჭრობის ობიექტებში შეძენილი აგდპ-ში შეფუთული სითხეები, მათი  ქვითარში მითითებულ მონაცემებთან შესაბამისობა და დადასტურდეს პარკის მთლიანობა; შემოწმების  ოპერატორი უნდა დარწმუნდეს, რომ ხელბარგში არ არის მოთავსებული გადასატანად აკრძალული საგნები და ნივთიერებები. იმ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია არსებული საგნის ამოცნობა, ხელბარგი უნდა შემოწმდეს:

ა) ხელით, რაც მოიცავს  ჩანთაში არსებული ყველა საგნის გულდასმით  შემოწმებას, მასში გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების არსებობის გამორიცხვის მიზნით;

ბ) რენტგენური დანადგარით, იმავე შემოწმების ოპერატორის მიერ ხელბარგის სხვა რაკურსით გასხივების საშუალებით; ან

გ) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლებით; ან

დ)  ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით.

8. თუ შემოწმებისათვის გამოიყენება ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლები ან ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა, ფეთქებადი ნივთიერების არსებობის ნიშნების გამოვლენისას უნდა შემოწმდეს მთლიანი ჩანთა ან უშუალოდ ის საგნები, რომელიც იწვევს ეჭვს.

9. ხელბარგში არსებული მაღალი სიმკვრივის მქონე საგნები, რომლის რენტგენური დანადგარით გაშუქება შეუძლებელია, ჩანთიდან ამოღების შემდეგ უნდა შემოწმდეს განმეორებით.

10. ხელბარგის შემოწმების რენტგენურ დანადგარს უნდა გააჩნდეს საფრთხის გამოსახულების პროეცირების პროგრამული უზრუნველყოფა.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საფრთხის გამოსახულების პროეცირების პროგრამული უზრუნველყოფის არარსებობის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს ხელბარგის 20%-ის შერჩევით ხელით შემოწმება. 

12. ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლებისა და ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის გამოყენება დაიშვება მხოლოდ როგორც შემოწმების დამატებით საშუალება.

13. თუ ხელბარგის შემოწმება ხორციელდება ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ნაწილაკების ანალიზს, შესამოწმებელი მასალა უნდა შეგროვდეს შემდეგი ზონებიდან:

ა) ჩანთის გარე ნაწილის იმ ზონებიდან, რომელთანაც მგზავრს აქვს ხშირი შეხება (მაგ: „ელვა“ შესაკრავი, სახელური, ბალთა და ა.შ.);

ბ) ჩანთის შიდა ნაწილი, მათ შორის, სარჩული და ხელბარგში მოთავსებული ყველა გაბარიტული ნივთი.

14. თუ ხელბარგის შემოწმება ხორციელდება ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ჩანთიდან შეგროვებული ანაორთქლის ანალიზს,  შესამოწმებელი მასალა უნდა შეგროვდეს, სულ მცირე, ჩანთის შიდა ნაწილიდან. 

15. თუ მგზავრის თანმქონ ნივთებში, ხელბარგსა და/ან ბარგში აღმოჩენილ იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობის ელემენტები ან ნიშნები, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს  აეროპორტის ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირებას.

16. ტექნიკური  მოწყობილობებით შემოწმების ჩატარებისას აუცილებელია:

ა) შემოწმდეს რადიო და ტელეაპარატურა, ფოტო და კინოაპარატურა, აუდიო და ვიდეოტექნიკა, მობილური ტელეფონები, პერსონალური კომპიუტერები, სათამაშოები და ა.შ;

ბ) ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში, ელექტრონული ხელსაწყოების ჩართვა და მათი მუშაობის უნარის შემოწმება;

გ) დათვალიერდეს შესამოწმებელი საგნის ბუდეები და შალითები, გაიხსნას და შემოწმდეს ელექტრონული მოწყობილობების კვების ბლოკები, დათვალიერდეს ტექნიკური ღრმულები (ბუდეების, შალითების გახსნას, აპარატურის ჩართვას ახორციელებს მგზავრი);

დ) მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომელთა შემოწმება ტექნიკური და სპეციალური საშუალებებით ვერ ხერხდება მათი გაბარიტების და/ან სპეციფიკის გამო, უნდა მოეხსნას შალითები, გაიხსნას ბუდეები, შეირხეს ისინი, ხოლო ღიობები, ხვრელები და ფოსოები უნდა შემოწმდეს სპეციალური სარკეების საშუალებით.

17. ცხოველები, რომელიც გადაიზიდება საჰაერო ხომალდის სალონით, მოწმდება მგზავრის ან ხელბარგის ანალოგიურად.

18. V ეტაპი – თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მგზავრის შემოწმება:

ა) ხელით; ან

ბ) სხეულის სკანერით;

19. მგზავრის შემოწმება ხელის მეტელმძებნის, ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით ან ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლების საშუალებით დასაშვებია, მხოლოდ როგორც შემოწმების დამატებითი  საშუალება და არ ცვლის ხელით შემოწმებას.

20. იმ მგზავრთა რაოდენობის 10%, რომელთა თაღური მეტალმძებნით შემოწმებისას არ მოხდა სიგნალიზაციის ამოქმედება, დამატებით უნდა შემოწმდეს:

ა) სხეულის სკანერით; ან

ბ) ხელით და  ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით; ან

გ) ხელით და ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლების საშუალებით.

21. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  მგზავრების შემოწმებისას უნდა შეირჩეს შემოწმების ის   მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ შემოწმებას. მგზავრის ეტლი, ყავარჯენი, ხელჯოხი  ან საკაცე მოწმდება როგორც ხელბარგი.

22. ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით მგზავრის შემოწმებისას შესამოწმებელი მასალა უნდა შეგროვდეს, სულ მცირე, შემდეგი ზონებიდან:

ა) მგზავრის ხელების ორივე მხრიდან ან  პირადი ნივთიდან, რომელთანაც ჰქონდა შეხება (მაგ: საფულე, ხელჩანთა, პასპორტი და ა.შ.);

ბ) შარვლის, ქვედაბოლოს სათავის ან სხვა ტანსაცმლის წელის გარშემოწერილობის გარე მხრიდან  ან  ფეხსაცმლის ზედაპირიდან.

23. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემმოწმებელი ჩათვლის, რომ მგზავრის სხეულის კონკრეტული ზონის ხელით შემოწმება არაეფექტური ან არასასურველია, დასაშვებია ამ ზონების შემოწმება ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობისა და ხელის მეტალმძებნის კომბინაცის გამოყენებით.  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტანსცმლის გადანაკეცებს, თაბაშირის, ნახვევის და ა.შ არსებობისას -  კიდეებს  და ნაპრალებს, ისევე როგორც იმ ზონებს, რომელიც იწვევს ეჭვს. 

24. სხეულის სკანერის გამოყენებისას გასათვალისწინებელია შემდეგი მოთხოვნები:

ა) სხეულის სკანერი არ უნდა ახდენდეს გამოსახულების შენახვას, აღდგენას, ასლის გადაღებას. გამოსახულება, რომლის პროეცირება ხდება უშუალოდ მგზავრის შემოწმებისას შეიძლება შენახულ იქნეს იმ პერიოდით, რომელიც სჭირდება შემოწმების სპეციალისტს გამოსახულების ანალიზისთვის. გამოსახულება უნდა წაიშალოს მგზავრის შემოწმების დასრულებისთანავე. აკრძალულია გამოსახულების არასანქცირებული გამოყენება;

ბ) სხეულის სკანერის ოპერატორის სამუშაო ადგილი უნდა  მდებარეობდეს მოშორებით, რათა გამოირიცხოს შესამოწმებელ მგზავრთან ვიზუალური კონტაქტი;

გ) სხეულის სკანერის ოპერატორის სამუშაო ადგილზე არ დაიშვება ისეთი სახის  მოწყობილობები, რომლითაც შეიძლება მოხდეს გამოსახულების შენახვა, ჩაწერა ან ასლის გადაღება;

დ) გამოსახულება არ უნდა უკავშირდებოდეს იმ მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მგზავრის შესახებ . დაცული უნდა იყოს  მგზავრის ვინაობის ანონიმურობა;

ე) მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს,  მისი სხეულის სკანერით შემოწმება განხორციელდეს იგივე სქესის ოპერატორის მიერ;

ვ) გამოსახულება უნდა იყოს ბუნდოვანი, რათა გამოირიცხოს მგზავრის ვინაობის დადგენა;

ზ) შემოწმებამდე  მგზავრი ინფორმირებული უნდა იყოს მის მიმართ გამოსაყენებელი ტექნოლოგიის შესახებ;

თ) მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს  ალტერნატიული მეთოდით შემოწმება.

25. სხეულის სკანერის სიგნალიზაციის ამუშავებისას უნდა განხორციელდეს შემდეგი:

ა) მოხდეს მგზავრის სხეულის იმ ზონების ხელით შემოწმება, რომელმაც გამოიწვია სიგნალიზაციის ამოქმედება; ან

ბ) მგზავრის ზედმეტი საგნებისაგან გათავისუფლების შემდეგ, განხორციელდეს მისი სხეულის სკანერით განმეორებითი შემოწმება; ან

გ) განხორციელდეს ამ წესით დადგენილი ხელით შემოწმება.

