ტექნიკური რეგლამენტის - „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“ დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის - „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 305
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018690
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
305
25/06/2015
ვებგვერდი, 29/06/2015
300160070.10.003.018690
ტექნიკური რეგლამენტის - „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/06/2015 - 29/05/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №305

2015 წლის 25 ივნისი

ქ.თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს 2015 წლის პირველი ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

კარტოფილის კიბოს კონტროლის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები         

ეს წესი ადგენს და არეგულირებს საქართველოში შეზღუდულად გავრცელებული საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კარტოფილის კიბოს გამომწვევის Synchytrium endobioticum (შემდგომში - პათოგენი) ფიტოსანიტარიულ კონტროლს და  მისი გავრცელების პრევენციას.

მუხლი 2. წესის მიზანი და გამოყენების სფერო   

1. ამ წესის მიზანია, პათოგენის გრძელვადიანი  კონტროლის ღონისძიებების გატარება,  მისი შემდგომი გავრცელების თავიდან აცილებისა და საბოლოო აღმოფხვრისათვის.  

2.  ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე და ოჯახური წარმოების  სუბიექტზე, რომელიც ეწევა სასურსათო და სათესლე კარტოფილის პირველად  წარმოებას, გადამუშავებას და  დისტრიბუციას,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დემარკაცია - საკარანტინო და ბუფერული ზონების საზღვრების დადგენა სხვადასხვა ბარიერებით: საძოვარი, ტყე, გზა, მდინარე და სხვ.; შემოღობვით ან  გადახვნით და პათოგენის შესახებ  ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებით;

ბ) სამინისტრო - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

გ) ცენტრი - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

დ) სამსახური - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური;

ე) რეზისტენტული ჯიში - პათოგენის მოცემული რასის მიმართ გამძლე  ჯიში, რომლის ამავე რასით კონტამინაციისას, არ არსებობს მეორადი ინფექციის საშიშროება;

ვ) საკარანტინო ზონა - გეოგრაფიული არეალი ან ზონა, რომელშიც არსებობს პათოგენი და ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი;

ზ) ბუფერული ზონა - ტერიტორია, რომელიც ესაზღვრება საკარანტინო ზონას და  ექვემდებარება ფიტოსანიტარიული ან კონტროლის სხვა შესაბამისი  ზომების გატარებას;

თ) სათესლე მასალა - მცენარე, რომელიც განკუთვნილია დასათესად და არა საკვებად ან გადამუშავებისათვის;

ი) სარგავი მასალა - სათესად, სარგავად ან გადარგვისათვის  გამიზნული მცენარეები.

2. ამ წესის მიზნებისათვის, ასევე, გამოიყენება სურსათის/ცხოველის  საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის  კოდექსით განსაზღვრული  ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

მუხლი 4. პათოგენის გავრცელების  პრევენციისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის  ზომები

1. კარტოფილის  წარმოების ადგილზე პათოგენის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს     (შემდგომში - სააგენტო)  მიერ  უნდა ჩატარდეს  სახელმწიფო კონტროლი.

2. ის ტერიტორია, სადაც  ერთ მცენარეზე მაინც გამოვლინდა  დაავადების ნიშნები ან ნიადაგში აღმოჩნდა პათოგენის,  სულ მცირე - ერთი სიცოცხლისუნარიანი სპორანგიუმი, ცხადდება საკარანტინო ზონად, ხდება მისი დემარკაცია და განისაზღვრება ბუფერული ზონა.

3. საკარანტინო ზონაში აკრძალულია:

ა) კარტოფილის და ასევე, ნებისმიერი სარგავი მასალის მოყვანა და ნიადაგში დათესვა/დარგვა;  

ბ) ნაკვეთის კულტივირების გარეშე,  ბალახის საფარის ქვეშ დატოვება;

გ) ზონიდან დაუშვებელია გაურეცხავი და მიწიანი ტექნიკისა და სამუშაო იარაღების  გამოტანა და შემდგომი გამოყენება.

4.  საკარანტინო ზონაში  დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა თესლბრუნვის წესების დაცვით, გარდა კარტოფილისა და სხვა კულტურების   სარგავი მასალისა.

5. საკარანტინო ზონაში პათოგენის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებების გატარებაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ბუფერულ ზონაში აკრძალულია:

ა) პათოგენისადმი არარეზისტენტული ჯიშის დათესვა;

ბ) სასურსათო და სათესლე  კარტოფილის შენახვა იმავე საცავში, სადაც ინახებოდა პათოგენით დასნებოვნებული სასურსათო და/ან სათესლე კარტოფილი.

7. ბუფერულ ზონაში დასაშვებია კარტოფილის მხოლოდ  რეზისტენტული    ჯიშების და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა თესლბრუნვის წესების დაცვით.

