საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მდინარე დებედაზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მდინარე დებედაზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 56-120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 17/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016340
56-120
24/12/2014
ვებგვერდი, 10/07/2015
480610000.03.030.016340
საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მდინარე დებედაზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მდინარე დებედაზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ


საქართველოს მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ცალკე წოდებულნი როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად „მხარეები“.

ითვალისწინებენ რა:

I. ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობებს,

II. 1993 წლის 19 მაისს, ქ. ერევანში ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს შორის ორი სახელმწიფოს საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ“ შეთანხმების დებულებათა განსაკუთრებულ მნიშვნელობას,

III. ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისათვის გადადგმული ნაბიჯების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობას; და

 

მიზნად ისახავენ, რა:

IV. ორ ქვეყანას შორის არსებული საბაჟო გამშვები პუნქტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ეფექტური გამოყენების ამაღლებას,

V. მდინარე დებედაზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობის განხორციელებას,

მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:


განსაზღვრებები

მუხლი 1

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:

a) „შეთანხმება“ ნიშნავს საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმებას, რომლის მიზანია სომხეთის რესპუბლიკისთვის გათვალისწინებული „ჩრდილოეთის კორიდორის მოდერნიზაციის პროექტის“ ფარგლებში, მდინარე დებედაზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობის ხელშეწყობა;

b) „ხიდი“ ნიშნავს სომხეთის რესპუბლიკისათვის გათვალისწინებული „ჩრდილოეთის კორიდორის მოდერნიზაციის პროექტის“ ფარგლებში, მდინარე დებედაზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის მონაკვეთზე ახალ ხიდს, სასაზღვრო გამტარ პუნქტებს შორის;

c) „საქონელი“ ნიშნავს მასალებს, მხარეთა ერთობლივი კომისიის მიერ მომზადებული და დამტკიცებული სიის შესაბამისად, რომელიც მოიცავს სამომხმარებლო მასალებს, სათადარიგო ნაწილებსა და სხვა სახის აღჭურვილობას, რომელიც გამოყენებული იქნება ხიდის მშენებლობისათვის;

d) „ტრანსპორტი“ ნიშნავს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ხიდის მშენებლობის განსახორციელებლად საჭიროა საქონლის გადასაზიდად და მგზავრების გადასაყვანად;

e) „გადასახადები“ ნიშნავს ნებისმიერ გადასახადებს, მოსაკრებლებს, გადასახდელებს და ა.შ., რომლებიც გადაიხდევინება საქონლის შემოტანისა და/ან გატანის პროცესში;

f) „ხელისუფლება“, საქართველოს შემთხვევაში, ნიშნავს:  ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ხოლო სომხეთის რესპუბლიკის შემთხვევაში ნიშნავს: სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სომხეთის რესპუბლიკის შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტს, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციას, სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ძალებს. აღნიშნული ორგანოები ერთობლივი კომისიის საქმიანობების კოორდინაციის მიზნით, მოხსენიებულნი არიან როგორც კოორდინატორი უწყებები;

g) „კოორდინატორი უწყება“ ნიშნავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრსა (საქართველოს კოორდინატორი უწყება) და სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრს (სომხეთის რესპუბლიკის კოორდინატორი უწყება), ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „კოორდინატორი უწყებები“;

h) „პროექტი“ ნიშნავს „სომხეთისათვის ჩრდილოეთის კორიდორის მოდერნიზაციის პროექტს“ განხორციელებულ 2012 წლის 23 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს შორის ხელმოწერილი სასესხო შეთანხმების თანახმად;

i) „კონტრაქტი“ ნიშნავს სამშენებლო კონტრაქტს (FIDIC, Yellow Book), რომელიც ხელმოწერილია EBRD-ის მიწოდების წესებისა და პროცედურების შესაბამისად საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

j) „კონტრაქტორი“ ნიშნავს საპროექტო ან/და სამშენებლო კომპანიას (კომპანიებს), რომელთანაც გაფორმებულია სამშენებლო კონტრაქტი ხიდის დაპროექტებისა და მშენებლობის განხორციელების პირობებით;

k) „ერთობლივი კომისია“ ნიშნავს კომისიას, რომელიც შექმნილია წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისათვის და დაკომპლექტებულია მხარეთა წარმომადგენლების მიერ;

l) „სადელიმიტაციო კომისია“ ნიშნავს საქართველო-სომხეთის სახელმწიფოს საზღვრის სადელიმიტაციო სახელმწიფოთაშორის კომიტეტს, რომელიც დაარსებულია „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიების შექმნის შესახებ“ 1995 წლის 6 მაისს ხელმოწერილი ოქმის შესაბამისად;

m) „მშენებლობა“ ნიშნავს ხიდის დაპროექტებისა და მშენებლობის და ამ მშენებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაოსა და ღონისძიების განხორციელებას;

n) „სამშენებლო ზონა“ ნიშნავს განსაზღვრულ ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიას, რომელზეც  საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის იურისდიქციის ქვეშ ხორციელდება ხიდის მშენებლობა;

o) „პერსონალი“ ნიშნავს ხიდის მშენებლობის პროცესში ჩართულ ფიზიკურ პირებს.

