ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ

ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ
დოკუმენტის ნომერი 565
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 12/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.210.050.04.001.001.591
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
565
11/11/2004
სსმ, 33, 12/11/2004
010.210.050.04.001.001.591
ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (17/05/2011 - 30/10/2014)

საქართველოს ორგანული კანონი

ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ

    მუხლი 1. ეროვნული უშიშროების საბჭო

1. საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის იქმნება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების, ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე, აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად .

3. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განისაზღვრება ამ კანონით.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №4673 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 2. ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება

ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დავალებით:

ა) უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებას;

ბ) ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებების შეფასებასა და პროგნოზირებას;

გ) განიხილავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფას;

დ) განიხილავს სამხედრო ძალების მშენებლობისა და განმტკიცების პროგრამებს და უზრუნველყოფს მათი განხორციელების ორგანიზებას;

ე) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, სამართალდაცვის, კორუფციასთან ბრძოლის, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის უსაფრთხოების სხვა სფეროებში;

ვ) შეისწავლის და აანალიზებს საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას და პერსპექტივებს;

ზ) შეიმუშავებს წინადადებებს კოლექტიური უშიშროების სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ;

თ) საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად განიხილავს ქვეყნის საზღვრების გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს;

ი) განიხილავს სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხებს;

კ) შეიმუშავებს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე;

ლ) საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ შეიმუშავებს წინადადებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენასთან ერთად;

მ) განიხილავს სამხედრო ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის საკითხებს;

ნ) სამხედრო ძალებისათვის ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის _ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სადირექტივო დოკუმენტებს სამხედრო ძალების მიერ მათ წინაშე დასახული ამოცანების შესასრულებლად;

ო) კოორდინაციას უწევს სამხედრო სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს;

პ) განიხილავს სამხედრო მრეწველობის ფუნქციონირების საკითხებს და მისი განვითარების პერსპექტივებს;

ჟ) განიხილავს სამხედრო კადრების მომზადების, განაწილების, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებს;

რ) აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების სფეროში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას;

ს) შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და გარე საფრთხეების პროგნოზირების, გამოვლენის, თავიდან აცილებისა და ნეიტრალიზაციისათვის;

ტ) შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად;

უ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შემუშავებას და აკონტროლებს მათ განხორციელებას;

ფ) განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ქ) განიხილავს იმ რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული;

1 ) ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე;

ღ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №4673 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 21. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცება

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს 2005  წლის 17 ივნისის ორგანული კანონი №1689  - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.216

    მუხლი 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა

1. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

3. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების მუშაობაში უშუალოდ მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

4. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეული იქნენ სხვა პირები.

საქართველოს 2004  წლის 28 დეკემბერის ორგანული კანონი №824 - სსმ I, №4, 17.01.2005 წ., მუხ.13

    მუხლი 4. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში _ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამოსილება

1. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში _ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში _ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

3. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში _ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი:

ა) უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის ორგანიზებას;

ბ) ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს;

გ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, აპარატისა და მისი ქვედანაყოფების დებულებებს;

დ) ამზადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს;

ე) აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და სხვა აქტების შესრულებას;

ვ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს მუდმივი ან დროებითი საუწყებათაშორისო კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ;

ზ) კოორდინაციას უწევს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შექმნილი მუდმივი ან დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობას;

თ) ხელს აწერს ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკვეთებსა და ხელშეკრულებებს საექსპერტო-ანალიზურ სამუშაოთა შესრულების თაობაზე;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

1 ) კ ოორდინაციას უწევს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე;

2 ) აკონტროლებს და კოორდინაციას უწევს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას;

3 ) ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების შექმნის საშიშროების ან მისი დადგომის შემთხვევაში მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს;

კ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №4673 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 5. ეროვნული უშიშროების საბჭოში საკითხის განხილვის წესი

1. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, როგორც წესი, დახურულია. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა შეიძლება გამოცხადდეს ღიად.

3. ეროვნული უშიშროების საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახილველ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად.

4. ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს შესაბამის აქტებს.

    მუხლი 6. ეროვნული უშიშროების საბჭოს საუწყებათაშორისო კომისიები

1. ეროვნული უშიშროების საბჭო თავისი ძირითადი ამოცანების შესაბამისად, ფუნქციურ ან რეგიონალურ საფუძველზე ქმნის მუდმივ ან დროებით საუწყებათაშორისო კომისიებს.

2. ეროვნული უშიშროების საბჭოს წინადადებით მუდმივ ან დროებით საუწყებათაშორისო კომისიას ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.

3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი ან დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების უფლებამოსილების, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 7. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი

1. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.

2. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, აპარატისა და მისი ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ.12).

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 11 ნოემბერი.

№565-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2004  წლის 28 დეკემბერის ორგანული კანონი №824 - სსმ I, №4, 17.01.2005 წ., მუხ.13

2. საქართველოს 2005  წლის 17 ივნისის ორგანული კანონი №1689  - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.216

3. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №4673 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.