საომარი მდგომარეობის შესახებ

საომარი მდგომარეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1032
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.150.000.05.001.000.285
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1032
31/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
120.150.000.05.001.000.285
საომარი მდგომარეობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/07/2003 - 06/09/2013)

საქართველოს კანონი

საომარი მდგომარეობის შესახებ

    მუხლი 1

საომარი მდგომარეობა გულისხმობს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული წესების გამოცხადებას, რაც შეესაბამება ქვეყნის თავდაცვის ინტერესებს. საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის მიხედვით და მიზნად ისახავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას.

    მუხლი 2

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარ მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოს პრეზიდენტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აფრთხილებს მოსახლეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, ხოლო გამოცხადებიდან 48 საათის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. თუ საქართველოს პარლამენტმა არ დაამტკიცა საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ამ მომენტიდან საომარი მდგომარეობა გაუქმებულად ითვლება.

3. საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც 48 საათის განმავლობაში წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

4. საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტები, რომლებიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ამოთვლილ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, უნდა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა. დეკრეტის ტექსტი გადაიცემა საქართველოს რადიოთი და ტელევიზიით ხელმოწერიდან ერთი დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ მაინც.

    მუხლი 3

1. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში უნდა აღინიშნოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების მოტივი და მოქმედების ვადა.

2. საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეუძლია გაახანგრძლივოს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადა ან ვადამდე გააუქმოს იგი.

3. საომარი მდგომარეობის გამოცხადების, მოქმედების ვადის გახანგრძლივების ან გაუქმების გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების მომენტიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, და დაუყოვნებლივ ქვეყნდება.

4. საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე ძალას კარგავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გამოცემული ყველა დეკრეტი.

    მუხლი 4

1. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ფუნქციები სახელმწიფოს თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო უშიშროების დარგში გადაეცემა პრეზიდენტს _ საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს.

2. საომარი მდგომარეობის მოქმედებისას, კონკრეტულ გარემოებათა მიხედვით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი ღონისძიებანი:

ა) გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის საქმიანობას და მეურნეობის ფუნქციონირებას;

ბ) დროებით გაასახლონ მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან; ამასთან აუცილებლად მისცენ მუდმივი ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები;

გ) საომარი მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდონ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე;

ე) დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს კუთვნილი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ტყვია-წამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს _ აგრეთვე სასწავლო-სამხედრო ტექნიკა, ფეთქებადი, რადიაქტიური ნივთიერებანი და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებანი;

ვ) აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;

ზ) შეიტანონ ცვლილებანი სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, აგრეთვე გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები, დააწესონ სახელმწიფო და კერძო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი;

თ) საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული საჭიროებიდან გამომდინარე, დროებით, საომარი მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში, გადააყენონ თანამდებობიდან სტრატეგიული და მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დანიშნონ მათი შემცვლელი პირები; დროებით აკრძალონ ასეთ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მუშა-მოსამსახურეთა სამუშაოდან საკუთარი სურვილით განთავისუფლება, საპატიო მიზეზით დათხოვნის შემთხვევების გარდა. დროებით გადაყენებული პირები საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე უნდა აღადგინონ თავიანთ თანამდებობებზე, თუ არ არსებობს თანამდებობებიდან მათი განთავისუფლების კანონიერი საფუძველი;

ი) კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენონ სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რესურსები საომარი მოქმედებების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის. იმავე მიზნით ისარგებლონ სხვა იურიდიული, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით, მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საომარი მდგომარეობის დამთავრების შემდეგ;

კ) აკრძალონ გაფიცვები;

ლ) ჩააბან შრომისუნარიანი მოქალაქენი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, შრომის საშუალო ანაზღაურებით, აგრეთვე საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში, ამასთან უზრუნველყონ მათი შრომის უსაფრთხოება;

მ) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტის შემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა;

ნ) შემოიღონ კარანტინი და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი;

ო) კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლი დაუწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს;

პ) შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები;

ჟ) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი;

რ) შემოიღონ კომენდანტის საათი;

ს) არ დაუშვან საქართველოს კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი მოქალაქეთა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და საქმიანობა;

ტ) შეამოწმონ დოკუმენტები მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას _ მოაწყონ მოქალაქეთა პირადი გასინჯვა, მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2166-სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.101

    მუხლი 5

1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში უფლება აქვთ გააუქმონ ქვემდგომი ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება.

2. საომარი მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სამუშაოთა კოორდინაცია ევალება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს.

    მუხლი 6

საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდისათვის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, მუშა-მოსამსახურენი მათ დაუკითხავად, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული.

    მუხლი 7

1. მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვების, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის დამრღვევ პირებს აკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 72 საათისა. დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე _ გაუსინჯონ ნივთები.

    მუხლი 8

მე-4 მუხლის „გ“, „დ“, „ვ“, „კ“ და „მ“-„ჟ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების, აგრეთვე მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 9

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და საქართველოს პარლამენტის თანხმობით, საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნენ საქართველოს სამხედრო ძალები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 10

1. საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისათვის მოხმობილი ძალების მოქმედების კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, ადგილებზე შეიძლება შეიქმნას დროებითი ორგანოები და/ან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით დაინიშნოს პრეზიდენტის წარმომადგენელი და/ან კომენდანტი.

2. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ან კომენდანტი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების შესასრულებლად, გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არეგულირებენ ამ კანონის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს.

    მუხლი 11

საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები როგორც საქართველოს ფარგლებიდან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2166-სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.101

    მუხლი 12

1. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს საომარი მდგომარეობის პერიოდში საერთო სასამართლოების სისტემაში შემოიღოს სამხედრო სასამართლოები.

2. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს საომარი მდგომარეობის პერიოდში ცალკეულ ადგილებში შეცვალოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა კანონით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობა.

    მუხლი 13

1. საომარი მდგომარეობის მოქმედების დროს ან მისი თავიდან აცილებისათვის, ლიკვიდაციის სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებით დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი სადგომებით, უნაზღაურებს მიყენებულ მატერიალურ ზარალს, ეხმარება სამუშაოზე მოწყობაში და უწევს სხვაგვარ დახმარებას.

2. ბინის მიცემის, ზარალის ანაზღაურებისა და სხვა საჭირო დახმარების გაწევის პირობებსა და წესს, კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 14

1. თუ საომარი მდგომარეობის მოქმედების ადგილებში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან განხორციელებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პრეზიდენტს დეკრეტით შეუძლია შემოიღოს დროებითი მმართველობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილება დროებით შეჩერდება, ხოლო მათი ფუქციების განხორციელება ეკისრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილ ორგანოს ან მის მიერ დანიშნულ თანამდებობის პირს, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს:

ა) გამოიყენოს მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებანი;

ბ) დროებით შეასრულოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ფუნქციები;

გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში შეიტანოს წინადადებები სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალური მშენებლობის საკითხებზე;

დ) კანონმდებლობის თანახმად დაიქვემდებაროს შესაბამის ადგილას განლაგებული სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული წესით.

    მუხლი 15

საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და გაუქმების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

    მუხლი 16

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სამხედრო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 24 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 103).

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 31 ოქტომბერი.

№1032_ Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2166-სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.101