 

შეთანხმების ფარგლები და მისი საგანი

მუხლი 2

a) მხარეები თანხმდებიან, დადგენილი პირობების შესაბამისად, ხიდის მშენებლობისათვის განახორციელონ შესაბამისი ქმედებები.

b) მხარეები თანხმდებიან, პროექტის ფრაგლებში მშენებლობის დანიშნულებისთვის განახორციელონ თანამშრომლობა, რომლის მიზანია ნებისმიერი მხარის მიერ მშენებლობასთან, მათ შორის და არამხოლოდ ტრანსპორტისა და საქონლის რეგულირებასთან, განბაჟების მოთხოვნებთან და პროცედურებთან, საგადასახადო საკითხებთან, სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებული შიდა პროცედურებისა და მოთხოვნების წახალისება.

c) მხარეები თანხმდებიან და აცხადებენ, რომ თითოეული მხარე საკუთარ თავზე იღებს ხიდის  მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა საფასურსა და ხარჯს ხიდის იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც მისი იურისდიქციის ქვეშ ექცევა.

d) მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ხიდის მშენებლობის დაპროექტება და მშენებლობა უნდა განხორციელდეს წინამდებარე შეთანხმებისა და იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს ხსენებული მშენებლობა.

 

სასაზღვრო ინფრასტრუქტურა

მუხლი 3

a) მხარეები აცნობიერებენ, რომ სადახლო-ბაგრატაშენის ტერიტორიაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვარი შეთანხმებულია სადელიმიტაციო კომისიის პროცედურების მეშვეობით და მიუყვება მდინარე დებედას ფსკერის შუა ღერძს. მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე მომავალში გასამართი მოლაპარაკებები გავლენას არ იქონიებს სადახლო-ბაგრატაშენის ტერიტორიასა და ხიდზე წინასწარი დელიმიტაციის შედეგებზე. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ხიდის მშენებლობის სამუშაოთა განხორციელების შემდგომ, ხიდზე განთავსდება სასაზღვრო ნიშნები.

b) მხარეები ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენებენ სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე არსებულ ხიდს, როგორც ალტერნატიულ ინფრასტრუქტურას.

 

საკუთრება

მუხლი 4

მხარეები თანხმდებიან, რომ ხიდის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს შესაბამისი მხარის ტერიტორიაზე, ითვლება ამ მხარის საკუთრებად.  თითოეული მხარე საკუთარ თავზე იღებს ხარჯებს ხიდის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მდებარეობს მის ტერიტორიაზე და ექცევა მისი იურისდიქციის ფარგლებში.

 

საგადასახადო საკითხები

მუხლი 5

a) საქართველოს და/ან სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო ტერიტორიაზე ხიდის მშენებლობისათვის შემოსული და გასული საქონელი გათავისუფლებულია ნებისმიერი გადასახადებისაგან, რომლებიც დადგენილია შესაბამისი მხარის კანონმდებლობის თანახმად.

b) საქონლის სია მზადდება და დასამტკიცებლად გადაეცემა მხარეებს ერთობლივი კომისიის მიერ. აღნიშნულ სიაში ცვლილებები და დამატებები შედის იმავე პროცედურის მიხედვით.

 

საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ სახელმწიფო

საზღვრის გადაკვეთის პროცედურები

მუხლი 6

a) საქონლის გაფორმების საბაჟო პროცედურები განხორციელდება მხარეთა საბაჟო ადმინისტრაციების მიერ განსაზღვრულ საბაჟო ორგანოებში.

b) ამ საქონლის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დკავშირებული პროცედურები განხორციელდება სადახლო-ბაგრატაშენის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე.

c) სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურები, ტრანსპორტის შესვლის/გამოსვლის და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლის აღრიცხვის ჩათვლით, განისაზღვრება „ერთობლივი კომისიის“ მიერ ამ შეთანხმების დებულებათა შესაბამისად.

d) მხარეები გაამარტივებენ წინამდებარე შეთანხმებაში მოყვანილი ტრანსპორტისა და საქონლის საბაჟო და სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურებს, ისევე როგორც ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ განხორციელებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეფექტური მეთოდების გზით ხიდის მშენებლობას.