26. შემოწმების მიმდინარეობისას, პოტენციური საფრთხის ნიშნების გამოვლენის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მგზავრის ქცევის ისეთ თავისებურებებს, როგორიცაა: გადამეტებული ნერვიულობა, შეშფოთება, მოუსვენრობა. ასეთი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ჩატარდეს მგზავრის გამოკითხვა მისი პოტენციური საფრთხის ხარისხის განსაზღვრის მიზნით.

27. პოტენციურად საშიში მგზავრის ბარგი, ხელბარგი და თანმქონი ნივთები ექვემდებარება ხელით და  აუცილებლობის შემთხვევაში,  სხვა მეთოდებით შემოწმებას.

28. მგზავრების პირადი (პირადი შემოწმების სათავსში) შემოწმება ტარდება, თუ:

ა) მიღებულ იქნა ინფორმაცია კონკრეტული რეისის შემსრულებელი საჰაერო ხომალდის  მართლსაწინააღმდეგო დაუფლების შესახებ;

ბ) მიღებულ იქნა ინფორმაცია ან აღმოჩენილ იქნა, რომ მგზავრს თან აქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ან სხვა სახიფათო საგანი და/ან ნივთიერება, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ  იქნეს თავდასხმის იარაღად;

გ) საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლის მიერ პირადი დაკვირვების შედეგად მგზავრის ქცევებში გამოვლენილია საეჭვო ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ მის შესაძლო  დანაშაულებრივ ზრახვებზე ან/და იწვევს ეჭვს, რომ მას აქვს იარაღი, საბრძოლო მასალა ან სხვა გადასატანად აკრძალული საგნები ან ნივთიერებები;

დ) მგზავრი რელიგიური ან სხვა მიზეზის გამო უარს აცხადებს შემოწმების პუნქტში ხელით  შემოწმებაზე.

29. პირადი  შემოწმება ხორციელდება ორი მოწმის დასწრებით. შემმოწმებელი და მოწმეები უნდა იყვნენ იმავე სქესის, რომელი სქესისაცაა მგზავრი. აკრძალულია ერთ სათავსში ერთდროულად რამდენიმე მგზავრის პირადი შემოწმება.

30. პირადი შემოწმება ხორციელდება ხელით. დამატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელის მეტალმძებნი, ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლები.

31. ხელით შემოწმების მეთოდი გამოიყენება მგზავრის მიერ სხეულზე გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებებების არსებობის გამორიცხვის მიზნით. ხელით შემოწმება ხორციელდება თავიდან ფეხების მიმართულებით, ხელების თანმიმდევრული მოძრაობით, სხეულისა და ტანსაცმლის წინა და უკანა მხარეების გულდასმით შემოწმებით და მოიცავს შემდეგ ზონებს:

ა) თავსაბურავი;

ბ) თმა, თუ არსებობს ეჭვი, რომ მასში შეიძლება მოთავსებული იყოს გადასატანად აკრძალული საგანი ან ნივთიერება; 

გ) სხეულის ზედა ნაწილი, ზედა ტანსაცმელი (ზურგი, საყელო, ზედა ტანსაცმლის გადანაკეცები, მხრები, ჯიბეები, მკლავები, ყელსახვევი, ჰალსტუხი, კაშნე, პერანგი, პულოვერი და ა.შ );

დ) სხეულის ქვედა ნაწილი და ქვედა ტანსაცმელი (შარვალი, კაბა, შარვლის, ქვედაბოლოს სათავის ან სხვა ტანსაცმლის წელის გარშემოწერილობის გარე და შიდა მხარე, ქამარი, ჯიბეები, შარვლის, კაბის გადანაკეცები);

ე) ფეხსაცმელი (მაგ: მაღალქუსლიანი, სქელძირიანი ფეხსაცმელი, ჩექმა და ა.შ.), რომელიც იწვევს ეჭვს, რომ მასში შეიძლება მოთავსებული იყოს გადასატანად აკრძალული საგანი ან ნივთიერება;

ვ) ტანსაცმელსა თუ სხეულზე არსებული ყველა საეჭვოდ ამოზნექილი ზონა.

32. ხელით შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საყელოს, შარვლის, ქვედაბოლოს სათავის ან სხვა ტანსაცმლის წელის გარშემოწერილობას და ფეხსაცმელს, სადაც შეიძლება მოთავსებული იყოს გადასატანად აკრძალული საგანი. ხელით შემოწმება უნდა განხორცილდეს იმ სქესის შემოწმების სპეციალისტის მიერ, რა სქესისაც არის მგზავრი.

33. მგზავრის სტატუსის არმქონე პირები, რომლებიც შემოწმების პუნქტის გავლით შედიან სტერილურ ზონაში, საავიაციო უშიშროებაზე შემოწმებას გადიან იმავე წესებით, როგორც მგზავრები. ყველა საგანი, რომელიც თან აქვთ ამ პირებს, მოწმდება ისევე, როგორც მგზავრის ხელბარგი და/ან თანმქონი ნივთები.

34. მგზავრები, რომელთაც ვენის 1961 წლის კონვენციის „ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ შესაბამისად მინიჭებული აქვთ დიპლომატიური იმუნიტეტი, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მათთან გათანაბრებული პირები, შემოწმებას გადიან აღნიშნული კონვენციით და აეროპორტის/ავიაგადამზიდველის „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის“ მოთხოვნების შესაბამისად.

35. სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნების მქონე დიპლომატიური ვალიზები (დიპლომატიური ფოსტა) არ მოწმდება, თუ ისინი დალუქულია და პირი, რომელსაც ეს ვალიზები გადააქვს, წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და ამ ვალიზების გადატანის უფლების დამადასტურებელ შესაბამის საბუთს. დიპლომატიური ფოსტის გახსნა ან შეყოვნება დაუშვებელია. დიპლომატიური კურიერები და მათი პირადი ბარგი არ თავისუფლდება საავიაციო უშიშროების შემოწმებისგან და უნდა გაიარონ შემოწმება სხვა მგზავრების ანალოგიურად.

36. საგნები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებ(ებ)ის საიდუმლოობის გრიფი, მოწმდება გახსნის გარეშე. თუ წარმოიქმნება რაიმე ეჭვი საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებით, ასეთი საგნები გადაზიდვას არ ექვემდებარება.

37. შემოწმებას არ ექვემდებარება საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უცხო სახელმწიფოების მაღალი რანგის თანამდებობის პირები.

38. ბადრაგირებული პირების გადაყვანისას საჰაერო ხომალდზე ბადრაგის პირადმა შემადგენლობამ შეიძლება იქონიოს თან ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და სპეციალური საშუალებები, გარდა ცრემლსადენი გაზის ბალონისა და გაზის იარაღისა.

39. ბადრაგი ვალდებულია წარუდგეს ეკიპაჟის მეთაურს და აცნობოს მათ ხელთ არსებული იარაღისა და ბადრაგირებულ პირთა მიერ დაკავებული ადგილების ნომრების შესახებ.

40. ჩასხდომამდე აეროპორტის ან ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ამოწმებენ (ათვალიერებენ) საჰაერო ხომალდის სალონს, რათა განათავსონ ბადრაგირებულნი, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომელი, ბადრაგის პირად შემადგენლობასთან ერთად, აეროპორტის ან ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების თანდასწრებით ახორციელებენ ბადრაგირებულთა პირად  შემოწმებას.

41. ბადრაგირებულთა ბარგი და პირადი ნივთები გადაიზიდება საჰაერო ხომალდის საბარგო ნაკვეთურით.

42. პოტენციურად საშიში ბადრაგირებულის გადაყვანისას ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს უშიშროების შემდეგი დამატებითი ზომების მიღება:

ა) პოტენციურად საშიში ბადრაგირებულის  პირადი ნივთების, ხელბარგისა და ბარგის შემოწმების ორგანიზება;

ბ) სხვა მგზავრების ჩასხდომამდე პოტენციურად საშიში ბადრაგირებულის ჩასხდომა საჰაერო ხომალდში;

გ) არ დაუშვას პოტენციურად საშიში ბადრაგირებულის განთავსება გასასვლელთან ან სხვა მგზავრების გვერდით მდებარე სავარძელში;

დ) არ დაუშვას პოტენციურად საშიში ბადრაგირებულის, მგზავრების და მათი თანმხლები პირების მიერ სპირტიანი სასმელების მიღება;

ე) რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღოს შემზღუდავი ხასიათის სხვა ზომები.

43. ბადრაგირებული პირ(ებ)ის საჰაერო ხომალდში ჩასხდომამდე დროებით განსათავსებლად, ოთახის გამოყოფას უზრუნველყოფს  აეროდრომის ექსპლუატანტი.

44. მგზავრი, რომელსაც აქვს იმპლანტირებული აპარატ(ებ)ი, გულის მოქმედების სტიმულატორ(ებ)ი, ექვემდებარება ხელით და/ან პირად (პირადი შემოწმების სათავსში) შემოწმებას ტექნიკური მოწყობილობების გამოყენების გარეშე.

45. მგზავრებისა და მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შემოწმებისას აღმოჩენილი სახიფათო საგნები და ნივთიერებები, რომლებიც არის თავისუფალ გაყიდვაში, მაგრამ მათი გადაზიდვა საჰაერო ხომალდის ბორტზე აკრძალულია ექვემდებარება ჩამორთმევას და გადაყრას.

