საქართველოს თავდაცვის შესახებ

  • Word
საქართველოს თავდაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1030
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.000.000.05.001.000.284
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1030
31/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
120.000.000.05.001.000.284
საქართველოს თავდაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (10/11/2006 - 27/12/2006)

საქართველოს კანონი

საქართველოს თავდაცვის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებან

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის საფუძვლებსა და ორგანიზაციას, თავდაცვის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

    მუხლი 2. თავდაცვის საფუძვლები 

1. საქართველოს თავდაცვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობაა, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს, საქართველოს მოსახლეობის, ტერიტორიის და სუვერენიტეტის დაცვას შეიარაღებული თავდასხმისაგან.

2. საქართველოს თავდაცვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი და მისი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა.

3. თავდაცვის ორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს სამხედრო დოქტრინის შესაბამისად.

მუხლი 3. თავდაცვის ორგანიზაცია

თავდაცვა მოიცავს:

ა) სამართლებრივ რეგულირებას თავდაცვის სფეროში;

ბ) ომის საფრთხის პროგნოზირებასა და შეფასებას;

გ) სამხედრო ძალების აღმშენებლობას, მომზადებას და საბრძოლო მზადყოფნას;

დ) იარაღის, სამხედრო ტექნიკის წარმოებას და მის გაუმჯობესებას;

ე) ქვეყნის ეკონომიკის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის სამობილიზაციო მზადყოფნას;

ვ) სამობილიზაციო მატერიალურ ფასეულობათა მარაგის შექმნას;

ზ) თავდაცვის ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას;

თ) ტერიტორიებისა და კომუნიკაციების თავდაცვითი მიზნებისათვის მომზადებას;

ი) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფას;

კ) სამხედრო მეცნიერების განვითარებას;

ლ) სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობას.

საქართველო 20 06 წლის 10 ნოემბრის კანონი 3651 - სსმ I , 44 27.11.2006 წ., მუხ. 299

თავი II

სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები თავდაცვის სფეროში

მუხლი 4. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებები  თავდაცვის სფეროში

1. საქართველოს პარლამენტი:

ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას თავდაცვის სფეროში;

ბ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო დოქტრინას და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციას;

გ) იღებს კანონებს თავდაცვის სფეროში;

დ) ამტკიცებს სამხედრო ფიცის ტექსტს;

ე) განიხილავს თავდაცვის ბიუჯეტს და ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად;

ვ) ამტკიცებს სამხედრო ძალების რაოდენობას;

ზ) ახდენს სამხედრო ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას;

თ) ახორციელებს კონტროლს თავდაცვის სფეროში საქართვე-ლოს სამხედრო ძალების აღმშენებლობასა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე.

2. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თავდაცვის სფეროში ახორციელებს „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს.

მუხლი 5. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში

1. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

2. საქართველოს პრეზიდენტი:

ა) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურას და საჯარისო წესდებებს;

ბ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დროშებსა და ალმებს;

გ) ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და უმაღლეს სამხედრო წოდებებს;

დ) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს ეს გადაწყვეტილებები საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად;

ე) ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად;

ვ) იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენების და გადაადგილების შესახებ და დაუყოვნებლივ წარუდგენს ასეთ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად;

ზ) დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში;

თ) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინის და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს;

ი) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს;

კ) ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ გეგმებს;

ლ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დისლოკაციის და სამხედრო ობიექტების განლაგების გეგმებს;

მ) გასცემს ბრძანებებს სამხედრო ძალების მიერ საომარი მოქმედებების წარმოებაზე;

ნ) ამტკიცებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის განვითარების სახელმწიფო პროგრამებს;

ო) იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე მობილიზაციის გამოცხადების შესახებ;

პ) ამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმას.

