სტატისტიკის შესახებ

  • Word
სტატისტიკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1071
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 350.000.000.05.001.000.293
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1071
12/11/1997
პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
350.000.000.05.001.000.293
სტატისტიკის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (25/12/2002 - 24/06/2005)

საქართველოს კანონი

სტატისტიკის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა სტატისტიკის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და მათ შესაბამისად მიღებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან, რომლებიც აწესრიგებენ სტატისტიკურ საქმიანობას.

ამ კანონის მიზანია შექმნას სამართლებრივი ბაზა თანამიმდევრული ორგანიზაციული, სამეცნიერო და პრაქტიკული ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მასობრივი საზოგადოებრივ-ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების მახასიათებელ სტატისტიკურ მაჩვენებელთა მოპოვებას, დამუშავებას, ანალიზსა და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების და მოსახლეობის ინფორმირებას. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო, უწყებრივი და არასახელმწიფო სტატისტიკის ორგანიზაციულ პრინციპებსა და საქმიანობის მეთოდებს, აგრეთვე სტატისტიკური საქმიანობით დაკავებულ დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობებში იურიდიულ და ფიზიკურ პირთა უფლება-მოვალეობებს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, ანალიზის, გადაცემის, გამოყენებისა და დაცვის საკითხებს, ვრცელდება საქართველოს ყველა რეზიდენტ იურიდიულ და, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით, ფიზიკურ პირზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ არარეზიდენტებზე, მიუხედავად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

    მუხლი 2. სახელმწიფო სტატისტიკის მართვის ძირითადი ამოცანები და პრინციპები

1. სახელმწიფო სტატისტიკის ძირითადი ამოცანებია:

ა) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მახასიათებელი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, შენახვა, ანალიზი და განზოგადება სტატისტიკური მეთოდოლოგიის საფუძველზე, საერთაშორისო სტატისტიკური სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით;  

ბ) სახელმწიფო ორგანოებში სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებისა და მოსახლეობის ინფორმირება.

2. სახელმწიფო სტატისტიკის ძირითადი პრინციპებია:

ა) სტატისტიკური ინფორმაციის ობიექტურობა, უტყუარობა, დამოუკიდებლობა, ქრონოლოგიური შედარებითობა და თავსებადობა.

ბ) სტატისტიკური ინფორმაციის სისრულე, დროულობა და მიწოდების სტაბილურობა;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჯაროობა და კონფიდენციალობა.

თავი II

სტატისტიკის ორგანიზაცია

    მუხლი 3. სტატისტიკის მართვის ორგანოები

1. სახელმწიფო სტატისტიკის მართვის ორგანოა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომლის ტერიტორიული ორგანოებია: აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტები, ქ. თბილისის სტატისტიკის სამმართველო და სტატისტიკის სხვა ტერიტორიული დაწესებულებები.

2. უწყებრივი სტატისტიკის ორგანოებს წარმოადგენენ სამთავრობო დაწესებულებების საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულებები.

3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შეიძლება დაფუძნდნენ ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სტატისტიკურ დაკვირვებათა მწარმოებელი არასამთავრობო დაწესებულებები და ორგანიზაციები.

    მუხლი 4. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

1. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაციას და პასუხისმგებელია მის მდგომარეობაზე ქვეყანაში, აგროვებს და ამუშავებს აუცილებელ სტატისტიკურ ინფორმაციას და მის ბაზაზე ქმნის ინფორმაციულ რესურსებს;

ბ) ამუშავებს და იყენებს მსოფლიო სტანდარტებთან მისადაგებულ ეკონომიკური საქმიანობისა და სხვა სახის ეროვნულ კლასიფიკატორებს;

გ) აანალიზებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ პროცესებს და ეკოლოგიურ მდგომარეობას;

დ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს წარუდგენს შესაბამის სტატისტიკურ ინფორმაციას სახელისუფლებო პროგრამებისა და პროგნოზების შესამუშავებლად;

ე) აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს სპეციალურ გამოცემებში და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

ვ) აწარმოებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს;

ზ) მონაწილეობს სტატისტიკური ინფორმაციის წყაროდ გამოსაყენებელ პირველადი აღრიცხვისა და წლიური საფინანსო-საბალანსო ფორმების მაჩვენებელთა, აგრეთვე სხვა დოკუმენტების შემუშავებაში;

თ) ქმნის და ხელს უწყობს სახელმწიფო და ადგილობრივ რეგისტრებს, კომპიუტერული და კავშირგაბმულობის საშუალებების მეშვეობით უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სისტემასთან მის თავსებადობას;

ი) სახელმწიფო ორგანოებს, ეკონომიკური პროფილისა და სხვა ორგანიზაციებს ეხმარება საკუთარი სტატისტიკური ინფორმაციული ბაზის შექმნაში უწყებათაშორისი ინფორმაციული რესურსების თავსებადობის მიზნით.

2. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, დადგენილი წესით, გარკვეული პერიოდულობით, ქვეყანაში ატარებს საყოველთაო აღწერებს (მოსახლეობის, ძირითადი ფონდების, საწარმოების და სხვა) ან შერჩევითი სახის კვლევებს.

3. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებას, რომელშიც ასახულია დეპარტამენტის საქმიანობის სახეები და ამოცანები, ორგანიზაცია და სტრუქტურა, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი, ტერიტორიული ორგანოები, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მუშაობას;

ბ) პასუხისმგებელია სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტად და მიზანმიმართულად შესრულებისათვის, ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე;

გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ამ კანონისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ) სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საშტატო ერთეულებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო მოსამსახურეებს და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს საჯარო ხელისუფლების შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამის, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შემოსავლისა და გასავლის ხარჯთაღრიცხვის შესახებ და თვალყურს ადევნებს ხარჯთაღრიცხვის ზუსტ და მიზანშეწონილ შესრულებას;

ვ) შეიმუშავებს წინადადებებს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;

ზ) ასრულებს საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

    მუხლი 5. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქ. თბილისში, ქვეყნის სხვა ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო სტატისტიკას უძღვებიან და მის მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტები, სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის საქალაქო სამმართველო, სახელმწიფო სტატისტიკის შესაბამისი ტერიტორიული დაწესებულებები.

    მუხლი 6. საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულებები

1. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების მოთხოვნების შესაბამისად მათ შემადგენლობაში სპეციალური სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შეიქმნას სათანადო ქვედანაყოფი, რომელიც სამთავრობო დაწესებულების კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს უწყებრივ სტატისტიკას და პასუხისმგებელია მისი მდგომარეობისათვის.

2. საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულება საქმიანობს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მიერ დამტკიცებული დებულებით.

3. საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულების ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება.

4. საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულება მუშაობას წარმართავს სამთავრობო დაწესებულების მოთხოვნების შესაბამისად, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობით.

5. საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულებები სტატისტიკურ ინფორმაციას დადგენილი წესით წარუდგენენ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს.

    მუხლი 7. სტატისტიკური დაკვირვებების მწარმოებელი არასამთავრობო დაწესებულებები და ორგანიზაციები

1. სტატისტიკური დაკვირვებების ჩატარებისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად შეიძლება შეიქმნას შესაბამისი საქმიანობით დაკავებული არასამთავრობო დაწესებულებები და ორგანიზაციები.

2. არასამთავრობო დაწესებულებები და ორგანიზაციები სტატისტიკური სამუშაოების ჩატარებისას იყენებენ სტატისტიკის საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ პრინციპებს, დაკვირვებათა ფორმებსა და მეთოდებს, უზრუნველყოფენ მოპოვებული, დამუშავებული და გაანალიზებული სტატისტიკური ინფორმაციის სახელშეკრულებო საფუძველზე მომხმარებლისათვის მიწოდებას.

3. არასამთავრობო დაწესებულებებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ატარებენ სტატისტიკურ დაკვირვებებს, პირველადი სტატისტიკური ინფორმაცია მიეწოდებათ მხოლოდ ნებაყოფილობით საფუძველზე.

თავი III

სტატისტიკური დაკვირვება

    მუხლი 8. სტატისტიკური დაკვირვების სახეობები და ობიექტები

1. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოები და საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულებები სტატისტიკურ ინფორმაციას მოიპოვებენ სტატისტიკური დაკვირვების (მიმდინარე სტატისტიკური ანგარიშგების და სპეციალურად ორგანიზებული სტატისტიკური დაკვირვების) მეშვეობით.

2. სტატისტიკური დაკვირვების ობიექტები არიან საქართველოს რეზიდენტები, აგრეთვე დაკვირვების პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი არარეზიდენტები.

