სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 176
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2015
ძალაში შესვლის თარიღი 22/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 010130000.10.003.018561
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
176
20/04/2015
ვებგვერდი, 23/04/2015
010130000.10.003.018561
სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/04/2015 - 07/07/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №176

2015 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

 

სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს  სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემასთან, სარგებლობასა და გაუქმებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, აგრეთვე, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს.

2. ამ წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 2. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი და მისი კატეგორიები

1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და წარმოადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის, მოქალაქეობისა და სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

2. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი გაიცემა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მისი მფლობელის საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

3. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი გაიცემა ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო, შეუძლებელია პირისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება.

 4. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი გაიცემა საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და რომლის შესახებ მონაცემები ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

 5. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის ფლობა, თავისთავად, არ გულისხმობს საერთაშორისო სამართლითა და პრაქტიკით აღიარებული იმუნიტეტებითა და პრივილეგიებით სარგებლობას.

6. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი იყოფა ორ კატეგორიად:

ა) დიპლომატიური პასპორტი;

ბ) სამსახურებრივი პასპორტი.

7. დიპლომატიური პასპორტი გაიცემა ამ წესის №1 დანართით განსაზღვრულ პირებზე.

8. სამსახურებრივი პასპორტი გაიცემა ამ წესის №2 დანართით განსაზღვრულ პირებზე.

9. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მათ მეუღლეებს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტით სარგებლობის უფლება უნარჩუნდებათ სამუდამოდ, მიუხედავად, მათი ქორწინების შეწყვეტისა.

10. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი, როგორც წესი, ინახება შესაბამისი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის წარმდგენ დაწესებულებაში და მისი გამოყენება ხდება, მხოლოდ, სამსახურებრივი დანიშნულებისამებრ. აღნიშნული დაწესებულება შესაბამისი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის შენახვასა და გამოყენებას უზრუნველყოფს მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

11. ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი გაიცემა 1 წლის ვადით.

 

მუხლი 3. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გამცემი ორგანო

1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტს გასცემს, აჩერებს და აუქმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო).

2. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემისა და გაუქმებისთვის საჭირო მონაცემების დამუშავებას უზრუნველყოფს სამინისტრო, რისთვისაც იყენებს სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში დაცულ ინფორმაციას.

 

 მუხლი 4. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის მიზნით შუამდგომლობის წარდგენა

1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის მიზნით, სამინისტროს წარედგინება წერილობითი შუამდგომლობა სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის თაობაზე, ამ წესის №1 ან №2 დანართებით განსაზღვრული დაწესებულებიდან. შუამდგომლობას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელზეც დატანილია სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების მსურველი პირის ფოტოსურათი და მითითებულია აღნიშნული პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

2. სამინისტროს თანამშრომლისთვის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის საფუძველია, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის, ან სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის შუამდგომლობა. შუამდგომლობას უნდა დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ან სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანება, შესაბამისი პირის დანიშვნის ან სამუშაო მივლინების შესახებ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც დატანილია სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების მსურველი პირის ფოტოსურათი და მითითებულია აღნიშნული პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

3. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტები გაიცემა მხოლოდ №1 და №2 დანართებით გათვალისწინებული უმაღლესი ხელისუფლების პირთა ოჯახის წევრებზე და როტაციაში მყოფი დიპლომატიური თანამდებობის პირების ოჯახის წევრებზე. ამ წესის №1 ან №2 დანართებით განსაზღვრულ პირთა მეუღლეებისათვის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის მიზნით, ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სამინისტროს, ასევე, უნდა წარედგინოს შესაბამისი პირის ქორწინების მოწმობა.

