„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3347-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.017683
3347-IIს
20/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
040200010.05.001.017683
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. ქორწინებაში არმყოფი მშობლების შემთხვევაში დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის და დედის განცხადების საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები − მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე. თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის დედა გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები – მამის განცხადების საფუძველზე.“.

  2. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) ბავშვის მამას, თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება.“.

  3. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. სრულწლოვნის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, ხოლო თუ ეს პირი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

  4. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 36. მხარდაჭერის მიმღების მამობის დადგენა

  თუ ბავშვის მამა ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად, მამობის დადგენის რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

  5. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება.“.

  6. 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

  7. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 57. მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების წესი

  1. მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება, თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა მათი საერთო თანასაკუთრების გაყოფასთან, შრომისუუნარო მეუღლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინებასთან ან საერთო ბავშვებთან დაკავშირებით.

  2. მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არარსებობის შესამოწმებლად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო მსჯავრდებულ მეუღლეს ატყობინებს განქორწინების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას წერილობითი პასუხის წარსადგენად.

  3. პასუხის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინების გაგზავნის დღიდან 1 თვეს, თუ მსჯავრდებული მეუღლე სასჯელს საქართველოში იხდის. მსჯავრდებული მეუღლის სხვა სახელმწიფოს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევაში აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინების გაგზავნის დღიდან 6 თვეს.

  4. თუ მსჯავრდებული მეუღლე მეუღლეებს შორის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავის არარსებობის შესახებ განაცხადებს ან განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს წერილობით პასუხს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას.“.

  8. მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. არანაკლებ 3 წლის ვადით მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო პასუხის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში − ამ ვადის გასვლიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“.

  9. 63-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. მხარდაჭერის მიმღების სახელის ან/და გვარის შეცვლა დასაშვებია მისი მოთხოვნით და მხარდამჭერის დახმარებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

  10. 77-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. 18 წლამდე არასრულწლოვნის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია მისი მშობლის, მშვილებლის, მეურვის ან მზრუნველის განცხადების საფუძველზე.“.

  11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 981 მუხლი:

  „მუხლი 981. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

  1. ქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

  2. თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის დედა არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები – მამის განცხადების საფუძველზე.

  3. მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება, ამ კანონის 32-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირების გარდა, აქვს ბავშვის მამას, თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა.

  4. თუ სრულწლოვანი არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, მის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

  5. თუ ბავშვის მამა არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, მამობის დადგენის რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

  6. იმ მეუღლესთან, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება, თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა მათი საერთო თანასაკუთრების გაყოფასთან, შრომისუუნარო მეუღლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინებასთან ან საერთო ბავშვებთან დაკავშირებით.

  7. იმ მეუღლესთან, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, განქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არარსებობის შესამოწმებლად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ქმედუუნარო მეუღლის მეურვეს ატყობინებს განქორწინების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას წერილობითი პასუხის წარსადგენად.

  8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პასუხის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინების გაგზავნის დღიდან 1 თვეს, თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი მეუღლის მეურვე საქართველოში იმყოფება. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი მეუღლის მეურვის სხვა სახელმწიფოში ყოფნის შემთხვევაში აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინების გაგზავნის დღიდან 6 თვეს.

  9. თუ იმ მეუღლის, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, მეურვე მეუღლეებს შორის ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დავის არარსებობის შესახებ განაცხადებს ან განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს წერილობით პასუხს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას.

  10. იმ მეუღლესთან, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პასუხის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო პასუხის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში − ამ ვადის გასვლიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

  11. იმ სრულწლოვნის მიმართ, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია მისი მეურვის განცხადების საფუძველზე.

  12. იმ სრულწლოვნის, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, სახელის ან/და გვარის შეცვლა დასაშვებია მისი მეურვის მოთხოვნით.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 მარტი 2015 წ.

N3347-IIს