46. შემოწმებისას აღმოჩენილი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფეთქებადი ნივთიერებები ამოიღება ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული ,,მგზავრებისა და მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შემოწმების დროს გადასატანად აკრძალული სახიფათო საგნების და/ან ნივთიერებების აღმოჩენის და ამოღების აქტის“ გაფორმებით. აქტი რეგისტრირდება მგზავრებისა და მგზავრის სტატუსის არმქონე პირების   შემოწმების დროს გადასატანად აკრძალული სახიფათო საგნების და/ან ნივთიერებების აღმოჩენის და ამოღების აქტის აღრიცხვის ჟურნალში (ამ წესის დანართი №3). აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება სამართალდამცავ ორგანოს.  

47. თუ მგზავრს ან მგზავრის სტატუსის არმქონე პირს ჩამოერთვა შემოწმებაზე წარუდგენელი იარაღი, საბრძოლო მასალა, გადასატანად აკრძალული სხვა სახიფათო საგნები და/ან ნივთიერებები, ცვლის უფროსი ატყობინებს ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც  გადასცემს ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, სათანადო ზომების მისაღებად. ასეთი მგზავრის ან ეკიპაჟის წევრის საჰაერო ხომალდის ბორტზე დაშვების შემთხვევაში მისი ბარგი ექვემდებარება დამატებით შემოწმებას.

48. შემოწმების პუნქტში ფეთქებადსაშიში, მომწამლავი და რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოძახებული შესაბამისი სპეციალისტები (შსს-ს განმნაღმველთა ჯგუფი, სამაშველო რაზმის თანამშრომლები და სხვ.). სპეციალისტების მოსვლამდე, აღმოჩენილი ნივთიერებების გაუვნებელყოფის მიზნით, ნებისმიერი თვითნებური მოქმედება აკრძალულია.


მუხლი 10. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების შემოწმება
1. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების და მათი თანმქონი ნივთების და ხელბარგის შემოწმება აეროპორტში ხორციელდება, მგზავრთა შემოწმების ანალოგიურად სტერილურ ზონაში შესვლამდე და მათ შერევამდე სტერილურ ზონაში მყოფ შემოწმებაგავლილ იმ მგზავრებთან, რომელთათვისაც ეს პუნქტი წარმოადგენს გაფრენის საწყის პუნქტს.

2. შემოწმებაგაუვლელ მგზავრებთან კონტაქტის გამორიცხვის მიზნით, აეროპორტში შეიძლება მოეწყოს ჩამოფრენის/გაფრენის დარბაზები ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების განსათავსებლად.

3. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრები არ დაიშვებიან თავიანთ ტრანზიტულ/ტრანსფერულ ბარგთან.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრები, მათ თანმქონ ნივთებთან და ხელბარგთან ერთად, ექვემდებარებიან განმეორებით შემოწმებას.

5. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების ბარგი ექვემდებარება შემოწმებას იმ შემთხვევაში, თუ მასთან მოხდა არასანქცირებული შეხება. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების ბარგი, მგზავრის მიერ ფრენის მარშრუტის შეცვლის შემთხვევაში, ექვემდებარება დამატებით შემოწმებას.

6. კორესპონდენციის გამცილებელ, შპს „საქართველოს ფოსტის“ საფელდეგერო სამსახურის თანამშრომლებს,           უფლება აქვთ დარჩნენ საჰაერო ხომალდის ბორტზე შუალედური დაფრენის პუნქტებში და მოახდინონ კორესპონდენციის გაცვლა საჰაერო ხომალდის სალონში, პირადად დაესწრონ კორესპონდენციის     ჩატვირთვას/ჩამოტვირთვას საბარგო ნაკვეთურებში/ნაკვეთურებიდან. 

7. ამ მუხლით და „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსაბამობის შემთხვევაში, ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების შემოწმება ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.


მუხლი 11. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმება
1. საბარგო ნაკვეთურებით გადასაზიდი ბარგის შემოწმება ხორციელდება აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში შემავალ სპეციალურად გამოყოფილ ნაწილში იმ აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი აღემატება 100 000 მგზავრს,  შემოწმებას ახორციელებს სულ მცირე, ხუთი, ხოლო აეროპორტებში 500 000-ზე მეტი მგზავრთნაკადით, სულ მცირე –  შემოწმების ჯგუფის  რვა  სპეციალისტი.

2. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმება იმ აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი აღემატება 100 000 მგზავრს, ხორციელდება ავტომატიზებული, ფეთქებადი ნივთიერების  აღმომჩენი, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ოფიციალური გამოცემაში - Doc 30 მითითებული,  სულ მცირე მეორე სტანდარტის სისტემით აღჭურვილი რენტგენური მოწყობილობის  საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს პოტენციური საფრთხის შემცველი  ჩანთების გამოვლენას.

3. აეროპორტებში, რომელთა მგზავრთნაკადი 100 000-ზე ნაკლებია, შემოწმება უნდა განხორციელდეს საფრთხის გამოსახულების პროეცირებით აღჭურვილი რენტგენური დანადგარით.

4. პოტენციური საფრთხის შემცველი ჩანთების გამოსახულების ავტომატური პროეცირება ხორციელდება ბარგის დამუშავების ზონაში არსებულ მონიტორებზე, შემდგომი ანალიზის მიზნით, შემოწმების ოპერატორის  მიერ.

5. თუ შემოწმების ოპერატორი ვერ დარწმუნდა, რომ ბარგი არ შეიცავს გადასატანად აკრძალულ საგნებსა და ნივთიერებებს, ბარგის შემოწმება უნდა განხორციელდეს ბარგის დამატებითი შემოწმების ერთი ან რამდენიმე მეთოდის გამოყენებით, როგორიცაა:

ა) უფრო მაღალი სტანდარტის მქონე ფეთქებადი ნივთიერების  აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი მოწყობილობის საშუალებით (მაგ.: კომპიუტერული ტომოგრაფია);

ბ) იმავე სტანდარტის ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი მოწყობილობის საშუალებით, ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს  ბარგის უფრო დეტალური შემოწმება; 

გ) ხელით;

დ) მრავალგამოსახულებიანი რენტგენური დანადგარის არარსებობის შემთხვევაში,  ერთგამოსახულებიანი რენტგენური დანადგარის საშუალებით, ბარგის სულ მცირე 600-დან 900-მდე შემობრუნებით, სხვა რაკურსით ან ორი სხვადასხვა რაკურსით შემოწმების მიზნით,  შემოწმების იმავე სპეციალისტის მიერ; 

ე) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლების საშუალებით;

ვ)  ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის საშუალებით.

6. ბარგის ხელით შემოწმება მოიცავს  ჩანთაში არსებული ყველა საგნის გულდასმით ხელით შემოწმებას.

7. თუ ბარგის დამატებითი შემოწმებისათვის გამოიყენება ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლები ან ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა, ფეთქებადი ნივთიერების არსებობის ნიშნების გამოვლენისას, უნდა შემოწმდეს მთლიანი ჩანთა ან ის კონკრეტული საგნები, რომლებიც იწვევს ეჭვს.

8. თუ ბარგში არსებული საგნის სიმკვრივის გამო, რენტგენური დანადგარით შეუძლებელია მისი ანალიზი, ხორციელდება ამ ბარგის შემოწმება ამ წესით გათვალისწინებული სხვა მეთოდების გამოყენებით.

9. ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით შემოწმება ხორციელდება ჩანთის შიდა და გარე მხრიდან, ასევე მისი შიგთავსიდან შეგროვებული შესამოწმებელი მასალების ანალიზის საშუალებით. შიგთავსის შემოწმება დასაშვებია ხელითაც.

10. თუ ბარგის შემოწმება ხორციელდება ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ნაწილაკების ანალიზს, შესამოწმებელი მასალები უნდა შეგროვდეს შემდეგი ზონებიდან:

ა) ჩანთის გარე ნაწილის იმ ზონებიდან, რომელთანაც მგზავრს აქვს ხშირი შეხება (მაგ.: „ელვა“ შესაკრავი, სახელური, ბალთა და ა.შ.);

ბ) ჩანთის შიდა ნაწილი, მათ შორის სარჩული და ბარგში მოთავსებული ყველა გაბარიტული ნივთი.

11. თუ ბარგის შემოწმება ხორციელდება ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ჩანთიდან შეგროვებული ანაორთქლის ანალიზს, შესამოწმებელი მასალა უნდა შეგროვდეს სულ მცირე ჩანთის შიდა ნაწილიდან.

12. შემოწმების შემდეგ საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი მარკირდება საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ.

13. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი უნდა იყოს დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, მისი გადასაზიდად მიღების მომენტიდან, საჰაერო ხომალდის გამგზავრებამდე. ის ბარგი, რომელიც არ იყო დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, უნდა შემოწმდეს განმეორებით.

14. მგზავრს არ უნდა ჰქონდეს წვდომა შემოწმებაგავლილ ბარგთან. გამონაკლის შემთხვევებში, მგზავრს შეიძლება მიეცეს ბარგთან წვდომის უფლება (მაგ.: სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტების, ბავშვთა/სპეციალური კვების, მაღალი მატერიალური ფასეულობის ნივთის  ბარგში ჩადების ან ამოღების მიზნით) საავიაციო უშიშროების სამსახურის ცვლის უფროსის გადაწყვეტილებით, საავიაციო უშიშროების წარმომადგენლის ზედამხედველობით, რათა გამოირიცხოს ბარგში გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების მოთავსება ან იმ საგნების ამოღება, რომლის შეტანა აკრძალულია აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცულ, სტერილურ ზონებში და საჰაერო ხომალდზე.