3. სტატისტიკური დაკვირვების სახეობა, დაკვირვების ობიექტთა წრე, პერიოდულობა, მონაცემთა წარდგენის ფორმა და ვადა განისაზღვრება ამ დაკვირვების მიზნების შესაბამისად და მათ სათანადო მეთოდოლოგიურ მითითებებთან ერთად ამტკიცებს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

    მუხლი 9. სახელმწიფო სტატისტიკურ დაკვირვებათა ორგანიზაცია

1. სახელმწიფო სტატისტიკურ დაკვირვებებს ატარებენ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოები.

2. სახელმწიფო სტატისტიკურ დაკვირვებათა ნუსხას, პერიოდულობას, მაჩვენებლებს და დაკვირვების ობიექტებს განსაზღვრავს საქართველოს სტატისტიკური სამუშაოების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დგება ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებების მოთხოვნების გათვალისწინებით და დაკვეთით, და მას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 10. უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვებები

1. უწყებრივ სტატისტიკურ დაკვირვებებს ატარებენ სტატისტიკის შესაბამისი სამსახურები.

2. უწყებრივ სტატისტიკურ დაკვირვებათა ნუსხას, პერიოდულობას, მაჩვენებლებს და დაკვირვების ობიექტებს განსაზღვრავს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა, რომელსაც სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით ყოველწლიურად ამტკიცებს ამ დაკვირვებათა ჩატარებით დაინტერესებული სამინისტრო, უწყება და სხვა დაწესებულება.

    მუხლი 11. სტატისტიკური ინფორმაციის წარმდგენთა უფლება-მოვალეობანი

1. ყველა სახის საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, იურიდიული და ფიზიკური პირი, გაერთიანება, საფინანსო, საბანკო, სადაზღვევო, საბაჟო, სამართალდამცავი, სასამართლო და სხვა უწყება და სამსახური ვალდებულია სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და მის ტერიტორიულ ორგანოს, კანონით დადგენილ ფარგლებში და განსაზღვრულ ვადებში, უსასყიდლოდ წარუდგინოს სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული უტყუარი და სრული სტატისტიკური მონაცემები.

2. ნებისმიერი დონის სახელმწიფო ორგანოს ეკრძალება მოითხოვოს ისეთი სახის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც არ არის გათვალისწინებული სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამით ან შეთანხმებული არ არის სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 12. სტატისტიკურ მონაცემთა კონფიდენციალობა

1. სახელმწიფო სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ისინი დაკვირვების ერთეულის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.

2. კონფიდენციალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებლების კრებსითი სახით მოსამზადებლად, თუ ამ მონაცემების წარმდგენი არ გამოხატავს თანხმობას მათი რაიმე სხვა მიზნით გამოყენებაზე.

3. კონფიდენციალურ მონაცემებზე სამუშაოდ დაიშვება მხოლოდ ის პირი, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობით ეკისრება სახელმწიფო სტატისტიკის წარმოება.

4. დაუშვებელია სახელმწიფო სტატისტიკის მასალების გავრცელება, თუ ისინი შეიცავენ კონფიდენციალურ მონაცემებს, ან მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1851 - სსმ I, №2, 09.01.2003 წ., მუხ.6

    მუხლი 13. სტატისტიკური სამუშაოების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოების და საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული მუშაკთა რიცხოვნობისა და შენახვის ხარჯების ფარგლებში.

2. მიმდინარე სტატისტიკური აღრიცხვის, სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვებების, მოსახლეობისა და სხვა სახის საყოველთაო აღწერების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტატისტიკური სამუშაოების სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული მოცულობით.

3. უწყებრივ სტატისტიკურ დაკვირვებებს აფინანსებს ამ დაკვირვებათა ჩატარებით დაინტერესებული სამთავრობო დაწესებულება.

4. იმ სტატისტიკური სამუშაოს დაფინანსებას, რომლის ჩატარება არ არის გათვალისწინებული სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამით, ახორციელებს სამუშაოს დამკვეთი ორგანო.

5. სტატისტიკური სამუშაოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ორგანოებისათვის დაწესებული პირობებითა და წესით.

თავი IV

საქართველოს საწარმოთა და ორგანიზაციათა ერთიანი სახელმწიფო რეგისტრი, ტექნიკურ-ეკონომიკური და სოციალური ინფორმაციის კლასიფიკატორები

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №384 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.63

    მუხლი 14. საქართველოს საწარმოთა და ორგანიზაციათა ერთიანი სახელმწიფო რეგისტრი

1. საქართველოს საწარმოთა და ორგანიზაციათა ერთიანი სახელმწიფო რეგისტრი არის საქართველოში მთავარი კომპლექსური რეგისტრი, რომელიც იდენტიფიკაციის ერთიანი პრინციპების საფუძველზე აფიქსირებს ქვეყნის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ან სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს და შეიცავს რეგლამენტირებულ ცნობებს მათ შესახებ.