8. საკარანტინო და ბუფერულ ზონებში ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლი უნდა ჩატარდეს შესაბამისი მეთოდოლოგიით, სულ მცირე - წელიწადში ერთხელ.

მუხლი 5. კარანტინის დაწესება  და მოხსნა  

1. პათოგენის გამოვლენა-იდენტიფიკაცია ხორციელდება EPPO-ს PM 7/28 სტანდარტის - „დიაგნოსტიკური პროტოკოლი Synchytrium endobioticum-თვის“ მიხედვით.

2. პათოგენის არსებობის ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო განსაზღვრავს საკარანტინო და ბუფერულ ზონებს, ახდენს მათ დემარკაციას, რის შემდეგაც,  წესდება კარანტინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საკარანტინო და ბუფერულ ზონაში ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით და ფინანსებით განახორციელოს ნიადაგის  ლაბორატორიული გამოკვლევა პათოგენის გამოვლენისა და იდენტიფიკაციაზე  ამ მუხლის პირველი  პუნქტის შესაბამისად.

4. საკარანტინო ზონაში პათოგენის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებების გატარებაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საკარანტინო ზონაში პათოგენის განადგურების მიზნით, ტუბერები  უნდა დამუშავდეს  (ორთქლში გატარებით, ჩამქრალი კირით ან სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილი სადეზინფექციო ხსნარით) ან გადამუშავდეს. სტოლონები და ღერო-ფოჩები უნდა შეგროვდეს, ჩაიყაროს ორმოში, დაიფაროს ნიადაგის ფენით ან დაიწვას.

6. საკარანტინო ზონაში აკრძალვების მოხსნა ხორციელდება სრულად ან ნაწილობრივ.

7. საკარანტინო ზონაში აკრძალვების სრული ან ნაწილობრივი მოხსნის მიზნით, ტარდება ნიადაგის გამოკვლევები. ტერიტორია, სადაც დაწესდა კარანტინი, იყოფა 0,1 - დან 0.33 - მდე ჰა ფართობის ერთეულებად. თითოეული ერთეულიდან აიღება 60 სინჯი  20 სმ სიღრმეზე, რომლებიც ერთიანდება ერთ ნიმუშში.

8. პათოგენის არსებობაზე ნიადაგის გამოკვლევა ხდება პირდაპირი მიკროსკოპირებით სიცოცხლისუნარიანი მსვენებარე სპორანგიუმის არსებობაზე და ბიოტესტით, ლაბორატორიულ ან საველე პირობებში.

9. საკარანტინო ზონაში  აკრძალვების სრული მოხსნის საფუძველია, ინფიცირების ბოლო გამოვლენიდან, 20 წლის შემდეგ, ნიადაგის ნიმუშების პირდაპირი მიკროსკოპირებისა და ბიოტესტის მეთოდებით ლაბორატორიული  გამოკვლევის უარყოფითი შედეგები.

10. ნიადაგში სპორანგიუმის გამოვლენის ან ბიოტესტის დადებითი შედეგის შემთხვევაში, ნიადაგის გამოკვლევა უნდა განმეორდეს სამი წლის შემდეგ.

11. საკარანტინო ზონაში  კარანტინის  სრული მოხსნის შემდგომ, არარეზისტენტული კარტოფილის პირველი მოსავალი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რომელსაც ახორციელებს სააგენტო.

12. აკრძალვის სრულ მოხსნამდე აკრძალულია სასურსათო, სათესლე, კარტოფილისა და  სხვა კულტურების სარგავი მასალის მოყვანა.

13. საკარანტინო ზონაში აკრძალვის ნაწილობრივი მოხსნა შესაძლებელია:

ა) პათოგენის ბოლო გამოვლენიდან 10 წლის შემდეგ,  რისთვისაც უნდა ჩატარდეს   ნიადაგის ნიმუშების პირდაპირი მიკროსკოპიისა და  ბიოტესტის მეთოდებით გამოკვლევა. თუ პირდაპირი მიკროსკოპიის შედეგად, ერთ გრამ ნიადაგში გამოვლინდა 5-ზე ნაკლები სპორანგიუმი, ხოლო ბიოტესტის შედეგები უარყოფითია,  შესაძლებელია აკრძალვის  ნაწილობრივი მოხსნა.  თუ ეს პირობა არ დაკმაყოფილდა, მაშინ განმეორებითი ნიმუშების აღება უნდა მოხდეს ნიმუშის ბოლო აღებიდან  2 წლის შემდეგ;

ბ) 5 წლის შემდეგ, თუ ნაკვეთში სპორანგიუმის გადარჩენისათვის შექმნილია არახელსაყრელი პირობები ნიადაგის აერაციით, შესაბამისი ტენიანობით, ქიმიური დამუშავებით, რეგულარული კულტივაციით, ასეთ შემთხვევაში, 1 ჰა-ზე აიღება 10 ნიმუში, რომელთაგან თითოეული  შედგება 60 სინჯისაგან. პირდაპირი მიკროსკოპიის შედეგად,  ერთ გრამ ნიადაგში უნდა იყოს 5-ზე ნაკლები სპორანგიუმი, ხოლო ბიოტესტის შედეგი - უარყოფითი.