15. მგზავრის ბარგი, იმ საჰაერო ხომალდის ბორტზე, რომელსაც  არ გააჩნია იზოლირებული საბარგო ნაკვეთური, უნდა განთავსდეს ისე, რომ ფრენის პერიოდში მგზავრს არ ჰქონდეს ბარგთან შეხების საშუალება.

16. უნდა ხორციელდებოდეს მგზავრისადმი ბარგის კუთვნილების დადგენის პროცედურა, რომელიც შეიძლება შესრულდეს ფიზიკური, ნახევრად ავტომატიზებული ან ავტომატიზებული მეთოდის გამოყენებით.

17. რეგისტრაციის პროცესში  დასაშვებია მგზავრთა ბარგის  გაერთიანება, ბარგის დაშვებული წონის გაზიარების მიზნით, მაგრამ სავალდებულოა  თითოეულმა მგზავრმა ჩააბაროს კუთვნილი ბარგი ინდივიდუალურად, რათა მოხდეს თითოეულ ბარგზე ინდივიდუალური  საბარგო საჭდის გაცემა.

18. მგზავრთა ჯგუფის (მაგ.: სპორტსმენების, მუსიკოსების და ა.შ.) რეგისტრაციის პროცესში დასაშვებია მგზავრთა ბარგის  გაერთიანება ბარგის დაშვებული წონის გაზიარების მიზნით, ასევე დასაშვებია მთელი ჯგუფის ბარგის ერთ პირზე გაფორმება, იმ პირობით, რომ რეისზე ჯგუფის რომელიმე  წევრის გამოუცხადებლობის შემთხვევაში განხორციელდება მგზავრისადმი ბარგის  კუთვნილების დადგენის  ფიზიკური პროცედურა (ჯგუფის თითოეული წევრი ამოიცნობს საკუთარ ბარგს). იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის წევრების ნივთები განთავსებულია საზიარო ჩანთაში და თითოეულ მგზავრს არ გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური ბარგის ადგილი, უნდა მოიხსნას ჯგუფზე გაფორმებული ბარგის ყველა  ადგილი და განხორციელდეს მათი ხელმეორედ შემოწმება.

19. საბარგო საჭდეების არასანქცირებული წვდომისა და არასანქცირებული გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შემოწმების განმახორციელებელმა ავიასაწარმომ უნდა განახორციელოს საჭდეების დამზადებისათვის განკუთვნილი მასალის დაცვა და წინასწარ დაბეჭდილი საბარგო საჭდეების დაცვა და აღრიცხვა.

20. ხელბარგი, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო განთავსებულ იქნება საჰაერო ხომალდის საბარგო ნაკვეთურში, ინარჩუნებს ხელბარგის სტატუსს მთელი ფრენის განმავლობაში. უნდა არსებობდეს ხელბარგის მგზავრისადმი კუთვნილების დადგენის პროცედურა, რომლის საფუძველზე განხორციელდება საჰაერო ხომალდიდან მოხსნილი მგზავრის ხელბარგის მოხსნა, რომელიც განთავსებული იყო საბარგო ნაკვეთურში.

21. არათანხლები ბარგის შემოწმება ხორციელდება საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმების ანალოგიურად.

22. თუ ტრანზიტული ბარგი რჩება საჰაერო ხომალდზე და  დაცულია არასანქცირებული წვდომისაგან, თავისუფლდება შემოწმების პროცედურისაგან.

23. ტრანსფერული ბარგი უნდა შემოწმდეს ამ წესით გათვალისწინებული საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმებისათვის გათვალისწინებული   მოთხოვნების სრული დაცვით.

24. ბარგის ხელით შემოწმება შეიძლება განხორციელდეს როგორც მგზავრის თანდასწრებით, ასევე მის დაუსწრებლად. მგზავრის დასწრებას მისი ბარგის ხელით შემოწმებაზე, შემმოწმებლის მოთხოვნით უზრუნველყოფს ავიაგადამზიდველის წარმომადგენელი.

25. საავიაციო უშიშროების, საბაჟო (საერთაშორისო რეისის შემთხვევაში) ორგანოების ხელმძღვანელების და ავიაგადამზიდველის წარმომადგენლის საერთო გადაწყვეტილებით, მგზავრის დაუსწრებლად ბარგის ხელით შემოწმება, რაც დაკავშირებულია ბარგის გახსნასთან, ხორციელდება საავიაციო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის თავმჯდომარეობით შექმნილი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საავიაციო უშიშროების სამსახურის, საბაჟო ორგანოების და ავიაგადამზიდველის თანამშრომლები/წარმომადგენლები, ორი მოწმის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის თანდასწრებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას – მგზავრის დაუსწრებლად ბარგის ხელით შემოწმებას მისი გახსნით, წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც მგზავრმა დაარეგისტრირა ბარგი, მიიღო რეგისტრირებული ბარგის საჭდე და შემდგომ, მიუხედავად ავიაგადამზიდველის წარმომადგენლის მიერ მგზავრის უშედეგო ძებნისა და აეროპორტის შიდა რადიოქსელით არაერთჯერადი (არანაკლებ სამი) გამოცხადებისა, არ გამოცხადდა საკუთარი ბარგის შემოწმებაზე მგზავრთა რეგისტრაციის დამთავრებამდე. ბარგში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის აშკარა ნიშნებისას, ამ პუნქტით განსაზღვრული წესით დაუყოვნებლივ მიიღება გადაწყვეტილება მგზავრის დაუსწრებლად ბარგის შემოწმების თაობაზე. იმ მგზავრის ბარგის გადაზიდვა, რომელიც არ გამოცხადდა ჩასხდომაზე, აკრძალულია.

26. ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად, მგზავრის დაუსწრებლად მისი კუთვნილი ბარგის შემოწმების შემთხვევაში, ფორმდება მგზავრის დაუსწრებლად ბარგის შემოწმების აქტი ( დანართი №4), რომელიც რეგისტრირდება მგზავრის დაუსწრებლად ბარგის შემოწმების აქტების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №5). შემოწმებული ბარგის შეკვრას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ავიაგადამზიდველის წარმომადგენელი, ავიაგადამზიდველის წარმომადგენლის არარსებობის შემთხვევაში – საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი.


მუხლი 12. ტვირთის/ფოსტის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საჰაერო ხომალდის საბორტო/აეროპორტის  მარაგის შემოწმება  
1. საჰაერო ხომალდზე ჩატვირთვამდე ტვირთი/ფოსტა, ბორტკვება და თანმდევი საშუალებები,   საჰაერო ხომალდის საბორტო/აეროპორტის მარაგი ექვემდებარება ტექნიკური მოწყობილობებით შემოწმებას. სახიფათო ტვირთების შემოწმება და საჰაერო ხომალდით გადაზიდვა ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციის მე-18 დანართის („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვა“) და „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. არ გადაიზიდება ტვირთი/ფოსტა, თუ იგი არ იქნა შემოწმებული ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

3.  გამონაკლისის სახით  შეიძლება გათავისუფლდეს შემოწმების პროცედურისაგან:

ა) ის ტვირთი, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს მისი შემოწმების განხორციელების პროცესში და მოწოდებულია  სამედიცინო დაწესებულების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის  თანხლებით:

ა.ა) სასიცოცხლო მნიშვნელობის ბიოლოგიური მასალა (როგორიცაა სისხლი, ორგანოები, ქსოვილები. ლაბორატორიული კვლევისათვის  განკუთვნილი მასალა და ა.შ.);

ა.ბ) სამედიცინო დანიშნულების მალფუჭებადი ტვირთი (როგორიცაა ვაქცინები, მედიკამენტები და ა.შ.).

შენიშვნა: დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს გამგზავნის: მისამართს, ინფორმაციას საქმიანობის შესახებ, კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდს ან კომპანიის სარეგისტრაციო ნომერს, ინფორმაციას უშუალოდ   ტვირთისა და ტვირთმიმღების შესახებ. უნდა განხორციელდეს სატვირთო ტერმინალის წინასწარი ინფორმირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ბიოლოგიური მასალის, სამედიცინო დანიშნულების მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის შესახებ. ადამიანის ორგანოთა ექსპორტისათვის, დამატებით,  სავალ­დებულოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა, „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 მარტის №108 ბრძანებულების  შესაბამისად. 

ბ) ბირთვული მასალა, რომლის მიმართაც გატარებულია 1980 წლის 3 მარტის, ნიუ-იორკისა და ვენის კონვენციით ,,ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვა“  გათვალისწინებული დაცვის ზომები, დამუშავებული, შეფუთუთული და მარკირებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  მიერ, დადგენილი ტექნიკური ინსტრუქციების (Doc 9284) შესაბამისად.

4. თუ საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში შემოსული ტრანზიტული ტვირთი/ფოსტა რჩება საჰაერო ხომალდზე და დაცულია არასანქცირებული წვდომისაგან, თავისუფლდება შემოწმების პროცედურისაგან.  

5. საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში შემოსული ტრანსფერული ტვირთი/ფოსტა შეიძლება არ შემოწმდეს, თუ იგი საჰაერო ხომალდში ჩატვირთვამდე დაცულია და არ აღენიშნება  არასანქციებული წვდომის ნიშნები. 