2. საქართველოს საწარმოთა და ორგანიზაციათა ერთიანი სახელმწიფო რეგისტრის შექმნის, წარმოების და ლიკვიდაციის პირობები, რეგისტრის მონაცემთა შემადგენლობა, მათი მოპოვებისა და გამოყენების საფუძვლები, მონაცემთა განახლების წესი და სიხშირე, რეგისტრში შეტანილი ობიექტების უფლება-მოვალეობანი, დაფინანსების წყაროები და სხვა საკითხები აისახება რეგისტრის დებულებაში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი და ტერიტორიული ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, არასამთავრობო, დამოუკიდებელი სტატისტიკის დაწესებულებები, რომლებიც ქმნიან რეესტრებსა და მონაცემთა ინფორმაციულ ბაზებს (ბანკებს), მოიცავენ ინფორმაციას იურიდიულ პირებზე, მათ წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებზე, სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოებს მოთხოვნილებისამებრ უსასყიდლოდ წარუდგენენ სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს საწარმოთა და ორგანიზაციათა ერთიანი სახელმწიფო რეგისტრის ფორმირებისა და აქტუალიზაციისათვის.

4. საზოგადოებრივი და სამეწარმეო ცხოვრების ცალკეული ასპექტების დახასიათებისათვის სამთავრობო დაწესებულებებს უფლება აქვთ აწარმოონ უწყებრივი რეგისტრები, რომელთა სტატისტიკურ მონაცემთა ნუსხას, მათი მოპოვების, გადაცემის და გამოყენების მიზანშეწონილობის წესს ათანხმებენ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №384 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.63

    მუხლი 15. ტექნიკურ-ეკონომიკური და სოციალური ინფორმაციის კლასიფიკატორი

1. ტექნიკურ-ეკონომიკური და სოციალური ინფორმაციის კლასიფიკატორი წარმოადგენს სტანდარტიზაციის ნორმატიულ დოკუმენტს, რომელიც ადგენს საკლასიფიკაციო ობიექტებისათვის ან საკლასიფიკაციო დაჯგუფებებისთვის დასახელებებისა და კოდების სისტემატიზებულ ნუსხას.

2. ტექნიკურ-ეკონომიკური და სოციალური ინფორმაციის კლასიფიკაცია და კოდირება გამოიყენება აღრიცხვის, სტატისტიკის, სტანდარტიზაციის, ლიცენზირების, კვოტირების, სერტიფიკაციის, დაბეგვრისა და სხვა სფეროებში და უზრუნველყოფს ქვეყნის ინტეგრაციას მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში და მის ურთიერთთანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

3. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, როგორც უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს ტექნიკურ-ეკონომიკური და სოციალური ინფორმაციის კლასიფიკაციის და კოდირების ეროვნული სისტემის შექმნისა და შემდგომი განვითარების საქმეში, ევალება:

ა) ტექნიკურ-ეკონომიკური და სოციალური ინფორმაციის მსოფლიო სტანდარტების შესატყვისი ეროვნული კლასიფიკატორების შემუშავება, წარმართვა და დანერგვა;

ბ) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან (საქსტანდარტი) ერთად კლასიფიკაციისა და კოდირების ეროვნული სისტემის ნორმატიულ-მეთოდოლოგიური ბაზის შემუშავება, მთლიანი საკლასიფიკაციო მეურნეობის წარმოების ზედამხედველობა, კლასიფიკატორებისა და ნორმატიულ-მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის ტირაჟირება.

4. იურიდიული და ფიზიკური პირები თავიანთ საზოგადოებრივ და სამეწარმეო საქმიანობაში სავალდებულო წესით იყენებენ საქართველოს ეროვნულ კლასიფიკატორებს.

