დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 279 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/06/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 200250000.10.003.018664 |
|
პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი“. |
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის №413 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პირისათვის ამ სტატუსის მინიჭების პირობებს, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესს, აგრეთვე შენობის მთლიანი ფართობიდან სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებელი მინიმალური ფართობის ოდენობას თვითმმართველი ერთეულების მიხედვით. 2. ტურისტული საწარმოს სტატუსი თავისი ინიციატივით შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდებას (გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ) და ამ ქონების შემძენთან გაფორმებული სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის, სარგებლობის უფლების, მართვის უფლების, საკუთრების მინდობის, საშუამავლო ან/და სხვა მსგავსი სახელშეკრულებო პირობით) საფუძველზე უზრუნველყოფს სასტუმროს, აქტივების/მათი ნაწილის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენებას. 3. ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირთა ერთიან შიდასაუწყებო რეესტრს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური). 4. ამ წესის მიზნებისათვის: ა) სასტუმრო არის შენობა ან/და ერთიანი კომპლექსის სახით არსებული შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროდ. სასტუმროს მიეკუთვნება ასევე მრავალფუნქციური შენობის/კომპლექსის ერთი ან რამდენიმე ნაწილი ერთად ან ცალ-ცალკე, რომელშიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია სასტუმრო ნომრების/ აპარტამენტების განთავსება თავისი ინფრასტრუქტურით; ბ) სასტუმრო ნომერი/აპარტამენტი არის სასტუმროში განთავსებული იზოლირებული ფართობი, რომელიც განკუთვნილია პირის ნებისმიერი მიზნით (მათ შორის, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი) მოკლევადიანი ან გრძელვადიანი მიღებისათვის/განთავსებისათვის. ამასთან, ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმრო ნომერში/აპარტამენტში, მისი სასტუმრო ნომრად/აპარტამენტად, გამოყენების დაწყების მომენტამდე განხორციელებული სარემონტო სამუშაოები წარმოადგენს სასტუმრო ნომრის/აპარტამენტის შემადგენელ/განუყოფელ ნაწილს; გ) სასტუმროს აქტივები არის გარემონტებული და ავეჯით/ინვენტარით აღჭურვილი სასტუმრო ნომერი/აპარტამენტი. სასტუმროს აქტივების ნაწილი არის ამ აქტივების შემადგენელი ნებისმიერი ნაწილი (გაურემონტებელი ფართობი, რემონტი, ინვენტარი, ავეჯი, ტექნიკა, თეთრეული, აქსესუარი და ა.შ.), რომელიც განკუთვნილია სასტუმრო ნომრისათვის/აპარტამენტისათვის, თუ ამ ქონების მიწოდება ხორციელდება ერთდროულად ან ცალ-ცალკე სასტუმრო ნომრის/აპარტამენტის ფართობთან ერთად გამოყენებისათვის; დ) სასტუმროს ინფრასტრუქტურა არის სასტუმროში არსებული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა/ქსელი, საერთო საკუთრების (სადარბაზო, კიბის უჯრედი, დერეფანი, ლიფტი და ა.შ) ან/და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები, მათ შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, გასართობი, კვების, სავაჭრო და მომსახურების სხვა ობიექტები; ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდება და ამ ქონებაზე (სასტუმროს აქტივებზე/მათ ნაწილზე) მისი სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენების მიზნით, სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის, სარგებლობის უფლების, მართვის უფლების, საკუთრების მინდობის, საშუამავლო ან/და სხვა მსგავსი სახელშეკრულებო პირობით) გაფორმება, მიიჩნევა ტურისტული საწარმოს მიერ ამ ქონების უკან მიღებად, მიუხედავად ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასყიდლიანი ხელშეკრულების ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა; ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, სასტუმროს (ობიექტის/მისი ნაწილის) ფუნქციონირება მოიცავს: ვ.ა) სასტუმრო აქტივების/მათი ნაწილის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენებას; ვ.ბ) სასტუმროს ინფრასტრუქტურის ან/და სასტუმროს ინფრასტრუქტურისაგან არაიზოლირებულად ფუნქციონირებადი, ერთად ან/და ცალ-ცალკე მდებარე სხვა ფართების სარგებლობით განხორციელებულ საქმიანობას/გაწეულ მომსახურებას; ვ.გ) სასტუმროს ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ მომსახურებას; ზ) სასტუმრო აქტივების/მათი ნაწილის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენება არის გარემონტებულ და ავეჯით/ინვენტარით აღჭურვილ სასტუმრო ნომერში/აპარტამენტში პირის ნებისმიერი მიზნით (მათ შორის, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი) მოკლევადიანი ან გრძელვადიანი მიღება/განთავსება; თ) სასტუმროს მშენებლობის დასრულება ნიშნავს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შენობის ექსპლუატაციისათვის ვარგისად აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას; ი) შენობის (სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროში განთავსებული სასტუმრო ნომრების/აპარტამენტების გამოყენების დაწყების მომენტს (სასტუმრო ნომრის/აპარტამენტის გამოყენების შედეგად შესაბამისი მომსახურების გაწევის მომენტი), მაგრამ არა უგვიანეს მშენებლობის დასრულებიდან ორწლიანი ვადის გასვლისა; ამასთან, ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სასტუმრო ნომრების/აპარტამენტების გამოყენებად არ ითვლება: ი.ა) მხოლოდ სასტუმროს ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა; ი.ბ) სასტუმროს ინფრასტრუქტურის ფართების დროებით არადანიშნულებისამებრ სარგებლობით განხორციელებული საქმიანობა; კ) შენობის მთლიანი ფართობი არის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შესაბამისად სასტუმროსთვის გათვალისწინებული ფართობი. მუხლი 2. ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭება 1. პირს ტურისტული საწარმოს სტატუსი ენიჭება კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით, რომელიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროდ. 2. ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების მიზნით დაინტერესებული იურიდიული პირი შენობის (სასტუმროს) მშენებლობის დასრულებამდე განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს. 3. სტატუსის მინიჭება ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) საწარმოს საფირმო სახელწოდებას; ბ) პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი); გ) საქმიანობის მოკლე აღწერას. 5. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) მშენებლობის ნებართვა/სანებართვო მოწმობა; ბ) მიწის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და იმ ტერიტორიის საკადასტრო რუკა, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა; გ) სამშენებლო დოკუმენტის პროექტი. 6. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს განცხადება და მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. 7. ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭებასთან ერთად შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, პირს მოსთხოვოს შემდეგი უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა: ა) საბანკო გარანტია; ბ) დაზღვევის პოლისი; გ) ქონების (მათ შორის, მესამე პირის საკუთრებაში არსებული) გირავნობით/იპოთეკით დატვირთვა. 8. შემოსავლების სამსახურის მიერ უზრუნველყოფის საშუალებების მოთხოვნის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია, აირჩიოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე უზრუნველყოფის საშუალება და წარადგინოს არა უგვიანეს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 9. უზრუნველყოფის საშუალებად, გირავნობით/იპოთეკით დასატვირთად ქონების წარდგენის შემთხვევაში, ქონების ღირებულების შეფასება ხორციელდება „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხებიდან ერთ-ერთი პირის მიერ. შემოსავლების სამსახურისათვის ქონების ღირებულების შეფასების შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულება ეკისრება ტურისტულ საწარმოს. 10. გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია უზრუნველყოფის საშუალებების სახით წარდგენილ ქონებაზე ხორციელდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალებების მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 წელს, ხოლო მისი ღირებულება (მათ შორის, ჯამური ღირებულება, როდესაც ერთ პირს ორი ან ორზე მეტი ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით აქვს მინიჭებული ტურისტული საწარმოს სტატუსი) არ უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 18 პროცენტზე ნაკლები. 12. წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალება ექვემდებარება განახლებას მისი მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ 60 დღით ადრე. 13. ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს: ა) უზრუნველყოფის საშუალებების ღირებულება შეამციროს კონკრეტული ობიექტ(ებ)იდან (სასტუმრო(ები)დან) ჯამურად, მის მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ დეკლარირებული (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით შესაბამის პერიოდში დამატებით დარიცხული) და გადახდილი დღგ-ის თანხით; ბ) წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალებები ჩაანაცვლოს სხვა უზრუნველყოფის საშუალებებით, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნები; გ) უძრავი/მოძრავი ქონების უზრუნველყოფის საშუალებებად წარდგენის შემთხვევაში, ამ ქონებაზე საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის მოქმედების პერიოდში გადააფასოს ეს ქონება „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხებიდან ერთ-ერთი პირის მიერ და ეს დასკვნა წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების ახალი ღირებულების დაფიქსირების მიზნით. მუხლი 3. ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირის ვალდებულებები სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ: ა) შენობის მთლიანი ფართობის არანაკლებ 30 პროცენტისა გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებლად. ფართობის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებლად გამიზნულობა ნიშნავს, რომ დადგენილი ფართობის ოდენობა სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს სასტუმროს ნომრებად/აპარტამენტებად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა ვრცელდება ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე; ბ) შენობის (სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღებიდან არა უმეტეს 10 კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული ობიექტიდან (სასტუმროდან) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისათვის/ოპერირებისათვის მოწვეული პირის/პირების მიერ დეკლარირებული (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით შესაბამის პერიოდში დამატებით დარიცხული) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად (გარდა დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) არ იყოს ამავე სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვაზე ნაკლები. მუხლი 4. ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმება 1. ტურისტული საწარმოს სტატუსი უქმდება: ა) შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ტურისტული საწარმოს მხრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261 მუხლით და ამ დადგენილებით გათვალისწინებული საქმიანობის პირობების დარღვევის შემთხვევაში; ამასთან, თუ ტურისტული საწარმოს მიერ წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალებების ღირებულება ნაკლებია ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-11 და მე-13 პუნქტებით განსაზღვრულ ოდენობაზე, აღნიშნული საფუძვლით ტურისტული საწარმოს სტატუსი უქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტურისტული საწარმო საგადასახადო ორგანოს წერილობითი შეტყობინების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნულ ხარვეზს არ აღმოფხვრის; ბ) ტურისტული საწარმოს ინიციატივით, განცხადების საგადასახადო ორგანოში წარდგენის საფუძველზე, თუ: ბ.ა) მას სრულად აქვს შესრულებული ამ წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები; ბ.ბ) აღარ სურს ტურისტული საწარმოს სტატუსით სარგებლობა; ბ.გ) შეეცვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რის საფუძველზეც მინიჭებული ჰქონდა ტურისტული საწარმოს სტატუსი. 2. საგადასახადო ორგანოს უფროსი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის დადასტურებიდან 10 სამუშაო დღეში, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში გამოსცემს ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმების შესახებ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმება ნიშნავს საგადასახადო ორგანოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან, რაც არ იწვევს სტატუსის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. 3. სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს ტურისტულ საწარმოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დოკუმენტის კომენტარები