ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ

ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ
დოკუმენტის ნომერი 565
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 12/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.210.050.04.001.001.591
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
565
11/11/2004
სსმ, 33, 12/11/2004
010.210.050.04.001.001.591
ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/10/2015 - 21/12/2016)

საქართველოს ორგანული კანონი

ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ

    მუხლი 1. ეროვნული უშიშროების საბჭო

1. საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის იქმნება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ამ კანონით განსაზღვრული საკითხები უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მოსამზადებლად.

3. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განისაზღვრება ამ კანონით.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №4673 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

    მუხლი 2. ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება

1. ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს:

ა) საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას;

ბ) საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სამხედრო აღმშენებლობას და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციას;

გ) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების და სათანადო პირობების არსებობისას ზავის დადების საკითხებს;

დ) ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფის და ეპიდემიის დროს, ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს;

ე) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს კანონის ძალის მქონე დეკრეტების გამოცემის საკითხს;

ვ) სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს;

ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და სხვა მხედართმთავრების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გადაყენების საკითხებს;

თ) საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას და კოლექტიური თავდაცვის სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს;

ი) საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ქვეყნის საზღვრების გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს;

კ) სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხებს;

ლ) სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნის საკითხს.

2. ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენასთან ერთად.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №4673 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

    მუხლი 21. (ამოღებულია

საქართველოს 2005  წლის 17 ივნისის ორგანული კანონი №1689  - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.216

საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

    მუხლი 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა და სხდომა

1. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი (შემდგომ – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი), საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.

3. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები. 

4. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის წევრი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის წევრებისა), საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი/საქართველოს მთავრობისადმი დაქვემდებარებული უწყების ხელმძღვანელი მოიწვევა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებისა) – საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

საქართველოს 2004  წლის 28 დეკემბერის ორგანული კანონი №824 - სსმ I, №4, 17.01.2005 წ., მუხ.13

საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 8  ივლისის ორგანული კანონი  №3974  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

    მუხლი 4. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი უფლებამოსილება

1. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი:

ა) როგორც საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, მონაწილეობს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის პროექტების შემუშავებაში;

ბ) ორგანიზებას უწევს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას;

გ) ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს;

დ) ამზადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს;

ე) ეროვნული უშიშროების საბჭოს სახელით დებს ხელშეკრულებებს საექსპერტო-ანალიტიკურ სამუშაოთა შესრულების შესახებ;

ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

ზ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №4673 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

    მუხლი 5. ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ საკითხის განხილვის წესი

1. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, როგორც წესი, დახურულია. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა შეიძლება ღიად გამოცხადდეს.

3. ეროვნული უშიშროების საბჭო განსახილველ საკითხზე შეიმუშავებს წინადადებას და მას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

4. საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცემს შესაბამის აქტს.

5. ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი კონტრასიგნაციას არ საჭიროებს.

საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

    მუხლი 6. საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია

საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

    მუხლი 7. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი

1. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.

2. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო განრიგს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

[2. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო ნუსხას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ. 
საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  ორგანული კანონი  №4388  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ.12).

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 11 ნოემბერი.

№565-IIს