4. ამ წესის №1 ან №2 დანართებით განსაზღვრულ პირთა არასრულწლოვანი შვილებისთვის/გერებისთვის, ან მათი მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი სხვა პირისთვის, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის მიზნით, სამინისტროს უნდა წარედგინოს:

ა) კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანხმობა არასრულწლოვანი ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირისთვის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემაზე. თანხმობა გამოხატულ უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით, ან საკონსულო თანამდებობის პირის, ან სამინისტროს თანამშრომლის თანდასწრებით, ნების წერილობითი ფორმით გამოხატვით;

ბ) არასრულწლოვანი ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის დაბადების მოწმობა, ხოლო თუ პირი დაბადებულია საზღვარგარეთ – დაბადების მოწმობის ან შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას.

5. არასრულწლოვან პირზე სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემისათვის ერთ- ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია, თუ:

ა) მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ბ) მეორე მშობელი გარდაცვლილია, ქმედუუნაროა, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

გ) მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო, შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

 დ) არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია.

6. კანონიერი წარმომადგენლის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, სამინისტროს უნდა წარედგინოს კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის მიზნით, სამინისტროს უნდა წარედგინოს:

ა) სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის თაობაზე, ამ წესის №1 ან №2 დანართებით გათვალისწინებული დაწესებულების შუამდგომლობა;

ბ) ერთი ფერადი, ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით - 3.5სმX4.5 სმ. დაბეჭდილი ფორმით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც დატანილია სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების მსურველი პირის ფოტოსურათი და მითითებულია აღნიშნული პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

დ) იმ გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც შეუძლებელს ხდის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით გაცემას.

8. ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების მიზნით, პირმა, სამინისტროში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის ფილიალში უნდა ჩააბაროს თავისი ბიომეტრიული მონაცემები - ხელმოწერის ნიმუში, თითის ანაბეჭდები და გადაიღოს ბიომეტრიული ფოტოსურათი. საზღვარგარეთ მყოფი პირისთვის ბიომეტრიული მონაცემების - თითის ანაბეჭდების აღებას და ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღებას ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, სამინისტროსთან შეთანხმებით. პირისგან ბიომეტრიული მონაცემების - თითის ანაბეჭდების მიღება ხდება 12 წლის ასაკიდან.

9. ბიომეტრიული მონაცემების - ხელმოწერის ნიმუშისა და თითის ანაბეჭდების აღება, ასევე, ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღება უნდა მოხდეს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის თაობაზე, სამინისტროს მიერ მიღებული შუამდგომლობის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

10. გამონაკლის შემთხვევებში, სამინისტრო უფლებამოსილია, ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი გასცეს პირისათვის ბიომეტრიული მონაცემების - თითის ანაბეჭდების აღების გარეშე, თუ აღნიშნულ პირზე გაცემული იყო ბიომეტრიული პასპორტი და ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის მიზნებისათვის, შესაძლებელია შესაბამისი პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.

 

მუხლი 5. ზოგადი მოთხოვნები წარსადგენი დოკუმენტების მიმართ

1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის მიზნით, საჭირო დოკუმენტები სამინისტროს უნდა წარედგინოს დედნის ან ასლის სახით, მატერიალური ფორმით, სამინისტროში უშუალოდ, ან ფოსტის მეშვეობით წარდგენის გზით.

2. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის მიზნით, საჭირო დოკუმენტების ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება გამგზავნ მხარეს.

3. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის მიზნით, საჭირო დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით, მიიღება თარგმანის გარეშე.

4. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის მიზნით საჭირო, სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის მიზნით, ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა და სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზები შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

 

მუხლი 6. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის განხილვა

1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების/ბიომეტრიული მონაცემების სამინისტროს მიერ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გადამოწმების შედეგად შეუსაბამობის აღმოჩენის ან სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების მსურველი პირის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამინისტრო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის (შეუსაბამობის/იდენტიფიცირების შეუძლებლობის) აღმოსაფხვრელად.

2. სამინისტროს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრამდე შუამდგომლობის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის თაობაზე, შუამდგომლობა რჩება განუხილველად და სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი პირისათვის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის მიზნით, სამინისტროსთვის წარდგენილ უნდა იქნეს ახალი შუამდგომლობა.

