დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2266 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/12/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 27/12/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 030.000.000.05.001.002.033 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 215 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თანამდებობის პირი – „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე, აგრეთვე სახელმწიფო საწარმოს (რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან მეტს) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დაკავშირებული პირი – პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი მოპოვებულია თანამდებობის პირის მიერ ან/და ამ ქონებით სარგებლობს, განკარგავს თანამდებობის პირი (ან განკარგა თანამდებობის პირმა);“;
გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) დაუსაბუთებელი ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნიათ ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 16 დეკემბერი.
№2266_რს
დოკუმენტის კომენტარები