საომარი მდგომარეობის შესახებ

საომარი მდგომარეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1032
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.150.000.05.001.000.285
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1032
31/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
120.150.000.05.001.000.285
საომარი მდგომარეობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 21.09.2023, №3500)

საქართველოს კანონი

 

საომარი მდგომარეობის შესახებ

    მუხლი 1 

საომარი მდგომარეობა გულისხმობს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში განსაკუთრებული წესების გამოცხადებას, რაც შეესაბამება ქვეყნის თავდაცვის ინტერესებს. საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის მიხედვით და მიზნად ისახავს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3575  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

    მუხლი 2 

1. საომარ მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ ბრძანებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ საქართველოს პარლამენტი საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

2. გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას საქართველოს პარლამენტის მიერ. საომარი მდგომარეობის დროს დეკრეტით შეიძლება თავდაცვის ძალებში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების გაერთიანება.

3. საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც დეკრეტის გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე, და იგი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. დეკრეტი მოქმედებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით. დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი დეკრეტს ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ საქართველოს პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

4. საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი დეკრეტი, რომელიც ზღუდავს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილ უფლებებს და აჩერებს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედებას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. უფლებების შეზღუდვის შესახებ დეკრეტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა ჩაითვლება ამ დეკრეტის გამოცემად და აღნიშნული დეკრეტი ძალაში შედის ამ მომენტიდან, ხოლო ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. დეკრეტის ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3575  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

    მუხლი 3 

1. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებაში უნდა აღინიშნოს საომარი მდგომარეობის გამოცხადების მოტივი.

2. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

3. გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცებისთვის დადგენილი წესით.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3575  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

    მუხლი 4

1. (ამოღებულია - 06.09.2013, №1044).

2. საომარი მდგომარეობის მოქმედებისას, კონკრეტულ გარემოებათა მიხედვით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი ღონისძიებანი:

ა) გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის საქმიანობას და მეურნეობის ფუნქციონირებას;

ბ) დროებით გაასახლონ მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან; ამასთან აუცილებლად მისცენ მუდმივი ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები;

გ) საომარი მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდონ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე;

ე) დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს კუთვნილი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ტყვია-წამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს _ აგრეთვე სასწავლო-სამხედრო ტექნიკა, ფეთქებადი, რადიაქტიური ნივთიერებანი და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებანი;

ვ) აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;

ზ) შეიტანონ ცვლილებანი სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, აგრეთვე გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები, დააწესონ სახელმწიფო და კერძო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი;

თ) საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული საჭიროებიდან გამომდინარე, დროებით, საომარი მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში, გადააყენონ თანამდებობიდან სტრატეგიული და მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დანიშნონ მათი შემცვლელი პირები; დროებით აკრძალონ ასეთ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მუშა-მოსამსახურეთა სამუშაოდან საკუთარი სურვილით განთავისუფლება, საპატიო მიზეზით დათხოვნის შემთხვევების გარდა. დროებით გადაყენებული პირები საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე უნდა აღადგინონ თავიანთ თანამდებობებზე, თუ არ არსებობს თანამდებობებიდან მათი განთავისუფლების კანონიერი საფუძველი;

ი) კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენონ სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რესურსები საომარი მოქმედებების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის. იმავე მიზნით ისარგებლონ სხვა იურიდიული, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით, მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საომარი მდგომარეობის დამთავრების შემდეგ;

კ) აკრძალონ გაფიცვები;

ლ) ჩააბან შრომისუნარიანი მოქალაქენი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, შრომის საშუალო ანაზღაურებით, აგრეთვე საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში, ამასთან უზრუნველყონ მათი შრომის უსაფრთხოება;

მ) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტის შემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა;

ნ) შემოიღონ კარანტინი და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი;

ო) კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლი დაუწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს;

პ) შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები;

ჟ) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი;

რ) შემოიღონ კომენდანტის საათი;

ს) არ დაუშვან საქართველოს კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი მოქალაქეთა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და საქმიანობა;

ტ) შეამოწმონ დოკუმენტები მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას _ მოაწყონ მოქალაქეთა პირადი გასინჯვა, მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2166-სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.101

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1044  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 41 

1. საომარი მდგომარეობის დროს იქმნება სათათბირო ორგანო − ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საბჭოს წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრები.

