მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ

  • Word
მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 570
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 12/10/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 12/10/1994
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.020.000.05.001.000.086
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
570
12/10/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 12/10/1994
340.020.000.05.001.000.086
მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ტერიტორიაზე მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვა საერთო -საზოგადოებრივი და სახელმწიფო საქმეა. მასზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ადამიანის ჯანმრთელობაზე, ცოცხალ ორგანიზმებზე, წყალზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, მთლიანად სიცოცხლის ბალანსზე (აგრო თუ ბუნებრივ ეკოსისტემებში) მცენარეთა დაცვის საშუალებების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილება, აგრეთვე მოსახლეობის უზრუნველყოფა სურსათით.

    მუხლი 2. კანონის მიზანი

მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის კანონის მიზანია:

ა) კულტურულ მცენარეთა, სათიბ-საძოვრებისა და ტყეების მავნე ორგანიზმებისაგან (მავნებლები, დაავადებანი, სარეველები) დაცვა;

ბ) ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ფაუნისა და ფლორისათვის, საერთოდ ბიოსფეროსათვის მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების არასასურველი შედეგების თავიდან აცილება;

გ) მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა და მცენარეული წარმოშობის პროდუქტების დაცვის ღონისძიებათა სამართლებრივი საფუძვლის უზრუნველყოფა;

დ) მცენარეთა დაცვის სფეროში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტების განხორციელების უზრუნველყოფა;

ე) საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების გავრცელება-განვითარების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელება.

საქართველოს 199 7 წლის 16 სექტემბრის   კანონი № 846 -პარლამენტის უწყებანი , № 41 , 08 . 1 0.199 7 ; გვ . 29 .

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი № 1890 -სსმ I, № 13(20) , 01 .0 5 . 1999 წ; მუხ. 48

    მუხლი 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებანი

1. საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა დაცვის სამუშაოებს ორგანიზაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. სამინისტრო:

ა) ახორციელებს შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესრულების კონტროლს;

ბ) კოორდინაციას უწევს მცენარეთა დაცვის კონცეფციას, პერსპექტიული პროგრამებისა და პროგნოზების დამუშავებას;

გ) ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების (განურჩევლად საკუთრებისა და სარგებლობის ფორმისა) ფიტოსანიტარიულ დიაგნოსტიკას, მავნე ორგანიზმების გავრცელების პროგნოზირებას და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების კონტროლს;

დ) საკუთარი კომპეტენციის სფეროში თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ე) პროპაგანდას უწევს მეცნიერების მიღწევებსა და პროგრესულ ტექნოლოგიებს, განსაზღვრავს მცენარეთა დაცვის საშუალებებზე საორიენტაციო მოთხოვნებს;

ვ) ახორციელებს მცენარეთა დაცვის საშუალებების მიმოქცევისა და გამოყენების კონტროლს;

ზ) ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კონსულტაციისა და საინფორმაციო დახმარების გაწევას;

თ) ატყობინებს ყველა მიწის მესაკუთრესა და მიწით მოსარგებლეს მავნე ორგანიზმების გამოჩენის, გამრავლებისა და განვითარების ვადების შესახებ, მიუთითებს, თუ როგორ გამოიყენონ მათ წინააღმდეგ ეკოლოგიურად გამრავლებული მეთოდები და საშუალებები, ამასთანავე დაიცვან მავნეობის ეკონომიკური ზღვრები და „ლოდინის პერიოდი“.

საქართველოს 199 7 წლის 16 სექტემბრის   კანონი № 846 -პარლამენტის უწყებანი , № 41 , 08 . 1 0.199 7 ; გვ . 29 .

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი № 1890 -სსმ I, № 13(20) , 01 .0 5 . 1999 წ; მუხ. 48

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი № 2574 -სსმ I, № 59 , 31 . 12 . 2005 წ; მუხ. 456

    მუხლი 4. საკარანტინო სამსახური

1. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს მცენარეთა საგარეო და საშინაო კარანტინის სახელმწიფოებრივ ღონისძიებათა სისტემა, რომლის დანიშნულებაა აღკვეთოს სახელმწიფოში მცენარეთა მავნე ორგანიზმების შემოტანა და გავრცელება და ამ მიზნით:

ა) კონტროლი გაუწიოს მცენარეული და სხვა პროდუქციის წარმოების, დამზადების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების საკარანტინო წესების დაცვას;