6. ტვირთი/ფოსტა უნდა შემოწმდეს:

ა) იმ საშუალებებითა და მეთოდებით, რომელიც შესაბამისი იქნება კონკრეტული ტვირთის/ფოსტის  სახეობის გათვალისწინებით.

ბ) იმ სტანდარტის ტექნიკური მოწყობილობითა და მეთოდებით, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის/ფოსტის ეფექტურ შემოწმებას.

7. თუ შემოწმების ჯგუფის სპეციალისტი ტვირთის/ფოსტის სხვადასხვა მეთოდებით  შემოწმების შემდეგ ვერ რწმუნდება, რომ ტვირთი/ფოსტა არ შეიცავს გადასატანად აკრძალულ საგნებსა და ნივთიერებებს, ასეთი სახის ტვირთი/ფოსტა არ გადაიზიდება საჰაერო ხომალდით.

8. ტვირთი/ფოსტა უნდა შემოწმდეს ერთი ან  რამდენიმე მეთოდის გამოყენებით:

ა) ხელით;

ბ) რენტგენური დანადგარით;

გ) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი მოწყობილობით;

დ) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლებით;

ე) ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით;

ვ) ვიზუალურად;

ზ) მეტალმძებნით.

9. შემოწმების პუნქტში, მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა განხორციელდეს სამუშაო ადგილებზე შემოწმების ჯგუფის სპეციალისტების როტაცია. თანამშრომლის მიერ რენტგენური დანადგარის მონიტორის ეკრანზე უწყვეტი დაკვირვების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, ხოლო შესვენება არ უნდა იყოს 40 წუთზე ნაკლები.

10. ხელით შემოწმების დროს უნდა განხორციელდეს ტვირთში/ფოსტაში არსებული ყველა საგნის გულდასმით  შემოწმება.

11. თუ ტვირთის/ფოსტის სიღრმე, რომელშიც უნდა შეაღწიოს რენტგენურმა სხივმა, აღემატება 130 სმ-ს, მრავალგამოსახულებიანი რენტგენური დანადგარის არ არსებობის შემთხვევაში, ერთგამოსახულებიანი რენტგენური დანადგარით შემოწმებისას, ხორციელდება ტვირთის/ფოსტის შემობრუნება სულ მცირე 600-დან 900-მდე. შემოწმება ხორციელდება ორი სხვადასხვა რაკურსით შემოწმების იმავე სპეციალისტის მიერ.

12. ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით შემოწმება მოიცავს ნაწილაკების ან ანაორთქლის ანალიზს, რომელიც აღებულია ტვირთის/ფოსტის გარე და შიდა ნაწილებიდან და მისი შიგთავსიდან. ნაწილაკების ანაორთქლის  შესამოწმებელი მასალა გროვდება სულ მცირე შემდეგი ზონებიდან:

ა) შიდა და გარე ნაწიბურებიდან;

ბ) გარე ზედაპირის ორი მხრიდან,  მათ შორის დამცავი შეფუთვის არსებობისას, შეფუთვის შიგნით არსებული ზედაპირებიდან;

გ) ზონებიდან, რომელთანაც ხორციელდება ხელით შეხება;

დ) იმ ზონიდან, რომელსაც აღენიშნება არასანქცირებული წვდომის ნიშნები.

13. ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა გამოიყენება შემოწმების სხვა მეთოდთან კომბინაციაში იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ვერ ხორციელდება ამ მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით მოცემულ ზონებთან წვდომა; და/ან

ბ)  ტვირთის/ფოსტის ზედაპირი სველი ან ტენიანია; და/ან

გ) ტვირთი/ფოსტა ისეა შეფუთული ან დაცული, რომ ვერ ხორციელდება შესამოწმებელი მასალის  სრულყოფილად შეგროვება.

14. ვიზუალური შემოწმება მოიცავს ტვირთის/ფოსტის გულდასმით ვიზუალურ დათვალიერებას არასანქცირებული წვდომის ნიშნების გამორიცხვის მიზნით და  დასაშვებია მხოლოდ:

ა) სხვა მეთოდებთან კომბინაციაში;

ბ) ისეთი ტვირთის/ფოსტის შემოწმებისათვის, რომლის ყველა ნაწილის დათვალიერება შესაძლებელია დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე;

გ) ცხოველების შემოწმებისათვის.

15. მეტალმძებნი მოწყობილობა გამოიყენება მხოლოდ იმ ტვირთის/ფოსტის შესამოწმებლად, რომელიც არ მოიცავს  ლითონის ნაწილებს.

16. ტვირთი/ფოსტა უნდა იყოს დაცული არასანქცირებული წვდომისაგან,  მისი შემოწმების მომენტიდან, საჰაერო ხომალდის გაფრენამდე.

17. ტვირთი/ფოსტა, რომელიც არ იყო დაცული არასანქცირებული წვდომისაგან, უნდა შემოწმდეს განმეორებით.

18. მაღალი რისკის ტვირთი/ფოსტა უნდა შემოწმდეს დამატებით შემდეგი საშუალებებით:

ა) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი მოწყობილობით, რომელიც შეესაბამება სულ მცირე მეორე სტანდარტს ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ოფიციალური გამოცემის Doc-30 მე-12 თავის შესაბამისად;

ბ) ორი ან მეტი შემოწმების მეთოდის კომბინაციით, გარდა ფეთქებადი ნივთიერების  კვალის აღმომჩენი მოწყობილობისა, ხოლო შემდგომ ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლებით ან ფეთქებადი ნივთიერების  კვალის აღმომჩენი მოწყობილობის გამოყენებით;

გ) 500 გრ-ზე ნაკლები ტვირთი/ფოსტა მოწმდება ორგამოსახულებიანი ან ერთგამოსახულებიანი რენტგენური დანადგარის საშუალებით, ბარგის სულ მცირე 600-დან 900-მდე შემობრუნებით, ორი სხვადასხვა რაკურსით შემოწმების მიზნით.

19. შემოწმების შემდეგ ტვირთი/ფოსტა მარკირდება ნომრიანი სტიკერებით, შემოწმების შესახებ კეთდება აღნიშვნა საავიაციო სატვირთო ზედნადების და უწყისის ყველა ეგზემპლარში. შემოწმების შედეგების შესახებ კეთდება ჩანაწერი შემოწმებული ტვირთის, ფოსტის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების   და საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №6).

20. ტვირთში/ფოსტაში ასაფეთქებელი მოწყობილობის  არსებობის ნიშნების აღმოჩენისას, ტვირთი/ფოსტა არ იხსნება, არ გადაადგილდება და ხორციელდება პასუხისმგებელი პირის მიერ აეროპორტის ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელთან დაკავშირება , რომელიც უზრუნველყოფს შსს-ს განმნაღმველთა ჯგუფის გამოძახებას.

21. ტვირთი/ფოსტა, რომლებიც გადაიზიდება სატვირთო საჰაერო ხომალდით უფლებამოსილი შეიარაღებული თანამშრომლების (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს) თანხლებით, აგრეთვე, შპს „საქართველოს ფოსტის“ საფელდეგერო სამსახურის თანამშრომლების თანხლებით, დიპლომატიური ფოსტა, საკონსულო ვალიზები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საერთაშორისო ორგანიზაციების და დაწესებულებების სხვა ოფიციალური კორესპონდენცია (შემდგომ – სპეციალური ბარგი) მოწმდება გახსნის გარეშე ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით , არ ექვემდებარება ხელით შემოწმებას და დაკავებას.

22. სპეციალური ბარგი, რომელსაც აცილებენ საფელდეგერო სამსახურის თანამშრომლები, უნდა იყოს შეფუთული და დალუქული. ადგილების რაოდენობა, წონა და ლუქის რეკვიზიტები შეიტანება სპეციალური ბარგის თანმხლებ ფურცელში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ორგანოს (ორგანიზაციის) პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.

23. დიპლომატიურ ფოსტას, საკონსულო ვალიზებს და მათთან გათანაბრებულ სხვა ოფიციალურ კორესპონდენციას უნდა გააჩნდეს თვალსაჩინო გარე ნიშნები (საკეტები, ე.წ. სურგუჩის ბეჭედი, დალუქული საჭდეები, დანიშნულების და გამგზავნი პუნქტების ჩვენებით), ხოლო დიპლომატიურ კურიერებს თან უნდა ჰქონდეთ საკურიერო ფურცლები.

24. დიპლომატიურ გზავნილში (კორესპონდენციაში), გადასატანად აკრძალული სახიფათო საგნების ან ნივთიერებების არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, დიპლომატიური გზავნილი (კორესპონდენცია) ექვემდებარება გახსნის გარეშე ტექნიკური მოწყობილობებით  შემოწმებას უფლებამოსილი დიპლომატიური კურიერის თანდასწრებით. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დიპლომატიური გზავნილი (კორესპონდენცია) ექვემდებარება მისი გამგზავნისათვის დაბრუნებას, გახსნის გარეშე.

25. შემოწმების დამთავრების შემდეგ დიპლომატიური გზავნილი (კორესპონდენცია), აგრეთვე სპეციალური ბარგის სხვა სახეობები, მარკირდება ნომრიანი სტიკერებით და საავიაციო სატვირთო ზედნადებში და უწყისში კეთდება აღნიშვნა შემოწმების ჩატარების შესახებ. შემოწმების შედეგების შესახებ კეთდება ჩანაწერი შემოწმებული ტვირთის/ფოსტის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №6).