 

პირებისათვის სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურები

მუხლი 7

a) პერსონალი შედის/გადის საქართველოს ან სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან. პერსონალის სახელმწიფო საზღვარზე შესვლა და გამოსვლა უნდა განხორციელდეს ერთობლივი კომისიის მიერ განსაზღვრული „საზღვრის კვეთის სერტიფიკატის“ წარდგენის საფუძველზე.

b) ხიდის მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდება მხარეთა სახელმწიფო სასაზღვრო უწყებებს.

c) მხარეთა ადგილობრივი სასაზღვრო ორგანოები გაცვლიან „საზღვრის კვეთის სერტიფიკატებს“, რომლებსაც ხელი მოეწერება და უკან გადაიცემა 3 დღის ვადაში.

d) „საზღვრის კვეთის სერტიფიკატი“ უნდა შეიცავდეს მხარეთა სასაზღვრო ორგანოების ხელმოწერებსა და ბეჭდებს, მფლობელის ფოტოს, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერს, გაცემის დანიშნულებასა და ვადას.

e) „საზღვრის კვეთის სერტიფიკატი“ უფლებას აძლევს მფლობელს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით შევიდეს და გავიდეს სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან სამშენებლო ზონის ფარგლებში დღის ნებისმიერ დროს.

f) მხარეთა სასაზღვრო უწყებები გაამარტივებენ სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურებს ერთობლივი კომისიის მიერ განსაზღვრული პროცედურების მოთხოვნათა შესაბამისად.

 

ხიდის მშენებლობისათვის აუცილებელი მოთხოვნები

მუხლი 8

a) მხარეები თანხმდებიან, რომ თითოეული მხარის ტერიტორიაზე სამშენებლო ღონისძიებების განხორციელებისათვის, შესაბამისმა კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს დეტალური პროექტის დამუშავება, მოიპოვოს სამშენებლო ნებართვები, ლიცენზიები და ხსენებული მხარის კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სხვა დოკუმენტები.

b) კონტრაქტორი შეირჩევა ერთობლივი კომისიის მიერ.

c) კოორდინატორი უწყებები ხელს აწერენ კონტრაქტს თითოეული მხარის სახელით.

d) მხარეები, ხიდის მშენებლობის განხორციელებისათვის, უზრუნველყოფენ სამშენებლო ზონის ხელმისაწვდომობასა და მესამე მხარის ყველა უფლებებისა და მოთხოვნებისაგან გათავისუფლებას. მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ ნებისმიერი დაბრკოლებების შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ხიდის მშენებლობისა და პროექტის განხორციელებისას. ასეთ შემთხვევებში, ერთობლივი კომისია განსაზღვრავს სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდება მხარეთა მიერ.

e) ხიდის მშენებლობის დაწყებამდე, თითოეული მხარე საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში და საკუთარი ფინანსური, ტექნიკური და სხვა სახის ხარჯებით (შესაძლებლობის შემთხვევაში), პროექტის საბოლოო ვერსიის შესაბამისად  უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის გადანაწილებას (წყლის მილები, ბუნებრივი აირის მილები, სატელეკომუნიკაციო ხაზები, ელექტროსადენები და სხვა საშუალებები).

f) ხიდის საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ერთობლივი კომისია განსაზღვრავს სამშენებლო ზონის საზღვრებს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს კოორდინატორ უწყებებს და კონტრაქტორს აცნობებს მე-3 მუხლის “a” ქვეპუნქტში მოცემულ პირობებს.

g) ერთობლივი კომისია ამოწმებს ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს (მათ შორის კონტრაქტის პროექტი, ტექნიკური დეტალები, წინასწარი პროექტები და სხვა) და გონივრულ ვადაში წარმოადგენს დასკვნას მათი შესაბამისი მხარის მიერ დადგენილ სტანდარტებთან და ტექნიკურ მონაცემებთან შესაბამისობის შესახებ.

h) ხიდის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლები დროულად გაიცვლება მხარეთა შორის (მათ შორის რუკები, ნახაზები, სქემები, გეოლოგიური მონაცემები, ტოპოგრაფიული ანგარიში, გარემოზე ზემოქმედების შეფასება).

i) მხარეებს აქვთ უფლება, მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ეხება მშენებლობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ პირობებს, საპროექტო გადაწყვეტილებებს, მშენებლობის პროცესს, ექსპერტიზის შედეგებს, ტექნიკური მეთვალყურეობის პროცესს და ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელიც შესაბამისი სახით წარდგენილია ერთობლივი კომისიისათვის.

j) მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა განხორციელდება კონსულტანტ ინჟინერთა საერთაშორისო ფედერაციის (FIDIC) პირობების საფუძველზე, ამგვარი სამუშაოების ზედამხედველობაში სპეციალიზებული საერთაშორისო კომპანიის მიერ, რომელიც ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის მოწოდების წესების საფუძველზე ჩატარებული საერთაშორისო ტენდერის პროცესის შედეგად შეირჩევა სომხეთის რესპუბლიკის მიერ. შერჩეული კომპანია უნდა შეითანხმოს საქართველომ გონივრულ ვადაში. ქართული მხარე იტოვებს უფლებას, იყოლიოს კონსულტანტი, საზედამხედველო კომპანიასთან თანამშრომლობისა და კოორდინაციისათვის, რომელიც ქართულ მხარეს წარმოუდგენს ყოველთვიურ ანგარიშებს სამუშაოების მიმდინარეობასა და ხარისხთან შესაბამისობის შესახებ, რაც ქართული მხარისათვის იქნება, ასევე, თანხის გადახდის საფუძველი.

k) საქონელი, მათ შორის და არამხოლოდ მშენებლობასთან დაკავშირებული აღჭურვილობა, სამშენებლო მასალები და სხვ., რომელიც შემოტანილ იქნა სამშენებლო ზონაში და არ იქნა გახარჯული ხიდის მშენებლობისათვის, კონტრაქტორის მიერ უნდა დაბრუნდეს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, მათი სახეობის მიუხედავად.

l) სამშენებლო ზონაში უსაფრთხოებასთან და წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, ურთიერთთანხმობის საფუძველზე, სათანადოდ უნდა გადაწყდეს შესაბამისი კოორდინატორი უწყებების მიერ.

m) კონტრაქტის საფუძველზე დადგენილი გადახდები უნდა განხორციელდეს ერთობლივი კომისიის  წინასწარი დამტკიცების შედეგად.

 

გარემოს დაცვის საკითხები

მუხლი 9

მხარეები, შეთანხმების მე-8 მუხლის „a“ პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გარდა, თანხმდებიან, რომ მშენებლობის პროცესში გარემოს დაცვის მიზნებისათვის გამოიყენებენ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის დოკუმენტს (2008) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოკუმენტი უფრო მკაცრ გარემოსდაცვით მოთხოვნებს ადგენს, ვიდრე მხარეთა ეროვნული კანონმდებლობა.

 

ერთობლივი კომისია

მუხლი 10

შეთანხმების მიზნების მიღწევის მიზნით, მხარეები ქმნიან ერთობლივ კომისიას, რომელიც შედგება მათ მიერ დანიშნული წარმომადგენლებისაგან, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე. ხიდის მშენებლობა იწყება ერთობლივად მხარეთა მიერ, რომლებიც ერთობლივ კომისიას ანიჭებენ უფლებამოსილებას, აღნიშნული მიზნით იმოქმედოს მათი სახელით. ერთობლივი კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების, კონფერენციების, შეხვედრების, ტელე/ვიდეო კონფერენციების მეშვეობით. ერთობლივი კომისია, ამ შეთანხმების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ღებულობს წესებს პროცედურების შესახებ. ერთობლივი კომისიის ღონისძიებებს კოორდინაციას უწევენ მხარეთა კოორდინატორი უწყებები.

 

კონსულტაციები და დავების მოგვარება

მუხლი 11

a) ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვს კონსულტაცია მეორე მხარისაგან განმარტების, შესრულების ან ნებისმიერი შესაძლო დავის გადაწყვეტის თაობაზე, რომელიც ჩნდება და/ან წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმების დებულებების ან მათთან დაკავშირებული გარემოებებიდან. კონსულტაციები გაიმართება მხარეთა შორის ერთობლივი კომისიის შეხვედრების ფარგლებში, მხარის მიერ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში, თუ ერთობლივი კომისიის სამუშაო გრაფიკით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

b) თუ ერთობლივი კომისიის ფარგლებში გამართული კონსულტაციების შედეგად კონსენსუსი ვერ იქნება მიღწეული, დავა მოგვარდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.

 

ცვლილებები

მუხლი 12

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები, რომელიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის ამ შეთანხმების მე-13 მუხლის შესაბამისად.

 

ძალაში შესვლა

მუხლი 13

a) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიოფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ,  დიპლომატიური არხებით,  უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.

b) წინამდებარე შეთანხმება ძალაშია ხიდის მშენებლობის დასრულებამდე, მათ შორის კონსტრუქტორის დეფექტზე პასუხისმგებლობის პერიოდამდე, როგორც ეს განსაზღვრულია კონტრაქტის შესაბამისად.

c) წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მიუხედავად, მისი დებულებების შესაბამისად მიმდინარე და განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს და სრულყოფილად შესრულდეს.

შესრულებულია 2014 წლის 24 დეკემბერს, ქ. ერევანში, ორ დედნად, ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

 

(ხელმოწერილია)

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის

სახელით

 

(ხელმოწერილია)