ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016330
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2015 წლის 1 ივნისი

ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება „ ხაშურის საპატიო მოქალაქე“ .
მუხლი 2
შემოღებულ იქნეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია“.
მუხლი 3
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესი დანართი  №1- ის შესაბამისად.
მუხლი 4
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის პრემიის ლაურეატის მოწმობები დანართი №2-ის და დანართი №3- ის შესაბამისად.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 სექტემბრის №45 დადგენილება. (www.matsne.gov.ge 23/09/2011, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016074)
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე



დანართი 1

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესი

    ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესი (შემდგომში - წესი) არეგულირებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების საფუძვლებსა და წესს.

მუხლი 1
  1. საპატიო წოდება „ ხაშურის საპატიო მოქალაქე“ ენიჭება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქეს:

ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის;

ბ) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის;

გ) უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე, ხაშურის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

  1. ,,ხაშურის საპატიო მოქალაქის’’ წოდებას ანიჭებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ,,ხაშურის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული განაცხადის წარდგენის უფლება აქვს:

ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;

გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;

დ) საქართველოს პარლამენტის წევრს - ხაშურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს;

ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირ(ებ)ს;

ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს;

  1. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

ა) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის -ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული);

ბ) კანდიდატის ორი ფოტოსურათი, ზომით ¾;

გ) კანდიდატის წერილობითი თანხმობა;

4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში წინადადებასა და ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტის პროექტს წარუდგენს გამგებელს. გამგებელი გამოსცემს ბრძანებას საპატიო წოდების მინიჭების შესახებ.

5. ხაშურის საპატიო მოქალაქეებს ეძლევათ „ხაშურის საპატიო მოქალაქის’’ მოწმობა (დანართი N2) და მედალი. საპატიო მოქალაქის გვარი შეტანილ იქნება „ხაშურის საპატიო მოქალაქის’’ წოდების წიგნში.

6. „ხაშურის საპატიო მოქალაქის’’ წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია „ხაშურის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.

7. „ხაშურის საპატიო მოქალაქის’’ მოწმობას და მედალს საზეიმო ვითარებაში გადასცემს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მისგან უფლებამოსილი პირი.

8. „ხაშურის საპატიო მოქალაქეობის’’ ჩამორთმევა შეუძლია ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს მის მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ მიერ უღირსი საქციელის ჩადენის, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან საკუთარი ინიციატივით.

მუხლი 2
1.„ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია“ ერთჯერადად ენიჭება საქართველოს მოქალაქეებს საქართველოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის.

2. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის“ გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ იქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაც განისაზღვრება 7 (შვიდი) წევრით.

3. კონკურსის პირობები:

ა) კონკურსი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით გამოცხადდეს ორ წელიწადში ერთხელ ხაშურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე http://khashuri.org.ge/. საკონკურსო განაცხადების შემოტანა განხორციელდეს კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 (ათი) დღის ვადაში. ( მისამართი: ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხაშური, ტაბიძის ქ. №2)

ბ) „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის პრემია“  ენიჭება:

ბ.ა) დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევისათვის ნომინანტს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე სამეცნიერო ნაშრომები- მონოგრაფია, სტატიები, დოკუმენტური მასალა და იყოს ამ საკითხისა და სფეროს აღიარებული მკვლევარი;

პრემიის ოდენობა განისაზღვროს 2500 ლარით.

ბ.ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის წინაშე, ნომინანტს მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ისტორიის, კულტურის და ხელოვნების განვითარების, მოზარდი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში. ხაშურის მუნიციპალიტეტის ავტორიტეტისა და ცნობადობის გაზრდაში, რეგიონისა და ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში.

 პრემიის ოდენობა განისაზღვროს 2500 ლარით.

4. დროებითი სამუშაო ჯგუფი განაცხადების მიღების ვადის გასვლიდან 2 (ორი) კვირის ვადაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატურას „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის“ მისანიჭებლად გამარჯვებულ კანდიდატურას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

5. დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გამარჯვებული კანდიდატის გამოუვლენობის შემთხვევაში კონკურსი ითვლება ჩაშლილად და ახალი კონკურსი ტარდება ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნებითა და ვადების დაცვით.

6. მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მისგან უფლებამოსილი პირი „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის“ ლაურეატს გადასცემს შესაბამის მოწმობას (დანართი №3) და ფულად პრემიას.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.