საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1069
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 29/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 280.060.000.05.001.001.733
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1069
10/03/2005
სსმ, 11, 29/03/2005
280.060.000.05.001.001.733
საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს კანონი არეგულირებს საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯა-ხის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავ-შირებულ საკითხებს.

    მუხლი 2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

ბ) საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართვე-ლოს პრემიერ-მინისტრი, რომელთაც უფლებამოსილება შეუწყდათ გადადგომის ან გარდაცვალების გამო;

გ) საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრი – ამ პირის მშობლები, მეუღლე, არასრულწლოვანი ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი (შვილები).

 

თავი II. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა

    მუხლი 3

1. უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას ამ კანონით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის სუბიექტები არიან:

ა) დაზღვეული – გარდაცვლილი საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრები, რომელთა სასარგებლოდაც ხორციელდება დაზღვევა;

ბ) დამზღვევი – პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან. დამზღვევი იმავდროულად არის დაზღვეული;

გ) მზღვეველი – სადაზღვევო საქმიანობის განმახორციელებელი, შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს გარდაცვლილი საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევას.

3. გარდაცვლილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრის გარდაცვალება არის სადაზღვევო რისკი, რომლის დროსაც დგება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის საკითხი. სადაზღვევო თანხას კანონით დადგენილი წესით იღებენ გარდაცვლილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრის კანონიერი მემკვიდრეები.

4. გარდაცვლილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის დაზღვევა ითვალისწინებს:

ა) ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს;

ბ) სასწრაფო, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს;

გ) სამედიცინო კონსულტაციების ხარჯებს;

დ) ამბულატორიული მკურნალობის, მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს;

ე) ჰოსპიტალური მკურნალობის, მათ შორის, საოპერაციო ხარჯებს.

5. გარდაცვლილი საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება ვაუჩერის საშუალებით, ამ კანონით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, დაზღვეულსა და მზღვეველს შორის დადებული ხელშეკრულებითა და ვაუჩერის პირობების თანახმად. ვაუჩერის პირობები (მათ შორის, ვაუჩერის მიმღები ორგანიზაციების ნების გამოხატვის, ვაუჩერის გაცემის წესები, სამედიცინო მომსახურებათა ნუსხა, ვაუჩერის ღირებულება, აგრეთვე ვაუჩერის გამოყენებასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა) განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით და მისი განაღდება ხორციელდება აღნიშნული სამინისტროს შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

6. საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემთხვევაში მისი დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4300-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.410

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5131-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.264

საქართველოს 2018  წლის 5 ივლისის  კანონი №3078 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

თავი III. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფა

    მუხლი 4

საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პენსია არის სახელმწიფო პენსია, რომელიც ამ კანონის შესაბამისად ენიშნება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრებს მისი გარდაცვალების შემდეგ.

    მუხლი 5

1. საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრებს, თითოეულს თანაბარი პროპორციით, ენიშნება ყოველთვიური პენსია.

2. საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემდეგ მის მშობ-ლებს, მეუღლეს ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს (შვილებს) ყოველთვიური პენსია მიეცემა სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო არასრულწლოვან შვილს (შვილებს) – სრულწლოვანების მიღწევამდე.

3. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრს (წევრებს) პენსია ენიშნება საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად.

4. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ოჯახის წევრს (წევრებს) პენსია ენიშნება საქართველოს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად.

5. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრს (წევრებს) პენსია ენიშნება საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის ყოველთვიური თანამდე-ბობრივი სარგოს შესაბამისად.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის ოდენობა იცვლება ამავე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს ცვლილების შესაბამისად.

    მუხლი 6

1. უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებას ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრი (წევრები) წარუდგენს (წარუდგენენ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრი (წევრები) – საქართველოს პარლამენტის აპარატს, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრი (წევრები) – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში აფორმებს დოკუმენტებს და პენსიის დასანიშნად წარუდგენს პენსიის დანიშვნის უფლების მქონე ორგანოს.

3. საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პენსია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრს (წევრებს) ენიშნება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.

4. საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის პენსიის დარიცხვას, დაანგარიშებასა და გადახდას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4300-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.410

საქართველოს 2014  წლის 2  მაისის კანონი №2366 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 7

საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრს (წევრებს) სხვა სახელმწიფო პენსია აუნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი IV. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა პრივილეგიები

    მუხლი 8

1. საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრებს უნარჩუნდება სახელმწიფო აგარაკითა და პერსონალური სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის უფლება.

2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრს (წევრებს) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო აგარაკი ან/და პერსონალური სატრანსპორტო საშუალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1050  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 9

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრს (წევრებს) შეუნარჩუნოს სახელმწიფო დაცვით სარგებლობის უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1050  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 10

საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრს (წევრებს) უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე ისარგებლოს აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებსა და პორტებში დელეგაციათა დარბაზებითა და სამთავრობო გასასვლელებით.

 

თავი V. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფის წყარო

    მუხლი 11

ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

თავი VI. დასკვნითი დებულება

    მუხლი 12

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

 

2005 წლის 10 მარტი.

№1069-Iს