მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 239
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.10.003.018623
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
239
01/06/2015
ვებგვერდი, 01/06/2015
010250000.10.003.018623
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/06/2015 - 16/09/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №239

2015 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 165-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თანდართული წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულება

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს.

 მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გეოგრაფიული ობიექტი – მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეული, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, აგრეთვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, გეგმარებითი რაიონი, სხვა ტერიტორიული ერთეული, მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე, ტბა;

ბ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი - სატრანსპორტო სისტემის ხაზოვანი ობიექტი (მეტროპოლიტენი, ფუნიკულიორი, საჰაერო-საბაგირო გზა, საწყალოსნო მიმოსვლის გზა და სხვა); სატრანსპორტო სისტემის ლოკალური ობიექტი (მეტროპოლიტენის სადგური, პავილიონი და ვესტიბიული, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, გადასაჯდომი სადგური, სატრანსპორტო კვანძი, ტერმინალი; საჰაერო-საბაგირო გზის სადგური, საწყალოსნო ტრანსპორტის ნავმისადგომი და ნავსადგური) და გარე ტრანსპორტის ლოკალური ობიექტი (ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, სადგური, პლატფორმა, აეროპორტი და აეროდრომი);

გ) სახელდება - ამ წესის შესაბამისად, უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონეთათვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა;

დ) სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე - პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში;

ე) რეგიონი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე.

 მუხლი 3. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება

1. სახელი ენიჭება:

ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;

ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.

2. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული და შინაარსობრივად მიზანშეწონილი.

3. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან.

4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აფხაზეთში - აგრეთვე, აფხაზურ ენაზე. საჭიროების შემთხვევაში, სახელწოდება შეიძლება მიეთითოს სხვა ენაზეც.

 მუხლი  4.  გეოგრაფიული ობიექტებისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) რეგიონში არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს;

ბ) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია;

გ) ისტორიულ ვითარებათა და სხვა გარემოებათა გამო მოხდა სახელწოდების დამახინჯება;

დ) სახელწოდების აღმნიშვნელი აბრევიატურა ან სიტყვათა წყობა აღარ შეესაბამება რეალობას;

ე) ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო  მიზანშეწონილია სახელწოდების შეცვლა;

ვ) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები;

ზ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნიათ;

თ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან კატეგორია;

ი) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის აუცილებლობას.

 მუხლი 5. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები

1. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე  გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდებისას, მათი სახელები და გვარები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ., სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიც არის: „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“).

3. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება, მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ., „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“).

4. თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა:  საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ., „მეფე დემეტრე თავდადებული“).

5. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ., „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში, გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ., „26 მაისის მოედანი“).

6. მეტროპოლიტენის სადგურების სახელწოდებები უნდა პასუხობდეს მთავარ დანიშნულებას - ქალაქში ორიენტაციას და შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა იყოს იდენტური შესაბამისი მიწისზედა ბუნებრივი, ისტორიული, ქალაქთმშენებლობითი თუ სხვაგვარი ქალაქმაფორმირებელი ობიექტების დასახელებისა.

7. მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, კვანძების, გადასაჯდომი სადგურებისა თუ ტერმინალების დასახელებები  დაკავშირებული უნდა იყოს მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტების დასახელებებთან.

8. საქალაქო ტრანსპორტის ერთი და იმავე, თუ სხვადასხვა სახეობის მარშრუტების გადაკვეთაზე არსებულ გაჩერებებს, სატრანსპორტო კვანძებს, გადასაჯდომ სადგურებს თუ ტერმინალებს უნდა ჰქონდეთ იდენტური დასახელება. გამონაკლისს წარმოადგენს მეტროპოლიტენის გადასაჯდომი კვანძი, რომლის სადგურების სახელწოდებები უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

9. დასაშვებია მოკლე ჩიხების, თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ., დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში, სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხს და გასასვლელს.

10. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები.

12. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც  გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.

13. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ მუხლში დადგენილი სახელდების წესის გარდა, დაადგინოს დამატებითი წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ წესსა და საქართველოს კანონმდებლობას.

 მუხლი 6. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების შეზღუდვა

1. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისას ისეთი სახელების გამოყენება, რომლებიც:

ა) აღვივებს შუღლს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური კუთვნილების, წარმოშობის მიხედვით;

ბ) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.

2.  სახელდებისას დაუშვებელია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ინიციალების გამოყენება (მაგ., „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“, „ი. გურჯი“).

3. დაუშვებელია ერთი და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების გამოყენება სხვა,  იმავე სახის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას.

4. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტის სახელის გადარქმევისას გეოგრაფიული ობიექტის უსახელოდ დატოვება.

5. გეოგრაფიული ობიექტის, რომლის სახელდებაც განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუქმების (აღარ არსებობს გეოგრაფიული ობიექტი) შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ, ამ წესის მე-7 მუხლის მე-14 პუნქტში განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს აცნობოს წერილობითი სახით.

 მუხლი 7. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. მუნიციპალიტეტის საკრებულო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ წესითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.

2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ შესაბამისი ინიციატივა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

3. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია:

ა) მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული სხვა სუბიექტი.

4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს:

ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) გეოგრაფიული ობიექტის აღწერა (გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები და სხვა);

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა ინფორმაცია.

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია. განხილვისას აღნიშნულმა კომისიამ უნდა გამოიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი ისტორიული და სხვა წყაროები.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია, საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის მიღების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში - სამთავრობო კომისია).

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში განსაზღვრულ მიმართვას უნდა დაერთოს:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი;

გ) ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით;

დ) გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.

10. ქალაქში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას, სამთავრობო კომისიისთვის მიმართვას, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტის ნაცვლად, უნდა დაერთოს:

ა) პროსპექტის (გამზირი), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, ბულვარის, ხეივანის სახელდებისას - სიტუაციური რუკა (ქაღალდის ვერსია). რუკაზე წერტილებით და ხაზებით უნდა იყოს აღწერილი ქუჩის ფორმა და გავრცელების არეალი. ქუჩის დასაწყისი და დასასრული უნდა აღიწეროს წერტილებით, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;

ბ) ზონის, მიკრორაიონის, მოედნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებისას - რუკაზე წერტილებით და ე.წ.  პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი ობიექტის ფორმა და გავრცელების არეალი, საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში.

11. სამთავრობო კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს სამი თვის ვადაში.

12. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო, განკარგულების სახით, იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, განკარგულებაში მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

13. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტი რეაგირებისთვის ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).

14. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ან/და ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით,  აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება,  გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ, ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

 მუხლი 8. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების წესი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში

1. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ამ წესის მე-7 მუხლის პირველი-მე-6, მე-13-მე-15 პუნქტებით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და პროცედურებით.

2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი განიხილება სამართლებრივი აქტის განხილვისთვის,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.

 მუხლი 9. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამატებითი უფლებამოსილება გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისას

შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ წესის მე-7 და მე-8 მუხლებით დადგენილი წესის გარდა, განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები შესაბამისი სამართლებრივი აქტით, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ წესსა და საქართველოს კანონმდებლობას.