ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 631
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 08/02/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 08/02/1995
სარეგისტრაციო კოდი 300.230.000.05.001.000.095
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
631
08/02/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 08/02/1995
300.230.000.05.001.000.095
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (11/03/2011 - 25/03/2013)

საქართველოს კანონი

საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ

    მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „ბაზელის კონვენცია“ 1989 წლის 22 მარტის ბაზელის კონვენცია „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებსა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“. საქართველოს მიერ ბაზელის კონვენციის სამართლებრივ მოთხოვნათა შესრულების სფეროში ევროგაერთიანებებთან თანამშრომლობის ვალდებულება გათვალისწინებულია „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, ერთი მხრივ, ევროპის გაერთიანებებსა და მათ წევრ სახელმწიფოებს და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ 1996 წლის 22 აპრილის შეთანხმებით, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1996 წლის 4 სექტემბერს;

ბ) ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულება“ ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის 1 თებერვლის №259/93/EEC დებულება „ევროგაერთიანების ფარგლებში, ევროგაერთიანებაში და ევროგაერთიანების ფარგლებს გარეთ ნარჩენების გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“.

    მუხლი 2. ნარჩენები, რომელთა ტრანზიტი და იმპორტი აკრძალულია

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია ყოველგვარი ნარჩენების ტრანზიტი და იმპორტი, თუ ამის შესახებ პირდაპირ არ უთითებს ეს კანონი.

2. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია:

ა) სახიფათო (მათ შორის ტოქსიკური) და რადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენების ტრანზიტი და იმპორტი მათი უტილიზაციის, გაუვნებელყოფის, გადამუშავების, დამარხვის ან ნებისმიერი სხვა მიზნით (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით დადგენილი ნარჩენების განთავსების ოპერაციების ჩათვლით);

ბ) არასახიფათო (მათ შორის არატოქსიკური) და არარადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენების იმპორტი მათი გაუვნებელყოფის, დამარხვის ან ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელსაც ითვალისწინებს ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული „ნარჩენებთან დაკავშირებულ განთავსების ოპერაციათა „A“ ჯგუფი.

    მუხლი 3. ნარჩენები, რომელთა ტრანზიტი და იმპორტი დაშვებულია

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) დაშვებულია არასახიფათო (მათ შორის არატოქსიკური) და არარადიაქტიური ნარჩენების იმპორტი მხოლოდ მათი შემდგომი გადამუშავების, რეექსპორტის ან ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელსაც ითვალისწინებს ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული „ნარჩენებთან დაკავშირებულ განთავსების ოპერაციათა „B“ ჯგუფი.“. ეს ნარჩენებია: შავი და ფერადი ლითონების ჯართი, ყველა ტიპის მაკულატურა, პლასტმასები (მხოლოდ იმ ტიპისა, რომელთა გადამუშავებაც საქართველოში შესაძლებელია), საფეიქრო და საგალანტერიო წარმოების, ხის გადამუშავების (ბურბუშელა, ნახერხი), აგრეთვე მინის ნარჩენები. ეს ნარჩენები ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულებით დადგენილი „ნარჩენების მწვანე სიით“ განსაზღვრულ ნარჩენების კატეგორიათა მიხედვით მიეკუთვნებიან:

ა) კატეგორია „GA“-ს (არადისპერსიულ ფორმაში მყოფი ნარჩენები, რომლებიც შედგება მეტალებისა და მეტალთა შენადნობებისაგან; არადისპერსიულ ფორმაში მყოფ ნარჩენებს არ მიეკუთვნება ნარჩენები ფხვნილის, წიდის ან მტვრის სახით, აგრეთვე მყარი საგნები, რომლებიც შეიცავენ სახიფათო ნარჩენებს თხევადი ფორმით);

ბ) კატეგორია „GH“-ს (მყარი პლასტმასის ნარჩენები);

გ) კატეგორია „GI“-ს (ქაღალდის, მუყაოსა და ქაღალდის ნაწარმის ნარჩენები);

დ) კატეგორია „GJ“-ს (საფეიქრო ნარჩენები);

ე) კატეგორია „GN“-ის GN010/ეx 0502 00“-ის სახეობას;

ვ) კატეგორია „GL“-ს (დაუმუშავებელი კორპისა და მერქნის ნარჩენები);

ზ) კატეგორია „GE“-ს (მინის ნარჩენები არადისპერსიულ ფორმაში);

თ) კატეგორია „GC“-ს (შავ ან ფოლადსასხმელ წარმოებაში მიღებული გრანულირებული წიდა).

2. ნარჩენების იმპორტი დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოსა და ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობების მოთხოვნათა შორის უმკაცრესს.

საქართველოს 2010 წლის 13 ივლისის კანონი №3395-სსმ I, №41, 21.07.2010წ., მუხ.263

    მუხლი 4. სახიფათო და რადიაქტიური ნარჩენების იდენტიფიკაცია

1. რადიაქტიურ ნარჩენებს განეკუთვნება ყოველგვარი ნარჩენები (ნაკეთობები, მასალები, ნივთიერებები და ბიოლოგიური ობიექტები), დაბინძურებული რადიაქტიური ნივთიერებების ისეთი ოდენობით, რომელიც აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასაშვებ ნორმებს.

2. სახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება:

ა) ბაზელის კონვენციის პირველი დანართით დადგენილი, კონტროლსა და განსაკუთრებულ განხილვას დაქვემდებარებული ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდებიან ამავე კონვენციის მე-3 დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით;

ბ) ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულებით დადგენილი „ნარჩენების ყვითელი სიითა“ და „ნარჩენების წითელი სიით“ განსაზღვრული ნარჩენები.

    მუხლი 5. დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ერთოდეს ნარჩენებს ტრანზიტისა და იმპორტის დროს

1. ნარჩენებს ტრანზიტისა და იმპორტის დროს უნდა ერთოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია, აგრეთვე ბაზელის კონვენციის სამართლებრივი მოთხოვნებით დადგენილი მონაცემები.

2. ევროპის კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შემთხვევაში დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულებით გათვალისწინებულ ფორმებს.

    მუხლი 6. ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირება

1. ნარჩენების ტრანზიტსა და იმპორტს არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად.

2. ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების სფეროში ბაზელის კონვენციის მე-2 მუხლითა და ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის 259/93 დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების პროცედურა და წესი განისაზღვრება დებულებით „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების პროცედურისა და წესის შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4407-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 7. ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი

ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის დროს დაცული უნდა იყოს „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 10 დეკემბრის კანონის 34-ე მუხლით, „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონით, „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი.

    მუხლი 8. პასუხისმგებლობა „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 9. გარდამავალი დებულებები

1. ამ კანონით განსაზღვრულ „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების პროცედურისა და წესის შესახებ“ დებულების დამტკიცებამდე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების (კონტროლის) პროცედურასა და წესს განსაზღვრავენ ბაზელის კონვენციითა და ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმები.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რადიაქტიური ნარჩენების იდენტიფიკაციისათვის საჭირო დასაშვები ნორმების არარსებობის ან მათი გაუქმების შემთხვევაში მოქმედებს ამ სფეროში ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ნორმებიდან უმკაცრესი.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი.

1995 წლის 8 თებერვალი.

№631

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №957-პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.65

2. საქართველოს 2010 წლის 13 ივლისის კანონი №3395-სსმ I, №41, 21.07.2010წ., მუხ.263

3. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმ I, №66, 03.12.2010წ., მუხ.414

4. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4407 – ვებგვერდი, 17.03.2011წ.

10. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1660-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 9. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 899-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 8. 13/04/2016 - საქართველოს კანონი - 4952-IIს - ვებგვერდი, 26/04/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1029-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 30/07/2013 - საქართველოს კანონი - 905-რს - ვებგვერდი, 20/08/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 458-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 4. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4407-Iს - ვებგვერდი, 110317037, 17/03/2011 3. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 2. 13/07/2010 - საქართველოს კანონი - 3395 - სსმ, 41, 21/07/2010 1. 16/10/1997 - საქართველოს კანონი - 957 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას