„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6-22
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 14/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 300130000.35.101.016138
6-22
27/03/2015
ვებგვერდი, 01/04/2015
300130000.35.101.016138
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6-22

2015 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის № 17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 16/12/2014; სარეგისტრაციო კოდი 300130000.35.101.016056) (შემდგომში - დადგენილება) შევიდეს ცვლილება:

ა) დადგენილებას დაემატოს 31 მუხლი:

31 მუხლი

დამტკიცდეს „ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი (დანართი 4).

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წეს’’ (დანართი 1) დაემატოს 201 მუხლი:

მუხლი 201. ხეების სხვლა-ფორმირება

1.  ხეების ფორმის არასასურველი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ასევე ხმელი და საშიში ტოტების მოცილების მიზნით ხორციელდება ხეების სხვლა- ფორმირება.

2. ხეების სხვლა-ფორმირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.

3. ხეების ფორმირება წარ­მოებს „ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის“ (დანართი 4–ის) შესაბამისად.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი 4
ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი

 

თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი
1. ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი (შემდგომში-წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების ძირითად ფორმებსა და პირობებს.

2. ამ წესის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანსაღი გარემოს შექმნა, ხეების სიჯანსაღის შენარჩუნება და ამასთანავე, მათი მდგრადობის ამაღლება.

 

თავი II

მოსამზადებელი სამუშაოები

ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი


მუხლი 2. ხეების შეფასება
1. ხეების მოვლის ღონისძიებები ყოველთვის წარმოადგენენ ჩარევას მისი ბუნებრივი ზრდის პროცესში. მოვლის ღონისძიებების სწორად დაგეგმვისათვის, უნდა განხორციელდეს ხის (ნარგაობის) მდგომარეობის წინასწარი შეფასება.

2. წინასწარი შეფასება ხის მოვლის დაგეგმვის მიზნით, გულისხმობს ღონისძიებათა ერთობლიობის დადგენას, რის შედეგადაც მიღწეულ იქნება სასურველი შედეგი.

3. ხის (ნარგაობის) მდგომარეობის წინასწარი შეფასებისას ხორციელდება:

ა) ხის ფუნქციური დანიშნულების დადგენა, სპეციფიური მონაცემების გაანგარიშება;

ბ) ხის დაზიანების ხარისხის და სახის დადგენა;

გ) ხის მოვლის კონცეფციის შემუშავება, მათ შორის ღონისძიებათა სახეების  დადგენა;

დ) ხის მორიგი გამოკვლევის ვადების დადგენა.

4. ხის (ნარგაობის) მდგომარეობის შეფასებისას გასათვალისწინებელია:

ა) ნარგავების სიმჭიდროვე, როცა ცალკეული ნარგავების ვარჯები გადახლართულია ერთმანეთში 1/3–ზე მეტით;

ბ) გამხმარი და ხმობადი ტოტების არსებობა;

გ) ვარჯის დეფორმაციის ხარისხი;

დ) ხნოვანება – ფიზიოლოგიურად დაბერებული, ხმელი ტოტებით, დაზიანებული მერქნით, დაზიანებულნი მავნებელ–დაავადებებით.


მუხლი 3. მონაცემთა აღრიცხვა
უფლებამოსილი ორგანო მონაცემთა აღრიცხვას აწარმოებს შესაბამის მონაცემთა სააღრიცხვო დოკუმენტში - ხეთა რეესტრში ან კატალოგში.

 

თავი III

ხის მოვლის სახეები (ფორმები)

 


მუხლი 4. არსებობს ხის სხვლის, ტოტების შეჭრის რამდენიმე სახე (ფორმა)
ხის სხვლის, ტოტების ჭრის სახეებია:

ა) ფორმირებითი სხვლა;

ბ) სანიტარული სხვლა;

გ) გამაახალგაზრდავებელი სხვლა.