     მუხლი 51. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება თავდაცვის ორგანიზების საკითხებში

1. საქართველოს მთავრობა:

ა) იღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;

გ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

დ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ე) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით თავდაცვის სფეროში მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს ტერიტორიაზე მათ დაშვებას უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

საქართველო 200 4 წლის 9 დეკემბრის კანონი 643 - სსმ I , 38 24.12.2004 წ., მუხ. 179

საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3431 - სსმ I, №27 17.07.2006 წ., მუხ.227

მუხლი 6. საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებები და მოვალეობები თავდაცვის სფეროში

საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა (განურჩევლად მათი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა), აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა უფლება-მოვალეობანი თავდაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი III

საქართველოს სამხედრო ძალების დანიშნულება, შემადგენლობა და მართვა

მუხლი 7. საქართველოს სამხედრო ძალების დანიშნულება

1. საქართველოს სამხედრო ძალების დანიშნულებაა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება.

2. საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სამხედრო ძალების გამოყენება საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად.

მუხლი 8. საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობა

1. საქართველოს სამხედრო ძალები შედგება საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს – აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან.

2. საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება:

ა) სახმელეთო ჯარებისაგან;

ბ) სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან;

გ) სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან.

საქართველო 2001 წლის 2 6 ოქტომბრის კანონი 1127 - სსმ I , 33 10.11.2001 წ., მუხ. 133

საქართველო 200 4 წლის 9 დეკემბრის კანონი 643 - სსმ I , 38 24.12.2004 წ., მუხ. 179

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3149 - სსმ I, №19 01.06.2006 წ., მუხ.137

მუხლი 9. საქართველოს სამხედრო ძალების  ხელმძღვანელობა და მართვა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მართვის ორგანო და პასუხისმგებელია მათ მომზადებაზე, განვითარებაზე და მათთვის დაკისრებული თავდაცვითი ამოცანების შესრულებაზე.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და მართვაზე პასუხისმგებელია თავდაცვის მინისტრი, რომელიც არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მეშვეობით უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით სამინისტროსთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო ხელმძღვანელობა;

ბ) საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის წარმართვა და საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათ განუხრელ დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიკური ხელმძღვანელობის განხორციელება;

ე) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარებისა და სრულყოფისათვის აუცი-ლებელი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება;

ვ) ქვეყნის მოკლე და გრძელვადიანი საგარეო საფრთხეების განსაზღვრა და შეიარაღებული ძალების მიერ შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების გეგმების შემუშავება;

ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობისათვის საჭირო მატერიალურ-ფინანსური პროექტების შემუშავების უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტისა და მატერიალური ფასეულობების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე ზედამხედველობა;

ი) თავდაცვის პოლიტიკის გეგმების შემუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

კ) შესაბამისი ზომების მიღება შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და მომზადებისათვის საჭირო სამხედრო-საბრძოლო აღჭურვილობით უზ-რუნველსაყოფად;

ლ) ქვეყნის თავდაცვითი ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განვითარების გეგმების შემუშავება;

მ) ქვეყნის თავდაცვითი პოლიტიკის განხორციელებისათვის სამხედრო-პოლიტიკური განათლებისა და საკადრო პოლიტიკის პროგრამების შემუშავება-განხორციელების უზრუნველყოფა;

ნ) საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გეგმებისა და სამხედრო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება;

ო) სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სამოქალაქო კონტროლის განხორციელება;

პ) სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის სახეების შემუშავება და მათ მიერ სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

ჟ) შეიარაღებული ძალების რეზერვის შექმნის პოლიტიკის განსაზღვრა;

რ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განმტკიცების მიზნით შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობა;

ს) სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო, სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებათა სისტემის განვითარება;

ტ) სამხედრო მოსამსახურეთა გამაჯანსაღებელ-პროფილაქტიკური ცენტრების შექმნისა და განვითარებისათვის ხელის შეწყობა;

უ) თავდაცვის რესურსების მართვის უზრუნველყოფა.

4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომში – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვას.

5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი და პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გენერალური შტაბისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე.

