„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3487-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.017707
3487-IIს
29/04/2015
ვებგვერდი, 14/05/2015
310150000.05.001.017707
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 25-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მძღოლი არ უნდა შევიდეს ქვეითთა გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დარწმუნდება, რომ ის იძულებული არ გახდება, გაჩერდეს მასზე.“.

2. 31-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუცილებელი შემთხვევების გარდა, მძღოლმა უნდა იმოძრაოს მხოლოდ იმ გზაზე, გზის სავალ ნაწილზე, მოძრაობის ზოლზე ან ბილიკზე, რომელიც მისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის არის განკუთვნილი.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა.“.

3. 33-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია:

ა) „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით;

ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა:

ბ.ა) თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით;

ბ.ბ) თუ ის ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით;

გ) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით;

დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა:

დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით;

დ.ბ) დადგენილი წესით, ძარათი მგზავრების გადაყვანის შემთხვევაში ყველა გზაზე არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით;

ე) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით;

ვ) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.“.

4. 34-ე მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კანონის 31-ე მუხლით (გარდა მე-5 პუნქტისა) დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში გზაზე, სადაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის არანაკლებ ორი მოძრაობის ზოლია და ისინი აღნიშნულია გრძივი მონიშვნით, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მისთვის უფრო მოსახერხებელი მოძრაობის ზოლით (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა). სხვა მოძრაობის ზოლზე ის უნდა გადავიდეს მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის, გასწრების, გაჩერების ან დგომის მანევრის შესრულების მარეგულირებელი წესების შესაბამისად.“.

5. 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში მძღოლმა მოძრაობის ზოლის შეუცვლელად უნდა შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის განახლება დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრული აღდგენის შემდეგ.“.

6. 51-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება დაყენებულ იქნეს სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყო. სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები ერთდროულად ირთვება მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში.“.

7. 55-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვაზე დაუწესდა შეზღუდვა, დაკავშირებული რაიმე მოწყობილობის ტარებასთან ან/და სატრანსპორტო საშუალების ადაპტაციასთან, ან/და შეეზღუდა რაიმე ქმედების განხორციელება ან/და დაუწესდა სხვა შეზღუდვა, მძღოლისათვის მინიჭებულ მართვის უფლებას იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ ამ შეზღუდვებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები კოდირებული სახით აისახება მართვის მოწმობაში. გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვებისა, მართვის მოწმობაში შეიძლება დადგენილი წესით მიეთითოს დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემები.

14. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნები, ამ მოთხოვნებთან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობის დამდგენი უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული, მართვასთან დაკავშირებული კოდირებული შეზღუდვები და მათი დაწესების პირობები, აგრეთვე დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემების მითითების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

8. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში შესაბამისი რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში, მართვის უფლების მქონე პირს შეიძლება არ მიენიჭოს  ან შეეზღუდოს მოპოვებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის ფარგლებში დაწესებული, ამ მუხლით განსაზღვრული ეკვივალენტური კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან/და დაუწესდეს სხვა სახის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების მართვაზე.“.

9. 58-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირისათვის „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის (შემდგომ − მართვის მოწმობა) გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება − ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემით; ამასთანავე:

ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღად ითვლება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი;

ბ) „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:

ბ.ა) 15 წელი (გარდა ამ მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა;

გ) „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:

გ.ა) 5 წელი (გარდა ამ მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

გ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა;

დ) ტრამვაის მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:

დ.ა) 5 წელი (გარდა ამ მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

დ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მართვის მოწმობისა და ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემად ითვლება სააგენტოს მიერ მინიჭებული კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის დამზადება (დაბეჭდვა) და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში შესაბამისი ჩანაწერების ასახვა. მართვის მოწმობის გაცემამდე პირი მართვის უფლების არმქონედ ითვლება.“.

10. მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება შესაძლებელია ახორციელებდეს მძღოლთა მომზადების თეორიული ან/და პრაქტიკული სწავლების კურსს. თუ პირმა მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში წარმატებით გაიარა მხოლოდ თეორიული ან პრაქტიკული სწავლების კურსი, მას უფლება აქვს, დარჩენილი სწავლების კურსის (თეორიულის ან პრაქტიკულის) გავლა გააგრძელოს იმ მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს ამ სწავლების კურსით მომზადებას. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ მან დადგენილი წესით წარმატებით გაიარა მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული კურსი.“.

11. კანონის დანართი №1-ის:

ა) პირველი პუნქტის („მაფრთხილებელი ნიშნები“) შენიშვნის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) 1.4.1−1.4.3 ნიშნები იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4−1.4.6 ნიშნები − გზის მარცხენა მხარეს. 1.4.1 და 1.4.4 ნიშნები იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, 1.4.3 და 1.4.6 ნიშნები − მოძრაობის მიმართულებით დუბლირებულ 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, ხოლო 1.4.2 და 1.4.5 ნიშნები − დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშნებს შორის.“;

ბ) მე-4 პუნქტის („მიმთითებელი ნიშნები“) შენიშვნის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) 4.1.1 ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიაზე შესასვლელად.“;

გ) 5.5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.5. „ცალმხრივმოძრაობიანი გზა“ − გზა ან სავალი ნაწილი, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით ხორციელდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 აპრილი 2015 წ.

N3487-IIს