3. ეროვნული თავდაცვის საბჭო კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დროს წარმოქმნილ საკითხებს და ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებისა და საომარი მდგომარეობის სხვა საჭიროებებთან დაკავშირებით.

4. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით იწვევს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ.

5. ეროვნული თავდაცვის საბჭო მოქმედებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3575  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

    მუხლი 42 

1. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა, როგორც წესი, დახურულია. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა შეიძლება ღიად გამოცხადდეს.

2. ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრებს ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის გამართვის ადგილსა და დროს აცნობებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

3. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომას ტექნიკურად უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

4. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3575  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

    მუხლი 43 

1. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის შესახებ დგება ოქმი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის ოქმის შედგენისათვის პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სხდომის დღის წესრიგის, სხდომაზე დამსწრე პირთა, განხილული საკითხების, მიღებული რეკომენდაციებისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.

2. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის ოქმი ინახება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3575  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

    მუხლი 5

1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში უფლება აქვთ გააუქმონ ქვემდგომი ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება.

2. საომარი მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებს კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3575  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

    მუხლი 6

საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდისათვის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, მუშა-მოსამსახურენი მათ დაუკითხავად, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული.

    მუხლი 7

1. მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვების, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის დამრღვევ პირებს აკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 72 საათისა. დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე _ გაუსინჯონ ნივთები.

    მუხლი 8

მე-4 მუხლის „გ“, „დ“, „ვ“, „კ“ და „მ“-„ჟ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების, აგრეთვე მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 9 

საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თავდაცვის ძალების გამოყენება და მათი მოქმედებაში მოყვანა ხდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1044  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3575  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

    მუხლი 10 

1. საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისათვის მოხმობილი ძალების მოქმედებათა კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, შესაძლებელია საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით ადგილებზე შექმნას დროებითი ორგანოები ან/და დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი და განსაზღვროს მათი/მისი უფლებამოსილებანი.

2. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან კომენდანტი გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც ამ კანონის ფარგლებში აწესრიგებს საომარი მდგომარეობის რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3575  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

    მუხლი 11

საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამთავრობო დაწესებულების გადაწყვეტილებით საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2166-სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.101  

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1044  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 12

1. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს საომარი მდგომარეობის პერიოდში საერთო სასამართლოების სისტემაში შემოიღოს სამხედრო სასამართლოები.

2. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს საომარი მდგომარეობის პერიოდში ცალკეულ ადგილებში შეცვალოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა კანონით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობა.

    მუხლი 13

1. საომარი მდგომარეობის მოქმედების დროს ან მისი თავიდან აცილებისათვის, ლიკვიდაციის სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებით დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი სადგომებით, უნაზღაურებს მიყენებულ მატერიალურ ზარალს, ეხმარება სამუშაოზე მოწყობაში და უწევს სხვაგვარ დახმარებას.

2. ბინის მიცემის, ზარალის ანაზღაურებისა და სხვა საჭირო დახმარების გაწევის პირობებსა და წესს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1044  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

     მუხლი 14 

1. თუ საომარი მდგომარეობის მოქმედების ადგილებში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, შეიძლება შემოღებულ იქნეს დროებითი მმართველობა, რითაც იგი საქართველოს მთავრობას დააკისრებს ვალდებულებას, დადგენილებით შექმნას მმართველობის განმახორციელებელი დროებითი ორგანო ან დანიშნოს თანამდებობის პირი და განსაზღვროს მისი უფლებამოსილებანი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილებები დროებით შეჩერდება, ხოლო მათი ფუნქციების შესრულება დაეკისრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ მმართველობის განმახორციელებელ დროებით ორგანოს ან დანიშნულ თანამდებობის პირს, რომელსაც უფლება აქვს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) გამოიყენოს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებანი;

ბ) დროებით შეასრულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების ფუნქციები;

გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო, სამეურნეო და სოცია ლური მშენებლობის საკითხებზე;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით დაიქვემდებაროს შესაბამის ადგილზე განლაგებული სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1044  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3575  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7003 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 15

საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და გაუქმების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

    მუხლი 16

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სამხედრო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 24 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 103).

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 31 ოქტომბერი.

№1032_ Iს