ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ

ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2354
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 29/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 080.030.00.05.001.002.040
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2354
20/12/2005
სსმ, 57, 29/12/2005
080.030.00.05.001.002.040
ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/12/2005 - 18/04/2018)

საქართველოს კანონი

ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზებული დანაშაულის, ქურდული სამყაროს და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლას და თავიდან აცილებას, აგრეთვე ქურდული სამყაროს წევრების წინააღმდეგ ბრძოლას კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.

 

    მუხლი 2. რეკეტი, რეკეტული დაჯგუფება, რეკეტირი

1. რეკეტი არის შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა.

2. რეკეტულ დაჯგუფებად ითვლება თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.

3. რეკეტირი არის პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს რეკეტულ დაჯგუფებებს ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავებს ან მონაწილეობს ასეთი დავების გადაწყვეტაში.

    მუხლი 3. ქურდული სამყარო, ქურდული სამყაროს წევრი, კანონიერი ქურდი

1. ქურდული სამყარო – პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება.

2. ქურდული სამყაროს წევრი – ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

3. ქურდული გარჩევა – ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტა, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება.

4. კანონიერი ქურდი – ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.

    მუხლი 4. ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი, დაკავშირებული პირი

1. რეკეტირის ან ქურდული სამყაროს წევრის ოჯახის წევრი არის მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან მუდმივად მცხოვრები პირი.

2. რეკეტირის ან ქურდული სამყაროს წევრის ახლო ნათესავი არის პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი.

3. რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირი არის პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის ან ქურდული სამყაროს წევრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრი.

    მუხლი 5. რეკეტული ქონება, ქურდული სამყაროს წევრის ქონება

1. რეკეტული ქონება არის რეკეტიდან მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

2. ქურდული სამყაროს წევრის ქონება – ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

3. რეკეტული და ქურდული სამყაროს წევრის ქონება ექვემდებარება ჩამორთმევას და მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.

4. რეკეტული და ქურდული სამყაროს წევრის ქონების ჩამორთმევის და სახელმწიფოსათვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

    მუხლი 6. რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრისა და კანონიერი ქურდის პასუხისმგებლობა

რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრისა და კანონიერი ქურდის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

    მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 09.07.2004, მუხ. 60).

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 დეკემბერი.

№2354-რს