მუხლი 5. ხის ფორმირებითი სხვლა
1. ხის ფორმირებითი სხვლის მიზანია:

ა) მცენარის ვარჯის ხელოვნური ფორმის შექმნა ან შენარჩუნება;

ბ) ზრდის ხასიათის შეცვლა, ვარჯის აწევა ან სიმაღლის შეზღუდვა (საჰაერო კომუნიკაციები, შენობათა ფასადები და სხვა).

2. ხის ფორმირებითი სხვლა რეკომენდებულია:

ა) სწრაფმოზარდ სახეობებში ფორმირებითი სხვლა ხორციელდება ყოველწლიურად;

ბ) ნელამოზარდ სახეობებში ორ წელიწადში ერთხელ: გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ყინვების შედეგად დაზიანებული ადგილების ჭრაც ხორციელდება;

გ) ფოთლოვან სახეობებში აუცილებელია ჭრის ადგილები (2 სმ ზე მეტის დიამეტრის) დაიფაროს შესაბამისი ხსნარით; წიწვოვან სახეობებში გადანაჭერის დაფარვა აუცილებელი არ არის, ვინაიდან ეს მცენარეები გამოყოფენ ფისს, რომელიც იცავს ჭრის ადგილებს;

დ) ზრდის სასურველი მიმართულების მიცემის მიზნით, ხე, რაც შეიძლება ადრეულ ხნოვანებაში უნდა გაისხლას; ამ დროს უზრუნველყოფილია ვარჯის სტაბილური განვითარება. ამასთანავე რეკომენდებულია, გადახლართული, გადატეხილი ტოტების ან იმ ტოტების, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან გაზრდილები, მოცილება ან/და მოჭრა ერთი ტოტის დატოვებით.


მუხლი 6. ხის სანიტარული სხვლა
1. ხის სანიტარული სხვლის მიზანია:

ა) დაავადებული, ხმობადი, გამხმარი, გადატეხილი, გადახლართული ტოტების მოცილება;

ბ) გვერდითა ნაზარდების და ამონაყარის მოცილება (ვარჯის აწევა);

გ) ვარჯის თანაბარი სინათლის გამტარობის და ჰაერგამტარობის (ვენტილაციის) ხელშეწყობა.

2. ხის სანიტარული სხვლა რეკომენდებულია:

ა) თუ ახალგაზრდა მცენარეებს ძლიერ დაზიანებული აქვთ მერქანი, აუცილებელია დაზიანებული ნაწილის მოცილება ჯანმრთელ მერქნამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აუცილებელი გახდება ვარჯის მთლიანად მოცილება. ამგვარი მცენარეების ფესვთა სისტემა, როგორც წესი, არ არის დაზიანებული და მცენარეს აღდგენისათვის ესაჭიროება 2-3 წელიწადი;

ბ) სანიტარიული სხვლა რეკომენდირებულია განხორციელდეს სისტემატიურად, წლის განმავლობაში 1–2 ჯერ.

 


მუხლი 7. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა
1. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა არის ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას.

2. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა ხორციელდება:

ა) მცენარის ფიზიოლოგიური დაბერებისას, როცა აღარ ხდება ყოველწლიური ნაზარდის წარმოქმნა;

ბ) დეკორატიულობის დაკარგვისას;

გ) პოტენციურად საშიში ხეების შემთხვევაში – ძალიან მაღალი ან/და გადახრილი ხეების შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის წარმოქმნისას.

3. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლისას რეკომენდებულია:

ა) ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას;

ბ) იმ მცენარეებში, რომელთაც ახასიათებთ ნებისმიერ ასაკში ნაზარდის წარმოქმნის კარგი შესაძლებლობა (ვერხვი, ტირიფი, ზოგიერთი სახეობის ნეკერჩხლები). ამ დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს ხის ხნოვანებაზე; რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე მით მცირე უნდა იყოს სხვლის ხარისხი;

გ) სხვლა უნდა განხორციელდეს ოქტომბრიდან აპრილამდე. 2–3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად. ვერხვების შემთხვევაში (გარდა თეთრი ვერხვისა), სხვლა ხორციელდება ფოთოლცვენის შემდგომ, წვენის მოძრაობის დაწყებამდე;

დ) ტოტები შეიჭრება განშტოებებიდან არანაკლებ 20 სმ-ზე. 1–3 წელიწადში ხორციელდება ვარჯის შეთხელება.  3–4 წელიწადში შესაძლებელია სხვლის განმეორება.

4. ყველა სახის სხვლა–ფორმირებისას აუცილებელია დაცული იქნეს შემდეგი პირობები:

ა) ხეეების ვარჯის სხვლა ფორმირებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს მათი ბუნებრივი ფორმა. მაქსიმალურად  უნდა ავარიდოთ თავი მცენარის სიმაღლისა და ფორმის მკვეთრ ცვლილებას;

ბ) რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე, მით მცირეა სხვლის პროცენტი.

 

თავი IV

ხის ვარჯის ჭრის ტექნოლოგია


მუხლი 8. ზოგადი წესი ჭრის შესახებ
1. ქალაქის პირობებში, ხის ვარჯზე ჩატარებული ჭრის ღონისძიებები მის ზრდა-განვითარებას ემსახურება, რაც ხეს საშუალებას აძლევს ძლიერი, ჯანმრთელი და სატრანსპორტო საშუალებებისგან დაცული იყოს. საჭირო ღონისძიებები რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, რათა აცილებულ იქნეს სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ზიანი.

2. თხელი, სუსტი და ძალიან წვრილი ტოტები ხელის ხერხით ან/და ტოტის საჭრელი მაკრატლით უნდა მოიჭრას.

3. ახალგაზრდა ნაზარდების მოცილება ხორციელდება კარგად განვითარებული კვირტის ზემოთ; ჭრის ადგილი უნდა იწყებოდეს კვირტის წარმოქმნის სიბრტყეზე საწინააღმდეგო მხრიდან და უნდა დამთავრდეს კვირტის წვეროსთან.

4. ძლიერი ტოტების მოცილება, მერქნის დახეთქვის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია განხორციელდეს სამი ჭრით. უსაფრთხოების მიზნით ხდება ტოტის თოკით დამაგრება. პირველი ჭრა ხდება ხის ტოტის ქვემოთა მხრიდან, დაახლოებით ხის ტოტის სისქის  1/4 სიღრმეზე. მეორე ჭრა ხორციელდება ხის ტოტის ზედა მხრიდან, 3-5 სმ- ის დაცილებით. მესამე ჭრა სრულდება ხის ტოტის შეერთების ადგილას, რგოლის გასწვრივ (დანართი 1, ნახაზი 1).

5. ხეების სხვლისას  უმეტეს შემთხვევაში ტოტის ჭრის კუთხე რეკომდებულია 120–1350 . ამგვარი გადანაჭრელები თანაბარზომიერად იფარება კალუსით.


მუხლი 9. ჭრათა თანმიმდევრობა ხის ტოტის დამოკლებისას
1.ტოტის დამოკლებისას, უნდა შეფასდეს მისი უახლოესი განშტოება, რომლის სისქეც დასამოკლებელი ტოტის ჭრის ადგილის სისქის 1/3 მაინც უნდა იყოს (დანართი 1, ნახაზი 2.).

2. შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ძლიერი ტოტების მოჭრა, კერძოდ იმ ხეებისთვის, რომლებსაც ვარჯის სიმეჩხერისკენ აქვთ ტენდენცია (მაგალითად, როგორიცაა: წაბლი, არყის ხე, ალვის ხე და ტირიფები). ეს ღონისძიება დასაშვებია, თუ უხეში ან ძლიერი ტოტების ჭრა ხის დაზიანების (როგორიცაა გადატყდომა, გაბზარვა) თავიდან ასაცილებლად ხდება.

 3. ჭრები ისე უნდა განხორციელდეს, რომ ტოტის შეერთების ადგილი - რგოლი ან/და დასაცავი ზონა/ადგილი შენარჩუნდეს, აგრეთვე შესაძლებელი იყოს დაზიანებული ადგილის კარგად შეხორცება (ხე დაზიანებულ ადგილას ბუნებრივად წარმოქმნის ფენას, რომელიც ჭრილობას ფარავს); ტოტის მოჭრის შემდეგ არ უნდა დარჩეს  ნარჩენი.

4. ჭრის განხორციელება, ძლიერი ტოტის ხის ღეროსთან შეერთების ადგილის  შემთხვევაში (დანართი 2, ნახაზი 3.).

5. ჭრის განხორციელება, უხეში ტოტის ხის ღეროსთან შეერთების ადგილის შემთხვევაში (დანართი 2, ნახაზი 4.)


მუხლი 10. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის
1. აღნიშნული მეთოდით ხის სხვლა ახალგაზრდა ასაკიდანვე იწყება. ასეთი ჭრები უნდა შესრულდეს ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ, თანდათანობით. ჭრები რამდენიმე წლის მანძილზე უნდა გადანაწილდეს და განხორციელდეს. ამ ჭრების შედეგად ხეებს, რომლებიც დარგულია გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, თავიანთი ვარჯის სიდიდის მინიმუმ ნახევარი უნდა შეუნარჩუნდეს. დიდი ხნოვანების ხეებს უნდა ჩაუტარდეთ შედარებით ინტენსიური ჭრა, სუსტი და უხეში ტოტების მოცილებით. ძლიერი ტოტების მთლიანი მოშორება, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული.

2. სატრანსპორტო და საფეხმავლო ქუჩების გასწვრივ დარგული ხეების სხვლა-ფორმირება ტარდება იმგვარად, რომ დაცული იყოს, როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება. გზის სავალი ნაწილის მხარეს, ადრეული ასაკიდანვე ხდება ხის ქვედა ტოტების შესხვლა 4,50 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო საფეხმავლო ზონის მიმართულებით 2,50 მეტრის სიმაღლეზე (დანართი 3, ნახაზი 5).


მუხლი 11. გამხმარი ტოტების მოშორება
მკვდარი და მოტეხილი, სუსტი ზომის ტოტები სატრანსპორტო უსაფრთხოების მიზეზით, უნდა მოიჭრას და გვირგვინს მოსცილდეს (დანართი 3, ნახაზი 6).

მუხლი 12. ხის გვერდითი ამონაყარების მოცილება
გვერდითი ამონაყარები ხის ღეროსა და ხის განშტოებებზე უნდა მოსცილდეს ბრტყლად მთელ დიამეტრზე (დანართი 3, ნახაზი 7).

მუხლი 13. ხის ვარჯის გასხვლა სინათლის შეღწევის უზრუნველსაყოფად 
ხის ვარჯის გასხვლა სინათლის შეღწევის უზრუნველსაყოფად ხორციელდება უმეტესად ტოტების გარეთა    მხარეს, წვეროსკენ. ხის გარშემოწერილობის მიხედვით განასხვავებენ  სუსტ  (5 %), საშუალო (10%) და ძლიერ (15 %) სხვლას.  ამ დროს მაქსიმალურად  უნდა ავარიდოთ თავი მცენარის სიმაღლისა და ფორმის მკვეთრ ცვლილებას.

თავი V

განსაკუთრებული ღონისძიებები


მუხლი 14. განსაკუთრებული ღონისძიების სახეა გადაბელვა
1. გადაბელვა ნიშნავს ხის ვარჯის ან ვარჯის ნაწილის მთლიანად მოშორებას.  

2. გადაბელვით ღონისძიებებს გააჩნია ნეგატიური შედეგები:

ა) გადაბელვის ადგილებში წყდება საკვები მინერალებით მომარაგება;

ბ) გადაჭრის ადგილებში კვდება ხის ქერქი და იწყება ლპობის პროცესი;

გ) წონასწორობა ფესვებსა და ხის ღეროს შორის ირღვევა, რაც იწვევს ფესვების კვდომას და ვითარდება სოკოვანი დაავადებები;

დ) გადაბელვის შედეგად ამოყრილი ტოტები ხასიათთებიან არამდგრადობით და ხდება მათი ხის ღეროსთან შეერთების ადგილებში გადატეხვა, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის გარემოს.

