კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 22/05/2015
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 040170030.57.069.016061
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
22/05/2015
ვებგვერდი, 25/05/2015
040170030.57.069.016061
კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/05/2015 - 02/07/2015)

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №7

2015  წლის  22 მაისი

ქ. თბილისი

 

 

კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“;

ბ) საკონკურსო წინადადების შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის ფორმულა (დანართი).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება.

3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გამოცხადებული კონკურსები ჩატარდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის“ შესაბამისად.

4. ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.



სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე



კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრა, კონკურსის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის მოწესრიგება, კოორდინაცია და მონიტორინგი.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონკურსი – სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში;

გ) რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან მიმწოდებელი, რომელიც, დადგენილი წესით, დარეგისტრირდა სისტემაში;

დ) უფლებამოსილი წარმომადგენელი – რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით სისტემაში დადგენილი წესით რეგისტრირებული და მოქმედი ფიზიკური პირი;

ე) კონკურსის ჩატარება – კონკურსის მეშვეობით გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების დადების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ქმედებათა ერთობლიობა;

ვ) საკონკურსო კომისია – კონკურსის ჩატარების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია;

ზ) საკონკურსო პირობები – საკონკურსო განცხადებითა და საკონკურსო დოკუმენტაციით შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების ერთობლიობა;

თ) საკონკურსო განცხადება – კონკურსის ჩატარების შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის საკონკურსო პირობების ნაწილი;

ი) საკონკურსო დოკუმენტაცია – საკონკურსო განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის საკონკურსო პირობების ნაწილი;

კ) საკონკურსო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით და საკონკურსო პირობების შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისთვის სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული საკონკურსო წინადადების ფასი;

ლ) ტექნიკური დოკუმენტაცია – საკონკურსო წინადადების ნაწილი, რომელიც შეიცავს საკონკურსო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ, გარდა საკონკურსო წინადადების ფასისა;

მ) კონკურსის მიმდინარეობის სტატუსი – რეგისტრირებული მომხმარებლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით კონკურსისთვის ავტომატურად მინიჭებული ამ მუხლით განსაზღვრული სტატუსი, რომელიც ასახავს კონკურსის მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს (შემდგომში – სტატუსი);

ნ) კონკურსი გამოცხადებულია – სტატუსი, რომელიც მოიცავს საკონკურსო განცხადების სისტემაში განთავსებიდან და რეგისტრაციიდან საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე კონკურსის მიმდინარეობის ეტაპს. მხოლოდ ამ ეტაპზე აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება, დადგენილი წესით, შეცვალოს საკონკურსო პირობები, გარდა შესყიდვის ობიექტისა (საკონკურსო დოკუმენტაციის ცვლილება შესაძლებელია სისტემაში უკვე ატვირთული საკონკურსო დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი/დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით). სისტემაში მითითებული სტატუსი აღინიშნება, როგორც „შესყიდვა გამოცხადებულია“;

ო) წინადადებების მიღება დაწყებულია – კონკურსის მიმდინარეობის ეტაპი, რომლის დროსაც პრეტენდენტს უფლება აქვს, წარადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მიუთითოს საკონკურსო წინადადების ფასი. კონკურსს სტატუსი „წინადადებების მიღება დაწყებულია“ ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსი;

პ) წინადადებების მიღება დასრულებულია – სტატუსი, რომელიც კონკურსს სისტემის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება მას შემდეგ, რაც დასრულდება საკონკურსო წინადადებების მიღება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსები ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;

ჟ) შერჩევა-შეფასება – კონკურსის მიმდინარეობის ეტაპი, რომლის დროსაც ფასდება პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. კონკურსს სტატუსი „შერჩევა-შეფასება“ სისტემის მეშვეობით ენიჭება ავტომატურად, მას შემდეგ, რაც საკონკურსო კომისია სისტემაში ატვირთავს საკონკურსო კომისიის სხდომის შესაბამის ოქმს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;