7. გენერალური შტაბი:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას, განვითარებას და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას;

ბ) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ და სამობილიზაციო მზადყოფნას;

გ) საომარი მდგომარეობის დროს ახორციელებს სამხედრო ძალების მართვას;

დ) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის განვითარებას;

ე) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებთან დაკავშირებით;

ზ) ახორციელებს სამხედრო თანამშრომლობას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად;

თ) შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმებს;

ი) თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს შეიარაღებული ძალების საბიუჯეტო მოთხოვნებს და რეკომენდაციებს თანხების განაწილების შესახებ;

კ) თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს მოთხოვნებს შეიარაღებული ძალების შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფისათვის;

ლ) ახორციელებს შეიარაღებული ძალებისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას;

მ) განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და სწავლების გეგმებს;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას;

ო) უზრუნველყოფს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების შეიარაღებული ძალების სახეობებზე განაწილებას;

პ) შეიმუშავებს სამობილიზაციო გეგმებს;

ჟ) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარების სრულყოფისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების რეალიზებას;

რ) ატარებს ღონისძიებებს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული მოკლე- და გრძელვადიანი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით;

ს) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას;

ტ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლას;

უ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფებში სამსახურისათვის განაწილებას;

ფ) წარადგენს სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

ქ) ადგენს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას;

ღ) აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ყოველი სამხედრო თანამდებობისათვის;

ყ) განსაზღვრავს სამხედრო შეკრების ჩატარების დროს, ადგილსა და ვადას;

შ) ახორციელებს კანონმდებლობითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

8. საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში.

9. სამხედრო ძალების სახეობები, სტრუქტურა და ხელმძღვანელობის წესი დადგენილია კანონით.

საქართველო 2001 წლის 2 6 ოქტომბრის კანონი 1127 - სსმ I , 33 10.11.2001 წ., მუხ. 133

საქართველო 200 4 წლის 9 დეკემბრის კანონი 643 - სსმ I , 38 24.12.2004 წ., მუხ. 179

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3149 - სსმ I, №19 01.06.2006 წ., მუხ.137

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 10. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მუხლი 11. ნორმატიული აქტი, რომელიც ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 22 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 94).

საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 31 ოქტომბერი.

№1030–Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველო2001 წლის 2 6 ოქტომბრის კანონი 1127 - სსმ I, 33 10.11.2001 წ., მუხ.133

2. საქართველო2004 წლის 9 დეკემბრის კანონი 643 - სსმ I, 38 24.12.2004 წ., მუხ.179

3. საქართველო2006 წლის 25 მაისის კანონი 3149 - სსმ I, 19 01.06.2006 წ., მუხ.137

4. საქართველო2006 წლის 30 ივნისის კანონი 3431 - სსმ I, 27 17.07.2006 წ., მუხ.227

5. საქართველო2006 წლის 10 ნოემბრის კანონი 3651 - სსმ I, 44 27.11.2006 წ., მუხ.299

 

22. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3500-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 21. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2562-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 20. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6990-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 19. 25/06/2020 - საქართველოს კანონი - 6497-IIს - ვებგვერდი, 02/07/2020 18. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6304-IIს - ვებგვერდი, 26/06/2020 17. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4316-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 16. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3577-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 06/06/2018 - საქართველოს კანონი - 2482-რს - ვებგვერდი, 15/06/2018 14. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2038-IIს - ვებგვერდი, 26/03/2018 13. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1832-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 12. 10/07/2013 - საქართველოს კანონი - 803-რს - ვებგვერდი, 29/07/2013 11. 12/06/2013 - საქართველოს კანონი - 721-IIს - ვებგვერდი, 03/07/2013 10. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4119-რს - სსმ, 75, 27/12/2010 9. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 3018 - სსმ, 23, 04/05/2010 8. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 781 - სსმ, 40, 29/12/2008 7. 11/05/2007 - საქართველოს კანონი - 4747 - სსმ, 18, 22/05/2007 6. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4193 - სსმ, 49, 29/12/2006 5. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3651 - სსმ, 44, 27/11/2006 4. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3431 - სსმ, 27, 17/07/2006 3. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3149 - სსმ, 19, 01/06/2006 2. 09/12/2004 - საქართველოს კანონი - 643 - სსმ, 38, 24/12/2004 1. 26/10/2001 - საქართველოს კანონი - 1127 - სსმ, 33, 10/11/2001