3. გადაბელვა დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. 


მუხლი 15. ხის ვარჯის ფორმირება  საგზაო მოძრაობის შეფერხებისას
1. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დასაშვებია ხის ვარჯის დაზიანებული ტოტების ან/და ვარჯის ნაწილის ჭრა.

2. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ხის ვარჯის შემცირება დასაშვებია მისი (ვარჯის) სიმაღლის 20 % - ის ოდენობით, რათა მან შეძლოს შემდგომი განვითარება.

3. დაზიანების არსებობის შემთხვევაში დაზიანებული ტოტები უნდა მოიჭრას, ხოლო დაუზიანებელი ნაწილი მოჭრილი ნაწილის პროპორციულად გაისხლას.

4. ტოტები უნდა მოიჭრას დასატოვებელ ტოტთან, რომლის დიამეტრიც, მოჭრის ადგილას, მოსაჭრელი ტოტების დიამეტრის დაახლოებით 1/3 უნდა შეადგენდეს.

5. ახალი ამონაყრები, მოძრაობის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, უნდა განცალკევდეს ან დამოკლდეს.

6. ჭრა უნდა შესრულდეს არსებული ჭრის ადგილიდან ზევით, მაგრამ არა დაზიანების შედეგად არსებული ჭრილობის შეხორცების ადგილას.

7. ეგრეთ წოდებული "მკურნალობა" უნდა ჩატარდეს სისტემატიურად, ყოველ 3- 5 წელიწადში ერთხელ;

8. ჭრები ისე უნდა განხორციელდეს, რომ წლების მანძილზე ჩამოყალიბდეს ახალი ვარჯი, რომელიც გვერდითი ტოტებიდან ან სხვა მიძინებული კვირტებიდან აღმოცენდება.

 

 

                                                                                                                                          დანართი 1

·         ნახაზი: 1

·         ნახაზი: 2

                                                                                                                                          დანართი 2

·         ნახაზი: 3

·         ნახაზი: 4

 

 

დანართი 3

·         ნახაზი: 5

ქუჩის პირობებში უსაფრთხოებისა და სინათლის ადგილის პროფილი

·         ნახაზი:6

·         ნახაზი: 7

დანართი 4

 

ხის სქემა

 

დანართი 5

 

გამოყენებული ცნებები

 

იზოლირების თვისება

დაზიანების ანდა ლპობის შედეგად წარმოქმნილი ადგილის, ჯანმრთელი ქსოვილისაგან იზოლირების თვისება.

წვრილი ტოტი

ტოტი, რომლის დიამეტრი 1- დან   3 სმ -მდეა.

სუსტი ტოტი

ტოტი, რომლის დიამეტრი 3- დან 5 სმ -მდეა.

უხეში ტოტი

ტოტი, რომლის დიამეტრი 5- დან 10 სმ -მდეა.

ძლიერი ტოტი

ტოტი, რომლის დიამეტრი 10 სმ -ზე მეტია.

შეერთების ადგილი

ხის ღეროსა და ტოტის შეერთების შესქელებული ადგილი.

ხის კონტროლი

ხის ვიზუალური შემოწმება შესაძლო დაზიანებებზე და მის სიცოცხლისუნარიანობაზე

ხის მოვლა

ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ხორციელდება ხის სიცოცხლიუნარიანობის, უსაფრთხოების და განვითარების რეგულირების მიზნით 

განშტოება

ტოტის ორ ან რამდენიმე ნაწილად განვითარება

ხის ვარჯი

ხის განშტოებული ნაწილი, წარმოდგენილი ტოტებისა და ყლორტების ერთობლიობით.

