იმპიჩმენტის შესახებ

იმპიჩმენტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1056
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 21/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 0000000000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1056
11/11/1997
სსმ, 46, 21/11/1997
0000000000000
იმპიჩმენტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (22/06/2012 - 24/09/2013)

საქართველოს ორგანული  კანონი

იმპიჩმენტის შესახებ

 

თავი I. იმპიჩმენტის წესით საკითხის აღძვრა    

   მუხლი 1

იმპიჩმენტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების წესი.

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №487-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.184

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 2

პირველი მუხლით გათვალისწინებული პირების იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის საფუძველია თანამდებობის პირის ისეთი ქმედობა, როგორიც არის:

ა) კონსტიტუციის დარღვევა;

ბ) სახელმწიფოს ღალატი ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაული.

    მუხლი 3

იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.

    მუხლი 4

1. იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების საკითხის აღძვრის წერილობით მოთხოვნას ხელს მოაწერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი. პარლამენტის წევრის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ან პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. წერილობით მოთხოვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული ბრალდების სახე, ბრალდების შინაარსი, აგრეთვე შესაბამისი არგუმენტები და არსებული მასალები.

საქართველოს 2002 წლის 10 აპრილი ორგანული კანონი №1358-სსმI, №9, 26.04.2002წ., მუხ.40

    მუხლი 5

იმპიჩმენტის წესით, თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე წარდგინება დასკვნისათვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან უზენაეს სასამართლოში შეტანილ უნდა იქნეს საკითხის აღძვრიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს 2002 წლის 10 აპრილი ორგანული კანონი №1358-სსმI, №9, 26.04.2002წ., მუხ.40

    მუხლი 6 (ამოღებულია).

საქართველოს 2002 წლის 10 აპრილი ორგანული კანონი №1358-სსმI, №9, 26.04.2002წ., მუხ.40

 

თავი II. სასამართლოს დასკვნა თანამდებობის პირის ქმედობაზე

    მუხლი 7

1. თუ იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის გადაყენების საკითხის აღძვრის მოთხოვნის საფუძველია თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, მაშინ იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის გადაყენების საკითხს კონსტიტუციური წარდგინების სახით, წარდგინების ავტორი დასკვნისათვის გადასცემს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

2. თუ იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის წარდგინების სახით აღძვრის მოთხოვნის საფუძველია თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს ღალატის ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენა, მაშინ იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის გადაყენების საკითხს წარდგინების ავტორი დასკვნისათვის გადასცემს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

3. თუ იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის გადაყენების საკითხის აღძვრის მოთხოვნის საფუძველია თანამდებობის პირის მიერ ისეთი ქმედობის ჩადენა, რომელიც წარმოადგენს როგორც კონსტიტუციის დარღვევას, ისე სახელმწიფოს ღალატს ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულს, მაშინ იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის გადაყენების საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე დასკვნისათვის ერთდროულად გადასცემს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს 2002 წლის 10 აპრილი ორგანული კანონი №1358-სსმI, №9, 26.04.2002წ., მუხ.40

    მუხლი 8

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ან უზენაესი სასამართლო საკითხს განიხილავს და საქართველოს პარლამენტს დასკვნას წარუდგენს საკითხის დასკვნისათვის მიღებიდან 30 დღის ვადაში.

    მუხლი 9

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დასკვნის მომზადებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 10

1. საქართველოს უზენაესი სასამართლო უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილების სახით იძლევა დასკვნას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ქმედობაში დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი მოიწვევა საკითხის დასკვნისათვის მიღებიდან 7 დღის ვადაში.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი საკითხს განიხილავს და შესაბამის დადგენილებას იღებს ამ კანონით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ მონაწილეობს პლენუმის მუშაობაში, თუ აღძრულია იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მისი გადაყენების საკითხი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე შეიძლება მოიწვიონ იმპიჩმენტის ინიციატორ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილი წარმომადგენელი და ის პირი ან ამ პირის გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი წარმომადგენელი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიცაა აღძრული, აგრეთვე საქართველოს მთავარი პროკურორი, ექსპერტები, სპეციალისტები, მოწმეები და სხვა პირები.

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №487-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.184

 

თავი III. თანამდებობიდან გადაყენება

    მუხლი 11

თუ თანამდებობის პირი, ვისი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არის აღძრული, გადადგა ან გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, მაშინ ამ პირის მიმართ წყდება იმპიჩმენტის პროცედურა.

    მუხლი 12

თუ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავისი დასკვნით არ დაადასტურა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული პირის ქმედობაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ – კონსტიტუციის დარღვევა, მაშინ ამ თანამდებობის პირის მიმართ წყდება იმპიჩმენტის პროცედურა.

    მუხლი 13

1. თუ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული პირის ქმედობაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ – კონსტიტუციის დარღვევა, შესაბამისი სასამართლოდან დასკვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტი იწყებს დასკვნის განხილვას.

2. თუ დასკვნის მიღების დროისთვის არ მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის სესია, პარლამენტი დასკვნის განხილვას იწყებს უახლოესი (მორიგი ან რიგგარეშე) სესიის პირველსავე სხდომაზე.

    მუხლი 14

საქართველოს პრეზიდენტის ქმედობაზე დასკვნის განხილვის დაწყებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის კენჭისყრაზე დასმისა და, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

    მუხლი 15

იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი კენჭისყრაზე დაისმება, თუ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

    მუხლი 16

საქართველოს პრეზიდენტი ჩაითვლება იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა.

    მუხლი 17

1. დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი ბრალდების საქართველოს პარლამენტში განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საგანგებო და საომარი მდგომარეობის ან ომის დროს.

2. საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტისათვის წარდგენილი ბრალდების განხილვას იწყებს საგანგებო და საომარი მდგომარეობის ან ომის დამთავრების შემდეგ პარლამენტის უახლოესი (მორიგი ან რიგგარეშე) სესიის პირველსავე სხდომაზე.

    მუხლი 18

1. საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ პირთა ქმედობაზე პარლამენტში დასკვნის განხილვის დაწყებიდან 30 დღის ვადაში კენჭისყრაზე დაისმება ამ თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს მთავრობის წევრი, გენერალური აუდიტორი ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №487-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.184

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 19

თუ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ქმედობაზე შესაბამისი სასამართლოს დასკვნის განხილვის დაწყებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება, ან ამ პირის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გათვალისწინებულმა აუცილებელმა რაოდენობამ, საკითხი ითვლება მოხსნილად და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია ამ თანამდებობის პირის მიმართ იმავე ბრალდების წარდგენა.

    მუხლი 20

საქართველოს პარლამენტში ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართ წაყენებული ბრალდების განხილვაში პარლამენტის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, ან ამ პირის განხილვაზე დასწრების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი წარმომადგენელი, ვისი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიცაა აღძრული.

    მუხლი 21

კენჭისყრა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების შესახებ ფარულია.

    მუხლი 22

საქართველოს პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებული პირის პასუხისგებაში მიცემის საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი IV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 23

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

    თბილისი,

    1997 წლის 11 ნოემბერი.

    №1056–Iს