3. სამინისტრო, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობას, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არეგისტრირებს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გასაცემად საჭირო დოკუმენტების, ამ წესის შესაბამისად წარდგენის შემთხვევაში, რის შემდეგაც, ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ბიომეტრიული მონაცემების აღებას.

4. ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო, ბიომეტრიული მონაცემების მიღების დროს ახდენს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების მსურველი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურებას სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეგისტრაციის დროს შექმნილ ფოტოსურათთან. თუ, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება აღნიშნული ფოტოსურათიანი ჩანაწერი, ან ფოტოსურათის არსებობის მიუხედავად, ვერ დგინდება პირის ფოტოიდენტურობა, ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების მსურველი პირის მონაცემებთან, ბიომეტრიული მონაცემების მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, შეიძლება წერილობით დაადასტუროს ნებისმიერმა სრულწლოვანმა, ქმედუნარიანმა პირმა (ფოტოიდენტურობის დადასტურება).

5. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის თაობაზე, შუამდგომლობის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ბიომეტრიული მონაცემების - ხელმოწერის ნიმუშისა და თითის ანაბეჭდების, ასევე, ბიომეტრიული ფოტოსურათის წარუდგენლობის შემთხვევაში, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის თაობაზე, შუამდგომლობა რჩება განუხილველად.

6. სამინისტრო სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს და პასპორტს გასცემს სამინისტროსთვის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების მსურველი პირის ბიომეტრიული მონაცემების წარდგენიდან, ხოლო, ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის შემთხვევაში - შუამდგომლობის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

7. როგორც წესი, პირი შეიძლება ფლობდეს ერთ მოქმედ სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტს. პირზე შეიძლება გაიცეს მე-2, ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, მე-3 სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი, თუ, მას უხდება რამდენიმე სახელმწიფოში გამგზავრება და მისთვის ვიზების გაფორმების პროცედურა არ იძლევა ერთსა და იმავე პერიოდში ერთ პასპორტში ვიზის გაფორმების შესაძლებლობას ან, თუ, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი შეიცავს ისეთ ვიზას ან ჩანაწერს, რომლის ქონაც შეიძლება გახდეს მგზავრობის დამაბრკოლებელი გარემოება. მოთხოვნა ერთზე მეტი საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის თაობაზე, წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული ამ წესის №1 ან №2 დანართებით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების მიერ.

 8. საქართველოს პრეზიდენტზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის პირველ მოადგილეზე, შესაძლებელია, გაიცეს მე-3 დიპლომატიური პასპორტი.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამსახურებრივი სარგებლობის მე-2, ან მე-3 პასპორტი უნდა მიეკუთვნებოდეს იმავე კატეგორიის პასპორტს, რომელიც უკვე გაცემულია პირზე.

10. იმ შემთხვევაში, თუ პირი იცვლის თანამდებობას, მაგრამ, ამ წესის №1 და №2 დანართების გათვალისწინებით, მას ეკუთვნის იმავე კატეგორიის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი, იგი ხელახალ გაცემას არ ექვემდებარება. 

 

მუხლი 7. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დამზადება

1. სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დამზადებას უზრუნველყოფს სააგენტო, ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დამზადების თაობაზე, სამინისტროს მიმართვის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დამზადებას უზრუნველყოფს სამინისტრო.

2. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი იბეჭდება და ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე. იმ შემთხვევაში, თუ პირზე გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტში პირის პერსონალური მონაცემების ინგლისურ ენაზე შევსება ხდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობაში ან პასპორტში დატანილი მონაცემების ანალოგიურად.

3. ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა პასპორტის მფლობელის ხელმოწერა. დაუშვებელია, ამ უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.

4. ამ წესის №1 ან №2 დანართებით განსაზღვრული პირების 9 წლამდე ასაკის შვილზე/გერზე/მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებზე სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემისას, აღნიშნულ პასპორტში ხელს აწერს 9 წლამდე ასაკის პირის კანონიერი წარმომადგენელი.

 

მუხლი 8. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გადაცემა

1. ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით დამზადებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა ხდება იმ ორგანოში, სადაც მოხდა ბიომეტრიული მონაცემების აღება, ხოლო ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე დამზადებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გადაცემა - სამინისტროში.

2. ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარებისას, პირს შეუძლია მოითხოვოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მისთვის გადაცემა, სამინისტროში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის შესაბამის ფილიალში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს დამზადებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის შესაბამის ორგანოში გადაგზავნას.

4. დამზადებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი გადაეცემა:

ა) სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მფლობელ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს;

ბ) შესაბამის კანონიერ წარმომადგენელს, თუ სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი გაიცა არასრულწლოვანზე, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე;

გ) სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის წარმდგენი დაწესებულების უფლებამოსილ პირს.

 

მუხლი 9. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მოქმედების შეჩერება

1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, თუ პირი, რომელზედაც გაცემულია სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი, ბრალდებულია (მსჯავრდებულია) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნული პასპორტის გამოყენებით, იგი შეძლებს საქართველოდან გასვლას ან საზღვარგარეთ გადაადგილებას.

2. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მოქმედების შეჩერების საფუძველია სასამართლოს განჩინება.

3. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, სასამართლოს განჩინების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამინისტრო სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აკეთებს შესაბამის აღნიშვნას.

4. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი, რომლის მოქმედებაც შეჩერდა, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლისათვის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი.

 

მუხლი 10. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაუქმება

 1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი უქმდება:

 ა) მფლობელის სახელის ან/და გვარის შეცვლისას;

 ბ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;

 გ) ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;

 დ) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას;

 ე) მოქმედების ვადის გასვლისას;

 ვ) თუ, უფლებამოსილმა პირმა, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემისათვის ამ წესით დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის განმავლობაში, არ ჩაიბარა დამზადებული პასპორტი;

ზ) თუ, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის მიზნით, წარდგენილ იქნა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები, რაც გამოვლინდა სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის შემდეგ და აღნიშნული დასტურდება კომპეტენტური ორგანოს მიერ;

თ) თუ, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მფლობელმა პირმა, ან სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის წარმდგენმა დაწესებულებამ, წერილობით მოითხოვა სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაუქმება;

ი) თუ ცნობილი გახდა, რომ სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მფლობელი აღარ წარმოადგენს ამ წესის №1 და №2 დანართებით გათვალისწინებულ პირს;

კ) თუ ცნობილი გახდა, რომ სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მფლობელ პირს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ლ) თუ ცნობილი გახდა, რომ სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მფლობელი პირი გარდაიცვალა, გამოცხადდა გარდაცვლილად ან აღიარებულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

2. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის წარმდგენი დაწესებულება ვალდებულია, დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს სამინისტროს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დაკარგვის თაობაზე, დაკარგვის გარემოებათა აღწერით, ასევე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების თაობაზე.

3. სააგენტო ვალდებულია, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაუქმების საფუძვლის არსებობის შესახებ ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, მისი შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს სამინისტროს.

4. სამინისტრო, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაუქმების თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს, შესაბამისი საფუძვლის არსებობის თაობაზე, ინფორმაციის მიღებიდან/შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში.

5. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მფლობელი პირის სახელის ან/და გვარის შეცვლის, ასევე, მისი გარდაცვალების, ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაუქმება ხდება, შესაბამისად, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციასთან ერთად, ხოლო სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მფლობელი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში - აღნიშნული ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვასთან ერთად. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაუქმების თაობაზე, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, სააგენტოს მიერ კეთდება შესაბამისი აღნიშვნა და გაუქმების თაობაზე არ გამოიცემა წერილობითი გადაწყვეტილება. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი გაუქმებულად ითვლება, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში მისი გაუქმების თაობაზე, ჩანაწერის შესრულების დღიდან. სააგენტო ვალდებულია, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაუქმებისთანავე, აღნიშნული ინფორმაცია აცნობოს სამინისტროს.

6. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაუქმებისას, შესაძლებლობის შემთხვევაში, სამინისტროს მიერ პასპორტში დაიტანება შტამპი აღნიშვნით - „გაუქმებულია“ და უზრუნველყოფს სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შესაბამისი აღნიშვნის გაკეთებას, გაუქმების საფუძვლის მითითებით.

7. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის პოვნის შემთხვევაში, ნაპოვნი პასპორტი უნდა ჩაბარდეს სამინისტროს. ნაპოვნი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. გაუქმებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის ნაცვლად, ახალი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემა ხდება ამ წესის შესაბამისად.

 

მუხლი 11. გაუქმებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დაბრუნება

 1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის თაობაზე, შუამდგომლობის წარმდგენი დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს გაუქმებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის (გარდა, დაკარგვის შემთხვევისა) სამინისტროსთვის დაუყოვნებლივ დაბრუნება. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დაუბრუნებლობის შემთხვევაში (გარდა, დაკარგვის შემთხვევისა), სამინისტრო შესაბამის პირზე არ გასცემს ახალ სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტს.

 2. გაუქმებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის სამინისტროსთვის დაუბრუნებლობის შემთხვევაში (გარდა, დაკარგვის შემთხვევისა), სამინისტრო ვალდებულია, სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას პირისთვის გაუქმებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის ჩამორთმევას და მის სამინისტროსთვის დაბრუნებას.

3. სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაუქმებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი, წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია, სახსოვრად გადაეცეს მის მფლობელს.

 

მუხლი 12. გარდამავალი დებულებები

 1. პირებს, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდათ მოქმედი დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება, აღნიშნული უფლება შეუნარჩუნდებათ ამ ვადის ამოწურვამდე, თუ არ არსებობს ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“-„თ“ და ,,კ“-„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.

 2. პირები, რომლებიც ფლობენ სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტებს და ამ დადგენილების შესაბამისად, არ განეკუთვნებიან ამ წესის №1 და №2 დანართებით განსაზღვრულ პირებს, აღნიშნული კატეგორიის პასპორტებით სარგებლობის უფლება უნარჩუნდებათ უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული შეწყვეტის სხვა საფუძველი.

 

დანართი №1

 

დიპლომატიური პასპორტის მიღების უფლების მქონე პირები

 

ა) საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მეუღლე;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე;

დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

ე) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

ვ) საქართველოს პარლამენტის წევრები;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორები;

თ) საქართველოს მინისტრები და საქართველოს სახელმწიფო მინისტრები, მათი პირველი მოადგილეები და მოადგილეები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლე;

ი) საქართველოს მთავარი პროკურორი;

კ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი - გენერალური აუდიტორი;

ლ) საქართველოს სახალხო დამცველი;

მ) საგადასახადო ომბუდსმენი;

ნ) საქართველოს უზენაესი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები, საქართველოს სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები;

ო) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;

პ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;

ჟ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის მოხელეები;

რ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის მოხელეები;

ს) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის დირექტორები;

ტ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და მის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების უფროსები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის უფროსი და მისი მოადგილე;

უ) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ქორეპისკოპოსი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი და საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის „მომლოცველთა სამსახურის“ დეპარტამენტის თავმჯდომარე;

ფ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;

ქ) ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოების წევრები;

ღ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;

ყ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;

შ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფი თანამშრომლები, საქართველოს საპატიო კონსულები, დიპლომატიური კურიერები, თავდაცვის ატაშეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებში, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული ზემოაღნიშნული პირების (გარდა საქართველოს საპატიო კონსულებისა და დიპლომატიური კურიერებისა) მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები;

ჩ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 10 თანამშრომელი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის არა უმეტეს 30 თანამშრომელი, შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე;

 ც) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 50 თანამშრომელი;

 ძ) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

 წ) უცხოეთის სახელმწიფოებში, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირები, რომელთაც აქვთ დიპლომატიური სტატუსი, ხოლო, თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათი მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები, აგრეთვე, საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელით დანიშნული მოსამართლეები;

ჭ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები;

ხ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები, რომლებიც არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსამსახურეები.