მეორადი ვარჯი

ჭრის შედეგად ვარჯის შიდა ნაწილში განვითარებული ვარჯი

კალუსი

მცენარის დაზიანებისას წარმოქმნილი არადიფერენცირებული (ტოტიპოტენტური) უჯრედების მასა

კამბიუმი

 მერქანსა და ლაფანს შორის არსებული არადიფერენცირებული ქსოვილი, რომელიც შედგება გაყოფის ფაზაში მყოფი უჯრედებისაგან. კამბიუმი დასაბამს აძლევს მეორად ქსოვილებს, რის შედეგადაც ადგილი აქვს მცენარეების ღერძული ორგანოების ზრდას სისქეში.

საკომპენსაციო ზრდა

ხის თვისება, რომელც უზრუნველყოფს ხის ქსოვილში არსებული სუსტი ადგილების სწრაფ ზრდას

ვარჯის დასაწყისი

ვარჯის ქვედა ტოტები

ვარჯის ფართობი

ვარჯის გარეგანი ფართობი, ანუ საქარიალქნე ფართობი

ვარჯის სიმაღლე

მანძილი ვარჯის ძირიდან წვერომდე

ვარჯის ბირთვი (გული)

ვარჯის ტოტების შიდა არე, რომელიც სუსტი, ზლიერი და უხეში ტოტებისგან შედგება.

ვარჯის ქოლგის ფართობი

მიწის ის ფართობი, რომელსაც ხის ვარჯი ფარავს.

ვარჯის ნაწილობრივი შემოკლება

ჭრის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება სატრანსპორტო  მიმოსვლის უსაფრთხოების დაცვის ანდა ხის გარშემო მიდამოს უსაფრთხოების დაცვის გამო, როცა ვარჯი ნაწილობრივად მოკლდება.

ხის ფორმირებითი სხვლა

მცენარის ვარჯის ხელოვნური ფორმის შექმნა ან შენარჩუნება, ზრდის ხასიათის შეცვლა, მ.შ. ვარჯის აწევა ან სიმაღლის შეზღუდვა

გადაბელვა

ხის ვარჯის ან ვარჯის ნაწილის მთლიანად მოშორება

ვარჯის გამოხშირვა ტოტებში  სინათლის შუქის შესვლისათვის

 

ღერძული ტოტი

ცენტრალური ტოტი

ძლიერი განშტოება

ხის ღეროდან  განშტოებული ძლიერი ტოტები, რომლებიც ხის ვარჯს ქმნიან

 

ვერტიკალურად ზრდადი ტოტი

ვერტიკალურად ზრდადი ტოტი, რომელიც უმეტესად ჰორიზონტალურად ზრდადი ტოტიდან ან გადაბელვის შედეგად შექმნილი ადგილიდან ვითარდება.

ხის ღერო

ადგილი ხის ძირიდან ვარჯის დასაწყისამდე

ხის ღეროს სათავე

ადგილი, საიდანაც ხის ტოტები (ან ძლიერი განშტოება) იწყება.

უსაფრთხო ხე

ხის მდგომარეობა როცა      იგი  საფრთხეს არ წარმოქმნის

ხის სიცოცხლისუნარიანობა

ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც მის გარემოზე და გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, გამოიხატება შემდეგში:

·         ზრდა, ვარჯის სტრუქტურა და ფოთლები;

·         გარემოსთან შეთავსების უნარი;

·         ავადმყოფობების წინააღმდეგ იმუნიტეტი;

·         აღდგენის უნარიანობა.

 

ფესვი

ხის მიწისქვეშა ნაწილი. მისი ერთ-ერთი ძირითადი ვეგეტაციური ორგანო, რომლის მთავარი დანიშნულებაა მიამაგროს მცენარე სუბსტრატზე და იქიდან შეიწოვოს წყალი და მასში გახსნილი არაორგანული ნივთიერებანი.

წვრილი ფესვი

0.1- დან 0.5 სმ -მდე ფესვი

სუსტი ფესვი

0.5 დან 2 სმ -მდე ფესვი

უხეში ფესვი

2 დან 5 სმ -მდე ფესვი

ძლიერი ფესვი

5 სმ და მეტი