26. ტვირთის/ფოსტის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის შემოწმებისას აღმოჩენილი გადასატანად აკრძალული საგნები და ნივთიერებები ამოიღება შესაბამისი აქტის (დანართი №7) გაფორმებით, ორ ან მეტ (საჭიროების შემთხვევაში) ეგზემპლარად. ის ამოღებული საგნები და ნივთიერებები, რომლებიც თავისუფალ გაყიდვაშია, გადაეცემა ამ საგნების/ნივთიერებების გამგზავნს.

27. ტვირთი/ფოსტა, ბორტკვება და თანამდევი საშუალებები დაკავდება და საჰაერო ხომალდის გადასაზიდად (გასაცემად) არ დაიშვება, თუ მათში აღმოჩენილ იქნა გადასატანად აკრძალული საგნები და ნივთიერებები.

28. საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის,  ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, აგრეთვე, საბორტო კვების მოსამზადებელი მოწყობილობების შემოწმება ხორციელდება მათი კომპლექტაციის ადგილებში მოწყობილ შემოწმების პუნქტებში, შემოწმების ჯგუფის მიერ.

29. ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების შემოწმება ხორციელდება საბორტო კვების დამამზადებლის წარმომადგენლის თანდასწრებით.

30. ბორტკვება და თანმდევი საშუალებები, აეროპორტის/საბორტო მარაგი   უნდა შემოწმდეს:

ა) იმ საშუალებებითა და მეთოდებით, რომელიც შესაბამისი იქნება შესამოწმებელი  მასალის სახეობის გათვალისწინებით;

ბ) იმ სტანდარტის ტექნიკური მოწყობილობითა და მეთოდებით, რომელიც უზრუნველყოფს მის ეფექტურ შემოწმებას.

31. ბორტკვება და  თანმდევი საშუალებები, აეროპორტის/საბორტო მარაგი უნდა შემოწმდეს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე მეთოდის გამოყენებით:

ა) ვიზუალურად;

ბ) ხელით;

გ) რენტგენური დანადგარით;

დ) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით  აღჭურვილი მოწყობილობით;

ე) ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით ვიზუალურ დათვალიერებასთან კომბინაციაში და/ან

ვ) ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლებით, ვიზუალურ დათვალიერებასთან კომბინაციაში.

32. ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, აეროპორტის/საბორტო მარაგის ვიზუალური შემოწმება მოიცავს მათ გულდასმით ვიზუალურ დათვალიერებას და დაიშვება მხოლოდ:

ა) სხვა მეთოდებთან კომბინაციაში; ან

ბ) როდესაც ყველა ნაწილის დათვალიერება შესაძლებელია დამხმარე საშუალებების გამოყენებით ან მათ გარეშე; ან

გ) როდესაც შესამოწმებელი მასალა იმ სახისაა, რომ მასში ფიზიკურად შეუძლებელია გადასატანად აკრძალული საგნების ან ნივთირერების მოთავსება; ან

დ) როდესაც ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობა ან ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლები არ არის ხელმისაწვდომი, ხოლო შესამოწმებელი მასალის ზომა, წონა და სახეობა არ იძლევა რენტგენური დანადგარით, ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი დანადგარით ან ხელით შემოწმების საშუალებას.

33. ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, აეროპორტის/საბორტო მარაგის ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი სისტემით აღჭურვილი დანადგარით შემოწმებისას შემოწმების სპეციალისტმა უნდა  მოახდინოს ყველა გამოსახულების ანალიზი.

34. თუ ცნობილი მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს აეროპორტის მარაგის მოწოდებას, არ არის დამამზადებელი ან არ გააჩნია  დამამზადებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ამ წესის მე-13 დანართის მე-7 მუხლის შესაბამისად, იგი ვალდებულია განახორციელოს აეროპორტის მარაგის შემოწმება ამ მუხლის  28-ე, 29-ე, 30-ე, 31-ე, 32-ე, 33-ე  პუნქტების შესაბამისად.

35. ცნობილი მიმწოდებლის მიერ მოწოდებული აეროპორტის  მარაგი, მათ შორის საგ/აგდპ  კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ  ზონებში დაიშვება დამატებითი შემოწმების გარეშე, მიმღების მიერ  ხორციელდება  მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება, რათა გამოირიცხოს მასზე  არასანქცირებული წვდომის ნიშნების არსებობა.

36. იმ მიმწოდებლის მიერ მიწოდებული აეროპორტის  მარაგი, მათ შორის საგ/აგდპ, რომელსაც არ აქვს აეროდრომის ექსპლუატანტთან გაფორმებული ვალდებულებების დეკლარაცია (დანართი №14) და არ გააჩნია ცნობილი მიმწოდებელის სტატუსი, ექვემდებარება შემოწმებას აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შეტანამდე ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ.

 37. თუ ცნობილი მიმწოდებლის მიერ მოწოდებულ აეროპორტის მარაგს აღმოაჩნდა არასანქცირებული წვდომის ნიშნები, ან არსებობს ინფორმაცია საფრთხის შესახებ, მარაგი ექვემდებარება დამატებით შემოწმებას აეროდრომის  ექსპლუატანტის მიერ.

38. ბორტკვების, თანამდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის რეგულირებადი მიმწოდებელის მიერ (შემდეგში – რეგულირებადი მიმწოდებელი)   მიწოდებული მარაგი საჰაერო ხომალდზე დაიშვება   დამატებითი შემოწმების გარეშე. მიმღების მიერ ხორციელდება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება, რათა გამოირიცხოს მასზე  არასანქცირებული წვდომის ნიშნების არსებობა.

39. რეგულირებადი მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ბორტკვების, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ-ს შემოწმება ამ მუხლის  28-ე, 29-ე, 30-ე, 31-ე, 32-ე, 33-ე პუნქტების შესაბამისად.

40. იმ მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ბორტკვება, თანმდევი საშუალებები და საბორტო მარაგი, მათ შორის საგ/აგდპ, რომელსაც არ აქვს სააგენტოში წარმოდგენილი ვალდებულებების დეკლარაცია (დანართი №18) და არ გააჩნია  რეგულირებადი მიმწოდებელის სტატუსი ან წარმოადგენს აეროპორტის მარაგის ცნობილ მიმწოდებელს, ექვემდებარება შემოწმებას საჰაერო ხომალდზე დატვირთვამდე, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, ავიაგადამზიდველის მიერ.

41. თუ რეგულირებადი მიმწოდებლის მიერ მოწოდებულ ბორტკვებას, თანამდევ საშუალებებს და საბორტო მარაგს აღმოაჩნდა არასანქცირებული წვდომის ნიშნები, ან არსებობს ინფორმაცია საფრთხის შესახებ, მარაგი ექვემდებარება დამატებით შემოწმებას ავიაგადამზიდველის მიერ.

42. საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების შემოწმების დამთავრების შემდეგ, საბორტო კვების თითოეული კონტეინერი მარკირდება ნომრიანი სტიკერებით/ლუქებით, შემოწმების შესახებ კეთდება აღნიშვნა საავიაციო სატვირთო ზედნადებში.

43. აეროპორტის/საბორტო მარაგი, ბორტკვება და თანამდევი საშუალებები, მათ შორის საგ/აგდპ უნდა იყოს დაცული აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დასაწყობების მომენტიდან მათ გამოყენებამდე.

44. აგდპ-ების მარაგი ჩაითვლება დაცულად არასანქცირებული წვდომისაგან, თუ ისინი ფიზიკურად არის დაცული ან არის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.

45. აგდპ-ების მარაგი აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში  უნდა იქნეს მიწოდებული ისეთი შეფუთვით, რომელსაც არასანქცირებული წვდომისას დაეტყობა არასანქცირებული წვდომის  ნიშნები.

46. საჰაერო ხომალდის ბორტზე ტვირთის/ფოსტის, საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, საბორტო მარაგის ჩატვირთვის კონტროლს ახორციელებენ ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები.


მუხლი 13. შემოწმების ჩატარების ვადები
1.  შემოწმების პროცესმა არ უნდა გაზარდოს გამფრენი მგზავრების მომსახურების ხანგრძლივობა და არ უნდა იმოქმედოს შესრულებული რეისების რეგულარობაზე, რის უზრუნველსაყოფადაც საავიაციო უშიშროების სამსახური პერიოდულად აცნობებს ავიაგადამზიდველის წარმომადგენელს და/ან საჰაერო ხომალდის მეთაურს შემოწმების მიმდინარეობაზე. შემოწმების მიზნით/მიზეზით საჰაერო ხომალდის გაფრენის დაყოვნება თანხმდება ავიაგადამზიდველის წარმომადგენელთან და საჰაერო ხომალდის მეთაურთან. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის მეთაურის გადაწყვეტილების შესაბამისად, რეისი სრულდება და ფრენის შესრულების მოქმედი ნორმების მოთხოვნების დაცვით გადაიყვანება/გადაიზიდება მხოლოდ შემოწმებაგავლილი მგზავრი, ბარგი, ტვირთი/ფოსტა, ბორტკვება და თანამდევი საშუალებები,  საბორტო მარაგი.

2.  რეისის დაყოვნების გამორიცხვის მიზნით, შემოწმების დაწყება და დამთავრება განისაზღვრება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ტექნოლოგიური გრაფიკით, რომელსაც შეიმუშავებს შემოწმების განმხორციელებელი ავიასაწარმო და  რომელიც მტკიცდება აეროპორტის კომიტეტის მიერ.

