დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3560-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/05/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 150000000.04.001.016137 |
|
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15 პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მოთავსებულ პირთა მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის გაგზავნილი განცხადებები, საჩივრები და წერილები კონფიდენციალურია. მათი გახსნა და ცენზურა აკრძალულია. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს საქართველოს სახალხო დამცველს.“. 2. მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათ შორის, სამხედრო ქვედანაყოფში, პენიტენციურ დაწესებულებაში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში;“. 3. მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ამოწმებს პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას; პირადად ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ და მსჯავრდებულებს; ამოწმებს მათი აღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას. 2. პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა ქცევის რეგულარული შემოწმების, აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი: ა) მოწმის გარეშე, პირადად ან თარჯიმნის მეშვეობით ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ აღნიშნულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ბ) ამოწმებს პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა იქ ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. |
ქუთაისი, 1 მაისი 2015 წ. N3560-IIს |
დოკუმენტის კომენტარები