თავი V

სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოების და საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულებების უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 16.   სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოების და საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულებების უფლებანი

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოებს და საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულებებს უფლება აქვთ:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა იურიდიულ პირს და ქვეყნის რეზიდენტებს მის ფარგლებს გარეთ მოსთხოვონ სტატისტიკური დაკვირვებისათვის საჭირო მონაცემები დადგენილ ვადებში, განსაზღვრული მოცულობითა და ფორმით;

ბ) სტატისტიკური დაკვირვებისათვის საჭირო მონაცემებში ლოგიკური და არითმეტიკული უზუსტობის შემთხვევაში შეამოწმონ პირველადი მონაცემების უტყუარობა;

გ) სახელმწიფო სტატისტიკურ დაკვირვებათა მონაცემების გაყალბების, განსაზღვრული მოცულობითა და ფორმით ან დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვან ანგარიშვალდებული პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი;

დ) დაკვეთით შეასრულონ სტატისტიკური სამუშაოები ან გასწიონ ინფორმაციული მომსახურება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 17. სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოებისა და საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულებების მოვალეობანი

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო ორგანოები და საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულებები ვალდებულნი არიან:

ა) უზრუნველყონ სტატისტიკური ინფორმაციის ობიექტურობა და უტყუარობა, სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოებისათვის მათი მიწოდების ოპერატიულობა, სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ამსახველ სტატისტიკურ მაჩვენებელთა სისტემის შემუშავება-სრულყოფა, ამ მაჩვენებელთა მოპოვება და მათ საფუძველზე საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ყოველმხრივი შესწავლა, მეცნიერული და პროგნოზული ანალიზი;

ბ) დაიცვან შეგროვილი პირველადი მონაცემების კონფიდენციალობა;

გ) უზრუნველყონ კრებსითი სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯაროობა;

დ) მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდონ საქართველოს რეზიდენტებს მონაცემთა ბანკებსა და რეგისტრებში მათ შესახებ არსებული ინფორმაცია;

ე) უზრუნველყონ ანგარიშვალდებული რეზიდენტები სტატისტიკური დაკვირვების ჩასატარებლად საჭირო სტატისტიკური ანგარიშგების ბლანკებით, ანკეტებით, კითხვარებითა და ინსტრუქციებით.

    მუხლი 18. უფლებამოსილებანი საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში

1. საერთაშორისო თანამშრომლობა სტატისტიკის დარგში ხორციელდება საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. სტატისტიკის დარგში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რეალიზაცია და მათი შესრულებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს.

2. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) დადოს თანამშრომლობის ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფოების სტატისტიკურ სამსახურებთან და საერთაშორისო ეკონომიკურ-სტატისტიკურ ორგანიზაციებთან;

ბ) დადგენილი წესით მიაწოდოს სხვა სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სტატისტიკური დაკვირვებების მონაცემები.

3.  საერთაშორისო ეკონომიკური და სხვა ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების ორგანიზების პროგრამა შერჩევითი დაკვირვებების, გამოკვლევების ან აღწერების მეშვეობით დამოუკიდებლად ან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული თუ ფიზიკური პირების მონაწილეობით წინასწარ ეცნობება საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს.

4. სტატისტიკის სხვა ორგანოები და საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულებები სხვა ქვეყნების ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სტატისტიკური დაკვირვების მონაცემებს გადასცემენ დადგენილი წესით ან სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმების შემდეგ.

    მუხლი 19. პასუხისმგებლობა სტატისტიკის შესახებ კანონის დარღვევისათვის

1. საქართველოს რეზიდენტების მიერ ამ კანონის დარღვევისათვის, სახელმწიფო და უწყებრივი დაკვირვების მონაცემების გაყალბების ან დამახინჯებისათვის, დადგენილ ვადებში ან განსაზღვრული მოცულობითა და ფორმით წარუდგენლობისათვის, სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოებისა და საქვეუწყებო სტატისტიკური დაწესებულებებისათვის სტატისტიკური მონაცემების უტყუარობის შემოწმებაში ხელის შეშლისათვის პასუხისმგებლობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეკისრებათ ქმედებაში ბრალეულ პირებს.

2. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოების და საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულებების მუშაკები ვალდებულნი არიან დაიცვან დაკვირვების ერთეულებზე მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, ზემდგომ ორგანოებსა და სტატისტიკურ სამსახურებს წარუდგინონ ისინი მხოლოდ დადგენილი წესით.

    მუხლი 20.   სტატისტიკის ორგანოებისა და მათი მუშაკების პასუხისმგებლობა

სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოების და საქვეუწყებო სტატისტიკის დაწესებულებებისა და მათ მუშაკთა მიერ ამ კანონის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 21. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 24 მაისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., № 18, მუხ. 377).

    მუხლი 22. კანონის ამოქმედება

     ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 12 ნოემბერი

№1071–Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №384 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.63

2. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1851 - სსმ I, №2, 09.01.2003 წ., მუხ.6