დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3340-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 060000000.05.001.017671 |
|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 81-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. თუ მხარდაჭერის მიმღებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, სასამართლო ვალდებულია ასეთი საქმე განიხილოს მხარდაჭერის მიმღებისა და მისი მხარდამჭერის სავალდებულო მონაწილეობით.“; ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მცირეწლოვნის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავს მისი კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი, მშვილებელი, მეურვე. სასამართლო უფლებამოსილია კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით საქმეში მცირეწლოვანიც ჩააბას. 6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს არასრულწლოვნის და მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად.“. 2. 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი: „ვ2) მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადების განხილვისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა უარყოფითია;“. 4. 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 279-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თუ იგი დაადგენს, რომ მხარე არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, მაგრამ მხარდაჭერა არ მიუღია;“. 6. 281-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა1) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი მხარდაჭერის მიღებამდე;“. 7. 310-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. XXXVIII თავი ამოღებულ იქნეს. 9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე4 კარი: „კარი მეშვიდე4 პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება და მხარდაჭერის მიმღებად ცნობა თავი XLIV10 პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება მუხლი 3637. განცხადების დასაშვებობა პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ განცხადება განიხილება ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 3638. განცხადების სასამართლოში შეტანა 1. იმ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ განცხადება, რომელიც ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებას ეძალება, რის გამოც თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს, სასამართლოში შეიძლება შეიტანოს მისი ოჯახის წევრმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ. 2. პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მუხლი 3639. განცხადების შინაარსი იმ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ განცხადებაში, რომელიც ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებას ეძალება, უნდა მიეთითოს ის გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს პირი თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. მუხლი 36310. განცხადების განხილვა 1. პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. 2. განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მუხლი 36311. სასამართლო გადაწყვეტილება პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ პირისთვის მზრუნველის დანიშვნის საფუძველია. მუხლი 36312. პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების გაუქმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს შეზღუდულქმედუნარიანი პირის, მისი მზრუნველის ან ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების გაუქმების შესახებ. თავი XLIV11 პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა მუხლი 36313. განცხადების დასაშვებობა პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება განიხილება ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 36314. განცხადების სასამართლოში შეტანა 1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. 2. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მუხლი 36315. განცხადების შინაარსი 1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს: ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება განცხადება; ბ) სფერო, რომელშიც პირს მხარდაჭერა სჭირდება, აგრეთვე პირის მხარდაჭერის საჭიროება მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით; გ) ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს თავის მოთხოვნას; დ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს და იმ ფაქტს, რომ პირს აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ე) განმცხადებლის მოთხოვნა; ვ) განმცხადებლის შუამდგომლობა – არსებობის შემთხვევაში. 2. განმცხადებელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და სოციალური ექსპერტის დასკვნები პირის ფსიქიკური მდგომარეობის და სოციალური ადაპტაციის შესახებ, არსებობის შემთხვევაში. 3. პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს. მუხლი 36316. განცხადების წარმოებაში მიღება 1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში. 3. განცხადების სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად შეტანის შემთხვევაში სასამართლო ადგენს ხარვეზს და განმცხადებელს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 დღეზე ნაკლები. ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის შემთხვევაში სასამართლო განცხადებას წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს განმცხადებელს უბრუნებს. 4. განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. მუხლი 36317. დროებითი მხარდაჭერა 1. სასამართლო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, საქმის წარმოების დასრულებამდე დანიშნოს დროებითი მხარდამჭერი, თუ მიიჩნევს, რომ იმ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, შესაძლებელია შეუქცევადი ზიანი მიადგეს. 2. დროებითი მხარდამჭერი შეიძლება იყოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი. 3. დროებითი მხარდაჭერის დაწესების შესახებ განცხადებას სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში. მხარის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ დროებითი მხარდაჭერის დაწესების საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. 4. დროებითი მხარდაჭერის დაწესების შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. მუხლი 36318. განცხადების განხილვა 1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. 