ბ) დროულად გამოავლინოს, შეზღუდოს და მოსპოს მავნებელი დაავადებები და სარეველები, აღკვეთოს მათი გავრცელება რეგიონებში;

გ) უზრუნველყოს, რომ ყველა საწარმო-დაწესებულება და ორგანიზაცია (მიუხედავად მათი საკუთრებისა და სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა), აგრეთვე მოქალაქეები, რომლებიც დაკავშირებული არიან მცენარეული პროდუქციის წარმოებასთან, ტრანსპორტირებასთან, შენახვასთან და რეალიზაციასთან, ახორციელებდნენ მცენარეთა დაცვის საკარანტინო ღონისძიებებს.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საბაჟო კონტროლის ზონაში სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი № 1890 -სსმ I, № 13(20) , 01 .0 5 . 1999 წ; მუხ. 48

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი № 2574 -სსმ I, № 59 , 31 . 12 . 2005 წ; მუხ. 456

საქართველოს 2005 წლის 29 დეკემბრის კანონი №4236-სსმ I, № 5 0, 3 0. 12 . 200 6წ; მუხ.387

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი № 877 -სსმ I, № 41 , 30 . 12 . 2008 წ; მუხ. 312

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3600-სსმ I, №54, 12.10.2010წ; მუხ.352

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5958 - ვებგვერდი, 12.04.2012წ.

    მუხლი 5. მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოცდა და რეგისტრაცია

1. რეგისტრაციას ექვემდებარება საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პესტიციდების მხოლოდ ის პრეპარატული ფორმები და ბიოლოგიური საშუალებები, რომლებიც სახელმწიფო გამოცდის პროცესში ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენურად და ეკოლოგიურად დადებითად შეფასდა და დიდი ბიოლოგიური ეფექტურობა გამოავლინა.

2. მცენარეთა დაცვის საშუალებების სახელმწიფო გამოცდის მიზანია მათი ეფექტურობის, ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ბუნებისთვის საფრთხის ხარისხის დადგენა.

3. რეგისტრირებული პრეპარატების, მცენარეთა ზრდის რეგულატორების ნუსხის, მათი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების, ხმარების რეგლამენტის და გამოსაყენებლად რეკომენდებული ტექნიკური საშუალებების (მანქანების) სიის გამოქვეყნება ხდება პერიოდულად შესაბამისი უწყების მიერ.

4. რეგისტრაციის მოქმედების ვადა შეიძლება შეჩერდეს ან შეწყდეს, თუ პრეპარატები და ზრდის რეგულატორები გამოავლენენ ახალ თვისებებს, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.

    მუხლი 6. მცენარეთა დაცვის საშუალებათა ტოქსიკოლოგიურ - ჰიგიენური შეფასება

1. გამოსაყენებლად რეკომენდებული მცენარეთა დაცვის საშუალებები ექვემდებარება ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენურ შეფასებას. მათი გამოყენებისას ითვალისწინებენ ტოქსიკურ ნივთიერებათა რეალურ რაოდენობას.

2. მცენარეთა დაცვის საშუალებების ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენური შეფასება ტარდება სასურსათო და ცხოველთა საკვებ პროდუქტებში, აგრეთვე, ბუნებაში ტოქსიკურ ნივთიერებათა შემცველობის დასაშვები დოზის დადგენის, ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე არასასურველი შედეგების გამორიცხვის მიზნით.

    მუხლი 7. მცენარეთა დაცვის საშუალებათა გამოყენება

1. მცენარეთა დაცვის საშუალებები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრირებული აქვს შესაბამის უწყებას ნებადართული პრეპარატების სიაში.

2. რეგისტრაციაში გატარებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შემოტანა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი უწყების ნებართვით, მეცნიერული კვლევისათვის.

3. მცენარეთა დაცვის საშუალებანი, რომლებიც საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი სამუშაოებისათვის არაკომერციული მიზნით, აგრეთვე სახელმწიფო გამოცდისათვის შემოდის, თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისაგან.

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3600-სსმ I, №54, 12.10.2010წ; მუხ.352

   მუხლი 8. მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოება, შენახვა და ტრანსპორტირება

1. მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოება დასაშვებია მხოლოდ იმ ქიმიურ და ბიოლოგიურ შენაერთებსა და პრეპარატულ ფორმებზე, რომლებზეც დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია.

2. მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვა შეიძლება შესაბამისი უწყების მიერ გაცემული პასპორტის მქონე სათავსებში, სანიტარიული მოთხოვნებისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესისამებრ.

3. მცენარეთა დაცვის საშუალებათა ტრანსპორტირება შეიძლება მხოლოდ იმ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით და ტარით, რომლებიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 9. მიწათმოსარგებლეთა ვალდებულება მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას

პესტიციდების გამოყენებისას მიწათმოსარგებლეები ვალდებული არიან:

ა) წინასწარ გააფრთხილონ ადგილობრივი მოსახლეობა და აცნობონ შესაბამის სამსახურებს მცენარეთა დამუშავების ვადა და ადგილი;

ბ) მკაცრად დაიცვან პესტიციდების გამოყენების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ნორმები, რეგლამენტი და ტექნოლოგია;

გ) განახორციელონ შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკით დადგენილი მოთხოვნები, პესტიციდების ხარჯვის, ტრანსპორტირებისა და შენახვის მკაცრი აღრიცხვა.

    მუხლი 91. ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებები მცენარეთა დაცვის სფეროში

სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანისა და რეალიზაციის დროს ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან:

ა) არ დაუშვან პესტიციდებით მცენარეული პროდუქციისა და გარემოს დაბინძურება, მათი მავნე ზემოქმედება ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობაზე;

ბ) განახორციელონ რეკომენდებული ღონისძიებანი მცენარეთა იმ მავნე ორგანიზმების მასობრივი განვითარებისა და მომიჯნავე ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც საშიშია მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობისათვის.

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი № 1890 -სსმ I, № 13(20) , 01 .0 5 . 1999 წ; მუხ. 48

    მუხლი 10. აკრძალვები მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას

1. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია:

ა) მცენარეთა დაცვის საშუალებათა (შხამ-ქიმიკატების) გამოყენება წყალშემკრებ, წყალსაცავ, დასახლებული პუნქტების წყალმომარაგების სათავე ნაგებობებისა და კანონით დადგენილ სხვა განსაკუთრებით საგანგებო ზონებში;

ბ) დასაშვებ ნორმაზე მეტი პესტიციდების ნარჩენების შემცველი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოყენება და მისი იმპორტი;

გ) რეგისტრაციაში გაუტარებელი მცენარეთა დაცვის საშუალებების შემოტანა და გამოყენება;

დ) დაავადებული და დაუმუშავებელი თესლის, ნერგების და მცენარეების დაცვის ვადაგასული საშუალებების გამოყენება;

ე) რეგისტრაციაში გაუტარებელი მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოება და ტრანსპორტირება;

ვ) თესლისა და სუბსტრატების შემოტანა და გაყიდვა, რომლებიც შეიცავენ საქართველოში არარეგისტრირებულ მცენარეთა დაცვის საშუალებებს (მოქმედ ნივთიერებას) ან რომლებიც არ შეესაბამებიან საქართველოში რეგისტრირებული საშუალებების შემადგენლობასა და მათ მოქმედებას.

2. იმ ტექნიკური საშუალებების (მანქანების) გამოყენება, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის აღჭურვილი მუშაობის ხარისხის განმსაზღვრელი საკონტროლო საშუალებებით.

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი № 1890 -სსმ I, № 13(20) , 01 .0 5 . 1999 წ; მუხ. 48

    მუხლი 11. მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი

საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა დაცვის საერთო მდგომარეობას კონტროლს უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი № 2574 -სსმ I, № 59 , 31 . 12 . 2005 წ; მუხ. 456

    მუხლი 12. პასუხისმგებლობა მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევისათვის

მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 121. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელ პირთა უფლებები

1. (ამოღებულია).

2. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელ პირებს უფლება აქვთ:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის, პესტიციდების საწყობების, სათესლე საცავების, მიწის ნაკვეთების ფიტოსანიტარიული მდგომარეობა, გაატარონ მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ღონისძიებების კომპლექსი, დაიცვან მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვის, ტრანსპორტირების, წარმოების (დაფასოების), რეალიზაციისა და გამოყენების დადგენილი რეგლამენტები;

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიიღონ ინფორმაცია ნათესებისა და მრავალწლიანი ნარგავების, ტყეების, სათიბ-საძოვრების, სათესლე და სარგავი მასალის ფიტოსანიტარიული მდგომარეობისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ;

გ) ინსტრუქციების, რეკომენდაციების, ტექნოლოგიებისა და რეგლამენტების დარღვევის შემთხვევაში შეაჩერონ მცენარეთა დაცვის სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) კონტროლის მიზნით აიღონ მცენარეული პროდუქციისა და ნიადაგის ნიმუშები მათში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრისათვის, პესტიციდების, ბიოლოგიური და სხვა საშუალებების, შეწამლული თესლის ნიმუშები მათი ხარისხის დასადგენად სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი № 1890 -სსმ I, № 13(20) , 01 .0 5 . 1999 წ; მუხ. 48

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი № 2574 -სსმ I, № 59 , 31 . 12 . 2005 წ; მუხ. 456

    მუხლი 13. საერთაშორისო ხელშეკრულებანი

1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, დადგენილია მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.

    მუხლი 14. კანონში მოცემულ ტერმინთა განმარტებანი

1. პესტიციდები მცენარეთა დაცვის საშუალებები, რომლებიც წარმოშობით შეიძლება იყოს ქიმიური, ბიოლოგიური და მცენარეული.

2. ლოდინის პერიოდი “ – დღეებით გამოხატული დრო პესტიციდით უკანასკნელი დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე.

3. მავნეობის ეკონომიკური ზღვარი მავნე ორგანიზმების გავრცელების ინტენსიურობა ან მცენარეთა დაზიანების ხარისხი, როდესაც მცენარეთა დაცვის ღონისძიება ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებულია.

4. დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია საცავებში, საწყობებში, სათბურებში შესაბამისად დაავადებების, მავნებლების და მღრღნელების საწინააღმდეგო ღონისძიებანი.

5. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული კონტროლი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობა, მიმართული მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მასობრივი გავრცელების გამოვლენისა და თავიდან აცილებისაკენ, მცენარეთა დაცვის ღონისძიებების დარღვევათა გამოვლენისაკენ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზედამხედველობა საშიში მავნე ორგანიზმების აღმოჩენისას მასობრივი გავრცელების მიზეზების გამოვლენა და დადგენა, მავნე ორგანიზმებისაგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარებასა და საშუალებების გამოყენებაზე რეგლამენტების მოთხოვნათა შესრულება.

საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი № 1890 -სსმ I, № 13(20) , 01 .0 5 . 1999 წ; მუხ. 48

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი № 2574 -სსმ I, № 59 , 31 . 12 . 2005 წ; მუხ. 456

    მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

1. „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე, 23-ე და 30-ე მუხლების ამოქმედებამდე ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებები გავრცელდეს მხოლოდ:

ა) პროდუქციის საქართველოში შემოტანისას, თუ ცნობილია, რომ პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში არის მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადების ფაქტები, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიაზე განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო ორგანიზმების გავრცელებისას;

ბ) მეწარმის მოთხოვნის საფუძველზე, მის საკუთარ საწარმოში.

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადებების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის გამოქვეყნება სისტემატურად, აღნიშნულ ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი № 1785 -სსმ I, № 40 , 18 .0 7 . 2005 წ; მუხ. 273

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი № 5118 -სსმ I, № 27 , 17 . 07 . 2007 წ; მუხ. 253

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2465-სსმ I, № 4 9, 30 . 12 . 200 9წ; მუხ. 3 77

 

საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარე  სახელმწიფოს მეთაური         ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი        ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1994 წლის 12 ოქტომბერი.

№570 Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 16 სექტემბრის  კანონი №846-პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997; გვ.29.

2. საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1890-სსმ I, №13(20), 01.05.1999წ; მუხ.48

3. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1785-სსმ I, №40, 18.07.2005წ; მუხ.273

4. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2574-სსმ I, №59, 31.12.2005წ; მუხ.456

5. საქართველოს 2005 წლის 29 დეკემბრის კანონი №4236-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.387

6. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5118-სსმ I, №27, 17.07.2007წ; მუხ.253

7. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №877-სსმ I, №41, 30.12.2008წ; მუხ.312

8. საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2465-სსმ I, №49, 30.12.2009წ; მუხ.377

9. საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3600-სსმ I, №54, 12.10.2010წ; მუხ.352

10. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5958 - ვებგვერდი, 12.04.2012წ.

11. ძალადაკარგულია  – საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6155 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.