რ) გამარჯვებული გამოვლენილია – სტატუსი, რომელიც კონკურსს სისტემის მეშვეობით ენიჭება ავტომატურად, მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაცია დაადგენს პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას, სისტემის შესაბამის ველებში დააფიქსირებს საკონკურსო წინადადებების ხარისხის ჯამურ ქულებს, ეს ქულები სისტემის მეშვეობით აგრეგირდება საკონკურსო წინადადებების ფასთან და სისტემის მეშვეობით გამოვლინდება საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტი. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;

ს) მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც საკონკურსო კომისია დაადგენს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ამ წესის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ან/და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას (თუ კონკურსში მოთხოვნილია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ან/და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარმოდგენა) და გამარჯვებულ პრეტენდენტს მოიწვევს ხელშეკრულების დასადებად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში არც ერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო მონაწილეობა ან ამ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“–„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;

ტ) ხელშეკრულება დადებულია – სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემაში ატვირთავს მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებას და სისტემის შესაბამის ველში მიეთითება ამ მიმწოდებლის სახელწოდება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა ან კონკურსი დასრულებულია უარყოფითი შედეგით, აგრეთვე თუ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“–„ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;

უ) ხელშეკრულების სტატუსი – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად სისტემის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებისთვის (შემდგომში – ხელშეკრულება) მინიჭებული ამ პუნქტის „ფ“–„ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს;

ფ) მიმდინარე ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობას. ხელშეკრულებას ეს სტატუსი სისტემის მეშვეობით ენიჭება ავტომატურად, მას შემდეგ, რაც კონკურსს მიენიჭება სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“;

ქ) შესრულებული ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემის შესაბამის ველში, დადგენილი წესით, ატვირთავს ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ასახავს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას;

ღ) შეუსრულებელი ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემის შესაბამის ველში, დადგენილი წესით, ატვირთავს ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ასახავს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ყ) დასრულებულია უარყოფითი შედეგით – სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემაში ატვირთავს საკონკურსო კომისიის სხდომის შესაბამის ოქმსა და სხვა დოკუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რითაც დასტურდება, რომ კონკურსში მონაწილე ყველა პრეტენდენტმა უარი თქვა საკონკურსო წინადადებაზე ან კონკურსში მონაწილე საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე ყველა პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;

შ) არ შედგა – სტატუსი, რომელიც კონკურსს სისტემის მეშვეობით ენიჭება ავტომატურად, მას შემდეგ, რაც კონკურსს მიენიჭა ამ პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსი და არც ერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში;

ჩ) კონკურსი შეწყვეტილია – სტატუსი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ კონკურსს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს კონკურსის შეწყვეტის შესახებ საკონკურსო კომისიის სხდომის შესაბამის ოქმს, რომელშიც მითითებული იქნება კონკურსის შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნული სტატუსის მინიჭება შესაძლებელია კონკურსის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა კონკურსისთვის ამ პუნქტის „ტ“, „ყ“ ან „შ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების შემთხვევისა;

ც) კონკურსის საბოლოო სტატუსი – კონკურსის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „კონკურსი არ შედგა“ ან „კონკურსი შეწყვეტილია“;

ძ) საკონკურსო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია) – საკონკურსო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით;

წ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი – კანონით განსაზღვრული შავი სია, რომლის წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;

ჭ) შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი – კანონით განსაზღვრული თეთრი სია, რომლის წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.

მუხლი 3. კონკურსის ჩატარება

1. კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია.

2. კონკურსის ჩატარებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს პროცედურების გამჭვირვალობა, პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა.

3. საკონკურსო წინადადების განხილვასა და კონკურსის მეშვეობით მიმწოდებლის შერჩევაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.

მუხლი 4. საკონკურსო კომისია

1. კონკურს ატარებს საკონკურსო კომისია, რომელსაც, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით, ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

2. საკონკურსო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმძღვანელ პირთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც.

3. საკონკურსო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.

4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

5. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება საკონკურსო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.

6. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება არანაკლებ სამი წევრი. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. საკონკურსო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7. საკონკურსო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს საკონკურსო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ საკონკურსო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. საკონკურსო კომისიის ნებისმიერი სხდომის ოქმი საკონკურსო კომისიის დამსწრე წევრების მიერ ხელმოწერისთანავე უნდა აიტვირთოს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.

8. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით. მიმოწერა ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

მუხლი 5. საკონკურსო განცხადება

1. საკონკურსო განცხადება ივსება და ქვეყნდება სისტემის მეშვეობით.

2. საკონკურსო განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შესყიდვის ტიპს;

ბ) საკონკურსო განცხადების ნომერს;

გ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელებას;

დ) კონკურსის გამოცხადების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;

ე) საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;

ვ) შესყიდვის დაფინანსებას (წელსა და წყაროს);

ზ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას;

თ) მითითებას, რომ საკონკურსო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გარეშე;

ი) კლასიფიკატორის დანაყოფსა და მის შესაბამის CPV კოდს;

კ) შესყიდვის შესაძლო ყველაზე დეტალურ ობიექტსა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);

ლ) შესყიდვის ობიექტის მოცულობას;

მ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას;

ნ) ხარისხის ჯამური შეფასებისა და საკონკურსო წინადადების ფასის ხვედრით წონებს, რომელთა ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ მთელს. ამასთან, ხარისხის ჯამური შეფასების ხვედრითი წონა არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს და არ უნდა იყოს 70%-ზე ნაკლები;

ო) ელექტრონული გარანტიის ოდენობას;

პ) ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადას;

ჟ) შემსყიდველი ორგანიზაციის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელსა და გვარს, რომელმაც განათავსა საკონკურსო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღისა და ზუსტი დროის მითითებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ და „ო“–„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია საკონკურსო განცხადებაში ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით.

4. კონკურსში საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებისა და საკონკურსო წინადადებების მიღების დასრულების ვადის ათვლა იწყება საკონკურსო განცხადების სისტემაში განთავსების მომდევნო სამუშაო დღიდან.

5. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 დღეს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია და დააფიქსიროს საკონკურსო წინადადების ფასი.

6. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა აღემატება 10 დღეს, შემდგომში დაუშვებელია ამ ვადის შემცირება.

7. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, საკონკურსო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.

8. წინადადებების მიღების დაწყების შემდეგ, დაუშვებელია საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის შეცვლა, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საკონკურსო განცხადებაში შეცვალოს შესყიდვის დაფინანსების წყარო, რისთვისაც გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა სათანადო ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ წლიურ გეგმაში.

10. საკონკურსო განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია სისტემაში საკონკურსო დოკუმენტაციის, აგრეთვე საკონკურსო პირობების დამტკიცების შესახებ საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის ატვირთვა.

 

მუხლი 6. საკონკურსო დოკუმენტაცია

1. საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

ბ) შესასყიდი მომსახურების მოცულობასა და სრულ აღწერას, მისი გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;

გ) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმასა და ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში);

დ) დათქმას, საჭიროა თუ არა საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარდგენა, ასევე, ასეთ შემთხვევაში, მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული საკონკურსო წინადადების ფასი, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც;

ე) ხარისხის ჯამური შეფასებისა და საკონკურსო წინადადების ფასის ხვედრით წონებს, რომელთა ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ მთელს. ამასთან, ხარისხის ჯამური შეფასების ხვედრითი წონა არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს და არ უნდა იყოს 70%-ზე ნაკლები;

ვ) საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილ ხარისხის კრიტერიუმებსა და მათ ხვედრით წონებს. შემსყიდველი ორგანიზაცია, მისი საჭიროების შესაბამისად, განსაზღვრავს ხარისხის შეფასების კრიტერიუმებს, ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით. ხარისხის შეფასების თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა. ამასთან, ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონების ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ მთელს;

ზ) საკონკურსო დოკუმენტაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) საკონკურსო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ.

2. საკონკურსო დოკუმენტაცია, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების (ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტები – სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური ან/და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.) წარმოდგენის მოთხოვნას, რაც შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა დაასაბუთოს.

 

მუხლი 7. ხარისხის შეფასების კრიტერიუმები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია, ყოველი კონკრეტული კონკურსის შემთხვევაში, განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტი და მისი საკონკურსო წინადადება.

2. პრეტენდენტების მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დაწესდეს მათი პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და საქმიანობის სხვა საჭირო საკითხებთან დაკავშირებით.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განსაზღვროს ხარისხის შეფასების კრიტერიუმების შემდეგი ტიპები:

ა) მოთხოვნები, რომლებსაც შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტი, მისი ტექნიკური დოკუმენტაცია უპირობოდ უნდა აკმაყოფილებდეს და ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;

ბ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება მაღალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაციაც ყველაზე მეტად აღემატება საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მინიმალურ მოთხოვნას;

გ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება დაბალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაციაც ყველაზე მეტად სცილდება (მეტობიდან ნაკლებობისკენ) საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მაქსიმალურ მოთხოვნას;

დ) არათვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება საკონკურსო კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მაღალ საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს;

ე) კრიტერიუმები, რომლებიც გულისხმობს საკონკურსო დოკუმენტაციით დადგენილი გარკვეული პირობის/პირობების შესრულებას და პრეტენდენტის მიერ ამ პირობის/პირობების შეუსრულებლობა არ იწვევს მის დისკვალიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობას/პირობებს, ტექნიკური დოკუმენტაციის ხარისხის შეფასება კლებულობს საკონკურსო დოკუმენტაციაში განსაზღვრული პროცენტული ოდენობის შესაბამისად.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია, ყოველი კონკრეტული კონკურსის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის ჯამურად განსაზღვროს არაუმეტეს ხუთი კრიტერიუმი, „გ“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის – არაუმეტეს ხუთი, ხოლო „ე“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის – არაუმეტეს სამი კრიტერიუმი.

მუხლი 8. განმარტების მიღების უფლება

1. კონკურსისთვის სტატუსის „შესყიდვა გამოცხადებულია“ მინიჭებიდან სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს 24 საათისა, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, შემსყიდველ ორგანიზაციას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს საკონკურსო პირობების განმარტება/დაზუსტება. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კითხვის დასმიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს 2 საათისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთოს შესაბამისი განმარტება/დაზუსტება, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

2. კონკურსში სისტემის მეშვეობით გამოვლენილ საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა ასევე შეუძლია კონკურსისთვის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებიდან სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გააკეთოს შესაბამისი განმარტება/დაზუსტება გონივრულ ვადაში, კონკურსში ხელშეკრულების დადებამდე.

მუხლი 9. საკონკურსო წინადადების წარდგენა

1. პრეტენდენტს კონკურსში საკონკურსო წინადადების წარდგენა შეუძლია კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე.

2. საკონკურსო წინადადების წარდგენამდე, ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს უფლება აქვს, გაეცნოს საკონკურსო განცხადებასა და საკონკურსო დოკუმენტაციას.

3. საკონკურსო წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

4. ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის შემდეგ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს საკონკურსო წინადადების ფასი დღგ-ის გარეშე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას. საკონკურსო წინადადების ფასს პრეტენდენტი უთითებს მხოლოდ სისტემის შესაბამის ველში. დაუშვებელია ტექნიკურ დოკუმენტაციაში საკონკურსო წინადადების ფასის მითითება. პრეტენდენტი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიუთითებს საკონკურსო წინადადების ფასს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

5. პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს საკონკურსო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა.

6. საკონკურსო წინადადების ფასის მითითებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ, პრეტენდენტს უფლება არ აქვს, შეცვალოს წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და საკონკურსო წინადადების ფასი.

7. სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა ვინაობისა და მათი საკონკურსო წინადადების ანონიმურობას კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე. პრეტენდენტების ვინაობა და მათი ტექნიკური დოკუმენტაციები იხსნება კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, ხოლო საკონკურსო წინადადებების ფასი იხსნება პრეტენდენტების საკონკურსო წინადადებების ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირებისა და მათი საკონკურსო წინადადებების ფასთან სისტემის მეშვეობით ავტომატურად აგრეგირების შემდეგ. ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირების შემდეგ, დაუშვებელია ხარისხის ჯამური ქულის ცვლილება, გარდა ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. ხელშეკრულების დასადებად მოწვევამდე, პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას საკონკურსო წინადადებაზე. საკონკურსო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.

მუხლი 10. ელექტრონული გარანტია

1. ელექტრონული გარანტიის ბენეფიციარი/მიმღები არის სააგენტო. ელექტრონული გარანტია სააგენტოს წარედგინება სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების შემდეგ და საფასურის გადახდამდე.

2. ელექტრონული გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 პროცენტს.

3. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 120 კალენდარული დღით, კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებიდან. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტია წარდგენილია საბანკო პლასტიკური ბარათიდან სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით, სისტემა უზრუნველყოფს ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადას შესაბამისი კონკურსისთვის საბოლოო სტატუსის მინიჭებამდე.

4. კონკურსისთვის საბოლოო სტატუსის მინიჭების შემდეგ, სტატუსის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) გადაწყვეტილების აღსრულების ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შერჩევა-შეფასების წესების არასათანადო გამოყენებით გამოწვეული შედეგების გამოსწორების აუცილებლობით, სააგენტოს ახალი ელექტრონული გარანტია წარედგინება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადით. ასეთ შემთხვევაში, გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს სააგენტოში სისტემის გამოყენების გარეშე. კონკურსს სტატუსი ეცვლება მხოლოდ სააგენტოში ახალი გარანტიის წარდგენის შემდეგ.

5. კონკურსისთვის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ ან „კონკურსი შეწყვეტილია“ მინიჭების შემდეგ, პრეტენდენტს უბრუნდება ელექტრონული გარანტია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

6. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს დაუბრუნდება ამ მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით, პრეტენდენტი ვალდებულია, დაუბრუნოს სააგენტოს საგარანტიო თანხა შესაბამისი მოთხოვნისთანავე.

7. გარანტი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნისთანავე, უზრუნველყოს გარანტიების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული გარანტიის შესრულების ან გარანტიით გათვალისწინებულ უფლებაზე უარის თქმის შესახებ სისტემის მეშვეობით სააგენტოს მიერ ელექტრონული შეტყობინების სახით გაგზავნილი მოთხოვნის შესრულება.

მუხლი 11. საფასური

1. საკონკურსო წინადადების წარდგენის საფასურის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.

2. საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, სისტემის მეშვეობით, ელექტრონული გარანტიის წარდგენის შემდეგ და ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვამდე.

3. გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფასური შეცდომით გადახდილია განსაზღვრულ კანონით განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის.

4. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა, შესაბამისი საფუძვლის მითითებითა და თანდართული დოკუმენტაციით, სააგენტოს წარედგინება თანხის შეცდომით გადახდიდან სამი თვის ვადაში. სააგენტო მოთხოვნას იხილავს ერთი თვის ვადაში. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უბრუნდება ათი სამუშაო დღის ვადაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ზედმეტად გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

მუხლი 12. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა

1. საუკეთესო საკონკურსო წინადადებისა და გამარჯვებულის გამოვლენისთვის კონკურსში გამოიყენება საკონკურსო პირობებით დადგენილი კრიტერიუმები და მათი წონები.

2. კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭების შემდეგ, წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები ფასდება ორ ეტაპად, ამ მუხლით დადგენილი წესით.

3. საკონკურსო წინადადების/წინადადებების შეფასების დაწყებამდე, კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, საკონკურსო კომისია იხილავს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას. პრეტენდენტი/პრეტენდენტები, რომლის/რომელთა ტექნიკური დოკუმენტაციაც არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს, ექვემდებარება/ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. საკონკურსო კომისია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, პრეტენდენტს/პრეტენდენტებს მიმართავს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს საკონკურსო წინადადების არსებით ცვლილებას. სატენდერო კომისია პრეტენდენტს/პრეტენდენტებს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების დასაზუსტებლად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას.

5. დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს საკონკურსო კომისია აფასებს დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/პრეტენდენტები დადგენილ ვადაში არ დააზუსტებს/არ დააზუსტებენ ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს, იგი/ისინი ექვემდებარება/ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო თუ პრეტენდენტის/პრეტენდენტების მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია/დოკუმენტაციები არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს, იგი/ისინი ექვემდებარება/ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. დაუშვებელია ტექნიკური დოკუმენტაციის განმეორებით დაზუსტება.

6. კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან, ხოლო თუ საკონკურსო კომისია მიმართავს პრეტენდენტს/პრეტენდენტებს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების დაზუსტების მოთხოვნით – დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების შეფასებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, საკონკურსო კომისია აფასებს ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს. პირველ ეტაპზე, შემსყიდველი ორგანიზაცია აფასებს პრეტენდენტის/პრეტენდენტების ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხარისხის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, საკონკურსო წინადადების ფასის ცოდნის გარეშე, ამ წესის დანართის „ა“–„ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად. ხარისხის შეფასებისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა ისარგებლოს სისტემაში განთავსებული ხარისხის ჯამური ქულის დაანგარიშების მატრიცით. პრეტენდენტის/პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების შეფასება უნდა აისახოს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში.

7. არათვლადი კრიტერიუმების შემთხვევაში, ხარისხის შეფასების მიზნით, საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს და ანიჭებს ტექნიკური დოკუმენტაციის არათვლად კრიტერიუმს შესაბამის ქულას. თითოეულ არათვლად კრიტერიუმში პრეტენდენტის მიერ მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული პრინციპით გამოყვანილი ქულა მიეთითება დანართით გათვალისწინებულ ფორმულაში. საკონკურსო კომისია არ ანიჭებს ქულას ტექნიკური დოკუმენტაციის თვლად კრიტერიუმებს. ასეთ შემთხვევაში, კრიტერიუმის მნიშვნელობად განისაზღვრება პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარდგენილი კრიტერიუმის თვლადი მაჩვენებელი, რაც უცვლელად მიეთითება დანართით გათვალისწინებულ ფორმულაში ხარისხის ჯამური ქულის დაანგარიშების მიზნით.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში/ველებში უთითებს პრეტენდენტის/პრეტენდენტების მიერ მიღებულ ხარისხის ჯამურ ქულას/ქულებს, რომელიც სისტემის მეშვეობით ავტომატურად აგრეგირდება საკონკურსო წინადადების/წინადადებების ფასთან, ამ წესის დანართის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული მეთოდის შესაბამისად. ხარისხის ჯამური ქულა საკონკურსო წინადადების ფასთან აგრეგირდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული ხვედრითი წონების გათვალისწინებით. აგრეგირების შედეგად, სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტების რიგითობის დადგენასა და საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენას. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე პრეტენდენტმა აგრეგირების შედეგად მიიღო თანაბარი ქულა, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა წარადგინა საკონკურსო წინადადების ფასი. ხარისხის ჯამური ქულის/ქულების საკონკურსო წინადადების/წინადადებების ფასთან აგრეგირებისთვის სავალდებულოა პრეტენდენტის/პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების შეფასების ოქმისა და ხარისხის ჯამური ქულის დაანგარიშების შევსებული მატრიცის სისტემაში ატვირთვა.

9. თუ კონკურსში მოთხოვნილია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს მიმართავს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემულ უნდა იყოს კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს ოცდაათი დღისა. წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს მათი წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

10. თუ კონკურსში გათვალისწინებულია საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარდგენა, საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს მიმართავს საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების სისტემის მეშვეობით წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას. წარდგენილ გაანგარიშებას საკონკურსო კომისია აფასებს წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. თუ წარდგენილი გაანგარიშება შეიცავს ხარვეზს, საკონკურსო კომისია მიმართავს პრეტენდენტს გაანგარიშების დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას. დაზუსტებულ გაანგარიშებას საკონკურსო კომისია აფასებს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. თუ პრეტენდენტი არ წარადგენს ან არ დააზუსტებს გაანგარიშებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

11. საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მიმართოს სისტემის მიერ განსაზღვრულ რიგით მომდევნო საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტს.

 

მუხლი 13. დისკვალიფიკაცია

1. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ:

ა) იგი უარს იტყვის საკონკურსო წინადადებაზე;

ბ) მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს;

გ) იგი, დადგენილ ვადაში, არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას;

დ) იგი არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან მის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

ე) იგი არ წარადგენს ან, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, არ დააზუსტებს საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშებას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

ვ) იგი არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;

ზ) იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

2. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავე.

 

მუხლი 14. კონკურსის შეჩერება ან შეწყვეტა

1. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეწყვიტოს კონკურსი.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია კონკურსის პროცედურებს აჩერებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აცნობოს კონკურსის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ სააგენტოსა და პრეტენდენტებს.