 

დანართი №2

 

სამსახურებრივი პასპორტის მიღების უფლების მქონე პირები

 

ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფროსები და მათი მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს მოხელეები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის არა უმეტეს 10 თანამშრომელი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინების საფუძველზე;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეები, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების აპარატების უფროსები, საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების უფროსები, გარდა, ამ წესით დამტკიცებული №1 დანართის ,,ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მოხელეები;

გ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეები;

დ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის არა უმეტეს 11 თანამშრომელი;

ე) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მთავარი მრჩევლები და მრჩევლები;

ვ) საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები;

ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები;

თ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტების უფროსები;

ი) ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეების მოადგილეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეების მოადგილეები, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოებიდან არა უმეტეს 21 საჯარო მოსამსახურე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე;

ლ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის - გენერალური აუდიტორის მოადგილეები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის - გენერალური აუდიტორის წარდგინებით – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 10 თანამშრომელი;

მ) საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები;

ნ) საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები;

ო) საქართველოს სამინისტროების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები;

პ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მათი მმართველობის სფეროში არსებული/მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 80 თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 60 თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი/არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 50 თანამშრომელი, საქართველოს სხვა სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის არა უმეტეს 30 თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატების არა უმეტეს 10 თანამშრომელი, თითოეული უწყების მიხედვით – შესაბამისი უწყების მომართვის საფუძველზე;

ჟ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არა უმეტეს 10 თანამშრომელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქების მერები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი;

რ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები;

ს) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, საქართველოს თავდაცვის ატაშეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების აპარატების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშისა და მეკავშირე ოფიცრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, ასევე, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ამ პირთა მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები;

ტ) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წარდგინებით – საქართველოს საპატრიარქოს 40 თანამშრომელი;

უ) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არა უმეტეს 5 თანამშრომელი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის წარდგინებით;

ფ) უცხოეთის სახელმწიფოებსა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირები, ხოლო, თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას, ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათი მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი სხვა პირები;

ქ) სახელმწიფო დელეგაციების ლიტერულ რეისთა მომსახურე ავიაკომპანიის 10 თანამშრომელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის წარდგინებების საფუძველზე;

ღ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე;

ყ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;

შ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის უფროსი;

ჩ) საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს არა უმეტეს 5 თანამშრომელი – საბჭოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე;

ც) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;

ძ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და წევრები, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით;

წ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;

ჭ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;

ხ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები;

ჯ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი და მისი მოადგილეები;

ჰ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომლები, არა უმეტეს 10 პირისა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.


20. 29/01/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 19 - ვებგვერდი, 30/01/2024 19. 29/12/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 535 - ვებგვერდი, 29/12/2023 18. 12/04/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 198 - ვებგვერდი, 13/04/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 08/10/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 501 - ვებგვერდი, 08/10/2021 16. 11/03/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 89 - ვებგვერდი, 12/03/2021 15. 04/02/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 46 - ვებგვერდი, 05/02/2021 14. 06/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 666 - ვებგვერდი, 09/11/2020 13. 25/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 329 - ვებგვერდი, 26/05/2020 12. 11/03/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 156 - ვებგვერდი, 11/03/2020 11. 19/11/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 558 - ვებგვერდი, 20/11/2019 10. 01/10/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 479 - ვებგვერდი, 02/10/2019 9. 29/05/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 251 - ვებგვერდი, 03/06/2019 8. 22/04/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 198 - ვებგვერდი, 25/04/2019 7. 18/12/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 639 - ვებგვერდი, 27/12/2018 6. 10/04/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 166 - ვებგვერდი, 12/04/2018 5. 21/07/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 344 - ვებგვერდი, 28/07/2016 4. 17/12/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 632 - ვებგვერდი, 18/12/2015 3. 22/10/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 539 - ვებგვერდი, 27/10/2015 2. 03/08/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 397 - ვებგვერდი, 05/08/2015 1. 07/07/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 324 - ვებგვერდი, 08/07/2015