3. აეროპორტის და/ან ავიაგადამზიდველის შესაბამისი სამსახურის ცვლის უფროსი, რეისის დაყოვნების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დროულად ატყობინებს საავიაციო უშიშროების სამსახურის შემოწმების ცვლის უფროსს.

4. მგზავრის, მისი თანმქონი ნივთების, ხელბარგის ან რეისზე შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებული მიზეზით, მგზავრის რეისზე დაგვიანების შემთხვევაში, მისი შემდგომი რეისით გამგზავრებას უზრუნველყოფს შემოწმების განმხორციელებელი ავიასაწარმო: აეროდრომის ექსლუატანტი ან ავიაგადამზიდველი.


მუხლი 14. დაფრენისშემდგომი შემოწმება
1. დაფრენისშემდგომი შემოწმება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა მიღებულია ინფორმაცია:

ა) ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის ბორტზე, საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ზრახვების მქონე პირების არსებობის შესახებ;

ბ) ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის, ფეთქებადი ნივთიერებების ან სხვა საგნებისა და ნივთიერებების არსებობის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ფრენას და მგზავრებს;

გ)    გამოფრენის   აეროპორტში, ამ   რეისის    გაფრენისწინა   შემოწმების     ტექნოლოგიის და/ან   შემოწმების ტექნიკური საშუალებ(ებ)ის დარღვევის/გაუმართაობის გამოფრენის შემდეგ აღმოჩენის შესახებ.

2. აეროპორტის ბარგის გაცემის ზონა უნდა ითვალისწინებდეს დაფრენისშემდგომი შემოწმების პუნქტის არსებობას.

3. დაფრენისშემდგომი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს სრული მოცულობით ან შერჩევით.

4. დაფრენისშემდგომი შემოწმება ხორციელდება გაფრენისწინა შემოწმების ანალოგიურად.

5. საჰაერო ხომალდის აეროპორტში დაფრენის შემდეგ მგზავრები, მათი თანმქონი ნივთები, ხელბარგი, ბარგი, საბორტო მარაგი, ბორტკვება და თანამდევი საშუალებები, ტვირთი/ფოსტა ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემოწმებას.


მუხლი 15. შემოწმებისას გამოყენებული დოკუმენტები. შემოწმების ჯგუფის  მუშაობის აღრიცხვა და ანგარიშგება  
1. შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს:

ა) ამ წესის დანართს №2 – მგზავრების/ მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შემოწმების დროს გადასატანად აკრძალული სახიფათო საგნების და/ან ნივთიერებების აღმოჩენის და ამოღების აქტი;

ბ) ამ წესის დანართს №3 – მგზავრებისა და მგზავრის სტატუსის არმქონე პირების შემოწმების დროს გადასატანად აკრძალული სახიფათო საგნების და/ან ნივთიერებების აღმოჩენის და ამოღების აქტის აღრიცხვის ჟურნალი;

გ) ამ წესის დანართს №4 – მგზავრის დაუსწრებლად ბარგის შემოწმების აქტი;

დ) ამ წესის დანართს №5 – მგზავრის დაუსწრებლად ბარგის შემოწმების აქტების აღრიცხვის ჟურნალი;

ე) ამ წესის დანართს №6 – შემოწმებული ტვირთის/ფოსტის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების,   საბორტო/აეროპორტის  მარაგის აღრიცხვის ჟურნალი;

ვ) ამ წესის დანართს №7 – შემოწმების დროს ტვირთში/ფოსტაში/ბორტკვებაში/თანამდევ საშუალებებში/საბორტო მარაგში/აეროპორტის მარაგში გადასატანად აკრძალული საგნების და ნივთიერებების აღმოჩენის და ამოღების აქტი;

ზ) ამ წესის დანართს №8 – საჰაერო ხომალდის ფრენის პერიოდში იარაღის დროებით შესანახად  მიღების აქტი; საჰაერო  ხომალდის მოფრენის შემდეგ იარაღის ჩაბარების აქტი;

თ) ამ წესის დანართს №9 – მგზავრებისა და მგზავრის სტატუსის არმქონე პირების  პირადი შემოწმების აღრიცხვის ჟურნალი;

ი) ამ წესის დანართს №10 – ფრენის დროს მგზავრის მიერ დროებით შესანახად გადაცემული იარაღის მიღების აქტების აღრიცხვის ჟურნალი;

კ) ამ წესის დანართს №11 – შემოწმებული რეისების და მგზავრების აღრიცხვის ჟურნალი (კონტროლის ზონაში რამდენიმე შემოწმების პუნქტის არსებობის შემთხვევაში წარმოებაშია ერთი ჟურნალი);

ლ) ამ წესის დანართს №12 – შემოწმების პუნქტში მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალი;

მ) ამ წესის დანართს №17 – ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმოჩენის აქტი.

2. ამ მუხლით განსაზღვრული ჟურნალების წარმოების ორგანიზებას უზრუნველყოფენ საავიაციო უშიშროების სამსახურის ცვლის ან შემოწმების ჯგუფის უფროსები.

3. საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ყოველთვიურად ამოწმებს ამ წესით განსაზღვრული აქტების/ჟურნალების წარმოების სისწორეს.

4. ინფორმაცია შემოწმების დროს ამოღებული ან აეროპორტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობის ან ფეთქებადი ნივთიერების შესახებ, აეროპორტის ოპერატიული ცენტრის ხემძღვანელის    მიერ დაუყოვნებლივ გადაეცემა სააგენტოს.


მუხლი 16. რეგულირებადი  მიმწოდებელი  
1. რეგულირებად მიმწოდებლად ინიშნება მეწარმე, იურიდიულ პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

2. რეგულირებად მიმწოდებლად დანიშვნას, დანიშვნაზე  უარის თქმას, საქმიანობის  შეჩერებას, განახლებას, სტატუსის გაუქმებას და საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ავიაგადამზიდველი,  სააგენტოს თანხმობით.

3. რეგულირებად მიმწოდებლად დასანიშნად განმცხადებელმა ავიაგადამზიდველს უნდა წარუდგინოს:

ა) საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განცხადება  (დანართი№19);

ბ) საავიაციო უშიშროების პროგრამა, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა ის ზომა, რომელიც განსახორციელებელია რეგულირებადი მიმწოდებლის მიერ ამ წესის თანახმად. პროგრამა უნდა მოიცავდეს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებებს, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომების შემოწმების, შეფასების და მათი ეფექტიანობის ამაღლების მიზნით;

გ) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის შესახებ ბრძანების ასლი, საავიაციო უშიშროების შესაბამისი სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საავიაციო უშიშროების პერსონალის   სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

ე) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი  ტექნიკური მოწყობილობ(ებ) ის სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

ვ)  ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ასლ(ებ)ი იმ საავტომობილო ტრანსპორტზე, რომლებიც გამოიყენება საბორტო მარაგის/აეროპორტის მარაგის   ტრანსპორტირებისათვის.

4. წარმოდგენილი საბუთების ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, ავიაგადამზიდველი ახორციელებს საწარმოს ადგილზე ფაქტობრივ შემოწმებას და დებს დასაბუთებულ დასკვნას, რომელიც  შეიძლება იყოს:

ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს;

ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

5. ავიაგადამზიდველმა უნდა შეიმუშაოს რეგულირებადი მიმწოდებლის დანიშვნის პროცედურა, ავიაგადამზიდველისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენიდან, საწარმოს ადგილზე/ფაქტობრივი შემოწმებისა და ხარისხის კონტროლის ღონისძიებების  განხორციელების ჩათვლით, ვადების მითითებით.

6. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ავიაგადამზიდველმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს შუამდგომლობის წერილთან ერთად:

ა) საავიაციო უშიშროების პროგრამა, რომელსაც ითანხმებს სააგენტო;

ბ) საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ამ წესის მე-18 დანართით გათვალისწინებული ,,ბორტკვების, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის რეგულირებადი მიმწოდებელის ვალდებულებების დეკლარაცია’’,  რომელიც  ორმხრივი (სააგენტოსა და საწარმოს) ხელმოწერის შემდეგ რჩება და ინახება სააგენტოში;

გ) ავიაგადამზიდველი მიერ საწარმოს ადგილზე, ფაქტობრივი შემოწმების ანგარიშის ასლი.

შენიშვნა: სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია.

7. სააგენტო განიხილავს მოწოდებულ დოკუმენტაციას თოთხმეტი სამუშაო დღის ვადაში.  სააგენტო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს საწარმოს ადგილზე ფაქტობრივი შემოწმება. განხილვის შემდგომ  დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ  წერილობით ატყობინებს როგორც საწარმოს, ასევე ავიაგადამზიდველს.

8. სააგენტოს თანხმობა რეგულირებადი მიმწოდებლის დანნიშვნის თაობაზე, დასტურდება სააგენტოს დირექტორის  ხელმოწერით ,,ბორტკვების, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის რეგულირებადი მიმწოდებელის ვალდებულებების დეკლარაციაზე’’, რის შემდეგაც   საწარმო შეიყვანება სააგენტოს მიერ წარმოებულ რეგულირებადი მიმწოდებლების ოფიციალურ რეესტრში.

9.  საწარმო რეგულირებად მიმწოდებლად   ინიშნება ორი წლის ვადით.