2. თუ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაესწროს სასამართლო სხდომას, მისი მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პირთან მოსამართლის პირდაპირი კონტაქტი. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სასამართლო სხდომის ვიდეოფაილის სახით ჩაწერა. სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს სხდომაში პირის კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით მონაწილეობის შესახებ. 3. იმ პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვა სხვა დროისთვის გადადოს. ამ შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. 4. განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მუხლი 36319. სავალდებულო დაცვა პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი. მუხლი 36320. ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ინდივიდუალური შეფასებისათვის ექსპერტიზის დანიშვნა 1. ამ კოდექსის 36316 მუხლის შესაბამისად განცხადების წარმოებაში მიღებისთანავე სასამართლო ნიშნავს ექსპერტიზას „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, აშკარად თავს არიდებს ექსპერტიზას, სასამართლო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, თავის სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე ამ პირის ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით გამოიტანოს განჩინება ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩასატარებლად პირის იძულებით გაგზავნის შესახებ. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იძულებითი ექსპერტიზა ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, თავისი ქმედებით არსებით ზიანს აყენებს საკუთარ ან სხვათა უფლებებს. 4. სასამართლო სხდომაზე უნდა დაიკითხოს ყველა ექსპერტი და მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი, რომელთა დასკვნებიც საქმის მასალებშია წარმოდგენილი. მუხლი 36321. სასამართლო გადაწყვეტილება 1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია. 2. სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები; ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები; გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს; ე) პირის მხარდაჭერისათვის აუცილებელი სხვა გარემოებები. მუხლი 36322. სასამართლოს განჩინება განცხადებასთან დაკავშირებით წარმოების შეწყვეტის შესახებ პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით წარმოება წყდება, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა უარყოფითია. მუხლი 36323. მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა, მხარდაჭერის გაუქმება 1. თუ არსებობს პირისათვის მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის საფუძველი, სასამართლოს მხარდაჭერის მიმღების, მისი ოჯახის წევრის, მხარდამჭერის (მხარდამჭერების), ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადებისა და „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისათვის მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის შესახებ. 2. თუ აღარ არსებობს პირისათვის მხარდაჭერის გაგრძელების საფუძველი, სასამართლოს მხარდაჭერის მიმღების, მისი ოჯახის წევრის, მხარდამჭერის, ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადებისა და „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისათვის მხარდაჭერის გაუქმების შესახებ. 3. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების პერიოდული გადასინჯვისას სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისათვის მხარდაჭერის გაუქმების შესახებ. მუხლი 36324. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსის 36321 მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში. 2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 5 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა; ბ) განსახილველად იღებს სააპელაციო საჩივარს. 3. სააპელაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს მისი განსახილველად მიღებიდან 2 თვის ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს; ბ) უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 4. სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს უბრუნებს.“. 10. 426-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს ემყარება, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილება ეცნობა მხარეს, თუ იგი ქმედუუნაროა – მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო თუ იგი არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, – მას ან მის მხარდამჭერს. აღნიშნული ვადის ათვლა იწყება უფრო გვიან ჩაბარებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან.“. 11. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 451-ე მუხლი: „მუხლი 451. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში 1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირს მის ინდივიდუალურ შეფასებამდე არ ეზღუდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. 2. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი ჩაითვალოს ქმედუუნარო პირად მის ინდივიდუალურ შეფასებამდე, 2015 წლის 1 აპრილამდე მოქმედი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით. 3. მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს მას, თუ სარჩელი შეიტანა 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილმა პირმა, რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა. 4. სასამართლო მხარის განცხადების საფუძველზე ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს (განცხადებას), თუ სარჩელი (განცხადება) 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილმა პირმა შეიტანა და სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნა. 5. მხარეს შეიძლება უარი ეთქვას სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება, სასამართლოს სარჩელით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი იყო. 6. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება, სასამართლოს საჩივრით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი იყო. 7. თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს ემყარება, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილება ეცნობა იმ მხარის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი იყო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. |
ქუთაისი, 20 მარტი 2015 წ. N3340-IIს |
დოკუმენტის კომენტარები