მუხლი 15. ხელშეკრულების დადება

1. საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს არანაკლებ 11 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას.

2. თუ კონკურსში მოთხოვნილია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ან/და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარმოდგენა, საკონკურსო კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადას განუსაზღვრავს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ან/და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე.

3. თუ კონკურსში მოთხოვნილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, იგი შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრულ ვადაში.

4. ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზ(ებ)ი, რომლის გამოც ვერ ხერხდება ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში.

5. კონკურსისთვის სტატუსის „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“ მინიჭების მომდევნო 10 სამუშაო დღის განმავლობაში დაუშვებელია ხელშეკრულების დადება.

6. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემაში უნდა აიტვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

მუხლი 16. ხელშეკრულების პირობები

1. კონკურსის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება იდება საკონკურსო დოკუმენტაციაში მოცემული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, საკონკურსო პირობებისა და კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტის საკონკურსო წინადადების შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საკონკურსო წინადადების ფასს.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში, იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე.

3. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს;

ბ) საკონკურსო განცხადების ნომერს;

გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);

დ) ხელშეკრულების ღირებულებას;

ე) მომსახურების გაწევის ვადას;

ვ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);

ზ) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები.

5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ განსაზღვროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილისგან განსხვავებული პირობები, აგრეთვე გადაწყვიტოს ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გავრცელების საკითხი.

6. ხელშეკრულების მოქმედება, სულ მცირე, 30 დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.

 

მუხლი 17. ცვლილება ხელშეკრულებაში

1. კონკურსის შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით და აიტვირთოს სისტემაში ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

2. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.

მუხლი 18. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

კონკურსის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების საკითხი წესრიგდება კანონითა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 21-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 19. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი დაავალოს, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს.

მუხლი 20. ხელშეკრულების სტატუსები

1. კონკურსის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში ტვირთავს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ასახავს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას და ანიჭებს ხელშეკრულებას შესაბამის სტატუსს („შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“).

2. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციად ჩაითვლება ნებისმიერი დოკუმენტი/კორესპონდენცია, რაც დაკავშირებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის დასკვნა, ფოტოსურათი და სხვა.).

მუხლი 21. კონკურსის გასაჩივრება

1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს, დადგენილი წესით, შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში, საბჭოში ან სასამართლოში, თუ მიაჩნია, რომ კონკურსის ჩატარებისას დაირღვა კანონით ან/და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.

2. საბჭოში გასაჩივრებისა და საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესი განისაზღვრება კანონითა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესით“.

3. შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სასამართლოში გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 22. კონკურსის/ხელშეკრულების სტატუსის შეცვლა

1. კონკურსისთვის ან/და ხელშეკრულებისთვის არასწორად მინიჭებულ სტატუსს ცვლის სააგენტო შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია კონკურსს ან/და ხელშეკრულებას არასწორად მიანიჭებს სტატუსს ან/და კონკურსისთვის მინიჭებული სტატუსის შეცვლა გამოწვეულია საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებით.

2. კონკურსისთვის ან/და ხელშეკრულებისთვის არასწორად მინიჭებულ სტატუსის შეცვლის წესი განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 261 მუხლით.


12. 26/01/2024 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 52 - ვებგვერდი, 29/01/2024 11. 21/08/2023 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 45 - ვებგვერდი, 22/08/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 06/08/2021 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 30 - ვებგვერდი, 09/08/2021 9. 29/12/2020 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 19 - ვებგვერდი, 30/12/2020 8. 07/03/2018 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 6 - ვებგვერდი, 07/03/2018 7. 25/08/2017 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 34 - ვებგვერდი, 29/08/2017 6. 19/06/2017 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 30 - ვებგვერდი, 22/06/2017 5. 14/03/2017 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 6 - ვებგვერდი, 15/03/2017 4. 26/10/2016 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 14 - ვებგვერდი, 27/10/2016 3. 22/07/2016 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 8 - ვებგვერდი, 26/07/2016 2. 29/10/2015 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 17 - ვებგვერდი, 30/10/2015 1. 02/07/2015 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 8 - ვებგვერდი, 03/07/2015