10. რეგულირებადი მიმწოდებლის საქმიანობა შეჩერდება ავიაგადამზიდველის მიერ,თუ იგი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა საქმიანობის   შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან.

11. საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით წერილობით ეცნობება როგორც რეგულირებად მიმწოდებელს, ასევე სააგენტოს.

12. საქმიანობის   განახლება შესაძლებელია, თუ აღმოფხვრილი იქნა ის ნაკლოვანებები, რომელიც გახდა საწარმოს საქმიანობის შეჩერების საფუძველი.

13. რეგულირებადი მიმწოდებლის სტატუსის გაუქმების საფუძვლებს წარმოადგენს:

ა) ნაკლოვანების აღმოფხვრისთვის განკუთვნილი  ვადის გასვლა, თუ საწარმომ   ამ ვადაში არ აღმოფხვრა მისი შეჩერების საფუძვლები;

ბ) საწარმოს ლიკვიდაცია;

გ) საწარმოს მოთხოვნა;

დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

14.  სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს რეგულირებადი მიმწოდებლის საავიაციო უშიშროების  ხარისხის კონტროლი, ავიაგადამზიდველის ხარისხის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში ნაკლოვანებ(ებ)ის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით მიმართავს ავიაგადამზიდველს რეგულირებადი მიმწოდებლის საქმიანობის შეჩერების/გაუქმების მოთხოვნით.

15. რეგულირებადი მიმწოდებლის სტატუსის გაუქმებას ახორციელებს ავიაგადამზიდველი, რის შემდეგაც სააგენტო ამოიღებს  საწარმოს რეგულირებადი მიმწოდებლების ოფიციალური რეესტრიდან.

16. რეგულირებადი მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) დანიშნოს საწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი;

ბ) მოამზადოს საწარმოს ის პერსონალი, რომელთაც წვდომა უნდა ჰქონდეთ  აეროპორტის/საბორტო მარაგთან, ბორტკვებისა და თანამდევ საშუალებებთან, ICAO- ს ოფიციალური გამოცემის Doc 8973 მე-10 დამატების A და B დანართში მითითებული პროგრამის მიხედვით;

გ)  საწარმოს შენობა-ნაგებობებში, საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების დამუშავებისა და განთავსების ზონებში უზრუნველყოს დაშვების კონტროლის ზომების  არსებობა;

დ) უზრუნველყოს შენობა-ნაგებობებისა და შემოწმებული მარაგის დაცვა;

ე) მოახდინოს საბორტო მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ-ს, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების შემოწმება ამ წესის  მოთხოვნების დაცვით;

ვ) განახორციელოს იმ თანამშრომლების ანკეტური მონაცემების შემოწმება, რომელთაც წვდომა აქვთ საბორტო მარაგთან, მათ შორის საგ/აგდპ-სთან, ბორტკვებასა და თანამდევ საშუალებებთან;

ზ) განახორციელოს საბორტო მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ-ს ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დალუქვა ან დაცვა;

თ) უზრუნველყოს  მიწოდების ჯაჭვის ორგანიზება, რომელიც ითვალისწინებს  საბორტო მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების მიმართ  რიგი ურთიერთდაკავშირებული ღონისძიებების გატარებას,  რათა დაცულ იქნეს მათი მთლიანობა შემოწმების მომენტიდან  მთელი ტრანსპორტირების  მანძილზე. 


მუხლი 17. ცნობილი  მიმწოდებელი
1. ცნობილ მიმწოდებლად ინიშნება მეწარმე, იურიდიულ პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

2. ცნობილ მიმწოდებლად დანიშვნას, დანიშვნაზე  უარის თქმას, საქმიანობის შეჩერებას, განახლებას, სტატუსის გაუქმებას და საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს აეროდრომის ექსპლუატანტი.

3.   ცნობილ მიმწოდებლად დასანიშნად განმცხადებელმა აეროდრომის ექსპლუატანტს უნდა წარუდგინოს:

ა)  განცხადება (დანართი № 19);

ბ) საავიაციო უშიშროების პროგრამა, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა ზომა, რომელიც განსახორციელებელია ცნობილი  მიმწოდებლის მიერ ამ წესის თანახმად. პროგრამა უნდა მოიცავდეს ხარისხის კონტროლის ღონისძიებებს, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომების შემოწმების და შეფასების, მათი ეფექტიანობის ამაღლების მიზნით;

გ) უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ამ წესის მე-14 დანართით გათვალისწინებული ,,ცნობილი მიმწოდებლის მიერ აეროპორტის კონტროლირებად ზონაში აეროპორტის, მათ შორის საგ/აგდპ-ის მიწოდების ვალდებულებების დეკლარაცია’’, რომელიც რჩება და ინახება აეროდრომის ექსპლუატანტთან;

დ) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის შესახებ ბრძანების ასლი, საავიაციო უშიშროების შესაბამისი სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე)  საავიაციო უშიშროების პერსონალის   სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი;

ვ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური დანადგარ(ებ)ის სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი;  

ზ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ასლ(ებ)ი იმ საავტომობილო ტრანსპორტზე, რომელიც გამოიყენება საბორტო მარაგის/აეროპორტის მარაგის ტრანსპორტირებისათვის.

4.  ცნობილ მიმწოდებლად დანიშვნა, დანიშვნაზე  უარის თქმა, საქმიანობის შეჩერება, განახლება, სტატუსის გაუქმება და საქმიანობაზე ზედამხედველობა ხორციელდება აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი შემოწმების საფუძველზე.

5. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა  შეიმუშავოს  ცნობილი მიმწოდებლის დანიშვნის პროცედურა დოკუმენტაციის წარმოდგენიდან, საწარმოს ადგილზე/ფაქტობრივი შემოწმებისა და ხარისხის კონტროლის ღონისძიებების  განხორციელების ჩათვლით, ვადების მითითებით.

6. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია შეინახოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) აეროპორტის მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ ყველა ცნობილი მიმწოდებლის სია, ,,ცნობილი მიმწოდებლის მიერ აეროპორტის კონტროლირებად ზონაში აეროპორტის, მათ შორის საგ/აგდპ-ის მიწოდების ვალდებულებების დეკლარაციის’’ მოქმედების ვადის მითითებით;

ბ) ხელმოწერილი ,,ცნობილი მიმწოდებლის მიერ აეროპორტის კონტროლირებად ზონაში აეროპორტის, მათ შორის საგ/აგდპ-ის მიწოდების ვალდებულებების დეკლარაცია’’;

გ) ცნობილი მიმწოდებლის საავიაციო უშიშროების პროგრამა;

დ) საავიაციო უშიშროების პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ჩანაწერი.

7. დოკუმენტაცია ინახება ცნობილ მიმწოდებლის სტატუსის ვადის გასვლიდან 6 თვის განმავლობაში.  დოკუმენტაცია, ხარისხის კონტროლის განხორციელებისას, მოთხოვნისამებრ, წარედგინება სააგენტოს.   

8. აეროდრომის  ექსპლუატანტი ვალდებულია განახორციელოს ცნობილი მიმწოდებლის მიმართ  ხარისხის კონტროლის ღონისძიებები,  საწარმოს მიერ განხორციელებული უშიშროების ზომების, საავიაციო უშიშროების  პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

9. შემოწმებისას უნდა დადასტურდეს, რომ:

ა) ცნობილი მიმწოდებლის იმ პერსონალს, რომლებიც ახორციელებენ აეროპორტის მარაგის, მათ შორის, საგ/აგდპ მიწოდებას, გავლილი აქვთ  მომზადება საავიაციო უშიშროების საკითხებში;

ბ) ცნობილი მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მარაგის დაცვა და შემოწმება ხორციელდება  ამ  წესის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

10. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ცნობილი მიმწოდებლის ხარისხის კონტროლი, აეროდრომის  ექსპლუატანტის ხარისხის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში.

11. ცნობილი მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) დანიშნოს საწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი;

ბ) მოამზადოს საწარმოს ის პერსონალი, რომელთაც წვდომა უნდა ჰქონდეთ  აეროპორტის მარაგთან ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 8973 მე-10 დამატების A და B დანართში მითითებული პროგრამის მიხედვით;

გ)  საწარმოს შენობა-ნაგებობებში,  აეროპორტის მარაგის დამუშავებისა და განთავსების ზონებში უზრუნველყოს დაშვების კონტროლის ზომების  არსებობა;

დ) უზრუნველყოს შენობა-ნაგებობებისა და შემოწმებული მარაგის დაცვა;

ე) მოახდინოს აეროპორტის მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ-ს შემოწმება ამ წესის  მოთხოვნების დაცვით;

ვ) განახორციელოს იმ თანამშრომლების ანკეტური მონაცემების შემოწმება, რომელთაც წვდომა აქვთ აეროპორტის მარაგთან, მათ შორის საგ/აგდპ-სთან;

ზ) განახორციელოს აეროპორტის მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ-ს ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დალუქვა ან დაცვა;

თ) უზრუნველყოს  მიწოდების ჯაჭვის ორგანიზება, რომელიც ითვალისწინებს  აეროპორტის მარაგის, მათ შორის საგ/აგდპ-ს მიმართ  რიგი ურთიერთდაკავშირებული ღონისძიებების გატარებას,  რათა დაცულ იქნეს მათი მთლიანობა შემოწმების მომენტიდან  მთელი ტრანსპორტირების  მანძილზე.