14. აკრძალვების ნაწილობრივი მოხსნის შემდეგ, შესაბამის ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ სასურსათო კარტოფილის რეზისტენტული ჯიშების მოყვანა.

15. გადაწყვეტილებას, ტერიტორიაზე გამოკვლევის ჩატარების ვადებზე,   იღებს სააგენტო ინფიცირების ხარისხის და/ან აღმოჩენილი სიცოცხლისუნარიანი სპორანგიუმების რაოდენობის მიხედვით.

მუხლი 6. საკარანტინო და ბუფერულ ზონაში ბიზნესოპერატორის და ოჯახური წარმოების სუბიექტის ვალდებულება

1. საკარანტინო ზონაში ბიზნესოპერატორი  და ოჯახური წარმოების  სუბიექტი ვალდებულია, დაიცვას ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. 

2. ბუფერულ ზონაში კარტოფილის სარგავი და სათესლე მასალის მწარმოებელი   ბიზნესოპერატორის და ოჯახური წარმოების სუბიექტი ვალდებულია:

ა) სათესლე და სარგავი მასალის წარმოებისათვის გამოიყენოს პათოგენის არსებობაზე წინასწარ შემოწმებული, რეზისტენტული ჯიშის  საღი მასალა;

ბ) სათესლე ან სარგავი მიზნით მოყვანილი კარტოფილის ტრანსპორტირება და რეალიზაცია მოახდინოს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) დაავადებული ტუბერები და მცენარეული ნარჩენები გაანადგუროს ამ წესის შესაბამისად;

დ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყების  ვადების შესახებ  წინასწარ აცნობოს სააგენტოს.

მუხლი 7. მოთხოვნები სამეცნიერო-კვლევითი და სელექციური საქმიანობისადმი

1. სამეცნიერო-კვლევითი და სელექციური საქმიანობისთვის გამოყენებული უნდა იქნეს პათოგენზე წინასწარ შემოწმებული, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებული პათოგენისგან თავისუფალი,  საღი  სათესლე და სარგავი მასალა.

2. აკრძალულია პათოგენის კულტურის ფლობა და გადაადგილება, გარდა სამეცნიერო-კვლევითი და სელექციური საქმიანობისთვის განკუთვნილი პათოგენის კულტურისა.

მუხლი  8. სამსახურის და სააგენტოს   თანამშრომლობა

1. სამსახურის მიერ საბაჟო საზღვარზე იმპორტირებულ ტვირთში პათოგენის გამოვლენისას,  ტვირთი უნდა დაკავდეს, გაბრუნდეს უკან ან განადგურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ტვირთში პათოგენის გამოვლენის შემთხვევაში, სამსახური ინფორმაციას უგზავნის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9. სააგენტოს უფლებამოსილება

სააგენტოს უფლებამოსილებაა:

ა) საკარანტინო და ბუფერული ზონების დადგენა, წინადადებების წარდგენა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე კარანტინის დაწესებისა და მოხსნის თაობაზე;

ბ) საკარანტინო და ბუფერულ ზონებში ფიზიკური და იურიდიული პირების ინფორმირება, შესაბამიბის მითითებებისა და რეკომენდაციების მიცემა  დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების თაობაზე;

გ) იმპორტისთვის გამიზნულ ტვირთში კარტოფილის კიბოს გამოვლენის შესახებ ექსპორტიორი მხარისათვის შეტყობინების გაგზავნა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10.   ცენტრის ვალდებულება და სამინისტროს უფლებამოსილება

1. ცენტრი ვალდებულია, ყოველი წლის პირველ ნოემბრამდე,  სამინისტროს წარუდგინოს  პათოგენისადმი რეზისტენტული ჯიშების ჩამონათვალი.

2. ცენტრიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრომ ყოველი წლის პირველ დეკემბრამდე, უნდა უზრუნველყოს პათოგენისადმი რეზისტენტული ჯიშების ჩამონათვალის  გამოქვეყნება სამინისტროს ელექტრონულ  ვებგვერდზე.

მუხლი 11. პასუხისმგებლობა

ამ წესით დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებებისა და მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის ან/და ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.