ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 631
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 08/02/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 08/02/1995
სარეგისტრაციო კოდი 300.230.000.05.001.000.095
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
631
08/02/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 08/02/1995
300.230.000.05.001.000.095
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

    მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

1. ბაზელის კონვენცია – 1989 წლის 22 მარტის ბაზელის კონვენცია „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“.

2. ნარჩენი – ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული ნარჩენი.

3. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა – ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი.

4. ნარჩენების იმპორტი – ნარჩენების შეტანა შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა.

5. ნარჩენების ექსპორტი – ნარჩენების გატანა შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიიდან, გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა.

6. ნარჩენების ტრანზიტი – ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს (იმპორტის და ექსპორტის სახელმწიფოების გარდა) ტერიტორიის გავლით.

7. განთავსება – ბაზელის კონვენციის IV „A“ დანართით გათვალისწინებული ოპერაციები.

8. აღდგენა – ბაზელის კონვენციის IV „B“ დანართით გათვალისწინებული ოპერაციები.

9. შუალედური აღდგენა – ბაზელის კონვენციის IV „B“ დანართით გათვალისწინებული R12 და R13 ოპერაციები.

10. სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

11. ნარჩენების ნუსხა – „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხა.

12. ნებართვა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა.

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1660 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 2. ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალულია

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია ყოველგვარი ნარჩენის იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი, თუ ამის შესახებ პირდაპირ არ უთითებს ეს კანონი.

2. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია:

ა) სახიფათო ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი;

ბ) არასახიფათო ნარჩენების იმპორტი – მათი განთავსების მიზნით;

გ) სახიფათო ნარჩენების ექსპორტი, თუ:

გ.ა) სახელმწიფო, რომელშიც ხორციელდება სახიფათო ნარჩენების ექსპორტი, არ არის ბაზელის კონვენციის წევრი ან ოფიციალურად კრძალავს ასეთი ნარჩენების იმპორტს;

გ.ბ) არ არსებობს იმპორტის ან/და ტრანზიტის სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) წერილობითი თანხმობა.

საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის კანონი №905 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

    მუხლი 3. ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი  დაშვებულია

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) დაშვებულია:

ა) არასახიფათო ნარჩენების იმპორტი – მათი შემდგომი აღდგენის მიზნით;

ბ) არასახიფათო ნარჩენების ექსპორტი და ტრანზიტი;

გ) სახიფათო ნარჩენების ექსპორტი – სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში მონაწილე სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) თანხმობით, ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით.

2. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში მონაწილე სახელმწიფოთა კანონმდებლობების მოთხოვნათაგან უმკაცრესს.

3. „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხას“ დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2010 წლის 13 ივლისის კანონი №3395-სსმ I, №41, 21.07.2010წ., მუხ.263
საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის კანონი №905 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

    მუხლი 4. სახიფათო ნარჩენებისა და არასახიფათო ნარჩენების იდენტიფიკაცია

1. ამ კანონის მიზნებისათვის სახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება:

ა) ბაზელის კონვენციის I დანართით განსაზღვრული, კონტროლირებადი ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდება იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით;

ბ) ბაზელის კონვენციის II დანართით განსაზღვრული, განსაკუთრებული განხილვისადმი დაქვემდებარებული ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდება იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით;

გ) ბაზელის კონვენციის VIII დანართით განსაზღვრული ნარჩენები, რომლებიც ხასიათდება იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით;

დ) ნარჩენების ნუსხის შესაბამისად განსაზღვრული სახიფათო ნარჩენები.

2. ამ კანონის მიზნებისათვის არასახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება:

ა) ბაზელის კონვენციის IX დანართით განსაზღვრული ნარჩენები, თუ მათ არ აქვთ იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებები;

ბ) ნარჩენების ნუსხის შესაბამისად განსაზღვრული არასახიფათო ნარჩენები.

3. ბაზელის კონვენციის დანართებსა და ნარჩენების ნუსხას შორის ნარჩენების სახიფათო თვისებებთან დაკავშირებით განსხვავებული რეგულაციების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება რეგულაციებს შორის უმკაცრესი.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

     მუხლი 41. ნებართვის გამცემი და მისი უფლება-მოვალეობები

1. ნებართვის გამცემია სამინისტრო.

2. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით.

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

     მუხლი 5. ნებართვის გაცემის წესი

1. ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სახიფათო ნარჩენების ექსპორტის ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში.

3. სახიფათო ნარჩენების ექსპორტის მიზნით შესაბამისი ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა სამინისტროს წერილობითი განცხადება უნდა წარუდგინოს. ამ განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ნებართვის მაძიებლის განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ბაზელის კონვენციის V „A“ და V „B“ დანართების მიხედვით სათანადოდ შევსებული შეტყობინებისა და გადაზიდვის ფორმები;

ბ) ნებართვის მაძიებელსა და გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები;

გ) ფინანსური გარანტია, რომელიც წარმოდგენილია საბანკო გარანტიის ან დაზღვევის სახით. იგი უნდა ფარავდეს ნარჩენების გადაზიდვის ხარჯებს და განთავსების ან აღდგენის (მათ შორის, საჭირო შუალედური აღდგენის) ხარჯებს.

4. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმპორტის ან/და ტრანზიტის სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) წერილობითი თანხმობის მისაღებად შესაბამისი შეტყობინების პროცედურას ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული წესით ახორციელებს სამინისტრო. ამ პუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) გადაწყვეტილების წარმოდგენამდე სამინისტროში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება.

5. სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა ხორციელდება ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.

6. არასახიფათო ნარჩენის იმპორტის მიზნით შესაბამისი ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ნარჩენის დასახელება;

ბ) ნარჩენის კოდი (ბაზელის კონვენციის მიხედვით; ნარჩენების ნუსხის მიხედვით; სასაქონლო ნომენკლატურის (HS) მიხედვით);

გ) ნარჩენის რაოდენობა (ტონა);

დ) ნარჩენის აღწერილობა;

ე) ნარჩენის შეფუთვის ტიპი;

ვ) ნარჩენის ექსპორტის სახელმწიფო;

ზ) ნარჩენის ექსპორტიორი;

თ) ნარჩენის იმპორტიორი;

ი) ნარჩენის აღდგენის ობიექტის დასახელება, ადგილმდებარეობა და მისამართი;

კ) გადაზიდვაში მონაწილე ფიზიკურ პირებს ან/და იურიდიულ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები;

ლ) დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების აღდგენა გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება.

7. ნებართვის გამცემს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, ნებართვის მაძიებელს მოსთხოვოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის სრულყოფილი შემოწმებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.

8. ნებართვის გამცემს უფლება აქვს, უარი განაცხადოს არასახიფათო ნარჩენის იმპორტის ნებართვის გაცემაზე, თუ:

ა) ნარჩენის გამოყენება იწვევს უფრო მეტი ნარჩენის წარმოქმნას, ვიდრე პირველადი ნედლეულის გამოყენება;

ბ) აღდგენის ობიექტის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია არ უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო დამუშავებას.

9. ნებართვა გაიცემა 3 ეგზემპლარად, რომელთაგან 1 სამინისტროს რჩება, ხოლო 2 ნებართვის მაძიებელს გადაეცემა.

10. არასახიფათო ნარჩენების ექსპორტს და ტრანზიტს ნებართვა ან/და ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების პროცედურის განხორციელება არ ესაჭიროება, თუ ამას არ მოითხოვს იმპორტის ან ექსპორტის სახელმწიფოს სათანადო კომპეტენტური ორგანო. მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტრო იმპორტის ან ექსპორტის სახელმწიფოს სათანადო კომპეტენტურ ორგანოს აწვდის შესაბამის ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

11. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური სამინისტროს ყოველი წლის 1 სექტემბრამდე აწვდის ინფორმაციას წინა წელს საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტირებული და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული ნარჩენების შესახებ (ეს ინფორმაცია შეიცავს შემდეგ მონაცემებს: იმპორტირებული, ექსპორტირებული ან ტრანზიტით გადაადგილებული ნარჩენის კატეგორია; ნარჩენის დასახელება; ნარჩენის იმპორტიორი/ექსპორტიორი; ნარჩენის იმპორტის/ექსპორტის სახელმწიფო; ნარჩენის კოდი; ნარჩენის რაოდენობა).

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.    

    მუხლი 51. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი 

ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.    

    მუხლი 52. სანებართვო მოწმობის ფორმა. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

1. სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ნორმატიული აქტით.

2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის დებულებები.

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. 
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1660 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

     მუხლი 53. ნებართვის მოქმედების ვადა

ნებართვა გაიცემა 1 წლამდე ვადით.

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.    

     მუხლი 54. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და ნებართვის გაუქმების წესი 

1. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

2. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

    მუხლი 6. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის რეგულირება

1. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაზე საბაჟო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად.

2. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის რეგულირების სფეროში ბაზელის კონვენციის მე-2 პარაგრაფის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციებს ასრულებს სამინისტრო.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის რეგულირების წესი განისაზღვრება ამ კანონისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414 
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4407-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №458 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

    მუხლი 7. ნარჩენებისადმი ეკოლოგიური მოთხოვნები

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის განხორციელებისას დაცული უნდა იყოს ნარჩენების მართვის კოდექსით, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა ეკოლოგიური მოთხოვნები.

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №899 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

     მუხლი 8. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

   მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი.

1995 წლის 8 თებერვალი.

№631

10. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1660-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 9. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 899-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 8. 13/04/2016 - საქართველოს კანონი - 4952-IIს - ვებგვერდი, 26/04/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1029-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 30/07/2013 - საქართველოს კანონი - 905-რს - ვებგვერდი, 20/08/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 458-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 4. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4407-Iს - ვებგვერდი, 110317037, 17/03/2011 3. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 2. 13/07/2010 - საქართველოს კანონი - 3395 - სსმ, 41, 21/07/2010 1. 16/10/1997 - საქართველოს კანონი - 957 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას